განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 110210019002582824
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-144 -19 20 მარტი 2019 წელი
ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ირმა პერანიძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი(მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე(მოპასუხე) - - - თ------ ვ---------ე ი--- გ--------ე უ----- ქ-----–--ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე, ამავე სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის განჩინება
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, სასამართლო განჩინების გაუქმება, საქმის ხელახალი განხილვისათვის ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში დაბრუნება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. მიღებულ იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილება და თ------ ვ---------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს; 2. მოსარჩელის მიერ, საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 287 ლარი, დარჩეს ბიუჯეტის შემოსავალში. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი: 1. მოსარჩელე თ------ ვ---------ის წარმომადგენლის, ი--- გ--------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 2. ძალაში დარჩეს, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელეს მითითებით, 2017 წლის 02 ივნისს, მოპასუხესთან გააფორმა სესხის ხელშეკრულება. ნასესხები თანხა შეადგენდა 8000 აშშ დოლარს. სესხის გადახდის მიზნით, უ----- ქა----–-–ეს უნდა გადაეხადა ყოველთვიურად 500 აშშ დოლარი. მოპასუხემ დაარღვია შეთანხმება, გადაიხადა, მხოლოდ 4100 აშშ დოლარი, 5 თვეა არანაირი თანხა არ გადაუხდია, არც აპირებს გადახდას და დღეის მდგომარეობით მისი დავალიანება შეადგენს 3900 აშშ დოლარს, რომლის გადახდაც უნდა დაეკისროს სასამართლოს გადაწყვეტილებით. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხემ, წარდგენილი შესაგებლით დაადასტურა სარჩელში დაფიქსირებული ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა მიუთითა, რომ მისი შემოსავლისა და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლებელია ერთიანად თანხის გადახდა და თ------ ვ---------ის ვალის დასაფარად ესაჭიროება ვადა. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილებითა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასაბუთება: 2.1. 2018 წლის 09 აგვისტოს, ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა თ------ ვ---------ემ, მოპასუხედ დაასახელა უ----- ქ-----–--ე და მოპასუხისათვის თანხის დაკისრება მოითხოვა. 2.2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 სექტემბრის განჩინებით, საქმეზე დაინიშნა მოსამზადებელი სხდომა 2018 წლის 09 ოქტომბერს, 12:00 საათზე, რის შესახებაც მხარეებს გაეგზავნათ სასამართლო უწყებები. სასამართლო უწყება მოსარჩელის წარმომადგენელს, ი--- გ--------ეს ჩაბარდა პირადად, 2018 წლის 21 სექტემბერს, რაც დასტურდება საფოსტო შეტყობინებით. 2.3. 2018 წლის 09 ოქტომბრის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე თ------ ვ---------ე და მისი წარმომადგენელი ი--- გ--------ე არ გამოცხადდნენ და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებიათ სასამართლოსათვის. სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხე უ----- ქ-----–--ემ, მოსარჩელეს გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა მოითხოვა. 2.4. მოსარჩელე მხარის გამოუცხადებლობა სასამართლომ არასაპატიოდ მიიჩნია და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229.1-ე მუხლის საფუძველზე გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. 2.5. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოსარჩელე თ------ ვ---------ის წარმომადგენელმა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა. საჩივრის ავტორის მითითებით, მოპასუხეს არ ჰქონდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე შუამდგომლობის დაყენების უფლება, რადგან წარმოდგენილი არ იყო შესაგებელი. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს უნდა მოესმინა, მხოლოდ სამართლებრივი მოსაზრება სარჩელთან დაკავშირებით და გამოეტანა გადაწყვეტილება. თუ მოპასუხეს შესაგებელი წარმოდგენილი ექნებოდა, იგი მოსარჩელესაც უნდა ჩაბარებოდა, რაც არ მიუღია. რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობას, სხდომის დღეს იგი მოდიოდა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში დანიშნულ პროცესში მონაწილეობისათვის, თუმცა გზიდან დააბრუნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწემ, რადგან აცნობა, რომ 2018 წლის 09 ოქტომბერს, 12:00 საათზე იხილებოდა სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ ლ-–- ოჩ----ას პატიმრობაში დატოვების საკითხი. მისი გზიდან დაბრუნების გამო, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სხდომა, ნაცვლად 12:00 საათისა, დაიწყო 12:20 საათზე და დასრულდა 12:26 საათზე. ამ პერიოდის განმავლობაში, იგი ვერ დაუკავშირდა ტელეფონით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწეს, ხოლო სასამართლოს კანცელარიასთან დაკავშირება არ უცდია, რადგან ამის ვალდებულება არ გააჩნდა. სხდომის თარიღი თავად მოსარჩელემ არ იცოდა, რადგან სასამართლოს არ შეუტყობინებია. არც თვითონ უცნობებია თავისი კლიენტისთვის, რომ ვერ ცხადდებოდა დანიშნულ დროს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში სხდომაზე, რადგან მოსარჩელე იმ დროისათვის იყო რუსეთში. გარდა ამისა, იმავე დღეს, 14:00 საათზე მონაწილეობას იღებდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში თ.ცხადაძის წარმომადგენლის, ხოლო 15:00 საათზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსარჩელე მ.გი------ის წარმომადგენლის სტატუსით. ამდენად, ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში მისი გამოუცხადებლობა არის საპატიო, რის გამოც უნდა გაუქმდეს 2018 წლის 09 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდეს საქმის წარმოება. 2.6. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს განჩინებით, საჩივარი ცნობილი იქნა დასაშვებად და დაინიშნა სხდომა საჩივრის განხილვის მიზნით. საჩივრის განხილვისას სასამართლომ მიუთითა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის. ამავე კოდექსის 241-ე მუხლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის. 2.7. სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივარში მითითებული გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის წარმომადგენელი 2018 წლის 09 ოქტომბერს, 12:20 საათიდან-12:26 საათამდე, ბრალდებულის ადვოკატის სტატუსით მონაწილეობას ღებულობდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ვერ გახდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. მხარეს შეეძლო გამოუცხადებლობის ან სხდომაზე დაგვიანების შესახებ ეცნობებინა სასამართლოსათვის - მოსამართლის თანაშემწისათვის ან/და სასამართლოს კანცელარიისა თუ სხვა მოხელისათვის. გარდა ამისა, მხარეს შეეძლო სასამართლოს ელექტრონულ ფოსტაზე გამოეგზავნა განცხადება მისი გამოუცხადებლობის შეუძლებლობასთან დაკავშირებით, რაც ასევე არ განუხორციელებია. მით უფრო, როდესაც 2018 წლის 09 ოქტომბერს, ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვა, ნაცვლად 12:00 საათისა დაიწყო 12:16 საათზე და, როგორც საჩივრის შინაარსით ირკვევა, მოსარჩელის წარმომადგენლისათვის ამ დროისათვის უკვე ცნობილი იყო, რომ ის ვეღარ მიიღებდა მონაწილეობას ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში დანიშნულ სხდომაზე, სხვა საქმის განხილვაში მონაწილეობის გამო. ამდენად, არ არსებობდა მოსარჩელის წარმომადგენლის სხდომაზე გამოუცხადებლობის თაობაზე სასამართლოსათვის შეუტყობინებლობის საპატიო მიზეზი, რაც არსებითად განსხვავდება გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზისაგან. 2.8. მოსარჩელის წარმომადგენლის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე მხარე შესაგებლით სარჩელს ცნობდა და სასამართლოს არ უნდა მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, არ იქნა გაზიარებული. სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229.1-ე მუხლის თანახმად დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაკავშირებულია არა შესაგებელში დაფიქსირებულ პოზიციაზე, არამედ, სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე მხარის შუამდგომლობაზე, რომელმაც გამოიყენა თავისი საპროცესო უფლება. ამდენად, სარჩელთან დაკავშირებით, შესაგებელში დაფიქსირებული პოზიცია არ წარმოადგენდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს. შესაბამისად, არ არსებობდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების საფუძველი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტის განმარტებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ, სხდომა დანიშნული იყო 2018 წლის 9 ოქტომბერს 12 საათზე, ხოლო სასამართლოს სხდომა დაიწყო 12 საათსა და 16 წუთზე, რის შესახებაც დამატებითი შეტყობინება მხარეს არ მიუღია. 3.2. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილ საჩივარში მიუთითა გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, კერძოდ, რომ ქ.ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო სხდომა დანიშნული იყო 2018 წლის 9 ოქტომბერს 12 საათზე ოჩ----ას ბრალდების საქმეზე (ანალოგიურად ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში ვ---------ის საქმე 2018 წლის 12 საათზე,), სადაც ბრალდებასა და დაცვას შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების დადების შესახებ. ბრალდება და დაცვა შეთანხმებულნი იყვნენ პროცესის გადადების შესახებ, რის შესახებაც აცნობეს სასამართლოს და მიიღეს კიდეც სიტყვიერი თანხმობა, თუმცა სასამართლო სხდომამდე რამოდენიმე წუთით ადრე დაუკავშირდა მოსამართლე მ--------- კ------ის სხდომის მდივანი თ----- აბ-------ე და შეატყობინა, რომ აუცილებლად უნდა გამოცხადებულიყო სასამართლო სხდომაზე, რადგან სასამართლო თავისი ინიციატივით იხილავდა საპატიმრო ვადის გაგრძელების საკითხს და ადვოკატის მონაწილეობა იყო სავალდებულო. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო სხდომა გაგრძელდა, მხოლოდ საპატიმრო ვადის გაგრძელების განხილვით. ამდენად, ზუსტად იმ პერიოდში, რა დროსაც ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობდა პროცესი, იგი მონაწილეობას იღებდა სხვა სასამართლო სხდომაზე, სადაც ზესტაფონის რაიონული სასამართლოსაგან განსხვავებით, მისი მონაწილეობა სავალდებულო იყო. ბუნებრივია, ერთი ადვოკატი ზესტაფონის და ქუთაისის სასამართლოებში ერთდროულად მონაწილეობას ვერ მიიღებდა, რაც სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა. 3.3. პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა სსს კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილი. ამ ნორმის თანახმად, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე მხარე, მოპასუხე მხარის შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებელმა ამ ნორმაში გააკეთა დათქმა სასამართლოს შესაძლებლობაზე, უფლებამოსილებაზე და არა ვალდებულებაზე. მოცემულ დავაზე, მოპასუხის შუამდგომლობის განხილვის დროს, სასამართლოს შესაფასებლად ჰქონდა სარჩელი თანდართული დოკუმენეტებით და შესაგებელი, სადაც მოპასუხემ სრულად ცნო სარჩელი, რაც წარმოადგენდა საკმარის საფუძველს არ დაეკმაყოფილებინა შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ და გადაედო სხდომა სხვა დროისათვის. 3.4. რაც შეეხება გამოუცხადებლობის თაობაზე სასამართლოსათვის შეუტყობინებლობას, იგი გამოწვეულია საპატიო მიზეზით, ვინაიდან, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სავალდებულო იყო ოჩ----ას სასამართლო პროცესზე მისი მონაწილეობა, ასეთი შეტყობინებისათვის, სულ ცოტა 10 წუთი გააჩნდა, რაც არასაკმარისი აღმოჩნდა სასამართლოს ინფორმირებულობისათვის. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ დაუსაბუთებლია სამართლებრივად და ფაქტობრივად, რაც მისი გაუქმების საფუძველია.
4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს თ------ ვ---------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე, ამავე სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.8. პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე, 229-ე, 233-ე, 241-ე მუხლები და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით ადგენს: საჩივარზე თანდართული მტკიცებულებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული ცნობით ირკვევა, რომ ადვოკატი ი--- გ--------ე მონაწილეობას იღებდა 2018 წლის 09 ოქტომბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ ლ-–- ოჩ----ას მიმართ, 12:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე, რომელიც დაიწყო 12:20 საათზე და დასრულდა 12:26 საათზე. (ს.ფ.66) 4.4. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, 2018 წლის 09 ოქტომბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, სხვა დავის განხილვში ადვოკატის მონაწილეობა და ზესტაფონის რაიონული სასამართლოსათვის სხდომაზე გამოუცხადებლობის თაობაზე წინასწარი შეუტყობინებლობა, წარმოადგენს თუ არა, სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო გარემოებას და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს. 4.5. სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის. პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება ერთგვარი სანქციაა გამოუცხადებელი მხარის წინააღმდეგ, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ ჩაბარდა უწყება სასამართლო სხდომაზე მოწვევის თაობაზე და ეცნობა გამოუცხადებლობის შედეგები სათანადო წესით, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. არის თუ არა მხარის გამოუცხადებლობა საპატიო, კონკრეტული მტკიცებულებისა და გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე უნდა გადაწყდეს. 4.6. ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება, ან სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდიდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას. 4.7. საქმეში განთავსებული გზავნილით, სასამართლო უწყებითა და საფოსტო უკუგზავნილით ირკვევა, რომ მოპასუხის შესაგებელი თანდართულ მასალებთან ერთად, ასევე უწყება 2018 წლის 09 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე მოწვევისა და გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებით, თ------ ვ---------ის წარმომადგენელს, ი--- გ--------ეს გაეგზავნა და ჩაბარდა სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით 2018 წლის 21 სექტემბერს (ს.ფ.47, 49, 51-52), თუმცა სასამართლო სხდომაზე არც ადვოკატი ი. გ--------ე და არც თავად მხარე- თ. ვ---------ე არ გამოცხადებულა და არც გამოუცხადებლობის მიზეზების თაობაზე უცნობებიათ სასამართლოსათვის. 4.8. იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა მტკიცებულება, თუ როდის იქნა გაფრთხილებული ადვოკატი ი--- გ--------ე 2018 წლის 09 ოქტომბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ ლ-–- ოჩ----ას მიმართ დანიშნულ სხდომაზე მიწვევის თაობაზე, და რომ იმავე დღეს, ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში სხდომაზე გამოუცხადებლობის თაობაზე შეუტყობინებლობა განაპირობა ობიექტურმა გარემოებამ, ასევე ადვოკატის გამოუცხადებლობასთან ერთად, არსებობდა თავად მხარის-თ. ვ---------ის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზიც, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, არასწორად განმარტა საპროცესო ნორმები, რამაც სამართლებრივად და ფაქტობრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების გამოტანა განაპირობა-გაზიარებული ვერ იქნება. 4.9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. განსახილველ შემთხვევაში პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, თ------ ვ---------ის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანითა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინებით დასაბუთებელი გადაწყვეტილებები მიიღო, რაც სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილებების უცვლელად დატოვების საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ თ------ ვ---------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; უცვლელად უნდა დარჩეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე, ამავე სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის განჩინება.
6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს (აპელანტს) გადახდება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს), სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, თ------ ვ---------ის მიერ, სააპელაციო წარმოებისათვის წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-414,93 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ------ ვ---------ის (წარმომადგენელი-ი--- გ--------ე) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე, ამავე სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის განჩინება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ირმა პერანიძე