განაჩენი

სისხლის სამართლის 22.03.2019
საქმის ნომერი
010141319700075922
ინსტანცია
თარიღი
22.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141319700075922

საქმე №1/ა.გ-38-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 მარტი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: გერონტი კახეთელიძე

მოსამართლეები: მარინა ხოლოაშვილი

მზია ლომთათიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ მ-----–----–--------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 15 იანვრის განაჩენით:

 

მ-----–----–--------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

მ-----–----–--------–---–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 3 (სამი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

2019 წლის 26 თებერვალს, მსჯავრდებულმა მ-----–----–--------–---–მა შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა ახლად გამოვლენილი გარემოებათა გამო, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 15 იანვრის განაჩენის გადასინჯვა და მასში ცვლილებების შეტანა, კერძოდ, მოითხოვა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 15 იანვრის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის - ჯარიმის 2000 ლარის ოდენობით - გადახდისგან გათავისუფლება.

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მსჯავრდებულ მ-----–----–--------–---–ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია მისი ბლანკეტურობის გამო. იგი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის, რაც არაკონსტიტუციურია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით. სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება წარმოადგენს ადამიანის პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში არაპროპორციულ ჩარევას და შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მსჯავრდებულ მ-----–----–--------–---–ს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 15 იანვრის განაჩენით მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლი“-ს (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის გასამართლებული პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით. ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა (იხ. გადაწყვეტილება), მსჯავრდებული მ-----–----–--------–---–ი უნდა გათავისუფლდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 15 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და დამატებითი სასჯელისაგან, რაც დღეის მდგომარეობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დავალიანება შეადგენს 903,32 ლარს (იხ. კახეთის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 18 მარტის №20339 მომართვა). რაც შეეხება ამავე განაჩენით დანიშნულ ძირითად სასჯელს - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით, როგორც კახეთის პრობაციის ბიუროდან მიღებული მ-----–----–--------–---–ის პირადი საქმით ირკვევა, აღნიშნული სასჯელი მას მოხდილი აქვს. შესაბამისად, პალატა არ მსჯელობს ზემოაღნიშნული განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელისგან მსჯავრდებულის გათავისუფლების შესახებ. დღეის მდგომარეობით ასევე გასულია „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მ-----–----–--------–---–ისთვის ჩამორთმეული უფლებების ვადა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მ-----–----–--------–---–ის მიმართ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 15 იანვრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ მ-----–----–--------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 15 იანვრის განაჩენში მ-----–----–--------–---–ის მიმართ, შევიდეს ცვლილება;

 

მსჯავრდებული მ-----–----–--------–---–ი გათავისუფლდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 15 იანვრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და დამატებით სასჯელად დანიშნული ჯარიმის, რაც დღეის მდგომარეობით გადასახდელად შეადგენს 903,32 ლარს, გადახდისაგან;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: გ. კახეთელიძე

 

მოსამართლეები: მ. ხოლოაშვილი

 

მ. ლომთათიძე