განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.03.2019
საქმის ნომერი
330310016001486494
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება _ ზიანის ანაზღაურების თაობაზე
თარიღი
29.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/2677-17

საქმე №330310016001486494

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - რ---- გ-----ა

წარმომადგენელი - გ-----------

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი - მ------------–-–---–ი

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილება

 

1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილებით რ---- გ-----ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.2.1. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 02 ნოემბრის N---- ბრძანებით, რ---- დ------ს ძე გ-----ა გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში და დაინიშნა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, 2006 წლის 25 სექტემბრიდან, სამხედრო წოდება „კ------–ის მინიჭებით“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 02 ნოემბრის N---- ბრძანება (ტ. I, ს.ფ.28).

 

2.2.2. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 19 მარტის №--- ბრძანების საფუძველზე, 2007 წლის 16 ივლისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რ---- გ-----ას შორის გაფორმდა კონტრაქტი ,,ო---–---ს სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავადაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ’’ ხუთი წლის ვადით. ხელშეკრულების 5.1.9. პუნქტით, სამინისტრომ იკისრა ვალდებულება, რომ სამხედრო მოსამსახურე - რ---- გ-----ას ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე დააკმაყოფილებდა საცხოვრებელი ბინით, არაუმეტეს 40 კვ.მ ფართისა, რომელიც მას უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაეცემოდა ამ კონტრაქტის მე-3 მუხლის 3.1. პუნქტით განსაზღვრული სამხედრო სამსახურის ვადის დასრულების შემდეგ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- 2007 წლის 16 ივლისის კონტრაქტი (ტ. I, ს.ფ. 15-22).

 

2.2.3. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 06 აგვისტოს №---- ბრძანებით რ---- გ-----ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2012 წლის 16 ივლისიდან ,,სამხედრო მომსახურების სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის თანახმად, კონტრაქტის ვადის გასვლის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 06 აგვისტოს №---- ბრძანება (ტ. I, ს.ფ. 27).

 

2.2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების (საქმე N3--------) სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, რ---- გ-----ას სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება - რ---- გ-----ასთვის საცხოვრებელი ბინის გადაცემა საკუთრებაში. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 26 აგვისტოს და 2015 წლის 11 ნოემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება (საქმე N3--------) (ტ. I, ს.ფ. 39-48);

- 2015 წლის 11 ნოემბრის სააღსრულებო ფურცელი (ტ. I, ს.ფ. 38).

 

2.2.5. 2015 წლის 03 დეკემბერს რ---- გ-----ამ განცხადებით (N-------) მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრს. განცხადებაში აღინიშნა, რომ 2015 წლის 04 მარტს სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 19 მარტის №--- ბრძანების საფუძველზე 2007 წლის 16 ივლისს მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, კერძოდ: კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფა. კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდინარე წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით მისი სასრჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად. საქართველოს შეიარაღებული ძალებისადმი მისი პატივისცემისა და სხვა გასათვალისწინებელი მიზეზების გამო, თავს იკავებს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მიმართოს სხვა სახის სამართლებრივ ღონისძიებებს და ელოდება მათი მხრიდან ნებაყოფლობით ხელშეკრულების პირობების შესრულებას. მისი ოჯახის მძიმე სოციალური მდგომარეობა არ აძლევს შესაძლებლობას, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ელოდს, ნებაყოფლობით ხელშეკრულრბის პირობების შესრულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე მოითხოვა, დროულად აცნობონ როდის და სად მოხდება უწყების მხრიდან მისი კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილება. ასევე იმედოვნებს, რომ აღნიშნული გარემობების გათვალისწინებით პასუხს აცნობებენ დროულად და მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება გონივრულ ფარგლებში.

 

2.2.6. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2015 წლის 17 დეკემბრის N M-- 8 15 0------- წერილით, რ---- გ-----ას, მისი 03.12.2015 წლის N------- განცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც იგი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.07.2014 გადაწყვეტილების (საქმე N3--------) აღსრულებას, ეთხოვა საქართველოს ზოგადი ადმინსიტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, 10 დღის ვადაში წარედგინა სასამართლოს გადაწყვეტილების დედანი ან სათანადო წესით დამოწმებული ასლი. ასევე განემარტა, რომ დამატებითი ინფორმაციის წარდგენამდე, განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულია. დადგენილ ვადაში შესაბამისი საბუთის ან ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში განცხადება დარჩებოდა განუხილველი.

 

2.2.7. 2015 წლის 23 დეკემბერს რ---- გ-----ამ განცხადებით მიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობას და აცნობა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების დედანი ინახებოდა მათ უწყებაში და წარუდგენდა სათანადო წესით დამოწმებულ გადაწყვეტილებას. დანართი: სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (ასლი ნოტარიულად დამოწმებული).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- რ---- გ-----ას განცხადებები (ს.ფ. 124; 126).

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური - უზრუნველყოფის სარდლობის 2015 წლის 17 დეკემბრის N M-- 8 15 0------- წერილი (ს.ფ. 130).

 

2.2.8. საქმეში წარმოდგენილია შპს „ფ---------------------ს კ------ის" შემფასებლის ზ-----ბ შ----------–--ლის (შემფასებელთა და ე--------თა პროფესიული განვითარების ცენტრის სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატი NA-----) 16.08.2016 წლის დასკვნა, რომლის თანახმადაც წინამდებარე დასკვნა წარმოადგენს საშემფასებლო ანგარიშის შემაჯამებელ დოკუმენტს, რომლის მიზანია შესრულებული სამუშაოების შედეგების მიმოხილვა და ანგარიშის სახით მომხმარებლისათვის ინფორმაციის მიწოდება. ქონების შესაფასებლად გამოყენებული იქნა ანალოგთა პირდაპირი შედარების მიდგომა (Direct Sales Comparison Approach). შეფასების ობიექტი: დამკვეთის დავალებით, შესაფასებელია კონკრეტულ უბანში, დაახლოებით 40 კვ.მ. საერთო ფართის 1,5 ოთახიანი ბინის თვიური საიჯარო განაკვეთის საბაზრო ღირებულება 2012 წლის აგვისტოდან 2016 წლის აგვისტოს ჩათვლით. ბინაში რემონტის მდგომარეობა - საშუალო დონის, საცხოვრებელი პირობები - ნორმალური. საცხოვრებელი უბნის მისამართი: ქ. თბილისი, ვ---------–-, I---------, გრ-----–----–---ს ქუჩა N3 (ე.წ. ,,ს--------------–--ის" საცხოვრებელი კორპუსები) საცხოვრებელი ზონა. დამკვეთი: ფ/პ რ---- გ-----ა. შესაფასებელი ობიექტის ჯამური საიჯარო განაკვეთის (ლარი) საბაზრო ღირებულებაა 18 180 (თვრამეტიათას ასოთხმოცი) ლარი.

 

2.2.9. შპს „ფ---------------------ს კ------ის" შემფასებლის ზ-----ბ შ----------–--ლის 13.10.2016 წლის წერილის თანახმად, 2016 წლის 16 აგვისტოს მომზადებულ დასკვნაში გ. ა--–--ის ნაცვლად უნდა იყოს გ. ა---–---–ის ქუჩა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 16 აგვისტოს დასკვნა (ს.ფ. 137-138);

- 13.10.2016 წლის წერილი (ს.ფ.136).

 

2.2.10. საქმეში წარმოდგენილია საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2016 წლის 03 ნოემბრის N M---- 1---------- წერილი, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, მათი 02.11 2016 წლის წერილის პასუხად ეცნობა, რომ 02.11.2016 წლის წერილით ეცნობათ, რომ J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 28.04.2016 წლის N3----- წერილის თანახმად, ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი ბინების სამსახურებრივ სარგებლობაში/საკუთრებაში გადაცემისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04.04.2014 წლის N--- ბრძანებით შექმნილი კომისიის თავჯდომარეს წარედგინა იმ პირთა მონაცემები, რომელთაც დაასრულეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 19.03.2007 წლის N--- ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტი, მათ შორის 2014 წლის 01 ივნისის მდგომარეობით წელთა ნამსახურების მიხედვით, რ---- გ-----ა არის რიგით 909-ე.

 

2.2.11. საქმეში წარმოდგენილია საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2016 წლის 10 ნოემბრის N---- წერილი, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 02.11.2016 წლის წერილის პასუხად ეცნობა, რომ თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხულ ა---–---–ის ქუჩაზე მდებარე კორპუსებში მდებარე ყველა ბინა განაწილებულია სამხედრო მოსამსახურეებზე. წერილს თან ერთვის ლოგისტიკის ცენტრის (აღმოსავლეთი) ბალანსზე რიცხული ქ. თბილისის საბინაო ფონდის ჩამონათვალი.

 

2.2.12. საქმეში წარმოდგენილია საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის N M-- 4------------ წერილი, რომლის თანახმადაც, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 12.01.2017 წლის N3---- წერილის პასუხად, გადაეგზავნა ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ლოგისტიკის ცენტრების (აღმოსავლეთი, სამხრეთი, დასავლეთი) წერილები, საქართველოს ტერიტორიაზე (თბილისის გარდა) არსებული ს--------------–--ების ჩამონათვალი და საცხოვრებლად ვარგისი თავისუფალი ბინების ჩამონათვალი.

 

2.2.13. საქმეში წარმოდგენილია ,,სამხედრო მოსამსახურეებისათვის საცხოვრებელი ბინების სამსახურეობრივ სარგებლობაში (საკუთრებაში) გადაცემისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04.04.2014 წლის N--- ბრძანებით შექმნილი კომისიის 17.07.2017 წლის სხდომის ოქმი, სადაც აღნიშნულია, რომ სამინისტროში 13.07.2017 წელს შევიდა რ---- გ-----ას წარმომადგენლის N------ განცხადება და 11.11.2015 წელს სააღსრულებო ფურცელის დამოწმებული ასლი (საქმე N3--------), რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდეულების შესრულება - ზემოაღნიშნული პირ(ებ)ისათვის საცხოვრებელი ბინების (არაუმეტეს 40კვ.მ.) გადაცემა საკუთრებაში. კომისიამ დაადგინა: სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით ... რ---- გ-----ას (პ/ნ 6-----------) გაეწიოს რეკომენდაცია დანართ N1-ში მოცემული ბინების პირდაპირი მიყიდვის ფორმით სიმბოლურ ფასად -1 (ერთ) ლარად, საკუთრებაში გადაცემაზე რომლის გადახდა განხორციელდება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში. ბინების შერჩევა განხორციელდეს კენჭისყრის მეშვეობით. კენჭისყრის პროცედურის ჩატარება დაევალა ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოგის სარდლობას. აღნიშნულის განსახორციელებლად და შემდგომი სამართლებრივი ღონისძიებების გატარების მიზნით, ინფორმაცია მიეწოდოს სააღსრულებო ბიუროს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური - უზრუნველყოფის სარდლობის 03.11.2016 წ N M---- 1---------- წერილი (ს.ფ. 132);

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური - უზრუნველყოფის სარდლობის 10.11. 2016წ. N---- წერილი (ს.ფ.213-216);

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის N M-- 4------------ წერილი (ს.ფ.271-279);

- 17.07.2017 წლის კომისიის სხდომის ოქმი.

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.3.1. საქართველოს კონსტიტუციის 42.9. მუხლის შესაბამისად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

2.3.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

ამ კოდექსის 24-ე მუხლით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ამ კოდექსის 17.1. მუხლით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

2.3.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1. მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ ნორმის მე-2 ნაწილით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ე--------თა დასკვნებით, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

2.3.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. ,,გ" მუხლის შესაბამისად სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე-209-ე მუხლები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

ამ კოდექსის 2017 წლის 01 ივლისამდე მოქმედი 208.1. მუხლის რედაქციის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო-პირის ანალოგიური ქმედებისაგან, ამ კოდექსის 207-ე მუხლით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე#ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო."

 

ადმინსტრაციულ საქმეზე (საქმე #ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ განმარტა, რომ ,,ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობის კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის."

 

2.3.5. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ) განიმარტა, რომ ,,ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ვალდებულებითი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობაა, ამასთან, იგი განსხვავდება საჯარო სამართალში არსებული ვალდებულებისაგან, სამოქალაქო კოდექსის 317.1. მუხლი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე, დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს".

 

2.3.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების მოვალეობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, წარმოშობილი ზიანი და ბოლოს მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005.1. მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ) განმარტებაზე, რომ ,,დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი."

 

სასამართლოს მოსაზრებით, ანაზღაურებას ექვემდებარებოდა მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, ანუ უნდა არსებობდეს ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებასა (მოქმედება ან უმოქმედობა) და დამდგარ შედეგს (ზიანი) შორის პირდაპირი და უშუალო მიზეზობრივი კავშირი. ამასთანავე, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებიდან და არსებობდეს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ბრალის სახით, რაც გამოიხატება ადმინისტრაციული ორგანოს მიზანმიმართულ უმოქმედობაში, ან უხეშ გაუფრთხილებლობაში, ანუ ადმინისტრაციული ორგანო შეგნებულად უნდა უშვებდეს პირისათვის ზიანის მიმყენებელი გარემოების დადგომას ან/და არ ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს ზიანის თავიდან აცილების მიზნით.

 

საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებულია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა სახელმწიფო თუ ადმინისტრაციული ორგანოების უკანონო ქმედებებისაგან. ამ უფლების შემადგენელი ნაწილია ამ ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურების უფლება, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ მიყენებული მატერიალური ან მორალური ზიანის, არამედ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების შესაძლებლობასაც.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება დგება იმ შემთხვევაში თუ ფაქტობრივი ზიანი დადგა აღნიშნული ორგანოს კანონსაწინააღმდეგო, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული მოქმედებით და არსებობს მიზეზობრივი კავშირი განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - ზიანს შორის.

 

2.3.7. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 05 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების” თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროგრამიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად ჯარების მომზადების დონის განსაზღვრა, სამხედრო კადრების მომზადება.

 

სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას, ამასთან, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსის თავისებურებები, განისაზღვრება სახელმწიფო შეიარაღებული დაცვისათვის მასზე დაკისრებული ვალდებულებით, რაც დაკავშირებულია დასახული ამოცანების ყოველგვარ პირობებში შესრულებასთან, მაშინაც კი, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

 

2.3.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

 

2.3.9. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება: ა) სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა.

 

2.3.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142.1. მუხლის შესაბამისად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება.

 

სასამართლოს მოსაზრებით, წინამდებარე დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა იმის დადგენას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებით (მოქმედება/უმოქმედობა), არამართლზომიერად მიადგა თუ არა ზიანი მოსარჩელეს, როგორც ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისის, ისე მიუღებელი შემოსავლის სახით, ასევე უნდა დადგენილიყო არსებობდა თუ არა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დამდგარ ზიანსა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას შორის. საგულისხმოა, რომ მოსარჩელე ზიანის სახით ითხოვს იმ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას, რასაც იგი მიიღებდა ქ. თბილისში გ. ა---–---–ის ქუჩა N3-ში, მისთვის 40 კვ.მ. საცხოვრებელი ბინის გადაცემისა და გადაცემის შემდგომ ამ ბინის გაქირავების შემთხვევაში.

 

საქმის მასალების მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით (საქმე N3--------) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება - რ---- გ-----ასთვის საცხოვრებელი ბინის გადაცემა საკუთრებაში. საგულისხმოა, რომ გადაწყვეტილება არ შეიცავდა დათქმას მასზედ, რომ რ---- გ-----ას საცხოვრებელი ბინა უნდა გადასცემოდა ქ. თბილისში ა---–---–ის ქუჩა N3-ში მდებარე ე.წ. ,,ს--------------–--ში". გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 26 აგვისტოს, ხოლო 2015 წლის 11 ნოემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 ნოემბრის სააღსრულებო ფურცელი (საქმე N3--------), ამავე სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში - საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მოსარჩელის წარმომადგენელმა წარადგინა 13.07.2017 წელს.

 

კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების (საქმე N3--------) აღსრულების მიზნით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება 17.07.2017 წელს, კერძოდ: ,,სამხედრო მოსამსახურეებისათვის საცხოვრებელი ბინების სამსახურეობრივ სარგებლობაში (საკუთრებაში) გადაცემისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04.04.2014 წლის N--- ბრძანებით შექმნილი კომისიის 17.07.2017 წლის სხდომის ოქმის თანახმად, ,,კომისიამ დაადგინა: სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით ... რ---- გ-----ას (პ/ნ 6-----------) გაეწიოს რეკომენდაცია დანართ N1-ში მოცემული ბინების პირდაპირი მიყიდვის ფორმით სიმბოლურ ფასად - 1 (ერთ) ლარად, საკუთრებაში გადაცემაზე რომლის გადახდა განხორციელდება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში. ბინების შერჩევა განხორციელდეს კენჭისყრის მეშვეობით. კენჭისყრის პროცედურის ჩატარება დაევალა ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოგის სარდლობას".

 

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი ბინების სამსახურებრივ სარგებლობაში/საკუთრებაში გადაცემისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04.04.2014 წლის N--- ბრძანებით შექმნილი კომისიის მონაცემებით, 2014 წლის 01 ივნისის მდგომარეობით წელთა ნამსახურების მიხედვით, რ---- გ-----ა არის რიგით 909-ე.

 

ასევე დადგენილია და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ, რომ მოსარჩელეს ან მის წარმომადგენელს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების (საქმე N3--------) აღსრულების მიზნით სსიპ აღსრულების ეროვნული სააგენტოს ან თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის არ მიუმართავთ.

 

2.3.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

ამ კოდექსის 412-ე მუხლით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის შესაბამისად, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა, თუ დაზარალებული განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არ შეეცადა სამართლებრივი გზებით თავიდან აეცილებინა ზიანი.

 

სასამართლოს მოსაზრებით, თავისთავად ზიანის არსებობა არ ქმნიდა ადმინისტრაციული ორგანოსათვის ამ ზიანის დაკისრების სამართლებრივ საფუძველს. უნდა არსებობდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებასა (მოქმედება/უმოქმედობა) და დამდგარ შედეგს ( ზიანი) შორის, რაც განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდებოდა.

 

ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ დასტურდებოდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რასაც შედეგად მოჰყვა პირის კანონიერი უფლებების შეზღუდვა და მატერიალური ზიანი. შესაბამისად, არ არსებობდა მიზეზობრივი კავშირი მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქმედებასა და მოსარჩელისათვის დამდგარ შედეგს (მატერიალური ზიანი) შორის. ამდენად, არ იქნა გაზიარებული მოსარჩელის მოსაზრება მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდებოდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოსარჩელისთვის მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი.

 

2.3.12. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე რ---- გ-----ას სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო უსაფუძვლობის გამო.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული ზიანის საკითხი, ასევე არასწორად იქნა განმარტებული გამოყენებული კანონები ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, რის გამოც სასამართლოს გადაწყვეტილება არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და კანონსაწინააღმდეგო.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 ნაწილი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლი, რომლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელი იყო სახელმწიფო.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი - რ---- გ-----ა მოითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის სრულად დასაბუთებული და იგი იძლევა მკაფიო შესაძლებლობას, მონაწილე მხარეებმა გაიგონ, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი სასამართლომ მოსარჩელის პოზიციას.

 

4.1. პალატა განმარტავს, რომ მიყენებული ზიანის კომპენსირების უფლება მიეკუთვნება კონსტიტუციით დაცულ უფლებათა კატეგორიას და აღნიშნავს, რომ ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისი სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

სახელმწიფოს, ასევე სახელმწიფო მოსამსახურის მხრიდან მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაზღვრის განსაკუთრებულ წესს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. იმავე კოდექსის 207-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფო პასუხისმგებლობისათვის განსაზღვრულია კერძო სამართალში დამკვიდრებული პასუხისმგებლობის საფუძვლების გავრცელების შესაძლებლობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების მოვალეობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, წარმოშობილი ზიანი და ბოლოს მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი.

 

ამავე კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

ამ კოდექსის 412-ე მუხლით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის განმარტებას მასზედ, რომ ანაზღაურებას ექვემდებარებოდა მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, ანუ უნდა არსებობდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებასა (მოქმედება ან უმოქმედობა) და დამდგარ შედეგს (ზიანი) შორის პირდაპირი და უშუალო მიზეზობრივი კავშირი. ამასთანავე, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებიდან და არსებობდეს ბრალეული ქმედება, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ბრალის სახით, რაც გამოიხატება ადმინისტრაციული ორგანოს მიზანმიმართულ უმოქმედობაში, ან უხეშ გაუფრთხილებლობაში, ანუ ადმინისტრაციული ორგანო შეგნებულად უნდა უშვებდეს პირისათვის ზიანის მიმყენებელი გარემოების დადგომას ან/და არ ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს ზიანის თავიდან აცილების მიზნით.

 

პალატა აღნიშნავს, რომ წინამდებარე დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს იმის დადგენას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებით (მოქმედება/უმოქმედობა), არამართლზომიერად მიადგა თუ არა ზიანი მოსარჩელეს, როგორც ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისის, ისე მიუღებელი შემოსავლის სახით, ასევე უნდა დადგენილიყო არსებობდა თუ არა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დამდგარ ზიანსა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას შორის. საგულისხმოა, რომ მოსარჩელე ზიანის სახით ითხოვს იმ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას, რასაც იგი მიიღებდა ქ. თბილისში გ. ა---–---–ის ქუჩა N3-ში, მისთვის 40 კვ.მ. საცხოვრებელი ბინის გადაცემისა და გადაცემის შემდგომ ამ ბინის გაქირავების შემთხვევაში, თუმცა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლის აღსრულების შედეგადაც უნდა განხორციელდეს მოსარჩელისთვის ბინის გადაცემა არ შეიცავს რაიმე დათქმას კონკრეტული ბინის გადაცემის შესახებ.

 

ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ დასტურდებოდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რასაც შედეგად მოჰყვა პირის კანონიერი უფლებების შეზღუდვა და მატერიალური ზიანი. შესაბამისად, არ არსებობდა მიზეზობრივი კავშირი მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქმედებასა და მოსარჩელისათვის დამდგარ შედეგს (მატერიალურ ზიანს) შორის. ამდენად, ვერ იქნება გაზიარებული მოსარჩელის მოსაზრება მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოსარჩელისთვის მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი.

 

პალატა განმარტავს, რომ მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, რომლის დადგენისათვის აუცილებელია, გათვალისწინებულ იქნეს, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება, სასამართლომ უნდა შეაფასოს, რომ არა ზიანის მიმყენებლის ქმედება, რამდენად მიიღებდა მხარე ამ სარგებელს და რამდენად რეალური იქნებოდა აღნიშნული. შესაბამისად, მიუღებელი შემოსავლის მტკიცება არ უნდა ეფუძნებოდეს აბსტრაქტულ, მხოლოდ მოსაზრებაზე დამყარებულ გარემოებებს, არამედ უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით. მიუღებელი შემოსავალი უნდა იყოს რეალური და დასაბუთებული და არ შეიძლება ეფუძნებოდეს მარტოოდენ ვარაუდს შესაძლო შემოსავლის მიღების თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში აპელანტის დასაბუთება იმდენად ჰიპოთეტურია, რომ ის არ შეიძლება გახდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან უფლებისა თუ ხელშესახები კანონიერი ინტერესის მოსალოდნელი შელახვა უნდა იყოს არა აბსტრაქტული, არამედ რეალური და კონკრეტული, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, მოსარჩელე ვალდებულია სათანადოდ დაასაბუთოს მისი მოთხოვნის მართებულობა, რაც უნდა განახორციელოს მოთხოვნის დამადასტურებელი, კანონშესაბამისი და უტყუარი მტკიცებულებების სასამართლოში წარდგენის გზით. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ თავი ვერ გაართვა მისთვის კანონით დაკისრებულ მტკიცების ვალდებულებას, ვერ დაადასტურა შემოსავლის რეალურად მიღების შესაძლებლობა, მარტოოდენ ვარაუდი კი შესაძლო შემოსავლის მიღების თაობაზე ვერ იქნება მიჩნეული საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 411-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების საკმარის საფუძვლად.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც აპელანტის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. რ---- გ-----ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე ლევან მურუსიძე