განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.11.2018
საქმის ნომერი
330210016001351581
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
06.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001351581

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/617-18 06 ნოემბერი, 2018 წელი

 

თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე

მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი

თამარ ალანია

 

სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტი/მოწინააღმდეგე მხარე შეგებებულ სააპელაციო საჩივარში - სს "ს-------------------------------------------” (მოპასუხე)

წარმომადგენელი - ა------------------ი

 

მოწინააღმდეგე მხარე/შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი - სპს „ს---------------------------------, ჟ-------“ (მოსარჩელე)

 

წარმომადგენელი - ნ------------–ი, ი-----–-----------ა (დ---------------------------)

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21.11.2017წ. გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს სახით 2015 წლის 27 ოქტომბრიდან 2016 წლის 15 მარტამდე 4137 ლარის დაკისრება, ხოლო 2016 წლის 17 მარტიდან დარჩენილი დავალიანების 5136 ლარის 0.2%-ის დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანის მომენტისათვის შეადგენს 7928.44 ლარს

 

დავის საგანი – სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკირება.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება 5136 ლარის ოდენობით;

1.2. პირგასამტეხლოს სახით 4137 ლარის გადახდა _ 2015 წლის 27 ოქტომბრიდან 2016 წლის 15 მარტამდე 14775.42 ლარის 0.20%, რაც შეადგენს 29.55 ლარს ყოველ გადაცილებულ დღეზე;

1.3. პირგასამტეხლოს სახით 5136 ლარის 0.20%-ის დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

2. მხარეთა შორის დადებული საავტომობილო დაზღვევის ხელშეკრულებით, დაზღვეულ იქნა მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული ავტომობილ ,,ჰ-------------", სარეგისტრაციო ნომრით №H--9--. 2015 წლის 6 ოქტომბერს დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის შედეგადა დაზღვეული ავტომანქანა დაზიანდა. 2016 წლის 15 მარტს ს----------------------ამ დაზღვეულს გადაუხადა 9832.89 ლარი სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების ანგარიშში, მიუხედავად იმისა, რომ დაზღვეული ავტომობილის მეორადი ნაწილები საქართველოში არ იყიდებოდა და ეს თანხა არ იყო საკმარისი ავტომობილისთვის საექსპლუატაციო თვისებების აღსადგენად. მოსარჩელე ითხოვს ს----------------------ისაგან ზიანის სრულად ანაზღაურებას და თანხის გადახდის დაყოვნებისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს დაკირებას.

 

მოპასუხის პოზიცია:

 

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე ცდილობს ხელოვნურად შეამციროს დაზიანებული ავტო-სატრანსპორტო საშუალების აღდგენისათვის საჭირო ნაწილების ღირებულება და შესაბამისად, ზარალის თანაფარდობა სადაზღვევო თანხასთან, რაც მიზნად ისახავს წინასწარ შეთანხმებული დაზღვევის პირობების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, მზღვეველისაგან უსაფუძვლოდ მეტი სარგებლის მიღებას. 2----–-–----------არს სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის შინაარსიდან ცალსახად დასტურდება, რომ ადგილი ჰქონდა ავტომანქანის სრულ განადგურებას, ხოლო ნარჩენი ღირებულებისა და შესაბამისი ფრანშიზის გათვალისწინებით, ს----------------------ას ასეთ ვითარებაში არ დაეკისრებოდა მეტი თანხის გადახდა, ვიდრე ამჟამად არის გადახდილი. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დაზღვევის ხელშეკრულებით განსაზღვრულია ნაწილობრივი ზიანისთვის 90 აშშ დოლარის, ხოლო სრული ზიანის/განადგურებისთვის 900 აშშ დოლარის ოდენობით ფრანშიზა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21.11.2017წ. გადაწყვეტილებით:

1. სპს ,,ს---------------------------------, ჟ-------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

1.1. სს ,,ს----------------------ა ჯ------------–-----ს” სპს ,,ს--------------------------------- ჟ-------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 5136 ლარის გადახდა;

1.2. სს ,,ს----------------------ა ჯ------------–-----ს” სპს ,,ს--------------------------------- ჟ-------ს“ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა შეუსრულებელი ვალდებულების - 5136 ლარის 0,05%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვალდებულების დარღვევიდან - 2016 წლის 17 მარტიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

2. სპს ,,ს--------------------------------- ჟ-------ს“ სასარჩელო მოთხოვნა 2015 წლის 27 ოქტომბრიდან 2016 წლის 15 მარტამდე სს ,,ს----------------------ა ჯ------- ჰ----------სათვის” პირგასამტეხლოს სახით 14 775.42 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

4.1. 2014 წლის 28 ნოემბერს მხარეთა შორის დაიდო საავტომობილო დაზღვევის ხელშეკრულება №---------- და გაიცა სადაზღვევო პოლისი №-------/15.

 

4.2. 2015 წლის 6 ოქტომბერს დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი, დაზღვეული ავტომანქანა _ 2007 წლის გამოშვება, მსუბუქი ავტომობილი “H-----------------”, სახელმწიფო ნომრით H---9--, საიდენტიფიკაციო ნომრით S----------------.

 

4.3. სადაზღვევო კ-------ის კონტრაქტორმა შპს ,,ა--------------ი----“ 2016 წლის 12 ოქტომბერს განახორციელა ავტომობილის დაზიანების შეფასება, რომლის საფუძველზეც სადაზღვევო კ-------ამ აცნობა მოსარჩელეს, რომ სამუშაოების და დეტალების ღირებულება აღმატებოდა ავტომობილის ღირებულების - 9000 შშ დოლარის 70%-ს და შესთავაზა დაზღვეულს ავტომობილის ღირებულების ანაზღაურება ფრანჩიზის გამოკლებითა და ავტომანქანის ს----------------------ისათვის გადაცემის პირობით.

 

4.4. დამზღვევი არ დაეთანხმა ს----------------------ის შეთავაზებას და ვინაიდან შეფასების აქტი, რომელიც მას მოპასუხემ გადაუგზავნა დაშტრიხული სახით, არ იძლეოდა დეტალების ღირებულების განსაზღვრის საშუალებას, დამოუკიდებლად მიმართა შპს შ----------------ს სავტომობილის დაზიანებული დეტალების ფასების განსაზღვრის მიზნით. შ----------------ის მიერ ავტომობილის ნაწილების ღირებულება, საკონტეინერო (არასაჰაერო) ტრანსპორტირების გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით განისაზღვრა 16 361.00 ლარით.

 

4.5. მოსარჩელის დაკვეთით შესრულებული სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“, N-------- სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ავტომობილის საბაზრო ღირებულება 2015 წლის ოქტომბრის თვის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეფასებულ იქნა 25 000 ლარად.

 

4.6. სადაზღვევო კ-------ის 2-----–-–---------------ს მიმართვის საფუძველზე, სსიპ ,,ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ დაჩქარებული წესით შესრულებული სასაქონლო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მსუბუქი ავტომობილის საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე, საორიენტაციოდ განისაზღვრა 25000 ლარით. ამავე დასკვნის თანახმად, ავტომობილისათვის დაზიანებით მიყენებულმა მატერიალური ზარალის ოდენობამ საორიენტაციოდ შეადგინა 11 669 ლარი.

 

4.7. 2016 წლის 15 მარტს ს----------------------ამ დაზღვეულს აუნაზღაურა 9832.89 ლარი სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მიზნით.

 

4.8. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დადგენილია, რომ დაზღვეული ავტომანქანის მეორადი ნაწილები ბაზარზე არ იყიდება.

 

4.9. სს „ს----------------------ა ჯ------- ჰ----------ს“ წინააღმდეგ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ნაწილში ემყარება ს----------------------ის მიერ დამდგარი ზიანის სრულად ანაზღაურების სახელშეკრულებო ვალდებულებათა არაჯეროვან შესრულებას, რაც გამოიხატა სს ,,ს----------------------ა ჯ-------- ჰ----------ს“ მიერ სპს ,,ს---------------------------------, ჟ-------“-სათვის ავტომანქანის მეორადი ნაწილების ფასის გათვალისწინებით ანაზღაურებაში, იმ პირობებში როდესაც დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშულების მეორადი ნაწილები საქართველოს ბაზარზე არ იყიდება.

 

სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას, რომ მზღეველი კ-------ისაგან თავისი ვალდებულების შესრულება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში გამოიხატა დაზღვეულისათვის 9 832.89 ლარის ანაზღაურებაში არ უზრუნველყოფს მოსარჩელის ინტერესის რეალურ დაკამაყოფილებას, იმდენად რამდენადაც მეორადი ნაწილები ბაზარზე არ იყიდება და დაზიანებული ავტომანქანის აღდგენა მეორადი ნაწილებით შეუძლებელია, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით კი ზუსტად არ არის მოწესრიგებული მსგავსი შემთხვევა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლში მითითებული ზიანის ანაზღაურების წესი ისე არ უნდა იქნეს ისე განმარტებული, თითქოს უნდა აღსდეგს ზუსტად ის მდგომარეობა, რაც ზიანის დადგომამდე არსებობდა. სასამართლო განმარტავს რომ მოცემული შემთხვევისათვის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა გამოიხატება იმაში, რომ დაზიანებული ავტომანქანა შეკეთდეს ექსპლუატაციისათვის საჭირო მდგომარეობამდე. შესაბამისად, მოსარჩელის პირველი სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და სს ,,ს----------------------ა ჯ------------–-----ს” სპს ,,ს--------------------------------- ჟ-------ს“ სასარგებლოდ სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანის სრულად ანაზღაურების მიზნით, გადახდილი 9 832.89 ლარის გარდა, უნდა დაეკისროს 5136 ლარის ანაზღაურება.

 

4.10. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე მუხლებზე და განმარტა, რომ ს-----------ო შემთხვევის დადგომიდან, მოსარჩელე და მოპასუხე მხარეებს შორის მიმდინარეობდა ზარალის ოდენობაზე შეთანხმების პროცესი, რომელიც როგორც მხარეთა მიმოწერის ამსახველი წერილობითი დოკუმენტაციითა დასტურდება, გაგრძელდა 2016 წლის 11 მარტამდე. ხოლო 2016 წლის 15 მარტს (დარეგულირების აქტის მხარეთა მიერ ხელმოწერიდან 5 დღის ვადაში) სადაზღვევო კ-------ამ დაზღვეულს აუნაზღაურა 9832.89 ლარი. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა _ სს ,,ს----------------------ა ჯ------- ჰ----------სთვის” სპს ,,ს--------------------------------- ჟ-------ს“ სასარგებლოდ 2015 წლის 27 ოქტომბრიდან - 2016 წლის 15 მარტამდე, პირგასამტეხლოს სახით ყოველდღიურად ასანაზღაურებელი ზიანის თანხის 14775.42 ლარის 0.20%-ის (29.55 ლარის) დაკისრების თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე მიიჩნია რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლო - 0,20% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, როგორც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და განისაზღვროს შეუსრულებელი ვალდებულების _ 5136 ლარის 0,05%-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, ვალდებულების დარღვევიდან - 2016 წლის 17 მარტიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:

 

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21.11.2017წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

5.1. დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ დაზღვეული ავტომანქანის მეორადი ნაწილები ბაზარზე არ იყიდება. დასკვნის შედგენისას, რომელზეც მიუთითებს სასამართლო, ექსპერტის წინაშე არ ყოფილა დასმული კითხვა მეორადი ნაწილების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. აქვე აღსანიშნავია, რომ მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდებოდა, ერთი მხრივ მეორადი ნაწილების ხელმისაწვდომობის, ხოლო მეორეს მხრივ, საქართველოს ბაზარზე მომუშავე კ-------ის მხრიდან შესაბამისი მომსახურების გაწევის მზაობის ფაქტი.

 

5.2. სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე დაასკვნა, რომ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომანქანის აღდგენისათვის საჭირო თანხის ოდენობის განსაზღვრა უნდა მოხდეს ახალი ავტონაწილების ღირებულების ოდენობით. აღნიშნული დასკვნის უზუსტობა გამომდინარეობს სასამართლოს მიერ ახალი/მეორადი ნაწილების ხელმისაწვდომობის კრიტერიუმის მცდარი მსჯელობიდან. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მხარეთა შორის წინასწარ შეთანხმებული დაზღვევის პირობების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, დამზღვევი ცდილობდა დაზიანებული ავტომანქანის აღდგენისათვის საჭირო ნაწილების ღირებულების და შესაბამისად, სადაზღვევო თანხასთან ზარალის თანაფარდობის ხელოვნურად შემცირებას, რაც ემსახურებოდა მზღვეველისაგან სარგებლის უსაფუძვლოდ მიღებას.

 

5.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონის დარღვევით მიღების მიჩნევის წინაპირობას.

 

სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილი). ამასთან, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 827-ე მუხლი, რომლის თანახმად დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. დაზღვევის პირობები ავტონომიურობის პრინციპის გათვალისწინებით შეთანხმებულ იქნა მხარეთა მიერ. სასამართლოს მიერ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე არ იქნა გათვალისწინებული დამზღვევის მიერ დაზღვევის ხელშეკრულების დადებისას განცხადებული განსხვავებული მონაცემი ავტო-სატრანსპორტო საშუალების ღირებულებასთან დაკავშირებით და შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო თანხა ნაკლებია სადაზღვევო ღირებულებაზე სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის, მაშინ მზღვეველი აანაზღაურებს ზიანს სადაზღვევო თანხისა და სადაზღვევო ღირებულების შეფარდების შესაბამისად.

 

შეგებებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

 

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21.11.2017წ. გადაწყვეტილება შეგებებული სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს სახით 2015 წლის 27 ოქტომბრიდან 2016 წლის 15 მარტამდე 4137 ლარის დაკისრება, ხოლო 2016 წლის 17 მარტიდან დარჩენილი დავალიანების 5136 ლარის 0.2%-ის დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანის მომენტისათვის შეადგენს 7928.44 ლარს.

 

6.1. მოპასუხე სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების შესახებ 1----- ბარათში მოცემული პირობების შესაბამისად ვალდებული იყო დაზღვეულისთვის თანხა ჩაერიცხა სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან და მისთვის შესაბამისი დოკუმენტების გადაცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ მოპასუხეს დოკუმენტაცია მიაწოდა 12 ოქტომბერს და ამდენად, თანხა უნდა ჩარიცხულიყო 2015 წლის 27 ოქტომბერს.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ხელშეკრულების 5----- პუნქტით, რომელიც განსაზღვრავს 1----- ბარათით გათვალისწინებული რეგულაციისგან განსხვავებულ წესს და მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ აღნიშნული პუნქტი იძლეოდა ს----------------------ის მხრიდან ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი თარიღის დადგომაზე ზემოქმედების შესაძლებლობას.

 

სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 345-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ტექსტი ბუნდოვანია, მაშინ იგი განიმარტება მეორე მხარის სასარგებლოდ. განსახილველ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვადა ბუნდოვანია და შესაბამისად, გამოყენებული უნდა იქნეს საინფორმაციო ბარათით დადგენილი პროცედურა.

 

6.2. სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი. ს----------------------ისთვის პირგასამტეხლოს სახით 2016 წლის 17 მარტიდან შეუსრულებელი ვალდებულების - 5136 ლარის 0.2% ის დაკისრება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი შემცირების საფუძველი.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

8. სპს „ს---------------------------------, ჟ-------ს“ (შემდგომში „მოსარჩელე“) საკუთრებაში არსებული ავტომანქანა H---- C----, სანომრე ნიშნით H---9--, საიდენტიფიკაციო ნომრით S----------------, დაზღვეულ იქნა სს ,,ს----------------------ა ჯ------------–-----ში“ (შემდგომში „მოპასუხე“) და გაიცა სადაზღვევო პოლისი №-------/15. სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრა 03.06.2015წ.-დან 02.06.2016წ.-მდე (ტ.1, ს.ფ.22). პოლისი და თანდართული ავტომობილის დაზღვევის პირობები წარმოადგენს ერთიან სადაზღვევო ხელშეკრულებას (ტ.1, ს.ფ. 22-32).

 

9. მხარეთა შორის სადავო არ არის და საქმის მასალებითაც დასტურდება, რომ 06.10.2015წ., ანუ სადაზღვევო პერიოდში დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი და მოპასუხე ს----------------------აში დაზღვეული ავტომანქანა (ტ.1, ს.ფ.35).

 

10. მოპასუხის კონტრაქტორი კ-------ა შპს ,,ა--------------იზის“ 13.10.2015წ. ხარჯთაღრიცხვის მიღების შემდგომ მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა, რომ სამუშაოების და დეტალების ღირებულება აღმატებოდა ავტომობილის ღირებულების - 9000 შშ დოლარის - 70%-ს და შესთავაზა დაზღვეულს ავტომობილის ღირებულების ანაზღაურება ფრანშიზის გამოკლებით ავტომანქანის ს----------------------ისათვის გადაცემის პირობით (ე.წ.“სრული განადგურება“ ) (ტ.1, ს.ფ.4, 36, 103).

 

რადგან: ა) საქმეში წარმოდგენილი ორი მტკიცებულებით: როგორც მოსარჩელის მიმართვის საფუძველზე, ისე თავად მოპასუხის მიმართვის საფუძველზე ჩატარებული საექსპერტო კვლევებით სადავო ავტომობილის ღირებულება დაზიანებამდე განსაზღვრულია ერთი და იგივე თანხით - 25 000 ლარით, რაც იმ პერიოდში შეადგენდა 10 000 აშშ დოლარს (ტ.1, ს.ფ.41-46; ტ.1, ს.ფ.47-54) და ბ) მოპასუხემ მოსარჩელეს ნებაყოფლობით გადაუხადა გარკვეული თანხა (მისი დაანგარიშებით სათანადო ოდენობა) მანქანის მისთვის მფლობელობაში გადაცემის მოთხოვნის გარეშე, ამ ეტაპზე აღარ არის რელევანტური საკითხი - არსებობდა თუ არა ე.წ. „სრული განადგურება“ და მანქანის 70 %-ის გადახდის საფუძველი ფრანშიზას გამოკლებით.

 

11. მოსარჩელე არ დაეთანხმა მოპასუხის მიერ ზიანის ანაზღაურების ანგარიშში გადახდილი თანხის ოდენობას და მიაჩნია, რომ არსებობს დამატებით 5136 ლარის დაკისრების საფუძველი (იხ.: განხილული მოთხოვნა: ტ.1, ს.ფ.225). ამდენად, უნდა დადგინდეს ზიანის ოდენობა.

 

მოსარჩელის განმარტებით, მისთვის მოპასუხის მიერ გადაცემულ ხარჯთაღრიცხვაში გარკვეული მონაცემები იყო „დაშტრიხული“, რომელშიც არ ჩანდა არც დეტალების ღირებულება და არც სრული თანხა (იხ.: სარჩელი, ტ.1, ს.ფ.4, ხარჯთაღრიცხვა, ტ.1, ს.ფ.36; მოსარჩელის წერილი მოპასუხეს, სადაც ამ ფაქტზე პრეტენზიას აცხადებს, ტ.1, ს.ფ.68). ხარჯთაღრიცხვის დაშტრიხული სახით გადაცემის ფაქტი მოპასუხეს შესაგებლით სადავოდ არ გაუხდია (იხ.: შედავება მე-5 ფაქტობრივ გარემოებაზე).

 

რადგან მოსარჩელეს არ ჰქონდა მიწოდებული მანქანის ცალკეული ნაწილების ღირებულება, მოსარჩელემ დამოუკიდებლად მიმართა შ----------------ს ავტომობილის დაზიანებული დეტალების ფასების განსაზღვრის მიზნით (იხ.: მოსარჩელის განმარტებები 22.02.2016წ. წერილში, ტ.1, ს.ფ.68). შ----------------ის ინვოისით ავტომობილის ნაწილების ღირებულება დღგ-ს ჩათვლით განისაზღვრა 16 361.00 ლარით (ტ.1, ს.ფ.5, 40). დაზღვეულმა შესთავაზა მოპასუხეს ნაწილების ღირებულების ანაზღაურების პირობა დღგ-ს (18%) გამოკლებით, რადგან თავად წარმოადგენდა დღგ-ს გადამხდელს და ის ბიუჯეტიდან ჩაითვლიდა თანხას (ტ.1, ს.ფ.5).

 

12. მოპასუხემ, თავის მხრივ, მიმართა სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“, რომლის 2---------წ. დასკვნის თანახმად: ავტომობილისთვის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობად შ----------------ის პროფორმა ინვოისის ფასების, საბაზრო ფასების, გაუთვალისწინებელი ხარჯებისა და ცვეთის კოეფიციენტის გათვალისწინებით საორიენტაციოდ განსაზღვრულია 11 669 ლარი, საიდანაც დეტალების ღირებულებად მითითებულია 9802 ლარი, დანარჩენი კი წარმოადგენს აღდგენისათვის საჭირო შესასრულებელი სამუშაოს ღირებულებას (ტ.1, ს.ფ. 47-54). ნიშანდობლივია, რომ ახალი დეტალების ღირებულება შემდგომ განახევრებულია ცვეთის გათვალისწინებით.

 

ანუ მოპასუხის მიმართვის საფუძველზე ჩატარებული კვლევის დროს საექსპერტო დაწესებულება დაეყრდნო მოსარჩელის მოთხოვნით შ----------------ის პროფორმა ინვოისის ფასებს, უბრალოდ, იმის გათვალისწინებით, რომ მანქანა არ იყო ახალი, ეს ფასები გაანახევრა (50%), რასაც დაუმატა აღდგენისათვის საჭირო შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება.

 

ავტონაწილების ფასების განახევრებას, თავის მხრივ, არ დაეთანხმა მოსარჩელე და აღნიშნული დაასაბუთა იმით, რომ საქართველოში შეუძლებელი იყო შესაბამისი მეორადი ავტონაწილების შეძენა და ზიანის ამ სახით ანაზღაურება (ტ.1, ს.ფ.69,70).

 

13. ფაქტს მასზედ, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ მხარეთა შორის პერმანენტულად მიმდინარეობდა მიმოწერა, მაგრამ ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით კონსენსუსი არ იქნა მიღწეული, დასტურდება საქმის მასალებით (ტ.1, ს.ფ.37-39; 55-67).

 

მოპასუხე მხოლოდ 11.03.2016წ. დათანხმდა მოსარჩელეს ანაზღაურების (მოპასუხის დაანგარიშებით) გადახდაზე ისე, რომ მოსარჩელეს უარი არ ეთქვა მის დანარჩენ მოთხოვნაზე (ტ.1, ს.ფ.61-64).

 

მოპასუხემ 15.03.2016წ. მოსარჩელეს სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მიზნით გადაურიცხა მხოლოდ 9 832.89 ლარი (ტ.1, ს.ფ.73).

