განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017001949303
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/4317-18 14 თებერვალი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - თამარ ალანია
მოსამართლეები - ქეთევან მესხიშვილი, თამარ ზამბახიძე
სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი
აპელანტი - შპს „ლ---“
წარმომადგენელი - ნ-------------
მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ--–--ი“
წარმომადგენელი - ა-----------–-----–-
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - პირგასამტეხლოსა და ჯარიმის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „თ--–--ის“ წარმომადგენელმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე შპს „ლ---“-ის მიმართ სარჩელი აღძრა და მოსარჩელის სასარგებლოდ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს - 1827,35 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო ჯარიმის - 6766,83 აშშ დოლარის ოდენობით დაკისრება მოითხოვა.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს „ლ---“-ს მოსარჩელე სს „თ--–--ის“ სასარგებლოდ, 8594,18 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით შპს „ლ---“-მ გაასაჩივრა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. სს „თ--–--ს“ და შპს „ლ-----“-ს შორის 2016 წლის 8 აპრილს გაფორმებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით შპს „ლ-----“-მ იკისრა ვალდებულება შემსყიდველისთვის ხელშეკრულების N1 დანართში ჩამოთვლილი სახეობების და რაოდენობის ძალოვანი ტრანსფორმატორები (სასაქონლო მატერიალური ფასეულობები) მიეწოდებინა. ტრანსფორმატორები მიღებულად მხოლოდ მათი შემსყიდველისთვის მიწოდებისა და მხარეთა მიერ შესაბამის მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის შემდეგ ჩაითვლებოდა. საქონლის მიწოდება ხელშეკრულების N1 დანართში მითითებული გრაფიკის შესაბამისად უნდა განხორციელებულიყო. მთლიანი სახელშეკრულებო ფასი 164 964 აშშ დოლარს შეადგენდა (ს.ფ. 21-33).
6. შესყიდვის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ სასაქონლო მატერიალური ფასეულობების მიღებისას შემსყიდველს მისი ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობა უნდა შეემოწმებინა. სასაქონლო მატერიალური ფასეულობების მიღების პროცესში და/ან მის ექსპლუატაციაში შესვლის დროს, გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა მიმწოდებელს საკუთარი ხარჯებით უნდა განეხორციელებინა (3.3 პუნქტი). მიმწოდებელი იღებდა ვალდებულებას მკაცრად დაეცვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და შემსყიდველისთვის ახალი, ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო შესრულება განეხორციელებინა, რომელიც საკონკურსო წინადადებისა და სერთიფიკატების შესაბამისი ან უკეთესი ხარისხის სასაქონლო მატერიალური ფასეულობები იქნებოდა (5.2.1. პუნქტი)(ს.ფ. 21-33).
7. ხელშეკრულების N1 დანართის თანახმად ძალოვანი ტრანსფორმატორების მიწოდების ვადები და რაოდენობა შემდეგი სახით განისაზღვრა:
პირველ ეტაპზე ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის ვადაში - 15 ერთეული ძალოვანი ტრანსფორმატორი;
მე-2 ეტაპზე ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 დღის ვადაში - 8 ერთეული ძალოვანი ტრანსფორმატორი;
მე-3 ეტაპზე ხელშეკრულების გაფორმებიდან 140 დღის ვადაში - 7 ერთეული ტრანსფორმატორი;
მე-4 ეტაპზე ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 დღის ვადაში - 7 ერთეული ტრანსფორმატორი, ხოლო
მე-5 ეტაპზე, საჭიროებიდან გამომდინარე სს „თ--–--ი“-ს დაკვეთის შემთხვევაში, მისი მიღებიდან 80 დღის ვადაში - 6 ცალი ტრანსფორმატორი (ს.ფ. 30).
