განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002579517
საქმე №2ბ/141-19
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 მარტი, 2019 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი
სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი
აპელანტი - შპს ''ნ--- მ–-----–---ა''
წარმომადგენელი - დ-------------ი
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ''ა--- ს------ კ-------''
წარმომადგენელი - გ--------–-----ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება
აპელანტის მოთხოვნა- გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი
1. 2016 წლის 30 დეკემბერს მოპასუხემ მოსარჩელისაგან შეიძინა ერთი ერთეული ელ. დაცვისა და მართვის ფარი მდორე გაშვებით. ყიდვა განხორციელდა სასაქონლო ზედნადებით და საგადასახადო ანგარიშფაქტურით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს ''ა--- ს------ კ-------მ'' და მოპასუხე შპს ''ნ--- მ–-----–---ას'' მიმართ მოითხოვა - ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 9703.28 ლარის გადახდა.
2.1. სარჩელის საფუძვლები:
2016 წლის 30 დეკემბერს მოპასუხემ მოსარჩელისაგან შეიძინა ერთი ერთეული ელ. დაცვისა და მართვის ფარი მდორე გაშვებით. ყიდვა განხორციელდა სასაქონლო ზედნადებით და საგადასახადო ანგარიშფაქტურით. მოპასუხე არ ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას სრულად და არსებული მდგომარეობით მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნია - 9703.28 ლარის დავალიანება.
3. მოპასუხის შესაგებელი:
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა და მიუთითა, რომ მის მიერ თანხა სრულად იქნა დაფარული, თუმცა ამის დამადასტურებელი წერილობითი სახის მტკიცებულება არ გააჩნია. მოპასუხის მითითებით, მან ნასყიდობის საფასური გადასცა მოსარჩელე საწარმოს დირექტორის მოადგილეს, შესაბამისად, მოპასუხე მიიჩნევს, რომ თანხის გადახდა არ უნდა დაეკისროს.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ''ა--- ს------ კ-------ს'' სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს ''ნ--- მ–-----–---ას'' შპს ''ა--- ს------ კ-------ს'' სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების - 9703.28 ლარის გადახდა. მოპასუხე შპს ''ნ--- მ–-----–---ას'' შპს ''ა--- ს------ კ-------ს'' სასარგებლოდ დაეკისრა - 291.10 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება გაასაჩივრა შპს ''ნ--- მ–-----–---ამ“. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
5.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორედ დააკისრა თანხა, რადგან მათ ვალდებულება შესრულებული აქვთ. სასამართლომ არასწორედ დაადგინა ის გარემოება, რომ თითქოსდა მათ არ გააჩნდათ რაიმე სახის დოკუმენტები. მოსარჩელემ 2 წელი არ შეიტანა სარჩელი, თუმცა მასთან მენეჯმენტის ცვლილების გამო "გაახსენდათ", რომ თანხა ხელზე ქონდათ აღებული და შეეძლოთ სასამართლოს გზით კვლავ მოეთხოვათ დავალიანების გადახდა.
5.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ გადაწყვეტილების 6.1. პუნქტში არასწორედ შეაფასა ის გარემოება, რომ თითქოსდა მათ არ ქონდათ გადახდილი ნივთის ღირებულება, თუმცა თანხის გადახდა ხელზე ნაღდი ანგარიშსწორებით შეიძლება და ეს არ უნდა ითვლებოდეს იმ გარემოებად, რომელიც არ მტკიცდება.
სამოტივაციო ნაწილი
6. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
7. მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება, რომლის დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი, რომლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. წარმოდგენილი სარჩელი ეფუძნება მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისა და მოსარჩელის მიერ ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებას. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა ნასყიდობის ხელშეკრულება, შესაბამისად, სადავო სამართალურთიერთობიდან წარმოშობილი მოთხოვნის საფუძველი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლია. აღნიშნული მუხლის სისტემური, ლოგიკური და შინაარსობრივი ანალიზის შედეგად, მყიდველს შესასყიდი საქონლის საფასურის გადახდის ვალდებულება მას შემდეგ წარმოეშობა, რაც გამყიდველი საქონლის ანდა საქონელთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მყიდველისათვის გადაცემის ვალდებულებას შეასრულებს. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნისას, ხელშეკრულების დადების და ვალდებულების არსებობის ფაქტი მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს, ხოლო მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულებას.
8. მხარეთა შორის სადავო არ არის ნასყიდობის ხელშეკრულების დადება და მისი საგნის ღირებულება. აპელანტის მიერ სადავოდ არის გამხდარი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება, მოპასუხის მიერ ნასყიდობის ღირებულების გადაუხდელობის თაობაზე.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ შპს ''ნ--- მ–-----–---ას“ მიერ ვალდებულება შესრულებულია და ნასყიდობის საფასურის გადახდა განხორცილედა არა საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხვით, არამედ ხელზე.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მტკიცებულებების სახით წარმოადგინა სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომლითაც ის ამტკიცებს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისა და ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხის მიერ მის მიმართ შესასრულებელი დარჩენილი ვალდებულების - 9703.28 ლარის არსებობას.
ელექტრონული ანგარიშფაქტურების საფუძველზე დგინდება მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობისა და მის საფუძველზე მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტის არსებობა იმ საფუძვლით, რომ ანგარიშფაქტურა წარმოადგენს მხოლოდ საგადასახადო დოკუმენტს დამატებითი ღირებულების გადასახადისა და ბიუჯეტთან ანგარიშსწორებისათვის. პალატა მოიხმობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველ ნაწილს რომლის თანახმად, საგადასახადო ანგარიშფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა. საგადასახადო ანგარიშფაქტურა წარმოადგენს ჩათვლის დოკუმენტს. მისი ფორმები, შევსებისა და წარდგენის წესი რეგულირდება კანონით. ამავე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ შემთხვევებში საგადასახადო ანგარიშფაქტურა შეიძლება გამოიწეროს და წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით (ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურა), რომელიც არ არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმე ეხება ელექტრონულ საგადასახადო ანგარიშფაქტურას, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად, მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტად არ მიიჩნევა. ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურა დადგენილი წესით დადასტურებას საჭიროებს. ელექტრონული ფორმით საგადასახადო ანგარიშფაქტურის დასადასტურებლად პირი შემოსავლების სამსახურების ოფიციალურ ვებ-გვერდზე უნდა იყოს ავტორიზებული, ანუ პირს უნდა ჰქონდეს ელექტრონულ სისტემის წვდომისათვის საჭირო ინფორმაცია: პირადი ნომერი და პაროლი, რაც მხოლოდ მომხმარებლისათვის არის ცნობილი.საგადასახადო ანგარიშფაქტურა წარმოადგენს ჩათვლის დოკუმენტს. მისი ფორმები, შევსებისა და წარდგენის წესი რეგულირდება კანონით. ანგარიშფაქტურა საგადასახადო-სამართლებრივ ურთიერთობებში ცვლის როგორც სასაქონლო ზედნადებს, ისე საგადასახადო ანგარი-ფაქტურას (მათ შორის, სპეციალურ საგადასახადო ანგარიშფაქტურებს) და მისი გამოწერის/გამოუწერლობის შემთხვევაში დგება ყველა ის სამართლებრივი შედეგი, რომლებიც სასაქონლო ზედნადების ან/და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურების) გამოწერისას/გამოუწერლობისას. იმ პირობებში, როდესაც მოპასუხემ დაადასტურა მოსარჩელის მიერ გამოწერილი ანგარიშფაქტურა, იგულისხმება, რომ მხარეთა შორის წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სერვისი მოიცავს საქონლისა და მომსახურების მიწოდების რთული პროცესების ერთობლიობას, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ლოგიკური ჯაჭვით. აღნიშნულ პროცესებში მონაწილეობას იღებს, როგორც სასაქონლო ზედნადების, საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამომწერი (გამყიდველი), ასევე, მიმღები (მყიდველი) და შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი. ანგარიშ-ფაქტურის მყიდველის მიერ დადასტურებისას, უტყუარად ივარაუდება, რომ მან მიწოდებული საქონელი შეიძინა, ვინაიდან ანგარიშ-ფაქტურა იგზავნება უშუალოდ მყიდველთან და მის დადასტურებაზე ხელი არ მიუწვდება სხვა მესამე პირს. ანგარიშფაქტურის გამოწერისა და დადასტურებისას, მხარეები განსაზღვრავენ საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს, აღიარებენ საქონლის მიწოდებასა და მის მიღებას. (იხ. სუს ას-599-574-2016 23.09.2016)
აპელანტის მიერ ხელზე ან სხვა რაიმე ფორმით, ნასყიდობის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი. უფრო მეტიც, საქმეში არსებული შპს ''ნ--- მ–-----–---ას'' 2018 წლის 03 მაისის პასუხით, შპს ''ა--- ს------ კ-------ს“ 2018 წლის 25 აპრილის წერილზე, შპს ''ნ--- მ–-----–---ა“ აღიარებს შპს ''ა--- ს------ კ-------ს“ მიმართ არსებულ დავალიანებას 9703.28 ლარის ოდენობით და აღნიშნავს, რომ ერთი თვის ვადაში დაფარავს არსებულ დავალიანებას სრულად, ორ ეტაპად (თანხის ორ ნაწილად გადმორიცხვით). (ტომი 1, ს.ფ.19)
9. პალატა მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლს, რომლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, როგორც მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის ფაქტის, ისე ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების დადასტურება. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული მტკიცებულების ვარგისიანობისა და სამართლებრვი წონადობის თაობაზე.
10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე კოდექსის 433-ე მუხლის თანახმად: თუ კრედიტორი უარს აცხადებს შესრულების შესახებ დოკუმენტის გაცემაზე, სავალო საბუთის დაბრუნებაზე ან მის გაუქმებაზე,ანდა შესრულების შესახებ დოკუმენტში მისი დაბრუნების შეუძლებლობის აღნიშვნაზე ან იმის აღიარებაზე, რომ ვალი გაქარწყლებულია, მაშინ მოვალეს უფლება აქვს უარი თქვას შესრულებაზე. ასეთ შემთხვევებში კრედიტორი ჩაითვლება ვადის გადამცილებლად.
პალატამ შეისწავლა მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ ელექტრონულად დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურა, როგორც მტკიცებულება, მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებას წარმოადგენს, ამასთან, პალატა განმარტავს, რომ წარმოდგენილი ელექტრონული ანგარიშფაქტურებით შესაძლოა დადასტურებულ იქნას მხარის მიერ ნასყიდობის ხელშკერულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების შესრულების ფაქტი. საქმის მასალებით- საქმეში წარმოდგენილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურით, დასტურდება მყიდველის მიერ ელ. დაცვისა და მართვის ფარი მდორე გაშვებით, მიღება.
პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლების შესაბამისად, წარმოადინა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების (ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისა და ამის საფუძველზე მოპასუხე მხარის მიერ შესასრულებელი ვალდებულების წარმოშობის) დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება- ელექტრონული ანგარიშფაქტურა. მტკიცების ტვირთის შებრუნების პირობებში პალატა მიუთითებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გაქარწყლების თაობაზე მოპასუხის ვალდებულებაზე და აღნიშნავს, რომ მოპასუხემ ვერ გაართვა თავი აღნიშნული ვალდებულების შესრულებას: მოპასუხეს უნდა დაემტკიცებინა მის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულებას. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მას არ წარმოუდგენია ნასყიდობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება. აღნიშნული გარემოება კი, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარისი წინაპირობაა.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
9. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. ვინაიდან შპს ''ნ--- მ–-----–---ას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შპს ''ნ--- მ–-----–---ას“ შპს ''ა--- ს------ კ-------''-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 400 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ''ნ--- მ–-----–---ას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება.
3. შპს ''ნ--- მ–-----–---ას“ შპს ''ა--- ს------ კ-------''-ს სასარგებლოდ დაეკისროს ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 400 ლარის ოდენობით.
4. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: დიანა ბერეკაშვილი