განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210117002107920
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/6202-18 8 თებერვალი, 2019 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ქეთევან დუგლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - ზ----------------
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ე-----------------“
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარგებლის დაკისრების ნაწილში , სააპელაციო სასამართლოს მიერ გაუქმებულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება სარგებლის შემცირების თაობაზე
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს „ე------------------“-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს გ----------------- და ზ----------------ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სესხის ძირი თანხა 5529 აშშ დოლარი; მოპასუხეებს გ----------------- და ზ----------------ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სესხის პროცენტი - 3040.95 აშშ დოლარი; მოპასუხეებს გ----------------- და ზ----------------ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მიუღებელი შემოსავლის სახით 866,06 აშშ დოლარი; მოპასუხეებს გ----------------- და ზ----------------ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ პირგასამტეხლოს 500 აშშ დოლარისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის 30 აშშ დოლარის ანაზღაურება; გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდა დაგირავებული ავტომობილის მარკა-მოდელი-პორშე კაიენ S, საიდენტიფიკაციო ნომერი W-----------------, რეგისტრაციის მოწმობა A-------- გაცემული 02/02/2016წ, სანომრე ნიშანი C------ იძულებითი წესით რეალიზაცია. იმ შემთხვევაში, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აღსრულება მიექცა მოპასუხეთა სხვა ქონებებზე. თავდების ზ------------------ პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 24 000 აშშ დოლარით. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2016 წლის 01 თებერვალს შპს „ე-----------------“-სა და გ----------------- შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება №1-------, რომლის საფუძველზე გაფორმებული შეთანხმებით სესხის გადაცემის შესახებ (№1-------) გ----------------- სესხად გადაეცა 5900 აშშ დოლარი ყოველთვიურად 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით.
მსესხებელს 12 თვის ვადაში ყოველთვიურად, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით უნდა გადაეხადა სესხის თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი.
სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომობილი: მარკა-მოდელი-პორშე კაიენ S, საიდენტიფიკაციო ნომერი W-----------------, რეგისტრაციის მოწმობა A-------- გაცემული 02/02/2016წ, სანომრე ნიშანი C------.
გირავნობის საგანი, ავტომანქანა წარმოადგენდა მსესხებლის გ----------------- საკუთრებას.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას: მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს. ფ. 34).
საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება, სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმება (ს.ფ. 18-23, 26-28).
ცნობა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ №1-------- (ს.ფ. 24).
2.2. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების მესამე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, მსესხებლის მიერ სესხის გადაცემის შესახებ რომელიმე შეთანხმებაზე თანდართული გადახდის გრაფიკით განსაზღვრულ გადახდის რომელიმე ეტაპის შესრულების 21-დან 30 კალენდარული დღის გადაცილების შემთხვევაში მსესხებელს გამსესხებლის სასარგებლოდ დაეკისრებოდა ჯარიმის 30 აშშ დოლარის გადახდა.
ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მსესხებლის მიერ სესხის გადაცემის შესახებ რომელიმე შეთანხმებაზე თანდართული გადახდის გრაფიკით განსაზღვრულ გადახდის რომელიმე ეტაპის შესრულების 30კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში, აღნიშნულ ჯარიმასთან ერთად მსესხებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული სესხის 0,5%-ის ოდენობით. პირგასამტეხლოს დარიცხვა გაგრძელდებოდა გამსესხებლის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებამდე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს: მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).
საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება, სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმება (ს.ფ. 18-23, 26-28).
2.3. გ----------------- მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად ზ-----------------ა და შპს „ე-----------------“-ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით თავდებმა ზ---- მ----------მ იკისრა მსესხებელსა და კრედიტორს შორის გაფორმებული
№1------- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულებების მსესხებელთან ერთად სოლიდარულად გადახდა. თავდებობის მაქსიმალურ თანხად განისაზღვრა 24000 აშშ დოლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს: მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).
სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 39-30).
