განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.03.2019
საქმის ნომერი
330210118002303345
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
20.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210118002303345

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 მარტი 2019 წელი თბილისი

საქმე №2ბ/5858-18

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი

მოსამართლეები: ბესარიონ ტაბაღუა, ქეთევან დუგლაძე

სხდომის მდივანი - მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი - დ----- ო--------–---–ი

წარმომადგენლები - უ---------, თ-----------------

 

მოწინააღმდეგე მხარე - პ----- ჩ-------–---–ი

წარმომადგენლები - გ-------–------------ე, მ-----– ტ--–--–-–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - მ----- წ----–-–---–ი

წარმომადგენელი - გ-----------–-------

 

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება, ქონების თანამესაკუთრედ ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სასამართლოს 2018 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. 2006 წლის პირველ ნოემბერს გ------- თ-------სა და პ----- ჩ-------–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, პ----- ჩ-------–---–მა ისესხა 62000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, წლიური 17% სარგებლის, ხოლო ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1% საურავის გადახდის პირობით. სესხი გაიცა 2007 წლის 1 მაისამდე. სესხის ხელშეკრულება პ----- ჩ-------–---–ის მიერ ხელმოწერილ იქნა 2006 წლის 11 დეკემბერს.

 

2. 2008 წლის 10 დეკემბერს გ------- თ-------სა და პ----- ჩ-------–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N--, რომლის თანახმად მოპასუხემ გ------- თ-------ისგან ისესხა 100 000 აშშ დოლარი, რაც პ----- ჩ-------–---–ს უნდა დაებრუნებინა 2009 წლის 10 დეკემბრამდე, წლიური 20% სარგებლის, ხოლო სესხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1% საურავის გადახდის პირობით.

 

3. 2009 წლის 11 დეკემბერს გ------- თ-------სა და პ----- ჩ-------–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N--, რომლის თანახმად მოპასუხემ გ------- თ-------ისგან ისესხა 120 000 აშშ დოლარი, რაც პ----- ჩ-------–---–ს უნდა დაებრუნებინა 2010 წლის 12 დეკემბრამდე, წლიური 20% სარგებლის, ხოლო სესხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1% საურავის გადახდის პირობით.

 

4. 2010 წლის 14 დეკემბერს გ------- თ-------სა და პ----- ჩ-------–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N--, რომლის თანახმად მოპასუხემ გ------- თ-------ისგან ისესხა 144 000 აშშ დოლარი, რაც პ----- ჩ-------–---–ს უნდა დაებრუნებინა ერთი წლის ვადაში, წლიური 16% სარგებლის, ხოლო სესხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1% საურავის გადახდის პირობით.

 

5. 2008, 2009 და 2010 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხები მოიცავდა ყოველი წინა ხელშეკრულების ძირითადი თანხებისა და სარგებლის ჯამს.

 

6. 2013 წლის 12 დეკემბერს გ------- თ-------სა და დ----- ო--------–---–ს შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულება, სადაც გ------- თ-------ი უსასყიდლოდ, სრული მოცულობით უთმობს დ----- ო--------–---–ს პ----- ჩ-------–---–ის მიმართ მოთხოვნის უფლებას, რაც ხელშეკრულების დადების მომენტისთვის შეადგენს 167040 აშშ დოლარს, ასევე მისგან გამომდინარე საურავის, პირგასამტეხლოს და ზიანის ანაზღაურების უფლებას. მოთხოვნის დამთმობის მოთხოვნა გამომდინარებს მოვალის - პ----- ჩ-------–---–ის მიერ მოთხოვნის დამთმობთან დადებული 2006 წლის 1-ლი ნოემბრის, 2008 წლის 10 დეკემბრის N--, 2009 წლის 11 დეკემბრის N-- და 2010 წლის 14 დეკემბრის N-- ხელშეკრულებებიდან.

 

7. პ----- ჩ-------–---–ი და მ----- წ----–-–---–ი 2002 წლიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, ხოლო 2017 წლის 9 იანვრიდან განქორწინებულები არიან.

 

8. პ----- ჩ-------–---–ისა და მ----- წ----–-–---–ი ქორწინების განმავლობაში შეძენილია და მ----- წ----–-–---–ის სახელზე რეგისტრირებულია უძრავი ქონება, მდებარე: თ---–---------–--–---–---------, სადაც მოპასუხის წილია 2/12 ნაწილი. ასევე მ----- წ----–-–---–ის კუთვნილ წილს და ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებას წარმოადგენს შპს „გ---–--------------ის“ საწესდებო კაპიტალის 50% წილი და შპს „ს-------------–ი შ-–---ის“ საწესდებო კაპიტალის 100% წილი.

 

9. დ----- ო--------–---–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების პ----- ჩ-------–---–ის, მ----- წ----–-–---–ის მიმართ და ითხოვა: პ----- ჩ-------–---–ს მოსარჩელე დ----- ო--------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 164040 აშშ დოლარის გადახდა; პ----- ჩ-------–---–ი ცნობილ იქნეს მ----- წ----–-–---–ის ქორწინების პერიოდში შეძენილი შემდეგი ქონების ½ წილის მესაკუთრედ: ა) ქ-------–---------–--–---–------------, საკადასტრო კოდი 0---------------, ფართი: 718 კვ.მ., სადაც მ----- წ----–-–---–ის კუთვნილი წილია 2/12; ბ) შპს „ს-------------–ი შ-–---ი“, საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------, იურიდიული მისამართი: თ---–-------------–--–---–---------, სადაც მ----- წ----–-–---–ი არის 100% წილის მესაკუთრე; გ) შპს „გ---–--------------ი“, საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------, იურიდიული მისამართი: თ---–-------------–--–---–---------, სადაც მ----- წ----–-–---–ი არის 50% წილის მესაკუთრე.

 

9.1. მოსარჩელის პოზიცია

 

გ------- თ-------ს და მოპასუხე პ----- ჩ-------–---–ს შორის 2006 წლის 11 დეკემბერს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გ------- თ-------მა მოპასუხეს ასესხა 62000 აშშ დოლარი, 6 თვის ვადით, წლიური სარგებლით 17%-ის გათვალისწინებით. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო, 2008 წლის 10 დეკემბერს მოხდა არსებული სასესხო ვალდებულებების აკუმულირება ერთი ხელშეკრულებით და სესხის ხელშეკრულება N-2-ის ხელმოწერის მომენტისთვის გ------- თ-------ს პ----- ჩ-------–---–ისთვის გადაცემული ჰქონდა 100 000 აშშ დოლარი, რომელიც უნდა დაბრუნებულიყო 1 წლის ვადაში, ამჯერად წლიური 20% სარგებლის, ხოლო ვადაგადაცილებისთვის გადასახდელი თანხის 0,1% საურავის დარიცხვით.

 

ვინაიდან პ----- ჩ-------–---–ს არც 10.12.2008 წლის ხელშეკრულება შეუსრულებია ვადაში, მხარეებმა 2009 წლის 11 დეკემბერს დადეს N- ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სესხის სახით მოპასუხის სასარგებლოდ გაცემული თანხა განისაზღვრა 120 000 აშშ დოლარით (აღნიშნული იყო N- სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის ჯამს), წლიური 20% სარგებლის, ხოლო ყოველი ვადაგადაცილებისთვის გადასახდელი თანხის 0,1% საურავის დარიცხვით. თანხა მსესხებელს 1 წლის ვადაში უნდა დაებრუნებინა. მოპასუხეს არც 11.12.2009 წლის N- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეუსრულებია, თუმცა გ------- თ-------მა კვლავ გადაუვადა სესხის დაფარვის ვადა 1 წლით და 2010 წლის 14 დეკემბერს იმავე მხარეებს შორის დაიდო N4 სესხის ხელშეკრულება, სადაც მასესხებ თანხად განისაზღვრა 144000 აშშ დოლარი (რაც შეადგენს N- ხელშეკრულების ძირითადი თანხისა და სარგებლის ჯამს). სესხის სარგებლად განისაზღვრა 16%, ხოლო საურავი, გადასახდელი თანხის 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. პ----- ჩ-------–---–ს ფულადი ვალდებულება არ შეუსრულებია.

 

2013 წლის 12 დეკემბერს დ----- ო--------–---–სა და გ------- თ-------ს შორის დაიდო მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გ------- თ-------მა სრულად დაუთმო მოსარჩელე დ----- ო--------–---–ს, სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე პ----- ჩ-------–---–ის მიმართ არსებული მისი მოთხოვნა. დათმობის ხელშეკრულების შემდგომ პ----- ჩ-------–---–სა და დ----- ო--------–---–ს ჰქონდათ შეხვედრები, სატელეფონო საუბრები, ელექტრონული მიმოწერა, სადაც ერთ-ერთ მიმოწერაში დაადასტურა ვალის არსებობა, კერძოდ: 2015 წლის 26 ნოემბერს დ----- ო--------–---–ს დაუდასტურა, რომ მისი ვალდებულების ძირითადი თანხა შეადგენს 63 000 აშშ დოლარს, საიდანაც 3000 აშშ დოლარი დაბრუნებული ჰქონდა 2014 წელს.

 

დ----- ო--------–---–მა მოპასუხეს გაუგზავნა სესხის ხელშეკრულება N5-ის პროექტი, სადაც მოსარჩელე დასახელებულია უფლების მიმღებად, გ------- თ-------ი - უფლების დამთმობად, ხოლო პ----- ჩ-------–---–ი - მოვალედ. ხელშეკრულების პროექტის მიხედვით, საბოლოო დავალიანება, უკვე გადახდილი თანხების გამოკლებით, შეადგენდა 164000 აშშ დოლარს. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება შედგენილი იყო მოპასუხესთან შეთანხმებით, მას ხელშეკრულებაზე ხელი არ მოუწერია და შემდგომშიც იგი ცდილობს თავი აარიდოს ვალდებულების შესრულებას.

 

მე-2 სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით მოსარჩელემ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: პ----- ჩ-------–---–ი 2002 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მ----- წ----–-–---–თან და 2006 წელს, როდესაც მოპასუხემ გ------- თ-------ისგან თანხა ისესხა, იგი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მ----- წ----–-–---–თან. მოპასუხეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების უდიდესი ნაწილი არის მ----- წ----–-–---–ის ერთპიროვნულ ან იმ კომპანიის საკუთრებაში, რომელთა დიდ წილებს ფლობს იგი. მ----- წ----–-–---–ის, ასევე კომპანიების საკუთრებაში რეგისტრირებული ქონება შეძენილი იქნა მისი და პ----- ჩ-------–---–ის ქორწინების განმავლობაში და წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას. სასამართლო გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებულ ქონების ½ წილზე პ----- ჩ-------–---–ის მესაკუთრედ ცნობა, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი ალბათობით შეუძლებელი გახდება თანხის მოპასუხისთვის დაკისრების შემთხვევაში მისი აღსრულება.

 

10. მოპასუხეთა პოზიცია

 

წარდგენილი შესაგებლებით, ასევე ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტებით მოპასუხეებმა არ ცნეს მოთხოვნები. მ----- წ----–-–---–მა მიუთითა, რომ იგი და პ----- ჩ-------–---–ი 4 წელზე მეტია განქორწინებულები არიან და რამოდენიმე წელია აღარ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას. მათი კონტაქტი დაკავშირებულია მხოლოდ საერთო შვილებზე ზრუნვით. ამასთან, ქონებრივი საკითხები გადაწყვეტილი აქვთ ურთიერთმოლაპარაკების გზით და ქონება, რომელიც მის სახელზეა რეგისტრირებული, შეძენილია მის მიერ, მეუღლეთა ფაქტობრივად დაშორების შემდეგ.

 

პ----- ჩ-------–---–მა გამორიცხა დ----- ო--------–--–ის და გ------- თ-------ის მიმართ სასესხო ურთიერთობის არსებობა, მიუთითა, რომ თანხის გარკვეული ნაწილი მან და გ------- თ-------მა ჩადეს საერთო აგრო ბიზნესში, რომელმაც არ გაამართა და მოხდა ბიზნესიდან გ------- თ-------ის გასვლა. თანხის გადახდის სანაცვლოდ გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, ხოლო თანხა მას რეალურად უნდა გადაეხადა, თუ ბიზნესს კვლავ აწარმოებდა და მიიღებდა შემოსავალს. გარდა ამისა, მართალია, მხარეებს შორის 2008, 2009 და 2010 წელს მართლაც გაფორმდა სესხის ხელშეკრულებები, მაგრამ გასულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.

 

რაც შეეხება დ----- ო--------–---–ის მოთხოვნას, მისთვის უცნობი იყო მოთხოვნის დათმობის შესახებ. ელექტრონულ მიმოწერასთან დაკავშირებით განმარტა, რომ ელექტრონული მისამართი, საიდანაც განხორციელებულ მიმოწერაზე მოსარჩელემ განახორციელა ფაქტების კონსტატაცია, მას არ ეკუთვნოდა და მოსარჩელეს ჰქონდა მცდელობა, ხანდაზმული მოთხოვნა გაეცოცხლებინა. შესაბამისად, მის მიერ არც გ------- თ-------ის და არც დ----- ო--------–---–ის მიმართ ვალის აღიარება არ მომხდარა, ასევე არც რაიმე თანხის გადახდას ჰქონია ადგილი.

