განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №080310017001979523
საქმე N3/ბ-498-18წ.
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 იანვარი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): მურთაზ მეშველიანი
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ხათუნა ხომერიკი
სხდომის მდივანი: ონისე გურეშიძე
აპელანტი _ სსიპ შემოსავლების სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს "ვ--------- 2"
დავის საგანი _ ქმედების განხორციელების დავალება; თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2016 წლის 27 მაისს შპს ,,ვ--------- 2"-ის სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ და მოითხოვა მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის დავალდებულება განახორციელოს ქმედება, კერძოდ: დაუბრუნოს მოსარჩელე შპს ,,ვ--------- 2’’-ს მისი კუთვნილი ნივთები - Defenol – CS სპრეი 40მლ- 160 ცალი, KO-CS სპრეი 40 მლ - 160 ცალი, ძაღლისგან დამცავი სპრეი 50 მლ- 160 ცალი. ასევე მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურს დაეკისროს შპს ,,ვ--------- 2’’-ის სასარგებლოდ საბაჟო საწყობში მიბარებული ნივთების შენახვის საფასური 905 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ივნისის განჩინებით შპს ,,ვ--------- 2"-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ 2016 წელს შპს ,,ვ--------- 2’’-მა გერმანული ფირმა ,,BA----------------------H’’-ისგან შეიძინა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში განახორციელა აეროზოლური მოწყობილობების (თვალებში შესასხურებელი სპრეი) იმპორტი. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სახის პროდუქცია შეზღუდვის გარეშეა დაშვებული ქართულ ბაზარზე, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ პროდუქციის განბაჟება შეჩერებული იქნა და ბათუმის გ.ე.ზ.-ის მიერ განხორციელდა მისი დასაწყობება. 2016 წლის 13 ოქტომბერს მოსარჩელემ საპრეტენზიო წერილით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს, რასაც თან დაურთო იმპორტირებული პროდუქციის შესახებ მონაცემები და საბაჟო დეპარტამენტს მოსთხოვა პროდუქციის განბაჟება, ასევე მისი შეჩერებისა და დასაწყობების შესახებ განმარტების მიცემა.
საბაჟო დეპარტამენტმა, 2016 წლის 21 ოქტომბრის N2----------8 წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ ,,იარაღის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, ქვეყანაში სამოქალაქო იარაღად დაშვებულია აეროზოლური მოწყობილობების გამოყენება, იმპორტი, ექსპორტი და ამ პროდუქტის რეალიზაცია რაიმე ლიცენზიას არ საჭიროებს. მიუხედავად აღნიშნულისა, უარი ეფუძნება ხსენებული კანონის მე-12 მუხლს და განმარტებულია, რომ რადგან სახელმწიფოს მიერ დღემდე დადგენილი არ არის აეროზოლური მოწყობილობების შესახებ სტანდარტები და ნორმები აეროზოლური მოწყობილობა სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებულად არ ჩაითვლება, რის გამოც ვერ განხორციელდებოდა პროდუქციის განბაჟება.
მოსარჩელის განმარტებით, საკითხის გარკვევის მიზნით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რომლმაც წერილით განუმარტა, რომ აეროზოლური მოწყობილების ქვეყანაში იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი, რაიმე ნებართვა/ლიცენზიას არ საჭიროებს.
2017 წლის 01 თებერვლის მიმართვაზე, 2017 წლის 11 თებერვალის წერილით შემოსავლების სამსახურმა მოსარჩელეს განუმარტა, რომ რადგან ქვეყანაში არ ხდებოდა ასეთი ტიპის საქონლის რეალიზაცია, მოსარჩელეს შეეძლო გაეტანა იგი სახელმწიფოდან, ან უსასყიდლოდ გაეჩუქებინა სახელმწიფოსათვის ან ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოსათვის, ან გაენადგურებინათ.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მოპასუხემ უკანონოდ უთხრა უარი პროდუქციის განბაჟებაზე, რაც ხელს უშლის სამეწარმეო საქმიანობის წარმართვაში. პროდუქცია დასაწყობებულია და ორგანიზაცია ვერ ახერხებს მის რეალიზაციას, მაშინ როდესაც ამ სახის დამცავი სამოქალაქო თავდაცვის საშუალებები თავისუფალ სავაჭრო მიმოქცევაშია ქვეყნის ბაზარზე. მისივე განმარტებით, მსგავსი ტიპის პროდუქცია თბილისის საბაჟო სამსახურის მიერ იქნა დაშვებული ქვეყანაში, რაც ადმინისტრაციული ორგანოების ქმედების ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე თვლის, რომ მოპასუხის - შემოსავლების სამსახურის ქმედება - მისთვის აეროზოლური მოწყობილობების ჩამორთმევა და უკან დაუბრუნებლობა უკანონოა, რადგან საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად მას (მოსარჩელეს) არ ევალება, ჰქონდეს შესაბამისი სახისა და შინაარსის ნებართვა საქართველოს საზღვარზე გადმოსატანად;
მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცვნო და მისი უარყოფა მოითხოვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ვ--------- 2’’-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა ქმედების განხორციელება, კერძოდ: მოსარჩელე შპს ,,ვ--------- 2’’-ს დაუბრუნდა მისი კუთვნილი ნივთები Defenol – CS სპრეი 40მლ, 160 ცალი; KO-CS სპრეი 40 მლ - 160 ცალი, ძაღლისგან დამცავი სპრეი 50მლ - 160 ცალი.
ამავე გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურს შპს ,,ვ--------- 2’’-ის სასარგებლოდ დაეკისრა საბაჟო საწყობში მიბარებული ნივთების შენახვის საფასური 905 ლარის ანაზღაურება.
სსიპ შემოსავლების სამსახურს შპს ,,ვ----------2’’-ის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის და წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯის 500 ლარის ანაზღაურება.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლომ დაადგინა, რომ შპს ,,ვ--------- 2’’-მა გერმანული ფირმა BA----------------------H’’-ისგან შეიძინა აეროზოლური მოწყობილობები - კერძოდ, Defenol – CS სპრეი 40 მლ, 160 ცალი; KO-CS სპრეი 40 მლ 160 ცალი, ძაღლისგან დამცავი სპრეი 50მლ 160 ცალი (თვალებში შესასხურებელი სპრეი) და მოახდინა მათი იმპორტი.
შპს ,,ვ--------- 2“-ის დირექტორმა 2016 წლის 13 ოქტომბერს განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და ითხოვა ბათუმის გ.ე.ზ.-ის მიერ მისი კუთვნილი შეჩერებული და დასაწყოებული პროდუქციის თაობაზე განმარტება.
