განაჩენი

სისხლის სამართლის 11.03.2019
საქმის ნომერი
330100118002346733
ინსტანცია
თარიღი
11.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

საქმე №1/ბ-1502-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

25 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ

 

ნინო სოლომნიშვილის, სოფიკო კაპანაძის, ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - ბ-----–-–---–ის,ადვოკატების - კ----------------ის, ი-------–------ის,მსჯავრდებულ - ზ---------------ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ ზ---------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ზ----------------------------ის მიმართ - დაბადებული 1----–-–-------------ს, პირადი №4----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ტ------–-ს რაიონის სოფელ კ-------ი; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით:

 

ზ---------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ზ---------------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 30 იანვრიდან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ზ---------------ემ ჩაიდინა:

 

ქრთამის მიცემა, ე.ი. მოხელისათვის პირდაპირ ფულის შეთავაზება და გადაცემა, რათა ამ მოხელემ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან და გაუწიოს სამსახურებრივი მფარველობა, ჩადენილი უკანონო ქმედების ჩასადენად.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის იანვარში ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის მიერ, ქ---------–------–-----------------ში განთავსებულ თ-----------–---–ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე, გამოვლენილი იქნა უკანონოდ მიმდინარე სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები.

 

საცხოვრებელი სახლის მესაკუთრის ნათესავმა ზ---------------ემ, რომელიც უშუალოდ აწარმოებდა სამუშაოებს, იმისათვის, რომ ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების მიერ არ მომხდარიყო დაჯარიმება, განიზრახა ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის - ზ-------------ასათვის ქრთამის მიცემა.

 

განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2018 წლის 18 იანვარს ზ---------------ე მივიდა ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში და შეხვდა ზ-------------ას, რა დროსაც შესთავაზა მფარველობა, რათა არ მომხდარიყო უკანონო მშენებლობისათვის მისი დაჯარიმება, ასევე ხელი არ შეშლოდა შემდგომში ამ მშენებლობის გაგრძელებასა და დასრულებაში, სანაცვლოდ კი ქრთამის სახით დაპირდა 3000 (სამიათასი) ლარის მიცემას.

 

2018 წლის 30 იანვარს, ზ---------------ემ ქ.ქუთაისში, დ-----------–-----–--------------- შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზ-------------ას გადასცა ქრთამის სახით დაპირებული თანხა 3000 (სამიათასი) ლარი, რის შემდეგაც დაკავებული იქნა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ---------------ემ, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

აპელანტის განმარტებით, მას საჯარო მოხელისათვის ქრთამი არ შეუთავაზებია და ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელის მხრიდან, ადგილი ჰქონდა დანაშაულის პროვოცირების ფაქტს. მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა არასწორად მოახდინეს მისი ეზოს აზომვა, რათა შეეშინებინათ იგი, თითქოს უკანონო საქმიანობას ახორციელებდა საკუთარ სახლში. ეს იყო მათი მცდელობა, ზეგავლენა მოეხდინათ მასზე, რათა ჩაედინა უკანონო ქმედება. ამ მიზნით ზ-------------ა არაერთხელ დაუკავშირდა ტელეფონით, სთავაზობდა შეხვედრებს სხვადასხვა ადგილას და მომავალში გასაწევი დახმარების სანაცვლოდ, სთხოვდა გარკვეულ თანხას. აპელანტის განმარტებით, შეხვედრის ინიციატორი რომ ყოველთვის ზ-------------ა იყო, დადასტურებულია მოწმეების - ნ------------------------------------ს ჩვენებებითაც. ბრალდების მხარემ საქმის განხილვისას ვერ დაადასტურა, რომ ზ---------------ე ახორციელებდა აქტიურ მოქმედებებს, რათა შეხვედროდა ზ-------------ას და დაეყოლიებინა ის კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩასადენად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებში, არცერთ შემთხვევაში არ ფიქსირდება მის მიერ ზ-------------ასადმი ნათქვამი სიტყვები, რომ იგი გადასცემდა 3000 ლარს, თუ ამის სანაცვლოდ ჯ-----ა მას მფარველობას გაუწევდა. ჩანაწერების მიხედვით, თანხის ოდენობასა და მფარველობის გაწევაზე საუბრობს თვითონ ზ-------------ა.

 

აპელანტი სადავოდ ხდის მოწმე ა-----------------ის ჩვენებასაც, იმ საფუძვლით, რომ იგი წინააღმდეგობაში მოდის თავად ზ-------------ას ჩვენებასთან. მსჯავრდებულის განმარტებით, შეუძლებელია ა-----------------ეს დაენახა მის მიერ ჯ-----ასათვის თანხის გადაცემა, ვინაიდან დაუდგენელია, თუ სად იყო იგი იმ პერიოდში, შემთხვევის ადგილზე მ---------ე არ დაუნახავთ არც ჯ-----ას და არც პოლიციის თანამშრომლებს. ზ-------------ას განმარტებით, ა-----------------ე 100-150 მეტრის გავლის შემდეგ ჩაუჯდა ავტომანქანაში. ამდენად, მხოლოდ ზ-------------ას ჩვენება და მისგან ამოღებული ფულადი თანხა ვერ გახდება ზ---------------ის დამნაშავედ ცნობის საფუძველი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც აღნიშნულ ფულზე ზ---------------ის შემხებლობა არ დგინდება. აპელანტი ასევე ხაზს უსვამს, რომ ზ---------------ის მხრიდან არ ყოფილა არანაირი მფარველობის და ქრთამის სანაცვლოდ რაიმე უკანონო ქმედების მოთხოვნა ზ-------------ას მიმართ.

 

დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე წარმოადგინა ალტერნატიული მოთხოვნა და განმარტა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, ვერ იქნა დადასტურებული ზ---------------ის მიერ ზ-------------ასათვის ქართამის მიცემა, ამ უკანასკნელის მხრიდან რაიმე უკანონო ქმედების ჩასადენად. ამდენად, მსჯავრდბეულის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ალტერნატივის სახით იშუამდგომლეს ზ---------------ის ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციის მიცემა და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, მსჯავრდებულის პიროვნული მასასიათებლებისა და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ბრალდებულმა ზ---------------ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ქ.ქუთაისში, გ--–----ს ქუჩაზე მდებარე საკუთარ სახლში, 7 სმ-იანი თხელი, ე.წ. „ბეტონის“ კედლით გაამაგრა ღობე. მან მხოლოდ შიდა სამუშაოები შეასრულა და უკანა მხარეს მიაშენა პატარა ფართი. 2018 წლის 12 იანვარს მის სახლში მივიდა მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ზ-------------ა, რომელსაც თან ახლდა თ-----------------–-–---–----------------------ე. ზ-------------ამ უთხრა, რომ შეტყობინება ქონდათ მიღებული უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით, რაც მას გაუკვირდა. როგორც აუხსნეს, იგი აწარმოებდა უკანონო მშენებლობას, თუმცა რაიმე სერიოზულ დარღვევას ადგილი არ ქონია. 15 იანვარს დ--------------- და თ----------------–-–---–-ა აზომეს სამშენებლო ობიექტი ე.წ. ჯიპიეს სისტემით, თუმცა რა წერტილები დააფიქსირეს, მისთვის უცნობია. დ---------------მ უთხრა, რომ მათ აინტერესებდათ წინა ღობის კოორდინატები, რომელიც მართლა ცდებოდა მისი საკუთრების საზღვრებს მხოლოდ 7 სმ-ით და არა 2-3 მეტრით, როგორც ეს დ---------------მ მიუთითა ოქმში. აღნიშნულის შემდეგ, რამდენჯერმე დაურეკა ზ-------------ამ და ითხოვდა მასთან შეხვედრას. ვინაიდან შეხვედრა ეხებოდა ნახაზებს, ზ---------------ემ შესთავაზა არქიტექტორთან ერთად მისვლა, რაზეც უარი მიიღო. მოწმე მივიდა მერიაში და საკუთარ კაბინეტში შეხვდა ზ-------------ას, რომელმაც აჩვენა ნახაზი და მიუთითა, რომ ქონდა დარღვევა. მან (ზ---------------ემ) შესთავაზა, რომ არქიტექტორის დახმარებით გაერკვიათ აღნშნული, ხოლო ზ-------------ამ უთხრა - საღამოს 7-8 საათზე გადმომირეკეო. სატელეფონო საუბრის შემდეგ ერთმანეთს შეხვდნენ ქალაქის ცენტრში. ზ-------------ამ შესთავაზა, რომ ტელეფონები მანქანაში დაეტოვებინათ და დასხდნენ სკამზე. როგორც განუმარტა, დაჯარიმების შემთხვევაში მის მიერ გადასახდელი თანხა 12000 ლარს მიაღწევდა, ხოლო თუ გარკვეული თანხას გადაუხდიდა, ამის სანაცვლოდ ყველაფერს მოუგვარებდა. აღნიშნულზე უთხრა, რომ 12000 ლარის ჯარიმის გადახდას ერჩია ზ-------------ასთვის გადაეხადა 3000 ლარი. დილით, არქიტექტორ ე-----–--------------თან ერთად, მივიდა მერიაში, თუმცა ზ-------------ა კაბინეტში არ დახვდა, უთხრა, რომ არ ეცალა და თავად დაურეკავდა. 29 იანვარს ჯ-----ამ უცხო ნომრით დაურეკა და სთხოვა - ცოტა ხანში მისთვის გადაერეკა. მოგვიანებით ისევ დაურეკა სხვა ნომრიდან და უთხრა, რომ იმ დღეს აუცილებლად უნდა შეხვედროდა ე.წ. „ბალახვანის“ დასახლებაში, კიბეებთან. ზ-------------ას სულ ექვსჯერ შეხვდა და ეს უკანასკნელი იყო ყველა შეხვედრის ინიციატორი. ზ-------------ა შეხვედრებზე პირდებოდა, რომ ყველაფერში გვერდში დაუდგებოდა და დოკუმენტალურად მოუგვარებდა ყველაფერს. ფიქრობდა, რომ ზ-------------ა კანონიერი საფუძვლით ეხმარებოდა. მან დაკავების დღეს უთხრა - რასაც შეგპირდი, აგისრულე, ჩემგან არავინ მოგაკითხავსო. აღნიშნულის სანაცვლოდ ზ-------------ასთვის არაფერი შეუთავაზებია და არც 3000 ლარი გადაუცია. ზ---------------ემ ასევე დაადასტურა, რომ იგი სამომავლოდ აპირებდა სასტუმროს აშენებას თავის მიწაზე, თუმცა იმჟამად არავითარ უკანონო მშენებლობას არ აწარმოებდა.

 

აღნიშნულისა და საჩივარში მითითებული სხვა გარემოებების გათვალისწინებით, დაცვის მხარე ითხოვს ზ---------------ის მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ზ---------------ემ დაადასტურა, რომ მან 3000 ლარი გადასცა ზ-------------ას, თუმცა იგი იყო პროვოკაციის მსხვერპლი; თანხა თავად არ შეუთავაზებია საჯარო მოხელისათვის, პირიქით, ეს უკანასკნელი ითხოვდა მისგან ქრთამის სახით 3000 ლარს.

 

პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის აღნიშნულ განმარტებებს, ვინაიდან ისინი აშკარად წინააღმდეგობაშია საქმეზე შეკრებილ და გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებებთან, რომელთა საერთო ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ ზ---------------ის მიერ ნამდვილად იქნა ჩადენილი ბრალად წარდგენილი დანაშაული და მის მიერ განხორციელებულ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ-------------ამ განმარტა, რომ იგი არის ქ.ქუთაისის მერიის ზედამხეველობის სამსახურის უფროსი. მის მოვალეობაში შედის ქუთაისის იერსახის დაცვა, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობა და ამ მიმართებით, შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა. 2018 წლის იანვრის შუა რიცხვებში, ავტომანქანით მოძრაობისას, გ--–----ს ქუჩა N----ში შენიშნა მიმდინარე მშენებლობა. ვინაიდან ამ ტერიტორიაზე მსგავსი სახის სამუშაოები არ იყო დაგეგმილი, გაუჩნდა ეჭვი - ადგილი ხომ არ ჰქონდა უკანონო მშენებლობას და პირადად გადაამოწმა ობიექტი. აღმოჩნდა, რომ უკანა მხარეს იყო აშენებული ღობე, წინა მხარეს კი ახალი ღობის აშენების ნიშნები ფიქსირდებოდა და მიმდინარეობდა შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები. მუშებისაგან შეიტყო, რომ მშენებლობას ხელმძღვანელობდა ვინმე ზაური. როგორც მოგვიანებით გაიგო, ეს პიროვნება იყო ზ---------------ე, რომელიც შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდა. მოწმის მოთხოვნაზე - გადაეცა მშენებლობის მიმდინარეობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, ბაკურაძემ განუმარტა, რომ სამსახურში მიუტანდა რამდენიმე დღეში. ამ ფაქტიდან მომდევნო სამუშაო დღეს მერიის ზედამხედველობის თანამშრომლებს - თ----------------–-–---–ს და დ---------------ს დაავალა, გადაემოწმებინათ, ადგილი ხომ არ ჰქონდა უკანონო მშენებლობას ან/და სახელმწიფო საკუთრების მიტაცებას. მან ელექტრონულად გადაამოწმა და დაადგინა, რომ ამ ობიექტზე არანაირი მშენებლობის ნებართვა გაცემული არ ყოფილა. დ---------------მ და თ----------------–-–---–-ა ობიექტი გადაამოწმეს ე.წ. „ჯიპიეს“ სისტემით და მონაცემების შედარებით დაადგინეს, რომ მშენებლობა გადასული იყო ე.წ. წითელ ხაზებს და იჭრებოდა სახელმწიფოს საკუთრებაში. აღნიშნულის საფუძველზე მოხდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა მესაკუთრის - თ-----------–---–ის სახელზე. მოგვიანებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გადაიგზავნა სასამართლოში, რომელმაც თ-----------–---–ი ცნო სამართალდამრღვევად. აღნიშნულის პარალელურად, რამდენიმე დღეში მასთან სამსახურში მისული იყო ზ---------------ე, რომელსაც აუხსნა, თუ რა დარღვევებს ჰქონდა ადგილი, ასევე თუ დადგინდებოდა წითელი ხაზების დარღვევა, შესაძლოა დაჯარიმებულიყო. ზ---------------ემ უთხრა, რომ მის სამუშაო ოთახში არ სურდა საუბრის გაგრძელება და შეთანხმდნენ, ქალაქის ცენტრალურ უბანში შეხვედრაზე. ისინი საღამოს შეხვდნენ ერთმანეთს დათქმულ ადგილას, სადაც ზ---------------ემ 3000 ლარის გადაცემის სანაცვლოს სთხოვა დახმარება. ამ მომენტში მისთვის არაფერი უთქვამს, დრო ითხოვა დასაფიქრებლად, რის შემდეგაც ზ---------------ე ურეკავდა, მისგან პასუხის მიღების მიზნით. ვინაიდან სახეზე იყო მისთვის ქრთამის შეთავაზება, მიმართა სამართალდამცავ ორგანოს, სადაც დაიკითხა და მოგვიანებით ჩაერთო ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში. რამდენიმე დღეში დაურეკა ზ---------------ემ, რის შემდეგაც შეხვდნენ ერთმანეთს. ზ---------------ეს კითხა, თუ რისთვის აძლევდა 3000 ლარს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ ამ თანხას იხდიდა ამ საქმეში მფარველობისათვის. ასევე, მას ჰქონდა ბევრი სამშენებლო საქმე, რაშიც გვერდში დგომა და დახმარება დასჭირდებოდა და მისგან არაფერი გახმაურდებოდა. მეორე დღეს ზ---------------ეს კვლავ შეხვდა იმავე ადგილზე და ისაუბრეს მანქანაში. ზ---------------ეს აინტერესებდა, 3000 ლარის გადახდის შემთხვევაში რა გარანტიები ექნებოდა, რაზეც მოწმისაგან მიიღო დაპირება, რომ შეეძლო მერიისათვის მიემართა მშენებლობის ნებართვის გასაცემად, ამ პერიოდში კი ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები არ შეაწუხებდნენ. ამის შემდეგ ზ---------------ემ გადასცა ფულადი თანხა, ე.წ. „რეზინით“ მრგვლად შეკრული. მას თანხა არ დაუთვლია, ისე გამოართვა და დატოვა შემთხვევის ადგილი. ამასთან, სამართალდამცავებს მიანიშნა, რომ თანხა აღებული ქონდა. დაახლოებით 100 მეტრში მანქანაში ჩაუჯდა გამომძიებელი, რომელთან ერთადაც მივიდა ანტოკორუფციული სამსახურის ქ.ქუთაისის სამმართველოში. მასთან ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება და ამოღებული იქნა ზ---------------ის მიერ გადაცემული ფულადი თანხა 3000 ლარის ოდენობით, 30 ას ლარიანი კუპიურებით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე დ---------------მ განმარტა, რომ მუშაობს ქ.ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურში. 2018 წლის იანვარის შუა რიცხვებში, ზ-------------ამ დაავალათ ე.წ. „ჯიპიეს“ აპარატით გადაემოწმებინათ გ--–----ს ქუჩა N----ში მდებარე ობიექტი და მისი საზღვრები. იგი შემთხვევის ადგილზე მივიდა თანამშრომელ თ-----------------–-–---–--ან ერთად, ხსენებული სისტემის მეშვეობით დაადგინა ობიექტის კოორდინატები და შეადგინა ნახაზი. ნახაზზე დატანილი კოორდინატები გადასცა მერიის ქონების მართვის სამსახურის თანამშრომელ გ-------------------ს, რომელმაც შესაბამის პროგრამაში გადაამოწმა კოორდინატები და დადგინდა, რომ მშენებლობა იჭრებოდა სახელმწიფოს საზღვრებში. შედეგები გადასცა უფროსს - ზ-------------ას. მოგვიანებით მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც მოხდა მისი ჩვენების ადგილზე შემოწმება. მოწმემ განმარტა, რომ მშენებლობის ობიექტზე კოორდინატების ასაღებად მისულს დახვდა ზ---------------ე, რომელმაც განუმარტა, რომ ობიექტი ეკუთვნოდა მის სიძეს და ძირითადად თვითონ (ზ-----------) აწარმოებდა მშენებლობას. ასევე მოახსენათ, რომ ყავდა არქიტექტორი და შესაბამის დოკუმენტებს რამდენიმე დღეში მიიტანდა მერიაში, კონკრეტულად ქონდა თუ არა რაიმე დოკუმენტი, მისთვის უცნობია.

 

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე თ-----------------–-–---–მა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ-–---------------მ განმარტა, რომ არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის გამომძიებელი. 2018 წლის 30 იანვარს ქ.ქუთაიში, და----------–-----–-----------ზე, მიმდინარეობდა ზ---------------ესა და ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ზ-------------ას შეხვედრა, რა დროსაც ზ---------------ეს ზ-------------ასთვის უნდა გადაეცა ქრთამის სახით შეთავაზებული თანხა - 3000 ლარი. აღნიშნული ფაქტი გამოძიებისთვის ცნობილი იყო თავად ზ-------------ას განცხადების საფუძველზე და შეხვედრა მიმდინარეობდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების კონტროლის ქვეშ. მოწმის განმარტებით, შეხვედრა შედგა ზ-------------ას ავტოამანქანაში, რომელიც გაგრძელდა 6-7 წუთი. შემდეგ ზ---------------ე ჩაჯდა მის „ჰუნდაის“ მარკის ავტომანქანაში. ზ-------------ამ მიანიშნათ სამართალდამცავებს, რომ ზ---------------ემ გადასცა მას თანხა, რის საფუძველზეც გ---------------სთან და გამომძიებელ ა-–------------–---–თან ერთად დააკავა ზ---------------ე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ---------------მ განმარტა, რომ არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის გამომძიებელი. 2018 წლის 30 იანვარს ზ---------------ე უნდა შეხვედროდა მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს ზ-------------ას და მისთვის ქრთამის სახით უნდა მიეცა 3000 ლარი, რათა მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებში გაეწია სამსახურებრივი მფარველობა. ისინი შეხვდნენ ერთმანეთს ქ.ქუთაიში, და----------–-----–-----------ზე. შეხვედრა შედგა ზ-------------ას ავტომანქანაში და გაგრძელდა 7-10 წუთის განმავლობაში, რომელზეც ზ-------------ას თანხმობით, ხორციელდებოდა ფარული აუდიო-ვიდეო თვალთვალი, რის შემდეგაც ზ---------------ე გადმოვიდა და ჩაჯდა თავის ავტომანქანაში. როცა ზ-------------ამ მიანიშნათ, რომ ზ---------------ემ გადასცა ქრთამი, ლ-–---------------სთან და ა-–------------–---–თან ერთად დააკავა ზ---------------ე.

 

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ა-–------------–---–მა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ა------------------- განმარტა, რომ იგი არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის გამომძიებელი. განსახილველ საქმეზე 2018 წლის 21 იანვარს დაიწყო გამოძიება ზ-------------ას განცხადების საფუძველზე, უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ფაქტზე. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე. ამასთან განმარტა, რომ 2018 წლის 30 იანვარს, უშუალოდ იმყოფებოდა ქუთაისში, „ბალახვანის“ დასახლებაში ე.წ. „ასსაფეხურიან“ კიბესთან და თვალყურს ადევნებდა ზ-------------ას და ზ---------------ის შეხვედრას. იგი ზ--------ას ავტომანქანიდან, სადაც შეხვედრა მიმდინარეობდა, დაახლოებით 5-6 მეტრში იყო, იდგა წინა საქარე მინის მხარეს და კარგად ხედავდა, როგორ გადაუთვალა ზ---------------ემ ზ-------------ას თანხა. მისი წარმოდგენით, იდგა ისეთ ადგილზე, სადაც ზ---------------ეს ვერ უნდა დაენახა. შეხვედრის შემდეგ ზ-------------ასთან ერთად წავიდა საგამოძიებო ორგანოში, სადაც გამოკითხა იგი და მისგან ამოიღო ქრთამის სახით გადაცემული თანხა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ--------------მ განმარტა, რომ იგი არის ზ---------------ის მეზობელი. ზ---------------ის ღობე ინგრეოდა, იყო მეწყერსაშიში მდგომარეობა, რის გამოც გამაგრებით სამუშაოებს ასრულებდა რვაკაციან ე.წ. „ბრიგადასთან“ ერთად. მათ გახსნეს უკანა ეზოს ღობე, რათა მოჭრილი მიწა გადაეყარათ და ხევიც გაემაგრებინათ. ზ---------------ის თხოვნით, სულ დაახლოებით 10 დღე მოუწია მუშაობა. შემდეგ ზ---------------ემ სამშენებლო სამუშაოები შეაჩერა, რადგან მისივე განცხადებით, მშენებლობის პროექტი იყო დასამტკიცებელი მერიაში. რამდენიმე დღეში ზ---------------ე დააკავეს. სამუშაოების შესრულების პერიოდში მშენებლობის ობიექტზე მერიის წარმომადგენელი არ უნახავს.

 

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ----------–---–მა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე თ-----------–---–მა განმარტა, რომ ზ---------------ე არის მისი ცოლის ძმა. ქ---------–------–-----------------ში მდებარე სახლი 2010 წლიდან დროებით მის სახელზე იყო რეგისტრირებული, სანამ ზ---------------ის შვილი სრულწლოვანების ასაკს მიაღწევდა, თუმცა მას ამ სახლში არასდროს უცხოვრია. მისთვის ცნობილია, რომ ზ---------------ე ადგილზე აწარმოებდა სასტუმროს მშენებლობას, თუმცა გააჩნდა თუ არა სამშენებლო ნებართვა, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და არც ის იცის, ვინ აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს. მას პირადად არ მიუმართავს მერიისთვის რაიმე სამშენებლო ნებართვის გასაცემად. მოგვიანებით, ვინაიდან ეს ქონება იყო მის სახელზე რეგისტრირებული, დააჯარიმეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის მისაკუთრებასთან დაკავშირებით. 2017 წლის ბოლოს მან გენერალური მინდობილობა გადასცა ზ---------------ეს, ხოლო ორ თვეში საკუთრების უფლება გადასცა ზ---------------ის შვილს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე დ-------------მ განმარტა, რომ იგი არის ზ---------------ის მეზობელი. ქ---------–------–-----------------ში მდებარე ზ---------------ის შვილის სახლი იყო ძველი და ზ---------------ე აწარმოებდა სარემონტო, ხოლო უკან (ხევის) მხარეს - გამაგრებით სამუშაოებს. 2018 წლის 13 იანვარს, ზ---------------ემ უთხრა, რომ სარემონტო სამუშაოები შეაჩერა, რადგან მერიიდან იყვნენ მისული და იბარებდნენ, აპირებდა ვითარების გარკვევას. დაახლოებით ათ დღეში, იგი იყო ზ---------------ესთან ერთად, რა დროსაც დაურეკეს და საღამოს 20:00 საათისთვის დაიბარეს მერიაში, სადაც მარტო უნდა წასულიყო. ასევე ნახა, როგორ დაურეკეს ერთხელ ზ---------------ეს, რომელიც იყო სამუშაო ფორმაში და როგორ წავიდა იგი შეხვედრაზე. შესთავაზა გაყოლა, რაზეც ზ---------------ემ უპასუხა, რომ მარტო უნდა წასულიყო. მისთვის ცნობილი იყო, რომ ზ---------------ეს ჰქონდა რაღაც გადაცდომა და მერიის თანამშრომელი შეპირდა ამ პრობლემის მოგვარებას, რისთვისაც სთხოვდნენ თანხას. ზ---------------ე უკმაყოფილო იყო, ვინაიდან მოთხოვნილი თანხა იყო დიდი. რამდენჯერმე შეესწრო ზ---------------ის საუბარს, რომლის ინიციატორიც ყოველთვის იყო კომუნიკაციის მეორე მხარე. მისთვის ცნობილია, რომ პროექტი უკვე მზად იყო და უნდა შეეტანათ მერიაში დასამტკიცებლად. რაც შეეხება მიმდინარე მშენებლობას, პროექტის დამტკიცებამდე ადგილი ჰქონდა მხოლოდ იმ კედლის აშენებას, რომელიც იყო ჩამონგრეული.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ---------------მ განმარტა, რომ იგი არის ზ---------------ის მეუღლე. 2012 წელს მათ შეიძინეს ქ---------–------–-----------------ში მდებარე სახლი მათი არასრულწლოვანი ვაჟისთვის, სადაც მათი ვაჟის სრულწლოვანებამდე ცხოვრობდა მისი მული, ოჯახით. 2017 წელს გადაწყვიტეს მათი შვილისთვის გაერემონტებინათ სახლი. ეზოს უკანა მხარეს არის ხევი, რომელსაც სჭირდებოდა გამაგრება, რის გამოც შესრულდა აუცილებელი გამაგრებითი სამუშაოები. ამ პერიოდში მის მეუღლეს შეკვეთილი ჰქონდა მშენებლობის პროექტი, რომლის დამუშავების პერიოდში მაინც ასრულებდა სამუშაოებს, რათა დრო არ დაეკარგა და საქმე წინ წაეგდო. მისთვის ცნობილია, რომ მერიიდან იყვნენ მისული მშენებლობაზე, უკითხავთ, თუ ვინ იყო მეპატრონე და ჩაიწერეს მისი მეუღლის კოორდინატები. მეორედ მისვლისას აუხსნეს, რომ აუცილებელი იყო პროექტის წარდგენა. მისმა მეუღლემ განუმარტათ, რომ პროექტი ჰქონდა შეკვეთილი და წარადგენდა. ზ---------------ისგან იცოდა, რომ მერიის წარმომადგენელმა დაიბარა და სთხოვა შეხვედრა, ამასთან დაპირდა საკითხის მოგვარებას, რადგან შესაძლოა ჯარიმა გამოეწერათ. მერიის თანამშრომელმა ორჯერ დაიბარა მისი მეუღლე - ერთხელ მერიაში, მეორედ ბაღში და ორივეჯერ სამუშაოს შემდეგ, საღამოს საათებში შეხვდა. ზ---------------ე იმედოვნებდა, რომ შესაძლოა ჯარიმას გადარჩენილიყო, რადგან შეღავათს უკეთებდნენ და შესაძლოა პროექტის დასრულებასაც აცდიდნენ. შეხვედრებზე არავინ არ მიყავდა, რადგან მარტო შეხვედრას სთხოვდნენ. დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე მისი მეუღლე ეჭვობდა, რომ შესაძლოა დაეკავებინათ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე შ-----–----–---მ განმარტა, რომ ასრულებდა ქ.ქუთაისში, გ--–----ს ქუჩაზე მდებარე ზ---------------ის სახლის მოსაპირკეთებელ სამუშაოებს. ქუჩის მხარეს ჩამოშლილი იყო კედელი, რომელიც ცვიოდა სავალ გზაზე და ადგილი ჰქონდა ავარიულ სიტუაციებს, რის გამოც შესრულდა გამაგრებითი სამუშაოები. მოგვიანებით გაიგო, რომ მშენებლობაზე მისული იყვნენ მერიიდან, რაღაც დარღვევებთან დაკავშირებით, რასაც იგი პირადად არ შესწრებია. ერთ დილას, საუზმეზე ზ---------------ემ უთხრა, რომ ვერ დალევდა, რადგან მერიაში მიდიოდა. მისთვის ცნობილია, რომ მშენებლობას სჭირდებოდა პროექტი, რომელიც მზადდებოდა.

 

საჯარო რეესტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების, მდებარე ქ.ქუთაისი, გ--–----ს ქ. N----ში, საკადასტრო კოდი 0-----------, მესაკუთრეა თ-----------–---–ი.

 

საჯარო რეესტრის 2018 წლის 12 თებერვლის ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების, მდებარე ქ.ქუთაისი, გ--–----ს ქ. N----ში, საკადასტრო კოდი 0-----------, მესაკუთრეა თ-----------–---–ი.

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 4 დეკემბრის N----- ბრძანებით, ზ-------------ა გადაყვანილი იქნა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელად 2017 წლის 4 დეკემბრიდან.

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის N15 დადგენილებით, დამტკიცდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ზედამხედველობის სამსახურის დებულება, რომლის მიხედვით, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციებში, მათ შორის შედიოდა 1) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში მშენებარე შენობა–ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობა საპროექტო–ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან, ორგანიზაციულ–სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფა მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, კანონით დადგენილი წესით. 2) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, ობიექტის მშენებლობის შეჩერება ან/და დემონტაჟი, მის მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებების მომზადება.

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 31 იანვრის N0------ წერილით, ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურში ქ.ქუთაისში, გ--–----ს ქ. N----ში მდებარე შენობა-ნაგებობაზე ან მიწის ნაკვეთზე (ს/კ N0-----------) რაიმე სახის განცხადება არ შესულა და მშენებლობის ნებართვა არ გაცემულა.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის N4--------წ დადგენილებით, თ-----------–---–ს გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა, ასევე მიეთითა, რომ უნდა უზრუნველყოს თვითნებურად დაკავებული სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის გათავისუფლება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომზე გამოკვლეული იქნა ზ---------------ესა და ზ--------------ის 2018 წლის 29 იანვრის და 30 იანვრის შეხვედრების ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები:

 

- 2018 წლის 29 იანვრის ჩანაწერში: ზ-------------ას კითხვაზე, თუ რაში უხდიდა მას 3000 ლარს ზ---------------ე, ეს უკანასკნელი პასუხობს, რომ მის მშენებლობაზე არ უნდა მისულიყვნენ ზ-------------ას სამსახურიდან და რაც დასჭირდებოდა, გვერდით დასდგომოდა. ზ---------------ე სთხოვს ზ-------------ას, თუ არის შესაძლებელი, რაიმე საბუთის გაკეთება, თითქოს მის მშენებლობაზე ყველაფერი ნორმის ფარგლებშია. ზ---------------ე ასევე არწმუნებს ზ-------------ას, რომ მასთან დაახლოება და თანამშრომლობა უნდა. ზ---------------ის თქმით, მას უნდა, რომ სანდო ადამიანები გახდნენ ერთმანეთისთვის, რადგან სამომავლოდ დასჭირდება კიდევ ზ-------------ას დახმარება. ზ-------------ა უხსნის ზ---------------ეს, რომ მას მშენებლობის უკანა მხარეს აქვს დარღვევა, რაზეც ზ---------------ე პასუხობს, რომ პროექტი უკვე კეთდება.

 

- 2018 წლის 30 იანვრის ჩანაწერში: ზ---------------ის შეკითხვაზე, რა ხდება? ზ-------------ა პასუხობს, რომ ყველაფერი მოგვარებულია და მისი სამსახური არ შეაწუხებს ზ---------------ეს. ზ-------------ა ახსენებს ზ---------------ეს მის სიტყვებს: ,,მოგცემ 3000 ლარს, რომ არავინ შემაწუხოსო“. ზ---------------ე ინტერესდება, შესაძლებელია თუ არა ისეთი დოკუმენტის დამზადება, თითქოს ობიექტი შეამოწმეს და ყველაფერი რიგზეა, რაზეც ზ-------------ასგან უარი მიიღო. ზ-------------ა უხსნის, რომ ერთადერთი, რაც კეთდება არის პროექტის წარდგენა, რის შემდეგ პრობლემა არ შეექმნება. ზ-------------ა კიდევ ერთხელ უმეორებს ზ---------------ეს, რომ 3000 ლარს იმაში აძლევს მას ზ---------------ე, რომ მისმა თანამშრომლებმა არ შეაწუხონ, რაზეც იღებს ზ---------------ის დასტურს. ზ---------------ე ეუბნება, რომ შიში არავისი ექნება, რის შემდეგ გადასცემს ქრთამის სახით თანხას.

 

2018 წლის 30 იანვრის ამოღების ოქმის თანახმად, გამომძიებელმა ა------------------- ზ-------------ასგან ამოიღო ზ---------------ის მიერ მისთვის ქრთამის სახით გადაცემული თანხა 3000 ლარი (30 ცალი ასლარიანი კუპიურა).

 

ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებები გახლავთ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული და გამოკვლეული მტკიცებულებები, რომელთა შეფასების საფუძველზე სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ზ---------------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. განაჩენის გამოტანისას სასამართლო ხელმძღვანელობს და ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში მკაცრად გაწერილ კრიტერიუმებს და მოთხოვნებს, რომლებიც იცავენ პიროვნებას უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდების შემთხვევაში დამნაშავედ გამოცხადებისაგან. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლში მითითებულია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს პალატა აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულელების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ასევე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მსჯელობას, რომ თითქოსდა საქმეზე არ არის წარმოგდენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც მიუთითებდა ზ---------------ის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაზე. დაცვის მხარის აღნიშნული მსჯელობა აშკარად ტენდენციური და მტკიცებულებებთან შეუსაბამოა, რის გამოც გაზიარებული ვერ იქნება. ზემოთ მოყვანილი მტკიცებულებების უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თვალსაზრისით შეფასების შემდეგ, პალატა მიდის დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, სანდო, სარწმუნო და ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას. სახეზეა ყველა ის ნიშანი, რაც ახასიათებს აღნიშნულ დანაშაულს და რაც აუცილებელია მითითებული ბრალდებით პირის მსჯავრდებისათვის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლით კრიმინალიზებულია ქრთამის მიცემა, ე.ი. მოხელისათვის ან მასთან გათანაბრებული პირისათვის პირდაპირ ან არაპირდაპირ, მის ან სხვა პირის სასარგებლოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის დაპირება, შეთავაზება ან მინიჭება, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის ან სხვა პირის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან, ან გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, აგრეთვე განახორციელოს სამსახურებრივი მფარველობა. დანაშაული ფორმალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება და დამთავრებულია ქრთამის საგნის დაპირების, შეთავაზების ან მინიჭების მომენტიდან, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა შესრულებული მოხელის მეირ ქრთამით განპირობებული მოქმედება. ქრთამის მიცემისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ის საზოგადოებრივი ურთიერთობები, რომლებიც ირღვევა მისი ჩადენისას და ამით ილახება სახელწიფო ხელისუფლების, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მისი მოხელეების პრესტიჟი და ავტორიტეტი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით კი, ქმედების დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ქრთამის მიცემა უკანონო მოქმედების ჩასადენად, რაც კიდევ უფრო ზრდის ამ დანაშაულის საშიშროებას.

 

პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მოწმე ზ-------------ას ჩვენებას, მის თანმიმდევრულობასა და შესაბამისობას საქმეზე დადგენილ სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ უკანასკნელმა მოახსენა სასამართლოს, რომ მას შემდეგ, რაც ზ---------------ეს აუხსნა, თუ რა დარღვევებს ჰქონდა ადგილი მის მიერ ნაწარმოებ მშენებლობის ობიექტზე და ასევე მოახსენა, რომ წითელი ხაზების დარღვევის ოფიციალურად დადგენის შემთხვევაში მოხდებოდა მისი დაჯარიმება, ზ---------------ემ არ ისურვა საუბრის ზ-------------ას კაბინეტში გაგრძელება და შეუთანხმდა ქალაქის ცენტრალურ უბანში შეხვედრაზე. ისინი საღამოს შეხვდნენ ერთმანეთს დათქმულ ადგილას, სადაც ზ---------------ემ 3000 ლარის გადაცემის სანაცვლოს სთხოვა დახმარება. კერძოდ უთხრა, რომ მიმდინარე სამუშაოების შესრულებაში ქ.ქუთაისის მერიის ზედამხეველობის სამსახურის თანამშრომლებს არ შეეშალათ ხელი და ამასთან, შემდგომშიც თუ დასჭირდებოდა რაიმე სახის დახმარება, გვერდში დადგომოდა, როგორც ზედამხედველობის სამსახურის უფროსი. აღნიშნულის შემდეგ კი ზ---------------ე ურეკავდა და ელოდებოდა მისგან პასუხს. მოწმემ ასევე დაადასტურა მის მიერ ნებაყოფლობით, ფარულ საგამოძიებო მოქედებებში ჩართვა და მათი განხორციელება კანონის შესაბამისად. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მეთვალყურეობის ქვეშ ორჯერ შედგა მათ შორის შეხვედრა. მოწმემ ზ---------------ეს ჰკითხა, თუ რისთვის უნდა მიეცა მისთვის 3000 ლარი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ ამ თანხას იხდიდა ამ საქმეში მფარველობისათვის. ასევე, მას ქონდა ბევრი სამშენებლო საქმე, რაშიც გვერდში დგომა და დახმარება დასჭირდებოდა და მისგან არაფერი არ უნდა გახმაურებულიყო. მეორე შეხვედრაზე ისაუბრეს ზ-------------ას ავტოამნქანაში, რა დროსაც ზ---------------ე დაინტერესდა 3000 ლარის გადახდის შემთხვევაში, რა გარანტიები ექნებოდა, რაზეც მოწმისაგან მიიღო დაპირება, რომ შეეძლო მერიისათვის მიემართა მშენებლობის ნებართვის გასაცემად, ამ პერიოდში კი ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები არ შეაწუხებდნენ. ამის შემდეგ ზ---------------ემ მას გადასცა ფულადი თანხის შეკვრა და დატოვა მისი ავტომანქანა.

 

პალატის შეფასებით, მოწმე ზ-------------ას ჩვენება არის სრულყოფილად თანმიმდევრული და დამაჯერებელი. მასში არ ვლინდება არაერთგვაროვანი პასუხები, საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს ასახავს სრულყოფილად და ზედმიწევნით, რის გამოც სასამართლოს მის გულწრფელობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია. მან სასამართლო სხდომაზე აშკარად მიუთითა ბრალდებულზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე და განმარტა, რომ ზ---------------ემ თვითონ შესთავაზა ქრთამის სახით 3000 ლარის გადახდა, იმ მიზნით, რომ მერიის თანამშრომლებს ხელი არ შეეშალათ მისთვის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებში, ასევე მომავალშიც საჭიროების შემთხვევაში მერიის ზედამხედველობის სამსახურს მისთვის პრობლემები არ შეექმნა.

 

საქმის არსებითი განხილვისას არ ყოფილა გამოკვლეული არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ზ-------------ას ან სახელმწიფო ხელისუფლებისა თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების რომელიმე წარმომადგენელს რაიმე სახის ინტერესი გააჩნდა მსჯავრდებულების მიმართ, რის გამოც ზვაიდ ჯ-----ამ იცრუა სასამართლოს წინაშე და ამოძრავებდა ზ---------------ის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში უმიზეზოდ მიცემის სურვილი.

 

ამასთან, პალატა განმარტავს, რომ ზ---------------ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი არ ემყარება მხოლოდ მოწმე ზ-------------ას ჩვენებას. მის მიერ სასამართლოსათვის მოწოდებული ინფორმაცია სრულ თანხვედრაშია და გამყარებულია სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულებით, მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით. 2018 წლის 29 იანვრის შეხვედრაზე ზ-------------ა ეკითხება ზ---------------ეს, თუ რაში უხდიდა მას 3000 ლარს. ზ---------------ე კი ნათლად და გასაგებად პასუხობს, რომ მის მშენებლობაზე არ უნდა მისულიყვნენ ზ-------------ას სამსახურიდან და რაც დასჭირდებოდა, გვერდით დასდგომოდა. ზ---------------ე ასევე არწმუნებს ზ-------------ას, რომ მასთან დაახლოება და თანამშრომლობა უნდა; სურს სანდო ადამიანები გახდნენ ერთმანეთისთვის, რადგან სამომავლოდ დასჭირდება კიდევ ზ-------------ას დახმარება. 2018 წლის 30 იანვრის შეხვედრის ჩანაწერით კი, ზ-------------ა კიდევ ერთხელ უმეორებს ზ---------------ეს, რომ 3000 ლარს იმაში აძლევს მას, რომ მისმა თანამშრომლებმა არ შეაწუხონ, რაზეც იღებს ზ---------------ის დასტურს. ამის შემდეგ ზ---------------ე ზ-------------ას გადასცემს თანხას ქრთამის სახით. წარმოდგენილი ჩანაწერების ანალიზის შედეგად ნათელია, რომ სწორედ ზ---------------ის მხრიდან იყო შეთავაზებული 3000 ლარი ზ-------------ასათვის, გარკვეული მფარველობის გასაწევად. ხოლო, მოცემულ შემთხვევებში ზ-------------ა მხოლოდ აზუსტებინებს შეთავაზების პირობებს და იმ მოქმედებების შინაარსს, რაც უნდა განახორციელოს ზ---------------ისათვის შეთავაზებული ქრთამის სანაცვლოდ. რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას, რომ ჩანაწერებში ზ---------------ე არცერთ შემთხვევაში არ აკეთებს ზ-------------ასათვის 3000 ლარის შეთავაზებას, ბუნებრივია, რომ მოცემულ შემთხვევაში ამაზე შესაძლოა აღარც ყოფილიყო საუბარი. ქრთამის შეთავაზება ზ-------------ასათვის მოხდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების დაწყებამდე, ხოლო მომდევნო შეხვედრებზე ისინი აზუსტებდნენ გარკვეული პირობებს. თავად ჩანაწერების შინაარსიდანაც ნათელია, რომ მათ შორის მიმდინარე საუბარი არის უკვე განხილული საკითხის გაგრძლება და დაკონკრეტება. პალატა განმარტავს, რომ ხსენებული ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით, მოსამართლის განჩინების საფუძვლეზე; მათი განროციელებისას ადგილი არ ქონია კანონის მოთხოვნებთან რაიმე სახის შეუსაბამობას.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, რომ მსჯავრდებული არის პროვოცირებული დანაშაულის მსხვერპლი, აღნიშნულთან დაკავშირებით საკმაოდ ამომწურავი მსჯელობა იქონია პირველი ინსტანციის სასამართლომ, რასაც სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ზ-------------ას ქმედებაში დანაშაულის პროვოკაციის ნიშნები არ იკვეთება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ პოლიცია უფლებამისილია ჩაატაროს ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რაც თავისთავად არ არღვევს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო შეისწავლის, თუ რამდენად ჰქონდა ადგილი დანაშაულის წაქეზებას პირის მხილების განზრახვით (Ramanauskas v. Lithuania, § 51; Khudobin v. Russia, §128). პალატა ასევე ყურადღებას გაამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებაზეც „ბიკოვი რუსეთის წინააღმდეგ“, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ განმცხადებელი არ იყო წინასწარ პატიმრობაში, არამედ იგი თავისუფალი იყო და არ იმყოფებოდა პოლიციის ინფორმატორის მიღების და მასთან საუბრის წნეხის ქვეშ. ის თავისუფალი იყო, ასე მოქცეულიყო. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ მტკიცებულების მოპოვება არ „შეიცავდა იძულების ან ზეწოლის ელემენტს“ და ადგილი არ ჰქონდა მე-6 მუხლის დარღვევას. სწორედ ანალოგიურ გარემოებასთან გვაქვს საქმე განსახილველ შემთხვევაში, როდესაც ზ---------------ეს არცერთ შემთხვევაში არ ქონია შეზღუდული მოქმედების თავისუფალი ნება; ზ-------------ას მხრიდან 3000 ლარის გადაცემაზე საუბარი მისთვის უცხო არ იყო და ყოველ ჯერზე აკონკრეტებდა, რომ შეთავაზებულ 3000 ლარს აძლევდა გარკვეული მფარველობის სანაცვლოდ.

 

მოწმე ზ-------------ას ჩვენება მის მიერ აზომვითი სამუშაოების შესრულების დავალებისა და ზ---------------ის სამშენებლო ობიერქტზე დარღვევების გამოვლენის შესახებ, სრულ შესაბამისობაშია მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების დ----------------------------------------–-–---–ის ჩვენებებთან; ხოლო სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები - ლ-–---------------, გ--------------- და ა-–------------–---–ი იგივე თანმიმდევრობით და შინაარსით აღწერენ 2018 წლის 30 იანვარს ზ-------------ასა და ზ---------------ის შეხვედრის, ქრთამის მიცემის შესახებ მინიშნების მიღებისა და ზ---------------ის დაკავების დეტალებს, როგორც თავად ზ-------------ა.

 

დაცვის მხარე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მოწმეების ზ-------------ასა და ა-----------------ის ჩვენებებს შორის არსებულ წინააღმდეგობებზეც და ასევე მიუთითებს, რომ ა-----------------ე ქრთამის გადაცემის ადგილას არ იმყოფებოდა, იქ არავის დაუნახავს. პალატამ შეაფასა რა ხსენებული მოწმეების მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფირმაცია, განმარტავს, რომ ასრებითი ხასიათის უზუსტობები მათ შორის არ გამოვლენილა და დაცვის მხარის აპელირება ვერ გახდება მათი ჩვენებების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი. ა------------------- აღნიშნა, რომ 2018 წლის 30 იანვარს უშუალოდ იმყოფებოდა ზ-------------ას და ზ---------------ის შეხვედრის ადგილას. იგი ზ--------ას ავტომანქანიდან, 5-6 მეტრში იდგა წინა საქარე მინის მხრიდან და კარგად ხედავდა, როგორ გადაუთვალა ზ---------------ემ ზ-------------ას თანხა. მოწმემ დაადასტურა, რომ იდგა ისეთ ადგილას, სადაც ზ---------------ეს ვერ უნდა დაენახა. შეხვედრის შემდეგ ა-----------------ე ზ-------------ასთან ერთად წავიდა საგამოძიებო ორგანოში. მართალია, ა-----------------ისა და ზ-------------ას ჩვენებებში თანხის გადათვლასთან დაკავშირებით იკვეთება გარკვეული შეუსაბამობები, ვინაიდან ზ-------------ას განმარტებით, მას თანხა არ დაუთვლია, ისე გამოართვა ზ---------------ეს, თუმცა უშუალოდ ზ-------------ას მიერ თანხის დათვლის ფაქტს არ არასტურებს არც ა-----------------ე. მისი განმარტებით, ზ---------------ემ გადაუთვალა თანხა ჯ-----ას. ამასთან, ა-----------------ე ავტომანქანაში არ იმყოფებოდა, იგი 5-6 მეტრის დაშორებით იდგა და იქიდან ადევნებდა თავლყურს შეხვედრას. ამდენად, თანხის გადაცემის მომენტში გარკვეული მოძრაობები შესაძლებელია მას თანხის გადათვლადაც აღექვა. თანხის უტყუარად გადაცემის ფაქტი დასტურდება ზ-------------ას ჩვენებით, ფარული ჩანაწერებით და აღნიშნული არც თავად ზ---------------ემ არ უარყო სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე.

 

ზ-------------ასა და ა-----------------ის ჩვენებები გამყარებულია 2018 წლის 30 იანვრის ამოღების ოქმით, რომლის თანახმადაც, გამომძიებელმა ა------------------- ზ-------------ასგან ამოიღო ზ---------------ის მიერ მისთვის ქრთამის სახით გადაცემული თანხა 3000 ლარი (30 ცალი ასლარიანი კუპიურა). საგამოძიებო მოქმედება განხორციელდა გამოძიების მწარმოებელი ორგანოს ადმინისტრაციულ შენობაში, თუმცა, იმ პირობებში, როდესაც ზ-------------ას შემთხვევის ადგილის დატოვებისას ავტომანქანაში ჩაუჯდა გამომძიებელი და ერთად მივიდნენ ამოღების ჩატარების ადგილას, ზ-------------ასაგან ამოღებული ფულადი თანხის გამოცვლის ფაქტი პალატისათვის დამაჯერებლობას მოკლებულია. რაც შეეხება იმ გარემოებებს, რომ ა-----------------ე იდგა 5-6 მეტრის მოშორებით, ხოლო ზ-------------ას ავტომობილში ჩაჯდა დაახლოებით 100 მეტრში, ისინი არ მოდის ერთმანეთთან წინააღმდეგობაში, ვიანიდან არცერთ მოწმეს არ განუცხადებია, რომ ზ-------------ამ დაუყოვნებლივ დატოვა შემთხვევის ადგილი, ან ა-----------------ე ზ---------------ის ავტომობილიდან გადასვლისთანავე, შემთხვევის ადგილზე ჩაჯდა ზ-------------ას ავტომობილში.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას, რომ ზ---------------ეს არანაირი მოტივი არ ქონდა 3000 ლარის ოდენობით ქართამი შეეთავაზებინა ზ-------------ასთვის, ვინაიდან მის მიერ განხორციელებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევაც ჯარიმის სახით ითვალისწინებდა თანხის დაკისრებას 3000 ლარის ოდენობით, პალატა მიუთითებს საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობაზე, რომლის თანახმადაც ზ---------------ე ზ-------------ასგან მოითხოვდა არა მხოლოდ მიმდინარე მშენებლობაზე ხელის შეშლისაგან თავის შეკავებას, ასევე შემდგომში სამშენებლო თუ სხვა სახის საქმეებში მის გვერდით ყოფნას და დახმარებას.

