განაჩენი

სისხლის სამართლის 04.04.2019
საქმის ნომერი
170100118002739503
ინსტანცია
თარიღი
04.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 170100118002739503

საქმე №1ბ/416-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

4 აპრილი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ----–---–----------------------ის მიმართ, დაბადებულის 19---–-–-------------, საქართველოს მოქალაქის, პი-------------------, არასრული საშუალო განათლებით, განქორწინებულის, ნასამართლობის მქონის, უმუშევარის, რეგისტრირებულის: თბ--–----------------------, მცხოვრების: ქ----------–-----------------------–-, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ვ----–-----------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 16 ოქტომბერს, დღის დროს, ქ----------–------–--------------------------–---------------–- მდებარე დ--------ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, 2017 წლის 6 დეკემბერს ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა ვ----–-----------მა, ხელის არეში ერთჯერადი დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა დედის - ნ--- დ--------ას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის განაჩენით ვ----–-----------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-------------–---–მა, რომელმაც მოითხოვა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის განაჩენის გაუქმება და ვ----–-----------ის ცნობა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მკაცრი, სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და დაუსაბუთებელი. საქმეზე დაიკითხა გამომძიებლები ს---–-----------–--------–-----------–---–-- რომლებმაც მიუთითეს, თუ რა ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას დაზარალებულმა. მხედველობაშია მისაღები საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა უარი თქვა შვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. აგრეთვე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნში მითითებულია, რომ ნ--- დ--------ას აღენიშნება ნაჭდევი მარჯვენა მტევნის მიდამოში.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გამოიკვლია და შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ვ----–-----------ის მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენას.

 

სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში ვ----–-----------ის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებებად უთითებს მოწმეების გამოკითხვის ოქმებს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე, დაცვის მხარის ინიციატივითა და მხარეთა შეთანხმებით დაზარალებულ ნ--- დ--------ას გარდა, ყველა სხვა მტკიცებულება უდავოდ იქნა ცნობილი და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ვ----–-----------მა და დაზარალებულმა ნ--- დ--------ამ უარი თქვეს ჩვენების მიცემაზე.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით, დასტურდება ვ----–-----------ის ბრალდება, ვინაიდან საჩივარში მითითებული გამომძიებლების ს---–-----------–---------–-----------–---–ის გამოკითხვის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, გამომდინარეობს დაზარალებულისაგან მიღებული ინფორმაციიდან, ხოლო როგორც აღინიშნა დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, რაც არ იძლევა მყარ საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ ვ----–-----------მა ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ირიბია მოწმის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.

 

როგორც აღინიშნა, ვ----–-----------მა და დაზარალებულმა ნ--- დ--------ამ ჩვენება არ მისცეს სასამართლოს, ხოლო რაც შეეხება სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნას, რომლის თანახმად, ნ--- დ--------ას აღენიშნება ნაჭდევი მარჯვენა მტევნის მიდმოში, რომელიც განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, ვინაიდან მხოლოდ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ შეიძლება მიჩნეული იქნეს უტყუარ მტკიცებულებად დაზიანების მიმყენებელი პირის იდენტიფიცირების კონტექსტში, ვინაიდან სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების შედეგად შესაძლებელია დაზიანების არსებობის, რაოდენობის, მისი სიმძიმისა და ლოკალიზაციის და არა მისი მიმყენებელი პირის განსაზღვრა. ამასთან, ნ--- დ--------ას ვიზუალური დათვალიერების ოქმის მიხედვით, რომელიც ჩატარდა 2018 წლის 10 ოქტომბერს, მას დაზიანების კვალი არ აღენიშნება, თუმცა საწინააღმდეგო ჩანს ერთ-ერთ ფოტოზე, რომელზეც ნ--- დ--------ას მარცხენა მტევნის ზედაპირზე აღენიშნება გარკვეული დაზიანება.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ფონზე, ბრალდების მხარის პოზიციას, რომ ვ----–-----------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან არ არსებობს არცერთი პირდაპირი, უტყუარი მტკიცებულება, რომლის შინაარსიდან გამომდინარე დადგინდებოდა ვ----–-----------ის მხრიდან ნ--- დ--------ას მიმართ ძალადობრივი ქმედების ფაქტი.

 

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’; საქართველოს სსსკ-ის მე-269 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, ხოლო როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ვ----–-----------მა ჩაიდინა დანაშაული.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულმა მტკიცებულებებმა არ მისცეს პალატას ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რითაც დადასტურდებოდა ვ----–-----------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის განაჩენი ვ----–-----------ის მიმართ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის განაჩენი ვ----–-----------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ვ----–-----------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ვ----–-----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.

 

ვ----–-----------ს განემარტა,რომ საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი