განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.03.2019
საქმის ნომერი
330210017002031416
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები, სამოქალქო
თარიღი
27.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017002031416

საქმე №2ბ/2161-18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 მარტი, 2019 წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე _ დიანა ბერეკაშვილი

სხდომის მდივანი - მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი - ი-------------–---–ი

წარმომადგენლები - თამარ გიგინეიშვილი

 

მოწინააღმდეგე მხარე _ სს „ვ--–-ი“

წარმომადგენელი - დიმიტრი სუკიასოვი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. ია ძიმისტარაშვილს და სს „ვ--–-ს“ შორის 2016 წლის 29 აგვისტოს, 13 სექტემბერს და 29 სექტემბერს დაიდო სამი ხელშეკრულება „საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე ვაჭრობის შეთანხმების შესახებ“, რომლითაც 2016 წლის 29 აგვისტოს მოპასუხეს გადაეცა 900 აშშ დოლარი, 13 სექტემბერს 1600 აშშ დოლარი, ხოლო 29 სექტემბერს 4100 აშშ დოლარი. ხელშეკრულების თანახმად, ინვესტორი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ხსნის სავაჭრო ანგარიშს მართვისა და მოგების მიღების მიზნით.

 

2. წინამდებარე ხელშეკრულების 2.1 პუნქტის მიხედვით, ინვესტორი ვალდებულია განახორციელოს ინვესტიცია საერთაშორისო სავალუტო ბაზრის ბროკერთან შერჩეული ინვესოტრის და სს ვ--–-ის შეთანხმების შესაბამისად.

 

3. ხელშეკრულების მე-3 მუხლი განსაზღვრას ინვესტორის მიერ განხორციელებული ინვესტიციის და მოგების განაწილების პრინციპს. კერძოდ, 3.5. პუნქტის თანახმად, ინვესტორის მიერ ხელშეკრულების დასრულების ვადაზე ადრე თანხის გატანის შემთხვევაში გატანის მომენტზე საანგარიშო თვის დივიდენდი დაერიცხება სამუშაო დღეების რაოდენობასთან შესაბამისად, მას შედეგ რაც გახსნილი პოზიციების დახურვა მოხდება ან ინვესტორი საკუთარი პასუხისმგებლობის შესაბამისად მოითხოვს აქტიური გარიგებების დახურვას. ამავე ხელშეკრულების 3.8 პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ თვის განმავლობაში ჯამური აკუმულირებული მოგება შეადგინა საწყისი დეპოზიტის 8.35%-ზე ნაკლები, ინვესტორი მიიღებს ფიქსირებული 5%-ს კლუბის მოგების ხარჯზე.

 

4. ხელშეკრულების მე-5 მუხლით გათვალისწინებულია განხორციელებულ შენატანზე არსებული გარანტიები და რისკები. 5.1.3 პუნქტის თანახმად, სს „ვ--–-ი“ კლიენტს აძლევს გარანტიას, რომ სარისკო კაპიტალის მაქსიმალური ოდენობა, რომელზეც სს ვ--–-ი არ იღებს მატერიალურ პასუხისმგებლობას უტოლდება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საწყისი დეპოზიტის 10%.

 

5. ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად, სს „ვ--–-ი არ იღებს პასუხისმგებლობას ნებისმიერ დანაკარგზე ან ხარჯზე, რომელიც შეიძლება იყოს გამოწვეული კლიენტის თვითნებური ქმედებით.

 

6. ხელშეკრულების 7.2 პუნქტის მიხედვით, ნებისმიერ მხარეს გააჩნია უფლება შეწყვიტოს მოცემული ხელშეკრულება, სამი (3) სამუშაო დღის შემდეგ მეორე მხარესთან წერილობითი შეტყობინების გაგზავნის საშუალებით.

 

7. უდავოა, რომ ი-------------–---–მა ხელშეკრულებების შესაბამისად, მოპასუხის საბანკო ანგარიშზე გადარიცხა 6600 აშშ დოლარი და შესაბამისად განახორციელა ამავე მოცულობის ინვესტიცია.

