განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001216949
საქმე №2ბ/2892-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე - ირაკლი ბონდარენკო
მოსამართლეები: ნატალია ნაზღაიძე
მაია სულხანიშვილი
სხდომის მდივანი - მაკა ბუიღლიშვილი, მედეა წიკლაური
აპელანტი - ა-–---------- ე-–--------ი
წარმომადგენელი - ი---- ნ--------ე
მოწინააღმდეგე მხარე - ე----------ა
წარმომადგენელი - გ--- კ-------------ე
დავის საგანი - გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფა და სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, მორალური ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით ე----------ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: დაევალა მოპასუხე ა-–---------- ე-–--------ს მოსარჩელე ე----------ას შესახებ ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის განმავლობაში, ტელეკომპანია „რ-------------ს“ გადაცემა „ა--------ს“ ეთერით, სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ შემდეგი სახით ცნობის გამოქვეყნების გზით:
სასამართლო განხილვის შედეგად დადგინდა, რომ 2015 წლის 22 დეკემბერს გადაცემა „ა-------ში“ გამოთქმული შემდეგი განცხადებები -- „... ამ საქმეზე ბ------- (და კ-------ე) ფეხს არ უცვლიდნენ, ესე იგი განაგრძობდნენ ძალიან გულმოდგინედ, დაჟინებით ჩემზე ზეწოლის მცდელობას, რომ განსაკუთრებული წესით გამეტანა, ამას მიეღო დადებითი რეკომენდაცია და შეგვეტანა პრეზიდენტთან, რომ ციხიდან გამოსულიყო...“; „ეს ადამიანები ვაჭრობდნენ ადამიანების ბედით. ეს პოლიტიკოსები პატიმრების გაშვების საკითხით ვაჭრობდნენ და იღებდნენ ფულს...“ --- შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტებს მოსარჩელე ე----------ას შესახებ.
ა-–---------- ე-–--------ს ე----------ას სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
მოსარჩელე ე----------ას სარჩელის დანარჩენ ნაწილში დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. ე----------ა 2012 წლის 21 ოქტომბრიდან არჩეულ იქნა ს----------–---------–-------------------------–----------–-----------------–--------------–-----------------------------------.
2013 წლის 26 ნოემბრიდან 2014 წლის 28 აპრილამდე ა-–---------- ე-–--------ი დანიშნული იყო ს----------–--------------------–-–---–--------------------------------------------.
ა-–---------- ე-–--------ი, ამჟამად წარმოადგენს ქ-------–----------–----–-------------------–----–-----.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქართველოს პარლამენტის 21.10.2012წ. #---- დადგენილება (ს.ფ.16).
- დადგენილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ (ს.ფ.115)
2.2. 22.12.2015წ. ტელეკომპანია „რ-------------ის“ პირდაპირ ეთერში, გადაცემა
„ა-------ში“ ა-–---------- ე-–--------მა გააჟღერა სარჩელით სადავო შემდეგი განცხადებები:
1. „...ამის შემდეგ რა დარჩენოდათ ე----------ას და მ----- კ-------ეს, რომ შეწყალების გზით გაეტანათ ეს საქმე. ისინი ფიქრობდნენ, რომ მე ერთი მიამიტი ბიჭი ვიყავი, რომელსაც ძალიან მარტივად გააცუცურაკებდნენ, რაღაც ზეწოლას მოახდენდნენ, გულს ამიჩუყებდნენ და უცბად გამატანინებდნენ ამ საქმეს. დეკემბერში დაიწყო, 26 ნოემბრიდან მ----- კ-------ეს და ე----------ას აინტერესებდათ მხოლოდ და მხოლოდ კ----------------- მსჯავრდებულთა საქმეები და არც ერთი მსჯავრდებულის, სხვა არც ერთი მსჯავრდებულის საქმე...“ (საუბრის დრო 0----------);
2. „...ამ საქმეზე ბ------- და კ-------ე ფეხს არ უცვლიდნენ, ესე იგი განაგრძობდნენ ძალიან გულმოდგინედ, დაჟინებით ჩემზე ზეწოლის მცდელობას, რომ განსაკუთრებული წესით გამეტანა, ამას მიეღო დადებითი რეკომენდაცია და შეგვეტანა პრეზიდენტთან, რომ ციხიდან გამოსულიყო...“ (საუბრის დრო 0----------);
3. „...ეს არ არის სადებატო, ჩვეულებრივი პოლიტიკური საკითხი. აქ არის საუბარი დანაშაულზე, ძალიან მძიმე დანაშაულზე. ადამიანების ბედით მსჯავრდებულების ბედით ვაჭრობაზე არის საუბარი და მე ახლა რაღაც რეპლიკებს კი არ ვეუბნები და რაღაც კომენტარებს კი არ ვუკეთებ განცხადებებზე, მე ვამბობ, რომ ეს ადამიანები ვაჭრობდნენ ადამიანების ბედით. ეს პოლიტიკოსები პატიმრების გაშვების საკითხით ვაჭრობდნენ და იღებდნენ ფულს და მე მზად ვარ, რომ ეს დავასაბუთო... “ (საუბრის დრო 1----------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- CD დისკი, ფაილი 001 (ს.ფ. 93);
2.3. ტელეკომპანია „მ---------ს“ ეთერში ა-–---------- ე-–--------მა ისაუბრა მისი მსჯავრდებულთა შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის დროს მოსარჩელის მხრიდან კონკრეტული საქმით დაინტერესებისა და კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის თემაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- CD დისკი, ფაილი 002 (ს.ფ. 93);
2.4. 28.12.2015წ. ტელეკომპანია „რ-------------“ ეთერში ა-–---------- ე-–--------მა განაცხადა შემდეგი: „...მე დავარწმუნებ ყველას, რომ ეს ნამდვილად ასე იყო, ეს ქალბატონები იყვნენ ძალიან ბინძურ საქმეში ჩართულნი...“ (საუბრის დრო 0----------);
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- CD დისკი, ფაილი 003 (ს.ფ. 93);
2.5. 29.12.2015წ. ტელეკომპანია „რ-------------“ ეთერში, გადაცემა „ა-------ში“ ა-–---------- ე-–--------მა გააჟღერა შემდეგი სახის ინფორმაცია:
1. „...მე პროკურატურას ვეუბნები, რომ ეს ორი ქალბატონი პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ მილიონნახევრის აღებას აპირებენ-თქო...“ (საუბრის დრო 0----------);
2. „...მე დავადასტურებ, დავანამდვილებ, რომ ამ ადამიანებმა ჩაიდინეს დანაშაული, კრიმინალი, პატიმრების ბედით ვაჭრობდნენ...“ (საუბრის დრო 0----------);
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- CD დისკი, ფაილი 004 (ს.ფ. 93);
3.1.6.12.01.2016წ. ტელეკომპანია „ი------ს“ ეთერში, გადაცემაში „პ-------------ი“, ა-–---------- ე-–--------მა გააკეთა შემდეგი სადავო განცხადებები:
1. „...მ----- კ-------ეს და ე----------ას ბრალს ვდებ იმაში, რომ კონკრეტულ საქმეზე მათ აიღეს ფული და კიდევ უნდა აეღოთ ფული. ცდილობდნენ ჩემი მეშვეობით- შეწყალების კომისიის მეშვეობით ადამიანების გათავისუფლებას...“ (საუბრის დრო 0----------);
2. „...პატრიარქის ზურგს უკან ე----------ა ააწყობდა იმ თავის კორუფციულ არხებს და სქემებს...“ (საუბრის დრო 1----------);
3. „ე------------- იმ ათას ხუთასში ჩააკვეხებდა რამდენიმეს, რომელზეც ფულს იშოვიდა...“ (საუბრის დრო 1----------);
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- CD დისკი, ფაილი 006 (ს.ფ. 93);
2.7.28.01.2016წ. ტელეკომპანია „კ-------“-ს ეთერში, გადაცემაში „ბ--------“ ა-–---------- ე-–--------მა განაცხადა:
1.„...ჩემი ინფორმაციით, აი ამ კ----------------- დაკავებული ადამიანების გათავისუფლების სანაცვლოდ გადაიხადეს და გადაუხადეს ფული მ----- კ-------ეს და ე----------ას...“ (საუბრის დრო 0----------);
2. „...გაწიონ ეს ძალიან უცნაური ქალბატონები, ეს კორუმპირებული ხალხი და ეს ოროსნები საერთოდ, რომლებიც რეებს ლაპარაკობენ საერთოდ...“ (საუბრის დრო 3-----------);
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- CD დისკი, ფაილი 007 (ს.ფ. 93);
2.8. 29.02.2016წ. ტელეკომპანია „ტ-----------ს“ ეთერში, ა-–---------- ე-–--------მა გააკეთა შემდეგი სახის განცხადება:
1. „...ე----------ას ვერ წარმოუდგენია, რომ პატიმრებთან დაკავშირებით ფული არ აკეთოს...“ (საუბრის დრო 0----------);
2. „...ბ-------, რომელიც მიჩვეულია მარცხნივ-მარჯვნივ ფულის კეთებას და საერთოდ არ აინტერესებს საკუთარი იმიჯი, ერთადერთი უნდა, რომ საპარლამენტო სიაში მოხვდეს. მთავარია, რომ ფული იშოვოს. მთავარია მისთვის...“ (საუბრის დრო 0----------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- CD დისკი, ფაილი 008 (ს.ფ. 93);
2.9. ე----------ამ, მის „ფ-------“ გვერდზე 22.12.2015წ. და 23.12.2015წ. გამოაქვეყნა შემდეგი სახის განცხადებები:
1. „პირდაპირ და ნათლად ვაცხადებ: მე ვითხოვ მატყუარა, ფლიდი და მართლაც კორუმპირებული ე-–--------ი დაჯდეს ჩემთან პირდაპირ ეთერში. ა-–-------–--------ო მე გიწვევ შენ პირდაპირ ეთერში.“
2. „განცდა მიჩნდება, რომ ის შეგნებულად ცრუობს და მას აქვს გააზრებული, რატომ აკეთებს ამას, მაგრამ თუკი ის ვერ ხვდება, რომ ცრუობს, მაშინ სასამართლომ, გამოძიებამ ფსიქიატრიული ექსპერტიზა უნდა ჩაატაროს, რომ ამ ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა გადაამოწმოს“;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება, ასევე წერილობითი მასალა (ს.ფ. 62, 66);
2.10. 29.12.2015წ. ე----------ამ ჟურნალისტებთან საუბრისას საჯაროდ განაცხადა შემდეგი:
1. „...ე-–--------ი ჩემთან ერთად ეთერში არ ჯდება, რადგან ეშინია საზოგადოებას თვალებში შეხედოს. პრინციპულად მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოქალაქეებმა დაინახონ, რა სახიფათო მატყუარასთან გვაქვს საქმე, ამიტომ მე მოთხოვნას ვტოვებ ძალაში...“;
2. „...ეს ადამიანი არამარტო პატიმართმოძულეა, არამედ ქალთმოძულეცაა. ისეთ ეპითეტებს იყენებს, მე არ ვიცი, სად გაიზარდა და რა კულტურისაა. ასეთი ამაზრზენი ფრაზებით თხზავს ტყუილებს. მე ამ პროცესს ბოლომდე მივიყვან...“
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ბეჭდური მედია „ნ-----------ს“ განცხადება (ს.ფ. 63);
2.11. 18.01.2016წ. გამართულ პრესკონფერენციაზე ე----------ამ საჯაროდ გააჟღერა შემდეგი სახის განცხადება: „...ე-–--------ის მიმართ სხვა ეჭვებიც არსებობს და მე მისი სტანდარტებით ვერ ვიმოქმედებ, უაპელაციო ბრალდებებს ვერ დავიწყებ, მაგრამ არის ბევრი ეჭვი, არის ინფორმაციები, რომ ის თავად იყო კორუფციულ გარიგებებში ჩართული თავისი თავმჯდომარეობის პერიოდში“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ბეჭდური მედია, „ამბები.გე“-დან ამონარიდი (ს.ფ.60).
2.12. ტელეკომპანია „ტ-----------ს“ პირდაპირ ეთერში ჟურნალისტ ი----------------თან საუბრისას ე----------ამ განაცხადა:
1. „...დიახ, ბატონო ა-–----, თქვენ ხართ ყოვლისმკადრებელი, მართლაც, აი, ყველაფრის მკადრებელი ადამიანი, რომელიც საზოგადოებას ესეთი დემაგოგიური, სამარცხვინო ფრაზებით ელაპარაკებით...“(3 წთ და 35 წმ-დან);
2. „...ა-–-------–--------ი, რომელიც ზიზღით საუბრობდა აქამდე მსჯავრდებულებზე, ზიზღი, აი, პირდაპირ გეუბნებით, მე მელაპარაკება პატიმრის მიმართ როგორი ტოლერანტული უნდა ვიყო ...“ (6 წთ, 13 წმ-იდან).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- CD დისკი „ე----------ას პატიმრის მიერ მიწერილი წერილი“, (ს.ფ. 66);
2.13. 02.03.2016წ. სატელევიზიო ეთერში ე-------------მ განაცხადა შემდეგი:
„...შევთავაზე ტელევიზიასაც და ამ მატყუარა, თაღლით ბიჭუნასაც, რომ დამჯდარიყო ჩემთან ღია ეთერში...“
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- CD დისკი „ე----------ას განცხადება“ 0:21 წთ-იდან (ს.ფ. 66);
პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.14. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ა-–---------- ე-–--------ის საჯარო განცხადების საფუძველზე დაწყებული გამოძიება სისხლის სამართლის #0----------- საქმეზე ნარკოდანაშაულისათვის მსჯავრდებული პირების შეწყალების საკითხის დადებითად გადაწყვეტის მიზნით, ცალკეულ მოხელეთა მიერ ზეგავლენით ვაჭრობის ფაქტზე - შეწყდა 1---------–. დადგენილებით სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
ამავე დადგენილების თანახმად, ა-–---------- ე-–--------ის მიერ დასახელებული ფაქტების გადამოწმების მიზნით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ა-–---------- ე-–--------ის მონაწილეობით ჩატარდა მის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის დათვალიერება, სადაც არ აღმოჩნდა მის მიერ მითითებული პოლიტიკოსების, მათ შორის, ე----------ასაგან მიღებული მოკლე ტექსტური შეტყობინებები. ამასთან, ალ. ე-–--------ის ჩვენების თანახმად, მას ამ პირთაგან მიღებული მოკლე ტექსტური შეტყობინებები ელექტრონული ან არაელექტრონული ფორმით ცალკე არ შეუნახავს.
მობილურ ტელეფონზე მეხსიერებიდან წაშლილი ინფორმაციის აღდგენა ვერ განხორციელდა ჩატარებული არაერთი კომპიუტერული ექსპერტიზის შედეგად. ტელეფონის მეხსიერებაში არ დაფიქსირდა ე----------ას სატელეფონო ნომერთან განხორციელებული ზარები და მიმოწერა.
გარდა აღნიშნულისა, გამოძიებით დადგენილ იქნა, რომ ა-–---------- ე-–--------ის შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში კომისიის სხდომა ჩატარდა სამჯერ, ე.წ. „კ-----------------“ მსჯავრდებული პირების, ა--------- ზ-------------ა და მ-------- ს-----ის შეწყალების საკითხი წარდგენილი იქნა მეორე სხდომაზე. შეწყალების საკითხთა კომისიის მიერ აღნიშნულ პირებს უარი ეთქვათ შეწყალებაზე, რადგან არ აკმაყოფილებდნენ შეწყალების წესით დადგენილ კრიტერიუმებს. ამასთან, ა-–---------- ე-–--------ის კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალების შესახებ ბოლო განკარგულება გამოცემული იქნა 17.04.2014წ. აღნიშნულის გათვალისწინებით, დადგინდა, რომ ე----------ას ა-–---------- ე-–--------თან სატელეფონო კავშირი მისი შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში, არ ჰქონია.
სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ 1---------–. დადგენილებით ასევე დგინდება, რომ კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის ფაქტის გადამოწმების მიზნით მოწმის სახით დაკითხული იქნენ ის თანამდებობის პირები, რომლებსაც, ა-–---------- ე-–--------ის განმარტებით, მან მიაწოდა აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია. მოწმის სახით დაკითხული იქნენ, ასევე ნარკოდანაშაულისათვის მსჯავრდებული პირები, მათი ოჯახის წევრები, ნათესავები, ადვოკატები, რომლებმაც კატეგორიულად უარყვეს რაიმე სახის კორუფციული გარიგების ფაქტი. შეწყალების საკითხთა კომისიის საქმიანობაში მესამე პირის მხრიდან რაიმე სახის ჩარევის ფაქტის არარსებობა დადასტურდა ასევე მოწმის სახით დაკითხული კომისიის ერთ-ერთი წევრის მიერ.
საბოლოოდ, დადგენილების თანახმად, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არ დადასტურდა ე.წ. „კ-----------------“ მსჯავრდებულ პირებსა და ა-–---------- ე-–--------ის მიერ დასახელებულ პოლიტიკოსებს შორის შეწყალების საკითხებთან დაკავშირებით კორუფციული გარიგების ფაქტი, ასევე არ დადასტურდა ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან ა-–---------- ე-–--------თან სატელეფონო კავშირი და სხვაგვარი ზემოქმედების ფაქტები „კ--------“ საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალების საკითხის დადებითად გადაწყვეტასთან დაკავშირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- #0----------- სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ 1---------–. დადგენილება (ს.ფ. 112-117).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.15. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 18.2 მუხლის თანახმად, პირს უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-10 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩარევის გარეშე და საზღვრების მიუხედავად. სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თითოეულ ადამიანს აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე; ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას, მიუხედავად საზღვრებისა, მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ყველა სახის ინფორმაცია და მოსაზრებები ზეპირად, წერილობით ან პრესის მეშვეობით, ხელოვნების სახით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით საკუთარი არ------სამებრ.
საერთაშორისო პაქტის 19.3. მუხლის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა განსაკუთრებულ ვალდებულებებსა და განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გულისხმობს. შესაბამისად, იგი შეიძლება დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია: ა. სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის პატივისცემისათვის...
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი უზრუნველყოფს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლებას თითოეული ადამიანისათვის. კონსტიტუციის 24-ე მუხლით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებებით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით, ამ უფლებათა განხორციელება შეიძლება კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მიხედვით, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია.
ამრი--დ, როგორც საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით, ისე ეროვნული კანონმდებლობით, აღიარებულია სიტყვისა და აზრის ნებისმიერი საშუალებით გამოხატვის თავისუფლება. განსახვავებით აზრის ქონის უფლებისაგან, რომლის შეზღუდვაც როგორც დაუშვებელი, ისე ობიექტურად შეუძლებელიც არის, მისი გამოხატვის თავისუფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის, სხვათა უფლებებისა და ღირსების დაცვის უზრუნველყოფის აუცილებლობის პირობებში. დაცულ უფლებაში ჩარევა გათვალისწინებულია „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონით, რომელიც ცილისწამების შემთხვევაში სხვათა რეპუტაციის ან უფლებათა დაცვას ადგენს.
იმისათვის, რომ სასამართლოს გზით განხორციელდეს პირის საქმიანი რეპუტაციის, პატივისა და ღირსების დაცვა, აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: 1. არსებითად მცდარი ფაქტის (ფაქტების) გავრცელება; 2. გავრცელებული ცნობების სინამდვილესთან შეუსაბამობა; 3. განცხადების გავრცელების შედეგად პირისათვის ზიანის მიყენება.
„სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ი“ ქვეპუნქტის (სადავო განცხადებების გავრცელების დროს არსებული რედაქცია) თანახმად, საჯარო პირი არის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი; პირი, რომლის გადაწყვეტილება ან აზრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე; პირი, რომლისკენაც მისი გარკვეული ქმედების შედეგად ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება.
მოსარჩელე (შეგებებული სარჩელის მოპასუხე) და მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) არიან საჯარო პირები.
„სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის თანახმად, პირს ეკისრება სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.
კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განცხადება არის ინფორმაცია, რომელიც განმცხადებელმა საჯაროდ გაავრცელა ან მესამე პირს გაანდო. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელით და შეგებებული სარჩელით სადავო განცხადებების მხარეთა მიერ საჯაროდ გავრცელების ფაქტი სადავო არ არის.
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აზრი დაცულია აბსოლუტური პირვილეგიით. ამავე კანონის პირველი მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აბსოლუტური პრივილეგია განმარტებულია, როგორც კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრული და უპირობო განთავისუფლება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული კატეგორიის დავების სწორად გადაწყვეტისათვის უპირველეს ყოვლისა, უნდა გაირკვეს, სადავო გამონათქვამები მიეკუთვნება ფაქტებსა თუ შეფასებით მსჯელობას (აზრს), რადგან აზრის გამოხატვა, მისი აბსოლუტური პრივილეგიით დაცულობის გათვალისწინებით, გამორიცხავს პირისათვის რაიმე სახის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას.
დასახელებული კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს; ხოლო იმავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით ცილისწამებას წარმოადგენს არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში (#ას-1477-1489-2011) განმარტა შემდეგი: „აზრში“ იგულისხმება ნებისმიერი შეფასებითი გამონათქვამი, რომელიც შედგება განსჯის, დამოკიდებულებისა და შეფასების ელემენტებისაგან, რომლის სისწორე თუ მცდარობა მთლიანად პირად წარმოდგენებზეა დამოკიდებული. ამდენად, აზრი პირის სუბიექტური დამოკიდებულება პიროვნულ შეფასებებს მოვლენისა თუ სიტუაციის შესახებ და იმის მტკიცებას, სიმართლეს შეესაბამება თუ მცდარია, არ ექვემდებარება.
აზრის საწინააღმდეგოდ, „ფაქტში“ იგულისხმება ნამდვილი, რეალური ან არსებული გარემოებები და საგნები, რომლებიც ექვემდებარება მტკიცებულებებით დადასტურებას. გასათავლისწინებელია, რომ აზრები ფაქტებთან გარკვეული დამოკიდებულებით გამოითქმება, ანუ აზრი, როგორც წესი, ეყრდნობა ფაქტებს. ასეთ შემთხვევაში, აზრის დაყოფა შეხედულებად და ფაქტის გამოდმოცემად დაუშვებელია, რადგანაც მთლიანად გამონათქვამი აზრის თავისუფლების სფეროში ექცევა. ამავდროულად, აზრის თავისუფლებით აშკარად ცრუ ფაქტების ძირითადი უფლებით უზრუნველყოფილი დაცვა გამორიცხულია. კონსტიტუციით დაცული სფეროს ფარგლებში არ ხვდება ისეთი ფაქტები, რომელთა მცდარობის შესახებ კარგად იცის თავად გამომთქმელმა სუბიექტმა (შეგნებული სიცრუე) ან, რომელთა მცდარობა ცხადია მათი გამოთქმის მომენტში.
ერთმანეთისაგან განასხვავა რა ინფორმაცია (ფაქტები) და შეხედულებები (შეფასებითი მსჯელობა), ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ „ფაქტების არსებობა შეიძლება დამტკიცებულ იქნეს, მაშინ, როდესაც შეფასებითი მსჯელობის ნამდვილობა არ ექვემდებარება მტკიცებას. ... რაც შეეხება შეფასებით მსჯელობას, ამ მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია და იგი თავისთავად ხელყოფს შეხედულებების თავისუფლებას, რაც წარმოადგენს კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული უფლების ფუნდამენტურ ნაწილს“ (Lingens v. Austria, 1986 w.; Jerusalem v. Austria, 2001 w.; Dichand and Others v. Austria,2002 w).
ამდენად, ცილისწამების მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია განმცხადებლის მიერ ისეთი ფაქტების მითითება, რომელიც რეალობასთან ახლოა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე სუბიექტური, და, რაც მთავარია, მისი დამტკიცება შესაძლებელია.
სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნია მხარეთა მიერ გავრცელებული თითეული სადავო განცხადების შეფასება, გამონათქვამების კონტექსტის გათვალისწინებით. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ მათი შეფასებისას ფაქტისა და თუ აზრის სტატუსის მინიჭებისათვის აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იქნეს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტით დაწესებული აზრისა და ფაქტის გამიჯვნის მინიმალური სტანდარტი, რომელიც ადგენს, რომ აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ა-–---------- ე-–--------ის მიერ გამოთქმული შემდეგი განცხადებები - „ამის შემდეგ რა დარჩენოდათ ე----------ას (და მ----- კ-------ეს), რომ შეწყალების გზით გაეტანათ ეს საქმე. ისინი ფიქრობდნენ, რომ მე ერთი მიამიტი ბიჭი ვიყავი, რომელსაც ძალიან მარტივად გააცუცურაკებდნენ, რაღაც ზეწოლას მოახდენდნენ, გულს ამიჩუყებდნენ და უცბად გამატანინებდნენ ამ საქმეს...“ - არ წარმოადგენს მომხდარი რეალური ფაქტების შემცველი ინფორმაციის მტიცებით ფორმაში გადმოცემას. როგორც საქმეში წარმოდგენილი CD დისკზე არსებული ჩანაწერით ირკვევა, აღნიშნული განცხადება არის გაგრძელება წინადადებისა, რომ იმჟამინდელი პრემიერ მინისტრის მიერ პოლიტპატიმართა სიიდან ამოღებულ იქნენ გარკვეული პირები. გამონათქვამის კონტექსტის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული სადავო წინადადება არის შეფასებითი მსჯელობა, განმცხადებლის სუბიექტური დამოკიდებულება და მისივე კომენტარი პიროვნებისა და მოვლენის მიმართ (აზრი).
იგივე შეფასების საფუძველს იძლევა მოპასუხის განცხადება - „(მ----- კ-------ეს და) ე----------ას აინტერესებდათ მხოლოდ და მხოლოდ კ----------------- მსჯავრდებულთა საქმეები და არც ერთი მსჯავრდებულის, სხვა არც ერთი მსჯავრდებულის საქმე...“ - აღნიშნული განცხადებით შეუძლებელია რაიმეს დადასტურებაან დამტკიცება. ტერმინი „საქმით დაინტერესება“ ერთმნიშვნელოვნად, კანონსაწინააღმდეგო დაინტერესების შესახებ დასკვნის საფუძველს არ იძლევა.
წინადადებები -„მე დავარწმუნებ ყველას, რომ ეს ნამდვილად ასე იყო, ეს ქალბატონები იყვნენ ძალიან ბინძურ საქმეში ჩართულნი...“ „მე პროკურატურას ვეუბნები, რომ ეს ორი ქალბატონი პატიმრების განთავისუფლების სანაცვლოდ მილიონნახევრის აღებას აპირებდნენ- თქო...“; „მე დავადასტურებ, დავანამდვილებ, რომ ამ ადამიანებმა ჩაიდინეს დანაშაული, კრიმინალი, პატიმრების ბედით ვაჭრობდნენ...“; „(მ----- კ-------ეს და) ე----------ას ბრალს ვდებ იმაში, რომ კონკრეტულ საქმეზე მათ აიღეს ფული და კიდევ უნდა აეღოთ ფული. ცდილობდნენ ჩემი მეშვეობით-შეწყალების კომისიის მეშვეობით ადამიანების გათავისუფლებას...“; - რომლებიც გაჟღერებულია მოგვიანებით, ისინი წარმოადგენს ერთგვარ კომენტარს იქამდე უკვე მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ. განცხადებების ერთობლიობაში შეფასება სასამართლოს აძლევს საფუძველს, მათ აზრის სტატუსის კვალიფიკაცია მიანიჭოს, ვიდრე ფაქტების კონსტატაციისა. ისინი არ შეიცავს ფაქტის შესახებ ინფორმაციის მტკიცებით ფორმაში გადმოცემას. ხოლო განცხადების ნაწილი, რომელიც შეეხება „ბინძურ საქმეში მონაწილეობას“, მოკლებულია ობიექტურ (ფაქტობრივ) სიცხადეს, ამდენად, აქაც ადგილი აქვს უფრო სუბიექტური დამოკიდებულებით გაჯერებულ აზრის გამოხატვას, ვიდრე ობიექტურ მოცემულობას. გამონათქვამებს - „პატრიარქის ზურგს უკან ე----------აააწყობდაიმ თავის კორუფციულ არხებს და სქემებს...“; „ე------------ იმ ათას ხუთასში ჩააკვეხებდა რამდენიმეს, რომელზეც ფულს იშოვიდა...“; „ჩემი ინფორმაციით, აი ამ კ----------------- დაკავებული ადამიანების გათავისუფლების სანაცვლოდ გადაიხადეს და გადაუხადეს ფული (მ----- კ-------ეს და) ე----------ას...“; „გაწიონ ეს ძალიან უცნაური ქალბატონები, ეს კორუმპირებული ხალხი და ეს ოროსნები საერთოდ, რომლებიც რეებს ლაპარაკობენ საერთოდ...“; „ე-------------ს ვერ წარმოუდგენია, რომ პატიმრებთან დაკავშირებით ფული არ აკეთოს...“; „ბ-------, რომელიც მიჩვეულია მარცხნივ- მარჯვნივ ფულის კეთებას და საერთოდ არ აინტერესებს საკუთარი იმიჯი, ერთადერთი უნდა რომ საპარლამენტო სიაში მოხვდეს. მთავარია, რომ ფული იშოვოს. მთავარია მისთვის...“ – „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონის 7.5 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მათაც სასამართლო ანიჭებს მოსარჩელის შესაძლო სამომავლო ქმედების შესახებ მოპასუხის ვარაუდის, შეფასებითი მსჯელობის, სხვისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით პიროვნების მიმართ დამოკიდებულების გამოხატვის (აზრის) სტატუსს, რომელიც არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტებს.
რაც შეეხება ა-–---------- ე-–--------ის შეგებებულ სარჩელში მითითებულ, ე----------ას გამონათქვამებს: -„შევთავაზე ტელევიზიასაც და ამ მატყუარა, თაღლით ბიჭუნასაც, რომ დამჯდარიყო ჩემთან ღია ეთერში...“; „არის ინფორმაციები, რომ ის თავად იყო კორუფციულ გარიგებებში ჩართული თავისი თავმჯდომარეობის პერიოდში...“; „თუკი ის ვერ ხვდება, რომ ცრუობს, მაშინ სასამართლომ, გამოძიებამ ფსიქიატრიული ექსპერტიზა უნდა ჩაატაროს, რომ ამ ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა გადაამოწმოს...“; „ა-–----, თქვენ ხართ ყოვლისმკადრებელი მართლაც აი, ყველაფრის მკადრებელი ადამიანი, რომელიც საზოგადოებას ესეთი დემაგოგიური სამარცხვინო ფრაზებით ელაპარაკებით...“; „ე-–--------ი, რომელიც ზიზღით საუბრობდა აქამდე მსჯავრდებულებზე, ზიზღით აი პირდაპირ გეუბნებით, მე მელაპარაკება პატიმრის მიმართ როგორი ტოლერანტული უნდა ვიყო...“; „ვითხოვ მატყუარა, ფლიდი, მართლაც კორუმპირებული ე-–--------ი დაჯდეს ჩემთან პირდაპირ ეთერში...“; „პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენმა მოქალაქეებმა დაინახონ, რა სახიფათო მატყუარასთან გვაქვს საქმე...“; „ეს ადამიანი, არამარტო პატიმართმოძულეა, არამედ ქალთმოძულეცაა. ისეთ ეპითეტებს იყენებს, მე არ ვიცი, სად გაიზარდა და რა კულტურისაა. ასეთი ამაზრზენი ფრაზებით თხზავს ტყუილებს...“ - ყველა მათგანი წარმოადგენს შეფასებით მსჯელობას, განმცხადებლის სუბიექტურ დამოკიდებულებას პიროვნების მიმართ და არც ერთი მათგანი არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტებს, მათი დამტკიცების მცდელობას. კორუფციულ გარიგებებში ჩართულობასთან დაკავშირებით, ე----------ა საუბრობს არა მტკიცებითი ფორმით, არამედ, მიუთითებს მასზე, როგორც არსებულ ინფორმაციაზე, ვარაუდზე. განმცხადებელი, თავადვე აღნიშნავს, რომ იგი არაფრის დადასტურებას არ ცდილობს, „მისი სტანდარტებით ვერ იმოქმედებს, უაპელაციო ბრალდებებს არ დაიწყებს, მაგრამ არის ეჭვი და ინფორმაციები“... (იხ. ს.ფ. 60).
2.16. სასამართლომ მიიჩნია, რომ განსხვავებული შეფასების საფუძველს იძლევა 22.12.2015წ. ტელეკომპანია „რ-------------“ პირდაპირ ეთერში ა-–---------- ე-–--------ის მიერ გააჟღერებული შემდეგი განცხადებები: „...ამ საქმეზე ბ------- (და კ-------ე) ფეხს არ უცვლიდნენ, ესე იგი განაგრძობდნენ ძალიან გულმოდგინედ, დაჟინებით ჩემზე ზეწოლის მცდელობას, რომ განსაკუთრებული წესით გამეტანა, ამას მიეღო დადებითი რეკომენდაცია და შეგვეტანა პრეზიდენტთან, რომ ციხიდან გამოსულიყო...“ (საუბრის დრო 0----------); „...ეს არ არის სადებატო, ჩვეულებრივი პოლიტიკური საკითხი. აქ არის საუბარი დანაშაულზე, ძალიან მძიმე დანაშაულზე.
ადამიანების ბედით მსჯავრდებულების ბედით ვაჭრობაზე არის საუბარი და მე ახლა რაღაც რეპლიკებს კი არ ვეუბნები და რაღაც კომენტარებს კი არ ვუკეთებ განცხადებებზე, მე ვამბობ, რომ ეს ადამიანები ვაჭრობდნენ ადამიანების ბედით. ეს პოლიტიკოსები პატიმრების გაშვების საკითხით ვაჭრობდნენ და იღებდნენ ფულს და მე მზად ვარ, რომ ეს დავასაბუთო... “ (საუბრის დრო 1----------).
აღნიშნული განცხადებების ფორმულირების (მტკიცებითი ფორმით, ფაქტის კონსტატაციის სახით გადმოცემის), მათი კონტექსტის გათვალისწინებით, სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მითითება იმის შესახებ, რომ ისინი წარმოადგენს ე----------ას პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაციის გავრცელებას - ა-–---------- ე-–--------ზე (როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარეზე) ზეწოლის განხორციელებისა და პატიმრების ციხიდან გაშვების სანაცვლოდ მოსარჩელის მიერ ქრთამის აღების ფაქტების შესახებ.
„სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონი ადგენს მტკიცების ტვირთის განსხვავებულ სტანდარტს, კერძოდ, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო მე-6 პუნქტი ადგენს, რომ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.
როგორც აღინიშნა, მოპასუხე ა-–---------- ე-–--------ის მიერ გავრცელებული იქნა ცნობები ე----------ას მხრიდან დანაშაულებრივი ქმედებების (შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის დროს, მასზე, გადაწყვეტილების მიღებაში ჩარევის მიზნით ზეწოლის განხორციელებისა და ქრთამის აღების) შემცველი ფაქტების შესახებ. გარდა იმისა, რომ საქართველოს კონსტიუციის მე-40 მუხლით პირი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ„ სპეციალური კანონის მე-7 და მე-14 მუხლების შესაბამისად, მოსარჩელემ შესაბამისი მტკიცებულებით შეძლო მოპასუხის მიერ გავრცელებული აღნიშნული ფაქტების სინამდვილესთან შეუსაბამობის (მცდარობის) უტყუარად დადასტურება, კერძოდ: მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 1---------–. დადგენილებით ირკვევა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ა-–---------- ე-–--------ის საჯარო განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ნარკოდანაშაულისათვის მსჯავრდებული პირების შეწყალების საკითხის დადებითად გადაწყვეტის მიზნით, ცალკეულ მოხელეთა მიერ ზეგავლენით ვაჭრობის ფაქტზე. საგამოძიებო ორგანოების კვლევის საგანი იყო სწორედ ა-–---------- ე-–--------ის განცხადებაში გადმოცემული ფაქტების არსებობის დადგენა. აღნიშნული დადგენილებით, #0----------- სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიება შეწყდა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. დადგენილების თანახმად, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არ დადასტურდა ე.წ. „კ-----------------“ მსჯავრდებულ პირებსა და ა-–---------- ე-–--------ის მიერ დასახელებულ პოლიტიკოსებს შორის შეწყალების საკითხებთან დაკავშირებით კორუფციული გარიგების ფაქტი, ასევე არ დადასტურდა ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან ა-–---------- ე-–--------თან სატელეფონო კავშირი და სხვაგვარი ზემოქმედების ფაქტები „კ--------“ საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალების საკითხის დადებითად გადაწყვეტასთან დაკავშირებით.
2.20. მოპასუხის მიერ გავრცელებული არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი ინფორმაცია წარმოადგენს მოსარჩელისათვის ზიანის მიმყენებელ განცხადებებს.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 03.04.2012წ. განჩინებაში, საქმეზე #ას-1477 -1489-2011წ. განმარტა: „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ცილისწამება მცდარი ფაქტის შემცველი განცხადება, არის თუ არა ზიანის მიმყენებელი, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტობრივი გარემობების ანალიზითა და ურთიერთშეჯერებით უნდა დადგინდეს. ამასთან, ზიანი, ასეთ შემთხვევაში, არაქონებრივი სახით - პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვით არის გამოვლენილი. არაქონებრივი ურთიერთობები, თავისთავად მოკლებულია ეკონომიკურ შინაარსს და მას არ გააჩნია ღირებულება, შესაბამისად, ამ ზიანის დამტკიცებისათვის კანონით დაცული უფლების დარღვევაც საკმარისია.
სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მითითება იმის შესახებ, რომ თავისთავად ცილისწამების გავრცელების ფაქტიც ადასტურებს პატივისა და ღირსების შელახვასთან დაკავშირებული არაქონებრივი სახით ზიანის მიყენებას. გარდა ამისა, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ გავრცელებულ ბრალდებებს - გადაწყვეტილების მიღების მიზნით ზეწოლის განხორციელებისა და ქრთამის აღების შესახებ - შეეძლო გავლენა მოეხდინა მოსარჩელის, როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ საზოგადოების ნდობაზე.
2.17. მოსარჩელის განმარტებით, ისინი არ ამტკიცებენ, რომ განცხადებული ფაქტების მცდარობა ა-–---------- ე-–--------ისათვის აუცილებლად წინასწარ იყო ცნობილი. მათი პოზიცია ემყარება იმას, რომ მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რაც საკმარისია პასუხისმგებლობის დასაკისრებლად.
ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში, გუჟა მოლდოვას წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა გარემოებაზე, ჰქონდა თუ არა პირს ინფორმაციის გავრცელებამდე სხვა რაიმე ალტერნატიული გზა პრობლემის მოსაგვარებლად. გაითვალისწინა რა ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სამოქალაქო სამართლის კონვენციის განმარტებითი ან--რიში და აღნიშნა, რომ საჯარო მოხელისათვის ზოგადად დაკისრებული წინდახედულების ძლიერი ვალდებულების გათვალისწინებით, ინფორმაცია, პირველ რიგში, გამხელილ უნდა იქნას მოცემული პირის ზემდგომთან ან სხვა კომპეტენტურ პირთან ან ორგანოსთან. მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ამგვარი ქმედება აშკარად შეუძლებელია, უკანასაკნელ ზომად დასაშვებია ინფორმაციის საზოგადოებისათვის მიწოდება.