 

14. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, პალატას მიაჩნია, რომ დავის გადაწყვეტისას აუცილებელია დადგინდეს: ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს შ----------------ის პროფორმა ინვოისში მითითებული ფასით თუ ცვეთის კოეფიციენტის გათვალისწინებით ამ ფასის შემცირებით.

 

მოსარჩელის პოზიცია ფასის შემცირებაზე პრეტენზიის სახით დამყარებულია მასზედ, რომ დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშულების მეორადი ნაწილები არ იყო ხელმისაწვდომი.

 

შესაბამისად, უნდა გაირკვეს, რეგულირებულია თუ არა მსგავსი სიტუაცია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. საავტომობილო დაზღვევის პირობების 2.5.3 პუნქტის თანახმად, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, ს----------------------ის ვალდებულებაა გადაიხადოს ზარალის ადეკვატური თანხა. 5.7.9 პუნქტით, რომელიც შეეხება სარემონტო ხარჯების კალკულაციას, ს----------------------ის მიერ ასანაზღაურებელი სარემონტო, აღდგენის, შეცვლის ხარჯები დგინდება ზარალის მომენტისათვის არსებული საშუალო საბაზრო ფასებიდან გამომდინარე, მხარესთან შეთანხმებით. ამავე პირობების 5.7.11 პუნქტით განსაზღვრულია, რომ თუ ავტომობილის ასაკი აღემატება სამ წელს და სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ნაწილები არ ექვემდებარება აღდგენას, ს----------------------ა აანაზღაურებს აღნიშნული ნაწილების მეორადი ნაწილებით ჩანაცვლების ღირებულებას.

 

ამდენად, საავტომობილო დაზღვევის პირობები არ შეიცავს იმ შემთხვევის რეგულაციას, როდესაც დაზიანებული ავტომობილი 3 წელზე მეტი ხნისაა და არ არსებობს მისი მეორადი ნაწილებით ჩანაცვლების შესაძლებლობა. პალატას მიაჩნია, რომ დაზღვევის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობები განმარტებული უნდა იქნეს დამზღვევის ინტერესებში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით განმტკიცებული სამართლიანობის პრინციპის საფუძველზე. კერძოდ, თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. გონივრული განსჯისა და კეთილსინდისიერად ქცევის სტანდარტის გათვალისწინებით უნდა შეფასდეს ასევე ის გარემოებაც, რომ ს----------------------ის მიერ შეთავაზებული პირობა არ იწვევს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის და ავტომობილის ექსპლუატაციისთვის საჭირო მდგომარეობამდე მიყვანის შესაძლებლობას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. 408-ე მუხლში მითითებული ზიანის ანაზღაურების წესი ისე არ უნდა იქნეს განმარტებული, თითქოს უნდა აღდგეს ზუსტად ის მდგომარეობა, რაც ზიანის დადგომამდე იარსებებდა. მოცემულ შემთხვევაში პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა გამოიხატებოდა იმაში, რომ დაზიანებული ავტომანქანა შეკეთდებოდა ექსპლოატაციისათვის საჭირო მდგომარეობამდე (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20.10.2014წ. განჩინება საქმეზე #ას-698-668-2014).

 

15. ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის უნდა დადგინდეს დაზღვეული ავტომანქანის მეორადი ნაწილების ხელმისაწვდომობა/მიუწვდომლობის ფაქტი.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემულ მსჯელობას მასზედ, რომ ბაზარზე კონკრეტული ავტომობილის მეორადი დეტალების წარმოუდგენლობა მოცემული დავის გადაწყვეტის მიზნებისათვის უნდა განიმარტოს, ადგილობრივ ავტო-ბაზარზე მომხმარებლის მიერ კონკრეტული ავტონაწილების თავისუფლად მოძიების შეუძლებლობა და იგი არ უნდა იყოს დაკავშირებული მათი მოძიების ზედმეტ ძალისხმევასთან.

 

