განაჩენი

სისხლის სამართლის 04.04.2019
საქმის ნომერი
330100118002355924
ინსტანცია
თარიღი
04.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330100118002355924

საქმე №1ბ/1610-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

29 მარტი, 2019 წელი თბილისი

თავმჯდომარე: მაია თეთრაული

მოსამართლეები: ნინო სანდოძე

გოჩა ჯეირანაშვილი

 

სხდომის მდივანი: ანა გოცირიძე

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: დ----------------–---–ი

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: ს----–----------ი, (პირადი №1----------) დაბადებული 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ-------------------–------------–----------------–---------0-ში.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მუხლის მესამე ნაწილის „ე“, „დ“ და მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით; 273-ე მუხლით.

სასჯელი: (განაჩენთა ერთობლიობით) თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 წლის ვადით; საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 წლის ვადით; ხოლო 15 წლის ვადით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

ადვოკატი: მ-----–-----------

 

თარჯიმანი: მ-------------–--ე

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ს----–----------მა და ითხოვა გამართლება საქართველოს სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

ბრალდების მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლითა და სსკ-ის 260-ე მუხლით ნასამართლევმა ს----–----------მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,1214 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, 0,0087 გრამი ნარკოტიკული საშუალება მორფინი (მარილი) და 0,009 გრამი ნარკოტიკული საშუალება კოდეინი (მარილი), რაც 2018 წლის 10 იანვარს 160 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა ა---------------–-–---–ზე.

იმავე დღეს, გ----------------------------–-------ში გამავალი საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზ/აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები, ნებაყოფლობითი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ამოღებული იქნა ა---------------–-–---–ისგან.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ნასამართლევ ს----–----------ს, 2018 წლის 7 თებერვალს, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება „ოპიუმის“ მოხმარების ფაქტი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სისხლის სამართლის საქმეში არსებული და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

მოწმე ა---------------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის იანვარში, ნაცნობმა ს----–----------მა, როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს, შესთავაზა მისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შეძენა. კერძოდ, 2 ცალი ე.წ. „წონაკი“ 160 ლარად. აღნიშნული ინფორმაცია მოწმემ მეორე დღესვე მიაწოდა სამართალდამცველებს და დაიგეგმა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება. კერძოდ, 2018 წლის 10 იანვარს გამომძიებლის მიერ გადაეცა 160 ლარი და როგორც პირადად, ისე მისი ა/მანქანა აღიჭურვა შესაბამისი მოწყობილობით, რომ მოეხდინა ს----–----------თან შეხვედრისა და მისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო გადაღება. მოწმის განმარტებით, იმავე დღეს, კუთვნილი ა/მანქანით მიაკითხა ს----–----------ს გარდაბნის რაიონის სოფელ ყ---------–--ში და ერთად გაემართნენ ქ.რუსთავში. ე.წ. „სტამბულის ბაზრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ს----–----------მა ა---------------–-–---–ს გამოართვა 160 ლარი, ა/მანქანიდან გადავიდა, მალევე დაბრუნდა და მოწმეს გადასცა 2 ცალი ე.წ. „წონაკი“. მოწმის ჩვენებით, აღნიშნულის შემდეგ, ს----–----------ს დაშორდა მისსავე საცხოვრებელ სოფელში, რა დროსაც მან მომავალშიც აღუთქვა დახმარება ნარკოტიკული საშუალების შეძენაში. მოწმის განმარტებით, მან ს----–----------ისაგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ გ----------------------------–-------ში გამავალი საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზევე გადასცა სამართალდამცველებს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა: ო-–------------–--ემ, თ------------–--მ და ჯ------------ემ დაადასტურეს ს----–----------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების (მათ შორის, პირადი ჩხრეკის ოქმი, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, ს----–----------ის ფოტოსურათების დათვალიერების ოქმი) სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

მოწმე ო-–------------–--ემ დამატებით განმარტა, რომ 2018 წლის 8 იანვარს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს განცხადებით მიმართა ა---------------–-–---–მა და გამოთქვა სურვილი გამძიებასთან თანამშრომლობის თაობაზე. განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება, ა---------------–-–---–ი აღიჭურვა შესაბამისი მოწყობილობით და მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჩატარდა ს----–----------ისაგან ნარკოტიკული საშუალების შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო გადაღება. გამომძიებლის მიერ წინასწარ, ოქმის საფუძველზე გადაცემული თანხით, ა---------------–-–---–მა შეიძინა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რაც მისგან ნებაყოფლობით იქნა ამოღებული. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ ამოღებულა.

 

მხარეთა მიერ უდაოდ ცნობილი ფულადი თანხის მიღება-ჩაბარების ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 10 იანვარს, გამომძიებელმა ო-–------------–--ემ ფულადი თანხა 160 ლარის ოდენობით (3 ცალი 50 ლარიანი და 1 ცალი 10 ლარიანი კუპიურები) საკონტროლო შესყიდვის მიზნით გადასაცა ა---------------–-–---–ს.

 

მხარეთა მიერ უდაოდ ცნობილი ამოღების ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 10 იანვარს, გ----------------------------–-------ში გამავალი საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, გამომძიებელ ო-–------------–--ის მიერ ა---------------–-–---–ისაგან ამოღებული იქნა, ამ უკანასკნელის მიერ ს----–----------ისაგან შეძენილი 2 ცალი მოყვითალო ფერის პოლიეთილენის წონაკი, ფხვნილისებრი მასებით, რაც დაილუქა სათანადო წესით.

 

სასამართლო სხდომაზე მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეული იქნა ვიდეოჩანაწერი და ე.წ. კრებსები, სადაც ნათლად არის ასახული ს----–----------ისა და ა---------------–-–---–ის შეხვედრა, საუბარი ა/მანქანაში, ა---------------–-–---–ის მიერ ფულადი თანხის გადაცემა (4 კუპიურა) ს----–----------ისათვის და ამ უკანასკნელის მიერ, ა---------------–-–---–ისათვის ხელში პატარა წონაკების ჩადება. ამასთან აღსანიშნავია, რომ ბრალდებული და მოწმე ნარკოტიკულ საშუალებას შენიღბულად მოიხსენიებენ როგორც „ფქვილს“ და „ფაქტს.“

 

მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული, ფონოსკოპიური ექსპერტიზის №----- დასკვნის თანახმად, ჩატარებული კომპლექსური ანალიზის შედეგად გამოსაკვლევად შემოსულ აუდიოგრამებზე და ვიდეოგრამაში არსებულ აუდიონაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება; ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ჩანაწერები არ არის საკმარისი საიდენტიფიკაციო გამოკვლევისათვის პიროვნების ხმისა და მეტყველების მიხედვით, ვინაიდან ვერ აკმაყოფილებს მეთოდიკაში მითითებულ საჭირო მოთხოვნას - რეპრეზენტატულობას. ჩანაწერის რეპრეზენტატულობა მთავარი პირობაა ჩანაწერის მიხედვით პიროვნების საიდენტიფიკაციოდ. ჩანაწერი არ არის რეპრეზენტატული, ანუ არ გააჩნია დამაკმაყოფილებელი ხარისხი და ხანგრძლივობა პიროვნების თავისუფალი მეტყველების ჩანაწერისა (ექსპერტები: დ---------–---–ი და ე----–-----ი).

 

მხარეთა მიერ უდაოდ ცნობილი ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის №2---------- დასკვნის თანახმად: გამოკვლევაზე წარმოდგენილ ვიდეოგრამას სახელწოდებით: „2------------------------” არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები; სს №0----------- საქმეზე, გამოკვლევაზე წარმოდგენილ ფოტონიმუშებზე არსებული საკვლევი გამოსახულებები პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია; გამოკვლევაზე წარმოდგენილ ვიდეოგრამიდან სახელწოდებით: „2-----------------------------”, დაწყებიდან 00:08:59 სთ-ზე ამოღებულ ფოტოსურათზე დაფიქსირებული პიროვნების გამოსახულება, პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია; გამოკვლევაზე წარმოდგენილ ფოტოსურათებზე და ვიდეოგრამაზე სახელწოდებით: „2-----------------------------” დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება (ექსპერტი ვ------------ე).

 

სასამართლო ქიმიური ექსპერტიზის №4----------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი: „2018 წლის 10 იანვარს ა---------------–-–---–ისგან ამოღებული ს----–----------ისგან შეძენილი - 2 ცალად დაფასოებული მოყვითალო ფერის პოლიეთილენის ნაჭრებში მოყავისფრო ნივთიერება, ფხვნილის სახით, საერთო წონით - 0,1305 გრამი წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველ ნარევს, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს: „ჰეროინს“, წონით - 0,1214 გრამს, „მორფინს“ (მარილი) წონით - 0,0087 გრამს და „კოდეინს“ (მარილი), წონით - 0,009 გრამს.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა: ს--------–--------მ და ნ-------------------ემ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული, სასამართლო ქიმიური ექსპერტიზის №4----------- დასკვნის სისწორე.

 

დაკავების ოქმის თანახმად, 2018 წლის 7 თებერვალს 16:40 საათზე, გარდაბნის რაიონ სოფელ ყ---------–--ში გამავალი ცენტრალურ გზის მიმდებარედ, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ს----–----------ი.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ--------------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული, ნარკოლოგიური გამოკვლევის №7----- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, 2018 წლის 7 თებერვალს ს----–----------ს ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება - „ოპიუმის“ ჯგუფის მოხმარების ფაქტი.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 ნოემბრის განაჩენით, ს----–----------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 273-ე მუხლით და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი; მასვე, საქართველოს 44-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათის ვადით.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 სექტემბრის განაჩენით, ს----–----------ი, ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, რასაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სრულად დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ს----–----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით და თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი.

 

ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 8 თებერვლის წერილის თანახმად, ს----–----------ს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 სექტემბრის განაჩენით დაკისრებული ჯარიმიდან გადახდილი აქვს 1542.05 ლარი, გადასახდელი აქვს - 457.95 ლარი.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ს----–----------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება. იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ ს----–----------მა და ა---------------–-–---–მა ერთად მოიხმარეს ნარკოტიკული საშუალება და ის მსჯავრდებულს არ გაუსაღებია. ვინაიდან, აღნიშნული არ დასტურდება საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ:

სასამართლო სხდომაზე მოწმე ა---------------–-–---–მა აჩვენა, რომ ს----–----------მა შესთავაზა ნარკოტიკული საშუალების „ჰეროინის“ შეძენა, 2 ცალი ე.წ. „წონაკი“ 160 ლარად. აღნიშნული თანხა მიიღო გამომძიებლისგან და ა/მანქანა აღიჭურვა სპეციალური მოწყობილობით. ე.წ. „სტამბულის ბაზრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა ს----–----------ს, რომელსაც გადასცა 160 ლარი, ს----–----------ი გადავიდა ა/მანქანიდან და დაბრუნების შემდგომ ა---------------–-–---–ს მისცა 2 ცალი ე.წ. „წონაკი“.

აღნიშნული მოწმის ჩვენება სრულ შესაბამისობაშია საქმეზე გამოკვლეულ და ასევე, უდაოდ ცნობილ მტკიცებულებებთან. კერძოდ, ე.წ. „კრეფსის“ თანახმად, მსვლელობა მიმდინარეობს ს----–----------ისა და ა---------------–-–---–ის შეხვედრიდან დაშორების მომენტამდე. ე.წ. „კრეფსის“ მიხედვით „მამაკაცმა (მ) გააჩერა მანქანა, შარვლის ჯიბიდან ფული ამოიღო, გადათვალა, და ოთხი ცალი კუპიურა მიაწოდა...“ „მამაკაცმა(მ) ხელი გაუწოდა, მას მამაკაცმა (მ1) ხელში რაღაც ჩაუდო...“ ხოლო, ა/მანქანის გაჩერების დროს „მამაკაცმა (მ1) ისევ მუჭში დაუდო რაღაც მამაკაცს (მ)...“ „...მამაკაცმა (მ) პირში ჩაიდო ის, რაც მამაკაცმა (მ1) მისცა. მამაკაცი (მ1) მანქანიდან ჩავიდა...“ აქედან გამომდინარე, ნათლად ჩანს, რომ მათ ნარკოტიკული საშუალება ერთად არ მიუღიათ. საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მიერ მიცემული 4 ცალი კუპიურა გადასცა ა---------------–-–---–მა ს----–----------ს, რომელმაც მის სანაცლოდ ხელში ჩაუდო „რაღაც“, რაც ექსპერტიზის №4----------- დასკვნის თანახმად, წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველ ნარევს.

 

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ს----–----------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი იმის მიერ, ვისაც ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, არაერთგზის, ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება იმის მიერ, ვისაც ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“, „ე“ და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 273-ე მუხლით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ს----–----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იგი აღიარებს ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას.

 

ს----–----------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ს----–----------ს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი ს----–----------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საქმეთა კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები: ნარკოტიკული საშუალება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს, ხოლო ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების ამსახველი 1 ცალი დისკი, ა/ღონისძიების სხდომის ოქმის ამსახველი 1 ცალი დისკი და 1 ცალი დისკი ბრალდებულის ფოტოსურათებით (ერთვის სს საქმეს) შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ს----–----------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ს----–----------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და „დ“ და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

_ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - ჯარიმა 2000(ორიათასი) ლარის ოდენობით;

 

_ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“, „დ“ და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით - 8(რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ს----–----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8(რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ს----–----------ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 სექტემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 4 (ოთხი) წელი;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 სექტემბრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ს----–----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9(ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

მსჯავრდებულ ს----–----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 7 თებერვლიდან.

 

ს----–----------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება - გაუქმებულია.

 

ს----–----------ს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 20(ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; ხოლო 15(თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას - საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. აღნიშნულის თაობაზე ეცნობოს შესაბამის სამსახურებს.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები: ნარკოტიკული საშუალებები განადგურდეს კანონით დადგენილი წესით; ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების ამსახველი 1(ერთი) ცალი დისკი, ა/ღონისძიების სხდომის ოქმის ამსახველი 1(ერთი) ცალი დისკი და 1 (ერთი) ცალი დისკი ბრალდებულის ფოტოსურათებით (ერთვის სს საქმეს) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: /მ. თეთრაული/

 

მოსამართლეები: /ნ. სანდოძე/

 

/გ. ჯეირანაშვილი/