მოცემულ შემთხვევაში, კომპეტენტური ორგანოებისადმი მიმართვის გარეშე, დანაშაულებრივი ფაქტების, ამასთან, არა სავარაუდოდ ჩადენის, არამედ მტკიცებით ფორმაში, საჯაროდ გაჟღერება, სასამართლოს მიერ ფასდება მოპასუხის აშკარა და უხეშ დაუდევრობად, რამაც არსებითად მცდარი ინფორმაციის გავრცელება გამოიწვია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა საჯარო პირის ცილისწამებისათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრების ყველა წინაპირობა: ა) მოსარჩელემ სასამართლოში დაამტკიცა, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მის შესახებ, ბ) ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და გ) მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება (კანონის მე-14 მუხლი).
2.18. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გამოხატვის თავისუფლებას მიიჩნევს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ფუნდამენტურ საფუძვლად, მისი განვითარებისა და პიროვნების თვითრეალიზების მთავარ პირობად. მე-10 მუხლის მე-2 პარაგრაფის შესაბამისად, ის გამოიყენება არა მხოლოდ ისეთი
„ინფორმაციისა“ და „იდეების“ მიმართ, რომლებიც კეთილგანწყობილად მიიღება ან განიხილება როგორც უვნებელი ან როგორც ინდიფერენტიზმის საგანი, არამედ ისეთების მიმართაც, რომლებიც, თავისი არსით, შეურაცხმყოფელია, აღშფოთებას იწვევს და ადამიანების სიმშვიდეს არღვევს. მიუხედავად ამისა, გამოხატვის თავისუფლებასა და სხვა ღირებულებათა შორის სამართლიანი ბალანსის მიღწევის მიზნით კონვენციამ და შესაბამისად, ევროპის სასამართლომაც დასაშვებად მიიჩნია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ანუ ამ უფლების განხორციელებაში ჩარევა სწორედ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ამდენად, აზრის თავისუფლებას აბსოლუტური უპირატესობა არ ენიჭება და იგი შეზღუდულია სხვა უფლებების დაცვით, მათ შორის არის მესამე პირთა ძირითადი უფლებებით დაცული სიკეთეები - პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია. იმისათვის, რომ ჩარევა გამართლებულად იქნას მიჩნეული, აუცილებელია, რომ შეზღუდვა გათვალისწინებული იყოს ნათლად ჩამოყალიბებული და განჭვრეტადი კანონით, ემსახურებოდეს იმ ლეგიტიმურ მიზნებს, რომლებიც ჩამოთვლილია კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტში (მათ შორის, სხვათა უფლებების და რეპუტაციის დაცვის უზრუნველსაყოფად), ჩარევა აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში დასახული მიზნის მისაღწევად.
შეფასება „აუცილებელ დემოკრატიულ საზოგადოებაში“ მოიცავს როგორც უფლებაში ჩარევის აუცილებლობას, ისე ჩარევის თანაზომიერების შეფასებას.
სასამართლოს განმარტებით იმისათვის, რომ შეფასებულ იქნეს დაცულ უფლებაში ჩარევის აუცილებლობა, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა „დასაშვები კრიტიკის ფარგლებზე“. სასამართლოს მითითებით მოსარჩელე, ისევე როგორც სადავო განცხადებების გამავრცელებელი (მოპასუხე), არის საჯარო პირი. ე----------ა არის პოლიტიკური თანამდებობის პირი. მართალია, ხელისუფლების წარმომადგენელთა და პოლიტიკოსების მიმართ სტარსბურგის სასამართლო აყალიბებს არა მხოლოდ კერძო პირებთან, არამედ სხვა საჯარო პირებთან შედარებითაც, უფრო ფართო დასაშვები კრიტიკის ფარგლებს, თუმცა, აღნიშნული არ გამორიცხავს პოლიტიკოსის უფლებების, რეპუტაციის დაცვის უზრუნველსაყოფად გამოხატვის უფლებაში ჩარევის შესაძლებლობას, მით უფრო, ისეთ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს მის მიმართ გამოთქმულ სერიოზულ ბრალდებას. ამრი--დ, პოლიტიკოსთა თმენის მომეტებული ვალდებულების პირობებშიც და კრიტიკის განსაკუთრებულად დაცულ სფეროშიც კი, გამოხატვის თავისუფლება აბსოლუტური და შეუზღუდავი არ არის.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, გადაწყვეტილებაში საქმეზე Keller v. Hungary, აღნიშნა შემდეგი: კერძო პირისაგან განსხვავებით, პოლიტიკოსების მოსაზრებები გარდაუვლად და შეგნებულად ხდება ფართო საზოგადოებისა და ჟურნალისტების განხილვის საგანი, შესაბამისად მათ ეკისრებათ თმენის უფრო მაღალი ვალდებულება. ეჭვგარეშეა, რომ კონვენციის 10-ე &2 მუხლი იცავს ყველა ადამიანის რეპუტაციას, სადაც პოლიტიკოსებიც მოიაზრებიან, მაშინაც კი, როდესაც ისინი არ მოქმედებენ როგორც კერძო პირები, მაგრამ ასეთი დაცვა უნდა განხორციელდეს საჯარო ინტერესებთან შეპირისპირების გზით, როდესაც საქმე ეხება ღია პოლიტიკურ დისკუსიას. სასამართლოს აზრით, ეს ასევე სწორია იმ შემთხვევაში, როდესაც კრიტიკა განხორციელებულია ერთი პოლიტიკოსის მიერ მეორის მიმართ.
2.19. „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლი ადგენს ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობის სახეებს, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ცილისწამებასთან დაკავშირებით მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ა-–---------- ე-–--------ის მიერ გავრცელებული იმ განცხადებებისათვის, რომელიც სასამართლომ ჩათვალა ცილისწამებად - არსებითად მცდარი ფაქტის კონსტატაციად, მოსარჩელე ე----------ასათვის ზიანის მიმყენებელ, მისი სახელის გამტეხ ინფორმაციად - მოპასუხეს უნდა დაეკისროს მათი უარყოფა სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნების გზით.
2.20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე კოდექსის 18.2. მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ზიანის ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს იმ მოგების სახით, რომელიც წარმოექმნა ხელმყოფს. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად. ვინაიდან, დადგინდა, რომ მოპასუხემ აშკარა და უხეში დაუდევრობის საფუძველზე გაავრცელა მოსარჩელის მიმართ ცილისმწამებლური განცხადებები, მისი ბრალეულობა სახეზეა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებულ მორალური ზიანის ანაზღაურებას გააჩნია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლებების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრესი მიზანია ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია. ძალიან ხშირად მიღებული შედეგების გამოსწორება შეუქცევადი მოვლენაა და როგორიც არ უნდა იყოს კომპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას. კომპენსაციის მიზანი არის მოსარჩელის გამართლება საზოგადოების თვალში და მორალური ზიანის გამოწვეული ტკივილების შემსუბუქება. კომპენსაცია მიმართულია უარყოფითი ემოციების გასაქარწყლებლად. მორალური ზიანის ანაზღაურების პრევენციული ფუნქციის განხორციელებისათვის მნიშვნელობა ენიჭება ისეთ ფაქტორს, როგორიცაა, სამართალდარღვევის განმეორების საშიშროება ზიანის მიმყენებლის მიერ.
სასამართლომ მიიჩნია, რომ დამრღვევი პირისათვის დასაკისრებელი მორალური ზიანის სამართლიანი ოდენობის დადგენის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს მისი ანაზღაურებით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების პრევენციული დანიშნულება, რადგან პირადი არაქონებრივი უფლებების დარღვევით გამოწვეულ მორალურ ზიანს მატერიალური ეკვივალენტი არ გააჩნია, შესაბამისად, ობიექტურად შეუძლებელია პატივისა და ღირსების შელახვასთან დაკავშირებული პირის მიერ განცდილი სულიერი ტკივილის ხარისხის შეფასება და მისი ნებისმიერი ოდენობის ფულადი თანხით კომპენსირება. რაც მთავარია, ცილისწამებისათვის მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრა უნდა მოხდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვათა უფლებების და რეპუტაციის დაცვის ლეგიტიმიური მიზნის მისაღწევად გამოხატვის დაცულ უფლებაში ჩარევის პროპორციულობის და თანაზომიერების პრინციპის გათვალისწინებით.
სასამართლოს მითითებით მოპასუხისათვის დასაკისრებელი მორალური ზიანის გონივრული ოდენობის განსაზღვრისათვის სასამართლომ გაითვალისწინა, ასევე ის გარემოებაც, რომ მოპასუხეს დაეკისრა გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნების გზით, რაც წარმოადგენს მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენის მნიშვნელოვან საშუალებას. საბოლოოდ, სასამართლომ მიიჩნია, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების გონივრულ ოდენობად უნდა განსაზღვრულიყო 1000 ლარი, რისი გადახდაც ე----------ას სასარგებლოდ დაეკისრა ა-–---------- ე-–--------ს.
2.21. „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების შეზღუდვისას ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ამ უფლებების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს მოპასუხისათვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საჭიროება, ე----------ას სარჩელით სადავო იმ გამონათქვამებთან დაკავშირებით, რომლებიც არ იძლევა ფაქტების კონსტატაციის შესახებ დასკვნის საფუძველს და, რომელთა საკითხიც სასამართლომ გადაწყვიტა განცხადებებში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭებისა და გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ.
2.22. სასამართლოს განმარტებით ვინაიდან, ე------------ს მიერ გაჟღერებული, ა-–---------- ე-–--------ის შეგებებული სარჩელით სადავო განცხადებები სასამართლოს მიერ შეფასდა აზრის გამოხატვად (შეფასებით მსჯელობად, შეხედულების, პიროვნებისა და მოვლენის მიმართ სუბიექტური დამოკიდებულების გამოხატვად), „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონის 4.1 მუხლით დადგენილი, აზრის აბსოლუტური პრივილეგიით დაცულობის გათვალისწინებით, არ არსებობს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის განმარტებით მოწინააღმდეგე მხარეს, როგორც საჯარო პირს მის მიერ გაკეთებული განცხადებების მიმართ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის თანახმად თმენის მეტი ვალდებულება გააჩნდა. აპელანტის აზრით მისი განცხადებების ცილისწამებად მიჩნევის პირობებშიც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნტის შესაბამისად მაინც სახეზეა მისი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი, რადგან იგი თბილისის საკრებულოს წევრია და მისი მხრიდა სადავო განცხადებები გაკეთებულია სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვ---ლობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სადავოდ არის გამხდარი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება მასზედ, რომ 2015 წლის 22 დეკემბერს გადაცემა „ა-------ში“ გამოთქმული შემდეგი განცხადებები -- „... ამ საქმეზე ბ------- (და კ-------ე) ფეხს არ უცვლიდნენ, ესე იგი განაგრძობდნენ ძალიან გულმოდგინედ, დაჟინებით ჩემზე ზეწოლის მცდელობას, რომ განსაკუთრებული წესით გამეტანა, ამას მიეღო დადებითი რეკომენდაცია და შეგვეტანა პრეზიდენტთან, რომ ციხიდან გამოსულიყო...“; „ეს ადამიანები ვაჭრობდნენ ადამიანების ბედით. ეს პოლიტიკოსები პატიმრების გაშვების საკითხით ვაჭრობდნენ და იღებდნენ ფულს...“ --- შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტებს მოსარჩელე ე----------ას შესახებ. გარდა ამისა, აპელანტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადებების ცილისწამებად მიჩნევის პირობებშიც კი არ არსებობს მისი პასუხისმგებლობის საფუძველი რადგან განცხადებები გაკეთებულია თბილისის საკრებულოს წევრის მიერ და უკავშირდება სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას.
4.1.1. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ 22.12.2015წ. ტელეკომპანია „რ-------------“ პირდაპირ ეთერში ა-–---------- ე-–--------ის მიერ გააჟღერებული შემდეგი განცხადებები: „...ამ საქმეზე ბ------- (და კ-------ე) ფეხს არ უცვლიდნენ, ესე იგი განაგრძობდნენ ძალიან გულმოდგინედ, დაჟინებით ჩემზე ზეწოლის მცდელობას, რომ განსაკუთრებული წესით გამეტანა, ამას მიეღო დადებითი რეკომენდაცია და შეგვეტანა პრეზიდენტთან, რომ ციხიდან გამოსულიყო...“ (საუბრის დრო 0----------); „...ეს არ არის სადებატო, ჩვეულებრივი პოლიტიკური საკითხი. აქ არის საუბარი დანაშაულზე, ძალიან მძიმე დანაშაულზე.
ადამიანების ბედით მსჯავრდებულების ბედით ვაჭრობაზე არის საუბარი და მე ახლა რაღაც რეპლიკებს კი არ ვეუბნები და რაღაც კომენტარებს კი არ ვუკეთებ განცხადებებზე, მე ვამბობ, რომ ეს ადამიანები ვაჭრობდნენ ადამიანების ბედით. ეს პოლიტიკოსები პატიმრების გაშვების საკითხით ვაჭრობდნენ და იღებდნენ ფულს და მე მზად ვარ, რომ ეს დავასაბუთო... “ (საუბრის დრო 1----------), მათი ფორმულირების და კონტექსტის გათვალისწინებით წარმოადგენს ე----------ას პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაციის გავრცელებას - ა-–---------- ე-–--------ზე (როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარეზე) ზეწოლის განხორციელებისა და პატიმრების ციხიდან გაშვების სანაცვლოდ მოსარჩელის მიერ ქრთამის აღების ფაქტების შესახებ. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ა-–---------- ე-–--------ის მიერ 22.12.2015 წელს ტელეკომპანია „რ-------------“ პირდაპირ ეთერში გაჟღერებულ განცხადებაში მითიებული გარემოებები მსჯავრდებულ პირებს და მოსარჩელეს შორის კორუფციული გარიგებების დადება წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად მართლსაწინააღმდეგო ბრალეულ ქმედებას, თუმცა, საქმეზე წარმოდგენილი არ არის განაჩენი აღნიშნული დანაშაულის ე----------ას მიერ ჩადენის დადასტურების თაობაზე. განაჩენის არარსებობა კი, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე, ქმნის პრეზუმფციას იმისა, რომ დანაშაული არ ჩადენილა. უფრო მეტიც, საქმეში წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ 1---------– დადგენილებით ირკვევა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ა-–---------- ე-–--------ის საჯარო განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ნარკოდანაშაულისათვის მსჯავრდებული პირების შეწყალების საკითხის დადებითად გადაწყვეტის მიზნით, ცალკეულ მოხელეთა მიერ ზეგავლენით ვაჭრობის ფაქტზე. აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო ორგანოების კვლევის საგანი იყო სწორედ ა-–---------- ე-–--------ის განცხადებაში გადმოცემული ფაქტების არსებობის დადგენა. დადგენილების თანახმად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არ დადასტურდა ე.წ. „კ-----------------“ მსჯავრდებულ პირებსა და ა-–---------- ე-–--------ის მიერ დასახელებულ პოლიტიკოსებს შორის შეწყალების საკითხებთან დაკავშირებით კორუფციული გარიგების ფაქტი, ასევე არ დადასტურდა ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან ა-–---------- ე-–--------თან სატელეფონო კავშირი და სხვაგვარი ზემოქმედების ფაქტები „კ--------“ საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალების საკითხის დადებითად გადაწყვეტასთან დაკავშირებით. ამდენად, ე----------ას, შესაბამისი განაჩენის არარსებობის საფუძვლით, ბრალად ვერ შეერაცხება მსჯავრდებულ პირებთან კორუფციული გარიგებების დადების ფაქტი. პალატა დამატებით განმარტავს, რომ 22.12.2015 წელს ტელეკომპანია „რ-------------“ პირდაპირ ეთერში ა-–---------- ე-–--------ის მიერ გააჟღერებული ინფორმაცია ფაქტების შემცველია და იგი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ავტორის მოსაზრებად.
4.1.2. ცილისწამების საკანონმდებლო რეგულირებას შეიცავს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მიხედვითაც, ცილისწამება არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადებაა. კანონი ერთმანეთისაგან მიჯნავს კერძო და საჯარო პირის ცილისწამებას. კერძო პირის ცილისწამებისათვის პირს მხოლოდ მაშინ ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა, ხოლო საჯარო პირის ცილისწამებისათვის პირს მაშინ ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება. ამდენად, კანონი კერძო და საჯარო პირის ცილისწამებისათვის (ორივე შემთხვევაში) მტკიცების ტვირთს იმგვარად ანაწილებს, რომ მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ფაქტი მასზედ, რომ მის წინააღმდეგ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია და რომ აღიშნული ინფორმაცია მოსარჩელისათვის ზიანის მომტანია. კანონი საჯარო პირისათვის, მისი საჯარო-სამართლებრივი სტატუსიდან გამომდინარე, დამატებით მოთხოვნას აწესებს, კერძოდ, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებად ასახელებს ასევე მის წინააღმდეგ მცდარი ინფორმაციის ბრალეულად (განზრახ ან აშკარა ან უხეში გაუფრთხილებლობით) გავრცელებას, ანუ საჯარო პირის შემთხვევაში, მოსარჩელემ დამატებით უნდა ამტკიცოს ასევე ფაქტი იმის შესახებ, რომ ინფორმაციის გამავრცელებელმა იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ ინფორმაცია, რომელსაც იგი ავრცელებდა, მცდარი იყო. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მტკიცების ტვირთი შეზღუდვის ინიციატორს ეკისრება. თუმცა, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.
4.1.3. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო კანონისმიერი დანაწესით ხელმძღვ---ლობს და ადგენს, რომ მოსარჩელემ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდა, რომ მოსარჩელეს მსჯავრდებულ პირებთან კორუფციული გარიგებები არ დაუდია. აღნიშნული დასკვნის ფაქტობრივი საფუძველია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე პრეზუმფცია მასზედ, რომ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის არარსებობის პირობებში, პირი უდანაშაულოდ ითვლება. (იხ. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება 4.1.1.).
4.1.4. ცილისწამების კანონისმიერი რეგულაციის სიტყვა-სიტყვითი, ლოგიკური და შინაარსობრივი განმარტების შედეგად მოსარჩელის მტკიცების საგანში შედის იმ ზიანის მტკიცებაც, რომელიც მას მცდარი ინფორმაციის გავრცელებით მიადგა. აღნიშნული დანაწესი დიდი პრაქტიკული მნიშვნელობის მატარებელია და, ამ მიმართებით კანონის სწორ ინტერპრეტაციას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება. საგულისხმოა, რომ ზიანი შეიძლება იყოს როგორც მორალური, ასევე მატერიალური (ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, მიუღებელი შემოსავალი და ა. შ). შესაბამისად, არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი ინფორმაციის გავრცელება პირს შეიძლება ფაქტობრივ ანდა მორალურ ზიანს აყენებდეს. მორალურ ზიანის მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა გადაწყდეს არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი ინფორმაცია ლახავს, თუ არა, პირის პატივს, ღირსებასა, თუ საქმიან რეპუტაციას და ამით იწვევს, თუ არა მის ფსიქიკურ, თუ სულიერ ტანჯვას. მორალური ზიანის მტკიცებასთან დაკავშირებით, საგულისხმოა მისი სასამართლოსეული ინტერპრეტაცია, რომლის მიხედვითაც, „ტერმინი „მორალური ზიანი“ სულიერი გრძნობებისა და ურთიერთობების სფეროში მიყენებულ ზიანს გულისხმობს. მორალური ზიანის არსებობა ნეგატიურ ცვლილებებს იწვევს ადამიანის ორგანიზმში, რამაც ქონებრივ დანახარჯებთან ერთად არამატერიალური უფლებების ხელყოფა – ფსიქიკური ტანჯვა (მორალური ზიანი) შეიძლება გამოიწვიოს. ადამიანის ფსიქიკაში ნეგატიური ცვლილებების არსებობას, რაც გამოიხატება ფიზიკურ და სულიერ ტანჯვაში, გარეგნული გამოხატულება არ გააჩნია და, შესაბამისად, არამატერიალიზებული ზიანია. არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფა კი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას იწვევს“. არამატერიალური ზიანის მტკიცებასთან დაკავშირებით კი სასამართლომ განმარტა, რომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის თანახმად, ცილისწამება მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადებაა. მცდარი ფაქტის შემცველი განცხადება არის თუ არა ზიანის მიმყენებელი, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტობრივი გარემოებების ანალიზითა და ურთიერთშეჯერებით უნდა დადგინდეს. ამასთან, ზიანი ასეთ შემთხვევებში არაქონებრივი სახით - პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვით არის გამოვლენილი. არაქონებრივი ურთიერთობები, თავისთავად, მოკლებულია რა ეკონომიკურ შინაარსს, და მას არ გააჩნია ღირებულება, შესაბამისად, ამ ზიანის (არაქონებრივი) დამტკიცებისათვის კანონით დაცული უფლების დარღვევაც საკმარისია.
განსახილველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა იმგვარი ფაქტების გავრცელებას (მოსარჩელის მიერ მოპასუხეზე ზეწოლის მცდელობა, მსჯავრდებულ პირებთან კორუფციული გარიგეგებეის დადება), რომ ფიზიკური პირისათვის, თუნდაც, ის საჯარო პირად იქნეს განხილული, პატივისა და ღირსების შემლახავია. მისი საჯარო სტატუსი ამგვარი მძიმე მორალური დატვირთვის მქონე მცდარი ფაქტების თმენის ვალდებულებას არ აწესებს.
აპელანტის მითითებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად სადავო განცხადებები გაკეთებულია პოლიტიკური დებატების ფარგლებში, რაც მის მიერ თბილისის საკრებულოს წევრის მოვალეობის შესრულებას უკავშირდებოდა და განცხადებაში აღნიშნული გარემოებების ცილისწამებად მიჩნევის პირობებშიც არ არსებობს მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, პალატა ყურადღებას მიაპყრობს სადავო განცხადებაში თავად აპელანტი მხარის მიერ გაკეთებულ განმარტებაზე, სადაც ის განმარტავს, რომ „...ეს არ არის სადებატო, ჩვეულებრივი პოლიტიკური საკითხი, აქ არის საუბარი დანაშაულზე, ძალიან მძიმე დანაშაულზე’’, ამდენად, განმცხადებელი თავად აღნიშნავს, რომ მის მიერ განცხადებაში მითითებული გარემობები არ წარმოადგენს პოლიტიკური დებატების ფარგლებს, განცხადებაში მითითებული გარემობები მისი შინაარსის გათვალისწინებით ასევე მიჩნეული ვერ იქნება საკრებულოს წევრის მიერ მისი მოვალეობის შესრულებად, აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ა-–---------- ე-–--------ის განმარტებას მასზედ, რომ სადავო განცხადება, გაკეთებულია პოლიტიკური დებატების ფარგლებში, როგორც საკრებულოს წევრის მიერ თავისი მოვალეობის შესრულებისას რაც მის პასუხისმგებლობას გამორიცხავს.
4.1.5. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში და დამატებით განმარტავს, რომ მორალური ზიანი იმ ოდენობის უნდა იყოს, რომ მოპასუხისათვის მისი დაკისრება მძიმე ქონებრივ ტვირთს არ წარმოადგენდეს და, ფინანსური თვალსაზრისით, მისი შემდგომი საქმიანობის გაგრძელებას, საფრთხე არ შეექმნას. ამ კონტექსტში, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხისთვის 1000 ლარის დაკისრება გონივრული და კანონთან შესაბამისია.
4.1.6. საბოლოოდ სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიკვლია და დაადგინა დავის გადაწყვეტისათვის ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება და მათ კვალობაზე გააკეთა სწორი სამართლებრივი შეფასებები ე----------ას სარჩელის ნაწილობრივ დაკამაყოფილების შესახებ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს საკმარის სამართლებრივ დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ და მასში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნების გასაბათილებლად.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა-–---------- ე-–--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა აუდრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ირაკლი ბონდარენკო
მოსამართლეები: მაია სულხანიშვილი
ნატალია ნაზღაიძე