8. ხელშეკრულების მე-9 მუხლით მხარეებმა მათი პასუხისმგებლობის წესი განსაზღვრეს, კერძოდ: მიმწოდებელი კისრულობდა პასუხისმგებლობას, შემსყიდველისთვის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობების მიწოდების ვადების დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლო - ვადაში მიუწოდებელი სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ღირებულების 0,1%, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის, გადაეხადა (9.1. პუნქტი). გარდა ამისა, თუ მიმწოდებელი მნიშვნელოვნად დაარღვევდა (14 კალენდარული დღით გადააცილებს წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილ მოწოდების ვადებს) ან/და უარს განაცხადებდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო ხელშეკრულება შეეწყვიტა და ვადაგადაცილებულ დღეებზე დაკისრებულ პირგასამტეხლოსთან ერთად მიმწოდებელისთვის ჯარიმა - მიუწოდებელი სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ღირებულების 10%, დაეკისრებინა (9.2. პუნქტი) (ს.ფ. 21-33).
9. მოპასუხე სადავოდ არ ხდიდა თითოეული ეტაპისთვის N1 დანართით დადგენილ ვადაში ძალოვანი ტრანსფორმატორების ვადაგადაცილებით მიწოდების ფაქტს, კერძოდ: 2016 წლის 13 ივნისის მდგომარეობით ვადაგადაცილება 6 დღეს, 2016 წლის 6 ივლისისთვის - 23 დღეს, 2016 წლის 26 ივლისისთვის - 8 დღეს, ხოლო, 2016 წლის 30 აგვისტოსთვის - 4 დღეს შეადგენდა (ს.ფ. 35-41, 51-72).
10. შპს „ლ-----“-ს მოსარჩელისთვის ჯამში 43 ცალი ძალოვანი (ძალური) ტრანსფორმატორი უნდა მიეწოდებინა, რომელთაგან მე-5 ეტაპით გათვალისწინებული შეკვეთა (6 ცალ ტრანსფორმატორზე) სს „თ--–--ის“ მხრიდან საერთოდ არ მომხდარა, ხოლო, დანარჩენიდან მიღება-ჩაბარების აქტი მხოლოდ 26 ცალზე გაფორმდა. ზეპირსიტყვიერი განმარტებით, მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ ტრანსფორმატორები უქმი სვლის დანაკარგების პარამეტრებს არ აკმაყოფილებდა (ს.ფ. 35-41, 51-72).
11. ლოტი 1-სთვის გათვალისწინებული ტექნიკური დავალების თანახმად, ძალური ტრანსფორმატორები შემდეგ ტექნიკურ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს: ТМГ ტრანსფორმატორები, სამფაზიანი, ძალური ზეთის, ჰერმეტული; სიმძლავრე - 1000 კვა, 630 კვა, 400 კვა და 250 კვა; მაღალი ძაბვა - 6 კვ; შეერთების სქემა და ჯგუფი - Д/Ун-11; სიხშირე - 50 ჰერცი; სახვევის მასალა - ალუმინი; ტრანსფორმატორული ზეთის მარკა - Т-1500 ГОСТ 982-80; ექსპლუატაციის ტემპერატურა - 300С-დან +400С-მდე; კომპლექტში: სწრაფმოქმედი ავარიული სარქველით, მინის თერმომეტრით და კონტაქტური (აპარატული) მომჭერებით (4 ცალი), სალტეების მისაერთებლად, 4 თვალი.
ხოლო სახელმწიფოთაშორისი სტანდარტების მიხედვით, ТМЗ - ს ტიპის ტრანსფორმატორებისთვის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი უქმის სვლის დანაკარგების დასაშვები პარამეტრები დადგინდა (68-71, 91-103).
12. შპს „ლ-----“-მ 2016 წლის 1 ნოემბრის წერილით მიმართა სს „თ--–--ს“ და 2016 წლის 8 აპრილის ხელშეკრულების შეწყვეტა მოითხოვა. ხელშეკრულება მხარეებს შორის 2016 წლის 2 ნოემბრიდან შეწყდა (ს.ფ. 41, 42).
13. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ შპს „ლ-----“-ს პირგასამტეხლოს სახით - 1827,35 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება მართებულად დაეკისრა.
სააპელაციო პალატა უპირველესად მიუთითებს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების მისადაგებას, სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით ადგენს, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება, თუმცა, საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობისა და კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.
პალატა მიუთითებს, რომ კერძო სამართალში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მოქმედებს, რაც სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლითაა რეგლამენტირებული, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის, კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეები სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებენ გარიგების პირობებს, კერძო სამართალი მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების განუხრელ დაცვას მოითხოვს. pacta sunt servanda-ს პრინციპის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, რაც ხელშეკრულებისადმი ერთგულების გამოვლინებას წარმოადგენს.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. კერძო სამართალში მოქმედი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი სხვა პირობებზე შეთანხმების გარდა, ასევე პირგასამტეხლოს ოდენობაზე თავისუფლად შეთანხმებასაც გულისხმობს. თუმცა, სამოქალაქო პროცესში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპისგან ერთ-ერთ გამონაკლისს სწორედ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობის სასამართლოს ინიციატივით შემცირება წარმოადგენს.
14. პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას იხდის. პირგასამტეხლოს არსებობისთვის აუცილებელია მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება და მისი ფულადი თანხით გამოხატვა, რომელიც იდენტიფიცირებადი უნდა იყოს. აღნიშნული წინაპირობებიდან ორივე, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა (ს.ფ. 26).
პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
პალატა განმეორებით მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, აპელანტ მხარეს ვალდებულების დარღვევა (მიწოდების ვადის დარღვევა) სადავოდ არ გაუხდია, შესაბამისად, სააპელაციო პალატის შეფასების საგანს მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპისა და დაკისრებული ფულადი თანხის გონივრულობის შეფასება წარმოადგენს.
15. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კერძოდ, სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ანუ ფულადი თანხის ოდენობა, თუმცა, იმ პირობებში, როდესაც მხარეთა მიერ პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი ხელშეკრულებითაა შეთანხმებული, სასამართლო თავისუფალი ნების ავტონომიის პირობებში, მოკლებულია შესაძლებლობას პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი შეცვალოს. რაც შეეხება იმ გარემოებას, პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.
პირგასამტეხლოს შემცირებაზე სასამართლო მსჯელობს მხარის მოთხოვნის შესაბამისად, მხარისვე მიერ მითითებულ ფარგლებში და მხოლოდ ამგვარი წინაპირობის არსებობისას, პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერება-არამართლზომიერებასთან დაკავშირებული ფაქტების შეფასების შემდეგ, შეუძლია გამოიყენოს სასამართლოს დისკრეცია, რაც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას გულისხმობს.
პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონომიკურ შედეგებს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც პირგასამტეხლოს პრაქტიკული შეფასების მიზნებს ემსახურება მდგომარეობს იმაში, რომ პირგასამტეხლოს შემცირებაზე უფლებამოსილი სუბიექტი - სასამართლო, პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას მხოლოდ მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის პირობებში იწყებს.
16. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 08 აპრილის ხელშეკრულების მე-9 მუხლით მხარეებმა მათი პასუხისმგებლობის წესი განსაზღვრეს, კერძოდ: მიმწოდებელი კისრულობდა პასუხისმგებლობას, შემსყიდველისთვის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობების მიწოდების ვადების დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლო - ვადაში მიუწოდებელი სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ღირებულების 0,1%, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის, გადაეხადა.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მსჯელობას პირგასამტეხლოს არასწორი პრინციპით გამოთვლის თაობაზე, რომლის საფუძველზეც აპელანტი ამტკიცებდა, რომ დარიცხული პირგასამტეხლოს ჯამი არა 1827,35 აშშ დოლარი, არამედ 907,603 აშშ დოლარი უნდა ყოფილიყო. ამ მიმართებით პალატა მიაპყრობს ყურადღებას იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ 60 დღის ვადაში 2016 წლის 07 ივნისამდე შპს „ე-–---------“-ს სს „თ--–--ისთვის“ 54,842.86 აშშ დოლარის ღირებულების საქონელი უნდა მიეწოდებინა. თუმცა, 6 დღის დაგვიანებით, 2016 წლის 13 ივნისს აპელანტმა შემკვეთს მხოლოდ 25 263,8 აშშ დოლარის საქონელი, ხოლო 23 დღის დაგვიანებით, ანუ 2016 წლის 06 ივლისს დარჩენილი 29 579,06 აშშ დოლარის საქონელი მიაწოდა. შესაბამისად, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებიდან უდავოდ ირკვევა, რომ 2016 წლის 07 ივნისის მდგომარეობით მისაწოდებელი საქონლის ღირებულება 54,842.86 აშშ დოლარს შეადგენდა, სწორედ ამიტომ პირველი 6 დღის დაგვიანებაზე (რა დროშიც აპელანტს სს „თ--–--ისთვის“ საერთოდ არ მიუწოდებია საქონელი) პირგასამტეხლოს ოდენობა სწორედ ამ ღირებულებიდან გამოითვალა, რამაც 329,06 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო დარჩენილ 23 დღის გადაცილებაზე პირგასამტეხლოს ოდენობა არა სრული თანხიდან, არამედ მიუწოდებელი საქონლის ღირებულებიდან გამოითვალა, რამაც შესაბამისად 680,32 აშშ დოლარი შეადგინა.