 

8. 2016 წლის 15 დეკემბერს მოსარჩელის ინიციატივით შეწყდა „საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე ვაჭრობის შეთანხმების შესახებ" ხელშეკრულებები და ინვესტორმა მოითხოვა შეტანილი თანხების უკან დაბრუნება.

 

9. ი-------------–---–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და ითხოვა სს „ვ--–-ს“ ი-------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 600 აშშ დოლარის გადახდა, ასევე დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით 1395 აშშ დოლარის და 2017 წლის ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 30 აშშ დოლარის გადახდა;

 

10. მოსარჩელის პოზიცია

10.1. სარჩელის მიხედვით, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2016 წლის 29 აგვისტოს, 13 სექტემბერს და 29 სექტემბერს დაიდო სამი ხელშეკრულება „საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე ვაჭრობის შეთანხმების შესახებ“, რომლის შესაბამისად ი-------------–---–მა განახორციელა ინვესტიცია 900 აშშ დოლარის, 1600 აშშ დოლარის და 4100 აშშ დოლარის ოდენობით. მოსარჩელემ ისარგებლა ხელშეკრულების მე-7 მუხლით და ხელშეკრულებები შეწყვიტა 2016 წლის 15 დეკემბერს. ინვესტორის მიერ განხორციელებული ინვესტიციიდან (6600 აშშ დოლარი) მოპასუხემ 2017 იანვრის თვეში დააბრუნა 2988.43 აშშ დოლარი, ხოლო 2017 წლის 15 ივნისს 3000 აშშ დოლარი. რაც შეეხება 600 აშშ დოლარს იგი არ დაუბრუნებია.

მოსარჩელის განმარტებით, მხარეები შეთანხმდნენ 5%-იან სარგებელზე. 2016 წლის დეკემბრის თვიდან სარგებელი არ მიუღია, მოპასუხე არ ასრულებს ვალდებულებას და უარს აცხადებს დარჩენილი თანხის ასევე იმ სარგებლის გადახდაზე, რომელსაც მოსარჩელე მიიღებდა ვალდებულება რომ არ დაერღვია.

 

11. მოპასუხის პოზიცია

 

11.1. სს „ვ--–-მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მოპასუხე მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების 3.5 პუნქტზე მითითებით განმარტავს, რომ მას არ ეკისრება მოსარჩელისთვის ერთჯერადად, აქტიური პოზიციების დახურვიდან ამოღებულ თანხაზე მეტის გადახდის ვალდებულება. მიღებული ზარალი მთლიანად ინვესტორის პასუხისმგებლობით იქნა გამოწვეული. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ გამოიჩინა კეთილი ნება და ია ძიმისტარაშვილს აუნაზღაურა ზიანი.

 

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ი-------------–---–ის სასარჩელო მოთხოვნები მოპასუხეებისთვის 600 აშშ დოლარის, მიუღებელი შემოსავლის სახით 1395 აშშ დოლარის და 2017 წლის ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 30 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა. (იხ. გადაწყვეტილება)

 

13. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ი-------------–---–მა.

 

13.1. აპელანტის განმარტებით, სამართლის მიერ არასწორად იქნა განმარტებული როგორც რიგი მტკიცებულებებისა, ასევე გადაწყვეტილებაში საერთოდ არ არის ნამსჯელი, იმაზე, რომ მხარეებს შორის არსებობდა შეთანხმება, ორივე მხარის მიერ აღიარებული ელექტრონული წერილების სახით, რაც ასევე დაადასტურა მოპასუხე მხარემ, კერძოდ მოპასუხემ დამატებით მეილით აღიარა რომ აუნაზღაურებდა სრულ დანაკარგს, აღნიშნული დაადასტურა ორ წერილში, შესაბამისად მან აღიარა, რომ დაუბრუნებდა 600 აშშ დოლარს, რაც წარმოადგენს 10% შეტანილი, ინვესტირებული თანხის და არ დაუკავებდა მას აღნიშნულ თანხას, შესაბამისად აღნიშნული მართალია გაწერილი იყო თავდაპირველ ხელშეკრულებაში, მაგრამ დამატებით მხარეები შეთანხმდენენ ელექტრონული წერილების საშუალებით რომ ეს თანხა არ იქნებოდა დაკავებული, ასევე როგორც არ იქნებოდა შემცირებული საპროცენტო განაკვეთი. სასამართლომ არ იმსჯელა მხარეებს შორის მიღწეული დამატებითი შეთანხმებაზე და მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ ეს არ არის სასესხო ხელშეკრულება უარი გვითხრა სარჩელის დაკამყოფილებაზე. მართალია აღნიშნული არ იყო სასესხო ხელშეკრულება, მაგრამ სწორედ იმიტომ რომ არ იცოდა აღნიშნული ვაჭრობა, მათ მიერ განხორციელებული მომსახურებისათვის უხდიდა სარგებელს კომპანიას, რომელიც აბრუნებდა მის სახსრებს და ღებულოდა შემოსავალს, შესაბამისად ვინაიდან აღნიშნულ სფეროში არ ქონდა გამოცდილება გახდა საჭირო მათი დახმარება. როდესაც მოინდომა თანხის უკან დაბრუნება, მათ უნდა აეხსნათ თუ კი ეს იყო არა მომგებიანი და შეიძლება დათანხმებულიყო, რადგან მათზე იყო მინდობილი, მაგრამ მათ არც თანხა დაუბრუნეს სრულად, დაუბრუნეს ნაწილ-ნაწილ არც სარგებელი მისცეს და დააზარალეს. მიუხედავად იმისა, რომ მათ ჰქონდა ვალდებულება ისეთი ქმედებები განეხორციელებათ, რომელიც სარგებელს მოუტანდა როგორც მას, ისე მათ, რადგან სწორედ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ისინი ღებულობდნენ სარგებელს.

 

13.2. აპელანტის განმარტებით, ნიშნადობლივია ის გარემოება, რომ არ არის იურისტი და არ ჰყოლია ადვოკატი და პროცესში მოწინააღმდეგე მხარე იყო იურიდიული პირი რომელსაც ჰყავდა წარმომადგენელი. მოპასუხემ წარმოადგინა პროცესზე ისეთი მტკიცებულება, რომლის გაქარწყლებაც ვერ შეძლო არ ცოდნის გამო. შესაბამისად ვერ შეძლო მისი უფლებების სრულყოფილი გამოყენება და დაცვა, რითიც ისარგებლა მოწინააღმდეგე მხარემ, და მხოლოდ იმ ფაქტს ამოფარებულმა რომ ეს არ არის სესხის ხელშეკრულება უარი ეთქვა სარჩელზე, მაშინ როდესაც არავის უმსჯელია მათი მხრიდან აღებულ ვალდებულებებზე, და მათ არ შესრულებაზე.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

14. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

15. სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ №ს 15-29-1443-2012, 09.12.2013წ.; სუსგ საქმე №ას-973-1208-04). მოსარჩელე შესაძლებელია, ცდებოდეს კიდეც სადავო ურთიერთობის სამართლებრივ შეფასებაში, რაც არამცთუ არ ზღუდავს სასამართლოს, არამედ, პირიქით, სწორედ სასამართლოა ვალდებული, სამართლებრივად სწორად შეაფასოს სადავო ურთიერთობა და მოძებნოს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი. მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან. (სუსგ ას 1242-2018)

 

