განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001385101
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/6973-17 30 ნოემბერი, 2018 წელი
მოსამართლე - თამარ ზამბახიძე
სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი
აპელანტი - გ------------–---–ი, თ------------–---–ი (მოპასუხეები)
წარმომადგენელი - ნ----------–--–---–ი (თ. მ-----–---–ის წარმომადგენელი)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ლ--------------“ (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - ლ--–----------
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.10.2017წ. გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეებს დაეკისროთ 2011 წლის 02 ივლისის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 3 642.45 ლარის ოდენობით, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა - 2 273.70 ლარი, პროცენტი - 668.75 ლარი და პირგასამტეხლო - 700 ლარი;
1.2. მოპასუხე გ------------–---–ს დაეკისროს 2012 წლის 19 აპრილის საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 1 747.66 ლარის ოდენობით, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა - 1 350 ლარი და პროცენტი - 397.66 ლარი;
1.3. მოპასუხე გ------------–---–ს დაეკისროს 2011 წლის 02 ივნისის ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 1 363.81 ლარის ოდენობით.
სარჩელის საფუძვლები:
2. სს „ლ---------------ა“ და გ-------------–---–ს შორის 02.07.2011წ. გაფორმდა საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 7 370 ლარის ოდენობით, 2015 წლის 15 ივნისამდე ვადით, წლიური საპროცენტო სარგებლის - 17%-ის დარიცხვით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ვადაგადაცილების პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2011 წლის 2 ივლისს სს „ლ--------------ა“ და თ-----ი მ-----–---–ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება და თავდებობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 10 229.07 ლარი.
2012 წლის 19 აპრილს სს „ლ--------------ა“ და გ------------–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ბარათის ხელშეკრულება. მსესხებელს განესაზღვრა საკრედიტო ლიმიტი 1 350 ლარის ოდენობით. სესხი გაიცა 28.03.2013.-მდე ვადით, წლიური საპროცენტო სარგებლის 28%-ის დარიცხვით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის - 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ასევე ვადაგადაცილებისთვის ფიქსირებული პირგასამტეხლო - 20 ლარი და დეფოლტის პირგასამტეხლო - 50 ლარი.
2011 წლის 2 ივნისს სს „ლ--------------ა“ გ------------–---–ის სახელზე გასცა ოვერდრაფტი 1 363.81 ლარის ოდენობით.
მოპასუხეებმა დაარღვიეს გადახდის გრაფიკი. მოპასუხეებს გაეგზავნათ წერილობითი გაფრთხილება და მიეცათ დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად, რასაც შედეგი არ მოჰყოლია.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხე გ------------–---–მა წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც სარჩელი არ ცნო და ზოგადი მითითებით არ დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაგებელი წარმოადგინა ასევე თ------------–---–მა, თავდებმა არ ცნო სარჩელი, თუმცა ზოგადი მითითებით დაეთანხმა ფაქტობრივ გარემოებებს და მოთხოვნებს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.10.2017წ. გადაწყვეტილებით:
1. სს ,,ლ--------------ს’’ სარჩელი მოპასუხეების - გ------------–---–ისა და თ-----ი მ-----–---–ის მიმართ დაკმაყოფილდა.
2. მოპასუხეებს - გ------------–---–ს და თ-----ი მ-----–---–ს მოსარჩელე სს ,,ლ--------------ს’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2011 წლის 02 ივლისის საბ---ო კრედიტის №0-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 3 642.45 ლარის ოდენობით, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა - 2 273.7 ლარი, პროცენტი - 668.75 ლარი და ჯარიმა - 700 ლარი;
3. მოპასუხე გ------------–---–ს მოსარჩელე სს ,,ლ--------------ს’’ სასარგებლოდ დაეკისრა 2012 წლის 19 აპრილის საკრედიტო ბარათის № M------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 1 747.66 ლარის ოდენობით, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა - 1 350 ლარი, პროცენტი - 397.66 ლარი;
4. მოპასუხე გ------------–---–ს მოსარჩელე სს ,,ლ--------------ს’’ სასარგებლოდ დაეკისრა 2011 წლის 02 ივნისის ოვერდრაფტის №1--------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 1 363.81 ლარის ოდენობით.
4.1. 02.07.2011წ. სს „ლ--------------ა“ და მოპასუხე გ------------–---–ს შორის გაფორმდა საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 7 370 ლარის ოდენობით. სესხი გაიცა 47 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებლის - 17%-ის დარიცხვით. ხელშეკრულებით მხარეების მიერ განისაზღვრა ვადაგადაცილების პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2011 წლის 2 ივლისს სს „ლ--------------ა“ და თ-----ი მ-----–---–ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება და თავდებობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 10 229.07 ლარი.
4.2. 2012 წლის 19 აპრილს სს „ლ--------------ა“ და მოპასუხე გ-------------–---–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება საკრედიტო ბარათით მომსახურების შესახებ, რომლის საფუძველზეც კლიენტზე გაიცა საკრედიტო ბარათი 1 350 ლარიანი ლიმიტით, წლიური საპროცენტო სარგებლის - 28%-ის დარიცხვით.
4.3. გ------------–---–ი 2011 წლის 2 ივნისიდან სარგებლობს ოვერდრაფტით, რომლის გრაფიკიც დაარღვია 15.01.2014წ.-დან და ერიცხება საესხო დავალიანება.
4.4. მოპასუხეთა მიერ არ შესრულებულა 2011 წლის 02 ივლისის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. მსესხებელი ვადაგადაცილებაშია 10.07.2013წ.- დან და 2016 წლის 23 მაისის მდგომარეობით, დარიცხული ჯარიმის შეღავათის ხარჯზე სს „ლ---------------ს“ წინაშე მოპასუხეებს ერიცხებათ დავალიანება 3 642.45 ლარის ოდენობით, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა 2 273.70 ლარი, პროცენტი - 668.75 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 700 ლარი.
4.5. მოპასუხე გ------------–---–ი სს „ლ-------------ში“ სარგებლობდა ოვერდრაფტით 2011 წლის 02 ივნისიდან, რომლის გრაფიკიც დაარღვია 15.01.2014წ.-დან, რის შემდეგაც მას 2016 წლის 23 მაისის მდგომარეობით ერიცხება სასესხო დავალიანება 1 363.81 ლარის ოდენობით.
4.6. გ------------–---–მა სს „ლ-------------თან“ 2012 წლის 19 აპრილს გაფორმებული საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები დაარღვია
25.08.2013წ.-დან, რის შედეგადაც მას ერიცხება დავალიანება, რომელიც 2016 წლის 23 მაისის მდგომარეობით შეადგენს 1 747.66 ლარს, საიდანაც საკრედიტო ბარათის ძირითადი თანხაა - 1 350 ლარი, ხოლო დარიცხული პროცენტი - 397.66 ლარი.
4.7. დავალიანების ოდენობასთან დაკავშირებით მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს დამადასტურებელი მტკიცებულებები, მათ შორის ამონაწერები, ცნობები დავალიანების თაობაზე, რომლის საწინააღმდეგო გაანგარიშება მოპასუხეს არ წარმოუდგენია.
4.8. მოპასუხე მხარეს 2011 წლის 02 ივლისის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან პირგასამტეხლო ერიცხება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით და არ არსებობს მისი შემცირების საფუძველი.
4.9. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 868-ე, 891-ე, 895-ე, 463-ე, 417-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულების პირობები და ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულეს ხელშეკრულებებით დადგენილ ვადაში და წესით. სასამართლოს მითითებით, არსებობს თითოეული სადავოდ გამხდარი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების მოპასუხეებისთვის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით სრულად დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.10.2017წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ------------–---–მა და თ------------–---–მა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5.1. აპელანტებს მიაჩნიათ, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ძირითადი მსესხებლის მიერ სესხის გადახდის გადაცილების შესახებ ინფორმაციის თავდებისთვის გაგზავნისა და მისთვის ჩაბარების შესახებ. მოსარჩელე მხარის მიერ, მართალია, წარმოდგენილი გაფრთხილების წერილები გაგზავნილია თავდების სახელზე, თუმცა მოსარჩელისვე წარმოდგენილი საფოსტო ქვითრებით დგინდება, რომ აღნიშნული გაფრთხილებები უკან დაბრუნდა და მხარეს არ ჩაბარებია. ბ---ისთვის ცნობილი იყო თავდების საკონტაქტო ტელეფონის ნომრის შესახებ, თუმცა სატელეფონო შეტყობინება არ განხორციელებულა. მოსარჩელეს არ გაუფრთხილებია არც ძირითადი მოვალე.
5.2. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა იყო გონივრული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
7. 02.07.2011წ. სს „ლ--------------ა“ (შემდგომში „მოსარჩელე“) და მოპასუხე გ------------–---–ს (შემდგომში „მოპასუხე“, „მსესხებელი“) შორის დაიდო საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე 47 თვის ვადით გაიცა კრედიტი 7 370 ლარის ოდენობით. სარგებლის წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 17%-ს. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ტ.1, ს.ფ. 16-18).
8. 02.07.2011წ. მოსარჩელეს და თ-----ი მ-----–---–ს (შემდგომში „მოპასუხე“, „თავდები“) შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა სოლიდარულად იკისრა ვალდებულება მსესხებლის მიერ საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. თავდებობის მაქსიმალურ ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა 10 229.07 ლარი (ტ. I, ს.ფ. 19-21).
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი არ არის, რომ 02.07.2011წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის ვალდებულება დარღვეულია 10.07.2013წ.- დან და 23.05.2016წ. მდგომარეობით მოპასუხეებს ერიცხებათ დავალიანება 3 642.45 ლარის ოდენობით, საიდანაც დავალიანების ძირი თანხაა 2 273.70 ლარი, პროცენტი - 668.75 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 700 ლარი (მოსარჩელემ შეამცირა პირგასამტეხლოს მოთხოვნა) (ტ.1, ს.ფ. 23, 131).
10. 19.04.2012წ. მოსარჩელესა და მოპასუხეს/მსესხებელს შორის გაფორმდა ხელშეკრულება საკრედიტო ბარათით მომსახურების შესახებ, რომლის საფუძველზეც გაიცა საკრედიტო ბარათი 1 350 ლარიანი ლიმიტით, წლიური საპროცენტო სარგებლის - 28%-ის დარიცხვით (ტ.1, ს.ფ. 21,22).
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი არ არის, რომ მსესხებელმა საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები დაარღვია 25.08.2013წ.-დან და 23.05.2016წ. მდგომარეობით ერიცხება დავალიანება 1 747.66 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 1 350 ლარი, დარიცხული პროცენტი - 397.66 ლარი (ტ.1, ს.ფ. 25,131).
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილია და სააპელაციო საჩივრით
სადავოდ გამხდარი არ არის, რომ მოპასუხე/მსესხებელი 2011 წლის 2 ივნისიდან სარგებლობს ოვერდრაფტით, მსესხებლის მიერ გრაფიკი დაირღვია 15.01.2014წ. და 23.06.2016წ. მდგომარეობით ერიცხება სასესხო დავალიანება 1363.81 ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ. 24,131).
12. სააპელაციო საჩივარში აპელანტები სადავოდ არ ხდიან ფაქტობრივ გარემოებებს მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის არსებობის, ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების ან/და დავალიანების დაანგარიშების თაობაზე. სააპელაციო საჩივარში შედავება ეფუძნება გარემოებას მასზედ, რომ თავდებისათვის ცნობილი არ იყო ძირითადი მოვალის მიერ სესხის გადახდის გადაცილების შესახებ ინფორმაცია და ამასთან, საკრედიტო დაწესებულებას არ გაუფრთხილებია არც ძირითადი მოვალე.