მეორე მიწოდების დროს ადგილი ჰქონდა 8 დღიან გადაცილებას, კერძოდ, აპელანტს სს „თ--–--ისთვის“ 2016 წლის 18 ივლისის მდგომარეობით 31,458.80 აშშ დოლარის ღირებულების საქონელი უნდა მიეწოდებინა, საქონლის სრულად მიწოდება 2016 წლის 26 ივლისს მოხდა, ამ დროისთვის დაგვიანებული მისაწოდებელი საქონლის ღირებულება 25 936,4 აშშ დოლარს შეადგენდა, სწორედ ამ თანხიდან მოხდა პირგასამტეხლოს გამოთვლა, რამაც 207,49 აშშ დოლარი წარმოადგინა.
მესამე მიწოდების დროს ადგილი ჰქონდა 4 დღიან ვადაგადაცილებას, კერძოდ, აპელანტს სს „თ--–--ისთვის“ 2016 წლის 26 აგვისტოს მდგომარეობით 27 510,52 აშშ დოლარის ღირებულების საქონელი უნდა მიეწოდებინა, საქონლის სრულად მიწოდება 2016 წლის 30 აგვისტოს განხორციელდა, რის გამოც აღნიშნულ ოთხ დღეზე პირგასამტეხლო 97,65 აშშ დოლარი დაეკისრა.
მეოთხე მიწოდების დროს ადგილი ჰქონდა 28 დღიან დაგვიანებას, კერძოდ, აპელანტს სს „თ--–--ისთვის“ 2016 წლის 05 ოქტომბრის მდგომარეობით 27,510.52 აშშ დოლარის ღირებულების საქონელი უნდა მიეწოდებინა, საქონლის სრულად მიწოდება 2016 წლის 02 ნოემბერს განხორციელდა, ამ დროისთვის დაგვიანებული მისაწოდებელი საქონლის ღირებულება 27,510.52 აშშ დოლარს შეადგენდა, სწორედ ამ თანხიდან მოხდა პირგასამტეხლოს გამოთვლა, რამაც 770,29 აშშ დოლარი. დარიცხული პირგასამტეხლოდან შემძენმა გარკვეული თანხები გაქვითა, რასაც აპელანტიც არ ხდის სადავოდ და ჯამში აპელანტისთვის პირგასამტეხლოს სახით 1827,35 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.