16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 340-ე მუხლის თანახმად, შერეული ხელშეკრულებების განმარტებისას მხედველობაში მიიღება ნორმები იმ ხელშეკრულებათა შესახებ, რომლებიც შესრულების არსთან ყველაზე ახლოს დგანან და მას შეესაბამებიან. უპირველეს ყოვლისა, უნდა შეფასდეს განსახილველი ხელშეკრულების, როგორც შერეული ტიპის ხელშეკრულების მნიშვნელობა. პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულების ცალკეული ელემენტების განმარტებისათვის აუცილებელია მთელი ხელშეკრულების შინაარსი იქნას გააზრებული, დადგინდეს მხარეთა ნება, თუ რა მიზნის მიღწევა სურდათ ამ ხელშეკრულებით, რა იურიდიულ და ეკონომიკურ ინტერესს გულისხმობდნენ მხარეები ვალდებულების შესრულებაში და კონკრეტულ შემთხვევაში რომელი ვალდებულების შეუსრულებლობაზე დავობენ მხარეები. განსახილველი ნორმის თანახმად, მოცემულია შერეული ხელშეკრულების განმარტების წესი, რომლის მიხედვით მხედველობაში მიიღება ნორმები იმ ხელშეკრულებათა შესახებ, რომლებიც შესრულების არსთან ყველაზე ახლოს დგანან და მას შეესაბამებიან (მაგალითად, ნივთი დაზიანდა გადაზიდვის დროს ან არასწორად იქნა დამონტაჟებული, ან მიმწოდებელმა არ განახორციელა ხარისხიანი სწავლება, ან მთლიანად არ შეასრულა ვალდებულება). ეს ნიშნავს იმას, რომ ვალდებულების შესრულების არსი ერთ შემთხვევაში შეიძლება ეხებოდეს შერეული ხელშეკრულების ერთ-ერთ ან რამოდენიმე ელემენტს, ხოლო სხვა შემთხვევაში მთლიანობაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბოლოო მიზნის მისაღწევად მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, მაგრამ ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია ისიც, რომ შერეული ხელშეკრულებით მხარეები ითვალისწინებენ ერთი საერთო მიზნის მიღწევას და ამ ხელშეკრულებაში შემავალი ხელშეკრულებები შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც შერეული ხელშეკრულების ელემენტები. ამდენად, შერეული ხელშეკრულების სტრუქტურის გათვალისწინებით ის წარმოადგენს ისეთ ხელშეკრულებას, რომელშიც მოცემულია სხვადასხვა ხელშეკრულებების სხვადასხვა პირობები, მაგრამ ეს პირობები წარმოადგენენ ერთი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილებს. პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია გამოვყოთ ორი გარემოება, რომელიც ყურადსაღებია შერეული ხელშეკრულებების განმარტებისას. პირველი, მოგების მიღება, რომელიც გათვალისწინებულია ფულადი სახსრების გადაცემასა და მართვაში. მეორე გარემოება გამოიხატება იმის გარკვევაში, თუ რომელი ხელშეკრულების წესები დგას ყველაზე ახლოს შესრულების არსთან. ამ შემთხვევაში მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის, თუ რა მიზანს ისახავდნენ მხარეები ამ ხელშეკრულებით და შესაძლებელი იყო თუ არა ამ მიზნის მიღწევა ამ ხელშეკრულებაში მოცემული ცალკეული ელემენტების შესრულებით. (სუსგ ას-1244-1503-09). პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, თუ რომელი ნორმის საფუძველზე არის შესაძლებელი მოსარჩელისათვის სასურველი იურიდიული შედეგის მიღწევა და ამის შემდეგ შეამოწმებს სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლებს. (ას-1294-1214-2017)

 

17. აღნიშნულის შესაბამისად პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ იურიდიულ ფაქტებს:

 

17.1. ი-------------–---–ს და სს „ვ--–-ს“ შორის დაიდო სამი ხელშეკრულება „საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე ვაჭრობის შეთანხმების შესახებ“, რომლითაც 2016 წლის 29 აგვისტოს მოსარჩელემ განახორციელა 900 აშშ დოლარის ინვესტიცია, 2016 წლის 13 სექტემბერს 1600 აშშ დოლარის ინვესტიცია, ხოლო 2016 წლის 29 სექტემბერს 4100 აშშ დოლარის ინვესტიცია. ხელშეკრულების თანახმად, ინვესტორი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ხსნის სავაჭრო ანგარიშს და მასზე ფულად სახსრებს რიცხავს ტრეიდერის მიერ სამართავად. ამდენად, ი-------------–---–მა განახორციელა 6600 აშშ დოლარის ინვესტიცია. (ტომი1, სფ. 22-36)

 

