განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.11.2018
საქმის ნომერი
110310017002213941
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
15.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 110310017002213941

საქმე N3/ბ-351-18წ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

15 ნოემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე გოჩა აბუსერიძე

 

სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) – სს ,,თ----- ბ----’’

წარმომადგენელი – კ------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები)

1. ზ------------ მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი – მ------------–-

 

2. თ-------------

წარმომადგენელი – ე----------–-----

 

მესამე პირი – მ--------–-----

 

დავის საგანი – ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ზ------------ რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

2.1. 2017 წლის 13 დეკემბერს სს ,,თ----- ბ----ს’’ წარმომადგენელმა კ------------ემ სარჩელით მიმართა ზ------------ რაიონულ სასამართლოს ქ.ზ------------ მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა ბითილად ყოფილიყო ცნობილი: ზ------------ მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 31 მარტის N4------ და 2017 წლის 10 ნოემბრის N4------ წერილები, ასევე ზ------------ მუნიციპალიტეტის მერიის უარი სს “თ----- ბ----ს“ 2017 წლის 17 ნოემბრის N3-------- წერილის განხილვაზე. ამავე სარჩელით მოითხოვა ზ------------ მუნიციპალიტეტის მერიის დავალდებულება სადავო საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და საქმის გარემოებების გაანალიზების საფუძველზე გამოეცა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თ------------ისათვის მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ.3----------3) ლითონის კონსტრუქციის (ჯიხური) განსათავსებლად თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ;

 

მოსარჩელის აღნიშვნით, 2012 წლის 02 ივლისიდან სს „ბ---- კ----------ას“ ზ------------ ფილიალი იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე განთავსებული იყო ქ.ზესტაფონში, დ.აღ--–-----–-- ქუჩის N27-ში მდებარე კომერციულ ფართში. სს „თ----- ბ----“, როგორც სს „ბ---- კ----------ას“ უფლებამონაცვლე, დღემდე აგრძელებს აღნიშნულ ფართში საბ---ო საქმიანობას. სერვისცენტრის მომიჯნავე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 6 კვ.მ. ფართის მქონე, წარმოადგენს თ------------ის საკუთრებას. რამდენიმე თვის წინ თ-------------მ მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე განათავსა რკინის კონსტრუქციის დროებითი შენობა-ნაგებობა, რაც აზიანებს სს „თ----- ბ----ს“ სერვისცენტრის იერსახეს, ვინაიდან თითქმის მთლიანად ფარავს ბ----ს ოფისის ერთ-ერთ ცენტრალურ ფანჯარას და სარეკლამო ბანერს, ასევე აბნელებს ფოიეს, რითაც აუარესებს ბ----ს თანამშრომელთა სამუშაო პირობებს და ბ----ს კლიენტთათვის ქმნის არაკომფორტულ გარემოს. მოსარჩელისათვის ზ------------ მერიიდან გახდა ცნობილი, რომ მოპასუხის თანხმობით განათავსა თ-------------მ რკინის კონსტრუქცია. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუსწავლია შეესაბამებოდა თუ არა ქალაქმშენებლობით სივრცითი მოწყობის მიზნებს თ------------ის მიერ რკინის ჯიხურის განთავსება მოსარჩელის ვიტრინასთან.

 

მოპასუხის - ქალაქ ზ------------ მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მისი უარყოფა მოითხოვა. სასარჩელო მოთხოვნა ასევე არ ცნო მოპასუხე თ-------------მ.

 

მესამე პირის - მ--------–---ძის წარმომადგენელი რ------------–აძე დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ზ------------ რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით სს ,,თ----- ბ----ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლოს მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1.1. 2012 წლის 02 ივლისიდან სს „ბ---- კ----------ას“ ზ------------ ფილიალი იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე განთავსებული იყო ქ. ზესტაფონში, დ. აღ--–-----–-- ქუჩის N27-ში მდებარე მ-----–--------ის უძრავ ქონებაში ს.კ. 32----------------8;

 

2.1.2. ქ. ზესტაფონში, დ. აღ--–-----–-- ქუჩის N27-ში მდებარე მ-----–--------ის უძრავი ქონება ს/კ. 32----------------8 2016 წლის 15 აგვისტოს გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მიეყიდა მის ამჟამინდელ მესაკუთრეს მ--------–-----ს. იჯარის უფლება არ შეწყვეტილა და მითითებულ ფართში დღეის მდგომარეობით განთავსებულია სს „თ----- ბ----“, რომელსაც მეიჯარესთან დადებული აქვს იჯარის ხელშეკრულება 2018 წლის 02 ივლისის ჩათვლით;

 

2.1.3. ქ. ზესტაფონში, დ.აღ--–-----–-- ქუჩის N27-ში მდებარე სს „თ----- ბ----ს“ მომიჯნავედ განთავსებულია თ------------ის 6 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს.კ. 3----------3;

 

2.1.4. ქ. ზესტაფონში, დ.აღ--–-----–-- ქუჩის N27-ში მდებარე სს „თ----- ბ----ს“ მომიჯნავედ არსებულ მიწის ნაკვეთზე ს/კ. 3----------3 თ-------------მ ზ------------ მუნიციპალიტეტის გამგეობის თანხმობის საფუძველზე განათავსა რკინის კონსტრუქცია;

 

2.1.5. ზ------------ მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 10 ნოემბრის N4------ წერილით სს „თ----- ბ---ს“ ეცნობა, რომ თ-------------მ მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ჯიხური განათავსა ზ------------ მუნიციპალიტეტის თანხმობით.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1. სასამართლოს განმარტებით, გასაჩივრებული ზ------------ მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 31 მარტის N4------ წერილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

რაც შეეხება გასაჩივრებული ზ------------ მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 10 ნოემბრის N4------ წერილს, სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ. შესაბამისად, იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას. სასამართლომ მიუთითა, რომ ინდივიდუალური ადმინისტარციულ-სამართლებრივია აქტი, თუ ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართულია პირის ან პირთა შეზღუდული წრისკენ. ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება კი მაშინ შეიძლება მივიჩნიოთ ინდივიდუალურ ადმინისტარციულ-სამართლებრივ აქტად, როდესაც ეს ქმედება ცალმხრივად მკაცრად განსახილველი სამართლებრივი შედეგისაკენ (ე.ი. ქმედების შედეგი - მოწესრიგება) არის მიმართული. ინდივიდუალური ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტის ცნების ეს ელემენტი აღწერს მის ბუნებას, როგორც ღონისძიებას, რომელიც მიმართულია ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისაკენ, ე.ი. აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას. სამართლებრივი მოწესრიგების არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ ინდივიდუალური ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით განხორციელებული ღონისძიება, ადმინისტრაციული ორგანოს ნების შესაბამისად, იქითკენ არის მიმართული, რომ ცალმხრივად და შესასრულებლად სავალდებულო ძალის უშუალო სამართლებრივი შედეგი წარმოშვას. მოწესრიგება, როგორც ინდივიდუალური ადმინისტარციულ - სამართლებრივი აქტის ცნების ელემენტი არ გვაქვს, როდესაც საჯარო სამართლებრივი ღონისძიება პირდაპირ სამართლებრივ შედეგს არ იწვევს, ე.ი. როდესაც საჯარო დაწესებულების მხრიდან მხოლოდ ინფორმაციის, დარიგების ან ახსნა-განმარტების მოწოდებასთან ან ფაქტობრივ გარემოებათა დადგენის მიზნით განხორციელებულ მოქმედებასთან გვაქვს საქმე.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დაასკვნა, რომ ზ------------ მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 10 ნოემბრის N4------ წერილი, მისი შინაარსიდან გამომდინარე, იყო ინფორმაციული ხასიათის, არ წარმოშობდა ცალმხრივად და შესასრულებლად სავალდებულო ძალის მქონე უშუალო სამართლებრივ შედეგს, შესაბამისად მოთხოვნა მისი ბათილობის შესახებ იყო დაუსაბუთებელი.

 

2.2.2. სასამართლოს მსჯელობით, ზ------------ მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 31 მარტის N4------ წერილის შინაარსიდან გამომდინარე, მისი კანონიერების საკითხის გადაწყვეტისათვის უნდა დადგინდეს, გააჩნდა თუ არა ზ------------ მუნიციპალიტეტის გამგეობას ქ. ზესტაფონში, დ. აღ--–-----–-- ქუჩის N27-ში მდებარე სს „თ----- ბ----ს“ მომიჯნავედ განთავსებულ №3----------3 საკადასტრო კოდით დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე რკინის ჯიხურის განთავსების დასტურის გაცემის საფუძველი.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 30-ე მუხლის თანახმად ადგილობრივ დონეზე მშენებლობის ნებართვის რეგულირებას ახორციელებენ შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.

 

შესაბამისად, რაიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე არქიტექტურულ-ქალაქმშენებლობითი პროცესების მართვას, დადგენილი წესით სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენას, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებას და მშენებლობის ნებართვის გაცემას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს ზ------------ მუნიციპალიტეტის მერია.

 

საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება არეგულირებს. მითითებული დადგენილების ნორმების თანახმად, პირველ კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. პირველი კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/ დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. საზოგადოებრივ ადგილებში გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი 3 მ-მდე სიმაღლისა და 6 მ2-მდე ფართობის მქონე დროებითი შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარების მშენებლობა/მონტაჟის შემთხვევაში უნდა დაერთოს განცხადებას: ა) გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი დროებითი შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარის განთავსების ადგილის ტოპოგრაფიული რუკა განთავსების ადგილის ჩვენებით; ბ) შენობა-ნაგებობის ესკიზური ნახაზი. მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას. თუ ხუთი დღის ვადაში მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო განმცხადებელს პასუხს არ აცნობებს, მესაკუთრე ან/და მოსარგებლე უფლებამოსილია დაიწყოს მშენებლობა. ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა (საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-6, მე-7, მე-8 და მე-10 პუნქტები).

 

საქმის მასალებით, თ-------------მ განცხადებით აცნობა ზ------------ მუნიციპალიტეტის გამგეობას ქ.ზესტაფონში, დ. აღ--–-----–-- ქუჩის N27-ში მდებარე სს „თ----- ბ----ს“ მომიჯნავედ განთავსებულ მიწის ნაკვეთზე რკინის კონსტრუქციის ჯიხურის განთავსების განზრახვის შესახებ. ზ------------ მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 31 მარტის N4------ წერილით თ-------------ს ეცნობა, რომ ზ------------ მუნიციპალიტეტის გამგეობა არ იყო წინააღმდეგი და შესაძლებლად მიიჩნევდა, მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ჯიხურის განთავსებას, წარმოდგენილი ესკიზის შესაბამისად.

 

სასამართლოს პოზიციით, მითითებული ნორმების საფუძველზე ზ------------ მუნიციპალიტეტის გამგეობა უფლებამოსილი იყო დაეკმაყოფილებინა თ------------ის მოთხოვნა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე რკინის კონსტრუქციის ჯიხურის განთავსების შესახებ.

2.2.3. რაიონული სასამართლოს განმარტებით, გასაჩივრებული აქტები წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და მათ მიმართ დაინტრესებულ პირს გააჩნია კანონიერი ნდობა - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის ქმედებები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ, ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს, ან ინტერესებს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.

ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ კანონმდებელი გარკვეულწილად უფრთხილდება აღმჭურველი აქტის ადრესატის უფლებრივ მდგომარეობას და პრიორიტეტს ანიჭებს მისი სამართლებრივი ინტერესების დაცვას, რამდენადაც ამგვარი აქტის საფუძველზე განხორციელებული იურიდიული მნიშვნელობის ქმედების ფაქტის არსებობის ხაზგასმა, გულისხმობს სწორედ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპის – კანონიერი ნდობის უფლების პატივისცემას. ამასთან, მხარეს გააჩნია კანონიერი ნდობა ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების მიმართ. აღნიშნული პრინციპის დაუცველობა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სამართლებრივი სახელმწიფოს, დემოკრატიული წეს-წყობილების არსებობას. სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნა შესაძლებელია მხოლოდ საჯარო მმართველობის კანონიერების, კანონის წინაშე თანასწორობის, პირის კანონიერი ნდობის უფლებისა და მიუკერძოებლობის პრინციპების საფუძველზე განხორციელების გზით.

საჯარო მმართველობის მიზნიდან გამომდინარე, მოქმედი კანონმდებლობით დაინტერესებული პირი აღჭურვილია კანონიერი ნდობის უფლების პრინციპით, რაც ნიშნავს, რომ მას გააჩნია კანონიერი მოლოდინი ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულების - მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა კანონიერების სტანდარტთან შესაბამისობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოფა დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა მაშინ, როცა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია (სუსგ№ბს-238-235(კ-14)20.10.2014).

სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული სამართლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი -კანონიერი ნდობის ინსტიტუტის გამოყენების შესაძლებლობას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი უშვებს კანონიერი და უკანონო აქტების და მათ საფუძველზე განხორციელებული ღონისძიებების მიმართ, შესაბამისი სავალდებულო წინაპირობების არსებობის შემთხვევაში; კანონიერი ნდობის ინსტიტუტის არსებობა პირდაპირ კავშირშია სამართლებრივ შედეგთან, სწორედ სამართლებრივი შედეგის სტაბილურობის შენარჩუნების მიზანს ემსახურება კანონიერი ნდობის დაცვა.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილი კრძალავს კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას, როცა დადგენილია დაინტერესებული მხარის, იგულისხმება აქტის ადრესატი, კანონიერი ნდობის უფლება, საგამონაკლისო დათქმით, თუ ამგვარი აქტი არსებითად არღვევს მესამე პირის (სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის) კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. კანონიერი ნდობის უფლებით აქტის ადრესატი დაცულია იმ ვითარებაში, როცა მისი ნდობის უფლება კონფლიქტშია მხოლოდ კანონიერების პრინციპთან, მაგრამ თუ ამავდროულად უკანონო აქტი მესამე პირის კანონიერი ნდობის უფლებას არსებითად არღვევს, შეუძლებელია პრიორიტეტულად იქნეს განხილული აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლება სხვა, მესამე პირთა კანონიერი ნდობის უფლების იგნორირების ხარჯზე. ნორმის ამგვარი განმარტება წინააღმდეგობაში მოდის როგორც საჯარო მმართველობის კანონიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებით, ისე სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების ვალდებულებასთან.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო საწინააღმდეგო არგუმენტაციისა და იმ სამართლებრივი ნორმის მითითება, რომლის საფუძველზეც დადასტურდებოდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონსაწინააღმდეგო ხასიათი. გარდა ამისა, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა, რომ სადავო აქტით არსებითად დაირღვა და რეალური ზიანი მიადგა მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს. ზემოთ მოხმობილი მსჯელობიდან გამომდინარე, დასახელებულ მატერიალური სამართლისა და პროცედურულ ნორმებზე დაყრდნობით, სასამართლომ სარჩელი უსაფუძვლობის მოტივით არ დააკმაყოფილა.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ზ------------ რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს ,,თ----- ბ----ს“ წარმომადგენელმა კ------------ემ, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი დასაბუთებით:

 

3.1.1. აპელანტის განმარტებით, გადაწყვეტილებაში არ იქნა ნახსენები უფლება ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს გაეცა თანხმობა უშუალოდ მოსარჩელის ვიტრინასთან ჯიხურის განთავსებაზე, ისე რომ არ შეესწავლა საკითხი - შეესაბამებოდა თუ არა აღნიშნული თანხმობა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის №1-1/1254 ბრძანების მოთხოვნებს (აღნიშნული ბრძანება არის ძირითადი საკანონმდებლო აქტი დასახლებათა განაშენიანების რეგულირების საკითხების მოსაწესრიგებლად);

 

3.1.2. აპელანტის მსჯელობით, სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილება, რომელიც არის ზოგადი ხასიათის და არ გამოიყენა ,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 08 ივლისის №1-1/1254 ბრძანება, რომელიც არის უფრო კონკრეტული და პირდაპირაა მასში გადმოცემული, თუ რა მოთხოვნები უნდა იქნეს დაცული მიწის ნაკვეთ(ებ)ზე შენობათა განთავსებისას, რადგან აღნიშნული ბრძანება შედგენილია „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოადგენს რა ქალაქთმშენებლობითი რეგულირების სისტემის ნაწილს, არეგულირებს ტერიტორიებისათვის ქალაქთმშენებლობის სპეციფიკურ სამართლებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ამ სამართალურთიერთობის მონაწილეთა და მესამე პირთა უფლება-მოვალეობებს;

 

3.1.3. აპელანტის განმარტებით, ფაქტობრივი გარემოება, რომელიც სასამართლომ არ დაადგინა და საერთოდ არ იმსჯელა მასზე არის ის, რომ ზ------------ მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2017 წლის 31 მარტის N4------ წერილი გამოსცა ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის გარეშე, სხვა შემთხვევაში რით შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ აღნიშნული აქტით მერიამ ნება დართო თ-------------ს სს ,,თ----- ბ----ს" ერთ-ერთ ვიტრინაზე ზედ მიედგა სავაჭრო ჯიხური, ისე, რომ არ არსებობდა სს ,,თ----- ბ----ს" თანხმობა. მართალია, რომ თ------------- საკუთრების უფლებით ფლობს 6 კვ.მ. მიწის ნაკვეთს სს ,,თ----- ბ----ს" ზ------------ სერვის ცენტრის წინა მხარეს ზედ ტროტუარზე, თუმცა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ისე იქნა განთავსებული სავაჭრო ჯიხური, რომ სავაჭრო ჯიხურსა და სს ,,თ----- ბ----ს" ფანჯარას/ვიტრინას შორის მანძილი დაახლოებით 20-30 სმ-ია, ფაქტობრივად ბ----ს ფანჯარას ჩამოეფარა სავაჭრო ჯიხური ქუჩის მხრიდან ისე, რომ არ არსებობდა სს ,,თ----- ბ----ს" თანხმობა. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 08 ივლისის №1-1/1254 ბრძანების 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,მიჯნის ზონა წარმოადგენს სამშენებლო მიწის ნაკვეთის იმ ნაწილს, რომელიც მიწის ნაკვეთის სამეზობლო საზღვრებიდან დაშორებულია 3.0 მეტრ მანძილზე." ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც სამშენებლო მიწის ნაკვეთი მხოლოდ ერთი მხრიდან ესაზღვრება ქუჩას ან სხვა საზოგადოებრივ სივრცეს, მაშინ საზოგადოებრივი საზღვრის მოპირდაპირე (არამოსაზღვრე) სამეზობლო საზღვრ(ებ)იდან წითელი ხაზ(ებ)ი უნდა დადგინდეს 3.0 მეტრ მანძილზე."

 

ამავე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, სამშენებლო მიჯნის ზონაში განთავსებულად ითვლება შენობა ან მისი ნაწილი, რომელიც სამეზობლო საზღვრიდან 3.0 მეტრზე ნაკლები მანძილით არის დაშორებული. 24-ე პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული მიწის ნაკვეთი არ იძლევა ამ თავის მოთხოვნათა დაცვით შენობათა განთავსების შესაძლებლობას, მაშინ მასზე (შენობები) უნდა განთავსდეს „მიწის ნაკვეთზე შენობათა განთავსების სქემის“ საფუძველზე, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებთან...

 

მოცემულ შემთხვევაში ისე განთავსდა სს ,,თ----- ბ----ს" ზ------------ სერვისცენტრის ფანჯარასთან (ვიტრინასთან) თ------------ის კუთვნილი გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ჯიხური, რომ არათუ შეთანხმებული არ ყოფილა სს ,,თ----- ბ---თან", არამედ ზ------------ მუნიციპალიტეტის გამგეობას საერთოდ არ შეუსწავლია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები - ხომ არ ხელყოფდა აღნიშნული ჯიხურის განთავსება მითითებულ ადგილას (სამშენებლო მიჯნის ზონაში) მესამე პირის ინტერესებს, მხოლოდ ფორმალურად მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა ჩათვალა საჭიროდ მშენებლობისათვის თანხმობის გასაცემად, მაშინ როდესაც აღნიშნულ საკითხზე საერთოდ არ მსჯელობს სასამართლო, გვერდს უვლის თავის გადაწყვეტილებაში ყველაზე მეტად საკვანძო საკითხს - ჯიხურის განთავსება შეიძლებოდა თუ არა მოსარჩელის უფლებების შელახვის ხარჯზე ისე, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არც გამოეკვლია საქმის გარემოებები;

 

3.1.4. აპელანტის განმარტებით, გადაწყვეტილებაში სასამართლო აღნიშნავს, რომ - ზ------------ მუნიციპალიტეტის გამგეობა უფლებამოსილი იყო დაეკამყოფილებინა თ------------ის მოთხოვნა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე რკინის კონსტრუქციის ჯიხურის განთავსების თაობაზე, თუმცა არ განმარტავს საიდან გამომდინარეობდა მუნიციპალიტეტის აღნიშნული უფლება, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 08 ივლისის №1-1/1254 ბრძანების 24-ე, 26-ე მუხლები ასეთი უფლების რეალიზებას მოიაზრებენ მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთან შეთანხმების საფუძველზე.

 

მშენებლობის განხორციელებაზე თანხმობის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მშენებლობის თანხმობა გასცეს მხოლოდ საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, საქმის გარემოებების შესწავლა გულისხმობს იმის დადგენას სამშენებლო მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის განთავსება ხომ არ ხელყოფს ვინმეს საკუთრების უფლებას, - საჭიროა თუ არა მშენებლობაზე თანხმობის მისაცემად მეზობელი უძრავი ქონების მესაკუთრესთან შეთანხმება. ასეთი გარემოებების გამოკვლევის გარეშე გაცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ითვლება ბათილად, რადგან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. სადავო აქტი რომ გამოცემულია მომზადებისა და საქმის გარემოებების შესწავლა-გამოკვლევის გარეშე, ეს დაადასტურა ზ------------ მუნიციპალიტეტის მერიამ როგორც წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე მისი წარმომადგენლის განმარტებით, რომელიც მან სასამართლო სხდომაზე გააკეთა, თუმცა სასამართლო აღნიშნულს არ აქცევს ყურადღებას და ჯიუტად ამტკიცებს, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობა უფლებამოსილი იყო დაეკმაყოფილებინა თ------------ის მოთხოვნა, თუმცა ამგვარ გადაწყვეტას შესაბამისი დასაბუთებით ვერ ამყარებს, შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება სამართლებრივად აშკარად დაუსაბუთებელია.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გააანალიზა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა კანონიერება - დასაბუთებულობა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს ზ------------ რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებით დამტკიცდა ტექნიკური რეგლამენტი - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებები (შემდგომში - რეგლამენტი), რაც არეგულირებს ტერიტორიებისათვის ქალაქთმშენებლობის სპეციფიკურ სამართლებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ამ სამართალურთიერთობის მონაწილეთა და მესამე პირთა უფლება-მოვალეობებს.

 

რეგლამენტის 26-ე მუხლით დარეგულირებულია სამშენებლო მიწის ნაკვეთზე შენობათა განთავსება; კერძოდ, ნორმის პირველი პუნქტის თანახმად, ამ თავის მიზნებისათვის სამშენებლო მიწის ნაკვეთის საზღვარი (საკადასტრო საზღვარი) არის 2 სახის: სამშენებლო მიწის ნაკვეთის საზოგადოებრივი საზღვარი – როდესაც სამშენებლო მიწის ნაკვეთი ესაზღვრება ქუჩას ან/და სხვა საზოგადოებრივ სივრცეს (გარდა ჩიხისა) და სამშენებლო მიწის ნაკვეთის სამეზობლო საზღვარი – როდესაც სამშენებლო მიწის ნაკვეთი ესაზღვრება სამშენებლო მიწის ნაკვეთს, ან ისეთ არასამშენებლო მიწის ნაკვეთს, რომელიც არ წარმოადგენს საზოგადოებრივ სივრცეს.

 

ამავე მუხლის მე-13 პუნქტის მიხედვით, სამშენებლო მიწის ნაკვეთის მიჯნის ზონაში განთასებულად ითვლება შენობა ან მისი ნაწილი, რომელიც სამეზობლო საზღვრიდან 3.0 მეტრზე ნაკლები მანძილით არის დაშორებული.

