განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210118002314100
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/7964-18 14 იანვარი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ნათია გუჯაბიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტები – ი----------–---–--------–---------–--
წარმომადგენელი – ზ----------------
მოწინააღმდეგე მხარე – შ---------------------
წარმომადგენელი – ა-----------–---–-
დავის საგანი – სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების სოლიდარულად შესრულება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეების ი----------–---–-------------–---------–---------, მოსარჩელე შპს „ე----------------“-ის სასარგებლოდ, სოლიდარულად, ძირითადი თანხის - 2 759 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.
1.2. მოპასუხეების ი----------–---–-------------–---------–---------, მოსარჩელე შპს „ე----------------“-ის სასარგებლოდ, სოლიდარულად, სარგებლის - 1 705.98 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.
1.3. მოპასუხეების ი----------–---–-------------–---------–---------, მოსარჩელე შპს „ე----------------“-ის სასარგებლოდ, სოლიდარულად, 892.07 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.
1.4. მოპასუხეების ი-----------–---–--------------–---------–---------, მოსარჩელე შპს „-------------------ის სასარგებლოდ, სოლიდარულად 100 ლარის გადახდის დაკისრება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ე----------------“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
2.1. მოპასუხეებს ი----------–---–-------------–---------–--- სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელე შპს „ე----------------“-ის სასარგებლოდ სესხის ძირითადი თანხის - 2759 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში გადახდა;
2.2. მოპასუხე ი----------–---–--- მოსარჩელე შპს „ე----------------“-ის სასარგებლოდ დაეკისრა სარგებლის - 389.45 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში გადახდა;
2.3. მოპასუხე ი----------–---–--- მოსარჩელე შპს „ე----------------“-ის სასარგებლოდ დაეკისრა 100 ლარის გადახდა, ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი თანხის ასანაზღაურებლად;
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2----–-–---------–--- შპს „ე----------------“-სა და ი----------–---–--- შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ №-------- ხელშეკრულების ფარგლებში, იმავე დღეს გაფორმდა შეთანხმება სესხის გაცემის თაობაზე, რომლის თანახმად, გამსესხებელმა შპს „ე----------------“-მა ი----------–---–----- სესხის სახით გასცა 7 110 აშშ დოლარი, სესხი იყო პროცენტიანი და სესხის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა სესხის ძირი თანხის 5%-ის ოდენობით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა -განმარტება;
- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 18-25).
- შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ.
3.2. სესხის გაცემის შესახებ შეთანხმების მე-3 პუნქტის მიხედვით, სესხის დაბრუნება და მასზე დარიცხული სარგებლის გადახდა უნდა განხორციელებულიყო 24 თვის განმავლობაში ეტაპობრივად, იმდაგვარად, რომ მსესხებელი ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს, 2015 წლის 29 აგვისტოდან 2017 წლის 01 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა -განმარტება;
- შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ.
3.3. სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1. პუნქტის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად გირავნობის უფლებით დაიტვირთა ნ-----–-------------–---–-ს კუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, მარკა მოდელი: ლ------------------------------------
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა -განმარტება;
- სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება.
3.4. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მსესხებელი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს განახორციელოს სესხის თითოეული ნაწილის (სესხის თითოეული ნაწილის დარჩენილი ნაწილის) ვადაზე ადრე დაბრუნება მთლიანად რა დროსაც მსესხებელი ვალდებულია სესხის (სესხის დარჩენილი ნაწილის) დაბრუნებასთან ერთად გადაუხადოს გამსესხებელს სესხის (სესხის დარჩენილი ნაწილის) დაბრუნების მომენტისათვის ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით რიცხული დღიური სარგებელი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა -განმარტება;
- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება.
3.5. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი რვა დღით გადააცილებს სესხის გაცემის შესახებ რომელიმე შეთანხმებაზე თანდართული გადახდის გრაფიკით განსაზღვრულ გადახდის რომელიმე ეტაპის შესრულებას, გამსესხებელი უფლებამოსილია, ცალმხრივად შეწყვეტოს წინამდებარე ხელშეკრულება სესხის ნაწილში, რა დროსაც, მსესხებლისათვის დამატებითი შეტყობინების წარდგენის გარეშეც, ამ უკანასკნელს უპირობოდ დაეკისრება გამსესხებლისათვის სესხის თითოეული ნაწილის დაბრუნების ვალდებულება, აგრეთვე გამსესხებლის სასარგებლოდ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დარიცხული პირგასამტეხლოს ან/და სხვა ნებისმიერი გადასახდელის გადახდა. ამასთანავე, თუ გამსესხებელს სხვაგვარი გადაწყვეტილება არ მიუღია, მსესხებელს აგრეთვე დაეკისრება სესხის თითოეული ნაწილის დაბრუნების
ვადაგადაცილების პერიოდში დარიცხული სარგებლის გადახდაც.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 19).
3.6. გირავნობის საგნის რეალიზაციის მიზნით, შპს „ე----------------“-მა ავტომანქანის შეფასების მომსახურების სანაცვლოდ გადაიხადა 100 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- ცნობა დავალიანების შესახებ.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.7. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარავად, მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე. იგივე წესი ვრცელდება იმ ხარჯებსა და დანახარჯებზე, რაც წარმოიშვება გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 20).
3.8. გ---–---------–---ა და შპს „ე----------------“-ს შორის 2----–-–---------–--- გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით, თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის მიერ ძირითადი ვალის გადახდის უზრუნველსაყოფად, იმგვარად, რომ მესამე პირის მიერ კრედიტორისთის ძირითადი ვალის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თავდებმა უზრუნველყოს კრედიტორის მიმართ ძირითადი ვალის გადახდის შესრულება. ამავე ხელშეკრულებით თავდების პასუხისმგებლობა შემოიფარგლა ზღვრული თანხის - 36 000 აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება.(ს.ფ. 27-29).
3.9. მსესხებლის მიერ სისტემატურად ირღვეოდა სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული გადახდის ვადები, რის გამოც 2016 წლის 21 ივლისის მდგომარეობით მას ერიცხებოდა ძირი თანხა 6421 აშშ დოლარი და მასზე დარიცხული სარგებელი 2488 აშშ დოლარი.
2----–-–---------–--- გირავნობით დატვირთული ავტომანქანის რეალიზაცია მოხდა 6150 აშშ დოლარად, საიდანაც დაიფარა დარიცხული სარგებელი 2488 აშშ დოლარი სრულად და სესხის ძირითადი თანხიდან ნაწილი - 3662 აშშ დოლარი, შესაბამისად, გადასახდელი დარჩა ძირი თანხიდან 2759 აშშ დოლარი, რომელსაც ყოველთვიურად ერიცხებოდა სარგებელი 2016 წლის 21 ივლისიდან სარჩელის შეტანამდე 2018 წლის 23 თებერვლამდე პერიოდში, ყოველთვიურად 5%, რაც ჯამში, შეადგენს 2598.05 აშშ დოლარს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- 2--------- წლის ნასყიდობის ხელშეკრულება.
3.10. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კრედიტორმა - შპს „ე----------------“-მა -თავდებ გ---–---------–--- არ აცნობა ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტის თაობაზე.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლი ითვალისწინებს კრედიტორის ვალდებულებას აცნობოს თავდებს მოვალის მიერ ძირითადი მოვალის მიერ გადახდის ვადის გადაცილების თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში, სადავოა შპს „ე----------------“-ის მიერ ამ ვალდებულების შესრულება.
საქმეში წარმოდგენილი წერილის შინაარსიდან დგინდება, რომ 2016 წლის 24 ოქტომბერს შპს „ე----------------“-მა წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა თავდებს გ---–---------–---, თავდებობის ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე: ქ-------–--------------. ადრესატს შეტყობინება ვერ ჩაბარდა, იმ მიზეზით, რომ ამ მისამართზე გ---–---------–-- არ მოიძებნა. (ს.ფ.46).
საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების 7.2 მუხლში აღნიშნულია, რომ თითოეული მხარე ვალდებულია შეატყობინოს მეორე მხარეს ამ მუხლში მითითებული მისამართის ცვლილება, წინააღმდეგ შემთხვევაში ძველ მისამართზე მხარის მიერ გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება ჩაბარებულად. მხარეები აგრეთვე შეთანხმდნენ, რომ ზემოაღნიშნულ მისამართებზე გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება ჩაბარებულად იმისდამიუხედავად, ჩაბარდება იგი უშუალოდ ადრესატს თუ ადგილზე მყოფ/მცხოვრებ ნებისმიერ პირს.
საქმეში წარმოდგენილია ფოსტის უკუგზავნილი, რომლის თანახმად, გ---–---------–--- შპს „ე-----------------“-ის მიერ გაგზავნილი სარჩელისა და თანდართული მასალების ასლები მისამართზე: ჟ--------------- - ჩაბარდა პირადად ადრესატს. სასამართლოში წარმოდგენილ შესაგებელში, მოპასუხე გ---–---------–--მ თავის მისამართად მიუთითა ჟ------------------. ამდენად, ცალსახად დგინდება, რომ თავდებს არ შეუცვლია ის მისამართი, რაც მიუთითა თავდებობის ხელშეკრულებაში, აქედან გამომდინარე, გაფრთხილება მისთვის ჩაბარებულად ვერ ჩაითვლება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „ე----------------“-ის მიერ არ შესრულდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება, ძირითადი მოვალის მიერ გადახდის ვადის გადაცილების თაობაზე თავდების გაფრთხილების შესახებ.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
3.11. სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „ე----------------“-ის მოთხოვნა ი----------–---–--- მიმართ ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემობათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად, ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.
ზემოღნიშნული ნორმის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების დათქმულ დროს შესრულება კანონისმიერი პირობაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე შპს „ე----------------“-სა და მოპასუხე ი----------–---–--- შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, გამსესხებელმა შპს „ე----------------“-მა გადასცა ი-----------–---–--- სესხის თანხა 7110 აშშ დოლარი, ხოლო მსესხებელმა იკისრა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, შეთანხმებულ ვადაში ნასესხები თანხის დაბრუნების ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილი ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ მხარეები შეთანხმდნენ განსხვავებულ წესზე, რა დროსაც მოთხოვნა არ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად და კრედიტორი კვლავაც იქნება უფლებამოსილი, მოითხოვოს სხვაობა ამონაგებ თანხასა (გირავნობის საგნის ღირებულებასა) და მოთხოვნის ოდენობას შორის, მოვალის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევით. კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეები ასეთ განსხვავებულ წესზე შეთანხმდნენ, სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-4 ნაწილით.
კრედიტორმა შპს „ე----------------“-მა გამოიყენა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილება გირავნობის საგნის რეალიზაციის შესახებ. რეალიზაციის შედეგად სესხის ძირითადი თანხიდან დარჩენილი დავალიანებაა 2759 აშშ დოლარი, რა ნაწილშიც ვალდებულება არ არის შესრულებული.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოვალე ი----------–---–--- კრედიტორის შპს „ე----------------“-ის წინაშე ვალდებულება არა აქვს შესრულებული ჯეროვნად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, მას გადასახდელი აქვს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხა 2759 აშშ დოლარი, რომლის გადახდის ვალდებულებაც უნდა დაეკისროს მსესხებელს კრედიტორის შპს „ე----------------“-ის სასარგებლოდ.
3.12. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნა გირავნობის საგნის შეფასების მომსახურებისათვის გაღებული ხარჯის მსესხებლის მიერ ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში წარმოშობილი ხარჯები ეკისრება მსესხებელს.
განსახილველ შემთხვევაში, კრედიტორმა შპს „ე----------------“-მა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის გამო, გირავნობის საგნის რეალიზაციის მიზნით, ავტომანქანის შეფასების მომსახურებისათვის გაიღო ხარჯი 100 ლარის ოდენობით.
ამ თანხის გადახდის ვალდებულება მოვალეს კრედიტორის წინაშე არ შეუსრულებია, რის გამოც ი----------–---–--- უნდა დაეკისროს 100 ლარის ანაზღაურების ვალდებულება კრედიტორის შპს „ე----------------“-ის წინაშე.
3.13. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნა ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული სარგებლის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
სასამართლომ განმარტა, რომ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან - 2016 წლის 21 ივლისიდან შეწყდა მხარეთა შორის არსებული სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობა, ამ დროიდან 2018 წლის 23 თებერვლამდე (სარჩელის შეტანამდე) პერიოდში დარიცხული სარგებელი 2598.05 აშშ დოლარის ოდენობით, შეადგენს იმ ზიანს, რაც კრედიტორს მიადგა ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის და რაც მხარეთა შეთანხმებით არის გათვალისწინებული.
სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის განისაზღვრა თვიური 5% სარგებლის გადახდა. ავტომობილის რეალიზაციის შემდეგ ი----------–---–--- კვლავ დარჩა დავალიანება - სესხის ძირითადი თანხა 2 759 აშშ დოლარის ოდენობით, რომელსაც ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ზიანის სახით, ერიცხებოდა სარგებელი ყოველთვიურად 5%-ის ოდენობით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთი დიდია და ბევრად აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების სტატისტიკური ანგარიშგების საფუძველზე გაანგარიშებულ წლიურ საბაზრო საპროცენტო განაკვეთს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. სასამართლო მიუთითებს,რომ მითითებული ნორმით გარკვეულწილად შეზღუდულია ნების გამოვლენის თავისუფლება.
სასამართლომ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, ზოგიერთი ხელშეკრულება საერთოდ არ შეიძლება დაიდოს ანუ ზოგიერთ სახელშეკრულებო პირობაზე საერთოდ არ შეიძლება შეთანხმება. ხელშეკრულება ან სახელშეკრულებო პირობა არ უნდა არღვევდეს საჯარო წესრიგს, ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს ან კანონით განსაზღვრულ ინტერესებს. ხოლო თუ ხელშეკრულება ან სახელშეკრულებო პირობა წარმოადგენს ასეთ დარღვევას ან ასეთ წინააღმდეგობას, მაშინ კანონი არ აღიარებს მოქალაქეთა შორის მსგავსი შეთანხმების სავალდებულო ძალას, თუნდაც ორივე მხარეს სურდეს შეთანხმება. თეორიულ-სამართლებრივი სახელწოდება ხელშეკრულების თავისუფლების ამგვარი შეზღუდვისა არის ის, რომ ხელშეკრულება ან ცალკეული სახელშეკრულებო პირობა, რომელიც ეწინააღმდეგება, მაგალითად, ზნეობის ნორმებს, ბათილია. ზოგ შემთხვევაში, მხარეებს შეუძლიათ დადონ რაიმე კონკრეტული ხელშეკრულება, მაგრამ თავისუფლად არ შეუძლიათ განსაზღვრონ მისი შინაარსი. ანუ ხელშეკრულების დადებისას მათ არ შეუძლიათ დაადგინონ კანონით განსაზღვრულისგან განსხვავებული პირობები. სავალდებულო ხასიათის ასეთი პირობები უმთავრესად მოიპოვება იმ ხელშეკრულებებში, რომლებშიც, კანონმდებლის აზრით, ერთი მხარე უფრო ძლიერ პოზიციაში, რის გამოც უფრო სუსტ პოზიციაში მყოფ მეორე მხარეს სჭირდება განსაკუთრებული დაცვა კანონით.
სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით, ამორალური გარიგება განმარტებულია, როგორც გარიგება, რომელიც ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს. ზნეობის ნორმებში იგულისხმება წესიერება, სამართლიანობა, კეთილსინდისიერება. სამართლიანობა გულისხმობს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების თანაბრობის პრინციპის დაცვას. ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები ყოველთვის ადეკვატური უნდა იყოს მეორე მხარის ვალდებულებებთან. მხარეთა მიერ ვალდებულებების თანაბარი, სამართლიანი გადანაწილება გარიგების ნამდვილობის აუცილებელი პირობაა. მისი უგულებელყოფა გარიგების ბათილად ცნობის საფუძველია. სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე გარიგების ამორალურად მისაჩნევად არ არის აუცილებელი იმ გარემოებათა დადგენა-დადასტურება, რამაც განაპირობა ამ გარიგების დადება. საკმარისია, არსებობდეს შესრულებასა და სამაგიერო შესრულებას შორის არაადეკვატური ურთიერთშეფარდება და ასეთი გარიგების სუბიექტის მხრიდან სარგებლის მიმღების შესაბამისი განზრახვა, რომ სასამართლომ ამორალურ გარიგებად მიიჩნიოს.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ სესხის ხელშეკრულებით მსესხებელს დაუწესა ბევრად უფრო მძიმე მოთხოვნა, სესხის ხელშეკრულების ვადის დარღვევის შემდეგ, ყოველდღიურად გადასახდელი სარგებლის სახით, რაც მიუღებელი და არამართებულია ყოველდღიურ ცხოვრებაში, რადგან არ გამომდინარეობს საზოგადოებრივი ცხოვრების აუცილებლობიდან. პირობა, ამ ოდენობის საპროცენტო სარგებლის შესახებ გაუმართლებლად ლახავს საზოგადოების წევრთა უფლებებსა და ინტერესებს, საფრთხეს უქმნის საზოგადოების წევრების ღირებულებებს. სასამართლომ მიიჩნია, რომ შეუძლებელია მხარეთ შორის არსებული შეთანხმება პროცენტის თაობაზე გონივრულად ჩაითვალოს. აქედან გამომდინარე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მხარეთა მიერ შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთის ოდენობა, რომელიც ბევრად აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების სტატისტიკური ანგარიშგების საფუძველზე გაანგარიშებულ წლიურ საბაზრო საპროცენტო განაკვეთს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ წლიური 9% გონივრული პროცენტია და ამის ზევით უნდა ჩაითვალოს ბათილად მისი ამორალური ხასიათის გამო. შესაბამისად, მოპასუხე ი----------–---–--- უნდა დაეკისროს ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის სახით მოსარჩელე შპს „ე----------------“-ის სასარგებლოდ 389.45 აშშ დოლარის გადახდა;
3.14. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე შპს „ე----------------“ -ის მოთხოვნა გ---–---------–--- მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ხოლო 895-ე მუხლის საფუძველზე, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანის სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
დადგენილია, რომ ი----------–---–---ა და შპს „ე-----------------“-ს შორის დადებული საკრედიტო სახით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად შპს „ე----------------“-ს და გ---–---------–--- შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც გ---–---------–--მ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ი----------–---–--- ვალდებულების შესრულებაზე შპს „ე-----------------“-ის წინაშე. თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 36 000 აშშ დოლარით.
დადგენილია, რომ მოვალემ დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც ძირითად მოვალეს და თავდებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი თანხის - 2759 აშშ დოლარის გადახდა.
3.15. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნა თავდების გ---–---------–--- მიმართ, გირავნობის საგნის შეფასებისათვის გაწეული მომსახურების ხარჯის ანაზღაურების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
მხარეებს შორის გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებით, არ არის გათვალისწინებული თავდების პასუხისმგებლობა გირავნობის საგნის იძულებით რეალიზაციის პროცესში, გამსესხებლის მიერ გაღებული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე.
შპს „ე----------------“-ის მოთხოვნა თავდების მიმართ დარიცხული სარგებლისა და ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ დარიცხული პროცენტის დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლის მიხედვით, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს.
სასამართლომ გადაწყვეტილების 3.2.3 პუნქტით, დაადგინა, რომ შპს „ე----------------" -მა არ აცნობა თავდებს ძირითადი მოვალის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების თაობაზე, შესაბამისად, კრედიტორი არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს თავდებისაგან მსესხებლის ი----------–---–--- მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის გათვალისწინებული პროცენტის გადახდევინება.
4. გადაწყვეტილება გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
5.1. აპელანტების მოსაზრებით, სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა მოპასუხე ი----------–---–--- იმ განმარტებას, რომ 2016 წლის 5 იანვარს განხორციელებული ბოლო გადახდის შემდეგ მისი ფინანსური მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ ვეღარ ახერხებდა სესხის თანხის დაფარვას, რის გამოც მას მობილური ტელეფონით დაუკავშირდნენ კრედიტორის წარმომადგენლები და შესთავაზეს გირავნობის საგნის ნებაყოფლობით გადაცემა, რომელსაც კრედიტორი საკუთარ თავზე გადაიფორმებდა და ამით მთლიანად დაიფარებოდა მის მიმართ არსებული დავალიანება, რაც შეასრულა მოპასუხემ. კრედიტორს მოპასუხისათვის არ შეუტყობინებია, რომ გირავნობის საგნის რეალიზაციას აპირებდა (გადაცემიდან ექვსი თვის შემდეგ), წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი თავადვე განახორციელებდა მანქანის სწრაფ რეალიზაციას, რომლის ფასიც იმ მომენტისათვის კრედიტორის მიმართ არსებულ დავალიანებას აღემატებოდა და ამგვარად სრულად დაფარავდა ვალდებულებას და აირიდებდა დამატებით ზიანს. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის საფუძველზე ი----------–---–--- ვალდებულება შესრულებულად უნდა ჩათვალოს მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით კრედიტორისათვის დაგირავებული ნივთის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან.
გაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3761 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი ემყარება კანონის დარღვევას და მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებას, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს.
სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება
9. სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.1.1.-3.1.6, პუნქტებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (წინამდებარე გადაწყვეტილების 3.1.-3.6. პუნქტები), შესაბამისად, მათ, როგორც უდავო ფაქტობრივ გარემოებებს, სააპელაციო სასამართლოც იზიარებს.
10. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომელთა საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ვარაუდის შესახებ, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთ ვარაუდს გააქარწყლებენ – დაკისრებული აქვს მოპასუხეს.
11. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ სარჩელზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დაადასტურა, რომ შპს „ე----------------“-სა და მოპასუხე ი----------–---–--- შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, გამსესხებელმა შპს „ე----------------“-მა ი----------–---–--- გადასცა სესხის თანხა 7110 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო მსესხებელმა იკისრა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, შეთანხმებულ ვადაში ნასესხები თანხის დაბრუნების ვალდებულება; სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად გირავნობის უფლებით დაიტვირთა ნ-----–-------------–---–-ს კუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება.
12. ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსესხებლის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გამსესხებელი უფლებამოსილი იყო საკუთარი არჩევანით გამოეყენებინა ამ პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რომელიმე უფლება. კერძოდ, ა) გადაეფორმებინა საკუთარ თავზე გირავნობის საგანი... ბ) მოეთხოვა და განეხორციელებინა გირავნობის საგნის რეალიზაცია...და ა.შ.
13. სადავო არ არის გარემოება, რომ მსესხებელმა ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა - 2016 წლის 21 ივლისის მდგომარეობით მას დასაფარი ჰქონდა ძირი თანხა 6421 აშშ დოლარი და მასზე დარიცხული სარგებელი 2488 აშშ დოლარი.
14. დადგენილია, რომ ვალდებულების შესრულების მიზნით, ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, კრედიტორმა ვალდებულების დაფარვის საშუალებად აირჩია და განახორციელა გირავნობის საგნის რეალიზაცია. სწორედ, აღნიშნულ გარემოებას ხდის სადავოდ აპელანტი და აცხადებს, რომ სინამდვილეში, მანქანის გადაცემისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ კრედიტორი გირავნობის საგანს საკუთარ თავზე გადაიფორმებდა და ამგვარად არსებული ვალდებულება ჩაითვლებოდა სრულად დაფარულად.
15. პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით, შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. ამ შემთხვევაში, კანონმდებლის პრინციპული დამოკიდებულება იმითაა განპირობებული, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა არაკეთილსინდისიერება. თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ, კერძოდ, ამგვარი საბუთის გამოთხოვაზე რაიმე ვალდებულება მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით მოვალეს არ ეკისრება. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება კი, განპირობებულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება.
16. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პრეტენზიის შინაარსიდან გამომდინარე, აპელანტის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ისეთ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე მითითება, რაც დაადასტურებდა, რომ კრედიტორმა ვალდებულების დასაფარად აირჩია არა გირავნობის საგნის რეალიზაცია, არამედ, ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფორმა - გირავნობის საგნის საკუთარ თავზე გადაფორმება, რა დროსაც დარჩენილი ვალდებულება სრულად დაფარულად ჩაითვალა, თუმცა მოპასუხემ ასეთი მტკიცება სასამართლოს ვერ წარუდგინა, რაც მის სააპელაციო შედავებას უპერსპექტივოს ხდის.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390.3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
18. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, მე-400, 623-ე, 625-ე, 254-ე, 276-ე მუხლების სამართლებრივ საფუძველზე მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
საპროცესო ხარჯები
20. აპელანტების მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი----------–---–--- და გ---–---------–--- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტების მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
5. განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნათია გუჯაბიძე