განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 180100118002772004
საქმე #1ბ/315-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), მ-----–--------–---–ის, დაბადებულის 1----–-–--------–--ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №-----------), დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: დ--–-----------------------–--------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ---–-----–-------------------------------ში, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ-----–--------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 6 ნოემბერს, საღამოს საათებში, ქ---–-----–-------------------------ში, საცხოვრებელი სახლში, მ-----–--------–---–ს და მის დას მ----------–-–---–ს უძრავ ქონებასთან დაკავშირებით მოუხდათ შელაპარაკება, რა დროსაც მ-----–--------–---–მა დას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და სახეში დაარტყა ხელი. მ----------–-–---–მა სცადა ოთახიდან გასვლა, რა დროსაც მ-----–--------–---–მა ჯერ მხრებში ჩასჭიდა ხელი, შემდეგ - ქურთუკში და მიათრევდა ოთახში. აღნიშნული ძალადობის შედეგად მ----------–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 იანვრის განაჩენით:
მ-----–--------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
მ-----–--------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმდა.
მ-----–--------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 6 ნოემბრიდან 2018 წლის 9 ნოემბრის ჩათვლით.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ-------------–---–მა.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვს მ-----–--------–---–ის მიმართ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანას მსჯავრდებულ მ-----–--------–---–ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების მიზნით, კერძოდ, მსჯავრდებულმა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი, რაც ჩათვლილი აქვს პირობით, მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა სახელმწიფო ბრალმდებელ ნ-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ მ-----–--------–---–ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ მ-----–--------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულ მ----------–-–---–ის გამოკითხვის ოქმების, მოწმე ა-----–------------–---–ის გამოკითხვის ოქმის, ბრალდებულ მ-----–--------–---–ის გამოკითხვის ოქმის და მის მიერ დანაშაულის აღიარების, საცხოვრებელი სახლის დათვალიერების ოქმის (თანდართული ფოტოცხრილით), საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის (თანდართული ფოტოცხრილით), შემაკავებელი ორდერის, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გააანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მ-----–--------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მ-----–--------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი, უსამართლო და შეუსაბამო მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათთან, იგი ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. გარდა ამისა, სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი ქმედების სპეციფიკური ხასიათი, კერძოდ, ის გარემოება, რომ მ-----–--------–---–ის მიერ ჩადენილია ძალადობრივი ხასიათის ქმედება ოჯახის წევრის - დის მიმართ, რაც საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ასევე, გასათვალისწინებელია მსგავსი ხასიათის დანაშაულის შედეგად წარმოქმნილი პოტენციური საფრთხე და მოძალადის მხრიდან ძალადობის ფაქტების განმეორების რისკები. აგრეთვე, პროკურორი აპელირებს, რომ მსჯავრდებულ მ-----–--------–---–ისთვის ასეთი ლმობიერი სასჯელის დანიშვნა ვერ მოახდენს ზემოქმედებას სხვა პირებზე, რათა მათაც არ ჩაიდინონ ანალოგიური დანაშაული (იხ. სააპელაციო საჩივარი).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მითითებული არგუმენტების საფუძველზე, მსჯავრდებულ მ-----–--------–---–ისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ. სახელმწიფო ბრალმდებლის არგუმენტი აღნიშნული მოთხოვნის თაობაზე, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაული ოჯახის წევრის (დის) მიმართ, ვერ იქნება გაზიარებული სააპელაციო პალატის მიერ. აღნიშნული გარემოება წარმოადგენს მ-----–--------–---–ის მიერ ჩადენილი, საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ობიექტური მხარის ნიშნებს, ურომლისოდაც აღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაული სახეზე არ გვექნება. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემთხვევაში სამართლებრივად არასწორია სასჯელის დანიშვნისას მითითება საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის (სასჯელის დამამძიმებელი გარემოებები) მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ამ ლოგიკით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისას ყველა შემთხვევაში დამნაშავეს უნდა დაენიშნოს სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე და ზომა, რაც სამართლებრივად არასწორია და ეწინააღმდეგება სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპს. გარდა ამისა, აღნიშნულ გარემოებას სასჯელის განსაზღვრისას სააპელაციო პალატა მხედველობაში არ მიიღებს, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. ამდენად, აღნიშნული არგუმენტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დასანიშნად.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ მ-----–--------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტს, რომ მსჯავრდებულისთვის ლმობიერი სასჯელის დანიშვნა ვერ იქნება ეფექტური და შემაკავებელი მსჯავრდებულისა და სხვა პირების მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად. სააპელაციო პალატის აზრით, აღნიშნული წარმოადგენს ჰიპოტეტიურ მოსაზრებას და ბრალდების მხარის პოზიცია დაუსაბუთებელი და აზრს მოკლებულია. მსჯავრდებულ მ-----–--------–---–ის პიროვნება არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც აბსტრაქტული დანაშაულის სუბიექტი. ამდენად, სახელმწიფო ბრალმდებლის ზემოთმითითებული აბსტრაქტული მოსაზრება მოკლებულია კანონიერ საფუძველს და ვერ იქნება გაზიარებული.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულ მ-----–--------–---–ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან. მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად: „თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის“. პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაციის შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი მოიხადონ ამ ფორმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საზოგადოებისგან იზოლაციის გარეშე, რაც სრულად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს მ-----–--------–---–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ. მ-----–--------–---–მა როგორც გამოძიებაში, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. ამასთან, მ-----–--------–---–ი არ არის ნასამართლევი. რაც შეეხება გამოძიებასთან თანამშრომლობას, პალატა მიიჩნევს, რომ მ-----–--------–---–მა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებით ითანამშრომლა გამოძიებასთან. აგრეთვე, სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ დანაშაულის აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტისას.
პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნების რეალურად შესრულება უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს. მოცემულ შემთხვევაში, გარდა დანაშაულის აღიარებისა და გულწრფელი მონანიებისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, მ-----–--------–---–ი არის ორი მცირეწლოვანი შვილის მამა, მეზობლების მიერ ხასიათდება დადებითად. აგრეთვე, მ-----–--------–---–მა სადავოდ არ გახადა საქმეზე ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ მ-----–--------–---–ისთვის დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. პალატა მიიჩნევს, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 იანვრის განაჩენი მსჯავრდებულ მ-----–--------–---–ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი მ-----–--------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 იანვრის განაჩენი მსჯავრდებულ მ-----–--------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
მ-----–--------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი;
მ-----–--------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 6 ნოემბრიდან 2018 წლის 9 ნოემბრის ჩათვლით;
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ მ-----–--------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია და გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;
პირობით მსჯავრდებულ მ-----–--------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ბიუროს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე