განაჩენი

სისხლის სამართლის 06.03.2019
საქმის ნომერი
010141319700073327
ინსტანცია
თარიღი
06.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010141319700073327, №1/აგ-14-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

07 მარტი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

ნინო სანდოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზა----- ილ------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ხვ--- ქო-----–-–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 21 იანვრის განაჩენით, ზა----- ილ------ე (დაბადებული 197--–-–----------------–ს), მის დაუსწრებლად, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ, ზა----- ილ------ეს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ზა----- ილ------ის მიმართ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მოქმედება.

 

მსჯავრდებულ ზა----- ილ------ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 21 იანვრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის და 3 თვის ვადით.

 

მსჯავრდებულის დაკავების ოქმის მიხედვით, ზა----- ილ------ე დაკავებულია 2018 წლის 28 ივნისს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ზა----- ილ------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის არ---– დვ--–-–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 21 იანვრის განაჩენში ზა----- ილ------ის მიმართ შევიდა ცვლილება.

 

ზა----- ილ------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის და 9 (ცხრა) თვის ვადით.

 

ზა----- ილ------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის და 9 (ცხრა) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და ზა----- ილ------ეს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის და 9 (ცხრა) თვის ვადით. ზა----- ილ------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 28 ივნისიდან.

 

2019 წლის 23 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულ ზა----- ილ------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ხვ--- ქო-----–-–---–მა, რომელმაც ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა.

 

სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

 

მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარე აპელირებს საექსტრადიციო პატიმრობის ვადაზე, რაც ვერ იქნებოდა გათვალისწინებული განაჩენის გამოტანის დროს, ვინაიდან სასამართლოსთვის აღნიშნულის შესახებ იყო უცნობი. შესაბამისად, პალატის მიერ, აღნიშნული გარემოება შეფასდა როგორც ახლად გამოვლენილი გარემოება. დაცვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების თანახმად, ზა----- ილ------ე საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფებოდა 2017 წლის 21 მარტიდან 2018 წლის 16 მარტამდე. დოკუმენტები წარმოდგენილი იყო ასლების სახით და თარგმანის სისწორე დადასტურებული იყო ნორატიული წესით.

 

საქართველოს გენერალური პროკურატურის 2019 წლის 31 იანვრის N1------ წერილის თანახმად ირკვევა, რომ პროკურატურისთვის ცნობილი იყო ზა----- ილ------ის მიმართ საექსტრადიციო პროცედურების წარმოების შესახებ, თუმცა დამატებითი ინფორმაცია მიწოდებული იქნებოდა საკითხის დაზუსტების შემდეგ. საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის ვადის შესახებ ინფორმაცია თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილ იქნა 2019 წლის 04 მარტს, რომლის თანახმად ზა----- ილ------ე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფებოდა 2017 წლის 20 მარტიდან 2018 წლის 18 მარტამდე.

 

პალატა აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინფორმაციის თაობაზე არ იყო ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის, საქმის სააპელაციო წესით განხილვის დროს. მიუხედავად მცირედი სხვაობისა, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტსა და საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო სამმართველოს მიერ გაცემულ დოკუმენტს შორის, პალატას მიაჩნია, რომ ზა----- ილ------ეს სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს 2019 წლის 1 მარტით დათარიღებულ (კანცელარიაში შემოსვლის დრო 04.03.2019) N1------- წერილში და თანდართულ დოკუმენტში მითითებული პერიოდი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 162-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საქართველოში ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უცხო სახელმწიფოში დაპატიმრების შემთხვევაში მისი პატიმრობის ვადები აითვლება საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსათვის მისი ფაქტობრივი გადმოცემის მომენტიდან. საქართველოში ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უცხო სახელმწიფოში პატიმრობის ვადა ჩაითვლება სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის საერთო ვადაში. გარდა ამისა, სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოში ექსტრადირებას დაქვემდებარებული პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირების მიზნით პატიმრობის ვადა ჩაითვლება სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის საერთო ვადაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზა----- ილ------ეს სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, 2017 წლის 20 მარტიდან 2018 წლის 18 მარტამდე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის დრო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (მოქმედი რედაქცია) 310-ე მუხლით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 162-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 535-ე, 536-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ზა----- ილ------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ხვ--- ქო-----–-–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

 

მსჯავრდებულ ზა----- ილ------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 28 ივნისიდან. მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2017 წლის 20 მარტიდან 2018 წლის 18 მარტამდე.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

 

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

 

ნინო სანდოძე