17.2. მხარეთა შორის შეთანხმების საგნის თანახმად: ინვესტორი ვალდებულია განახორციელოს ინვესტიცია საერთაშორისო სავალუტო ბაზრის ბროკერთან შერჩეული ინვესტორის და სს „ვ--–-ის“ შეთანხმების შესაბამისად. სს „ვ--–-ი“ ახორციელებს სავაჭრო საქმიანობას თავისი სახელით და საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას საკუთარი გამოცდილების ფარგლებში. სს „ვ--–-ი“ დამოუკიდებლად იღებს სავაჭრო გადაწყვეტილებებს, ინვესტორთან წინასწარი შეთანხმებისა და მისგან თახმობის მიღების გარეშე. (შეთანხმების მე-2 მუხლი)

 

17.3. 2016 წლის 15 დეკემბერს ი-------------–---–ის ინიციატივით შეწყდა „საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე ვაჭრობის შეთანხმების შესახებ" ხელშეკრულებები და ინვესტორმა მოითხოვა შეტანილი თანხის უკან დაბრუნება.

 

17.4. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ, 2017 წლის 16 იანვარს ი-------------–---–ს სს „ვ--–-მა“ გადასცა 3000 აშშ დოლარი და მოგების სახით 900 აშშ დოლარი, ხოლო 2017 წლის 15 მაისს - 3000 აშშ დოლარი, ჯამში დაბრუნებული თანხის ოდენობა შეადგენს 6 000 აშშ დოლარს, ხოლო განხორციელებული ინვესტიციიდან - 6600 აშშ დოლარიდან ი-------------–---–მა მოგების სახით მიიღო 900 აშშ დოლარი. (27.03.2019 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი) (ანგარიშიდან ამონაწერი ტომი 1, ს.ფ. 41-42)

 

17.5. მხარეთა შორის არსებული შეთანხმების 3.5. პუნქტის თანახმად, ინვესტორის მიერ ხელშეკრულების დასრულების ვადაზე ადრე თანხის გატანის შემთხვევაში გატანის მომენტზე საანგარიშო თვის დივიდენდი დაერიცხება სამუშაო დღეების რაოდენობასთან შესაბამისად, მას შედეგ რაც გახსნილი პოზიციების დახურვა მოხდება ან ინვესტორი საკუთარი პასუხისმგებლობის შესაბამისად მოითხოვს აქტიური გარიგებების დახურვას. ამავე ხელშეკრულების 3.8 პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ თვის განმავლობაში ჯამური აკუმულირებული მოგება შეადგინა საწყისი დეპოზიტის 8.35%-ზე ნაკლები, ინვესტორი მიიღებს ფიქსირებული 5%-ს კლუბის მოგების ხარჯზე. ხელშეკრულების მე-5 მუხლით გათვალისწინებულია განხორციელებულ შენატანზე არსებული გარანტიები და რისკები. 5.1.3 პუნქტის თანახმად, სს „ვ--–-ი“ კლიენტს აძლევს გარანტიას, რომ სარისკო კაპიტალის მაქსიმალური ოდენობა, რომელზეც სს ვ--–-ი არ იღებს მატერიალურ პასუხისმგებლობას უტოლდება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საწყისი დეპოზიტის 10%. ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად, სს „ვ--–-ი არ იღებს პასუხისმგებლობას ნებისმიერ დანაკარგზე ან ხარჯზე, რომელიც შეიძლება იყოს გამოწვეული კლიენტის თვითნებური ქმედებით.

 

18. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხემ დამატებით მეილით აღიარა ვალდებულება დანაკარგის სრულ აუნაზღაურებაზე და განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად ახალ მოთხოვნას ქმნის. ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა სადავოობის შემთხვევაშიც შესრულების ვალდებულებას წარმოშობს და კრედიტორს მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. ამასთან, ვალის აღიარება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხოვნის აღიარებისაგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა. ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის თანახმად ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეულ მოქმედებების შესრულებას და, ამდენად, საკმარისია ერთი პირის მიერ ნების გამოვლენა. თუ მხარეები უკვე არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან ადასტურებენ მას, ან მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ, ვალის აღიარებად არ მიიჩნევა. ვალის არსებობის აღიარებას ადგილი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან და ახალ, დამოუკიდებელ მოთხოვნას წარმოშობს. ამდენად, იგი არ უნდა უკავშირდებოდეს ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნას. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ და აღნიშნული გარიგებით გათვალისწინებული მოთხოვნის მიზანია ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნა და ამდენად, ვალის აღიარება არ არსებობს, აღნიშნული ურთიერთობის შეფასებისას უნდა გავითვალისწინოთ სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებით აღიარებული ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს ხელშეკრულების დადების თავისუფლებას და მისი შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის ეს უკანასკნელი ელემენტი ასევე გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ, დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. (სუსგ ას-839-890-2011)

 

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებული ელექტრონული მიმოწერა სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებად არ შეიძლება შეფასდეს, რადგან, მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს მხარეთა შორის დადებული „საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე ვაჭრობის შეთანხმების შესახებ“ სამი ხელშეკრულებიდან. ამასთან, 2017 წლის 10 მარტის ელექტრონული წერილის თანახმად მოპასუხე სს „ვ--–-ის“ დირექტორისგან მოსარჩელეს ეცნობა, რომ ძალიან გაჭიანურდა მათი მხრიდან ზარალის ანაზღაურება უშუალოდ კომპანიის მიერ და უახლოეს დროში დაფარავდნენ მის სრულ დანაკარგს, თუმცა შეთანხმების 5.1.3 პუნქტის თანახმად, სს „ვ--–-ი“ კლიენტს აძლევდა გარანტიას, რომ სარისკო კაპიტალის მაქსიმალური ოდენობა, რომელზეც სს ვ--–-ი არ იღებს მატერიალურ პასუხისმგებლობას უტოლდება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საწყისი დეპოზიტის 10%.

 

19. სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი შეფასებისათვის უნდა დადგინდეს მატერიალურ სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული გარკვეული იურიდიული ფაქტების (იურიდიული შემადგენლობის) უტყუარად არსებობა, რაც შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით აღიარებული მტკიცებულებებით. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით, გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. მითითებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის დასადგენად კანონმდებელი მოსარჩელის მტკიცების ტვირთს გარკვეულწილად აძლიერებს. სასესხო ურთიერთობაში თანხის სესხად გადაცემის ფაქტის მტკიცების ტვირთი თანხის გამცემის _ მოსარჩელის მხარეზეა, რომელმაც, გარდა თავისი განმარტებისა, სხვა მტკიცებულებით დამაჯერებლად უნდა დაადასტუროს სესხის ხელშეკრულების დადება. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო სასესხო ურთიერთობას ყოველგვარი ფაქტობრივი დასაბუთების გარეშე ადგენს და ასეთ დასკვნას მხოლოდ მოსარჩელის განმარტებას აყრდნობს, რაც ეწინააღმდეგება კანონს.

 

მოცემულ შემთხვევაში სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ურთიერთშორის უფლებებსა და ვალდებულებებზე მხარეები წერილობით შეთანხმდნენ. დადგენილია, რომ ი-------------–---–მა განახორციელა 6600 აშშ დოლარის ინვესტიცია, რითაც სს „ვ--–-ს“ უნდა გაეხორციელებინა ფულადი სახსრების მართვა და მიღებული მოგებიდან მოსარჩელისთვის უნდა ეხადა სარგებელი. ამასთან ხელშეკრულების 5.1.3 პუნქტის თანახმად, სს „ვ--–-ი“ კლიენტს აძლევს გარანტიას, რომ სარისკო კაპიტალის მაქსიმალური ოდენობა, რომელზეც სს ვ--–-ი არ იღებს მატერიალურ პასუხისმგებლობას უტოლდება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საწყისი დეპოზიტის 10%. სასამართლოს მიერ დადგენილი ამ ფაქტებიდან და თვით მხარეთა განმარტებებიდანაც ნათლად არის გამოკვეთილი ი-------------–---–ის მიერ სს „ვ--–-ისითვის“ თანხის გადაცემის მიზანი _ ფულადი სახსრების მართვა და მოგების მიღება, ამასთან რისკების გაწევაც 10 პროცენტის ოდენობით, ამ გარემოებას ადასტურებენ თავად მხარეები (იხ. სასარჩელო განცხადება, სხდომის ოქმები მხარეთა განმარტებები). აღნიშნული ხელშეკრულების ანალიზი გვაძლევს შესაძლებლობას, დავასკვნათ, რომ იგი მოიცავს ერთობლივი საქმიანობის ელემენტებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს, ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად, ხოლო, 932-ე მუხლის თანახმად, მონაწილეებმა უნდა შეიტანონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესატანები. ამავე კოდექსის 935-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, შემოსავლები მონაწილეებს შორის ნაწილდება მათი წილის შესაბამისად.

 

ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებისთვის დამახასიათებელია შემდეგი: ამხანაგობის მონაწილე უნდა იყოს არა ნაკლებ ორი პირი, რომლებიც მოქმედებენ ერთობლივად, შესაბამისად, ერთმანეთის მიმართ არ წარმოეშობათ დაპირისპირებული ინტერესები, როგორც მოვალესა და კრედიტორს. ხელშეკრულების ინტერესებიდან გამომდინარე, მის მონაწილეებს შორის შეიძლება მოხდეს უფლება-მოვალეობების გადანაწილება, თუმცა ეს ხორციელდება არა როგორც დამოუკიდებელ პირთა შორის, რომელთაც ერთმანეთის საწინააღმდეგო ინტერესები და მოვალეობები გააჩნიათ, არამედ, როგორც სუბიექტებს შორის, რომელთა შორის უფლება-მოვალეობების გადანაწილება ხდება ამხანაგობის ხელშეკრულების პირობების შესრულების მიზნით. ამხანაგობის მონაწილეთა შეთანხმება და ერთიანობის გამოვლენა უნდა მოხდეს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნის მისაღწევად, რაც გარიგების მთავარ წინაპირობას წარმოადგენს. მონაწილეები ერთობლივი მიზნის მისაღწევად მოქმედებენ ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით მათ მიერ განხორცილებული შენატანების საფუძველზე და იურიდიული პირის შეუქმნელად. ამასთან, ერთობლივი საქმიანობის მართვა ყველა მონაწილის მიერ ერთობლივად ხორციელდება, რაც ამ საქმიანობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების ყველა მონაწილის თანხმობით მიღებას გულისხმობს. ამავდროულად, გადაწყვეტილებათა განხორციელება შეიძლება ერთ-ერთ მონაწილეს ან სხვა მესამე პირსაც დაევალოს, რაც გარიგების შინაარსს არ ცვლის. ამხანაგობის საქმიანობიდან მიღებული სარგებელი და ზიანი მონაწილეთა მიერ განხორციელებული წილების შესაბამისად გადანაწილდება, რისთვისაც რაიმე მნიშვნელობა არა აქვს შენატანი ქონებით თუ მომსახურების გაწევით იქნა განხორციელებული. ამდენად, საერთო საქმიანობის (ამხანაგობის) წევრების ინტერესები მიმართულია საერთო მიზნის მიღწევისაკენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთის მიმართ ისინი არ შეიძლება გამოდიოდნენ როგორც კრედიტორი და მოვალე. მონაწილეებს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების საფუძველზე, პასუხისმგებლობა წარმოეშობათ როგორც მესამე პირებთან, ასევე ერთმანეთთან მიმართებით. აღნიშნულს ადასტურებს სამოქალაქო კოდექსის 937-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის ძალითაც, ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივი საქმიანობიდან წარმოშობილი ვალებისათვის პასუხს აგებენ სოლიდარულად. ერთმანეთთან ურთიერთობაში პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრება მონაწილეთა წილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. მოცემულ შემთხვევაში, მოდავე მხარეთა შორის არსებობდა ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება მოგების მიღების მიზნით გარკვეული მოქმედებების განხორციელებაზე, რისთვისაც ი-------------–---–მა განახორციელა ფულადი შენატანი 6600 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო სს „ვ--–-მა“ მომსახურების გაწევით _ ფურადი სახსრების მართვის განხორციელებით.(სუსგ ას-839-890-2011)

