განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210019002477225
საქმე №2/ბ-164-19წ.
განჩინება
საქართველოს სახელით
21 მარტი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე- ნანა კალანდაძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე სილაგაძე
აპელანტი - მ------- ძ---–--ე
წარმომადგენელი- ლ---–- ფ-----ე
მოწინააღმდეგე მხარე - რ---- ვ-------ე
დავის საგანი - განქორწინება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილება.
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით რ---- ვ-------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აღწერილობითი ნაწილი
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2018 წლის 04 ივნისს რ---- ვ-------ემ (მოსარჩელე, შემდგომში აპელანტი მხარე) სარჩელი აღძრა მ------- ძ---–--ის (შემდგომში მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ განქორწინების მოთხოვნით (იხ.სარჩელი, ს.ფ. 2-13)
სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელის მიერ მიეთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
1.1.მოსარჩელის განმარტებით, 1998 წლის 16 ივნისიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხე მ------- ძ---–--ესთან.
1.2. ქორწინების განმავლობაში შეეძინათ შვილი, რომელიც ამჟამად სრულწლოვანია.
1.3. ბოლო პერიოდში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობს დაძაბული ურთიერთობა. მოპასუხე აწარმოებს სასამართლო დავას მოსარჩელის წინააღმდეგ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების თაობაზე. მოსარჩელის მითითებით, როგორც მ------- ძ---–--ის პოზიციიდან ირკვევა, მას სურს მოსარჩელის მთელი ქონების მის საკუთრებაში გადაცემა და უარს აცხადებს განქორწინებაზე.
1.4. მოცემული მომენტისათვის მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მათი ერთად ცხოვრება და ქორწინების შენარჩუნება შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე უკვე შეუძლებელია.
1.5. ვინაიდან მოპასუხე მ------- ძ---–--ე არაა თანახმა ქორწინების შეწყვეტაზე, მოსარჩელე ითხოვს სასამართლოს გზით მოხდეს მათი განქორწინება შესარიგებელი ვადის გარეშე.
2. მოპასუხე მ------- ძ---–--ის პოზიცია
მოპასუხე მ------- ძ---–--ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო
და იშუამდგომლა შესარიგებელი ვადის დანიშვნა 6 თვით. განმარტა, რომ მათ ყავთ საერთო შვილი და ქორწინების შენარჩუნება შესაძლებელია.(ს.ფ. 27-34)
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილებით:
1. რ----ი ვ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა;
2. შეწყდა მოსარჩელე რ----ი ვ-------ესა (პ/ნ 6----------) და მოპასუხე მ------- ძ---–--ეს (პ/ნ 6----------) შორის 1998 წლის 16 ივნისს №--- სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1.1. 1998 წლის 16 ივნისიდან მოსარჩელე რ---- ვ-------ე და მოპასუხე მ------- ძ---–--ე იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. ქორწინების პერიოდში შეეძინათ შვილი, რომელიც ამჟამად სრულწლოვანია.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა (იხ. ს.ფ. 15);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.1.2. მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ. მათ შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია. მხარეთა შორის არსებობს დავა ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების თაობაზე. მოსარჩელე ითხოვს განქორწინებას ყოველგვარი შესარიგებელი ვადის გარეშე, რადგანაც გამორიცხულია მათი ქორწინების შენარჩუნება. მოპასუხე არ ცნობს სარჩელს და ითხოვს შესარიგებელ ვადას ექვსი თვით.
2.1.3. მხარეთა განმარტებების მოსმენის შემდეგ სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია შესარიგებელი ვადის დანიშვნა ერთი თვით. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ვადის განმავლობაში შერიგების ნაცვლად მხარეთა შორის უფრო დაიძაბა ურთიერთობა, რადგან არაერთ ქონებრივ დავას აწარმოებს მოპასუხე მასთან, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მათ შორის არსებულ ურთიერთობებს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება
2.1 დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1127-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებზე და განმარტა შემდეგი:
2.2. სასამართლომ აპელირება გააკეთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი და მიუთითა ამავე კოდექსის 1122-ე მუხლის „გ“ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, ქორწინება წყდება განქორწინებით.
2.3. სასამართლომ მოუხმო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლს, რომლის მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს შესარიგებელი ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
2.4. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის შესაბამისად, ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.
ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით სასამართლომ განმარტა რომ, ქორწინება ემყარება ქალისა და მამაკაცის ნების გამოვლენის თავისუფლებას, მათ ნებაყოფლობითობას, ისევე, როგორც დაქორწინებისას, ქორწინების შეწყვეტის შემთხვევაშიც გადამწყვეტი და არსებითია მხარეთა ნება, მათი სურვილი შექმნან ოჯახი ან შეწყვიტონ ქორწინება. სასამართლოს მიაჩნია, რომ ქორწინება გულისხმობს მეუღლეთა ერთობლივ სურვილს, მათ ერთობლივ გადაწყვეტილებას ერთმანეთთან ჰქონდეთ ოჯახური ურთიერთობა, ეწეოდნენ საერთო საოჯახო მეურნეობას.
2.5. სასამართლომ შეაფასა რა საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ რ---- ვ-------ისა და მ------- ძ---–--ის შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. დადგენილია, რომ მოსარჩელეს სურს განქორწინება, რაზეც მართალია, მოპასუხე მხარე წინააღმდეგია, მაგრამ რეალურად შესარიგებლად მიღებული ზომები უშედეგოდ სრულდება. მხარეთა განმარტებების მოსმენის შემდეგ სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეებისათვის დაენიშნა შესარიგებელი ვადა ერთი თვით, თუმცა აღნიშნული ვადის განმავლობაში მხარეთა შორის უფრო დაიძაბა ურთიერთობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მეუღლეთა შორის არსებული უთანხმოების მიზეზები არ არის დროებითი ხასიათის და შეუძლებელია მათი აღმოფხვრა, რადგან მოსარჩელეს გაწყვეტილი აქვს მოპასუხესთან ოჯახური ურთიერთობა. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, მათ შორის არსებული კონფლიქტი უფრო ღრმავდება და არა პირიქით.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე სასამართლომ დაადგინა, რომ მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია და რომ ამდენად არსებობდა სარჩელის (განქორწინება) დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1.აპელანტის თვალსაზრისით, სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მისი, როგორც მოპასუხის მოთხოვნა, 6 თვით შესარიგებელი ვადის დანიშვნის თაობაზე, ამასთან არასწორად მიუთითა, რომ თითქოსდა ერთი თვით განსაზღვრულ შერიგების ვადის პერიოდში შერიგების ნაცვლად მათ შორის უფრო დაიძაბა ურთიერთობა,რადგან ის თავად საპატიო მიზეზის გამო (ავადმყოფურ მდგომარეობაში ყოფნა)არ იმყოფებოდა პროცესზე, ამდენად, სასამართლომ მოუსმინა რ---- ვ-------ეს და გაიზიარა მხოლოდ ამ უკანასკნელის განმარტება ოჯახის შენარჩუნებისა და ერთად ცხოვრების შეუძლებლობის შესახებ.
3.2.სასამართლომ უხეშად დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით დადგენილი შეჯიბრებითობის პრინციპი, მოუსმინა მხოლოდ მოსარჩელე მხარეს და მისი ახსნა-განმარტების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ისე, რომ მას არ მიეცა შესაძლებლობა მიეღოთ მონაწილეობა პროცესში,სახელდობრ, მთავარ სხდომაზე მონაწილეობდა მხოლოდ მოსარჩელე რ---- ვ-------ე , რადგან იმის გამო, რომ ეს სხდომა ნაცვლად 14.01.2019წ. 12:00 საათისა, დაიწყო 12:50 საათზე, ის კი იყო ავად და ვეღარ შეძლო პროცესზე დარჩენა და მასში მონაწილეობის მიღება, ხოლო წარმომადგენელს კი გაუქმებული ჰქონდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. შესაბამისად, სასამართლო ვალდებული იყო მთავარი სხდომა გადაედო რამდენიმე დღით, რათა გამოჯანმრთებულიყო და ამის შემდგომ ან პირადად მიეღო მონაწილეობა მომავალ სხდომაში, ან უფლებამოსილ წარმომადგენელთან ერთად.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
4.1.ფაქტობრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ, მოცემული გადაწყვეტილების 2.1.1-2.1.3. პუნქტებში გადმოცემულ ფაქტობრივ გარემოებებს, აღნიშნულიდან გამოყოფს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონეს და ამასთან დამატებით მიუთითებს შემდეგს:
4.1.1 1998 წლის 16 ივნისიდან მოსარჩელე რ---- ვ-------ე და მოპასუხე მ------- ძ---–--ე იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. ქორწინების პერიოდში შეეძინათ შვილი, რომელიც ამჟამად სრულწლოვანია.
4.1.2. მეუღლეთა შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილია.
4.1.3. მხარეთა შორის არსებობს დავა ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების თაობაზე.
4.1.4. სასამართლოს მიერ შერიგების მიზნით დანიშნულმა ერთთვიანმა ვადამ აპელანტის სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, პირიქით,მოსარჩელე რ---- ვ-------ის როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე გადმოცემული განმარტების თანახმად დადგენილია, რომ შერიგების ნაცვლად მასსა და მ------- ძ---–--ეს შორის ურთიერთობა უფრო დაიძაბა, ამასთან ეს უკანასკნელი არაერთ ქონებრივ დავას აწარმოებს მასთან, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მათ შორის არსებულ ურთიერთობებს, მისივე განმარტებით მასსა და მის მეუღლეს შორის არსებული უთანხმოების მიზეზები არ არის დროებითი ხასიათის და შეუძლებელია მათი აღმოფხვრა, იგი კატეგორიული წინააღმდეგია მასთან საქორწინო ურთიერთობის შენარჩუნებისა. (იხ . სასამართლო სხდომის ოქმები)
4.1.5.მოსარჩელე რ---- მაჭარაძის(მოწინააღმდეგე მხარე) სასამართლო სხდომებზე დაფიქსირებული კატეგორიული პოზიციის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შემდგომი შერიგება და მათ შორის ოჯახური თანაცხოვრების აღდგენა შეუძლებელია.