დადგენილია, რომ 2016 წლის 21 ოქტომბერის სსიპ შემოსავლების სამსახურის N2-----------8 წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ N14--------------6 ინვოისით შემოტანილ საქონელი (Defenol – CS სპრეი 40მლ 160 ცალი; KO-CS სპრეი 40 მლ, 160 ცალი ძაღლისგან დამცავი სპრეი 50მლ 160 ცალი) წარმოადგენს გაზის აეროზოლურ მოწყობილობას, ,,იარაღის შესახებ’’ საქართველოს კანონის განმარტებით, გაზის აეროზოლური მოწყობილობა არის მოწყობილობა რომელიც განკუთვნილია ცრემლმდენი ან გამაღიზიანებელი ნივთიერებებით ცოცხალი ობიექტის დროებითი მწყობრიდან გამოსაყვანად და შეესაბამება სახელმწიფო სტანდარტებს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ ნორმებს, ხოლო მე-4 და მე-5 მუხლების შესაბამისად, გაზის აეროზოლური მოწყობილობა განეკუთვნება სამოქალაქო თავდაცვის იარაღის კატეგორიას. ამავე კანონის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის, საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, აგრეთვე იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოების მომსახურეობის ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი ხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, ხოლო მე-6 ნაწილის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებულ ნებართვას/ლიცენზიას არ საჭიროებს საქართველოს კანონმდებლობით სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული აეროზოლური მოწყობილობა და პნევმატური იარაღი, აგრეთვე სასიგნალო იარაღი (მოწყობილობა). აღნიშნული კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის ,,კ’’ პუნქტის თანახმად, აკრძალულია სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღად გამოყენებული იქნეს იარაღი, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მახასიათებლებს. ამასთან სახელმწიფო სტანდარტები და ნორმები, რომლის შესაბამისადაც აეროზოლური მოწყობილობა ჩაითვლება სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებულად, დღემდე არ არის დადგენილი.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის 2017 წლის 02 თებერვლის MOD 1-----------9 წერილით მოსარჩელეს განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ,,იარაღის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის, საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, აგრეთვე იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტის ნებართვას/ლიცენზიას არ საჭიროებს საქართველოს კანონმდებლობით სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული აეროზოლური მოწყობილობა და პნევმატური იარაღი, აგრეთვე სასიგნალო იარაღი (მოწყობილობა). ხოლო, რაც შეეხება ბათუმის გ.ე.ზ.-ის მიერ მოსარჩელის პროდუქციის შეჩერება და დასაწყობება, აღნიშნულთან დაკავშირებით განემარტა, რომ საკითხი სცილდებოდა მათ კომპეტენციას.
შპს ,,ვ--------- 2“-ის დირექტორმა 2017 წლის 01 თებერვალს განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და ითხოვა შეჩერებული და დასაწყოებული პროდუქციის თაობაზე განმარტების მიღება.
2017 წლის 17 თებერვლის სსიპ შემოსავლების სამსახურის N2------------4 წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოური საქონელი შეიძლება გატანილი იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული საქონლის მიმართ შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საქონლის განკარგვის ღონისძიებები საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლის შესაბამისად, კერძოდ, დეკლარანტის ინიციატივით, საგადასახადო ორგანოს ზედამხედველობით ხორციელდება საქონლის განკარგვის შემდეგი ღონისძიებები: ა) საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა; ბ) საქონლის განადგურება; გ) საქონლის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემა;
შპს ,,ვ-----------’’-მა მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს სეს ესნ-ის კოდის განსაზღვრის მიზნით. გამოსაკვლევი ობიექტების ნიმუშები აღებული იქნა ქ. ბათუმში, ფ------------–-–-–-–---–-ს ქ. N---–- მდებარე შპს ,,Ge-----------------l’’-ის საწყობში. N0-------- დასკვნის თანახმად, ცრემლსადენი აეროზოლებ6ის A-------------N, CS KO, Defenol CS სეს ესნ-ის კოდია 9---------0.
მოსარჩელე შპს ,,ვ--------- 2’’-ს ჩამორთმეულ მის კუთვნილ ნივთებს: Defenol – CS სპრეი 40მლ 160 ცალი; KO-CS სპრეი 40 მლ, 160 ცალი ძაღლისგან დამცავი სპრეი 50მლ 160 ცალი დღემდე ფლობს შემოსავლების სამსახური, რომელიც ფაქტობრივად ინახება შპს ,,Ge-----------------l’’-ის საწყობში, ხოლო პროდუქციის შენახვის ხარჯების დავის განხილვის დროისათვის შეადგენს 905 ლარს.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 207-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, საქონლის გაშვება გულისხმობს დეკლარანტისთვის საქონლის განკარგვის ან/და საქონლით სარგებლობის უფლების მინიჭება საქონლის მიმართ გამოყენებული სასაქონლო ოპერაციის პირობების შესაბამისად; მითითებული მუხლის „ტ“ ქვეპუნქტით განმარტებულია, რომ საბაჟო კონტროლი არის შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ცალკეული მოქმედებები, რომელთა მიზანია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფა.
საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულია საქონლის განკარგვის ღონისძიებები, კერძოდ, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული საქონლის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საქონლის განკარგვის შემდეგი ღონისძიებები: ა) საგადასახადო სანქციის სახით საგადასახადო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევა; ბ) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ყადაღადადებული საქონლის რეალიზაცია ან სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა; გ) საქონლის განადგურება; დ) საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა. ე) საქონლის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს ინიციატივით ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიებები ხორციელდება იმ საქონლის მიმართ, რომლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა აკრძალულია ან შეზღუდულია.
საგადასახადო კოდექსის 214-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთა ნებადართულია მხოლოდ იმ საქონლისათვის, რომლის შემოტანა ან გატანა არ არის აკრძალული. სასამართლომ მხარეთა ყურადღება მიაპყრო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 25 ივნისის განჩინებაზე (Nბს-106-99 (კ-13)), სადაც სასამართლომ განმარტა მითითებული მუხლის გამოყენება მსგავს დავაზე და მიუთითა, რომ ,,კოდექსის 214-ე მუხლის მე-4 ნაწილის დათქმა: ,,საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთა ნებადართულია მხოლოდ იმ საქონლისათვის, რომლის შემოტანა ან გატანა არ არის აკრძალული“, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოადგენს ამოსავალ წერტილს წინამდებარე დავის კანონიერი გადაწყვეტისათვის“.
თავის მხრივ სასამართლომ აღნიშნა, რომ საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა თუ გატანა უნდა მოხდეს კანონმდებლობის სრული დაცვით რა დროსაც პრეზუმირებულია, რომ პირი, რომელიც ახორციელებს საქონლის იმპორტს, ექსპორტს თუ ტრანზიტს, ვალდებულია, იცოდეს კანონის მოთხოვნები და ზუსტად შეასრულოს ისინი. რაც შეეხება სასაქონლო ოპერაციაში საქონლის მოქცევას, სასამართლომ განმარტა, რომ კანონმდებლობით მოწესრიგებულია სასაქონლო ოპერაციების სახეები და კონკრეტული მათგანის გამოყენება სწორედ განსახორციელებელ ქმედებაზე არის დამოკიდებული. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია თავად ობიექტის სახე, მახასიათებლები, თავისებურებები, რამდენად არის მათი საზღვარზე შემოტანა თუ გატანა აკრძალული ან შეზღუდული.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,ვ--------- 2’’-მა გერმანული ფირმა BA----------------------H’’-ისგან შეიძინა აეროზოლური მოწყობილობები - კერძოდ, Defenol – CS სპრეი 40 მლ, 160 ცალი; KO-CS სპრეი 40 მლ 160 ცალი (თვალებში შესასხურებელი სპრეი), ძაღლისგან დამცავი სპრეი 50მლ 160 ცალი, რომლის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის პროცედურების განხორციელებაზე მოსარჩელეს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ უარი ეთქვა, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სახელმწიფო სტანდარტები და ნორმები, რომლის შესაბამისადაც აეროზოლური მოწყობილობა ჩაითვლება სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებულად, დღემდე არ არის დადგენილი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,იარაღის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს იარაღის სახეებს, არეგულირებს იარაღის ბრუნვასთან და მასზე კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, იარაღის ბრუნვის მონაწილეთა უფლებებსა და მოვალეობებს.
