განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210018001850558
საქმე №2/ბ-1345-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
20 მარტი 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე:ირმა პერანიძე
სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე
საჩივრის ავტორი (მოსარჩელე):ფ----- ო-----ი
წარმომადგენელი: ს------- გ------–--ე
მოწინააღმდეგე მხარე: სს ,,მ------- მ---“
წარმომადგენელი: გ-- ქ------, მ--- ბ-----ე
დავის საგანი: სახელფასო დავალიანების დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 06 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა: გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2017 წლის 20 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ფ----- ო-----ის წარმომადგენელმა ს------- გ------–--ემ, მოპასუხედ დაასახელა სს ,,მ------- მ---“ და მოითხოვა:
1. სს “მ------- მ---”-ს, ფ----- ო-----ის სასარგებლოდ დაეკისროს, საშემოსავლო გადასახადის გარეშე, გადაუხდელი ხელფასის ანაზღაურება 13 043,45 ლარის ოდენობით;
2. სს “მ------- მ---”-ს, ფ----- ო-----ის სასარგებლოდ დაეკისროს, პირგასამტეხლოს გადახდა დავალიანების თანხის 0,07%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენს 922,7 ლარს;
3. სს “მ------- მ---”-ს, ფ----- ო-----ის სასარგებლოდ დაეკისროს, იძულებითი მოცდენისათვის, ერთი თვის ხელფასის ანაზღაურება 6000 ლარის ოდენობით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ფ----- ო-----ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სს “მ------- მ---”-ს, ფ----- ო-----ის სასარგებლოდ დაეკისრა, სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 13043,45 ლარის ოდენობით;
მასვე დაეკისრა, ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის, 13043,45 ლარის 0,07%-ის გადახდა, 2016 წლის 10 დეკემბრიდან, დავალიანების თანხის სრულად გადახდამდე;
ფ----- ო-----ის უარი ეთქვა იძულებით მოცდენის გამო, მოპასუხეზე 6000 ლარის დაკისრებაზე;
სს „მ------- მ---ს“ დაეკისრა, სახელმწიფო ბაჟის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ 491 ლარის ოდენობით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „მ------- მ---“-ის წარმომადგენელმა, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მისი გაუქმება და ფ----- ო-----ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის განჩინებით, სს ,,მ------- მ---“-ის სააპელაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი და საქმის განხილვა დაინიშნა მთავარ სხდომაზე, 2019 წლის 06 თებერვალს 13:00 საათზე.
2019 წლის 06 თებერვალს, სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე- ფ----- ო-----ი.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადებულმა აპელანტის წარმომადგენელმა უარი განაცხადა სხდომის გადადებაზე, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ფ----- ო-----ის სარჩელზე მთლიანად უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 06 თებერვალის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, აპელანტის, სს ,,მ------- მ---“-ის წარმომდგენლების, გ-- ქ------ს და მ--- ბ-----ის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა; სს ,,მ------- მ---“-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება ფ----- ო-----ის სარჩელის დაკმაყოფილებისა და სს ,,მ------- მ---“-ისთვის სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახ. ბაჟის 491 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
ფ----- ო-----ის სასარჩელო მოთხოვნა, სახელფასო დავალიანების-13043,45 ლარის ანაზღაურებისა და 2016 წლის 10 დეკემბრიდან-დავალიანების თანხის სრულად გადახდამდე, ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის, 13043,45 ლარის 0,07%-ის გადახდის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;
ფ----- ო-----ის, სს ,,მ------- მ---“-ის სასარგებლოდ დაეკისრა, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-917 ლარის ანაზღაურება.
პალატამ დაადგინა, რომ 2019 წლის 06 თებერვალს, 13.00 საათზე დანიშნულ სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწვევისა და გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე, მოწინააღმდეგე მხარე გაფრთხილებული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, თუმცა სხდომაზე არ გამოცხადდა.
ამ გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე შუამდგომლობა საფუძვლიანი იყო, ვინაიდან, არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული გამომრიცხველი გარემოებები.
სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა ფ----- ო-----ის წარმომადგენელმა ს------- გ------–--ემ, მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდა ჯანმრთლობის მდგომარეობის გამო. ვინაიდან, მკურნალობს რუსეთის ფედერაციაში და საელჩოსგან სავიზო მომსახურებაზე ეთქვა უარი, სხდომის დღეს ონლაინ კონსულტაცია აწარმოა მის მკურნალ ექიმებთან, რასაც ადასტურებს მის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია.
გარდა ამისა, სააპელაციო შესაგებელში მითითებული ჰქონდა, რომ საქმე განხილული ყოფილიყო ზეპირი მოსმენის გარეშე, ვინაიდან ფიქრობდა, რომ რუსეთის ფედერაციაში გამგზავრების გამო, 2019 წლის 06 თებერვალს საქართველოში არ იქნებოდა და სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდებოდა.
ამდენად, ადგილი ჰქონდა სსსკ 233-ე მუხლის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გარემოებას, რამაც ხელი შეუშალა სასამართლოში გამოცხადებაზე.
გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში
დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა - განმარტებები, თვლის, რომ ფ----- ო-----ის წარმომადგენელის, ს------- გ------–--ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ 2019 წლის 06 თებერვალს 13.00. სთ-ზე დანიშნული სასამართლოს მთავარი სხდომის დროისა და გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე, მოწინააღმდეგე მხარის-ფ----- ო-----ის წარმომადგენელი ს------- გ------–--ე გაფრთხილებული იქნა სამოქალაქო საპროცესო კ--დექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო უწყების მეშვეობით.
სამოქალაქო საპროცესო კ--დექსის 241-ე მუხლის “ბ” პუნქტისა და 215-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა განსაკუთრებული გარემოება... ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
ამავე კ--დექსის 102-103-ე მუხლების თანახმად, გარემოება, რაც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებით; მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
განსახილველ შემთხვევაში, საჩივარზე თანდართული იქნა 2019 წლის 26 თებერვალს, ლაბორატორია „-------“-ში ს------- გ------–--ის ლაბორატორიული კვლევის (ანალიზების) პასუხები, ასევე, 2018 წლის 21-23 ნოემბერს, რუსეთის ფედერაციაში, ქ. მ------ვში, შპს „------- ი კ--“-ს საოჯახო კლინიკა „------- დ---------“-ში, ს------- გაბრუშაძის ექიმთან ვიზიტისა და ლაბორატორიული კვლევის ამსახველი მტკიცებულებები, რომლითაც ირკვევა, რომ ს------- გ------–--ე განმეორებით ვიზიტებზე დაბარებული იყო ერთ შემთხვევაში 10 დღის შემდეგ, ხოლო მეორე შემთხვევაში-საჭიროებისამებრ.
პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეიძლება ჩაითვალოს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სათანადო მტკიცებულებად, რომლითაც დადასტურდებოდა 2019 წლის 06 თებერვალს ფ----- ო-----ის წარმომადგენელის, ს------- გ------–--ის ავადმყოფობა ან სხვა გარემოება- რუსეთის ფედერაციაში ექიმებთან ონლაინ კ--ნსულტაციის წარმოების ფაქტი და სასამართლოში მისი გამოცხადების შეუძლებლობა.
რაც შეეხება სააპელაციო შესაგებელში დაფიქსირებულ შუამდგომლობას საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე, პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის შესაბამის გრაფაში აპელანტს- სს ,,მ------- მ---“-ის წერილობით აქვს გაცხადებული უარი საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვაზე და ვინაიდან სააპელაციო საჩივარი ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს და აპელანტის პოზიცია მისთვის ცნობილი იყო, გამორიცხავდა სსსკ-ის 3761.2 მუხლის შესაბამისად, საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ 2019 წლის 06 თებერვალს, სააპელაციო სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობა არ მიეკუთვნება სსსკ-ის 215.3 და 233-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებას, რაც გამორიცხავს საჩივრის დაკმაყოფილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ფ----- ო-----ის (წარმომადგენელი ს------- გ------–--ე) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს ძალაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 06 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება
3. განჩინება, დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: ირმა პერანიძე