განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017002158948
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/3243-18 19 დეკემბერი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ნათია გუჯაბიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი – გ--–---------
მოწინააღმდეგე მხარე – შ--------
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
სასარჩელო მოთხოვნა
1. გ--–---------სათვის მოსარჩელე შ-------”-ს სასარგებლოდ 6263.51 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 აპრილის გადწყვეტილებით შ---------ს სარჩელი დაკმაყოფილდა;
მოპასუხე გ--–---------ს მოსარჩელე შ---------ის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების - 6263.51 აშშ დოლარის გადახდა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2016 წლის 3 ოქტომბერს შ-------“-სა და გ--–---------ს შორის გაფორმდა სესხისა და რეგისტრირებული გირავნობის ხელშეკრულება #-------------, რომლის საფუძველზე გაცემული სესხის ოდენობა შეადგენდა 20 135 აშშ დოლარს, ხოლო სესხი უზრუნველყოფილი იქნა მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული - ავტომანქანით პ----–- პ----------, სახ. ნომერი T-----------------------------.
ხელშეკრულების 3.1. პუნქტის მიხედვით, სესხი გაიცემა ერთი თვის ვადით, შესაბამისად სესხი უნდა დაბრუნებულიყო 2016 წლის 3 ნოემბერს; ხელშეკრულების 3.2. პუნქტი კი ადგენს, რომ ამ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სესხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში სესხის თანხას (ძირითად თანხას) დაერიცხება საურავი 0.20%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.
ხელშეკრულების 5.4. პუნქტის შესაბამისად, სესხი სარგებლიანია. სესხით სარგებლობის წლიური პროცენტი შეადგენს სესხის ძირითადი თანხის 48%-ს კალენდარული წლის 365 დღეზე გაანგარიშებით.
ხელშეკრულების 7.3 პუნქტის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით, გირავნობის საგნის დაკარგვასთან, დაზიანებასთან, განადგურებასთანან გაუფასურებასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი საკოპენსაციო თანხა, მათ შორის სადაზღვევო ანაზღაურება იკავებს გირავნობის საგნის ადგილს.
სასამართლო დეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ 14-15)
- სალაროს გასავლის ორდერი (ს.ფ 16)
3.2. გ--–---------მ 2----–-–---- დეკემბერს სასესხო ურთიერთობის ფარგლებში გადაიხადა სესხზე დარიცხული სარგებელი 1645 აშშ დოლარი;
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი ;
- სესხთან დაკავშირებული ოპერაციების ამონაწერი (ს.ფ. 16).
3.3. 2----–-–---- დეკემბერს შ---------ს და გ--–---------ს შორის გაფორმდა დამატებითი შეთანხმება, რომლითაც გამსესხებელი იყენებს მისთვის კანონით მინიჭებულ უფლებას და მსესხებელს დროებით ერთი თვის ვადით უმცირებს ან/და ათავისუფლებს პირგასამტეხლოს (1168 აშშ დოლარი) გადახდისაგან ერთჯერადად, ხოლო მსესხებელი იღებს ვალდებულებას, ყველა შემდგომი სავალდებულო გადახდა განახორციელოს ძირითადი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დაცვით და ყოველი მომდევნო გადახდის ვადაგადაცილების შემთხვევაში, გადაიხადოს როგორც მიმდინარე, ასევე ის პირგასამტეხლო 1168 აშშ დოლარი, რომლის გადახდისგანაც დროებით, ერთი თვის ვადით გათავისუფლდა ამ შეთანხმებით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- დამატებითი შეთანხმება (ს.ფ 18)
3.4. მხარეთა შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებით სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დატვირთული გ--–----------ს საკუთრებაში არსებული ავტომანქანა (პ----–- პ----------, სახ. ნომერი T-----------------------------) ავტოავარიის შედეგად დაზიანდა და ვეღარ უზრუნველყოფს სესხს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.5. დადგენილია, რომ გ--–---------მ, მოსარჩელეს დაზიანებულ მდგომარეობაში გადასცა გირავნობის საგანი, რომლის საბაზრო ფასი შეფასების შედეგად განისაზღვრა 18 000 აშშ დოლარით, რაც გამოაკლდა სარჩელის საგანს 24 263.51 აშშ დოლარს და შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა 6263.51 აშშ დოლარით, რაც წარმოადგენს სესხის ძირითად თანხას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება (ს.ფ 36)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.6. სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი აქვს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას. კერძოდ შ---------ს მიერ წარმოდგენილი მასალების საფუძველზე იკვეთება, რომ გ--–----------მ ხელშეკრულებით და დამატებითი შეთანხმებით დადგენილ ვადაში ვერ უზრუნველყო ვალდებულების შესრულება, რის გამოც მისი დავალიანება სარჩელის აღძვრის დროისათვის შეადგენდა სულ 24 263.51 აშშ დოლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 20 135 აშშ დოლარი, პროცენტი - 2115.01 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 2013.5 აშშ დოლარი. სადაზღვევო კომანია „ჯ-------------–-------“ მიერ ანაზღაურებული თანხის ჩარიცხვის შემდგომ, მოპასუხის დავალინება გაიქვითა პირგასამტეხლოს, სარგებლის და ძირი თანხის ნაწილში ნაწილობრივ და ძირი თანხის ნაწილში დარჩენილი ასანაზღაურებელი თანხა საქმის განხილვის მომენტისათვის შეადგენს 6263.51 აშშ დოლარს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხთან დაკავშირებული ოპერაციების ამონაწერი (ს.ფ. 16).
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
3.7. მოპასუხემ საქმის არსებითი განხილვისას მიუთითა ახალ გარემოებაზე, კერძოდ მისი განმარტებით, მხარეებს შორის არსებობდა შეთანხმება გირავნობის საგნის მოსარჩელის მხრიდან დაზღვევის თაობაზე. დავალიანების წარმოშობა განაპირობა მოსარჩელის მიერ შერჩეული სადაზღვევო კომპანიის მიერ თანხის ჩარიცხვის დაგვიანებამ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მიერ საქმის არსებითი განხილვის დროს დასახელებული ფაქტი, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. ამავე კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება წარმოადგენს ახალ გარემოებას, რაზეც არც შესაგებელში და არც სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ მიუთითებია. მოპასუხემ მხოლოდ სასამართლოს მთავარ სხდომაზე აღნიშნა ამის თაობაზე, რაც სასამართლოს მიერ არ იქნება გაზიარებული.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
3.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 3 ოქტომბერს შ---------ს და გ--–---------ს შორის გაფორმდა სესხისა და რეგისტრირებული გირავნობის ხელშეკრულება #-------------, რომლის საფუძველზე გაცემული სესხის ოდენობა შეადგენდა 20 135 აშშ დოლარს, ხოლო სესხი უზრუნველყოფილი იქნა მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული - ავტომანქანით პ----–- პ----------, სახ. ნომერი T-----------------------------.
ამდენად, მხარეებს შორის ურთიერთობა წარმოშობილია სესხისა და სესხის უზრუნველყოფის - გირავნობის ურთიერთობიდან გამომდინარე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ:
ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
განსახილველ შემთხვევაში მხარეები არ დავობენ იმაზე, რომ მოპასუხის მხრიდან ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად. ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი ასევე დადასტურებულია 2----–-–---- დეკემბრის დამატებითი შეთანხმებითაც.
ამასთან დგინდება, რომ გ--–---------მ, აუნაზღაურა მოსარჩელეს დავალიანება 18 000 აშშ დოლარის ოდენობით, რაც გამოაკლდა სარჩელის დავის საგანს 24 263.51 აშშ დოლარს და შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა ჯამში განისაზღვრა 6263.51 აშშ დოლარით. დადგენილი გარემოების საწინააღმდეგო დასაბუთებული ფაქტები და მტკიცებულება მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დარჩენილი ძირითადი დავალიანების დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოპასუხემ და სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
5.1. აპელანტის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასმართლომ არ დაადგინა საქმისათვის არსებითი ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, სასამართლომ ისე მიიჩნია ხელშეკრულება არაჯეროვნად შესრულებულად, რომ არ გამოიკვლია თუ რა მტკიცებულებით დასტურდებოდა ხელშეკრულების შეუსრულებლობა; ვინ იყვნენ ხელშეკრულების მხარეები და რა უფლება-მოვალეობები ეკისრებოდათ მათ; ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში განსაზღვრული იყო თუ არა შესრულების ვადა; განხორციელებულ იქნა თუ არა შესრულება მოპასუხე მხარისგან და დადებით შემთხვევაში, მიიღო თუ არა იგი უფლებამოსილმა პირმა; ხელშეკრულებით რა ვალდებულებები ჰქონდა დაკისრებული მოპასუხე და საფუძვლიანია თუ არა მოპასუხის მიერ მის მიმართ წარდგენილი სარჩელი თანხის გადახდის დაკისრების თაობაზე; ამჟამად ვის საკუთრებაშია ხელშეკრულების საგანი. გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებები სწორად და სრულად არ იქნა დადგენილი, რის გამოც გადაწყვეტილება იურიდიულად იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3761 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი ემყარება კანონის დარღვევას და მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებას, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს.
9. სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება
10. სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.1.1.-3.1.5, 3.2.1.-3.2.2. პუნქტებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (წინამდებარე გადაწყვეტილების 3.1.-3.7. პუნქტები), შესაბამისად, მათ, როგორც უდავო ფაქტობრივ გარემოებებს, სააპელაციო სასამართლოც იზიარებს.
10.1. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომელთა საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ვარაუდის შესახებ, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთ ვარაუდს გააქარწყლებენ – დაკისრებული აქვს მოპასუხეს.
10.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ისეთ გარემოებების დადასტურება, რაც შ---------ს წინაშე მოპასუხის ვალდებულების არსებობას გამორიცხავდა, თუმცა აპელანტს ასეთი მტკიცება სააპელაციო სასამართლოსათვის არ შეუთავაზებია. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი არც ერთი ფაქტობრივი გარემოების საპირისპირო მტკიცებას არ შეიცავს, რაც იმას ნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ, როგორც უდავო, უნდა გაიზიაროს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მასზედ, რომ 2016 წლის 3 ოქტომბერს შ---------ს და გ--–---------ს შორის გაფორმდა სესხისა და რეგისტრირებული გირავნობის ხელშეკრულება #-------------, რომლის საფუძველზე გაცემული სესხის ოდენობა შეადგენდა 20 135 აშშ დოლარს, ხოლო სესხი უზრუნველყოფილი იქნა მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანით - პ----–- პ----------, სახ. ნომერი T-----------------------------. მოპასუხის მხრიდან ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად. ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი დადასტურებულია 2----–-–---- დეკემბრის დამატებითი შეთანხმებითაც. გ--–---------მ, აუნაზღაურა მოსარჩელეს დავალიანება 18 000 აშშ დოლარის ოდენობით, რაც გამოაკლდა სარჩელის დავის საგანს 24 263.51 აშშ დოლარს და შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა ჯამში განისაზღვრა 6263.51 აშშ დოლარით.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390.3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
11.1. სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, მე-400, 623-ე, 625-ე, 254-ე, მუხლების სამართლებრივ საფუძველზე მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
საპროცესო ხარჯები
13. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ--–---------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ წინაწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
4. განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
მოსამართლე: ნათია გუჯაბიძე