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში როგორც ძირითადი მოვალის, ისე თავდების მიერ წარდგენილი შესაგებელით არ განხორციელებულა მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასაბუთებული შედავება. მოპასუხე მსესხებელი შესაგებელში მხოლოდ ზოგადი მითითებით არ დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაგებელი არ შეიცავს რაიმე სახის კონკრეტულ მსჯელობას სარჩელში მითითებულ ამა თუ იმ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებაში (იხ.: შესაგებელი, ტ.1, ს.ფ. 67-74). რაც შეეხება თავდების შესაგებელს, იგი ზოგადი მითითებით დაეთანხმა მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და მოთხოვნებს (იხ.: შესაგებელი, ტ.1, ს.ფ.78-85).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ცნობს სარჩელს იგი ვალდებულია მიუთითოს რა კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი, ანუ იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. ამავე კოდექსის, მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
სსსკ-ის 219-ე მუხლის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო გაცხადებული. სსსკ-ის 380-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოხმობილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილი იქნეს ახალი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ საპატიო მიზეზით არ წარადგინა [სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი].
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამოქალაქო საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგოს თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამ პრინციპზეა აგებული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა. უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვა თვით დაინტერესებული პირის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. მისი ნების გარეშე არავის აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს. შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით კი მხარეები თვითონ წარუდგენენ სასამართლოს მტკიცებულებებს. ისინი თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამასთან, ეს მტკიცებულებები საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით უნდა იქნეს სასამართლოსათვის წარდგენილი. სასამართლო არ გაითვალისწინებს ახალ გარემოებებს, არ მიიღებს არავითარ მტკიცებულებებს, ანგარიშს არ გაუწევს ახალ მოსაზრებებს, თუ საპატიო მიზეზის გარეშე არ იყო წარდგენილი თავის დროზე, ესე იგი ამ საქმის მომზადების სტადიაზე. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საპატიო მიზეზით მხარემ ვერ წარადგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას (სუსგ №ას-490-490-2018, 11.05.2018წ.).
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ თავდების მიერ მხოლოდ სააპელაციო ინსტანციაში იმ გარემოებაზე მითითება, რომ მისთვის ცნობილი არ იყო ძირითადი მოვალის მიერ სესხის გადახდის გადაცილების შესახებ ინფორმაცია, წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე, 219-ე, 380-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევას და მოკლებულია სამარლებრივ საფუძველს.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, რომლითაც დგინდება, რომ გაფრთხილების წერილები მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე გაეგზავნათ მოპასუხეებს ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართებზე (ტ.1, ს.ფ.47-50), გზავნილი ადრესატებს ვერ ჩაბარდათ (ტ.1, ს.ფ. 50-53), რის შემდგომაც ადრესატებს სასესხო ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე ეცნობათ საჯარო პუბლიკაციის გზით (ტ1, ს.ფ. 54-59).
13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამდენად, მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეებს სს ,,ლ--------------ს’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2011 წლის 02 ივლისის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 3 642.45 ლარის ოდენობით, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა - 2 273.7 ლარი, პროცენტი - 668.75 ლარი და ჯარიმა - 700 ლარი. ბ---მა არ მოითხოვა სრულად ვადაგადაცილების ჯარიმა (ტ.1, ს.ფ.23). შესაბამისად, სასამართლომ განიხილა მოთხოვნა იმ ფარგლებში, როგორც დისპოზიციურობის საფუძველზე ჩამოაყალიბა მოსარჩელემ.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხეებისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერ, გონივრული ოდენობას და არ არსებობს მისი შემცირების საფუძველი.
15. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
16. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------------–---–ის და თ------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.10.2017წ. გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე : თამარ ზამბახიძე