მოსარჩელის განმარტებით, დაზიანებული ავტომანქანის მეორადი ნაწილები ბაზარზე არ არის ხელმისაწვდომი. ამდენად, ავტომობილის აღდგენა და შესაბამისად, ზიანის ოდენობის დაანგარიშება უნდა განხორციელდეს ახალი ნაწილების ღირებულების შესაბამისად. მოპასუხემ ამის საწინააღმდეგოდ წარმოადგინა ფაქტების კონსტატაციის შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ოქმი (ტ.1, ს.ფ.140-161) და შპს“ა-------------–----------“ წერილი (ტ.1, ს.ფ.162). როგორც კონსტატაციის მასალებიდან იკვეთება, საუბარია საზღვარგარეთ ნაწილების შეძენაზე (ფასები მოცემულია ფუნტ სტერლინგებში). სააპელაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემულ მსჯელობას ინფორმაციის არასრულობაზე, რაც ვერ უზრუნველყოფს მოპასუხის სასარგებლო იმ გარემოების უტყურად დადასტურებას, რომ მითითებულ ბმულებზე განთავსებული ინფორმაციის საფუძველზე შესაძლებელი იყო ავტომობილის ყველა დაზიანებული დეტალის შეძენა და მათი ტრანსპორტირება საქართველოში. რაც შეეხება შპს „ა-------------–----------“ წერილს, მასში საუბარია მხოლოდ შესაბამისი შეკვეთის პირობებში კ-------ის მზადყოფნაზე უზრუნველყოს გამოსაყენებლად ვარგისი ნაწილების მოძიება და მიწოდება და არა მოძიების ხერხებზე და შედეგებზე. პალატას მიაჩნია, რომ ეს მტკიცებულებები არ ამყარებს მოპასუხის პოზიციას დაზღვეული ავტომანქანის მეორადი დეტალების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით.

 

პალატა ამახვილებს ყურადღებას შემდეგზე:

- მოპასუხის დაკვეთით განხორციელებულ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში შენიშვნის სახით ექსპერტის მიერ მითითითებულია, რომ ვინაიდან ავტომობილის H---- C----, სანომრე ნიშნით H---9--, მეორადი დეტალები არ არის წარმოდგენილი ბაზარზე, შეფასებისას გათვალისწინებულ იქნა შ----------------ის პროფორმა ინვოისის ფასები (ტ.1, ს.ფ. 50).

ანუ სწორედ მეორადი ნაწილების მოუძიებლობამ განაპირობა ის, რომ საექსპერტო დაწესებულება, რომელიც კვლევას აწარმოებდა მოპასუხის დაკვეთით, დაეყრდნო მოსარჩელის მიერ წარდგენილ ინვოისს;

 

- ასევე, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ თავად მოპასუხის მიმართვის საფუძველზე მოპასუხის კონტრაქტორის 13.10.2015წ. ხარჯთაღრიცხვაში (რომელშიც ციფრები იყო დაშტრიხული) ფასების გამოთვლა მოხდა პირველადი ნაწილების მიხედვით (მოცემულია გრაფები ნაწილების რაოდენობის, პირველადი და მეორადი ნაწილების მიხედვით. მონიშნულია მხოლოდ პირველადი ნაწილების გრაფები).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას მასზედ, რომ დაზღვეული ავტომანქანის მეორადი ნაწილები ბაზარზე ხელმისაწვდომი არ არის.

 

16. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტაცია დაზღვეული ავტომობილის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობის განისაზღვრისას. კერძოდ, ავტომობილის ნაწილების ფასს 16 361 ლარს (იხ.: შ----------------ის შეფასებები ტ.1, ს.ფ.40) უნდა გამოაკლდეს დღგ-ს თანხა, ნაშთს კი უნდა დაემატოს 1311 ლარი აღდგენისათვის საჭირო შესასრულებელი სამუშაოს ღირებულების სახით (იხ.: ექსპერტიზის დასკვნა, ტ.1, ს.ფ.47-54) და გამოაკლდეს ფრანშიზა (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.1.ს.ფ.232). პალატა ამახვილებს ყურადღებას მასზედ, რომ აპელანტი სადავოდ ხდის არა თავად დაანგარიშებას, არამედ პრინციპს - დაანგარიშების დროს ახალი (პირველადი) ნაწილების ღირებულების გამოყენების შესახებ. შესაბამისად, ასანაზღურებელ თანხას სასამართლომ გამოაკლო მოპასუხის მიერ უკვე გადახდილი თანხა და დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა სხვაობის დაკისრების შესახებ.

 

17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 820-ე მუხლით, ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით. ამავე კოდექსის 814-ე მუხლის მე-4 ნაწილით, მზღვეველმა თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს სადაზღვევო შემთხვევის დადგენისა და საზღაურის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა: მხარეთა შორის დაზღვევის ხელშეკრულება; დამზღვევის მიერ სადაზღვევო შენატანების გადახდა; სადაზღვევო შემთხვევის დადგომა.

 

ამდენად, საფუძვლიანია სარჩელი სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა და სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანის სრულად ანაზღაურების მიზნით მოპასუხეს დაეკისრა 5 136 ლარის ანაზღაურება.

 

18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ: ი-----–-----------ე, სახელშეკრულებო სამართალი /ზ---------–-----–---–ი, გ--------–---–---ე, ი-----–-----------ე, გ--------------ე, ლ-–--–---–---ე, ლ----------–-ა/ გამომცემლობა „მ---------ი“, 2014წ., გვ. 590).

 

პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ერთ-ერთ ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.04.2016წ. განჩინება საქმეზე Nას-1053-993-2015; ასევე სუსგ 06.05.2015წ. საქმე #ას-1158-1104-2014). პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის ხელშეკრულების დარღვევის ფაქტის მითითება საკმარისია (იხ.:საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.04.2016წ. განჩინება საქმეზე Nას- 1053-993-2015; ასევე სუსგ 06.05.2015წ. საქმე #ას-1158-1104-2014).

 

განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

 

მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს პირგასამეტეხლოს დაკისრებასთან დაკავშირებით რაიმე ცალკე საფუძვლით შედავებას. ანუ მოპასუხეს მიაჩნია, რომ ვალდებულება არ დარღვეულა და არ არსებობდა 1536 ლარის დაკისრების წინაპირობა, რაც თავისთავად გამორიცხავდა აქცესორული მოთხოვნის დაკმაყოფილებასაც. აპელანტის პოზიცია სააპელაციო სასამართლოს მხრიდან გაზიარებული არ იქნა.

 

შესაბამისად, ამ ნაწილში პალატა აფასებს მოსარჩელის შეგებებული სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობას, რითიც სადავოდ არის გამხდარი ამ მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებაზე უარი.

 

შეგებებული სააპელაციო საჩივრით მოსარჩელის მიერ სადავოდ არის გამხდარი პირგსამტეხლოს დაკისრების თარიღი.

 

საავტომობილო დაზღვევის პირობების 5-----. პუნქტის თანახმად, ს----------------------ის ვალდებულებაა გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება ზარალის დარეგულირებასთან დაკავშირებული დოკუმენტების მიღებიდან და ზარალის ოდენობაზე შეთანხმებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. ამავე პირობების 5.10.5 პუნქტით, ს----------------------ის მიერ სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, გათვალისწინებულია პირგასამტეხლო დავალიანებული თანხის 0.20%-ის ოდენობით თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის. პირგასამტეხლოს დარიცხვა/ათვლა დაიწყება წერილობით შეტყობინებაში მითითებული თარიღიდან. ამასთანავე, პირგასამტეხლო გადაიხდევინება დამატებით სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის ვალდებულების მიუხედავად, რომლის გადახდაც ს----------------------ას არ ათავისუფლებს ნაკისრი ძირითადი ფულადი ვალდებულების შესრულებისაგან.

 

ამდენად, დგინდება, რომ მხარეთა შეთანხმებით ს----------------------ის ვალდებულება სადაზღვევო ანაზღაურების გაცემასთან დაკავშირებით წარმოიშობოდა ზარალის დარეგულირებასთან დაკავშირებული დოკუმენტების მიღებიდან და ზარალის ოდენობაზე შეთანხმებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში.

 

საქმის მასალებით დგინდება და მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდგომ მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის მიმდინარეობდა ზარალის ოდენობაზე შეთანხმების პროცესი, რომელიც როგორც მხარეთა მიმოწერის ამსახველი წერილობითი დოკუმენტაციითა დასტურდება, გაგრძელდა 2016 წლის 11 მარტამდე (ტ.1, ს.ფ. 64, 72). ხოლო 2016 წლის 15 მარტს ( ანუ დარეგულირების აქტის მხარეთა მიერ ხელმოწერიდან 5 დღის ვადაში) ს----------------------ამ დაზღვეულს აუნაზღაურა 9832.89 ლარი (ტ.1, ს.ფ. 73). შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს 2015 წლის 27 ოქტომბრიდან დაკისრების თაობაზე იყო უსაფუძვლო და ამ ნაწილში სარჩელს მართებულად უთხრა უარი.

 

19. მოსარჩელე ასევე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს შემცირებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად თანხასთან მიმართებაში. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 0,20% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეამცირა 0.05%-მდე და მოპასუხეს დაეკისრა 5136 ლარის 0,05%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვალდებულების დარღვევიდან - 2016 წლის 17 მარტიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ შეუსრულებელი ვალდებულების ოდენობის და ვადის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს ოდენობა შეამცირა და განსაზღვრა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრულ ოდენობით. არ არსებობს პირგასამტეხლოს შემცირების ან/და გაზრდის საფუძველი.

 

20. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში და შეგებებულ სააპელაციო საჩვარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

21. როგორც სააპელაციო საჩივარზე, ისე შეგებებულ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (ტ.1, ს.ფ.252; ტ.2, ს.ფ. 35).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სს "ს-------------------------------------------ს” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. სპს „ს---------------------------------, ჟ-------ს“ შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

3. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21.11.2017წ. გადაწყვეტილება.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

 

მოსამართლეები: ქეთევან მესხიშვილი

 

თამარ ალანია