4.2.სამართლებრივი დასაბუთება
4.2.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება განსახილველ სარჩელთან მიმართებაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მოცემული გადაწყვეტილების 2.1-2.5. პუნქტებში მითითებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიუთითებს შემდეგს:
4.2.2. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის შესაბამისად, ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.
4.2.3.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ რ---- ვ-------ე და მ------- ძ---–--ე დაქორწინდნენ 1998 წლის 16 ივნისს ქორწინების პერიოდში შეეძინათ შვილი, რომელიც ამჟამად სრულწლოვანია. მხარეებს შორის ქონებრივი დავიდან გამომდინარე წარმოიშვა მწვავე კონფლიქტი, რის გამოც ისინი ფაქტობრივად დაშორდნენ ერთმანეთს და ცხოვრობენ ცალ-ცალკე.
4.2.4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ამდენად ,ქორწინება დაფუძნებულია ნებაყოფლობითობის პრინციპზე და ამასთან საოჯახო სამართალი განამტკიცებს განქორწინების თავისუფლების პრინციპს.
განსახილველ შემთხვევაში საქორწინო ურთიერთობის ერთ-ერთ მხარეს, მოსარჩელე რ---- მ--------ს არა აქვს ოჯახის შენარჩუნების სურვილი და მისი ნების არარსებობა მოპასუხესთან-აპელანტ მ------- ძ---–--ესთან ქორწინების შენარჩუნებისა, ნათლად და კატეგორიული ფორმითაა წარმოდგენილი მოცემული საქმის განხილვის ყველა ეტაპზე, როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს.
4.2.5.,,სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ 1966 წლის 16 დეკემბრის ,საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის თანახმად: 1. ოჯახი საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედია და აქვს უფლება, რომ იგი დაიცვან საზოგადოებამ და სახელმწიფომ. 2. მამაკაცებსა და ქალებს, რომლებმაც მიაღწიეს ქორწინების ასაკს, აქვთ უფლება შექმნან ოჯახი. 3. არც ერთი ქორწინება არ შეიძლება მოხდეს მექორწინეთა თავისუფალი და სრული თანხმობის გარეშე. 4. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად.
4.2.6.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქორწინება ოჯახის ერთერთი საფუძველია. მასში, პირველ ყოვლისა, ასახვას პოულობს სულიერი, ზნეობრივი, ასევე პირადი და ქონებრივი ურთიერთობების გაერთიანება. ქორწინებისათვის დამახასიათებელი იურიდიული ნიშნების გათვალისწინებით, ქორწინება განსაზღვრულია, როგორც მამაკაცისა და ქალის თავისუფალი, ნებაყოფლობითი და თანასწორუფლებიანი კავშირი, ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც მყარდება კანონით დადგენილი წესისა და პირობების დაცვით, წარმოშობს მეუღლეთა შორის პირად და ქონებრივ უფლებებს და მოვალეობებს. როგორც კანონმდებელი განმარტავს, ქორწინების ერთ-ერთი საფუძველია ,,ოჯახის შექმნის მიზანი“. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინება მხოლოდ ნებაყოფლობას უნდა ეფუძნებოდეს.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მხარეთა შორის ოჯახის შენარჩუნების შესაძლებლობას დაადასტურებდა დადგენილია, რომ მხარეები ერთმანეთთან კონფლიქტურ დამოკიდებულებაში არიან, ცხოვრობენ ცალ-ცალკე და ქორწინება მათ შორის ფაქტობრივად შეწყვეტილია. ქორწინების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მოსარჩელის ნება, სურვილი მოპასუხესთან ოჯახის შენარჩუნებისა.
როგორც უკვე აღინიშნა, სამოქალაქო კანონმდებლობა განამტკიცებს მხარის თავისუფალ ნებას ქორწინებაში ყოფნისა თუ ამ ქორწინების შეწყვეტის თაობაზე. ამდენად, მხოლოდ მოპასუხე მხარის -აპელანტ მ------- ძ---–--ის სურვილი - არ შეწყდეს ქორწინება - არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს იმისა, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. უდავოა, რომ მოსარჩელე მხარე გამორიცხავს და არ უშვებს მოპასუხესთან ოჯახური ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას,კატეგორიული წინააღმდეგია საოჯახო მეურნეობის მასთან ერთად გაძღოლისა, ერთ ოჯახად ცხოვრებისა.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ რ---- ვ-------ესა და მ------- ძ---–--ეს შორის ურთიერთობა დაძაბულია, მოსარჩელის მოთხოვნა განქორწინების შესახებ კატეგორიულია, რის გამოც, პალატის მოსაზრებით, მეუღლეებისათვის დამატებით შესარიგებელი ვადის მიცემა საფუძველს მოკლებულია. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ქორწინების შეწყვეტის შესახებ მოთხოვნა მართებულად დაკმაყოფილდა.
4.2.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ რ---- ვ-------ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლოს დასკვნა
5.1. სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 2591-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ------- ძ---–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
5.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნანა კალანდაძე