განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017002101173
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
საქმე №2ბ/7080-18
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ვანო წიკლაური
სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე
აპელანტი - ს- ,,კ------------ი’’
წარმომადგენელი - ლ-------------
მოწინააღმდეგე მხარე - დ----- დ---------
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით ს- „კ------------ის“ სარჩელი მ------ ლ------ის, დ----- დ--------ის, ვ-–-------- ლ------ისა და გ------- ს-------–---–ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეებს - მ------ ლ------ეს, ვ-–-------- ლ------ესა და გ------- ს-------–---–ს მოსარჩელე ს- „კ------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ - 3604,47 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 2303,56 აშშ დოლარი, პროცენტი - 909,82 აშშ დოლარი, საკომისიო - 36,94 აშშ დოლარი, ჯარიმა - 178,9 აშშ დოლარი და სიცოცხლის დაზღვევის თანხა - 175,25 აშშ დოლარი. მოსარჩელე ს- „კ------------ის“ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე დ----- დ--------ის მიმართ არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2016 წლის 11 თებერვალს შ-- „მ-----------------------------–-- კ-------ს“ და მ------ ლ------ეს შორის გაფორმდა №2------------ სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მ------ ლ------ემ სესხის სახით მიიღო - 2900 აშშ დოლარი, 36 თვის ვადით, ყოველთვიურად - 1,65% საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულებით, ასევე განისაზღვრა ჯარიმა - ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის - 5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0,27%-ის ოდენობით. პირგასამტეხლოს დარიცხვის შესაძლებლობა განისაზღვრა მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში.
2.2. სესხის ხელშეკრულების 9.3. პუნქტის თანახმად, მსესხებელი იხდის მომსახურების ყოველწლიურ გადასახადს შემდეგი წესით: სესხის მიღებისას „მსესხებელს“ დაექვითება მომსახურების თანხა, რომელიც შეადგენს მთლიანი სესხის 3,5%-ს, ხოლო სესხის გაცემიდან ყოველ მე-12 თვეს გადახდის გრაფიკით გათვალისწინებულ უახლოეს გადასახდელებთან ერთად „მსესხებელი“ გადაიხდის ამ მომენტისათვის გადასახდელი დარჩენილი ძირი თანხის 1%-ს. ხოლო, ამავე ხელშეკრულების 5.1. პუნქტის თანახმად, კი მსესხებელმა, მხარეთა რისკების შემცირების მიზნით, ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში იკისრა სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულება.
2.3. 2016 წლის 10 და 11 თებერვალს შ-- „მ-----------------------------–-- კ-------სა“ და მოპასუხეებს - დ----- დ---------ს, ვ-–-------- ლ------ესა და გ------- ს-------–---–ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც ამ უკანასკნელებმა იკისრეს ვალდებულება სოლიდარულად აგონ პასუხი ძირითადი მოვალის მიერ 2016 წლის 11 თებერვლის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებზე. თავდებობის ზღვრული ოდენობა დ----- დ--------ის შემთხვევაში განისაზღვრა - 4890,78 აშშ დოლარით, ხოლო ვ-–-------- ლ------ისა და გ------- ს-------–---–ის შემთხვევაში, კი - 4900 აშშ დოლარით. თავდებებმა, ასევე სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოებზე.
2.4. მოპასუხეებს - მ------ ლ------ეს, დ----- დ---------ს, ვ-–-------- ლ------ესა და გ------- ს-------–---–ს არ შეუსრულებიათ მათსა და შ-- „მ-----------------------------–-- კ-------ს“ შორის 2016 წლის 11 თებერვალს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებითა და 2016 წლის 10 და 11 თებერვალს გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
2.5. მოპასუხეებს მ------ ლ------ეს, დ----- დ---------ს, ვ-–-------- ლ------ესა და გ------- ს-------–---–ს წერილობითი ფორმით ეცნობათ სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების არსებობის თაობაზე.
2.6. შ-- „მ-----------------------------–-- კ-------მ’’ რეორგანიზაციის შედეგად შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებას. ასევე, შეიცვალა სახელწოდება და დღეის მდგომარეობით მისი საფირმო სახელწოდებაა ს- „კ------------ი“.
2.7. მოპასუხეების მ------ ლ------ის, დ----- დ--------ის, ვ-–-------- ლ------ისა და გ------- ს-------–---–ის დავალიანება ს- „კ------------ის“ მიმართ შეადგენს: 3604.47 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 2303,56 აშშ დოლარი, პროცენტი - 909,82 აშშ დოლარი, საკომისიო - 36,94 აშშ დოლარი, ჯარიმა - 178,9 აშშ დოლარი და სიცოცხლის დაზღვევა - 175,25 აშშ დოლარი.
2.8. მოპასუხე დ----- დ--------- არის ძირითადი მსესხებლის მ------ ლ------ის შვილის - ვ-–-------- ლ------ის მეგობარი. იგი თავდებობის ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის (2016 წლის 11 თებერვალს) იყო 18 წლის (დაბადებულია 1----–-–---------------ს) და ამ დროისათვის მას არ ჰქონდა არანაირი ოფიციალური შემოსავალი.
2.9. სასამართლოს მითითებით საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.10. სასამართლომ განმარტებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან. სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ხოლო, ამავე კოდექსის კოდექსის 625-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 11 თებერვალს შ-- „მ-----------------------------–-- კ-------სა“ და მ------ ლ------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მ------ ლ------ემ სესხის სახით მიიღო 2900 აშშ დოლარი, 36 თვის ვადით, შემდეგი პირობებით: საპროცენტო სარგებელი ყოველთვიურად - 1,65%; ჯარიმა - ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის - 5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0,27% ოდენობით. ხელშეკრულებით, ასევე განისაზღვრა მომსახურების ყოველწლიური გადასახადი და მსესხებელმა მხარეთა რისკების შემცირების მიზნით, იკისრა სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულება ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში.
ამდენად, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. მხარეები - ერთი მხრივ, მოსარჩელე, ხოლო მეორე მხრივ, მოპასუხე შეთანხმებულნი არიან სესხის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე. ამასთან, დადგენილია და მხარეებიც სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის თანხა მსესხებელმა სრულად მიიღო. ასევე, დადგენილია, რომ მსესხებელს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები ჯეროვნად არ შეუსრულებია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ:
ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
ამდენად, ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საფუძვლიან მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი თანხის, საპროცენტო სარგებლის, სიცოცხლის დაზღვევისა და საკომისიოსა მოთხოვნის ნაწილში.
2.12. მოსარჩელის მოთხოვნა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, ასევე საფუძვლიანიად იქნა მიჩნეული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი ითვალისწინებს პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418- ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა.
როგორც ზემოთ აღინიშნა, მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით განისაზღვრა ჯარიმა მსესხებლის მიერ სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, კერძოდ - ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის - 5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0,27% ოდენობით.
ამდენად, ვინაიდან სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა მოპასუხე მ------ ლ------ის მიერ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის ფაქტი, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხისაგან მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს გადახდა.
2.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლით, კი თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
თავდებობის ხელშეკრულება ცალმხრივია და კრედიტორს მოთხოვნის უფლება წარმოეშობა თავდების მიმართაც. ამიტომ თავდებობის ხელშეკრულებაში თავდები შეიძლება გამოდიოდეს მოვალის როლშიც. მას ძირითად მოვალესთან ერთად ეკისრება პასუხისმგებლობა ამ უკანასკნელის მიერ ნაკისრი ვალდებულებისათვის. თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა, რომ იგი მიიღოს კრედიტორმა და დარწმუნდეს, რომ ამ დოკუმენტში გამოხატული ნება ნამდვილად გამომდინარეობს ხელშეკრულების მხარისაგან. თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, ასევე საჭიროა თავდებობის დოკუმენტში თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 10 და 11 თებერვალს შ-- „მ-----------------------------–-- კ-------სა“ და მოპასუხეებს - ვ-–-------- ლ------ესა და გ------- ს-------–---–ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც ამ უკანასკნელებმა იკისრეს ვალდებულება გამსესხებლის წინაშე სოლიდარულად აგონ პასუხი ძირითადი მოვალის მიერ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე. განისაზღვრა, ასევე თავდებობის ზღვრული ფარგლებიც.
შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეები - ვ-–-------- ლ------ე და გ------- ს-------–---–ი (თავდები პირები) ძირითად მსესხებელთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს მოსარჩელის წინაშე და ვალდებულები არიან სოლიდარულად გადაიხადონ ს- „კ------------ის“ მიმართ 2016 წლის 11 თებერვლის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება.
2.14. თავდების დ----- დ--------ის სოლიდარულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, სასამართლომ განმარტა შემდეგი:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს როგორც კანონი, ასევე მორალური ქცევის სტანდარტი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში „საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს“ ეწინააღმდეგება, ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და შესაბამისად, ბათილად ითვლება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიზანია თავიდან იქნეს აცილებული ისეთი გარიგებები, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 იანვრის №2ბ/4259-14 განჩინებაში მითითებულია, რომ ზნეობის ნორმებში ყოველთვის იგულისხმება წესიერება, სამართლიანობა, კეთილსინდისიერება. სამართლიანობა გულისხმობს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების თანაბრობის პრინციპის დაცვას. ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები ყოველთვის შესატყვისი უნდა იყოს მეორე მხარის ვალდებულებებთან. ამ თანაფარდობის დარღვევა ყოველთვის ბადებს გარიგების მონაწილეებზე სხვადასხვაგვარი ზეგავლენის, შეცდომაში შეყვანის, ან სხვაგვარი ზემოქმედების ვარაუდს, რაც ხშირად იწვევს უსამართლობისა ან უწესობის განცდას. მხარეთა მიერ ვალდებულებების თანაბარი, სამართლიანი გადანაწილება გარიგების ნამდვილობის აუცილებელი პირობაა. მისი უგულვებელყოფა, კი გარიგებათა ბათილობის საფუძველია. ეს პრინციპი მოქმედებდა და მოქმედებს საუკუნეების განმავლობაში ევროპის უმეტეს სახელმწიფოებში. მისი მოქმედება ყოველთვის მიმართული იყო სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა უსამართლო, არაკეთილსინდისიერი შედეგებისაგან დაცვისაკენ.
სამოქალაქო კანონმდებლობა არ აკონკრეტებს, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს ამორალურ ქმედებად, მაგრამ იგი იცავს საზოგადოებას ზნეობის ნორმების საწინააღმდეგო ქმედებების განხორციელებისაგან. შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი მორალური ღირებულებების დაცვა კანონის საფუძველზე წარმოადგენს საზოგადოებაში არსებული შეხედულებებისა და სამართლის ნორმების ჰარმონიზაციის ნიმუშს. კანონის შესაბამისად, ზნეობის საწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება დაკავშირებულია შესაბამის სამართლებრივ შედეგებთან და იგი იწვევს ადამიანთა მიმართ მთელი რიგი მაიძულებელი ღონისძიებების გატარებას. ზნეობის ნორმის დაუცველობა განაპირობებს ადამიანთა მიერ გამოვლენილი ნების გაბათილებას. მისი საწინააღმდეგო შეთანხმებები არარაა და მათ არანაირი სამართლებრივი შედეგების დადგომა არ უკავშირდება. (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 იანვრის №2ბ/4259-14 განჩინება) .
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მ------ ლ------ესა და შ-- „მ-----------------------------–-- კ-------ს“ შორის 2016 წლის 11 თებერვალს დადებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, ამავე დღეს, თავდებობის ხელშეკრულება გაფორმდა მოსარჩელესა და დ----- დ---------ს შორის. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, თავდებმა იკისრა სოლიდარული ვალდებულება ძირითადი მოვალის მიერ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე. თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა - 4890,78 შშ დოლარით. ამასთან, შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან, მასზე დართული დოკუმენტებიდან და დ----- დ--------ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა განმარტებიდან ირკვევა, რომ დ----- დ--------- არის ძირითადი მსესხებლის - მ------ ლ------ის შვილის - ვ-–-------- ლ------ის მეგობარი. თავდებობის ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის - 2016 წლის 11 თებერვალს, დ----- დ--------- იყო 18 წლის და იმ დროისათვის მას არ გააჩნდა არანაირი დადასტურებული შემოსავალი.
