განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.04.2019
საქმის ნომერი
330310017001889425
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
25.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3ბ/2352-17

საქმე № 330310017001889425

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

25 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - გ---- გი----–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი - ე---------------–--–ი

 

მესამე პირები - ნ-----–- მ--–-–---–ი, ნ---- მ-----ი

 

მესამე პირი - თ----–ა ავ--–-–---–ი

წარმომადგენელი - ნ-----–ი კ-–-----ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება

 

1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ---- გი----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.2.1. ნოტარიუსის მიერ 2016 წლის 5 აგვისტოს გაცემული სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, 2014 წლის 16 სექტემბერს დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების, ასევე 2016 წლის 11 თებერვალს მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენდა 5000 აშშ დოლარს და 2014 წლის 16 დეკემბრიდან პირგასამტეხლოს სესხის 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. იძულებითი აღსრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა გ---- გი----–---–ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული ქონება, მდებარე ქ. თბილისში, თ----ს დასახლება, კვ-------–----, კორპ. 1-------------ის საკადასტრო კოდი 0---------------------2.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 55-56);

- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 57-62);

- ცესია/მოთხოვნის დათმობის შესახებ გარიგება (ს.ფ. 63-71).

 

2.2.2. 2016 წლის 20 სექტემბერს კრედიტორმა ნ-----–- მ--–-–---–მა განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს და სააღსრულებო ფურცლის N16------- საფუძველზე მოთხოვნის აღსრულება მოითხოვა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- განცხადება, იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტის წარმოებაში მიღების შესახებ, რწმუნებულება (ს.ფ. 71-91).

 

2.2.3. 2016 წლის 5 ოქტომბერს მოვალეებს - თ----–ა ავ--–-–---–სა და გ---- გი----–---–ს გაეგზავნათ წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად მოვალეებს მიეცათ წინადადება ნებაყოფლობით 7 (შვიდი) დღის ვადაში შეესრულებინათ მოთხოვნა და შესრულების დადასტურება წარედგინათ აღმასრულებელთან. აღნიშნული წინადადება გაიგზავნა საქართველოს ფოსტის მეშვეობით. საქართველოს ფოსტის გზავნილის დასტურების მიხედვით თ----–ა ავ--–-–---–ს 07.10.2016 წ. ჩაჰბარდა, ხოლო გ---- გი----–---–ს სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მისამართებზე გზავნილი გაეგზავნა არაერთჯერ, მაგრამ ვერ ჩაბარდა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, ჩაბარების დასტურები (ს.ფ. 92-140).

 

2.2.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2016 წლის 7 ოქტომბერს შედგა ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ №-----1 აქტი, რაც გაეცნო თ----–ა ავ--–-–---–ს.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ №-----1 აქტი (ს.ფ. 141-142).

 

2.2.5. აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის შემფასებლის მიერ გ---- გი----–---–ის საკუთრებაში არსებული ბინა, მდებარე ქ. თბილისში, თ----ს დასახლება, კვ-------–----, კორპ. 1-------------ის საკადასტრო კოდი 0---------------------2, 79000 ლარად შეფასდა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- შეფასების დასკვნა (ს.ფ. 145-156).

 

2.2.6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 26 ოქტომბრის №A------------ განკარგულებით გ---- გი----–---–ს საჯარო შეტყობინებით ეცნობა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. საჯარო შეტყობინება განთავსდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ-გვერდზე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2016 წლის 26 ოქტომბრის №A------------ განკარგულება (ს.ფ. 198-203);

- ვებ გვერდის ამონაწერი (ს.ფ. 204-209).

 

2.2.7. გ---- გი----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე გასხვისების მიზნით იძულებითი აღსრულების პროცედურა 2017 წლის 10 იანვარს დაიწყო და 2017 წლის 3 თებერვალს დასრულდა. ქონება მეორე განმეორებით აუქციონზე გასხვისდა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- აუქციონის შედეგები ( ს.ფ. 210-215).

 

2.2.8. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 13 თებერვლის განკარგულებით მოვალის გ---- გი----–---–ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების (მდებარე, ქ. თბილისში, თ----ს დასახლება, კვ-------–----, კორპ. 1-------------ის საკადასტრო კოდი 0---------------------2,) შემძენი 2017 წლის 3 თებერვალს გამართულ იძულებით საჯარო აუქციონზე ნ-----–- მ--–-–---–ი გახდა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 13 თებერვლის №A---------------- განკარგულება ( ს.ფ. 216-217).

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.3.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. სასამართლომ ასევე მიუთითა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 183-ე მუხლზე, რომლის მე-10 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო წარმოებისას ქონების შემძენისათვის საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ განკარგულება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი გასაჩივრდება სასამართლოში.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული აქტი არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმებულიყო მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან.

 

2.3.2. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.

 

ხსენებული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება: სანოტარო აქტი. ამავე კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით, ხოლო მე-7 პუნქტის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ, ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები, გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები, დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები, ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მათთვის კანონით დადგენილი წესით ცნობილი არ ყოფილა უძრავი ქონების იძულებითი აუქციონის წესით გაყიდვის თაობაზე, არ მომხდარა მათთვის გაფრთხილების თაობაზე შესაბამისი წინადადების ჩაბარება რითაც დარღვეული იქნა სააღსრულებო წარმოების წესები.

 

2016 წლის 5 ოქტომბერს მოვალეებს - თ----–ა ავ--–-–---–სა და გ---- გი----–---–ს გაეგზავნათ წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად მოვალეებს მიეცათ წინადადება ნებაყოფლობით 7 (შვიდი) დღის ვადაში შეესრულებინათ მოთხოვნა და შესრულების დადასტურება წარედგინათ აღმასრულებელთან. აღნიშნული წინადადება გაიგზავნა საქართველოს ფოსტის მეშვეობით. საქართველოს ფოსტის გზავნილის დასტურების მიხედვით თ----–ა ავ--–-–---–ს 07.10.2016წ. ჩაჰბარდა, ხოლო გ---- გი----–---–ს სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მისამართებზე გზავნილი გაეგზავნა არაერთჯერ, მაგრამ ვერ ჩაბარდა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 26 ოქტომბრის №A------------ განკარგულებით გ---- გი----–---–ს საჯარო შეტყობინებით ეცნობა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. საჯარო შეტყობინება განთავსდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ-გვერდზე.

 

მოვალეების მიმართ გამოცემული წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ შეესაბამებოდა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მოთხოვნებს, მოვალეებს მიეცათ წინადადება ნებაყოფლობით 7 (შვიდი) დღის ვადაში შეესრულებინათ მოთხოვნა და შესრულების დადასტურება წარედგინათ აღმასრულებელთან. ასევე მოვალე გაფრთხილებული იქნა, რომ მის მიმართ განხორციელდებოდა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები - შეფასდებოდა აღწერილი და დაყადაღებული აღსრულების საგანი, სააუქციონო მომსახურების გაწევის მიზნით აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის საქმის გადაცემიდან ერთი თვის ვადაში ჩატარდებოდა პირველი იძულებითი აუქციონი, იმ შემთხვევაში თუ პირველ აუქციონზე არ მოხდებოდა ნივთის რეალიზაცია, პირველი აუქციონის დასრულებისთანავე დაინიშნებოდა განმეორებითი აუქციონი, თუ ქონების რეალიზაცია არ მოხდებოდა განმეორებით აუქციონზე, აღნიშნული ქონება გათავისუფლდებოდა იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისგან და დაუბრუნდებოდა მოვალეს. ამავე წინადადების თანახმად, მოვალეს ეცნობა, რომ იძულებითი აღსრულების ცალკეული ღონისძიებების შესახებ წინასწარ, პერსონალურად აღარ ეცნობებოდა. მათი მიმდინარეობის დროის, ადგილის და მდგომარეობის შესახებ მხარეს შეეძლო დეტალური ინფორმაციის მიღება აღსრულების ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

 

ამავე კანონის 25-ე მუხლის თანახმად, მე-6 პუნქტის თანახმად აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი შეტყობინებები, წინადადებები, გადაწყვეტილებები და სხვა დოკუმენტები სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირებს ჩაჰბარდებათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. როდესაც კორესპონდენციის მიღება დასტურდება მიმღების ხელმოწერით, ასეთი ხელმოწერა ჩაითვლება ნამდვილად, მაშინაც, თუ იგი შესრულებულია ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალების გამოყენებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში – მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარის განმარტება სააღსრულებო წარმოების არაინფორმირებულობის თაობაზე გაზიარებული ვერ იქნებოდა, ვინაიდან იგი კანონით დადგენილი წესით იქნა ინფორმირებული მის მიმართ წარმართული სააღსრულებო წარმოების თაობაზე. სასამართლომ ასევე ვერ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მოსაზრება, რომ მისი ფაქტობრივი ადგილსამყოფელის მისამართის მოძიება სააღსრულებო ბიუროს შეეძლო, ვინაიდან სხვა სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მას წარდგენილი აქვს განცხადება რეალური მისამართის მითითებით. სასამართლომ მიუთითა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლზე, სადაც დადგენილია ის კრიტერიუმები, რასაც უნდა შეიცავდეს სააღსრულებო ფურცელი. ამდენად, აღმასრულებელი უფლებამოსილი იყო ეხელმძღვანელა კონკრეტული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში სააღსრულებო ფურცელში დაფიქსირებული მისამართით და მისი გათვალისწინებით განეხორციელებინა სააღსრულებო მოქმედებები. მოსარჩელე ასევე მიუთითებდა ფოსტის გზავნილის ჩაბარების დასტურში დაფიქსირებულ ინფორმაციაზე, რომ ფოსტის მუშაკმა მისამართზე, თემქა, კვ. I-, კორპ. 15ა, ბინა 22-ის კარის ფერი დააფიქსრა თეთრი, ხოლო ბინის აღწერისას გადაღებულ ფოტოებზე დაფიქსირებულია ყავისფერი კარი. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხოლოდ მიუთითებდა აღნიშნულ გარემოებაზე, თუმცა ამ გარემოების დასადატურებლად რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ უშუალოდ აუქციონის დანიშვნის თაობაზე მოვალის ინფორმირების აუცილებლობას სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონი არ იცნობს და ამგვარი ინფორმირების არარსებობა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი ვერ გახდება.

 

2.3.3. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის თანახმად, იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები, წესი და მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის N21 ბრძანებით დამტკიცებული იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებისა და წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აუქციონის ჩატარების თაობაზე აღსრულების ეროვნული ბიურო აქვეყნებს ინტერნეტ-განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს: ქონების საწყის ფასს, რომელიც არის ამ ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 75%. ამავე წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ პირველ აუქციონზე არ მოხდა ქონების რეალიზაცია, აღსრულების ეროვნული ბიურო პირველი აუქციონის დასრულებისთანავე (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) აცხადებს პირველ განმეორებით აუქციონს. პირველი განმეორებითი აუქციონი ცხადდება იმავე ფორმით, რა ფორმითაც გამოცხადდა პირველი აუქციონი. პირველ განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 50%-ს. ამავე წესის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თუ ქონების რეალიზაცია პირველ განმეორებით აუქციონზედაც არ მოხდება, აღსრულების ეროვნული ბიურო პირველი განმეორებითი აუქციონის დასრულებისთანავე (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) აცხადებს მეორე განმეორებით აუქციონს. მეორე განმეორებითი აუქციონი ცხადდება იმავე ფორმით, რა ფორმითაც გამოცხადდა პირველი აუქციონი. მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ნულ ლარს. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 13 თებერვლის განკარგულებით მოვალის გ---- გი----–---–ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების (მდებარე, ქ. თბილისში, თ----ს დასახლება, კვ-------–----, კორპ. 1-------------ის საკადასტრო კოდი 0---------------------2,) შემძენი 2017 წლის 3 თებერვალს გამართულ იძულებით საჯარო აუქციონზე ნ-----–- მ--–-–---–ი გახდა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-8 თავით დადგენილია იძულებითი აუქციონის ჩატარების შესაძლებლობა. იძულებითი აუქციონი იმართება მოვალის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისებისათვის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მოვალისათვის დაკისრებული თანხის ამოღება. იძულებითი აუქციონის პროცედურები გაწერილია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული იძულებითი აუქციონის ჩატარების წესით. იძულებითი აუქციონის პროცედურული გაწერა ემსახურება იმ მიზანს, რომ სააღსრულებო წარმოება მიზანმიმართულად არ გაჭიანურდეს. ამგვარი გაწერა იცავს, როგ----ც მოვალის ისე კრედიტორის ინტერესს, შესაბამისი პროცედურის წარმართვით დადგეს შედეგი: ქონების გასხვისება ვალდებულების დასაფარავად, ან იძულებითი აღსრულების დასრულება ქონების გასხვისების შეუძლებლობისას (სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 75-ე მუხლის მე-8 პუნქტი).

 

აღნიშნული გარემოებების შეფსება იძლევა იმის დასკვნის შესაძლებლობას, რომ აუქციონის მომზადებისა თუ ჩატარებისას აღმასრულებლის მიერ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონისა და შესასაბამისი წესის რაიმე ნორმა არ დარღვეულა, აუქციონი ჩატარდა ხსენებულ ნორმათა დაცვით და არ არსებობდა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

 

2.3.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22–ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ბათილად გამოცხადების ობიექტს წარმოადგენს უკანონო ადმინისტრაციული აქტი. სასამართლო სწორედ ადმინისტრაციული აქტის მხოლოდ კანონიერების შემოწმებით შემოიფარგლებოდა. საქმის მასალების ანალიზით სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, რამდენადაც კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო გამოეყენებინა საქმიანობის აღნიშნული სამართლებრივი ფორმა, დაცული იყო სადავო აქტის გამოცემისთვის საჭირო საგნობრივი კომპეტენცია, ასევე ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ფორმა, ამასთან, ადმინისტრაციული აქტი შინაარსობრივად შეესაბამებოდა მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და შეესაბამებოდა სამართლის იმ ნორმებს, რომელთა აღსრულებასაც ის ახდენდა. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სადავო აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებული იყო დაესაბუთებინა თავისი სარჩელი და წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები. სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, ვერ მიუთითა შესაბამის მტკიცებულებებზე, რომლებიც დაადასტურებდნენ მის მიერ სადავოდ გამხდარი სამართალურთიერთობის კანონშეუსაბამობას, რის გამოც სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტი მიუთითებს, რომ მის პირადობის მოწმობაში მისამართად დაფიქსირებული სოფელი ე------ი არის ოკუპირებული ტერიტორია, რის გამოც აღნიშნულ მისამართზე მისთვის საფოსტო გზავნილის ჩაბარება არის შეუძლებელი. აპელანტის აზრით, აღმასრულებელს უნდა გამოეყენებინა პოლიციისთვის მიმართვის და მოვალის ძებნის სხვა საშუალებები. აღნიშნულ შემთხვევაში მისთვის ცნობილი გახდებოდა მის მიმართ მიმდინარე სააღსრულებო წარმოების შესახებ და გამოისყიდიდა ბინას, რომელიც გაიყიდა აუქციონზე.

 

აპელანტის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, რის გამოც მოითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

4.1.ფაქტობრივი დასაბუთება:

 

დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 13 თებერვლის განკარგულებით (სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) მოვალის გ---- გი----–---–ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების (მდებარე, ქ. თბილისში, თ----ს დასახლება, კვ-------–----, კორპ. 1-------------ის საკადასტრო კოდი 0---------------------2,) შემძენი 2017 წლის 3 თებერვალს გამართულ იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა ნ-----–- მ--–-–---–ი.

 

ასევე დადგენილია, რომ გ---- გი----–---–ის კუთვნილი ქონების რეალიზაცია განხორციელდა ნ-----–- მ--–-–---–ის 2016 წლის 20 სექტემბრის განცხადების საფუძველზე დაწყებული A16102954 სააღსრულებო წარმოების ფარგლებში. სააღსრულებო წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენდა ნოტარიუსის მიერ 2016 წლის 5 აგვისტოს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით მოვალეები იყვნენ თ----–ა ავ--–-–---–ი (რეგისტრირებული მისამართზე - თბილისი, ზ---------ის დას. I- კვ. კორ 15ა, ბინა 22) და გ---- გი----–---–ი (რეგისტრირებული მისამართზე - გ----ი, ს. ე------ი).

 

საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ 2016 წლის 5 ოქტომბერს და 7 ოქტომბერს მოვალეებს - თ----–ა ავ--–-–---–სა და გ---- გი----–---–ს გაეგზავნათ წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად მოვალეებს მიეცათ წინადადება ნებაყოფლობით 7 (შვიდი) დღის ვადაში შეესრულებინათ მოთხოვნა და შესრულების დადასტურება წარედგინათ აღმასრულებელთან. აღნიშნული წინადადება გაიგზავნა საქართველოს ფოსტის მეშვეობით. საქართველოს ფოსტის გზავნილის დასტურების მიხედვით, გზავნილი წარმატებით ჩაბარდა თ----–ა ავ--–-–---–ს, ხოლო გ---- გი----–---–ს სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მისამართზე - გ----ი, ს. ე------ი გზავნილი ვერ ჩაბარდა იმ მიზეზით, რომ ადრესატის მისამართი წარმოადგენდა ოკუპირებულ ტერიტორიას. ასევე ირკვევა, რომ გ---- გი----–---–ს 2016 წლის 19 ოქტომბერსა და 21 ოქტომბერს კვლავ გაეგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ აღმასრულებლის მიერ მოძიებულ სხვა მისამართზე - თბილისი, თემქა, კვ-------–----, კორპუსი 15ა, ბინა N22. საქართველოს ფოსტის გზავნილის დასტურების მიხედვით, აღნიშნულ მისამართზე შეტყობინების ჩაბარება ვერ მოხერხდა მიზეზით - ,,არავინ დამხვდა მისამართზე“, რის გამოც კურიერმა დატოვა შეტყობინება.

 

ამდენად, პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ აღმასრულებელმა ოთხჯერ, მათ შორის ორჯერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხოლო მეორე შემთხვევაში ორჯერ მის მიერ მოძიებულ მისამართზე - თბილისი, თემქა, კვ-------–----, კორპუსი 15ა, ბინა N22 სცადა გ---- გი----–---–ისთვის წინადადების ჩაბარება, თუმცა უშედეგოდ.

 

დადგენილია ისიც, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 26 ოქტომბრის №A------------ განკარგულებით გ---- გი----–---–ს საჯარო შეტყობინებით ეცნობა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. საჯარო შეტყობინება განთავსდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ-გვერდზე.

 

4.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.2.1. სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული სარჩელის დავის საგანს წარმოადგენს ზემოთ მითითებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართელბრივი აქტის - უძრავი ქონების იძულებით საჯარო აუქციონზე გასხვისების თაობაზე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 13 თებერვლის №A---------------- განკარგულების ბათილად ცნობა. შესაბამისად, სასამართლომ უნდა იმსჯელოს მოსარჩელე გ---- გი----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის იძულებითი რეალიზაცია განხორციელდა, თუ არა კანონით დადგენილი წესით.

 

4.2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სანოტარო აქტი.

 

ამავე კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, რასაც განსახილველ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი, კერძოდ, 2016 წლის 20 სექტემბერს კრედიტორმა ნ-----–- მ--–-–---–მა განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს და სააღსრულებო ფურცლის N16------- საფუძველზე მოთხოვნის აღსრულება მოითხოვა. აღნიშნული მოთხოვნის შესაბამისად, სააღსრულებო ბიუროში დაიწყო სააღსრულებო წარმოება მოვალეების, მათ შორის, გ---- გი----–---–ის მიმართ. სააღსრულებო წარმოების დაწყების შემდეგ აღმასრულებელი მოვალეა განახორციელოს მთელი რიგი სააღსრულებო მოქმედებები, პირველ რიგში კი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით მოახდინოს სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ.

 

მითითებული მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა და მოვალეს ეცნობება - ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ; ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები. ამასთან, ამავე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი შეტყობინებები, წინადადებები, გადაწყვეტილებები და სხვა დოკუმენტები სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირებს ჩაჰბარდებათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. როდესაც კორესპონდენციის მიღება დასტურდება მიმღების ხელმოწერით, ასეთი ხელმოწერა ჩაითვლება ნამდვილად, მაშინაც, თუ იგი შესრულებულია ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალების გამოყენებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ვალდებულების 7 დღის ვადაში ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადება 2016 წლის 5 ოქტომბერს და 7 ოქტომბერს მოვალეებს - თ----–ა ავ--–-–---–სა და გ---- გი----–---–ს გაეგზავნათ სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მისამართებზე. საქართველოს ფოსტის გზავნილის დასტურების მიხედვით, გ---- გი----–---–ს რეგისტრაციის მისამართზე - გ----ი, ს. ე------ი გზავნილი ვერ ჩაბარდა იმ მიზეზით, რომ ადრესატის მისამართი წარმოადგენდა ოკუპირებულ ტერიტორიას, რის შემდეგაც აღმასრულებლის მიერ წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ გ---- გი----–---–ს 2016 წლის 19 ოქტომბერსა და 21 ოქტომბერს კვლავ გაეგზავნა აღმასრულებლის მიერ მოძიებულ მისამართზე - თბილისი, თემქა, კვ-------–----, კორპუსი 15ა, ბინა N22. აღნიშნულ მისამართზე გზავნილის ჩაბარება კვლავ ვერ მოხერხდა მიზეზით - ,,არავინ დამხვდა მისამართზე“, რის გამოც კურიერმა დატოვა შეტყობინება. აღნიშნული დასტურებიდან არ დგინდებოდა, თუ რამდენად წარმოადგენდა ხსენებული მისამართი გ---- გი----–---–ის რეალურ საცხოვრებელ მისამართს.

 

პალატა მიუთითებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ, როდესაც მოვალის ადგილსამყოფელი უცნობია, ან როცა იგი სპეციალურად არიდებს თავს მოვალეობის შესრულებას, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს დასაბუთებული შუამდგომლობით, რომლის საფუძველზედაც სასამართლოს გამოაქვს განჩინება პოლიციის ორგანოების მეშვეობით მოვალის ძებნისა და მოყვანის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, თუ მხარეებს, მათ წარმომადგენლებს, აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს ამ კოდექსით დადგენილი წესით ვერ ეცნობათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი, მოსამართლეს შეუძლია აღნიშნული პირებისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება განჩინებით დაავალოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურებს (უბნის ინსპექტორებს). ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ანდა უბნის ინსპექტორები ვალდებული არიან, განჩინებით დადგენილ ვადაში უზრუნველყონ მხარეებისათვის, მათი წარმომადგენლებისათვის, აგრეთვე მოწმეებისათვის, ექსპერტებისათვის, სპეციალისტებისა და თარჯიმნებისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება და მისი ჩაბარების, ჩაბარების შეუძლებლობის მიზეზების ან ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აცნობონ მოსამართლეს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ნორმის განმარტება ემყარება გარკვეულ პრინციპებს, კერძოდ: ობიექტურობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ განმარტება უნდა ეფუძნებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას; ერთიანობის პრინციპს - ყოველი ნორმა წაკითხულ უნდა იქნეს არა ამოგლეჯილად, არამედ სისტემურად, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში და გენეტიკური განმარტების პრინციპს, რომლის შესაბამისად, ნორმის განმარტებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა.

 

ზემოაღნიშნული ნორმების კომპლექსური ანალიზის საფუძველზე პალატა განმარტავს, რომ მოვალის ინფორმირებულობა მის მიმართ მიმდინარე სააღსრულებო წარმოების შესახებ, სააღსრულებო წარმოების აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს. პალატა მიიჩნევს, რომ აღმასრულებლის მოქმედებები არ შეიძლება ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და იმ პირობებში, როდესაც მოვალის მისამართს ოკუპირებული ტერიტორია წარმოადგენს, აღმასრულებელი ვალდებულია მოიძიოს მოვალის ნამდვილი ადგილსამყოფელი. მოცემულ შემთხვევაში აღმასრულებელმა მოვალე - გ---- გი----–---–ს ერთის მხრივ, წარუმატებლად გაუგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხოლო მეორეს მხრივ, მის მიერ მოძიებულ ალტერნატიულ მისამართზე - თბილისი, თემქა, კვ-------–----, კორპუსი 15ა, ბინა N22, კურიერის მიერ მხოლოდ შეტყობინების დატოვების საფუძველზე, ისე რომ არ ირკვეოდა გ---- გი----–---–ის ამ მისამართზე ცხოვრების ფაქტი, მიიღო გადაწყვეტილება საჯარო პუბლიკაციის მეშვეობით მოვალის ინფორმირების შესახებ და არ გამოიყენა სხვა საშუალებები მოვალის მოსაძებნად.

 

პალატა იზიარებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას მასზედ, რომ უშუალოდ აუქციონის დანიშვნის თაობაზე მოვალის ინფორმირების აუცილებლობას სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონი არ იცნობს და ამგვარი ინფორმირების არარსებობა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი ვერ გახდება, თუმცა მიიჩნევს, რომ აუქციონის გამოცხადება და მოვალის ქონების რეალიზაცია გამომდინარეობს წინადადების ჩაბარების შემდგომ მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების ნებაყოფლობით შეუსრულებლობიდან. აუქციონის გამოცხადება მხოლოდ მას შემდეგ იყო შესაძლებელი, როდესაც მოვალე გ---- გი----–---–ი ნებაყოფლობით არ შეასრულებდა წინადადებას, თუმცა ამგვარი შესრულების წინაპირობას უპირობოდ წარმოადგენდა მისთვის კანონით დადგენილი წესით გადაწყვეტილების გაცნობა, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. პალატა თვლის, რომ იმ პირობებში, როდესაც დარღვეული იქნა მოვალისთვის მის მიმართ დაწყებული სააღსრულებო წარმოების შესახებ შეტყობინების წესი, არასრულყოფილი სააღსრულებო მოქმედებების შედეგად შეილახა მოსარჩელე გ---- გი----–---–ის კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება. ამდენად, სააღსრულებო ბიურო მოკლებული იყო შესაძლებლობას მოვალისთვის კანონით დადგენილი წესით წინადადების შეტყობინების გარეშე, განეხორციელებინა შემდგომი სააღსრულებო მოქმედებები და სარეალიზაციოდ მიექცია იპოთეკით დატვირთული მოვალის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - ქ. თბილისში, თ----ს დასახლება, კვ-------–----, კორპ. 1------------.

 

4.2.3. პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ გ---- გი----–---–ის სარჩელი საფუძვლიანი იყო, ადგილი ჰქონდა სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამებოდა მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს, ზიანს აყენებდა მოსარჩელის საკუთრების უფლებას და წინააღმდეგობაში მოდიოდა მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არსებობდა გასაჩივრებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 13 თებერვლის A---------------- განკარგულების ბათილად ცნობის საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ---- გი----–---–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეეგის 2017 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება. გ---- გი----–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 13 თებერვლის განკარგულება უძრავი ქონების, მდებარე - ქ. თბილისში, თ----ს დასახლება, კვ-------–----, კორპ. 1-------------ის საკადასტრო კოდი 0---------------------2, იძულებით საჯარო აუქციონზე გასხვისების თაობაზე.

 

6. სასამართლო ხარჯები

 

აპელანტი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ---- გი----–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

 

3. გ---- გი----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

4. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 13 თებერვლის A---------------- განკარგულება აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე ლევან მურუსიძე