2.4. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების
6.2 პუნქტის მიხედვით, მოგირავნის ინტერესების დაკმაყოფილება ხორციელდებოდა მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ჯეროვანი შესრულებით, ხოლო მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულების/ვალდებულებების შეუსრულებლობის/არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამსესხებელი უფლებამოსილი იყო საკუთარი არჩევანით გამოეყენებინა „ა)“, „ბ)“, „გ)“, ან „დ)“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე უფლება:
ა) გადაიფორმოს საკუთარ სახელზე გირავნობის საგანი (ავტომობილი გადავიდეს მოგირავნის საკუთრებაში), რა დროსაც მოგირავნე უფლებამოსილია უპირობოდ განცხადებით მიმართოს მომსახურების სააგენტოს და დაარეგისტრიროს ავტომობილზე თავისი საკუთრების უფლება;
ბ) მოითხოვოს და განახორციელოს გირავნობის საგნის რეალიზაცია უშუალოდ (პირდაპირი მიყიდვის გზით გაასხვისოს გირავნობის საგანი მის მიერ დამოუკიდებლად შერჩეულ მესამე პირზე);
გ) მოითხოვოს და განახორციელოს გირავნობის საგნის რეალიზაცია სპეციალური სავაჭრო დაწესებულების მეშვეობით;
დ) განახორციელოს გირავნობის საგნის რეალიზაცია აუქციონის წესით მის მიერ ორგანიზებულ აუქციონზე ან მის მიერ შერჩეული პირის მეშვეობით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს: მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).
საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 18-23).
2.5. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების
6.4 პუნქტის მიხედვით, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნებოდა უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარად, მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებდა პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე. იგივე წესი ვრცელდებოდა იმ ხარჯებსა და დანახარჯებზეც, რაც წარმოიშობოდა გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს: მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).
საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 18- 23).
2.6. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების
8.12 პუნქტის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს: მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).
საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ.
18-23).
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.7. პირველი ინსტანციის სასამართლო არ მიუთითებს სადავო ფაქტობრივ გარემოებებზე.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
დადგენილია, რომ მხარეებს შპს „ე-----------------“-სა და გ----------------- შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, გამსესხებელმა იკისრა ვალდებულება კლიენტზე გაეცა სესხი შეთანხმებული ოდენობით, ხოლო მოპასუხემ იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა სესხის თანხა გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში. დადგენილია, რომ გამსესხებელმა ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად და გასცა სესხის თანხა 5 900,00 აშშ დოლარის ოდენობით, რაც მსესხებელმა გ----------------- აითვისა. შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს გადაცემული სესხის დარჩენილი ძირი თანხის
5529 აშშ დოლარის დაბრუნება.
2.9. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი.
მხარეებს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო სესხით სარგებლობისათვის, შეთანხმებული გრაფიკისა და ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, პროცენტის გადახდევინება, ამ ვალდებულების შესასრულებლად მოვალე გ----------------- შპს „ე-----------------“-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული სარგებლის 3040,95 აშშ დოლარის გადახდა.
2.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
ამავე კოდექსის 414-ე მუხლის მიხედვით, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.
სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში მესამე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი წარმოადგენს. შესაბამისად, უნდა შემოწმდეს ამ ნორმის აბსტრაქტული შემადგენლობისა და სარჩელში გადმოცემული ფაქტების საფუძვლიანობა (სარჩელის ფორმალური საფუძვლიანობა),საქართველოს უზენაესი სასამართლო საქმეზე №ას-1018-979-2016, 21 აპრილი, 2017 წელი განმარტავს - სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამდენად, კანონმდებელი დაზარალებულს (კრედიტორს) უფლებას აძლევს ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ იმ ანაცდენი სარგებლისათვის, რომელსაც დაზარალებული მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად. მთავარი წინაპირობა მოცემული მუხლის გამოყენებისათვის არის სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, რასაც შედეგად მოჰყვა ზიანის დადგომა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადი პრინციპის თანახმად, განსახილველი კატეგორიის დავაში, მოსარჩელეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა მიეთითებინა და დაემტკიცებინა, რომ მოპასუხის ქმედება იყო არამართლზომიერი, ამ ქმედებამ გამოიწვია ზიანი, მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, ასევე ის, თუ რას შეადგენს ზიანის ოდენობა. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლის სახით, მოსარჩელეს იმგვარი მტკიცებულებები უნდა წარედგინა, რომელიც შექმნიდა ობიექტურ სურათს ასეთი შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით. საგულისხმოა, ასევე, თავად „მიუღებელი შემოსავლის“ განმარტება. სასამართლო პრაქტიკაში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად, ეს არის სარგებელი, რომელიც შეიძლება დამდგარიყო სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად. ესაა ანაცდური მოგება, რომლის ანაზღაურებაც მოსარჩელის განსაკუთრებულ კომერციულ ინტერესში შედის, ვინაიდან კომერციულ ბრუნვაში მისი ინტერესი შემოსავლის მიღებისკენაა მიმართული, თუმცა თავად მოგება არ გულისხმობს ერთობლივ შემოსავალს, ყოველგვარი ხარჯების გამოქვითვების გარეშე რომელსაც დაზარალებული ობიექტურად მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად.
მართალია, მოსარჩელე მიუთითებს ნორმის ფაქტობრივ ელემენტებზე, თუმცა, როგორც არაერთხელ აღინიშნა, მოპასუხე შესაგებლით არ დაეთანხმა სადავო პერიოდში მოთხოვნილი ოდენობით შემოსავლის მიღების საკითხს, რამაც მოსარჩელეს მითითებული ფაქტის დადასტურების ვალდებულება წარმოუშვა. (იხ.სუსგ №ას-1018-979-2016, 21 აპრილი, 2017 წელი).
სასამართლომ განმარტა, რომ სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.
უზენაესი სასამართლოს განმარტებით - მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს ,,წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს’’ (pure economicloss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და, რომელსაც ადგილი არ ექნნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ. სუსგ ას-459-438-2015, 07.10.2015 წ.).
განსახილველ შემთხვევაში, მართალია, მოსარჩელე მიუთითებს ნორმის ფაქტობრივ ელემენტებზე, თუმცა, რადგანაც მოპასუხე შესაგებლით არ დაეთანხმა სადავო პერიოდში მოთხოვნილი ოდენობით შემოსავლის მიღების საკითხს, მოსარჩელეს მითითებული ფაქტის დადასტურების ვალდებულება წარმოეშვა.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუღებელი შემოსავლის სახით ითხოვს 2165.52 აშშ დოლარის დაკისრებას. მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულების ვადის გასვლიდან სარჩელის აღძვრამდე მას შეეძლო მიეღო ამ ოდენობის შემოსავალი, თანხის იმავე პირობებით გასესხების შემთხვევაში. სასამართლო მიუთითებს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო კრედიტით სარგებლობისათვის ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის 5%-ის გადახდევინება. საკრედიტო ხელშეკრულებების მოქმედების ვადებში ამ ურთიერთობის გაგრძელების პირობებში, კრედიტორი მიიღებდა შემოსავალს სარგებლის სახით, რაც გათვალისწინებული იყო ხელშეკრულებით და აღნიშნული საფუძვლით მოსარჩელე მეორე სასარჩელო მოთხოვნით ითხოვს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული სარგებლის 3040,95 აშშ დოლარის გადახდას. თუმცა მოსარჩელეს რაიმე მტკიცებულება რომელიც ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდგომ მოსარჩელის შემოსავლის კერძოდ, წლიური 60%-ის (რასაც წინასწარ ივარაუდებდა ვალდებული პირი) რეალურად მიღების შესაძლებლობას დაადასტურებდა, არ არის წარმოდგენილი. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ დაძლია მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის - 2165.52 აშშ დოლარის ოდენობით მიყენების ფაქტის მტკიცების ტვირთი. სასამართლომ მიიჩნია, რომ დაუსაბუთებელია მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით წლიური 60%-ის დაკისრების თაობაზე, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე წარმოადგენს საფინანსო ორგანიზაციას, რომლის ძირითადი საქმიანობა სწორედ თანხის გასესხებაა გარკვეული სარგებლის მიღების მიზნით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით გონივრული სარგებლის მიღების ფაქტი უდავოა, რაც შეეხება სარგებლის ოდენობას სასამართლოს მიხედულობით აღნიშნული უნდა დადგინდეს სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში არსებული განაკვეთებით, რაც მსგავს სამოქალაქო ურთიერთობებში შეიძლება დადგინდეს საქართველოს ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების სტატისტიკური ანგარიშგების საფუძველზე გაანგარიშებულ წლიურ საბაზრო საპროცენტო განაკვეთებით, როგორც ბანკებთან, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებთან დადებულ ხელშეკრულებებში. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავალი განსახილველ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს წლიური 24%-ით. მოსარჩელე ითხოვს მიუღებელ შემოსავალს 7 თვეზე და 25 დღეზე, რაც წლიური 24%-ის გაანგარიშებით შეადგენს 866.06 აშშ დოლარს. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს 866.06 აშშ დოლარის ნაწილში.
2.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში უპირობოდ ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ გ----------------- ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლომ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 2991.84 აშშ დოლარი, არის შეუსაბამოდ მაღალი და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი შემცირება. ვალდებულების დარღვევის შედეგად მოსალოდნელ სავარაუდო ზიანთან მიმართებაში და დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგებიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, რომ ყოველდღიურად დასარიცხი პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობა შემცირდეს და განისაზღვროს 500,00 აშშ დოლარით.
აღსანიშნავია, რომ გრაფიკით განსაზღვრულ გადახდის შესაბამისი ეტაპის შესრულების 21-დან 30 კალენდარული დღის გადაცილებით მსესხებლისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა 30 აშშ დოლარი არ არის შეუსაბამოდ მაღალი.
2.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ან უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „ე------------------“-სა და ზ----------------ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, თავდებმა კრედიტორის წინაშე იკისრა მსესხებლის გ----------------- მიერ კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. თავდების თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 24000 აშშ დოლარით.
დადგენილია, რომ მსესხებელმა არ შეასრულა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება და ერიცხება დავალიანება. შესაბამისად, შპს „ე-----------------“-ს უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხეებისათვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 9966,01 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება, ხოლო მოპასუხეებს სოლიდარულად ეკისრებათ აღნიშნული თანხის მოსარჩელისათვის გადახდა, მათ შორის, თავდებს პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვრულ ოდენობის 24000 აშშ დოლარის ფარგლებში.
2.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილი ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ მხარეები შეთანხმდნენ განსხვავებულ წესზე, რა დროსაც მოთხოვნა არ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად და კრედიტორი კვლავაც იქნება უფლებამოსილი, მოითხოვოს სხვაობა ამონაგებ თანხასა (გირავნობის საგნის ღირებულებასა) და მოთხოვნის ოდენობას შორის, მოვალის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევით. კონკრეტულ შემთხვევაში, კრედიტორი შპს ”ე----------------” და მოვალე გ----------------- სწორედ ასეთ განსხვავებულ წესზე შეთანხმდნენ საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების 6.4 პუნქტით.
კრედიტორმა შპს ”ე----------------” უფლებამოსილია გამოიყენოს საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების 6.2. პუნქტით გათვალისწინებული უფლება გირავნობის საგნის რეალიზაციის შესახებ მსესხებლის დავალიანების 9966,01 აშშ დოლარის დასაფარად.
2.14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნის საფუძვლად მითითებული სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების 8.12 მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის წარმომადგენლის მოთხოვნა საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს და გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის განმარტებით, შპს „ე-----------------“სთან დადებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველთვიური 5% სარგებელი არის შეუსაბამოდ მაღალი და შესაბამისად, უნდა შემცირდეს 3%-მდე; კერძოდ, აპელანტი ითხოვს დაკისრებული სარგებელის 3040.95 აშშ დოლარის შემცირებას 1824,54 აშშ დოლარამდე ;
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა იზიარებს უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც ასახულია გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.1.1.-3.1.6. პუნქტებში (წინამდებარე განჩინების 2.1. და 2.6. პუნქტები) და დამატებით მიუთითებს შემდეგზე:
შპს „ე-----------------“-სა და გ----------------- შორის 2016 წლის 01 თებერვალს გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში გ----------------- სესხის სახით გადაეცა 5900 აშშ დოლარი. მსესხებელს სესხი უნდა დაეფარა 12 თვის ვადაში ყოველთვიურად, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, ასევე მასზე დარიცხული სარგებელი.
სესხის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 5%-ით (იხ. ტ.1, ს.ფ. 18-28)
4.2. ზ----------------სა და შპს „ე-----------------“-ს შორის გაფორმებული სოლიდარული თავდებობის 01.02.2016წ. ხელშეკრულების თანახმად, ზ---- მ----------მ იკისრა მსესხებელსა და კრედიტორს შორის გაფორმებული №1------- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულებების მსესხებელთან ერთად სოლიდარულად გადახდა. თავდებობის მაქსიმალურ თანხა განისაზღვრა 24000 აშშ დოლარით (იხ. ტ.1, ს.ფ. 29-32).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით, ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
4.3. სააპელაციო პალატა იზიარებს აპელანტის არგუმენტებს სესხისთვის გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებლელთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთი, რომელიც განსაზღვრულია თვიური 5%-ის (წლიური 60%) ოდენობით, წარმოადგენს უცილოდ ბათილ შეთანხმებას. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ 2016 წლის 01 თებერვლის ხელშეკრულება ნაწილობრივ ბათილია სარგებლის სახით ყოველთვიურად 5%-ის დარიცხვის ნაწილში. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად სესხისთვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი, ხოლო ამავე კოდექსის 54-ე მუხლის დანაწესით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამავე კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.
პალატა განმარტავს, რომ გარიგება ან მისი ესა თუ ის პირობა ზნეობრივ ნორმებთან და საჯარო წესრიგთან შეუსაბამოა, როდესაც ის ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში. შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც თითოეული გარიგების შინაარსი და მისი სამართლებრივი ბუნება, ასევე მისი პირობების შედარება სამოქალაქო ბრუნვაში ანალოგიური ეკონომიკური დანიშნულების მქონე გარიგებების შინაარსთან, ასევე ის გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც გამოავლინა გარიგების დადების ნება მხარემ.
პალატა აღნიშნავს, რომ გამსესხებლის მიერ ბაზარზე საბანკო დაწესებულებების კრედიტებზე დადგენილი საშუალო საპროცენტო განაკვეთებზე ბევრად მეტი ოდენობით პროცენტის განსაზღვრა ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისთვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს, შესაბამისად, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს.
ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სახელმძღვანელო დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპია. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ (სსკ-ის 8.3 მუხლი). „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები“ (სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი). შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული სესხის სარგებელი - ყოველთვიური 5 %. მართალია, ამ შეთავაზებას მსესხებელი გ---------------- დაეთანხმა, მაგრამ ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება, რადგანაც შპს „ე-----------------“ მოქმედებდა სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა მოიხმობს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ერთ-ერთ საქმეზე გაკეთებულ განმარტებას, რომელიც ეყრდნობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, თუ შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და სარგებლის მიმღები (ამ შემთხვევაში მოსარჩელე) მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად, რაც იმას გულისხმობს, რომ მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი, მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე წარმოადგენს უცილოდ ბათილ გარიგებას (იხილეთ საქმე №ას-663-629-2015, 28 ივლისი 2015 წელი).
განსახილველ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული 2016 წლის 01 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, მაშინ, როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი და შესაბამისად ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს. ამასთან, პალატა შენიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპის გათვალისწინებით, მოსარჩელეს მართებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე, დაედასტურებინა სესხის სარგებლის მართლზომიერება, რაც განსახილველ შემთხვევაში შპს „ე-----------------“-ს არ განუხორციელებია.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ასევე უზენაესი სასამართლოს მიერ ზემოთ მითითებულ საქმეზე გაკეთებული განმარტების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საპროცენტო განაკვეთად (სარგებელი) თვიურად 3%-ის განსაზღვრა იქნება გონივრული და სამართლიანი ოდნოება, რაც 11 თვის გათვალისწინებით შეადგენს 1824,57 აშშ დოლარს (5529-ის 3%=165.87; 165.87*11=1824.57).
4.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება სესხისთვის გათვალისწინებული პროცენტის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება - მოპასუხეებს გ----------------- და ზ----------------ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის პროცენტი - 1824,57 აშშ დოლარი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებული იქნას გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილია სახ. ბაჟი 150 ლარის ოდენობით, რომელიც უნდა დაეკისროს მოწინააღმდეგე მხარეს, ვინაიდან სააპელაციო სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ზ---- მ----------- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება სესხის პროცენტის განსაზღვრის ნაწილში (გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი ) და ამ ნაწილში მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „ე-----------------“-ის სარჩელი სესხის პროცენტის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ .
4. გ----------------- და ზ----------------ს შპს „ე-----------------“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის პროცენტის - 1824,57 აშშ დოლარის გადახდა ;
5. შპს „ე-----------------“-ს ზ---- მ----------- სასარგებლოდ დაეკისროს 150 ლარის გადახდა, სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახ. ბაჟის ასანაზღაურებლად;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა);
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ქეთევან დუგლაძე