განაჩენი

სისხლის სამართლის 10.04.2019
საქმის ნომერი
140100119002793498
ინსტანცია
თარიღი
10.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100119002793498

საქმე №1ბ/444-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის სტაჟიორ პროკურორ გი--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

ზუ------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №-----------, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ. გორი, ო-–------------------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის განაჩენით ზუ------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

მსჯავრდებულ ზუ------------–---–ს 3 (სამი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2018 წლის 8 მაისს, დაახლოებით 12:50 საათზე, გ----------------------------------------–------------------–-----------, საჩხერის მიმართულებით „ვ---–----“ მარკის ავტომობილით მოძრავმა ზუ------------–---–მა ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში და შეეჯახა საპირისპირო მიმართულებით მოძრავ „მ-----------“ მარკის მიკროავტობუსს, რომელსაც მართავდა ვლ---------------–--ე. შეჯახების შედეგად ორივე ავტომანქანა გადავარდა თხრილში. შემთხვევის შედეგად ნაკლებად მძიმე დაზიანებები მიიღეს ავტომანქანა „ვ---–----“ მგზავრმა და------------–---–მა და მიკროავტობუს „მ-----------“ მგზავრებმა - გე-–---------ემ და ლი-----------ემ, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღეს მანქანა „ვ---–----“ მგზავრმა თა-----------–--–---–მა და მიკროავტობუს „მ-----------“ მგზავრებმა - გუ-------------–---–მა, ომ----–---–--ემ და ნო------------ემ.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის სტჟიორ პროკურორმა გი--------------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით, კერძოდ, ზუ------------–---–ისთვის სასჯელის დანიშვნა, რომელიც იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის განმარტებით, აღნიშნული განაჩენი არ არის სამართლიანი სასჯელის ნაწილში, რადგან არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, კერძოდ, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება და მისი დამოკიდებულება დაზარალებულებისადმი პირდაპირ მიუთითებს, რომ საჭიროა შესაბამისი მკაცრი სასჯელის დანიშვნა, ხოლო სასამართლოს მიერ მისთვის დანიშნული პირობითი სასჯელი ვერ იქნება მისი რესოციალიზაციის და ახალი დანაშაული ჩადენის თავიდან აცილების მიზნის მისაღწევად საკმარისი, შესაბამისად მოცემული სასჯელის პირობებში ვერ განხორციელდება სასჯელის მიზნები. ამასთან, ზუ------------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას შედეგად მოჰყვა სამი ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებ მძიმე დაზიანება და ოთხი ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, მათ შორის, გუ-------------–---–ს დასჭირდა ფეხის ამპუტაცია. სასჯელის დანიშვნისას ერთ-ერთი გასათვალისწინებელი გარემოებაა, დამნაშავის მისწრაფება აანაზღაუროს ზიანი და შეურიგდეს დაზარალებულს. მოცემულ შემთხვევაში კი, ერთ-ერთ დაზარალებულ გუ-------------–---–ს, რომელსაც მიადგა ზიანი ზუ------------–---–ის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, გააჩნია საკმაოდ საფუძვლიანი პრეტენზია, რადგან ზუ------------–---–ს არ აუნაზღაურებია მისთვის მიყენებული ზიანი.

სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულ ზუ------------–---–მა წარადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის“ დარღვევის ჩადენის ფაქტი, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენების გარდა, დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, კერძოდ: ვლ---------------–--ის, ასმათ ნადირაძის, და------------–---–ის, გე-–---------ის, გუ-------------–---–ის, ნონა ინჩიტიძის, ომ----–---–--ის, ლი-----------ის, თა-----------–--–---–ის და სხვათა გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ავტოტექნიკური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით.

 

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელი ყველა წინაპირობა. კერძოდ, ზუ------------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული მიეკუთვნება გაუფრთხილებელ დანაშაულთა კატეგორიას, მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს და იგი წარსულში ნასამართლევი არ არის. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ზუ------------–---–ისათვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის ნაწილში.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენით ზუ------------–---–ისთვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. შესაბამისად, არ არსებობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის განაჩენი ზუ------------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის სტაჟიორ პროკურორ გი--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ზუ------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ ზუ------------–---–ს 3 (სამი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოს.

 

მსჯავრდებულ ზუ------------–---–ს დაევალოს, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო მის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

ნივთიერი მტკიცებულება - ტანსაცმელი, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე