განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210018002712969
საქმე №2/ბ-6-19წ.
ganCineba
საქართველოს სახელით
27 თებერვალი 2019 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე, მომხსენებელი: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი: ა------ გუ-------ა
წარმომადგენელები: ი--- ბო-–---------ი, მ--- სი----ე
მოწინააღმდეგე მხარე: ც------ ელ---ე, ნ-------- მო–------–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა: სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმება
სააპელაციო პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2018 წლის 07 ნოემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს ა------ გუ-------ას წარმომადგენლებმა ი--- ბო-–---------მა და მ--- სი----ემ, მოპასუხედ დაასახელეს ც------ ელ---ე და ნ-------- მო–------–ი და მოპასუხეთა მიერ, უძრავ ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინებით, ა------ გუ-------ას უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ა------ გუ-------ას მისამართად სარჩელში მითითებულია „საფრანგეთი“, რაც ვერ ჩაითვლება სსკ-ის 178-ე მუხლის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული სარჩელის სავალდებულო რეკვიზიტის სათანადო ფორმით მითითებად.
სასამართლომ განუმარტა მოსარჩელე მხარეს, რომ ის ვალდებულია სარჩელში დააზუსტოს და სრულყოფილად მიუთითოს თავისი მისამართი. მისამართის სრულყოფილად მითითება წარმოადგენს მოსარჩელის პირდაპირ ვალდებულებას, რომელიც არ ატარებს ფორმალურ ხასიათს, არამედ ის წარმოადგენს მხარეთან კომუნიკაციის დამყარების წინაპირობას, რაც როგორც სასამართლოსათვის ასევე მოდავე მხარეებისთვისაც წარმოადგენს მნიშვნელოვან ფაქტორს საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების, საპროცესო მოქმედებათა ეფექტურად განხორციელების თვალსაზრისით.
გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის 'ზ" "ლ" ქვეპუნქტების თანახმად, სარჩელში უნდა აღინიშნოს მოსარჩელის მოთხოვნა, ასევე უნდა აღინიშნოს ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი, თუ აღძრულია აღიარებითი სარჩელი.
იურიდიული ინტერესის არსებობა გულისხმობს იმ შედეგების მითითებას, რომლის მიღწევის უზრუნველსაყოფადაც მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს სარჩელით.
იურიდიული ინტერესის მიუთითებლობის შემთხვევაში, სარჩელი ვერ დააკმაყოფილებს დასაშვებობის მთავარ პირობას, ვინაიდან იურიდიული ინტერესი უნდა იყოს ის პირდაპირი შედეგი, რასაც უნდა იწვევდეს აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილება.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი უძრავი ნივთზე საკუთრების უფლების აღდგენაა. თუმცა აღძრულია აღიარებითი სარჩელი მიკუთვნებითი მოთხოვნის გარეშე, რაც იურიდიული ინტერესის დაკმაყოფილების საშუალებას არ იძლევა.
ზემოთ ხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას, რაც სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს ა------ გუ-------ას წარმომადგენელებმა ი--- ბო-–---------მა და მ--- სი----ემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის წარმოებაში მიღება მოითხოვეს.
კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, სასამართლომ არასწორად უთხრა უარი სარჩელის მიღებაზე.
სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის ერთ-ერთი საფუძველია მოსარჩელის მისამართის სრულად მიუთითებლობა, თუმცა ეს ვერ დააბრკოლებს სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ვინაიდან სარჩელში მითითებულია წარმომადგენლების სრული მისამართები და საკონტაქტო მონაცემები, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული მიზნის განხორციელებას.
გარდა ამისა, არასწორია მსჯელობა იურიდიული ინტერესის დაუსაბუთებლობის შესახებ. მათი მოთხოვნაა მოპასუხეთა მიერ დადებული თვალთმაქცური გარიგებების ბათილად ცნობა, რაც კანონის თანახმად იწვევს შესრულების რესტიტუციას, ანუ ამ გარიგებით გამოწვეული სამართლებრივი შედეგების ანულირებას და მხარეებს უბრუნდებათ ის პირვანდელი მდგომარეობა, რომელიც არსებობდა გასაჩივრებული გარიგების დადებამდე.
შესაბამისად, გარიგებების ბათილად ცნობის შემთხვევაში, მოსარჩელეს დაუბრუნდება საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე, რაც ადასტურებს იურიდიული ინტერესის შესაბამისობას ხელშეკრულების ბათილობით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგებთან.
გასაჩივრებული განჩინების უცვლელად
დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ 2018 წლის 07 ნოემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს ა------ გუ-------ას წარმომადგენლებმა ი--- ბო-–---------მა და მ--- სი----ემ, მოპასუხედ დაასახელეს ც------ ელ---ე, ნ-------- მო–------–ი და მოპასუხეთა მიერ, უძრავ ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვეს.
დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინებით, ა------ გუ-------ას უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე.
დასახელებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს ა------ გუ-------ას წარმომადგენელებმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის წარმოებაში მიღება მოითხოვეს.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს განჩინებას კერძო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
ამავე კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” პუნქტით სარჩელში უნდა აღინიშნოს ,,ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი, თუ აღძრულია აღიარებითი სარჩელი”.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სამოქალაქო საქმეებზე ერთგვაროვან პრაქტიკასთან მიმართებაში განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, აღიარებითი სარჩელის წარდგენისას მოსარჩელე ვალდებულია მიუთითოს იურიდიული ინტერესი ასეთი აღიარების მიმართ. იურიდიული ინტერესის არსებობისათვის კი აუცილებელია არსებობდეს მხარეთა შორის დავა უფლების თუ სამართლებრივი ურთიერთობის თაობაზე; მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლებაში, ასეთი დავა უნდა ქმნიდეს უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, ამ გადაწყვეტილებას გარკვეული სარგებლობა უნდა მოჰქონდეს მოსარჩელისათვის.
აღიარებითი სარჩელი დაუშვებელია, თუ შესაძლებელია აღიძრას სარჩელი თვით ვალდებულების შესრულების თაობაზე.
ამდენად, აღიარებითი სარჩელი აღიძვრება მხოლოდ მაშინ, როცა მიკუთვნებითი სარჩელის გამოყენება არ არის შესაძლებელი. ყოველთვის, როცა მოსარჩელეს შეუძლია მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელით სარგებლობა, აღიარებითი სარჩელის გამოყენება დაუშვებელია. ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელე ვერ იქნება ამ უკანასკნელით სამართლებრივად დაინტერესებული, რადგან მას შესაძლელობა აქვს სარჩელის სხვა ფორმით უკეთესად მიაღწიოს მიზანს.
აღიარებითი სარჩელის დროს, განსხვავებით მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელისაგან, მოსარჩელეს უფლება ჯერ კიდევ არაა დარღვეული, მაგრამ არსებობს მისი მომავალში დარღვევის საშიშროება.
როგორც ა------ გუ-------ას სარჩელის შინაარსით და მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით ირკვევა, მოსარჩელის უფლება უკვე დარღვეულია, სადავო გარიგებების საფუძველზე დაკარგა საკუთრების უფლება და მისი მიზანია, 2014 წლის 16 ივლისს, ც------ ელ---ის მიერ, ა------ გუ-------ას უძრავ ქონებაზე, თავისთავთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების, როგორც ამორალური გარიგების, ასევე ც------ ელ---ეს და ნ-------- მო–------–ს შორის, 2016 წლის 17 ივნისს დადებული თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობა, თუმცა მოთხოვნა ასეთი აღიარების შედეგად საკუთრების უფლების აღდგენის/რეგისტრაციის თაობაზე დაყენებული არ აქვს.
ამდენად საჩივარში მითითებული მსჯელობა იმის თაობაზე, რომ სადავო გარიგებების ბათილად ცნობა თავისთავად გამოიწვევს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას და მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენის გარეშე გამოიწვევს ამ ქონების მოსარჩელის საკუთრებაში გადასვლას-გაზიარებული ვერ იქნება.
გარდა ამისა, ასევე ვერ იქნება გაზიარებული საჩივარში მითითებული ის მსჯელობა, რომ სარჩელში, მხოლოდ წარმომადგენლის მისამართის სრულად დაფიქსირება საკმარისია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე და 178-ე მუხლების დაცვით სარჩელის წარდგენილად მიჩნევისათვის, ვინაიდან კანონი იმპერატიულად განსაზღვრავს მხარეთა, მათ შორის მოსარჩელის სწორი-ზუსტი მისამართის დაფიქსირების ვალდებულებას, ამ წესის დარღვევის შემთხვევაში, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ა------ გუ-------ას სარჩელი არ აკმაყოფილებს სსკ-ის 177-178-ე და 180-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, სსკ-ის 186-ე მუხლის პირველი მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სწორად ეთქვა სარჩელს მიღებაზე უარი. აღნიშნული გარემოება კი გამორიცხავს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შესაძლებლობას.
ვინაიდან, სარჩელს მიღებაზე ეთქვა უარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლომ, ასევე სწორად გააუქმა მოცემულ სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.
სააპელაციო პალატა დამატებით მიუთითებს:
დადგენილია, რომ ა------ გუ-------ას კერძო საჩივართან დაკავშირებით 2019 წლის 28 იანვარს, №0 საგადასახადო დავალების საფუძველზე, სს „თიბისი ბანკი”-ში, დ-------- ბა-------ის მიერ, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 50 ლარი შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22, სახაზინო კოდი 300183150.
კერძო საჩივარზე დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებით, სსიპ ს--–---–-----------------------------------------–----------------–------------–---- მიერ 2019 წლის 01 თებერვლის ცნობაში დაფიქსირებულია, ა------ გუ-------ა წარმოადგენს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონეს და 01.06.2011 წლიდან- ცვლილებამდე ღებულობს პენსიას თვეში 200 ლარის ოდენობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, თუ სარჩელის აღძვრის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, სახელმწიფო ბაჟის ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს მოსამართლე, შემდეგ კი ხდება დამატებით გადახდევინება ან ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნება საქმის გადაწყვეტისას დადგენილი სარჩელის ფასის შესაბამისად.
ამავე კოდექსის მე-7.2 მუხლის თანახმად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია).
იმის გათვალისწინებით, რომ ა------ გუ-------ა წარმოადგენს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონეს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46.2 მუხლისა და "სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "მ" ქვეპუნქტის შესაბამისად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, სსკ-ის მე-7.2 და 42-ე მუხლის საფუძველზე უნდა დაუბრუნდეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინებაზე მის კერძო საჩივართან დაკავშირებით შეცდომით, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი-50 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა------ გუ-------ას (წარმომადგენლები - ი--- ბო-–---------ი, მ--- სი----ე) კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინება;
3. ა------ გუ-------ას დაუბრუნდეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინებაზე, მის კერძო საჩივართან დაკავშირებით, 2019 წლის 28 იანვარს, №0 საგადასახადო დავალების საფუძველზე, სს „თიბისი ბანკი”-ში დ-------- ბა-------ის მიერ, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22, სახაზინო კოდი 300183150;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე