განაჩენი

სისხლის სამართლის 26.03.2019
საქმის ნომერი
330100117002108591
ინსტანცია
თარიღი
26.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100117002108591, №1/ბ-735-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 მარტი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

ნინო სანდოძე

 

სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ზა-----------ე.

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - თე--------- ის-------–ის ძე შა------ე - დაბადებული 195--–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N6----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ყა-------------–----–-------------------------------.

 

ადვოკატი - სო----------------ე.

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი (ნარკოტიკული საშუალების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა);

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი (ნარკოტიკული საშუალების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა).

 

სასჯელი:

 

დანაშაულთა ერთობლიობით - 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

 

დაცვის მხარის დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის განაჩენის გაუქმება და თე--------- შა------ის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, თე--------- შა------ეს არ ჰქონია აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება და ჩაუდეს პოლიციის თანამშრომლებმა. მისი მხრიდან ოქმებზე ხელის მოწერა განაპირობა მუქარამ მისი მეუღლის დაჭერის შესახებ. გამოძიება არ ჩატარებულა სრულყოფილად, არ ყოფილა მოპოვებული მნიშვნელოვანი მტკიცებულებები და განაჩენი გამოტანილი იქნა მხოლოდ დაინტერესებული პირების - პოლიციის თანამშრომელთა არადამაჯერებელი ჩვენებების საფუძველზე. შესაბამისად, წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია თე--------- შა------ის მსჯავრდებისთვის (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი);

 

ბრალდების მხარის პოზიცია - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები არის ურთიერთთავსებადი და სრულად ადასტურებენ თე--------- შა------ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას (ვრცლად იხ. სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ დაადგინა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის განაჩენით, თე--------- შა------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

თე--------- შა------ემ, ყა-------ის რესპუბლიკაში ყოფნისას, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,1670 გრამი ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისი, 0,3369 გრამი ნარკოტიკული საშუალება მორფინის (მარილი) და 8,2509 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რაც ალმაატა-თბილისის რეისით ქ. თბილისის აეროპორტის გავლით 2017 წლის 01 სექტემბერს უკანონოდ შემოიტანა საქართველოში.

 

2017 წლის 1 სექტემბერს, საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ქ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზის მიმდებარედ არსებულ, მოქალაქეთა გასინჯვის ოთახში ჩატარებული თე--------- შა------ის პირადი ჩხრეკისას, ამოღებული იქნა 0,1670 გრამი ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის შემცველი მომწვანო - მოყავისფრო, სპეციფიკური სუნის მქონე ნივთიერება, 0,3369 გრამი ნარკოტიკული საშუალება მორფინის და 8,2509 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი პოლიეთილენის ნაჭრებში გახვეული მოყვითალო ნივთიერება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის განაჩენით, თე--------- შა------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ თე--------- შა------ეს სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.

 

მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. თე--------- შა------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 01 სექტემბრიდან.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, დეტექტივ-გამომძიებელმა შა-–-- წო–-----ამ განმარტა, რომ 2017 წლის 1 სექტემბერს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, 21:00 საათიდან 23:30 საათის შუალედში თე--------- შა------ე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოფრინავდა ალმაატის რეისით და მას პირადად ან ხელბარგში უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნულის თაობაზე მან პატაკით მიმართა ხელმძღვანელობას, შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი და დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები.

 

საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაციის თანახმად, თე--------- შა------ის საქართველოში შემოსვლა ფიქსირდება 2017 წლის 1 სექტემბერს 22:18 საათზე. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, თე--------- შა------ე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდა ალმაატის რეისით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელი ავ--------– მე---–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ 2017 წლის 1 სექტემბერს შა-–-- წო–-----ას მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჯგუფთან ერთად მივიდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ინფორმაციის თანახმად, ალმაატიდან მოფრინავდა თე--------- შა------ე, რომელსაც უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. ღამის საათებში მოფრინდა ალმაატა-თბილისის რეისის თვითმფრინავი, საიდანაც ჩამოვიდა თე--------- შა------ე. ის თავის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა სარეგისტრაციო ადგილას, სადაც მგზავრები საზღვრის კვეთისას გადიოდნენ რეგისტრაციას და აკონტროლებდნენ თე--------- შა------ეს. შესაბამისად, საზღვრის გადმოკვეთიდან თე--------- შა------ე მათი თვალთახედვის არედან არ გამქრალა, არავის შეხვედრია და არსად შესულა. ბარგის აღების შემდეგ ჯგუფის წევრებმა შეაჩერეს თე--------- შა------ე და გააცნეს დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე მისი პირადი ჩხრეკის ჩატარების თაობაზე. პირადი ჩხრეკისას თე--------- შა------ეს მაისურის ჯიბიდან ამოუღეს ერთი ცალი კონვალუტა, რომელშიც მოთავსებული იყო ორი ცალი თეთრი ფერის აბი, მის ტანზე შემოხვეული ნაჭრიდან ამოღებული იქნა მომწვანო ფერის მასა, ხოლო საცვლის ჯიბიდან მრგვალი ფორმის პოლიეთილენის პარკში გახვეული ნივთიერება, რომელსაც შემოხვეული ჰქონდა წებოვანი ლენტი. დათვალიერების მიზნით აღნიშნული პარკი იქნა გახსნილი და დათვალიერების შემდეგ დაუბრუნდა საწყის მდგომარეობას. ასევე თე--------- შა------ის კუთვნილი ხელჩანთიდან ამოღებული იქნა ერთ ცალ კონვალუტაში მოთავსებული ათი ცალი აბი. ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით, ჩხრეკის ოქმსა და ლუქებს ხელი მოაწერა ბრალდებულმაც და პრეტენზია ან შენიშვნა არ გამოუთქვამს, ასევე არ გაუწევია მათთვის წინააღმდეგობა. მოწმის განმარტებით, ჩხრეკის ოქმი შედგენილი იქნა კანონის სრული დაცვით და მასში ასახული ფაქტობრივი გარემოებები შეესაბამება რეალობას.

 

ანალოგიურ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითეს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმეებმა: რო------ მე--------–---–მა, გი------ ჩი-----ემ და გი------ ქა--–-–---–მა, ხოლო გამომძიებელმა არ---– ნა–--–-–---–მა სასამართლოს ჩვენება მისცა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერებისა და ავთენტურობის თაობაზე. მოწმე გი------ ქა--–-–---–მა დაადასტურა მის მიერ დადგენილების და ოქმების შედგენის ფაქტი და სისწორე. განმარტა, რომ თე--------- შა------ე იმყოფებოდა ქალბატონთან ერთად. თანამშრომლები აკონტროლებდნენ აეროპორტის შიდა სივრცეს და მათი თვალთახედვის არედან თე--------- შა------ე არ გამქრალა, არსად შესულა და არავის შეხვედრია, შემდეგ ხელი მოაწერა ოქმებს და რაიმე სახის პრეტენზია არ გამოუთქვამს. ჩხრეკის ოქმის და დაკავების ოქმების სისწორე დაადასტურა ასევე მოწმე გი------ ჩი-----ემაც. მოწმის ჩვენებით, შემოსვლის მომენტიდან ადევნებდნენ თვალს თე--------- შა------ეს. მოწმე რო------ მე--------–---–ის განმარტებით, ჯგუფი აკონტროლებდა თე--------- შა------ეს, რომელიც მათი თვალთახედვის არედან არ გამქრალა. თე--------- შა------ე შემოვიდა ქალთან ერთად, რომელიც, როგორც შემდეგ გაირკვა, იყო მისი მეუღლე. თე--------- შა------ე არსად შესულა, გარეშე პირთან კონტაქტი არ ჰქონია. უშუალოდ მან ჩაატარა ქალბატონის პირადი ჩხრეკა, რომლის შედეგად კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოღებულა.

 

2017 წლის 1 სექტემბერს, 22:35 საათიდან 23:15 საათამდე პერიოდში, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მოფრენის დარბაზში, მოქალაქეთა გასასინჯ ოთახში, ჩატარდა თე--------- შა------ის პირადი ჩხრეკა. ოქმის თანახმად, ჩხრეკა მიმდინარეობდა წყნარ ვითარებაში, რაიმე სახის წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია. მისი მაისურის წინა ჯიბიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი კონვალუტა, რომელშიც მოთავსებული იყო ორი ცალი თეთრი ფერის აბი. მის ტანზე შემოხვეული ნაჭრიდან ამოღებული იქნა მრგვალი ფორმის მომწვანო ფერის მასა. ასევე მისი საცვლის წინა მხარეს ზიპ შესაკრავიანი ჯიბიდან ამოღებული იქნა მრგვალი ფორმის პოლიეთილენის პარკში გახვეული მოყავისფრო ფერის მასა, რომელსაც შემოხვეული ჰქონდა წებოვანი ლენტი. დათვალიერების მიზნით აღნიშნული პარკი იქნა გახსნილი და დათვალიერების შემდეგ დაუბრუნდა საწყის მდგომარეობას. ასევე თე--------- შა------ის მარჯვენა ხელში არსებული ხელჩანთიდან ამოღებული იქნა ერთ ცალ კონვალუტაში მოთავსებული ათი ცალი აბი. კონვალუტას აქვს წარწერა ,,Трамадол”. ამოღებული ნივთები მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა ც.კ.პ.დ. №19 ლუქით. ოქმში მითითებულია, რომ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს შენიშვნა, შესწორება, დამატება ან განცხადება არ გაუკეთებიათ. ჩხრეკის ოქმის თითოეული გვერდი ხელმოწერით აქვთ დამოწმებული საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს, მათ შორის თე--------- შა------ეს. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება კანონიერად იქნა ცნობილი მოსამართლის განჩინებით.

 

პირადი ჩხრეკის შემდეგ თე--------- შა------ე დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით, რაც დასტურდება დაკავების ოქმით. აღნიშნული ოქმის თანახმად, დაკავების მომენტში დაკავებულს დაზიანება არ აღენიშნებოდა.

 

2017 წლის 02 სექტემბრის ქიმიური ექსპერტიზის №1472/სქ-1658/ქრ დასკვნის თანახმად, თე--------- შა------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ვერცხლისფერ კონვალუტაზე წარწერით ,,Трамадол” განთავსებული უფერო პოლიმერული მასალით შემოგარსული, ათი (10) ცალი მომწვანო კაფსულა (ობ.N1) წარმოადგენს ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე ნარკოტიკული საშუალება ტრამადოლის შემცველ კაფსულებს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ტრამადოლის საერთო რაოდენობა შეადგენს - 0,5 გრამს. ვერცხლისფერ კონვალუტის ნაჭერზე წარწერით: ,,300мг СУЛФА'' განთავსებული უფერო, პოლიმერული მასალით შემოგარსული 2 (ორი) ცალი თეთრი ტაბლეტი (ობ.N2) არ შეიცავს ნარკოტიკულ, ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას. მომწვანო-მოყავისფრო, სპეციფიკური სუნის მქონე ნივთიერება წონით - 2,0128 გრამი, (ობ.N3) შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება კანაფის ფისს, წონით - 0,1670 გრამს. პოლიეთილენის ნაჭრებში გახვეული მოყვითალო ნივთიერება წონით - 57,00 გრამი (ობ.N4) შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს: ჰეროინს - 8,2509 გრამს, მორფინს (მარილი) წონით - 0,3369 გრამს და კოდეინს (მარილი) წონით - 0,0522 გრამს.

 

აღნიშნული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტების თა----------–---სა და სო------–-------ას ჩვენებები პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის შესაბამისად, მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში თე--------- შა------ემ ნაწილობრივ ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. მისი განმარტებით, 2017 წლის 1 სექტემბერს ჩამოფრინდა თბილისის აეროპორტში ალმაატის რეისით. რეგისტრაციის გავლისა და ბარგის აღების შემდეგ ერთ-ერთმა პირმა წინ დაუგდო ნარკოტიკული საშუალება, მან კი ცდუნებას ვერ გაუძლო, აიღო და ქამარს და მუცელს შორის ჩაიდო. ჩანთიდან ამოღებული ნივთიერებები ეკუთვნოდა მის მეუღლეს, რომლებიც მას ესაჭიროებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და რომელიც ყა-------ში კანონიერად ითვლება. მეუღლისთვის პრობლემების თავიდან არიდების მიზნით მან საკუთარ თავზე აიღო ეს ნარკოტიკებიც.

 

თე--------- შა------ემ სააპელაციო სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობდა არც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. მისი მხრიდან დანაშაულის ნაწილობრივი აღიარება განპირობებული იყო შემოგზავნილი ადვოკატის რჩევით, რომელიც აღიარების სანაცვლოდ პირდებოდა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას და სასჯელის შემსუბუქებას. იგი იყო წარსულში ნარკოტიკების მომხმარებელი, რასაც დაანება თავი, თუმცა მის მიმართ გრძელდება კანონსაწინააღმდეგო დევნა.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომლითაც თე--------- შა------ე დამნაშავედ იქნა ცნობილი ნარკოტიკული საშუალების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანაში.

 

გარემოებები, რაც სადავო გახადა დაცვის მხარემ, პალატას მიაჩნია დადასტურებულად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დადგენილია, რომ გამოძიება დაიწყო ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თე--------- შა------ის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, თე--------- შა------ე, 2017 წლის 1 სექტემბერს 21:00-დან 23:30 საათამდე პერიოდში უნდა ჩამოფრენილიყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ალმაატის კონკრეტული რეისით. ოპერატიული ინფორმაციის სისწორე დადასტურდა, ვინაიდან თე--------- შა------ემ ნამდვილად გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 2017 წლის 1 სექტემბერს 22:18 საათზე.

 

მოწმეებმა განმარტეს, რომ გამოძიება დაიწყო ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე. თე--------- შა------ე საქართველოში ჩამოფრინდა ალმაატიდან, ალმაატა-თბილისის რეისით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამოიარა სასაზღვრო ზოლი და საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის მომენტიდან მასზე ხორციელდებოდა ვიზუალური თვალთვალი, რა დროსაც თე--------- შა------ე არავის შეხვედრია და არსად შესულა. პირადი ჩხრეკა კი ჩაუტარდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზში, მოქალაქეთა გასასინჯ ოთახში.

 

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და მათი საპროცესო დამაგრება განხორციელებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნათა არსებით დარღვევას, რაც მათ დაუშვებლად ცნობას განაპირობებდა. გასათვალისწინებელია, რომ მოწმეებმა დაკითხვისას დეტალურად განმარტეს აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა. ამოღებული ნივთიერებები დაილუქა სათანადო წესით, რაც დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ოქმების სისწორე ხელმოწერებით აქვს დადასტურებული თე--------- შა------ეს და რაიმე პრეტენზია ან შენიშვნა გამოთქმული არ აქვს. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვლევი ობიექტი იყო დალუქული და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა.

 

მსჯავრდებულმა თე--------- შა------ემ სააპელაციო სასამართლოში ითხოვა გამართლება და მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში ნაწილობრივი აღიარება გამოწვეული იყო ვითომდა შეთანხმებით აყვანილი ადვოკატის ზემოქმედებით, ხოლო გამოძიებაში ხელმოწერები გააკეთა იძულების შედეგად. მსჯავრდებულის განმარტებით, მისი დაკავება მოხდა აეროპორტის გარეთ და არა მოფრენის დარბაზში, როგორც ეს პოლიციის თანამშრომლებმა განმარტეს.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, უტყუარად მიიჩნიოს თე--------- შა------ის განმარტებები ნარკოტიკული საშუალების ჩადების და ძალადობის თაობაზე, მით უფრო მაშინ, როდესაც მას აღნიშნული განმარტებები სააპელაციო სასამართლომდე არ გაუკეთებია და პირველი ინსტანციის სასამართლოში მსგავსი პრეტენზიები არ დაუფიქსირებია.

 

დაცვის მხარემ ასევე აღნიშნა, რომ ბრალდების მხარეს უნდა მოეპოვებინა სხვა მტკიცებულებები, ჩაეტარებინათ ვიდეოგადაღება, ასევე სხვა საექსპერტო კვლევები და საგამოძიებო მოქმედებები, რაც აღმოჩნდებოდა მყარი მტკიცებულება თე--------- შა------ის დამნაშავედ ცნობისათვის.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება.

 

მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარე ისევე იყო უფლებამოსილი მოეპოვებინა მტკიცებულება, როგორც ბრალდების მხარე. თუ დაცვის მხარემ თავად ვერ მოიპოვა მტკიცებულებები, საქმის მასალების მიხედვით ასევე არ დგინდება, რომ წინასასამართლო სხდომამდე 5 დღით ადრე პერიოდამდე მათ მიმართეს გამოძიებას ან სასამართლოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარების, ექსპერტიზის ჩატარების ან სხვა მტკიცებულებების მოპოვების მოთხოვნით. თე--------- შა------ისთვის დამცველი სახელმწიფოს ხარჯზე გამოყოფილი იქნა 2017 წლის 2 სექტემბერს, ხოლო ამავე წლის 5 სექტემბრით თარიღდება ადვოკატ სე----------------ას (რომელიც ახორციელებდა დაცვას შეთანხმებით) ორდერი. მსჯავრდებულის ის არგუმენტი, რომ მისთვის უცნობი იყო თუ ვინ მოიწვია ადვოკატი და აქვს ეჭვი, რომ ეს განახორციელა პროკურატურამ, ვერ იქნება დასაბუთებულად მიჩნეული.

 

პალატას არ გააჩნია საფუძველი, ეჭვი შეიტანოს მოწმეთა ჩვენებებში, პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმების სისწორეში, რადგან მსჯავრდებულის მიმართ არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან. პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებული გარემოებები დეტალურად აღწერეს მოწმეებმა. მათი ჩვენებები თანმიმდევრულია და ერთმანეთთან სრულ თანხვედრაშია ოპერატიული ინფორმაციის მიღების, მისი შინაარსის, ბრალდებულის ადგილსამყოფელის, ჩხრეკის და დაკავების მიმდინარეობის დეტალებთან დაკავშირებით. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე მოწმეებმა მიუთითეს ჩხრეკისა და დაკავების ადგილი, დაცვის მხარეს კი არ წარმოუდგენია აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებები, რაც სასამართლოს მოწმეთა ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველს გაუჩენდა.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ „განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მოწმე პოლიციელების ჩვენებებზე და მიუთითებს, რომ არავითარი ეჭვის შეტანის საფუძველი მათი ჩვენებების სანდოობაში არ გააჩნია, ვინაიდან პოლიციელთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, სარწმუნო და როგორც ერთმანეთთან, ისე საქმის სხვა მტკიცებულებებთან სრულად თანხვდენილი. არანაირი წინააღმდეგობა მათ ჩვენებებს შორის არ არსებობს. ამასთან, მათი ჩვენებები გამყარებულია გ. ვ-ს პირადი ჩხრეკის ოქმითა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად ბრალდების მხარის მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევა გ. ვ-ს პირადი ჩხრეკისა და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას არ გამოვლენილა. საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაეთანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცირე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით (პუნქტი 90), რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება“ (ვრცლად იხ. 2017 წლის 10 მაისის № 96აპ-17 გადაწყვეტილება, პარ. 11).

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ნარკოტიკული საშუალების შეძენასა და შენახვას, რომელშიც სამართლებრივად იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვება და ამ უკანონოდ მოპოვებულისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლს - ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანას, მასში იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვადასხვა გზით საქართველოში უკანონოდ შემოტანა. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თე--------- შა------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერება შეიცავს 0,1670 გრამ ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისს, 0,3369 გრამ ნარკოტიკული საშუალება მორფინს (მარილი) და განსაკუთრებით დიდი ოდენობით 8,2509 გრამ ნარკოტიკული საშუალება ჰეროინს. სასამართლო სხდომაზე არ დადასტურებულა, რომ თე--------- შა------ეს ჰქონდა სპეციალური ნებართვა ნარკოტიკული ნივთიერებების ფლობის და საქართველოში შემოსატანად.

 

მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარის პოზიცია მსჯავრდებულის მიმართ ინტერესის არსებობისა და ნარკოტიკული საშუალების ჩადების თაობაზე ეწინააღმდეგება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა თუ რა დაინტერესება უნდა ჰქონოდათ პოლიციის თანამშრომლებს. თე--------- შა------ეს ჰქონდა არაერთი შესაძლებლობა იძულების, მუქარისა და ზეწოლის თაობაზე ეცნობებინა სამართალდამცავი ან სხვა ორგანოებისთვის. აღსანიშნავია, რომ პირადი ჩხრეკის ოქმის თითოეული გვერდი ხელმოწერილია თავად თე--------- შა------ის მიერ და ამის არგუმენტად მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში გაკეთებული განცხადება პოლიციის თანამშრომელთა მიერ მის მიმართ განხორციელებულ მუქარასთან და ზეწოლასთან, ასევე, ნარკოტიკული საშუალების „ჩადებასთან“ დაკავშირებით, პალატისთვის არადამაჯერებელია. მსჯავრდებულის მიერ მითითებული გარემოებები არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით და ვერ გახდება პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებების, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების რელევანტურობასა და უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი. რაც შეეხება პოზიციას, რომ თე--------- შა------ე ნარკოტიკული საშუალებით ვერ გაივლიდა კონტროლს, ასევე ვერ იქნება გაზიარებული. აღსანიშნავია, რომ სასამართლო პრაქტიკაში არსებობს არაერთი კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომლითაც არათუ მცირე ოდენობის, არამედ განსაკუთრებით დიდი ოდენობით და ზოგ შემთხვევაში კილოგრამობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანა მომხდარა აეროპორტის გავლით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ თე--------- შა------ის მიერ ნარკოტიკული საშუალების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტს, რის გამოც დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

დაცვის მხარის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის განაჩენი.

 

თე--------- შა------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ თე--------- შა------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

თე--------- შა------ეს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

თე--------- შა------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 01 სექტემბრიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები - ნარკოტიკული საშუალებები განადგურდეს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

 

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

 

ნინო სანდოძე