 

საქმის მასალებით დადგენილია და არც მხარეები ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ ქ. ზესტაფონში, დ.აღ--–-----–-- ქუჩის N27-ში მდებარე სს „თ----- ბ----ს“ სამეზობლო საზღვრის მხარეს, მიჯნის ზონაში თ------------ის საკუთრებაში რეგისტრირებულ 6 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 3----------3) ზ------------ მუნიციპალიტეტის გამგეობის თანხმობის საფუძველზე განთავსებულია პირველი კლასის შენობა-ნაგებობა - რკინის კონსტრუქცია.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მართალია რეგლამენტის 26-ე მუხლის 151 პუნქტის დანაწესი ნაკვეთების საზღვრიდან 3,0 მეტრზე ნაკლებ მანძილზე, მეზობლის მხარეს ღიობიანი შენობის განთავსებისათვის სავალდებულოდ მიიჩნევს მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის სანოტარო წესით დამოწმებულ თანხმობას, თუმცა ამავე მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტებით გათვალისწინებულია გამონაკლისიც; კერძოდ, ამ ნორმის თანახმად შენობის საანგარიშო ზედაპირის ან მისი ნაწილის განთავსება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მიჯნის ზონაში დასაშვებია სამეზობლო საზღვრის მხარეს კარის, ფანჯრის, სამტრედეს და კედელში არსებული სხვა ღია ნაწილის, ასევე აივნის, ერკერის და ტერასის გარეშე.

 

ასეთივე რეგულაციას ითვალისწინებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის N1–1/1254 ბრძანებით დამტკიცებული დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულების 26-ე მუხლი.

 

საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათებითა და სააპელაციო სასამართლოში მხარეთა მიერ მიცემული ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ თ------------ის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე რკინის კონსტრუქცია „თ----- ბ----ს“ სამეზობლო საზღვრის მხარეს განთავსებულია ყრუ კედლით, ანუ ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნათა დაცვით.

 

პალატა ვერ გაიზაირებს აპელანტის მოსაზრებას რკინის კონსტრუქციის განთავსებით სს „თ----- ბ----ს“ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული შენობის ერთ-ერთი ფანჯრის დაბნელებისა და ინზოლაციის წესების დარღვევის მოტივით გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების უკანონობის შესახებ, რადგანაც აღნიშნულ რეგულაციას დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ისიც აღსანიშნავია, რომ არც შენობა-ნაგებობის იერსახის წესთან დაკავშირებით არსებობს ზ------------ მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული რაიმე სამართლებრივი აქტი. აქვე პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ როგორც სააპელაციო სასამართლოში მხარეთა მიერ მიცემული ახსნა-განმარტებებით დადგენილია, აღნიშნულ ადგილას ათეულობით წელია არსებობდა რკინის ჯიხური და გასაჩივრებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით მხოლოდ ძველი ჯიხურის ახალი კონსტრუქციით ჩანაცვლება განხორციელდა, რა გარემოებაც დამატებით სააპელაციო საჩივრის დაუსაბუთებლობაზე მიუთუითებს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორი შეფასება მისცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას. გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებულია სრულად, მისი გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს; შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე ზ------------ რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

6. სასამართლო ხარჯები:

 

პალატა აღნიშნავს, რომ სს ,,თ----- ბ----ს’’ სააპელაციო საჩივარი უარყოფილია, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დადგენილი ოდენობით სახელმწიფო ბაჟის − 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდის ვალდებულება აპელანტს ეკისრება, რაც მის მიერ წინასწარ გადახდილია.

 

პროცესის ხარჯის აპელანტზე დაკისრების მოთხოვნასთან დაკავშირებით პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4%-სა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.

 

მითითებული ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს.

 

კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულობის კრიტერიუმად კი, კანონმდებელი მიიჩნევს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს. ნიშანდობლივია, რომ დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა განხორციელებული ადვოკატის მიერ, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვა.

 

ამდენად, დავის საგნის ღირებულებისა და კანონით განსაზღვრული ზღვრული პროცენტული ნიხრის გათვალისწინებით (სსსკ-ის 53-ე მუხლი), სააპელაციო პალატას გონივრულ ოდენობად მიაჩნია, სს ,,თ----- ბ---ზე“ მოსარჩელის სასარგებლოდ, საადვოკატო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის 300 (სამასი) ლარის ანაზღაურების დაკისრება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-12, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 377-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სს ,,თ----- ბ----ს’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ზ------------ რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

4. სს ,,თ----- ბ---ს’’ თ------------ის სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 300 ლარის გადახდა;

 

5. განჩინება შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).

 

მოსამართლე გოჩა აბუსერიძე