 

მე-2 სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით პ----- ჩ-------–---–მა მიუთითა, რომ ვინაიდან ბიზნესმა არ გაამართლა, თანხა, რომელიც გ------- თ-------თან ერთად ერთობლივ ბიზნესში ჩადეს, არ მოხმარებია მეუღლეთა შინამეურნეობას და არ მოხმარებია ოჯახის ინტერესებს. გარდა ამისა, ქონება, რომელიც მ----- წ----–-–---–ის სახელზე არის რეგისტრირებული, შეძენილია მ-----ს მიერ და საჯარო რეესტრში წარდგენილი განცხადებით ირკვევა, რომ უძრავი ქონების მიმართ პ----- ჩ-------–---–ს პრეტენზია არ გააჩნია.

 

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით დ----- ო--------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც: პ----- ჩ-------–---–ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების მდებარე: გ-----------------------------–--–-–---ი, "ხ--------ი", ს.კ.: 5-----------, ფართი: 1500 კვ.მ - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; პ----- ჩ-------–---–ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების მდებარე: გ-----------------------------–--–-–---ი, ს.კ.: 5-----------, ფართი: 4600 კვ.მ, - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. მ----- წ----–-–---–ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა შპს "ს-------------–ი შ-–---ი"-ში (ს.ნ. 4--------) (იურიდიული მისამართი: ქ-------–---------------------–---------------------–--–---–---------) მისი კუთვნილი 100%-იანი წილის 1/2 ნაწილის - გასხვისება და დაგირავება; მ----- წ----–-–---–ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა შპს "გ---–--------------ი"-ში (ს.ნ. 4--------), (იურიდიული მისამართი: ქ-------–---------------------–---------------------–--–---–---------) , მისი კუთვნილი 50%-იანი წილის 1/2 ნაწილის - გასხვისება და დაგირავება; მ----- წ----–-–---–ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: ქ-------–---------–--–---–---------, ს.კ.: 0---------------, ფართი: 718 კვ.მ, მისი კუთვნილი 2/12 წილის 1/2 ნაწილის - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; (იხ. გადაწყვეტილება. ტომი 1. ს.ფ.295-306)

 

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე დ----- ო--------–---–მა და ითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

12.1. აპელანტის განმარტებით, მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის წარდგენილი იქნა უდავო მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ ელ.ფოსტის მისამართი - ----------------, რომლის საშუალებითაც აღიარებული იქნა ვალი, ნამდვილად ეკუთვნის მოპასუხე პ----- ჩ-------–---–ს. სასამართლოს წარედგინა შპს „ტ-----------------იის“ (ს.ნ. 2--------) ამონაწერი სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლის დ-----------ია პ----- ჩ-------–---–ი, აღნიშნული კომპანიის ამონაწერში მითითებული კომპანიის ელ. მისამართი არის ----------------, ანუ ის ელ. მისამართი, რომლიდანაც მოხდა ვალის აღიარება და მისი გადახდის შეპირება. აგრეთვე შპს „ტ-----------------იის“ 2017 წლის 13 ივლისის კრების ოქმი #-, რომლითაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება კომპანიის ელ. მისამართად ---------------- ელ. ფოსტის რეგისტრაციის თაობაზე, რასაც ადასტურებს ხელმოწერით პ----- ჩ-------–---–ი. სესხის ხელშეკრულება არის ფორმათავისუფალი ხელშეკრულება, რომელიც შეიძლება დაიდოს ზეპირადაც და წერილობითაც, რათქმა უნდა არ არსებობს არანაირი ვალდებულება, რომ ხელშეკრულებაში მხარეებმა მიუთითონ საკონტაქტო ინფორმაცია. მაშინ გამოდის, რომ თუ მხარეები არ შეთანხმდნენ საკონტაქტო მისამართებზე ხელშეკრულებით, ასეთ მხარეებს შორის ვალის აღიარების ინსტიტუტის გამოყენება შეუძლებელია ან მხოლოდ შესაძლებელია თუკი მხარეები წერილობით გააფორმებენ ვალის აღიარებას და ხელს მოაწერენ. ვალის პირველი ხელშეკრულება, რომელიც შემდგომში მომდევნო ხელშეკრულებებით გრძელდებოდა დაიდო 2006 წელს, იმ დროისათვის კი ელექტრონული ფოსტის საშუალებით კომუნიკაცია არ იყო ისეთი აქტიალური, როგორც დღესაა. შესაბამისად, მხარეებს ხელშეკრულებით არ დაუდგენიათ საკონტაქტო ელ. ფოსტები, ხოლო დღესდღეობით ელექტრონული ფოსტა წარმოადგენს საქმიანი კომუნიკაციის ერთ-ერთ მთავარ და ყველაზე აქტუალურ საშუალებას, შესაბამისად სასამართლო მას ვერ უგულებელყოფს და გადაწყვეტილების მიღებისას ელექტრონული ფოსტის მიმოწერა ისეთივე მნიშვნელოვანი მტკიცებულება უნდა იყოს როგორც ნებისმიერი სხვა წერილობითი მტკიცებულება. აღნიშნული ემეილი არ წარმოადგენს სპეციალური დომენით ცალკე კომპანიისათვის შექმნილ ემეილს, არამედ არის პირადი ელ. ფოსტის მისამართი.

 

12.2. აპელანტის მოსაზრებით, ფაქტის კონსტანტაციის ოქმში პ----- ჩ-------–---–ის ნომრად აღნიშნულია 5-------- და სატელეფონო შეტყობინება, რომელშიც ფიქსირდება ელ. ფოსტის მისამართი - ---------------- პ----- ჩ-------–---–ის ელექტრონულ მისამართად, გაგზავნილია სწორედ აღნიშნული ნომრიდან, ხოლო ტელეფონის ნომერი 5-------- ეკუთვნის მ----- წ----–-–---–ს, ფაქტის კონსტანტაციის ოქმში მოცემულია როგორც პ----- ჩ-------–---–თან, ასევე მ----- წ----–-–---–თან დ----- ო--------–---–ის სატელეფონო მიმოწერა. მოსარჩელის მიერ გაგზავნილ შეტყობინებებში ჩანს რა მიზნით სჭირდება პ----- ჩ-------–---–ის ელ. ფოსტის მისამართი, მოპასუხემ თავად დაუფიქსირა საკუთარ ელ.ფოსტად მისამართი - ----------------, შესაბამისად მიჩნეული უნდა იქნეს, რომ მხარეები შეთანხმდნენ საკონტაქტო მისამართზეც. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან წარდგენილი მტკიცებულებით უდავოდ დასტურდება, რომ კონკრეტული ელ. ფოსტა ეკუთვნის მოპასუხეს, უნდა ჩაითვალოს, რომ მოპასუხემ ვალი აღიარა.

 

12.3. აპელანტის განმარტებით, მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულება ბოლოს დაიდო 2010 წლის 14 დეკემბერს 1 წლის ვადით, შესაბამისად პ----- ჩ-------–---–ს ვალდებულება უნდა შეესრულებინა 2011 წლის 14 დეკემბერს. სესხის ხელშეკრულებისათვის 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა დაიწყებოდა 2011 წლის 14 დეკემბრიდან. 2014 წელს მოპასუხემ გადაიხადა მის მიერ ნაკისრი ვალდებულებიდან 3000 დოლარი, რასაც ადასტურებს მის მიერ 2015 წლის ნოემბერში მოსარჩელისათვის გაგზავნილ ელექტრონულ წერილში, რომელშიც აღნიშავს. მოპასუხემ ვალი აღიარა ვალდებულების გადახდით ხანდაზმულობის ვადაში და გამოთქვა მზაობა, რომ გადაეხადა ვალი. მოპასუხის მიერ გაგზავნილი შეტყობინება წარმოადგენდა ვალის სხვაგვარ აღიარებას - „მოვალის ისეთი ქმედება, რომელშიც აშკარად გამოკვეთილია პირის ნება ვალდებულებების არსებობასთან მიმართებით. 2015 წლის 26 ნოემბრიდან სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყებოდა თავიდან სამოქალაქო კოდექსის 141-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს კი მიმართა 2018 წლის 30 იანვარს, რითაც აშკარაა, რომ მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.

 

II ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

13. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დ----- ო--------–---–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება, მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება და დ----- ო--------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

14. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, რომლის დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს: სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი /სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი/

 

15. აღნიშნულ მოთხოვნებთან მიმართებით პალატა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე; 105-ე მუხლების საფუძველზე, დადგენილად მიიჩნევს წინამდებარე გადაწყვეტილების 1-8 პუნქტებს, სადავოა მოპასუხის ელექტრონული ფოსტიდან მოსარჩელის მიმართ განხორციელებული მიმოწერა და მოთხოვნის ხანდაზმულობა. პალატა სადავო გარემოებებთან მიმართებით განმარტავს შმდეგს:

 

15.1. შპს „ტ-----------------იას“ 2017 წლის 13 ივლისის პარტნიორთა კრების ოქმი #02-ის თანახმად შპს „ტ-----------------იას“ დ-----------ად არჩეული იქნა პ----- ჩ-------–---–ი, ხოლო ელექტრონული ფოსტის მისამართად რეგისტრირებული იქნა ----------------. 2017 წლის 14 ივლისის მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ შპს „ტ-----------------იას“ დ-----------ია პ----- ჩ-------–---–ი. (ტომი1, ს.ფ. 248-252)

 

15.2. ფაქტების კონსტანტაციის ოქმის თანახმად, ტელეფონის ნომრიდან: 5--------, რომელიც ეკუთვნის პ----- ჩ-------–---–ს, რასაც ასევე მოწმობს თავად პ----- ჩ-------–---–ის მის შესაგებელში აღნიშნული ნომრის მითითება, დ----- ო--------–---–ის ტელეფონის ნომერზე: 5--------, მიწერილი იქნა ელექტრონული ფოსტის მისამართი: ----------------. შესაბამისად, პ----- ჩ-------–---–მა თავად მიუთითა ელექტრონული ფოსტის მისამართად ----------------, მოსარჩელე დ----- ო--------–---–ს. აღნიშნული კი წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებას საკონტაქტო მისამართზე. (ტომი 1, ს.ფ. 255, 261)

 

15.3. პ----- ჩ-------–---–ის ელექტრონული ფოსტის მისამართად მითითებული ---------------- მეილიდან, 2015 წლის 26 ნოემბრის მიმოწერის თანახმად: „თუ ძირზე ლაპარაკობ 63 000 აშშ დოლარი იყო (შენ გქონდა ძველი ჩანაწერები და გადაამოწმე. აქედან 3000 აშშ დოლარი შარშან მოგეცი), „მართლაც შეიძლება მოვასწრო ახალი წლისთვის შენი ვალდებულებების გასტუმრება“... (ტომი 1, ს.ფ. 44-45)

 

15.4. 2010 წლის 14 დეკემბერს გ------- თ-------სა და პ----- ჩ-------–---–ს შორის გაფორმდა სესხის საბოლოო ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხემ ისესხა 144 000 აშშ დოლარი, რაც პ----- ჩ-------–---–ს უნდა დაებრუნებინა ერთი წლის ვადაში, წლიური 16% სარგებლის, ხოლო სესხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1% საურავის გადახდის პირობით. ამდენად, სესხის დაბრუნების საბოლოო ვადაა - 2011 წლის 14 დეკემბერი. (ტომი 1, ს.ფ. 29-30)

 

პალატა დადგენილად მიიჩნევს რომ, ელ. ფოსტის მისამართი - ----------------, რომლის საშუალებითაც აღიარებული იქნა ვალი, ნამდვილად ეკუთვნის მოპასუხე პ----- ჩ-------–---–ს.

 

მოვალემ პ----- ჩ-------–---–მა დ----- ო--------–---–ის მიმართ განხორციელებული ელექტრონული მიმოწერით აღიარა კრედიტორის წინაშე ვალი 63 000 აშშ დოლარის ოდენობით, და ამავდროულად განმარტა რომ მის მიერ 3000 აშშ დოლარი გადახდილი იქნა 2014 წლის ბოლოს. მოვალემ ამავე წერილით იკისრა ახალი წლისათვის ვალდებულების სრულად შესრულება

 

16. მხარეებს შორის სადავოა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობა, რაზეც პალატა განმარტავს, რომ: სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ამავე კოდექსის 130-ე მუხლით ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

მხარეებს შორის საბოლოო სესხის ხელშეკრულება შედგა 2010 წლის 14 დეკემბერს, რომლის მოქმედების ვადად განისაზღვრა ერთი წელი, იმ შემთხვევაში თუ მივიჩნევთ, რომ მოპასუხეს სესხი უნდა დაებრუნებინა 2011 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით, ხანდაზმულების ვადის დენა აითვლება 2011 წლის 14 დეკემბრიდან (როცა მოსარჩელემ შეიტყო მისი უფლების დარღვევის შესახებ) და ამოიწურა 2014 წლის 14 დეკემბერს, სარჩელი აღძრულია 2018 წლის 13 თებერვალს ე.ი. ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ. აპელანტი ასევე მიუთითებს მოპასუხის მიერ ვალის აღიარებასა და ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტაზე.

 

აპელანტი ამ თვალსაზრისით მიუთითებს 2015 წლის 26 ნოემბრის მეილის მიმოწერაზე, სადაც პ----- ჩ-------–---–ი წერს, რომ: „თუ ძირზე ლაპარაკობ 63 000 აშშ დოლარი იყო (შენ გქონდა ძველი ჩანაწერები და გადაამოწმე. აქედან 3000 აშშ დოლარი შარშან მოგეცი),სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის მიზნებისათვის მოვალის აღიარება სამართლებრივი ძალის მატარებელი მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუკი აღიარება ხანდაზმულობის ვადაში განხორციელდა, რადგანაც საფუძველს მოკლებული იქნება მსჯელობა იმაზე, რომ მოვალის იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებას შედეგად მოჰყვეს უკვე გასული ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა. (სუსგ.ას-383-364-2015 27 მაისი, 2016 წელი )

 

2015 წლის 26 ნოემბრის ელექტრონული ფოსტის წერილით დგინდება, რომ პ----- ჩ-------–---–ის მიერ 3000 აშშ დოლარი გადახდილი იქნა 2014 წელს. ვინაიდან მოპასუხის მიერ თვე და რიცხვი მითითებული არ ყოფილა, არც საქმეზე წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებით დგინდება უნდა ვიგულისხმოთ, რომ მოვალემ თანხა გადაიხადა 2014 წლის დეკემბრის უკანასკნელი დღეს 31 დეკემბერს, (იხ. სუსგ ას-837-795-2013) ამდენად, 2014 წელს პ----- ჩ-------–---–ის მიერ 3000 აშშ დოლარის გადახდა განხორციელდა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის, 2014 წლის 14 დეკემბრის შემდეგ, რაც ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას სამოქალაქო კოდექსის 137ე-მუხლის საფუძველზე ვერ გამოწვევს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხანდაზმულობის ვადას შეწყვეტილად მივიჩნევთ 2014 წლის 31 დეკემბრიდან, მოთხოვნა მაინც ხანდაზმულია, ვინაიდან მოთხოვნის ბოლო ვადაა 2017 წლის 31 დეკემბრი ხოლო სარჩელი აღძრულია 2018 წლის 13 თებერვალს.

 

17. განსახილველი დავის გადაწყვეტისა და სესხის ხანდაზმულობის საკითხის განსაზღვრისათვის მნიშნვნელოვანია შეფასდეს, წარმოადგენს თუ არა პ----- ჩ-------–---–ის 2015 წლის 26 ნოემბრის ელექტრონული წერილი კრედიტორისადმი ვალის აღიარებას, რაც გამორიცხავს მოპასუხის შესაგებელს მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი გარემოების თაობაზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არა აქვს უფლება მოითხოვოს შესრულებულის დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო. იგივე წესი გამოიყენება ვალდებული პირის აღიარებისა და უზრუნველყოფის საშუალებათა მიმართაც.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ერთმანეთისაგან განსხვავდება მარტივი, კაუზალური და აბსტრაქტული აღიარება. მათი საერთო ნიშანი ისაა, რომ ისინი ადასტურებენ/წარმოშობენ მოთხოვნის არსებობას, თუმცა, იურიდიული თვალსაზრისით გააჩნიათ განმასხვავებელი ნიშან-თვისებები. მარტივი აღიარება სახეზეა მაშინ, როდესაც მოვალე ცალმხრივად ადასტურებს არსებულ ვალდებულებით ურთიერთობას და გაცნობიერებულად გამოთქვამს მზაობას, შეასრულოს იგი (დაპირება). კაუზალური ვალის აღიარება ასევე მიმართულია არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დადასტურების თუ შეცვლისკენ და ბუნებრივია უნდა შეიცავდეს დაპირების ელემეტს, ამასთან იგი შეიძლება არ იყოს ცალმხრივი (მხარეთა ორმხრივი შეთანხმება არსებული ვალდებულების შესრულების დამატებით ვადაზე, სხვა შესრულების მიღებაზე და სხვა).

 

რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლს, თავად ამ ნორმით მოწესრიგებული ვალის არსებობის აღიარება 137-ე და 144.3 მუხლებით გათვალისწინებული აღიარებისგან აბსტრაქტული ბუნებით განსხვავდება, იგი თავად წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას და დამოუკიდებელ ვალდებულებას წარმოშობს. ვალის აღიარების ხელშეკრულება, ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობის სადავოობის შემთხვევაშიც შესრულების ვალდებულებას წარმოშობს, და კრედიტორს მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის გაგებით ვალის არსებობის აღიარებასთან არ გვაქვს საქმე, როდესაც მხარეები უკვე არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან ადასტურებენ მას, ან მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალ ვალდებულების შესრულებას კისრულობენ. ამდენად, იგი არ უნდა უკავშირდებოდეს ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნას. ვალის აღიარების ხელშეკრულების დამოუკიდებული ბუნება იმ კუთხითაც განსხვავდება ვალდებული პირის სხვაგვარი აღიარებისაგან, რომ სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულება მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგაც ნამდვილია, რადგანაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, იგი ახალ, დამოუკიდებელ მოთხოვნას წარმოშობს და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების მიმართ დამოუკიდებლად აითვლება ხანდაზმულობის ვადის დენა. რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ ვალის მარტივი ან კაუზალური აღიარების იურიდიულ ძალას, ამ საკითხის რეგულირებისათვის გამოყენებულ უნდა იქნას სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომელიც ამავე მუხლის მე-2 ნაწილთან ერთობლიობაში განიმარტება, კერძოდ, 144.2 მუხლის თანახმად, თუკი მოვალე ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ შეასრულებს ვალდებულებას, იგი შესრულების დაბრუნების მოთხოვნის უფლებას კარგავს, ასეთ შემთხვევაში მისი შესაგებელი არ შეიძლება იყოს მათ შორის იმაზე მითითება, რომ შესრულების მომენტში არ იცოდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის ფაქტი.

 

ანალოგიური ძალის მატარებელია მოვალის მიერ ვალდებულების აღიარება მოთხოვნის იძულებითი განხორციელების ვადის გასვლის შემდეგ, თუკი ეს აღიარება შეიცავს პირის გაცნობიერებულ ნებას, რომ იგი ვალდებულებას შეასრულებს. ეს რეგულაცია ვრცელდება ვალის როგორც მარტივ, ისე კაუზალურ აღიარებაზე. (სუსგ. საქმე №ას-383-364-2015 27 მაისი, 2016 წელი)

 

პალატა უპირველესად განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისინებული ვალის აღიარება არ იწვევს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას და შესაბამისად არ იწვევს ხანდაზმულობის ვადის ათვლას თავიდან სამოქალაქო კოდექსის 141-ე მუხლის საფუძველზე, რამდენადაც მითითებული ნორმა ითვალისწინებს ვალის აღიარებას, რომელიც განხორციელდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, რასაც ადგილი ჰქონდა სწორედ მოცემულ შემთხვევაში.

 

სააპელაციო პალატა კვლავ განმარტავს, რომ 144-ე მუხლის მე-3 ნაწილი უნდა განიმარტოს ამავე მუხლის მე-2 ნაწილითან ერთობლიობაში, რომელიც ადგენს, რომ მოვალეს არ შეუძლია ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ განხორციელებული შესრულების უკან დაბრუნება ხანდაზმულობის ვადის გასვლის საფუძვლით. ანალოგიურად, მოვალეს, რომელიც ხანდამზულობის ვადის გასვლის შემდეგ აღიარებს მოთხოვნას (ვალს), არ შეუძლია უარი თქვას მის შესრულებაზე მოთხოვნის ხანდაზმულობის საფუძვლით. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოყვანილი ნორმების ლოგიკური განმარტების შედეგად გამომდინარეობს, რომ ასეთი აღიარება, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ წყვეტს ხანდაზმულობის ვადას, გამოიწვევს ხანდაზმულბის ვადის თავიდან ათვლას, შესაბამისად, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვალდებულების შესრულება აღიარებიდან სამი წლის განმავლობაში (129.1 მუხლი).

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მარტივი აღიარება ე.ი. მოვალის განცხადება, რომ იგი შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას არ არის ახალი გარიგება, მას არ ჭირდება სპეციალური ფორმის დაცვა, იგი ზეპირსიტყვიერ აღიარებაშიც შეიძლება გამოიხატოს, მნიშვნელოვანია, რომ კრედიტრმა შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის გზით დაამტკიცოს ასეთი აღიარების გაკეთების ფაქტის არსებობა, რაც მტკიცების ტვირთის მოვალეზე გადატანას გამოიწვევს ე.ი. მან უნდა ამტკიცოს ასეთი აღიარების უსწორობა.

 

განსახილველ შემთხევაში პ----- ჩ-------–---–ის ელექტრონული მინაწერი: „თუ ძირზე ლაპარაკობ 63 000 აშშ დოლარი იყო (შენ გქონდა ძველი ჩანაწერები და გადაამოწმე. აქედან 3000 აშშ დოლარი შარშან მოგეცი), „მართლაც შეიძლება მოვასწრო ახალი წლისთვის შენი ვალდებულებების გასტუმრება“... უდავოად ადასტურებს, რომ მოპასუხე დაეთანმა 60 000 აშშ დოლარის, ვალის არსებობას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით კი, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიმოწერის ნამდვილობასთან და მის შედგენასთან მიმართებით მოპასუხეს არსებითი ხასიათის შედავება არ წარმოუდგენია. ელექტრონულ ფოსტის მისამართზე მიწერა განხორციელდა 2015 წლის 26 ნოემბერს. აღნიშნული მინაწერის ნამდვილობასთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იქნა ფაქტების კონსტანტაცია, თუმცა მოპასუხეს გარდა ზეპირი ახსნა-განმარტებისა სხვა მტკიცებულება შედავების კუთხით არ წარმოუდგენია. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გაზიარებული უნდა იქნეს აპელანტის (მოსარჩელის) ახსნა-განმარტება და მხარეთა შორის არსებული ელექტრონული ფოსტის მიმოწერა.

 

ამრიგად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, 2015 წლის 26 ნოემბრის ელექტრონული ფოსტის მიმოწერით დასტურდება მოპასუხის მიერ ვალის აღიარება - წარმოდგენილი წერილით მოვალე ადასტურდებს როგორც ვალდებულების არსებობის ფაქტს, ასევე გამოხატავს ვალდებულების შესრულების განზრახვას, რაც სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე გამოწვევს ხანდაზმულობის ვადის თავიდან ათვლას. ამასთან, მოპასუხის მიერ ვალის აღიარებიდან არ არის გასული ხანდაზმულოების სამწლიანი ვადა. ვინაიდან აღიარება განხორციელდა 2015 წლის 26 ნოემბერს, ხოლო სარჩელი წარდგენილია - 2018 წლის 13 თებერვალს, შესაბამისად, მოვალე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობად ვერ დაეყრდნობა მოთხოვნის ხანდაზმულობას.

 

ამასთან, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული აღიარება გამოიწვევს არა მთელს მოთხოვნაზე ხანდაზმულების ვადის თავიდან ათვლას, არამედ მხოლოდ იმ ნაწილზე, რომლის შესრულების განზრახვაც არის გამოხატული აღიარებით.

 

2015 წლის 26 ნოემბრის ელექტრონული წერილი თანახმად, პ----- ჩ-------–---–ი ადასტურებას მოსარჩელისაგან 63 000 დოლარის სესხად მიღების ფაქტს, საიდანაც მის მიერ გადახდილი იქნა 3000 აშშ დოლარი და გამოთქვამს მზაობას, რომ შეასრულებს 60 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულებას ახალი წლისთვის. ამიტომაც პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 60 000 აშშ დოლარის გადახდა და უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა 12 წლის განმავლობაში დაგროვილი სარგებლის დაკისრების თაობაზე.

 

18. დ----- ო--------–---–ის მოთხოვნას წარმოადგენს ასევე პ----- ჩ-------–---–ი ცნობილ იქნეს მ----- წ----–-–---–ის ქორწინების პერიოდში შეძენილი შემდეგი ქონების ½ წილის მესაკუთრედ, აღნიშნული მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას კი წარმოადგენს 1158-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

19. აღნიშნულ მოთხოვნასთან მიმართებით პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

19.1. პ----- ჩ-------–---–ი და მ----- წ----–-–---–ი 2002 წლიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, ხოლო 2017 წლის 9 იანვრიდან მათ შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

 

19.2. პ----- ჩ-------–---–ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში 11.12.2017 წლიდან ირიცხება უძრავი ქონება მდებარე: გ-----------------------------–--–-–---ი, "ხ--------ი", ს.კ.: 5-----------, ფართი: 1500 კვ.მ. 25.12. 2017 წლიდან - უძრავი ქონება მდებარე: გ-----------------------------–--–-–---ი, ს.კ.: 5-----------, ფართი: 4600 კვ.მ. (ტომი 1, ს.ფ. 83-86)

 

19.3. 2018 წლის 6 თებერვლის აუდიტური ფირმა შპს „-----“-ს აუდიტორული დასკვნის თანახმად აღნიშნული მიწების ღირებულება შეადგენს 13 100 ლარს. (ტომი 1, ს.ფ. 103-104)

 

19.4. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, 27.12.2017 წლიდან მ----- წ----–-–---–ის სახელზე რეგისტრირებულია უძრავი ქონება, მდებარე: თ---–---------–--–---–---------, სადაც მოპასუხის წილია 2/12 ნაწილი. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერების თანახმად მ----- წ----–-–---–ის კუთვნილ წილს წარმოადგენს ასევე შპს „გ---–--------------ის“ საწესდებო კაპიტალის 50% წილი, რომელიც რეგისტრირებული იქნა 26.06.2014 წელს. მ----- წ----–-–---–ის კუთვნილ წილს წარმოადგენს ასევე შპს „ს-------------–ი შ-–---ის“ საწესდებო კაპიტალის 100% წილი, რომელიც რეგისტრირებული იქნა 17.06.2013 წელს. (ტომი 1, ს.ფ. 87-93)

 

19.5. მხარეები ადასტურებენ, რომ მოპასუხეებს შორის ქორწინების პერიოდში შეძენილი იქნა უძრავი ქონება, მდებარე: თ---–---------–--–---–---------, სადაც მ----- წ----–-–---–ს წილია 2/12 ნაწილი, ასევე შპს „გ---–--------------ის“ საწესდებო კაპიტალის 50% წილი და შპს „ს-------------–ი შ-–---ის“ საწესდებო კაპიტალის 100% წილი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მეუღლეთა უფლება- მოვალეობების წარმოშობას უკავშირებს მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინების ფაქტს. სსკ-ის 1158-ე მუხლის სამართლებრივი დანაწესის გამოყენების ანუ უძრავ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობის საფუძველია მეუღლეთა მიერ ამ ქონების შეძენა ქორწინების განმავლობაში. ქორწინების განმავლობაში მეუღლეთა შორის შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით, კანონმდებელი ხელმძღვანელობს იმ ვარაუდით, რომ როგორც წესი, ასეთი ქონება იქმნება მეუღლეთა ერთობლივი სახსრებით, საოჯახო მეურნეობის ერთობლივი გაძღოლითა და ერთობლივი შრომით. მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებას (მეუღლეების საერთო ქონებას) მიეკუთვნება, როგორც შრომის საქმიანობით მიღებული ორივე მეუღლის შემოსავალი, ასევე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები და სხვა სახის შემოსავალი, რომლებსაც სპეციალური მიზნობრივი დანიშნულება არ აქვთ, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქონება, რომელიც შეძენილია მეუღლეების მიერ ქორწინების განმავლობაში მიუხედავად იმისა, რომელი მეუღლის სახელზეა იგი შეძენილი ან რომელი მეუღლის მიერ არის გადახდილი თანხა. (სუსგ ას-1242-2018)

 

სსკ-ის 1158-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. ნორმის დანაწესით განსაზღვრულია მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმი, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების შესახებ. მისი ნორმატიული რეგულირების მიზანია ოჯახის ინტერესების დაცვა. პრეზუმირდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამიტომ დავის შემთხვევაში, ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი (კანონით დადგენილი გამონაკლისების გარდა) საკმარისი საფუძველია, რომ მივიჩნიოთ ეს ქონება მეუღლეთა თანასაკუთრებად. (ას-752-703-2017)

 

პალატა განმარტავს, რომ საჯარო რეესტრში ზემოაღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებულია მ----- წ----–-–---–ი, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, სადავო ქონება არ წარმოადგენს მ----- წ----–-–---–ის ინდივიდუალურ საკუთრებას. რეესტრში განხორციელებული ჩანაწერი მას ვერ აქცევს ქონების ინდივიდუალურ მესაკუთრედ. საჯარო რეესტრი ასრულებს სამოქალაქო ბრუნვის გარანტიის ფუნქციას და ემსახურება ბრუნვის მონაწილის ინტერესების უზრუნველყოფა-დაცვას. კონკრეტულ შემთხვევაში, პ----- ჩ-------–---–ი მითითებული უძრავი ქონებების 1/2 წილის მესაკუთრეს წარმოადგენს, ვინაიდან ქონება შეძენილია მეუღლეთა რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში, რაც წარმოადგენს ქონების შესაბამის წილზე საკუთრების მოპოვების კანონისმიერ საფუძველს. რაც შეეხება, პ----- ჩ-------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, იგი ემსახურება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზანს. რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაცია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე წარმოადგენს სავალდებულო პირობას, მოვალის ქონებაზე აღსრულების წარმოების მიზნებისათვის. ვინაიდან სასამართლომ დაადგინა რომ, ჩ-------–---–ის დავალიანება დ----- ო--------–---–ის მიმართ შეადგენს 60 000 აშშ დოლარს, მოთხოვნის მოცულობიდან გამომდინარე მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, რომელიც შეფასებულია 13 100 ლარად ვერ უზრუნველყოფს მიღებული გადაწყვეტილების სრულად აღსრულებას, რის გამოც სარჩელი პ----- ჩ-------–---–ის ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების ½ ნაწილში მესაკუთრედ ცნობის თაობაზე დაკმაყოფილებას ექვემდებარება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელეს დასახელებულ ნივთებზე თანამესაკურედ ცნობის მიმართ გააჩნია იურიდიული ინტერესი, გადაწყვეტილების აღსრულების კუთხით. (იხ. სუსგ ას-ას-134-128-2013)

 

სასამართლო განმარტავს რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მექანიზმების განხორციელების გარეშე ყოველთვის საფრთხის ქვეშ დადგება მოსარჩელის უფლებები, რომელიც მიუხედავად მართლმსაჯულების განხორციელებისა, ვერ მიაღწევს გადაწყვეტილების აღსრულებასა და თავისი კანონიერი უფლებებსა და ინტერესებში აღდგენას, რაც, თავის მხრივ, ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებულ ფუნდამენტალურ უფლებას - საქმის სამართლიან სასამართლოზე მოსმენას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას, მაგალითად, საქმეში - შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ, სასამართლომ აღნიშნა, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. სასამართლო შეახსენებს, რომ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სასამართლოსთვის მიმართვის უფლება ილუზორული იქნებოდა, თუკი კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობა ხელს შეუწყობდა იმას, რომ სასამართლოს საბოლოო, სავალდებულო გადაწყვეტილება დარჩებოდა აღუსრულებელი ერთი მხარის საზიანოდ (იხ. ზემოაღნიშნული Hornsby, §40) სასამართლო იმეორებს, რომ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა თუ მაღალი ხელშემკვრელი მხარის ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს (სხვა პრეცედენტთა შორის იხ. Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002-III; Hornsby v. Greece , judgment of 19 March 1997, Reports of Judgments and Decisions 1997-II, p. 510, §40).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ასევე საქმეში - აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადის ნომერი: 40765/02), მიუთითებს რომ სინამდვილეში, ხალხისათვის, საზოგადოებისათვის მთავარია, არა თავისთავად აღებული კანონები, სხვა იურიდიული დოკუმენტები, ამ იურიდიულ დოკუმენტებში არსებული ნორმები და არც ვალდებულებების, აკრძალვების ჯამი, არამედ ის გადამწყვეტი გარემოებები, რასაც იურიდიულად, რეალურად აძლევენ ეს ნორმები. სასამართლო შეგვახსენებს, რომ მე-6 (§1) მუხლი ნებისმიერ პირს აძლევს შესაძლებლობას, სასამართლოს წარუდგინოს თავის სამოქალაქო უფლებებთან და მოვალეობებთან დაკავშირებული საჩივარი (იხ. Golder c. Royaume-Uni , 21 février 1975, §§ 28-36, série A no 18). სასამართლოსათვის საჩივრის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება. მხარეთა ეფექტიანი დაცვა და კანონიერების აღდგენა გულისხმობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ვალდებულებას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქმეში “დადიანი და მაჩაბელი საქართველოს წინააღმდეგ” (საჩივარი № 8252/08) განმარტა რომ: მოსარჩელე მხარის ეფექტური დაცვა და კანონიერების აღდგენა გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოების ვალდებულებას, აღასრულონ შიდა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება (იხ. Mutishev and Others v. Bulgaria, 18967/03, §129, 3 December 2009). თუ ადმინისტრაციული ორგანოები უარს აცხადებენ, ვერ ახერხებენ ან აჭიანურებენ ამ ვალდებულების შესრულებას, მოსარჩელე მხარისთვის სამართალწარმოების პროცესში მე-6 მუხლით მინიჭებული გარანტია აზრს კარგავს (იხ. Antonetto v. Italy, no. 15918/89, §28, 20 July 2000).

 

ადამიანის უფლებათა ევროული სასამართლომ იგივე გაიმეორა საქმეზე Golder v. the United Kingdom, სადაც განმარტა, რომ კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი უზრუნველყოფს ყველა პირისათვის სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას, რომელიც დაკავშირებულია მათ სამოქალაქო უფლებებსა და ვალდებულებებთან. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება წარმოადგენს კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სასამართლო განხილვის უფლების განუყოფელ ნაწილს. სასამართლოსათვის მიმართვის უფლება, არ არის მხოლოდ თეორიული უფლება, რომელიც უზრუნველყოფს უფლების აღიარებას მხოლოდ საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ მოიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს, რომ მიღებული გადაწყვეტილება აღსრულდება. მოდავე მხარეთა უფლებების ეფექტური დაცვა და კანონიერების აღდგენა გულისხმობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ვალდებულებას.

 

20. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებისა და მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობების შეფასების შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რის გამოც დ----- ო--------–---–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება და დ----- ო--------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

21. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მეორე წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩლი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორიცულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად კი, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

 

ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აღნიშნული ნორმის თანახმად პ----- ჩ-------–---–ს და მ----- წ----–-–---–ს უნდა დაეკისროთ დ----- ო--------–---–ის სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი ბაჟის ანგარიშში 1 097.1 (ერთი ათას ოთხმოცდაჩვიდმეტი ლარი და 10 თეთრი) ლარის ანაზღაურება, სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის ანგარიშში - 1 828.5 (ერთი ათას რვაას ოცდარვა ლარი და 50 თეთრი) ლარის ანაზღაურება და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი ბაჟის ანგარიშში 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება. ასევე დ----- ო--------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 120 /ას ოცი/ ლარის ოდენობით, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა.ა.“ პუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს ფიზიკური პირისათვის – 3 000 ლარს;

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. დ----- ო--------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

 

3. დ----- ო--------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

3.1. პ----- ჩ-------–---–ს დ----- ო--------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 60 000 აშშ დოლარის გადახდა.

 

3.2. პ----- ჩ-------–---–ი ცნობილი იქნას უძრავი ქონების მდებარე: ქ-------–---------–--–---–---------, ს.კ.: 0---------------, ფართი: 718 კვ.მ.-ის 2/12 წილიდან 1/2 ნაწილის მესაკუთრედ.

 

3.3. პ----- ჩ-------–---–ი ცნობილი იქნას შპს "ს-------------–ი შ-–---ი"-ში (ს.ნ. 4--------) (იურიდიული მისამართი: ქ-------–---------------------–---------------------–--–---–---------) მ----- წ----–-–---–ის (0----------) კუთვნილი 100%-იანი წილის 1/2 ნაწილის მესაკუთრედ;

 

3.4. პ----- ჩ-------–---–ი ცნობილი იქნას შპს "გ---–--------------ი"-ში (ს.ნ. 4--------), (იურიდიული მისამართი: ქ-------–---------------------–---------------------–--–---–---------), მ----- წ----–-–---–ის (0----------) კუთვნილი 50%-იანი წილის 1/2 ნაწილის მესაკუთრედ;

 

4. პ----- ჩ-------–---–ს და მ----- წ----–-–---–ს დაეკისროთ დ----- ო--------–---–ის სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი ბაჟის ანგარიშში 1 097.1 (ერთი ათას ოთხმოცდაჩვიდმეტი ლარი და 10 თეთრი) ლარის ანაზღაურება.

 

5. პ----- ჩ-------–---–ს და მ----- წ----–-–---–ს დაეკისროთ დ----- ო--------–---–ის სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის ანგარიშში 1 828.5 (ერთი ათას რვაას ოცდარვა ლარი და 50 თეთრი) ლარის ანაზღაურება.

 

6. პ----- ჩ-------–---–ს და მ----- წ----–-–---–ს დაეკისროთ დ----- ო--------–---–ის სასარგებლოდ სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი ბაჟის ანგარიშში 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.

 

7. დ----- ო--------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს უ---------ს მიერ 2018 წლის 13 თებერვალს #0 საგადასახადო დავალებით ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 120 /ას ოცი/ ლარის ოდენობით.

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სხდომის თავმჯდომარე: /დიანა ბერეკაშვილი /

 

მოსამართლეები: /ბესარიონ ტაბაღუა/

 

/ქეთევან დუგლაძე/