სააპელაციო პალატა, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოს ოდენობა სს „თ--–--ის“ მიერ სწორედ იმ პრინციპით მოხდა, რაზეც მხარეები ხელშეკრულების 9.1 პუნქტში შეთანხმდნენ (ს.ფ. 26, 40). რაც შეეხება დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას, პალატა განმეორებით განმარტავს, რომ კანონით დადგენილი გამონაკლისი - სასამართლო ჩაერიოს კერძო სამართლის სუბიექტებს შორის, თავისუფალი ნების ავტონომიის პირობებში, დადებულ გარიგებით გამოვლენილ ნებაში, შეეხება მხოლოდ პირგასამტეხლოს ოდენობას და იგი სუსტი მხარის დაცვისა და მოვალის ხარჯზე კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრების თავიდან აცილების ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება. თუმცა, სასამართლოს უფლებამოსილება შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს მის შეუზღუდავ უფლებამოსილებას - ჩაერიოს მხარეთა ნების ავტონომიაში და თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე დადებული გარიგების პირობები შეცვალოს. ანუ იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულებით მხარეები ცალსახად და არაორაზროვნად არიან შეთანხმებულნი პირგასამტეხლოს ოდენობის გამოთვლის პრინციპზე, ამ შემთხვევაში სასამართლო არ არის უფლებამოსილი საკუთარი გადაწყვეტილებით ხელშეკრულების მხარეებს პირგასამტეხლოს გამოთვლის სხვაგვარი პრინციპი დაუწესოს. სულ სხვა შემთხვევაა, როდესაც ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი შეთანხმებული არ არის და მხარეებმა კონსენსუსს მხოლოდ ოდენობის შესახებ მიაღწიეს, ამ შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილია შეამოწმოს კრედიტორის მოქმედების ფარგლები და სამოქალაქო სამართალში მოქმედი კეთილსინდისიერების პრინციპის საფუძველზე, განსაჯოს, თუ რამდენად სამართლიანი პრინციპით მოხდა პირგასამტეხლოს გამოთვლა. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, როგორც მოსარჩელე, ასევე მოპასუხე იურიდიული პირები არიან მიიჩნევა, რომ აპელანტი ხელშეკრულების სუსტ მხარეს, რომელსაც განსაკუთრებული დაცვა სჭირდება, არ წარმოადგენს. ამასთანავე, იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ პირგასამტეხლო მხოლოდ 0,1 პროცენტს შეადგეს, პალატა მას შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად ვერ მიიჩნევს.
სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო რა, ორ იურიდიულ პირს შორის ნების თავისუფალი ავტონომიის საფუძველზე დადებული ხელშეკრულება, შესრულების ღირებულება, ვალდებულების შეუსრულებლობა, ვალდებულების შეუსრულებლობის ვადა და მოცულობა, ასევე, გაითვალისწინა პირგასამტეხლოს ფუნქცია, მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო გონივრულია და სრულად შეესაბამება განსახილველ შემთხვევაში აპელანტის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს.
17. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ განსახილველ შემთხვევაში, შპს „ლ-----“-სთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები არ არსებობს.
სს „თ--–--ი“ სარჩელის დავის ფაქტობრივ გარემოებებში მიუთითებს, რომ აპელანტს ჯარიმა, ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღისთვის, კერძოდ 2016 წლის 02 ნოემბრისთვის, მიუწოდებელი საქონლის ღირებულების (67 668,28 აშშ დოლარი) 10% დაეკისრა, რაც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 9.2 პუნქტით იყო შეთანხმებული (ს.ფ. 5). ამ გარემოებასთან მიმართებით, აპელანტმა განმარტა და არც სს „თ--–--ს“ უარყვია, რომ შვიდი ტრანსფორმატორის მიწოდება შემსრულებლის მიერ განხორციელდა, თუმცა ეს შესრულება შემკვეთმა არ მიიღო მისი ნაკლოვანების გამო. ამ მიმართებით პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ თუ მიმწოდებელი მნიშვნელოვნად დაარღვევს (14 კალენდარული დღით გადააცილებს წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილ მოწოდების ვადებს) ან/და უარს იტყვის ვალდებულების შესრულებაზე შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება და ვადაგადაცილებულ დღეებზე დაკისრებულ პირგასამტეხლოსთან ერთად დააკისროს მიმწოდებელს ჯარიმა მიუწოდებელი სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ღირებულების 10%.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე და 52-ე მუხლების თანახმად, ხელშეკრულებაში, გამოვლენილი ნების განმარტებისას განმსაზღვრელია მნიშვნელობა, რომელიც შეიძლებოდა მიენიჭებინა წარმოსახვით გონიერ ადამიანს, ჩაყენებულს აღნიშნული ნების ადრესატის მდგომარეობაში, გადაწყვეტილების მიღებისას ხელშეკრულების შინაარსის თაობაზე წერილობით დაფიქსირებული ტექსტის საფუძველზე საქმესთან დაკავშირებული ყველა სხვა მნიშვნელოვანი და ცნობილი გარემოების გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი გარიგების განმარტების შესახებ 52-ე მუხლის გარდა, მოიცავს ასევე ნორმებს, რომლებიც ხელშეკრულებათა განმარტების საკითხებს აწესრიგებს, მაგალითად, 338-ე მუხლი, რომლის ძალითაც, ხელშეკრულებაში ურთიერთგამომრიცხველი ან მრავალმნიშვნელოვანი გამონათქვამების დროს უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ გამონათქვამს, რომელიც ყველაზე მეტად შეესატყვისება ხელშეკრულების შინაარსს. ხელშეკრულება უნდა განიმარტოს მხარეთა საერთო ნების შესაბამისად იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი განსხვავდება სიტყვასიტყვითი მნიშვნელობისაგან. მხარეთა საერთო ნების დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, განმარტების კრიტერიუმად მიიჩნევა ხელშეკრულების მხარეთა მსგავსი გონივრული აზროვნების მქონე პირთა შეფასება მოცემულ გარემოებებში. ხელშეკრულების ცალკეული გამონათქვამი (პირობა) უნდა განიმარტოს იმ მთლიანი ხელშეკრულების ჭრილში, რომელშიც ისინი არის მოცემული.
პალატა მიუთითებს, რომ ხელშეკრულების 9.2 პუნქტი არ წარმოადგენს ბუნდოვან დათქმას, მისი როგორც სიტყვა-სიტყვითი ასევე გონივრული განსჯის შედეგად, ძალიან მარტივად დგინდება, რომ აღნიშნული დებულებით მხარეები შეთანხმდნენ მიმწოდებლისთვის ჯარიმის დაკისრების წინაპირობებზე, მათ კი ვალდებულების შესრულების მნიშვნელოვანი ვადაგადაცილება და შესრულებაზე უარის თქმა წარმოადგენდა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ჯარიმის დაკისრებას მოპასუხის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტში მიუწოდებელი საქონლის ღირებულებას უკავშირებდა, თუმცა, ამავე დროს სადავო არ გაუხდია ის გარემოება, რომ აპელანტმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი შემკვეთს მიაწოდა, რომელმაც ნაკლის გამო მის მიღებაზე უარი განაცხადა. შესაბამისად, ამ მოცემულობით უნდა ვივარაუდოთ, რომ ადგილი ჰქონდა აპელანტის მხრიდან არა ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმას არამედ ნაკლიან შესრულებას, რაც ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად შემსრულებლისთვის ჯარიმის დაკისრების წინაპირობა ვერ გახდება.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ პალატა 9.2 პუნქტის გამოყენებას რელევანტურად მიიჩნევდა, აპელანტის მიერ განხორციელებული შესრულების ნაკლოვანება სადავოდაა გამხდარი. შპს „ე-–---------“ აცხადებდა, რომ მათ მიერ მიწოდებული ტრანსფორმატორები შეესაბამებოდა სს „თ--–--ის“ მიერ ლოტ N1-ში მითითებულ მოთხოვნებს.
სააპელაციო პალატა, მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, ნივთის ნაკლის დასაბუთებისა და მტკიცების ტვირთის მატარებელია მყიდველი, სწორედ იგია ვალდებული, დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით დაადასტუროს საქონლის გადაცემის დროისათვის, ნივთობრივი ნაკლის, არსებობის ფაქტი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 07 მარტის განჩინება საქმეზე Nას-854-804-2015). შესაბამისად, სწორედ სს „თ--–--ს“ უნდა ემტკიცებინა ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ შვიდი ერთეული ტრანსფორმატორი, რომლის მიღებაზე უარიც განაცხადა, ნაკლიანი იყო, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება კი, მას არ წარმოუდგინა. ამის საპირისპიროდ, საქმის მასალებში არსებობს მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის დანართი N1 ირკვევა, რომ მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება შემკვეთისთვის ТМГ-ს ტიპის ტრანსფორმატორები მიეწოდებინა, რომელთან მიმართებით ხელშეკრულებით უქმი სვლის დანაკარგის არსებობა გათვალისწინებული არ ყოფილა (ს.ფ. 68-69). ასევე, სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებში არსებულ სახელმწიფოთაშორისო სტანდარტის ტექნიკური პირობების შესახებ, რომელშიც მართალია უქმი სვლის დანაკარგების არსებობა გაწერილია, თუმცა, იგი შეეხება არა ТМГ-ს ტიპის, არამედ ТМЗ-ს ტიპის ტრანსფორმატორებს, შესაბამისად, აპელანტის მიერ განხორციელებული შესრულების ნაკლოვანად შეფასების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს არ იძლევა (ს.ფ. 92-103).
შესაბამისად, იმ პირობებშიც კი, თუ სააპელაციო პალატა ხელშეკრულების 9.2 პუნქტს არაჯეროვანი შესრულების გამო ჯარიმის დაკისრების წინაპირობად მიიჩნევდა, მაინც შემკვეთმა ნაკლიანი შესრულების ფაქტი ვერ დაასაბუთა, რაც ჯარიმის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველს გამორიცხავდა.
18. სამოქალაქო პროცესში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალურ წესს ითვალისწინებს (მაგ. შრომითსამათლებრივი დავები) მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი წესი მოქმედებს, არ შეიძლება მხარეს ისეთი გარემოების მტკიცების ტვირთი დაეკისროს, რომლის ზიდვაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია.
განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პირობებში, აპელანტმა პირგასამტეხლოს დაკისრების პრინციპისა და ოდენობის უსწორობა ვერ დაადასტურა, პალატას ვერ შეუქმნა მტკიცებულებით გამყარებული შინაგანი რწმენა მასზედ, რომ ვალდებულების დარღვევის ხასიათთან მიმართებით პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი იყო ან/და ის, რომ მოსარჩელის მიერ გამოთვლილი პირგასამტეხლო ხელშეკრულებით შეთანხმებულ გამოთვლის პრინციპს არ შეესაბამებოდა. რაც შეეხება ჯარიმის დაკისრების ნაწილში, აპელანტმა სწორად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ნაკლიანი შესრულების მტკიცების ტვირთი შემსყიდველს ეკისრებოდა და შესაბამისად, დაადასტურა, რომ ჯარიმის დაკისრება ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს იყო მოკლებული. რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარეს (მოსარჩელეს) მან რელევანტური მტკიცებულებებით ნაკლიანი შესრულებისა და ჯარიმის დაკისრების წინაპირობად ხელშეკრულების 9.2 პუნქტის გამოყენების წინაპირობები ვერ დაამტკიცა, რაც სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი გახდა.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
შეჯამების სახით, უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებითა და მათ მიერ მითითებული მტკიცებულებებით. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთ პირობებში, სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მტკიცების ნაკლი კი სამართალწარმოებაში მხარისათვის არასასურველ შედეგს იწვევს. განსახილველ შემთხვევაში, შპს „ე-–---------ს“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, ხოლო იმ მტკიცების ნაკლის გამო, რომელიც მოწინააღმდეგე მხარემ (სს „თ--–--ი“) ვერ გასწია, სასამართლო ადგენს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების, გაუქმებისა სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არსებობს.
20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, სს „თ--–--ს“ შპს „ლ---“-ს მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 132,74 ლარისა და სააპელაციო სასამართლოში ბაჟის სახით გადახდილი 717,15 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს, ხოლო აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი დარჩენილ ნაწილში სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად უნდა ჩაითვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 386-ე, 389-ე, 47-ე, 48-ე, 53-ე მუხლებით, იხელმძღვანელა და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს „ლ---“-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება;
3. სს „თ--–--ის“ სარჩელი შპს „ლ---“-ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. შპს „ლ---“-ს სს „თ--–--ის“ მიმართ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 1827,35 აშშ დოლარის ანაზღაურება;
5. სს „თ--–--ს“ შპს „ლ---“-ს მიმართ დაეკისროს პირველი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 132,74 ლარისა და სააპელაციო სასამართლოში ბაჟის სახით გადახდილი 717,15 ლარის ანაზღაურება, აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი დარჩენილ ნაწილში ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
6. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია მისი გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
თავმჯდომარე თამარ ალანია
მოსამართლეები ქეთევან მესხიშვილი თამარ ზამბახიძე