 

20. მართალია, 2017 წლის 10 მარტის ელექტრონული წერილის თანახმად მოპასუხე სს „ვ--–-ის“ დირექტორისგან მოსარჩელეს ეცნობა, რომ ძალიან გაიწელა მათი მხრიდან ზარალის ანაზღაურება უშუალოდ კომპანიის მიერ და უახლოეს დროში დაფარავდნენ მის სრულ დანაკარგს, თუმცა შეთანხმების 5.1.3 პუნქტის თანახმად, სს „ვ--–-ი“ კლიენტს აძლევდა გარანტიას, რომ სარისკო კაპიტალის მაქსიმალური ოდენობა, რომელზეც სს ვ--–-ი არ იღებს მატერიალურ პასუხისმგებლობას უტოლდება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საწყისი დეპოზიტის 10%.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების, კერძოდ, საბროკერო კომპანიის ამონაწერის თანახმად მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის პერიოდისთვის, 13.01.2017 წლისთვის ი-------------–---–ის მიერ სს ვ--–-ისთვის სამართავად გადაცემული აქტივების მართვის შედეგად მოსარჩელის სავაჭრო ანგარიშზე დაფიქსირებულია უარყოფითი ბალანსი. ამდენად, სს „ვ--–-ს“ ინვესტიციის 10%-ის დაბრუნების ვალდებულება არ გააჩნია.

 

პალატა განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

 

სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა სარჩელის საგანი – მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი, მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძვ--–-, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვ--–- (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64). (სუსგ ას-1242-2018)

 

პალატა მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლს და განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული მტკიცებულების ვარგისიანობისა და სამართლებრვი წონადობის თაობაზე.

 

კონკრეტულ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოსარჩელეზეა, რომელმაც სასამართლოს ვერ წარუდგინა სათანადო მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ მის მიერ სს ვ--–-ისთვის სამართავად გადაცემული აქტივების მართვის შედეგად მოსარჩელის სავაჭრო ანგარიშზე დაფიქსირდა მოგება და რომ სს „ვ--–-“ ეკისრება მის მიერ განხორციელებული ინვესტიციის სრულად დაბრუნების ვალდებულება, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

21. რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას სს „ვ--–-ს“ ი-------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით 1395 აშშ დოლარის და 2017 წლის ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 30 აშშ დოლარის გადახდა, პალატას მიაჩნია რომ არ არსებობს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობები, კერძოდ:

 

სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში (იხ. სუსგ 2012 წლის 11 ივნისის განჩინება საქმეზე Nას-630-593-2012). ანალოგიურ დათქმებს შეიცავს ევროპული სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 8:101-ე (2) და უნიდრუას სახელშეკრულებო პრინციპების 7.1.7-ე (1) მუხლები (იხ. სუსგ №ას-459-438-2015, 7 ოქტომბერი, 2015 წელი)(სუსგ .საქმე №ას-70-66-2017)

 

მოცემულ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების საფუძვლად აპელანტი უთითებს, რომ მოსარჩელე სხვა ორგანიზაციაში კერძოდ, კი „საქს ინვესტმენტთან“ განხორციელებული ინვესტიციის შემთხვევაში მიიღებდა თვიურ სარგებელს ინვესტირებული თანხის 9.3%-ის ოდენობით. პალატა თვლის, რომ ვინაიდან მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, რაც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული შესაბამისად უსაფუძვლოა მისი მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილშიც და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

22. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. ვინაიდან ი-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი მოწინააღმდეგე მხარის მიერ ანაზღაურებას არ ექვემდებარება. ამასთან, აპელანტის მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;

 

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ი-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

 

3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: დიანა ბერეკაშვილი