განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.02.2019
საქმის ნომერი
330210017001992990
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობანი
თარიღი
21.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017001992990

საქმე №2ბ/5871-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

21 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე - გოგიტა თოთოსაშვილი

მოსამართლეები: ლევან გვარამია

გელა ქირია

 

სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი

 

აპელანტი - გ--–----–----–---–ი

წარმომადგენელი- კ----–----------ა

 

მოწინააღმდეგე მხარე - ე-–----–--–------ე

წარმომადგენელი- შ--–---------–---–ი

 

დავის საგანი - საზიარო უფლების გაუქმება აუქციონზე რეალიზაციის გზით

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ე-–----–--–------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ე-–----–--–------ესა და გ--–----–----–---–ს შორის საზიარო უფლება ნივთზე, მდებარე, ქ-------–--–----–--–-----------–--- (დ-----–-------------------) კ--------–------, კ-----------, ბ------, ფართით 17.00 კვ.მ. ს/კ N0----------------------, საზიარო საგნის გაყიდვის გზით. საზიარო საგნის გაყიდვით ამონაგები თანხა ე-–----–--–------ესა და გ--–----–----–---–ს შორის განაწილდა მათი წილების მიხედვით და ამონაგები თანხიდან თითოეულს მიეკუთვნა შესაბამისი წილი.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებულ ნაწილში

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. გ--–----–----–---–ი და ე-–----–--–------ე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არიან უძრავი ქონების, მდებარე, ქ-------–--–-, დ-----–-----–--–-- (დ-----–-------------------), კ--------–----, კ-------------, ბ------, ფართით 17.00 კვ.მ. თანამესაკუთრეებად.

 

2.2. მხარეთა საზიარო საგანზე, მოსარჩელე ე-–----–--–------ის საკუთრების წარმოშობის საფუძველია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის N2ბ/901-12, გადაწყვეტილება.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.3. საზიარო საგნის ნატურით გამიჯვნის შეუძლებლობა განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, ასევე ს--- ლ----------------–--------–-----------------–------------------------------–----------- დასკვნითაც, რომლის მიხედვით, საცხოვრებელ ბინას გააჩნია ერთი შესასვლელი, საცხოვრებელი ბინის, თანამესაკუთრეთა კუთვნილ წილთა პროპორციულად გამიჯვნის შემთხვევაში, საჭიროა დამატებით მოწყობილ იქნეს სველი წერტილი (საპირფარეშო) და შესასვლელი, რითაც ირღვევა სამშენებლო ნორმებისა და წესების 2--------- მოთხოვნები პუნქტი 2.2.-ის თანახმად, ბინებში საჭიროა გათვალისწინებულ იქნეს საცხოვრებელი ოთახები და დამხმარე სათავსოები; სამზარეულო, წინაოთახი, სააბაზანო ან საშხაპე საპირფარეშო საკუჭნაო/ანდა სამეურნეო ჩაშენებული კარადები და პუნქტი 2.6. „უშუალოდ საცხოვრებელი ოთახის ან სამზარეულოს ზევით დაუშვებელია განთავსება საპირფარეშოსი ან სააბაზანოსი/ანდა საშხაპესი/. საპირფარეშოს ან სააბაზანოს/ანდა საშახაპეს/განთავსება სამზარეულოს ზევით დაიშვება იმ ბინებში, რომლებიც მდებარეობენ ორ დონეზე“. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის საზიარო უფლების სადავო საგანი (ბინა) გაყოფადი არ არის, რის გამოც, მასზე საზიარო უფლება უნდა გაუქმდეს მისი გაყიდვით.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. საქმის განმხილველმა მოსამართლემ არ გამოიკვლია განსახილველ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები, ყურადღება გაამახვილა მხოლოდ ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის საქმე #2ბ/901-12 გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მოწინააღმდეგე მხარეს სასამართლომ მიაკუთვნა საცხოვრებელი ბინის ნახევარი და თანამესაკუთრედ ცნო ე-–----–--–------ე. სასამართლოს არ გამოუკვლევია ბინის შეძენის ფაქტი, ვისი ფინანსური საშუალებებით მოხდა ბინის შეძენა. აპელანტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კრიზისული და მძიმე. იგი მკურნალობს და იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. საცხოვრებელი ბინის გაყიდვა განაპირობებს მისი ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მიხედვით, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებულია და უზრუნველყოფილი. აღნიშნული დებულების მიზანია ყოველი პირის დაცვა სხვა პირების მხრიდან მისი საკუთრებით მშვიდობიანად სარგებლობის უფლებაში გაუმართლებელი ჩარევისაგან. ამასთან, საკუთრება წარმოადგენს პირთა აბსოლუტურ უფლებას, რაც გულისხმობს იმას, რომ ქონების ამა თუ იმ პირზე კუთვნილებას უნდა აცნობიერებდეს არა მარტო ამ ნივთის მფლობელი, არამედ ყველა დანარჩენი მესამე პირი. ეს წინაპირობები აუცილებელია იმისათვის, რათა მესაკუთრემ შეძლოს ქონებასთან თავისუფალი ურთიერთობების განხორციელება. სასამართლო განმარტავს, რომ ნივთზე საერთო საკუთრების არსებობა არ ნიშნავს საკუთრების უფლების შეზღუდვას და დაკნინებას. თითოეული თანამესაკუთრე სრულფასოვნად უნდა ახორციელებდეს თავის უფლებას და თავისუფლად უნდა სარგებლობდეს თანასაკუთრებაში არსებული ნივთით, თუმცა - სხვა თანამესაკუთრეთა ინტერესების გათვალისწინებით.

 

საკუთრების უფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, როდესაც მესაკუთრე საერთო (წილად) საკუთრებაში არსებულ ნივთზე სრულფასოვნად ვერ ახორციელებს თავის უფლებას ან სხვა რაიმე მიზეზით მისთვის მოუხერხებელია სხვა თანამესაკუთრესთან საერთო უფლებით დაკავშირება, კანონი ნებისმიერ თანამესაკუთრეს აძლევს უფლებას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მოტივით მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება.

 

სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის მიხედვით, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე, თანაბარი წილების განაწილება მონაწილეთა შორის ხდება კენჭისყრით.

 

სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით. მიწის ნაკვეთის შემთხვევაში გამოიყენება აუქციონზე უძრავი ქონების იძულებით გაყიდვის წესები. თუ დაუშვებელია საზიარო საგნის გასხვისება მესამე პირზე, მაშინ საგანი აუქციონზე უნდა გაიყიდოს მოწილეებს შორის.

 

შესაბამისად, ზემოდასახელებული ნორმებით დგინდება საზიარო უფლების მქონე პირის უფლებამოსილება, ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება, რომელიც შეიძლება განხორციელდეს საზიარო საგნის ნატურით გაყოფის გზით (სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი), ხოლო თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია - საზიარო საგნის რეალიზაციით (სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლი).

 

სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ საზიარო უფლების გაუქმებისას დადგენილია ორი წინაპირობა, კერძოდ: საზიარო საგანი უნდა იყოფოდეს ერთგვაროვან ნაწილებად და აღნიშნულმა არ უნდა მოახდინოს მისი ღირებულების შემცირება. საზიარო უფლების გაუქმების დროს ზემოდასახელებული წინაპირობები უნდა არსებობდეს კუმულატიურად. ერთ-ერთის არარსებობა გამორიცხავს მის გაუქმებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ზემოდასახელებული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას. ამავე დროს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასების სტანდარტი, რაც ფორმულირებულია დასახელებული კოდექსის 105-ე მუხლში. მტკიცებულებები გამოკვლეულ უნდა იქნას სრული და ობიექტური განხილვის გონივრული განსჯის შედეგად, რა დროსაც სასამართლოს მათი ერთობლიობაში შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად უყალიბდება შინაგანი რწმენა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის თაობაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, გ--–----–----–---–ი და ე-–----–--–------ე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არიან უძრავი ქონების, მდებარე, ქ-------–--–-, დ-----–-----–--–-- (დ-----–-------------------), კ--------–----, კ-------------, ბ------, ფართით 17.00 კვ.მ. თანამესაკუთრეებად.

 

საქმეში წარმოდგენილია ს--- ლ----------------–--------–-----------------–------------------------------–----------- დასკვნითაც, რომლის მიხედვით, საცხოვრებელ ბინას გააჩნია ერთი შესასვლელი, საცხოვრებელი ბინის, თანამესაკუთრეთა კუთვნილ წილთა პროპორციულად გამიჯვნის შემთხვევაში, საჭიროა დამატებით მოწყობილ იქნეს სველი წერტილი (საპირფარეშო) და შესასვლელი, რითაც ირღვევა სამშენებლო ნორმებისა და წესების 2--------- მოთხოვნები პუნქტი 2.2.-ის თანახმად, ბინებში საჭიროა გათვალისწინებულ იქნეს საცხოვრებელი ოთახები და დამხმარე სათავსოები; სამზარეულო, წინაოთახი, სააბაზანო ან საშხაპე საპირფარეშო საკუჭნაო/ანდა სამეურნეო ჩაშენებული კარადები და პუნქტი 2.6. „უშუალოდ საცხოვრებელი ოთახის ან სამზარეულოს ზევით დაუშვებელია განთავსება საპირფარეშოსი ან სააბაზანოსი/ანდა საშხაპესი/. საპირფარეშოს ან სააბაზანოს/ანდა საშახაპეს/განთავსება სამზარეულოს ზევით დაიშვება იმ ბინებში, რომლებიც მდებარეობენ ორ დონეზე“.

 

პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არცერთ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილ ძალას არ ანიჭებს და სასამართლოს მისი შეფასების ვალდებულებას აკისრებს. ზემოაღნიშნულ დასკვნას ამყარებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლი, რომლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში.

 

სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის მიზანია, მაქსიმალურად დააბალანსოს ყოველი მესაკუთრის უფლება, რათა საზიარო საგნის გაყოფისას რომელიმე მათგანი არ აღმოჩნდეს არახელსაყრელ პირობებში და მისთვის ინდივიდუალურ საკუთრებაში გამოყოფილი ნივთი აღჭურვილი იყოს ყველა იმ თვისებით, რომელიც აუცილებელია შემდგომში მისი დამოუკიდებელად სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის. აღნიშნულზე გავლენას არ ახდენს საზიარო უფლების გაუქმებას ითხოვს ერთი თუ ყველა თანამესაკუთრე. ვინაიდან, სახეზეა ორი თანამესაკუთრე, შესაბამისად ცალსახად უნდა დგინდებოდეს, რომ საზიარო უფლების გაუქმება ნატურით სამ ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე შესაძლებელია. ნივთების ერთგვაროვანი ბუნება მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც წარმოშობილი დამოუკიდებელი ნივთები, ყოველგვარი დამატებითი ძალისხმევის გარეშე, აღჭურვილი იქნება ყველა აუცილებელი თვისებებით და გააჩნია შესაძლებლობა დამოუკიდებლად განახორციელოს მისი ფუნქციური დანიშნულება. ე.ი არ უნდა წაერთვას ის ფუნქცია და მნიშვნელობა, რასაც იგი ასრულებდა მესაკუთრისათვის. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობას, თუ იგი არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ დანიშნულებას, რომლის შემცირება ნივთის გაყოფამ არ უნდა გამოიწვიოს. გარდა ამისა, წარმოქმნილმა ნივთებმა უნდა შეინარჩუნონ თანაბარი საბაზრო ღირებულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლი იმპერტიულად ადგენს, რომ საზიარო საგნის იძულებით რეალიზაციას წინ უნდა უსწრებდეს საზიარო უფლების ნატურით გაყოფის გზით გაუქმების გამორიცხვა. შესაბამისად, საზიარო საგნის გაყოფის შეუძლებლობის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს საზიარო უფლების გაუქმების ალტერნატიურ შესაძლებლობას, მისი აუქციონზე რეალიზაციის გზით.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მასზე, რომ მოცემულ შემთხვევაში ფართის სიმცირის, მისი ტექნიკური მახასიათებლების და არსებული ფაქტობრივი მონაცემების გათვალისწინებით (საერთო სარგებლობაში რჩება საპირფარეშო, გასაწევია დამატებით სარემონტო სამუშაოების ხარჯები, არ არის წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა სამ თანამესაკუთრეზე საზიარო უფლების გაუქმება ნატურით). პალატა მიუთითებს, რომ ნატურით გაყოფამ თითოეულ მესაკუთრეს არ უნდა მოუსპოს მისით ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად სარგებლობის უფლება.

 

განსახილველ შემთხვევაში, დგინდება რა, რომ საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის შესაბამისად დადგენილი წესის მიხედვით ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე შეუძლებელია, სასამართლო მიიჩნევს, რომ ს--- ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- დასკვნა უნდა იქნეს გაზიარებული. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა საზიარო უფლების გაუქმება საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის გზით საფუძვლიანია და მართებულად დაკმაყოფილდა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. გ--–----–----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე გოგიტა თოთოსაშვილი

 

მოსამართლეები ლევან გვარამია

 

გელა ქირია