განაჩენი

სისხლის სამართლის 08.04.2019
საქმის ნომერი
120100119002799282
ინსტანცია
თარიღი
08.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100119002799282

საქმე №1ბ/434-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

08 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გი-----------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

გუ----------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------ს დ. ადიგენში, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №-----------, მცხოვრების ადიგენის რაიონის ს------–------–-------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 თებერვლის განაჩენით გუ----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობით, ხოლო 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი.

გუ----------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობასა და დაკავებაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 03 დეკემბრიდან 2018 წლის 05 დეკემბრის ჩათვლით.

გუ----------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმდა.

 

გუ----------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2018 წლის 02 დეკემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, ადიგენის რაიონის ს------–-----–-------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გუ----------ემ საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დას ეკ-------ეს, არასრულწლოვანის ნი----–-------–----ის თანდასწრებით მის დედას, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე ხელი დაარტყა სახის და თავის არეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გი-----------–---–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენში ცვლილების შეტანა და გუ----------ისათვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდება, რაც დაკავშირებული იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მიერ გამოყენებული სასჯელი არის უკანონო და მეტისმეტად ლმობიერი, რაც ვერ იქნება შემაკავებელი, ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სასჯელის მიზნებს. გუ----------ისათვის დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება დანაშაულის ჩამდენის პიროვნებას და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. გუ----------ის მხრიდან გულწრფელ აღიარებას ადგილი არ ჰქონია, მხოლოდ ნაკლები სასჯელის მიღების სურვილით განაცხადა, რომ აღიარებდა დანაშაულს, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს მისი მხრიდან ქმედების გაცნობიერებად. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლით განსაზღვრული დამამძიმებელი გარემოებები, რომლებიც გააჩნია გუ----------ეს, კერძოდ, დანაშაული ჩადენილია ოჯახის წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, რის გამოც სასამართლო უნდა ყოფილიყო უკიდურესად მკაცრი.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენების გარდა, დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ეკ-------ის ჩვენებით, მოწმეების: იმ-------------–---–ის, გი---------------–---–ის, არასრულწლოვან ნი----–-------–----ის ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა მტკიცებულებებით.

 

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

სააპელაციო პალატა არ ეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის მსჯელობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლით გათვალისწინებულ დამამძიმებელ გარემოებებზე მითითებით გუ----------ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე და განმარტავს, რომ დასახელებული მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. პალატა მიუთითებს, რომ ჩამოთვლილი გარემოებები ვერ ჩაითვლება დამატებით დამამძიმებელ გარემოებებად მაშინ, როდესაც კონკრეტული მუხლის დისპოზიციის მიხედვით, სწორედ ეს გარემოებები ქმნიან დანაშაულის შემადგენლობას. გუ----------ის ბრალად შერაცხული მუხლის დისპოზიცია კი თავად გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის ჩადენას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით.

 

პალატა მხედველობაში იღებს, რომ გუ----------ეს პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო მისი პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილს. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენით გუ----------ისათვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. შესაბამისად, არ არსებობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 თებერვლის განაჩენი გუ----------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის გი-----------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

გუ----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით, ხოლო 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 (ორი) წელი.

 

პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

გუ----------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობასა და დაკავებაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 03 დეკემბრიდან 2018 წლის 05 დეკემბრის ჩათვლით

 

გუ----------ის (პ--------------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

ყადაღისგან გათავისუფლდეს ბრალდებულ გუ----------ის (პ--------------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებული მ-----------------ის (პ--------------) საკუთრებაში არსებული 25000 ლარის ღირებულების უძრავი ქონება, მდებარე: ადიგენის რაიონი, ს------–------–-------ი, სარეგისტრაციო ზონა - ადიგენი, კ-----------------------------–------------------------–------, ნაკვეთი - 340, 5000 ლარის ფარგლებში; (გ-------------------–------------–).

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე