განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010141319700077835
საქმე №1აგ/44-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 მარტი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მაია თეთრაული
მოსამართლეები: ნინო სანდოძე
გოჩა ჯეირანაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ დ-----------–-–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის განაჩენით დავით მანიჟაშვილს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირება, იმის მიერ ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაული (22.87 გრამი ნარკოტიკშემცველი კანაფის ნედლი მცენარე), დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 4(ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, 10(ათი) წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 5(ხუთი) წლის ვადით - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
2019 წლის 19 მარტს მსჯავრდებულმა დ-----------–-–---–მა შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების შესაბამისად.
სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ დ-----------–-–---–ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკოსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით - ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის ან მოყვანისათვის სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვები „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (64 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის ან მოყვანისათვის სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას; გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (151 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისთვის.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა მსჯავრდებულ დავით მანიჟაშვილს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის განაჩენით მსჯავრი დაედო 22,87 გრამი ნარკოტიკშემცველი ნედლი კანაფის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირებისათვის, იმის მიერ ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაული, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილი სანქციის სახით ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით; ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნის საფუძველი განსაზღვრულია ამ კოდექსის 55-ე მუხლით; ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია დანიშნოს ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი ან სხვა, უფრო მსუბუქი სახის სასჯელი, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება.
ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა 151 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაკონსტიტუციურობა, პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების დასაბუთებიდან გამომდინარე (იხ.გადაწყვეტილება), მსჯავრდებული დავით მანიჟაშვილი უნდა გათავისუფლდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისაგან, რომელიც ჩათვლილი აქვს პირობითად.
ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ დ-----------–-–---–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და ცვლილება უნდა შევიდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის განაჩენში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ დ-----------–-–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
დ-----------–-–---–ი გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
დანარჩენ ნაწილში გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: /მ. თეთრაული/
მოსამართლეები: /ნ. სანდოძე/
/გ. ჯეირანაშვილი/