განაჩენი

სისხლის სამართლის 26.02.2019
საქმის ნომერი
340100117002184212
ინსტანცია
თარიღი
26.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 340100117002184212

საქმე №1/ბ 226-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

26 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით

 

პროკურორ - ოთ-----------–---–ის

ადვოკატ - ირ------------–---–ის

მონაწილეობით,ზეპირი მოსმენით განიხილა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთ-----------–---–ის საჩივარი, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის განჩინებაზე თე--------------ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის განჩინებით გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთ-----------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

შეწყდა სისხლის სამართლის დევნა ბრალდებულ თე--------------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით, ბრალდებულის გარდაცვალების გამო.

 

თე--------------ეს ბრალი წარედგინა მასზედ, რომ მან ჩაიდინა თვითნებობა, ესე იგი თავისად დაგულვებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

 

კერძოდ, პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, თე--------------ის დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

თე--------------ე და მისი მეუღლე, ლი-------–-–---–ი 2002 წლიდან 2012 წლამდე სარგებლობდნენ ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭაბუკიანში მდებარე სახელწმიფო საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი მიწის ნაკვეთით. აღნიშნული მიწის ნაკვეთი მოგვიანებით სახელმწიფომ გაასხვისა და 2014 წლის 25 დეკემბერს იგი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში მცხოვრებმა მე------------ემ. თე--------------ე, რომელსაც უძრავი ქონებით სარგებლობის პერიოდში მიწის ნაკვეთში გაწეული ჰქონდა გარკვეული სამეურნეო სამუშაოები, მიიჩნევდა, რა მას თავისად, 2017 წლის 18 სექტემბერს, თვითნებურად, მესაკუთრის ნებართვის გარეშე შევიდა მე------------ის კუთვნილ მიწის ნაკვეთში და თვითნებურად დაეუფლა (მოკრიფა) მე------------ის კუთვნილ 940 კილოგრამ ყურძენს, რითაც 705 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაზარალებულს.

 

განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოთ-----------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების გაუქმება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება დევნის შეწყვეტის თაობაზე არის დაუსაბუთებელი და უკანონო, რადგან 2018 წლის 14 დეკემბერს, ბრალდების მხარემ იშუამდგომლა ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა მხოლოდ საქართველოს სსსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, კერძოდ, ბრალდებულის გარდაცვალების გამო. სასამართლომ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა ასევე საქართველოს სსსკ-ის 250-ე მუხლის საფუძველზე, რაც წარმოადგენს ბრალდებაზე უარის თქმას. ბრალდების მხარეს მსგავსი შუამდგომლობა დაყენებული არ ჰქონია და შესაბამისად არც უარი განუცხადებია ბრალდებაზე. აპელანტს მიაჩნია, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის ზემოაღნიშნული საფუძვლები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან და ორივე საფუძველს გააჩნია განსხვავებული თანამდევი შედეგები, რის გამოც უნდა გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს განჩინება და ბრალდებულ თე--------------ის მიმართ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის და საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდებულის გარდაცვალების გამო.

 

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა საჩივრის მოთხოვნას.

დაცვის მხარე დაეთანხმა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.

 

პალატა გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, წარმოდგენილ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლო, საქართველოს სსკ-ის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად საქმეს იხილავს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე წარმოდგენილი საჩივრით ითხოვს პირველი ინსტნაციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ ბრალდების მხარეს თე--------------ის მიმართ დევნის შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობის დაყენებისას ბრალდებაზე უარი არ განუცხადებია.

აღნიშნულს პალატა იზიარებს და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს ან უნდა შეწყდეს თუ ბრალდებული გარდაიცვალა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, როდესაც არსებობს ამ კოდექსით დადგენილი საფუძველი, საქმის არსებითად განმხილველი სასამართლო მხარის შუამდგომლობით წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას.

საქართველოს სსკ-ის 250-ე მუხლი კი ითვალისწინებს ბრალდების მხარის უფლებას, ზემდგომი პროკურორის თანხმობით უარი თქვას ბრალდებაზე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

პალატა ასევე ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარის შუამდგომლობას სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარი დაუჭირა დაცვის მხარემ.

შესაბამისად პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და ცვლილება შევიდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებაში, კერძოდ, ამოირიცხოს მითითება საქართველოს სსსკ-ის 250-ე მუხლზე.

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 191-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსსკ-ის 292-ე მუხლით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთ-----------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის განჩინებაში შეტანილ იქნეს ცვლილება.

 

ბრალდებულ თე--------------ის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა, საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, საქართველოს სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად.

 

განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ლომთათიძე