 

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე პალატა დაწვრილებით მსჯელობას აღარ იქონიებს, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები კი წინააღმდეგობაში მოდის ბრალდების მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან და მოკლებულია დამაჯერებლობას.

 

დაცვის მხარე ასევე სადავოდ მიიჩნევს იმ გარემოებებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა ბრალდების მტკიცების ტვირთი და მსჯავრდბეული დაავალდებულა - თავად მოეპოვებინა მისი უდანაშაულობის მადასტურებელი მტკიცებულებები. პალატა ვერ დაეთანხმება აპელანტის აღნიშნულ მსჯელობას და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. შესაბამისად, დაცვის მხარე ისევე იყო უფლებამოსილი, როგორც ბრალდების მხარე, რომ როგორც პირადად, ასევე სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვის საფუძველზე მოეპოვებინა აღნიშნული მტკიცებულებები. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ და სასამართლოსათვის წარდგენილ მტკიცბულებებს, ბუნებრივია, თუკი გამოძიება საჭიროდ ჩათვლიდა სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას და მათ შედეგებს მტკიცებულების სახით წარადგენდა, მათ მიეცემოდათ სათანადო შეფასება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თუმცა აღნიშნული მტკიცებულებების წარმოუდგენლობა სულაც არ აკნინებს იმ მტკიცებულებების სანდოობას და რელევანტურობას, რაც წარმოდგენილი და გამოკვლეული იქნა სასამართლოში და რის საფუძველზეც უტყუარად დადასტურდა ზ---------------ის მიერ ბრალად წარდგენი

ლი ქმედების ჩადენის ფაქტი.

 

რაც შეეხება ზაურ ბაკურძის მიერ ჩადენილი ქმედების დამამძიმებელ გარემოებას - ქრთამის მიცემა ჩადენილი უკანონო ქმედების ჩასადენად, პალატა განმარტავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის N4--------წ დადგენილებით, თ-----------–---–ს გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა, ასევე მიეთითა, რომ უნდა უზრუნველყოს თვითნებურად დაკავებული სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის გათავისუფლება. ამდენად, საქმეზე უტყუარად დადგენილი ფაქტია, რომ ზ---------------ემ აწარმოა უნებართვო მშენებლობა და თვითნებურად დაიკავა სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ფართობი. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ზედამხედველობის სამსახურის დებულების თანახმად, კი ზედამზედველობის სამსახური ვალდებული იყო არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, ობიექტის მშენებლობის შეჩერება ან/და დემონტაჟი, მის მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებების მომზადება. ზემოაღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობა მერიის ზედამხედვლობის თანამშრომლების მხრიდან, რა თქმა უნდა, წარმოადგენს კანონდარღვევას და მათზე დაკირსებული მოვალეობების შეუსრულებლობას. სწორედ აღნიშნული უკანონო ქმედების ჩადენას მოითხოვდა ზ---------------ე ზ-------------ასგან, რათა ამ უკანასკნელს არ ემოქმედა შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად და რეაგირება არ მოეხდინა ზ---------------ის მიერ განხორციელებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე. ქრთამის მიმცემის მიერ წაყენებული პირობების დათანხმებისა და ზ---------------ისათვის მფარველობის გაწევის შემთხვევაში სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული თუ რომელი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია მიეცემოდა ზ-------------ას ქმედებას, აღნიშნული არ წარმოადგენს ზ---------------ის სისხლის სამართლის ფარგლებში განსახილველ საკითხს. მოცემულ შემთხვევაში დადასტურებული ფაქტია, რომ ზ---------------ე ზ-------------ას მოუწოდებდა 3000 ლარის სანაცვლოდ განეხორციელებინა უკანონო ქმედება, კერძოდ, არ შეესრულებინა შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნა და მისთვის მიეცა თვითნებურად დაწყებული მშენებლობის ბოლომდე მიყვანის შესაძლებლობა. ამასთან, პალატა ვერ დაეთანხხმება დაცვის მხარის აპელირებას, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილის ჩანაწერი - „უკანონო ქმედება“, მოიცავს მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისიწნებული დანაშაულის ჩადენას. უკანონო ქმედებას წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების უგულვებელყოფა და მოქმედება მათი დარღვევით.

 

ამდენად, პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები და აღნიშნავს, რომ ზ---------------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული დასკვნები სრულ შესაბამისობაშია საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან და საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. სახეზეა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ, რომ ზ---------------ემ ჩაიდინა ქრთამის მიცემა ე.ი. მოხელისათვის პირდაპირ ფულის შეთავაზება და გადაცემა, რათა ამ მოხელემ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან და გაუწიოს სამსახურებრივი მფარველობა, ჩადენილი უკანონო ქმედების ჩასადენად, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ზ---------------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არ არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ამასთან, სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ზ---------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები (არ გააჩნია), დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი და ჩადენილი ქმედებების სიმძიმის და საზოგადოებრივი საშიშროების მხედველობაში მიღებით მიზანშეწონილად მიიჩნია მისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, რასაც სააპელაციო პალატა ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ დადგენილი სანქციის ფარგლებში დანიშნულია ადეკვატური, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი. დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებიდან გამომდინარე, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

შესაბამისად, პალატა ადგენს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯვრდებულ ზ---------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი;

 

ზ---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ზ---------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 30 იანვრიდან.

 

ზ---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

- ზ-------------ასგან ამოღებული, ქრთამის სახით მიცემული ფული 3000 ლარი, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გადაეცეს სახელმწიფო ბიუჯეტს.

 

- ზ---------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 1465 ლარი, 7000 ლარი, სალაროს გასავლის ორდერი, შავი ფერის საფულე, მასში მოთავსებული 1621 აშშ დოლარი, 11 ლარი, მართვის მოწმობა, მოქალაქის პირადობის მოწმობა, ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა, ორი პლასტიკური ბარათი, 49600 ლარი, სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული მაგთიკომის სიმ-ბარათით და მეხსიერების ბარათით და სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული ბილაინის ფირმის სიმ-ბარათით, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

- ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ორი DVD-R და ერთი CD-R დისკი, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. კაპანაძე