მითითებული კანონის მე-2 მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად, გაზის აეროზოლური მოწყობილობა არის მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ცრემლმდენი ან გამაღიზიანებელი ნივთიერებებით ცოცხალი ობიექტის დროებით მწყობრიდან გამოსაყვანად და შეესაბამება სახელმწიფო სტანდარტებსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ ნორმებს;
ამავე კანონის მე-4 მუხლი ადგენს სამოქალაქო იარაღის ცნებას და სახეებს. კერძოდ, მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქოა იარაღია, რომელიც განკუთვნილია ფიზიკურ პირთა მიერ თავდაცვის, სანადირო, სპორტული და საკოლექციო მიზნებით გამოყენებისათვის. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო იარაღის სახეებია: ა) თავდაცვის; ბ) სპორტული; გ) სანადირო; დ) საკოლექციო. ე) სასიგნალო.
,,იარაღის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, თავდაცვისაა იარაღი, თუ იგი განკუთვნილია ფიზიკური პირის მიერ საკუთარი და სხვა პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და საკუთრების დასაცავად აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ან უკიდურესი აუცილებლობისას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თავდაცვის იარაღის სახეებია: ა) მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი; ბ) გაზის (აირის) იარაღი; გ) გაზის აეროზოლური მოწყობილობა; დ) ელექტროშოკური მოწყობილობა.
ამავე კანონის მე-19 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ნებართვას/ლიცენზიას არ საჭიროებს ფიზიკური პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული აეროზოლური მოწყობილობისა და პნევმატური იარაღის, აგრეთვე სასიგნალო იარაღის (მოწყობილობის) შეძენა, საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა, ასევე გადატანა, გადაზიდვა ან გადაგზავნა.
,,იარაღის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის, საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, აგრეთვე იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი ხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე. ხოლო, ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლით გათვალისწინებულ ნებართვას/ლიცენზიას არ საჭიროებს საქართველოს კანონმდებლობით სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული აეროზოლური მოწყობილობა და პნევმატური იარაღი, აგრეთვე სასიგნალო იარაღი (მოწყობილობა).
,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზია არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე პირისათვის კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე მინიჭებული განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება. ხოლო ,,ე“ ქვეპუნქტის თანხმად, ნებართვა არის ამ კანონით გათვალისწინებული, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით ქმედების განხორციელების უფლება, რომელიც უკავშირდება ობიექტს და ადასტურებს ამ განზრახვის კანონით დადგენილ პირობებთან შესაბამისობას. შესაძლებელია ნებართვის გადაცემა სხვა პირისთვის, თუ ეს კანონით არ არის აკრძალული ან ნებართვა არსობრივად არ არის დაკავშირებული მის მფლობელთან. ამავე კანონის მე-6 მუხლით დადგენილია საქმიანობის ლიცენზიის სახეები, ხოლო 24-ე მუხლი განსაზღვრავს ნებართვების სახეებს.
მოცემულის დავის გადაწყვეტის მიზნით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არც ლიცენზიის სახეებისა და არც ნებართვების სახეების ჩამონათვალში არ არის წარმოდგენილი აეროზოლური მოწყობილობა, რაც ნიშნავს, რომ მოსარჩელის შპს ,,ვ--------- 2“-ის კუთვნილი პროდუქციის ქვეყნის საზღვარზე შემოტანისათვის კანონი არ ადგენს არც ლიცენზიის მოპოვება/ფლობის ვალდებულებას და არც რომელიმე სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული ნებართვის სავალდებულოობას.
სადავოს არ წარმოადგენს, რომ მოპასუხე მხარემ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას (მოსარჩელისთვის აეროზოლური მოწყობილობების ჩამორთმევის) საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ სახელმწიფო სტანდარტები და ნორმები, რომლის შესაბამისადაც აეროზოლური მოწყობილობა ჩაითვლება სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებულად, (იმ დროისათვის) არ იყო დადგენილი. მოპასუხე მხარემ საქმის ზეპირი განხილვის დროს ასევე დაადასტურა, რომ არც 2016 წლის 21 ოქტომბერს, შპს ,,ვ--------- 2“-ის განცხადებაზე შემოსავლების სამსახურის წერილში მიცემული განმარტების დროს და არც სასამართლოში საქმის განხილვისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ არ არის დადგენილი სახელმწიფო სტანდარტები და ნორმები აეროზოლური მოწყობილობასთან დაკავშირებით.
აღნიშნულთან მიმართებაში, სასამართლომ ყურადღება მიაპყრო ,,იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში 2010 წლის 02 ივლისის განხორციელებულ ცვლილებაზე (02.07.2010 წლის N3285 კანონი), რომლის შესაბამისად, კანონს დაემატა მე-141 მუხლი, რომლის მე-3 პუნქტით ადგენდა, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო ამტკიცებს სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვები პნევმატური იარაღისა და აეროზოლური მოწყობილობის კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს. ამავე კანონში შემდგომ განხორციელებულმა ცვლილებამ (24.04.2012 წლის N6058 კანონი) აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტი გააუქმა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც საკანონმდებლო დონეზე არ არის მოწესრიგებული და განსაზღვრული გაზის აეროზოლური მოწყობილობის ტექნიკური მახასიათებლები, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს არ აქვს შემუშავებული და დადგენილი ის ნორმატიული მოთხოვნები (წესი, პირობა) რომელიც აეროზოლური მოწყობილობებთან მიმართებაში სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვებობის კრიტერიუმს დაადგენდა, მოპასუხის ქმედება - მოსარჩელე შპს ,,ვ----------2“-ს მიმართ დაუსაბუთებელია, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით რომ საბაჟო გამშვებ პუნქტზე პროდუქციის დაკავების დროისათვის ,,იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-141 მუხლის მე-3 პუნქტი გაუქმებული იყო და, შესაბამისად, მოთხოვნას - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აეროზოლური მოწყობილობის კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლების დამტკიცების შესახებ, არც იმ დროს და არც საქმის განხილვის დროისათვის მოქმედი კანონი, არ ითვალისწინებდა.
რაც შეეხება მოპასუხე მხარის მიერ 2018 წლის 13 აგვისტოს წარმოდგენილ შესაგებელში და საქმის განხილვის დროს დაფიქსირებულ პოზიციას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის კუთვნილი აეროზოლური მოწყობილობის შეუზღუდავად დაშვება სამოქალაქო ბრუნვაში საფრთხეს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მსგავს განმარტებას არ შეიცავდა მოსარჩელის პროდუქციის დაკავების თაობაზე შემოსავლების სამსახურის წერილები, რაც ცალსახად უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს მოსარჩელეს იმის გათვალისწინებით, რომ მისთვის აღნიშნული მოტივაცია უცნობი იყო საქმის არსებითად განხილვის დაწყებამდე. რაც შეეხება თავად განმარტებას, მოპასუხე პოზიციის მართებულობის დასადასტურებლად მიუთითებს ,,სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 ივნისის N394 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა ა) სამხედრო პროდუქციის ნუსხა (დანართი №1); და ბ) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხა (დანართი №2). მითითებული დადგენილების მე-7 ჯგუფი ადგენს ქიმიური ნივთიერებებს ან ბიოლოგიური ტოქსიკური აგენტებს, მასების კონტროლის საშუალებებს, რადიოაქტიური მასალებს, შესაბამისი აღჭურვილობის, კომპონენტებს და მასალებს. ჯგუფის პირველი პუნქტის თანახმად, ბიოლოგიური აგენტები ან სამხედრო მიზნისთვის გამოყენებადი რადიოაქტიური მასალები, რომლებიც გამოიყენება ადაპტირებულ საომარ ვითარებაში ადამიანების და ცხოველების დაზიანების, აღჭურვილობის მწყობრიდან გამოყვანის ან მოსავლისთვის და გარემოსთვის ზიანის მიყენების მიზნით. ამავე ჯგუფის მე-4 პუნქტის თანახმად, მასების კონტროლის ნივთიერებათა ჯგუფი, აქტიური შემადგენელი ქიმიკატები და მათი კომბინაციები, მათ შორის: ბ) [(2-ქლოროფენილი) მეთილენი] პროპანესინიტრილი, (o-ქლორობენზილიდენამალონონიტრილი (CS) (CA----------1); გ) 2-ქლორი-1-ფენილეტანონი, ფენილაცილის ქლორიდი (ω-ქლოროაცეტოფენონი) (CN) (CA---------4);
მოპასუხის განმარტებით პროდუქცია, რომელიც ჩამოერთვა შპს ,,ვ--------- 2“-ს შეიცავს (CS) და (CN) კომპონენტებს, რომლის დაშვებაც სპეციალურ რეგულირებას ექვემდებარება. აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ დადგენილების მოქმედების სფერო მოიცავს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციას, რომელიც ნამდვილად არ მოიაზრებს სადავო პროდუქციის ამ ჯგუფისადმი კუთვნილებას. ამასთან, ამავე დადგენილების მე-7 ჯგუფის შენიშვნა განმარტავს, რომ ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება: ა) მასობრივი არეულობების აღსაკვეთად გამოსაყენებელ ნივთიერებათა ჯგუფზე, რომლებიც ინდივიდუალურად არის შეფუთული თავდაცვის მიზნებისთვის; ბ) აქტიურ შემადგენელ ქიმიკატებზე და მათ კომბინაციებზე, რომლებიც იდენტიფიცირებული და შეფუთულია საკვების მოსამზადებლად და სამედიცინო საჭიროებებისთვის. აღნიშნული ჯგუფის შენიშვნა დასახელებულ ნივთიერებებთან დაკავშირებით გარკვეულ დათქმებს ითვალისწინებს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ მოპასუხის მიერ მითითებული ნივთიერება, ბუნებრივია, გარკვეული ოდენობით თუ დოზით, შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საკვების მოსამზადებლად და სამედიცინო საჭიროებებისთვის.
მოპასუხე მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის მოსაზრებას აეროზოლური მოწყობილობების ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საშიშ ნივთიერების შემცველობის თაობაზე. აღნიშნული მტკიცებულების არარსებობის პირობებში კი მოსაზრება, რომელიც დავის განხილვის დროს იქნა დაფიქსირებული, მოკლებულია საფუძვლიანობას.
სასამართლომ აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მიუთითა საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმად, მოსარჩელის კუთვნილ აეროზოლური მოწყობილობის A-------------N, CS KO, Defenol CS სეს ესნ-ის კოდია 9---------0. საკვლევ ობიექტზე სეს ესნ კოდი განისაზღვრა ,,საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 ივლისის N241 ბრძანების და ჰარმონიზირებული სისტემის განმარტებების თანახმად. აღსანიშნავია, რომ იგივე კოდის - 9------- შემცველია პროდუქცია, რომელიც დაშვებული იყო ქვეყნის ტერიტორიაზე საქართველოს სხვა საბაჟო პუნქტის გავლით. აღნიშნული კოდი კი გარკვეული პროდუქციის იდენტურობაზე მიუთითებს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ასევე ვერ გაიზიარებს მოპასუხე შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სხვა საბაჟო გამშვებ პუნქტზე ქვეყნის ტერიტორიაზე შემოტანის უფლება მხოლოდ იმ აეროზოლურ მოწყობილობაზე დაიშვება, რომლის შემადგენლობაშიც შედის წიწაკა, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებით არ წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საშიშ ნივთიერებას. აღნიშნული პოზიცია ეყრდნობა მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს ზეპირ განმარტებას და არ არის გამყარებული სათანადო მტკიცებულებით, ხოლო განმარტება, რომ პროდუქციის შემცველობის (რომელიც ასახულია პროდუქციის კორპუსზე) საშიშროებას განსაზღვრავს საბაჟოს თანამშრომელი ინდივიდუალურად, იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს მიერ სტანდარტები არ არის დადგენილი, სცილდება სამართლებრივი რეგულირების სფეროს ფარგლებს. საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოსარჩელის მიერ შეძენილი პროდუქცია შეიცავს ქვეყანაში აკრძალული (ან კონკრეტული კანონმდებლობით რეგულირებულ) ნორმატიული აქტით დადასტურებულ ან უარყოფილ (აკრძალულ, შეზღუდულ) ნივთიერებას, რაც განსაკუთრებული რეგულაციის ქვეშ აქცევს ამ პროდუქციას და უდგენს განსხვავებულ რეჟიმს, ან საფრთხის შემცველია გარშემო მყოფთათვის, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
რაც შეეხება მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის (შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი) 2018 წლის 27 მარტის N3--------- წერილს, სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ აღნიშნულს წარმოადგენს მოპასუხე მხარის პოზიციას - ახსნა-განმარტებას, რომელიც ასევე არ არის გამყარებული ისეთი სახის მტკიცებულებით, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა მოპასუხე მხარის მიერ მითითებულ გარემოებას. მოპასუხის მიერ ასევე, ვერ იქნა წარმოდგენილი სხვა რაიმე სახის მტკიცებულებები, რომელიც სასამართლოს საქმის ფაქტობრივი გარემოებების სხვაგვარად შეფასების შესაძლებლობას მისცემდა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. მითითებული კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო შემთხვევაში მოპასუხეს, გარდა ზემო აღნიშნული ზოგადი შინაარსის განმარტებისა, ხელთ არ აქვს სხვა, შესაბამისი სახისა და/ან შინაარსის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომლებზე დაყრდნობით შემოსავლების სამსახური უფლებამოსილი იქნებოდა, ემტკიცებინა, რომ მოსარჩელე შპს ,,ვ--------- 2’’-ის კუთვნილი აეროზოლური მოწყობილობის საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოტანა აკრძალულია;
იმ პირობებში, როდესაც არ არის შემუშავებული ნორმატიული წესი სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვები აეროზოლური მოწყობილობის თაობაზე, მოპასუხის ქმედება - მოსარჩელე შპს ,,ვ--------- 2’’-ისათვის აეროზოლური მოწყობილობების ჩამორთმევა უკანონოა, დაუსაბუთებელია; ვიდრე არ იქნება შემუშავებული და დადგენილი ზემოხსენებული ნორმატიული წესი, ითვლება, რომ არ არის აკრძალული შპს ,,ვ-------- 2’’-ის კუთვნილი აეროზოლური მოწყობილობების საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოტანა;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.
მოპასუხის ქმედებამ - მოსარჩელე შპს ,,ვ--------- 2’’-ის მისი კუთვნილი ნივთების - აეროზოლური მოწყობილობების ჩამორთმევამ, განაპირობა მოსარჩელის საკუთრების უფლების შეზღუდვა, შელახვა ისე, რომ ეს ქმედება არ იყო დაფუძნებული კანონზე და კანონის საფუძველზე გამოცემულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტზე;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლით დადგენილია, რომ თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
ამდენად, სარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს; მოპასუხეს - სსიპ შემოსავლების სამსახურს უნდა დაევალოს განახორციელოს ქმედება, კერძოდ, დაუბრუნოს მოსარჩელე შპს ,,ვ--------- 2’’-ს მისი კუთვნილი ნივთები Defenol – CS სპრეი 40მლ, 160 ცალი; KO-CS სპრეი 40 მლ 160 ცალი, ძაღლისგან დამცავი სპრეი 50მლ 160 ცალი (თვალებში შესასხურებელი სპრეი).
რაც შეეხება მოსარჩელის კუთვნილი (საბაჟოზე დაკავებული) ნივთების შენახვის თანხის - 905 ლარის ანაზღაურების მოთხოვნას, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენს იმ მატერიალური ზიანის გამოხატულებას, რომელიც მიადგა მოსარჩელეს მოპასუხის ბრალით;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლით დადგენილია, რომ თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით დადგენილია, რომ პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ დელიქტით გამოწვეული ზიანი მხოლოდ მაშინ ანაზღაურდება, თუ 1. პირი მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ, 2. პირის მოქმედება იყო განზრახი ან გაუფრთხილებელი, 3. უშუალოდ ამ მართლსაწინააღმდეგო, განზრახმა ან გაუფრთხილებელმა მოქმედებამ ზიანი მიაყენა სხვა პირს, კერძოდ შელახა პირის ქონებრივი ან/და არაქონებრივი უფლებები ან/და კანონით დაცული ინტერესები; დელიქტით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად აუცილებელია სამივე პირობის თანადროულობა, თანაარსებობა;
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ სადაო შემთხვევაში სახეზე იყო ზემოთ დასახელებული სამივე პირობის ერთდროულობა; კერძოდ, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე - შემოსავლების სამსახური ქმედების განხორციელების - მოსარჩელე შპს ,,ვ--------- 2’’-ისათვის აეროზოლური მოწყობილობების ჩამორთმევის დროს მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ; ქმედების მართლწინააღმდეგობა იმაში გამოიხატა, რომ აეროზოლური მოწყობილობების ჩამორთმევამ განაპირობა მოსარჩელის საკუთრების უფლების შეზღუდვა, შელახვა ისე, რომ ეს ქმედება არ იყო დაფუძნებული კანონზე და კანონის საფუძველზე გამოცემულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტზე; ანუ, როდესაც მოსარჩელე გადიოდა საბაჟო პროცედურებს, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ უნდა ჩამოერთვა მოსარჩელისთვის აეროზოლური მოწყობილობები, მასვე ჩამორთმეული ნივთები არ უნდა გადაეცა შესანახად შპს ,,Ge-----------------l’’-ისათვის’’, რომ არა მოპასუხის უკანონო ქმდება, არ მოხდებოდა ჩამორთმეული ნივთების შესანახად გადაცემა, შესაბამისად მოსარჩელეს არ მოუხდებოდა საწყობში ნივთების შენახვისთვის დადგენილი საფასურის გადახდა;
ამდენად, მოპასუხეს - სსიპ შემოსავლების სამსახურს დაავალა მოსარჩელის - შპს ,,ვ--------- 2’’-ს აუნაზღაუროს მატერიალური ზიანის სახით 905 (ცხრაას ხუთი) ლარი;
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და შპს ,,ვ--------- 2’’-ს სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
აპელანტის განმარტებით, გადაწყვეტილება იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული, ის იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
აპელანტის განმარტებით საქმის მასალებით დგინდება, რომ შპს „ვ--------- 2“-მა გერმანიიდან N14--------------6 ინვოისით შემოიტანა საქონელი De---------------------------------------------------------------------l, რომელიც წარმოადგენს გაზის აეროზოლურ მოწყობილობა. ,,იარაღის შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის ,,ლ" პუნქტის თანახმად გაზის აეროზოლური მოწყობილობა არის მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ცრემლმდენი ან გამაღიზიანებელი ნივთიერებებით ცოცხალი ობიექტის დროებით მწყობრიდან გამოსაყვანად და შეესაბამება სახელმწიფო სტანდარტებსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ ნორმებს. ამავე კანონის მე-3 მუხლის მიხედვით იარაღი დანიშნულების შესაბამისად იყოფა შემდეგ სახეებად: ა) სამოქალაქო იარაღი; ბ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღი; გ) სამხედრო - საბრძოლო იარაღი. ამავე კანონის მე-4 მუხლის მიხედვით 1. სამოქალაქოა იარაღი, რომელიც განკუთვნილია ფიზიკურ პირთა მიერ თავდაცვის, სანადირო, სპორტული და საკოლექციო მიზნებით გამოყენებისათვის. და იყოფა თავდაცვის, სპორტული, სანადირო, საკოლექციო, და სასიგნალო იარაღის სახეებად. ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად კი თავდაცვისაა იარაღი, თუ იგი განკუთვნილია ფიზიკური პირის მიერ საკუთარი და სხვა პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და საკუთრების დასაცავად აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ან უკიდურესი აუცილებლობისას. თავდაცვის იარაღის სახეებია: ა) მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი; ბ) გაზის (აირის) იარაღი; გ) გაზის აეროზოლური მოწყობილობა; დ) ელექტროშოკური მოწყობილობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე გაზის აეროზოლური მოწყობილობა წარმოადგენს სამოქალაქო თავდაცვის იარაღს.
აპელანტის განმარტებით ,,იარაღის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად ნებართვას/ლიცენზიას არ საჭიროებს ფიზიკური პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული აეროზოლური მოწყობილობისა და პნევმატური იარაღის, აგრეთვე სასიგნალო იარაღის (მოწყობილობის) შეძენა, საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა, ასევე გადატანა, გადაზიდვა ან გადაგზავნა.
საყურადღებოა ის გარემოება რომ, „საქართველოს კანონმდებლობით სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული“ ნიშნავს, რომ გაზის აეროზოლური მოწყობილობისთვის ნორმატიული აქტით (ტექნიკური რეგლამენტით) დადგენილი უნდა იყოს ტექნიკური პარამეტრები (მაგ. ქიმიური ნივთიერების შემადგენლობა, რომლითაც აღჭურვილია ეს მოწყობილობა, ზომები, ტევადობა, აირის გაფრქვევის დოზა და მანძილი, რეალიზაციის წესები და სხვ.) რომლებთანაც შესაბამისობის შემთხვევაშიც აღნიშნული მოწყობილობა დაშვებული იქნებოდა ბაზარზე.
აპელანტის განმარტებით გაზის აეროზოლური მოწყობილობებისთვის ტექნიკური რეგლამენტი დღემდე მიღებული არ არის აქედან გამომდინარე ნებისმიერი ტიპის აეროზოლური მოწყობილობის შეუზღუდავად დაშვება სამოქალაქო ბრუნვაში საფრთხეს შეუქმნიდა მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. გარდა ამისა საქართველოში არ არის დადგენილი აღნიშნული მოწყობილობების რეალიზაციის წესები, არ გაიცემა ნებართვა, ბევრ უცხო ქვეყანაში აკრძალვაა დაწესებული და ა.შ.
აღსანიშნავია რომ, იარაღის შესახებ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით: "აკრძალულია სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღად გამოყენებულ იქნეს: „გაზის (აირის) იარაღი, რომელიც აღჭურვილია ნერვულ-პარალიტიკური (დამბლადამცემი), მომწამვლელი ან სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერებებით“.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის
15 აპრილის ბრძანება №82/ნ "ტრავმული დაზიანების ვაზნების, გაზისა და ელექტროშოკური იარაღის ჯანმრთელობისათვის დასაშვები ნორმების შესახებ" განსაზღვრავს გაზის იარაღის ზემოქმედებისას ცვლილების ზღვრული დონეს – კერძოდ ეს არის მხედველობის ანალიზატორებისა და სასუნთქვი სისტემის მხრივ, ორგანული, პათოლოგიური, ფუნქციური დაზიანებების არარსებობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ნათელია რომ არსებობს შეზღუდვა გაზის აეროზოლური მოწყობილობების როგორც სამოქალაქო თავდაცვის იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. რაც სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული.
აპელანტის განმარტებით აღსანიშნავია რომ, შპს "ვ--------- 2"-ს მიერ შემოტანილი აეროზოლური მოწყობილობები აღჭურვილია მომწამლავი აირებით კერძოდ: De---------------------------------------l მოწყობილობები აღჭურვილია მომწამლავი აირით CS-ით , ხოლო An------------------------l აღჭურვილია CS და CN-ით. აღნიშნული აირები განეკუთვნება ე.წ. სამხედრო მომწამვლელ ნივთიერებებს და შეტანილია „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხების დამტკიცების შესახებ “საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 ივნისის № 394 დადგენილებით დამტკიცებულ სამხედრო პროდუქციის ნუსხაში. რომლის საშუალებები, რადიოაქტიური მასალები, შესაბამისი აღჭურვილობა, კომპონენტები და მასალები: CS- (2-ქლოროფენილი) მეთილენი] პროპანესინიტრილი, (oქლორობენზილიდენამალონონიტრილი (CS) (CA----------1); CN - 2-ქლორი-1-ფენილეტანონი, ფენილაცილის ქლორიდი (ω-ქლოროაცეტოფენონი) (CN) (CA---------4). მათი იმპორტი, ექსპორტი და ტრანზიტი ექვემდებარება თავდაცვის სამინისტროს ნებართვას CS და CN ნივთიერებები გამოიყენება ქიმიურ იარაღში (რაკეტებში, ჭურვებში, ხელყუმბარებში და ა.შ.). აირი CS (ქლორობენზილიდენამალონონიტრილი) მცირე კონცენტრაციით იწვევს თვალის და სასუნთქი გზების გაღიზიანებას, ხოლო მოჭარბებული კონცენტრაციით - დამწვრობას, დამბლას და სიკვდილს. შედარებისთვის, CN (ქლოროაცეტოფენონი) არის 3-10- ჯერ უფრო ტოქსიკური CS-ზე.
აპელანტის განმარტებით ასევე დაუსაბუთებელია სასამართლოს გადაწყვეტილება ნივთის შენახვის და საპროცესო ხარჯების შემოსავლების სამსახურისთვის დაკისრების ნაწილში, რადგან შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს არცერთი უკანონო ქმედება არ განუხორციელებია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 215-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საქონელი
საბაჟო ზედამხედველობას ექვემდებარება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან გაფორმების დასრულებამდე. გაუგებარია შემოსავლების სამსახურის რომელ ქმედებაში გამოიხატა საკუთრების უფლების შეზღუდვა. შპს "ვ--------- 2"-ს შეეძლო (და ახლაც შეუძლია) ნებისმიერ დროს გაეტანა საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ ან განეხორციელებინა საქონლის განკარგვის ღონისძიებები. შესაბამისად არ მოუწევდა საქონლის შენახვის ხარჯების გადახდა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი ითხოვს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით შპს "ვ--------- 2"-ს სარჩელის უარყოფას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, სააპელაციო პალატა დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის დადგენილად მიჩნეული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული წინამდებარე განჩინებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას. საქალაქო სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად და მტკიცების ტვირთიც, იმავე კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეებზე განაწილებულია სწორად.
პალატა განმარტავს, რომ საბაჟო კოდექსი განეკუთვნება საჯარო სამართლის ნორმატიულ აქტს, საბაჟო სამართალი არეგულირებს სახელმწიფო მმართველობის სფეროში წარმოშობილ სამართალურთიერთობებს, რომლის ერთ-ერთი სუბიექტი უცილობლად არის სახელმწიფო მმართველობის განმხორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო, შესაბამისად, საბაჟო საქმიანობა წარმოადგენს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლებრივი ფუნქციის განხორციელებას. სამართლებრივი ურთიერთობა საბაჟო სფეროში არის სახელმწიფოს შესაბამისი ინსტიტუტების, ფიზიკური და იურიდიული პირების (სამართლის სუბიექტების) სამართლებრივი ნორმებით განსაზღვრული უფლებებისა და მოვალეობების შესრულება, რომლებიც წარმოიშობა საბაჟო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით, ხოლო სამართალურთიერთობის მონაწილეებს საბაჟო სფეროში ერთმანეთის მიმართ გააჩნიათ სამართლის ნორმით დადგენილი უფლებანი და მოვალეობანი, რომელთა შესრულება უზრუნველყოფილია დარწმუნებით, ანუ კანონმორჩილებით და მისი დარღვევის შემთხვევაში – სახელმწიფო იძულებით.“ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 207-ე მუხლის ,,ტ“ პუნქტის მიხედვით, ტერმინი - საბაჟო კონტროლი – განმარტებულია შემდეგი მნიშვნელობით: შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ცალკეული მოქმედებები, რომელთა მიზანია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფა.
ამავე კოდექსის 214-ე მუხლის მე-4 ნაწილის დათქმა: „საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთა ნებადართულია მხოლოდ იმ საქონლისათვის, რომლის შემოტანა ან გატანა არ არის აკრძალული“, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოადგენს ამოსავალ წერტილს წინამდებარე დავის კანონიერი გადაწყვეტისათვის.
პალატა აღნიშნავს, რომ საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა თუ გატანა უნდა მოხდეს კანონმდებლობის სრული დაცვით რა დროსაც პრეზუმირებულია, რომ პირი, რომელიც ახორციელებს საქონლის იმპორტს, ექსპორტს თუ ტრანზიტს, ვალდებულია, იცოდეს კანონის მოთხოვნები და ზუსტად შეასრულოს ისინი. რაც შეეხება სასაქონლო ოპერაციაში საქონლის მოქცევას, სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლობით მოწესრიგებულია სასაქონლო ოპერაციების სახეები და კონკრეტული მათგანის გამოყენება სწორედ განსახორციელებელ ქმედებაზე არის დამოკიდებული. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია თავად ობიექტის სახე, მახასიათებლები, თავისებურებები, რამდენად არის მათი საზღვარზე შემოტანა თუ გატანა აკრძალული ან შეზღუდული.
საქმეში დაცული მასალით დადგენილია, რომ შპს ,,ვ--------- 2’’-მა გერმანული ფირმა BA----------------------H’’-ისგან შეიძინა აეროზოლური მოწყობილობები - კერძოდ, Defenol – CS სპრეი 40 მლ - 160 ცალი, KO-CS სპრეი 40 მლ -160 ცალი (თვალებში შესასხურებელი სპრეი), ძაღლისგან დამცავი სპრეი 50 მლ - 160 ცალი, რომლის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის პროცედურების განხორციელებაზე მოსარჩელეს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ უარი ეთქვა, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სახელმწიფო სტანდარტები და ნორმები, რომლის შესაბამისადაც აეროზოლური მოწყობილობა ჩაითვლება სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებულად, დღემდე არ არის დადგენილი.
შემოსავლების სამსახურის მიერ მითითებული „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ პუნქტის თანახმად, გაზის აეროზოლური მოწყობილობა არის მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ცრემლმდენი ან გამაღიზიანებელი ნივთიერებებით ცოცხალი ობიექტის დროებით მწყობრიდან გამოსაყვანად და შეესაბამება სახელმწიფო სტანდარტებსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ ნორმებს; მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, თავდაცვისაა იარაღი, თუ იგი განკუთვნილია ფიზიკური პირის მიერ საკუთარი და სხვა პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და საკუთრების დასაცავად აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ან უკიდურესი აუცილებლობისას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თავდაცვის იარაღის სახეებია: ა) მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი; ბ) გაზის (აირის) იარაღი; გ) გაზის აეროზოლური მოწყობილობა; დ) ელექტროშოკური მოწყობილობა. მე-19 მუხლის მე-8 პუნქტი ცალსახად ადგენს, რომ: ნებართვას/ლიცენზიას არ საჭიროებს ფიზიკური პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული აეროზოლური მოწყობილობისა და პნევმატური იარაღის, აგრეთვე სასიგნალო იარაღის (მოწყობილობის) შეძენა, საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა, ასევე გადატანა, გადაზიდვა ან გადაგზავნა.
პალატა განმარტავს, რომ სადავო საკითხის გადასაწყვეტად არსებითი მნიშვნელობის მქონეა დადგინდეს კონკრეტული აეროზოლური მოწყობილობა დაშვებულია თუ არა სამოქალაქო ბრუნვაში, რადგან ზემოთდასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა აეროზოლური მოწყობილობა არ არის დაშვებული სამოქალაქო ბრუნვაში, მისი საქართველოში შემოტანა საჭიროებს ნებართვას. აეროზოლური მოწყობილობის სამოქალაქო ბრუნვაში დაშვების ან არდაშვების საკითხი წყდება მისი ძირითადი ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით.
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის, საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, აგრეთვე იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი ხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე. ხოლო, ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლით გათვალისწინებულ ნებართვას/ლიცენზიას არ საჭიროებს საქართველოს კანონმდებლობით სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული აეროზოლური მოწყობილობა და პნევმატური იარაღი, აგრეთვე სასიგნალო იარაღი (მოწყობილობა).
საქმეში დაცული საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მე--------------ს 27.03.2018 წლის N31--------- წერილით ირკვევა, რომ გაზის აეროზოლური მოწყობილობისთვის ტექნიკური რეგლამენტი დღემდე მიღებული არ არის...
ამდენად მოცემული მომენტისათვის შეუძლებელია განისაზღვროს კონკრეტული გაზის აეროზოლის სამოქალაქო ბრუნვაში დაშვება-არდაშვების საკითხი, რაც იმას ნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ნებართვის მისაღებად მისთვის მიმართვის შემთხვევაში ვერ განსაზღვრავს, უნდა გასცეს თუ არა ნებართვა.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით განისაზღვრა ამ კანონის რეგულირების სფერო, კერძოდ: ეს კანონი არეგულირებს ისეთ ორგანიზებულ საქმიანობას ან ქმედებას, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს, ხასიათდება ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხით, მოიცავს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს ან დაკავშირებულია სახელმწიფო რესურსებით სარგებლობასთან. კანონით დადგენილ შემთხვევაში ამ კანონის მოქმედება შეიძლება გავრცელდეს აგრეთვე არაორგანიზებულ საქმიანობაზე ან ქმედებაზე. ეს კანონი ასევე აწესრიგებს ლიცენზიითა და ნებართვით რეგულირებულ სფეროს, განსაზღვრავს ლიცენზიისა და ნებართვის სახეების ამომწურავ ჩამონათვალს, ადგენს ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის და მათი გაუქმების წესებს, ხოლო, მე-2 მუხლით - ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის პრინციპები, რომლის თანახმად: საქმიანობის ან ქმედების სახელმწიფო რეგულირება ლიცენზიით ან ნებართვით ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს საქმიანობა ან ქმედება უშუალოდ უკავშირდება ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებულ საფრთხეს ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესის სფეროებს. სახელმწიფო რეგულირება ხორციელდება მხოლოდ მაშინ, თუ ლიცენზიის ან ნებართვის გაცემით რეალურად შესაძლებელია აღნიშნული საფრთხის შემცირება ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინება. ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით საქმიანობის ან ქმედების ლიცენზიით ან ნებართვით რეგულირების მიზანი და ძირითადი პრინციპებია: ა) ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დაცვა; ბ) ადამიანის საცხოვრებელი და კულტურული გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დაცვა; გ) სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა. მე-3-ე მუხლის თანახმად საქმიანობა ან ქმედება, რომელიც უშუალოდ არ უკავშირდება საზოგადოებრივ რისკს, სახელმწიფოს მიერ თავისუფლდება რეგულირებისაგან ან რეგულირდება მხოლოდ ნაწილობრივ.“
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი იცავს საკუთრებას, როგორც ინსტიტუტს და, ამავდროულად, როგორც პიროვნულ უფლებას. აღნიშნულიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს ვალდებულებები – უზრუნველყოს საკუთრების, როგორც ინსტიტუტის დაცვა, ყოველი ინდივიდის მიერ საკუთრების შეუფერხებელი მოხმარება (პოზიტიური ვალდებულება) და, ამავდროულად, არ ჩაერიოს საკუთრების უფლებაში თვითნებურად და გაუმართლებლად (ნეგატიური ვალდებულება). საკუთრების კონსტიტუციურ-სამართლებრივი ცნების უმთავრესი მიზანი სწორედ სახელმწიფოს ჩარევისაგან დაცვაში მდგომარეობს. ასეთი მიდგომა კი, თავის მხრივ, პიროვნული თავისუფლების გამოვლინებაა.
ამავდროულად, საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტურად უზრუნველყოფილი უფლება – შეზღუდვა მისთვის, როგორც ინსტიტუტისათვის, დამახასიათებელი თვისებაა და განუყოფელია მისი სუბსტანციისაგან. საკუთრების სოციალური ფუნქცია მასში ვალდებულებებსაც მოიცავს. შესაბამისად, რიგ შემთხვევებში, სახელმწიფო უფლებამოსილია, განახორციელოს ჩარევა საკუთრების უფლებით დაცულ სფეროში. ევროპული კონვენცია უშვებს შესაძლებლობას, სახელმწიფოებმა გარკვეული წინაპირობების არსებობისას, განახორციელონ ქონების ჩამორთმევა ან გააკონტროლონ საკუთრებით სარგებლობა. ევროპული კონვენცია ასევე ითვალისწინებს საკუთრების უფლებაში ჩარევას საჯარო ან საერთო ინტერესის მიზნიდან გამომდინარე.
საკუთრების უფლება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ და გარანტირებულ უფლებას. კონსტიტუცია საკუთრების უფლებაში ჩარევის ორ სახეს ადგენს – საკუთრების შეზღუდვასა და ჩამორთმევას. საკუთრების უფლების შეზღუდვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.
კონკრეტულ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურმა ჩათვალა, ვინაიდან გაზის აეროზოლის დეკლარირების მომენტისათვის ტექნიკური მახასიათებლები არ იყო დადგენილი, მას უფლება ჰქონდა ყველა სახის გაზის აეროზოლის შემოტანაზე მოეთხოვა ნებართვა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლში განმტკიცებული კანონის უზენაესობის პრინციპიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ ორგანოს მინიჭებული აქვს მხოლოდ ის უფლებამოსილებები, რასაც მას განუსაზღვრავს კანონი და მას არა აქვს უფლება თვითნებურად გასცდეს უფლებამოსილების კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებს.
პალატის შეფასებით, თუ კანონი აღნიშნულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს არ შეიძლება მოქალაქეს დავაკისროთ აქედან გამომდინარე რისკების თავიდან აცილების ტვირთი, თუნდაც მიზანშეწონილობის მოტივით. ტვირთი უნდა იკისროს სწორედ ვალდებულმა ორგანომ, რომელმაც დაუშვა კონკრეტული საკითხის მოწესრიგების გარეშე დატოვება, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველთვის იქნება საფრთხე იმისა, რომ კანონმდებელი თუ კანონქვემდებარე აქტის გამოცემაზე ვალდებული ორგანო მოწესრიგების გარეშე დატოვებს რიგ საკითხებს და ამ არგუმენტით დაუსაბუთებს მოქალაქეს მისი უფლების შეზღუდვის საჭიროებას.
ამდენად პალატა არ იზიარებს, აპელანტის მოსაზრებას, იმის თაობაზე, რომ გაზის აეროზოლური მოწყობილობის საქართველოში შემოტანისას ნებართვის საჭიროება გამომდინარეობს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონიდან.
პალატა აღნიშნავს, რომ არც ლიცენზიის სახეებისა და არც ნებართვების სახეების ჩამონათვალში არ არის წარმოდგენილი აეროზოლური მოწყობილობა, რაც ნიშნავს, რომ მოსარჩელის შპს ,,ვ--------- 2“-ის კუთვნილი პროდუქციის ქვეყნის საზღვარზე შემოტანისათვის კანონი არ ადგენს არც ლიცენზიის მოპოვება/ფლობის ვალდებულებას და არც რომელიმე სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული ნებართვის სავალდებულოობას.
,,იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში 2010 წლის 02 ივლისის განხორციელებული ცვლილების თანახმად, კანონს დაემატა მე-141 მუხლი, რომლის მე-3 პუნქტით ადგენდა, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო ამტკიცებს სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვები პნევმატური იარაღისა და აეროზოლური მოწყობილობის კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს. ამავე კანონში შემდგომ განხორციელებულმა ცვლილებამ (24.04.2012 წლის N6058 კანონი) აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტი გააუქმა.
ამდენად პალატას მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც საკანონმდებლო დონეზე არ არის მოწესრიგებული და განსაზღვრული გაზის აეროზოლური მოწყობილობის ტექნიკური მახასიათებლები, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს არ აქვს შემუშავებული და დადგენილი ის ნორმატიული მოთხოვნები (წესი, პირობა) რომელიც აეროზოლური მოწყობილობებთან მიმართებაში სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვებობის კრიტერიუმს დაადგენდა, აპელანტის (მოპასუხის) ქმედება - მოსარჩელე შპს ,,ვ--------- -2“-ს მიმართ დაუსაბუთებელია, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით რომ საბაჟო გამშვებ პუნქტზე პროდუქციის დაკავების დროისათვის ,,იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-141 მუხლის მე-3 პუნქტი გაუქმებული იყო და, შესაბამისად, მოთხოვნას - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აეროზოლური მოწყობილობის კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლების დამტკიცების შესახებ, არც იმ დროს და არც საქმის განხილვის დროისათვის მოქმედი კანონი, არ ითვალისწინებდა.
აპელანტის განმარტება, რომ აეროზოლური მოწყობილობის შეუზღუდავად დაშვება სამოქალაქო ბრუნვაში საფრთხეს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფუძველს მოკლებულია, რადგან საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოსარჩელის კუთვნილ აეროზოლური მოწყობილობის A-------------N, CS KO, Defenol CS სეს ესნ-ის კოდია 9---------0. საკვლევ ობიექტზე სეს ესნ კოდი განისაზღვრა ,,საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 ივლისის N241 ბრძანების და ჰარმონიზირებული სისტემის განმარტებების თანახმად. აღსანიშნავია, რომ იგივე კოდის - 9------- შემცველია პროდუქცია, რომელიც დაშვებული იყო ქვეყნის ტერიტორიაზე საქართველოს სხვა საბაჟო პუნქტის გავლით. აღნიშნული კოდი კი გარკვეული პროდუქციის იდენტურობაზე მიუთითებს.
რაც შეეხება მოსარჩელის კუთვნილი, საბაჟოზე დაკავებული ნივთების შენახვის თანხის - 905 ლარის დაკისრებას, პალატას ისევე როგორც საქალაქო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენს იმ მატერიალური ზიანის გამოხატულებას, რომელიც მიადგა მოსარჩელეს მოპასუხის ბრალით;
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურების უფლება სახელმწიფო სახსრებიდან. სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა პირის სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებელობის განსაკუთრებულ წესს ადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209 მუხლები.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც. 208-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის) უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ვალდებულებითი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობაა, ამასთან, იგი განსხვავდება საჯარო სამართალში არსებული ვალდებულებისაგან, სამოქალაქო კოდექსის 317.1. მუხლი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე, დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს. 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების მოვალეობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, წარმოშობილი ზიანი და ბოლოს მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი.
სასამართლოს მოსაზრებით, ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.
ზემოაღნიშნულ შემთხვევაში მოპასუხე შემოსავლების სამსახური ქმედების განხორციელების - მოსარჩელე შპს ,,ვ--------- 2’’-ისათვის აეროზოლური მოწყობილობების ჩამორთმევის დროს მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ; ქმედების მართლწინააღმდეგობა იმაში გამოიხატა, რომ აეროზოლური მოწყობილობების ჩამორთმევამ განაპირობა მოსარჩელის საკუთრების უფლების შეზღუდვა, შელახვა ისე, რომ ეს ქმედება არ იყო დაფუძნებული კანონზე და კანონის საფუძველზე გამოცემულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტზე; ანუ, როდესაც მოსარჩელე გადიოდა საბაჟო პროცედურებს, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ უნდა ჩამოერთვა მოსარჩელისთვის აეროზოლური მოწყობილობები, მასვე ჩამორთმეული ნივთები არ უნდა გადაეცა შესანახად შპს ,,Ge-----------------l’’-ისათვის’’, რომ არა მოპასუხის უკანონო ქმდება, არ მოხდებოდა ჩამორთმეული ნივთების შესანახად გადაცემა, შესაბამისად მოსარჩელეს არ მოუხდებოდა საწყობში ნივთების შენახვისთვის დადგენილი საფასურის გადახდა;
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა სწორი შეფასება მისცეს საქმის მასალებს, სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმატიულ ბაზას და კანონიერად და ობიექტურად გადაწყვიტა დავა, შესაბამისად არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი წინაპირობები.
5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება.
6. სასამართლო ხარჯები
აპელანტ სსიპ შემოსავლების სამსახური გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 257-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32), დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32).
თავმჯდომარე: მურთაზ მეშველიანი
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ხათუნა ხომერიკი