მსგავსი პრაქტიკა დამკვიდრებულია ასევე ევროპული კანონონმდებლობით. მაგ. გერმანიის სამოქალაქო კოდექსის კომენტარების 765-ე პარაგრაფის მე-3 ველში მითითებულია თავდების სამართლებრივი დაცვის საშუალებების თაობაზე, რომლის თანახმად, თავდებს თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესაძლოა ჰქონდეს შესაგებელი ზნეობრივი ნორმებისა და გარიგების საფუძვლის დარღვევის გამო ბათილობისათვის. აღნიშნულთან დაკავშირები, კი ამავე კომენტარის 138-ე პარაგრაფის მე-6 ველში აღნიშნულია, რომ კერძო ავტონომიის კონსტიტუციური გარანტია სახელშეკრულებო პარიტეტის უკიდურესი და ტიპიური დარღვევებისას იწვევს ხელშეკრულებების საკონსტიტუციო სამართლის შესაბამისი შესწორებების ვალდებულებას. ამიტომაც, სასამართლო პრაქტიკა ზნეობრივი ნორმების დარღვევად მიიჩნევს ქონების არ მქონე ოჯახის წევრების თავდებობის ხელშეკრულებებს, როდესაც თავდები კისრულობს ვალდებულებას იმ ფარგლებში, რაც აღემატება მის მიმდინარე და მომავალ შემოსავლებს და ქონებრივ მდგომარეობას. ამდენად, მას ასევე არ შეუძლია თავდებობიდან გამომდინარე მოთხოვნის შესრულების ვადის დადგომის მომენტიდან ხანგრძლივი ვადის განმავლობაში ძირითადი თანხის ნაწილის ან მიმდინარე პროცენტების თანხების მობილიზება (იხ. გერმანიის სამოქალაქო კოდექსის სასწავლო კომენტარის 765-ე პარაგრაფის მე-3 ველი, გვ. 565-566; 138-ე პარაგრაფის მე-6 ველი, გვ. 64).
ამდენად, მართალია ფორმალური თვალსაზრისით დაცული იყო დ----- დ---------სთან გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულების პირობები, თუმცა ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მასთან თავდებობის ხელშეკრულების გაფორმება იმ პირობებში, როცა იგი არის მსესხებლის ოჯახის ახლობელი და თავდებობის ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის მისი ასაკი და ფინანსური მდგომარეობა არ შეესაბამებოდა თავდებობის უმთავრეს საფუძვლებს, დ----- დ---------სთან გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულება მიჩნეულ უნდა იქნეს ზნეობის ნორმების საწინააღმდეგოდ. თავდებობის ხელშეკრულება ემსახურება ძირითადი მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფას, ამ უკანასკნელის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ პირი, რომელიც კისრულობს პასუხისმგებლობას სხვისი ვალდებულების შესრულებაზე, მინიმუმ ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის, უნდა იყოს გადახდისუნარიანი და მისი ქმედება უნდა იყოს გააზრებული და გონივრული განსჯის შედეგი. აღნიშნულის საწინააღმდეგო, კი სასამართლომ მიიჩნია, რომ თავდებობის ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის მაღალი ალბათობით შეუძლებელი იქნებოდა გონივრული ვარაუდის არსებობა იმის თაობაზე, რომ დ----- დ--------- შეძლებდა მისი ფინანსური სახსრების იმგვარად მობილიზებას, რომ უზრუნველეყო სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ასევე, საეჭვოა ხელშეკრულების მიზნების მიმართ მისი რეალური და გააზრებული ნების არსებობა. ზემოთ აღნიშნული გარემოებები, კი მთლიანად აცლის საფუძველს თავდებობის მიზნებს და თავდებობის ხელშეკრულებას ხდის ამორალურს.
შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელესა და დ----- დ---------ს შორის დადებული თავდებობის ხელშეკრულება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე, წარმოადგენს ბათილ გარიგებას, რის გამოც არ არსებობს დ----- დ--------ის მიმართ ს- „კ------------ის“ სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1.1. აპელანტის განმარტებით დ-----ი დ--------- ხელშეკრულების გაფორმებამდე 7 თვით ადრე გახდა სრულწლოვანი და მას ჰქონდა უნარი განესაზღვრა რა ტიპის ურთიერთობას ამყარებდა ბანკთან თავდებობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერით. აპელანტის აზრით არ შეიძლება სასამართლომ უგულებელყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ქმედუნარიანობის ასაკი და დაადგინოს, რომ ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა ბანკსა და სრულწლოვან პირს შორის, არის ამორალური მხოლოდ იმიტომ, რომ მხოლოდ ნახევარი წელი არის გასული იმ დროიდან, როცა მხარე გახდა სრულწლოვანი და შეიძინა ხელშეკრულების გაფორმების დამოუკიდებელი უნარი. გარიგების ამორალურად და მართლსაწინააღმდეგოდ მიჩნევისთვის აუცილებელია გარიგების ერთ-ერთი მხარის არამართლზომიერი, ამორალური განზრახვა, რის შესახებაც სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის ნახსენები, ბანკს ამგვარი განზრახვა ხელშეკრულების დადებიდან დღემდე არ გამოუვლენია.
3.1.2. აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ დ----- დ---------ს თავდებობის ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე არანაირი შემოსავალი არ გააჩნდა. აღნიშნულთან დაკავშირებით აპელანტი მიუთითებს დ-----ი დ--------ის განცხადებაზე და განმარტავს, რომ თავდებს განცხადებაში მითითებული მისი სამუშაო ადგილის შესახებ. აპელანტის განმარტებით აღნიშნული გარემოება თავდების მიერ დადასტურებული იქნა სასამართლო სხდომაზეც.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1.1. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში გასაჩივრებული გადაწყვეტილების მართებულობა უნდა შემოწმდეს, მხოლოდ დ----- დ---------ს და ს- მ-----------------------------–-- კ-------ს’’ შორის 11.02.2014 წელს გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულების კანონიერების თვალსაზრისით, კერძოდ, არსებობს თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე ამ გარიგების ბათილობის წინაპირობები.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია და სადავოდ არ ხდება რომ:
- 2016 წლის 11 თებერვალს შ-- „მ-----------------------------–-- კ-------ს“ და მ------ ლ------ეს შორის №2------------ სესხის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც მ------ ლ------ემ სესხის სახით მიიღო - 2900 აშშ დოლარი, 36 თვის ვადით, ყოველთვიურად - 1,65% საპროცენტო სარგებლის დარიცხვით.
- 2016 წლის 10 და 11 თებერვალს ერთი მხრივ შ-- „მ-----------------------------–-- კ-------ს“ და მეორე მხრივ დ----- დ---------ს, ვ-–-------- ლ------ესა და გ------- ს-------–---–ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც თავდებმა პირებმა იკისრეს სოლიდარული ვალდებულება ძირითადი მოვალის მიერ 2016 წლის 11 თებერვლის სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შესახებ. თავდებობის თანხის ზღვრული ოდენობა დ----- დ--------ის შემთხვევაში 4890,78 აშშ დოლარით, ხოლო ვ-–-------- ლ------ისა და გ------- ს-------–---–ის შემთხვევაში - 4900 აშშ დოლარით განისაზღვრა.
4.1.2. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ 2016 წლის 11 თებერვალს დ----- დ---------ს და შ-- ,,მ-----------------------------–-- კ-------ს’’ შორის გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულება უცილოდ ბათილ გარიგებას წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს, როგორც კანონი, ასევე, მორალური ქცევის სტანდარტი, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში „საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს“ ეწინააღმდეგება, ზნეობის საწინააღმდეგო გარიგებად მიიჩნევა და ბათილობის სამართლებრივ შედეგებს უკავშირდება. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საკანონმდებლო დანაწესის მიზანს სწორედ იმგვარი გარიგებების თავიდან აცილება წარმოადგენს, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს. ამდენად, გარიგების ბათილობისას უნდა არსებობდეს ამ ნორმის რომელიმე კომპონენტის დარღვევით დადებული ხელშეკრულება. გარიგება ამორალურია, თუ ის სოციალური სამართლიანობის პრინციპს ეწინააღმდეგება და ხელშეკრულების მხარეს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში აყენებს. ამგვარი კატეგორიის დავებში, შემოწმების საგანი არის არა გარიგების მონაწილეთა ქცევა ზნეობასთან მიმართებაში, არამედ გარიგების, მისი შინაარსის მიმართება ზნეობასთან.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ 11.02.2016 წელს ერთი მხრივ დ----- დ---------ს და მეორე მხრივ შ-- ,,მ-----------------------------–-- კ-------ს’’ შორის თავდებობის ხელშეკრულების გაფორმების დროს დ----- დ--------- 18 წლის იყო. პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მართალია გარიგების გაფორმების ეტაპზე დ----- დ--------- უკვე სრულწლოვან პირს წარმოადგენდა, თუმცა მასსა და საკრედიტო დაწესებულებას შორის გაფორმებული სადავო ხელშეკრულების მართლზომიერად მიჩნევის მიზნებისთვის პალატა საკმარისად ვერ მიიჩნევს გარიგების გაფორმების დროს ხელშეკმკვრელი მხარის, ამ შემთხვევაში დ----- დ--------ის სრულწლოვანების ფაქტს. ამ მიმართებით პალატა ყურადღებას მიაქცევს დ----- დ---------სთან გაფორმებული გარიგების ბუნებაზე, რომელიც თავისი შინაარსით ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას ისეთ მნიშვნელოვან ვალდებულებას უკავშირდება, როგორიც ამ უკანაკსნელის მაგივრად ნაკისრი ვალდებულების შესრულებაა, რაც თავისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოუდგენელია თავდები პირისთვის რაიმე სახის, მატერიალური თუ არამატერიალური სიკეთის მომტანი იყოს. განსახილველ შემთხვევაში მართლია თავდებობის განცხადებაში და თავდებობის ხელშეკრულბაში დ----- დ--------- სამუმაო ადგილად ,,ე-–----------------ს’’ უთითებს, პროფესიად კი - ,,მ-----------–--------ს’’ ასახელებს, თუმცა საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ კონტრაჰენტმა რამდენიმე თვით ადრე თვრამეტი წლის ასაკს მიღწეულ პირთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დაწყებამდე მის მიერ განცხადებაში მითითებული ფაქტები გადაამოწმა, კერძოდ, თვრამეტი წლის ასაკს მიღწეულ პირს, რომელიც სოლიდარულ თავდებობას კისრულებდა, რაც როგორც უკვე აღინიშნა ვერ იქნებოდა მისთვის მატერიალური თუ არამატერიალური სიკეთის მომტანი, ნამდვილად გააჩნდა თუ არა დადასტურებული შემოსავალი, რომლის საფუძველზეც ის გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას შეძლებდა და ძირითადი მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ის მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში არ აღმოჩნდებოდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გარიგების დადებამდე რამდენიმე თვით ადრე სრულწლოვანების ასაკს მიღწეულ პირს სადავო ხელშეკრულება გადამეტებულ პასუხისმგებლობას აკისრებს, რაც მისი შემდგომი სტაბილური განვითარებისთვის და ეკონომიური მდგომარეობისთვის ცალსახა უარყოფით შედეგს იწვევს. გარიგების დადებამდე სრულწლოვანების ასაკს მიღწეული პირისთვის მისი გადახდისუნარიანობის დადასტურების გარეშე ისეთი ვალდებულების დაკისრება, რომელიც თავისი შინაარსიდან გამომდინარე, ვერ იქნება მისთვის რაიმე სახის, მატერიალური თუ არამატერიალური სიკეთის მომტანი ზნეობის ნორმებს ეწინააღმდეგება და სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, უცილოდ ბათილ გარიგებას წარმოადგენს.
გარდა იმისა, რომ სადავოდ ქცეული გარიგება საზოგადოებაში მოქმედ ზნეობის ნორმებს ეწინააღმდეგება, იგი ასევე კეთილსინდისიერების პრინციპის სრული იგნორირებითაა დადებული, რაც მას საჯარო წესრიგის საწინააღმდეგოდ დადებულ გარიგებადაც აქცევს. გარიგების მონაწილეთა ქცევის კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვას სამი ფუნქცია გააჩნია: 1) ყველა ხელშეკრულება უნდა განიმარტოს კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე; 2) კეთილსინდისიერების პრინციპს აქვს ხარვეზის (სამართლის ნორმის ხარვეზის) შემავსებელი ფუნქცია, ასევე ხელშეკრულების პირობათა (რომლებიც მხარეთა მიერ ან/და კანონით არ იყო გათვალისწინებული) დამატების ფუნქცია; 3) გამაუქმებელი, შემზღუდავი და „მაკორექტირებელი“ ფუნქცია. კეთილსინდისიერების ზემოაღნიშნული ფუნქციებიდან გამომდინარეობს, რომ ნებისმიერ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში კრედიტორს არ შეუძლია, უარი თქვას მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების მცირე ხელშეწყობაზე, როდესაც მოვალეს კრედიტორის მხრიდან ესაჭიროება ასეთი ხელშეწყობა მასზე ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისათვის. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვისაა საჭირო. და შესაბამისად ასეთი პირობის შემცველი გარიგების ბათილად ცნობას იწვევს. უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, საჯარო წესრიგის დარღვევაში სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტური პრინციპების, როგორიცაა საკუთრების უფლება, ხელშეკრულებისა და მეწარმეობის თავისუფლება და სხვ. იგულისხმება. საჯარო წესრიგის დარღვევით არა მხოლოდ ურთიერთობის კონკრეტული მონაწილის უფლება ილახება, არამედ იგი ზიანს აყენებს, პირველ რიგში, სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებს.
სამოქალაქო პროცესში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალურ წესს ითვალისწინებს, მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი წესი მოქმედებს, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ ის გარემოებები უნდა დაამტკიცოს, რომლებზეც იგი თავის მოთხოვნას ამყარებს. არ შეიძლება მხარეს ისეთი გარემოების მტკიცების ტვირთი დაეკისროს, რომლის ზიდვაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია.
განსახილველი დავის გადაწყვეტა სასამართლოს მიერ სამართლებრივი შეფასების განხორციელების შედეგად გადასაწყვეტ დავის კატეგორიას მიეკუთვნება, ასეთ დროს მოპასუხეს, სულ მცირე, იმ ფაქტებისა და გარემოებების მითითების ვალდებულება ეკისრებოდა, რომელიც სასამართლოს სამართლებრივი შეფასების განხორციელების საშუალებას მისცემდა, რაც მოცემულ შემთხვევაში, განხორციელდა კიდეც. მოსარჩელემ სადავო თავდებობის გარიგება წარმოადგინა, მოპასუხემ მიუთითა გარიგების დადების პერიოდში გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესაბამისი შემოსავლების არ არსებობის ფაქტზე. მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი მტკიცებულება, რაც გარიგების გაფორმების ეტაპზე მისი მხრიდან თავდები პირის გადახდისუუნარობის შემოწმების ფაქტს დაადასტურებდა. მტკიცების ტვირთის ობიექტურად განაწილების პირობებში, მოსარჩელეს გარიგებების მართლზომიერების საფუძვლების მტკიცება ევალებოდა, რაც ვერ განახორციელა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები, რადგან სადავო გარიგება სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევით, მაშასადამე საჯარო წესრიგის დარღვევითაა დადებული.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, რამდენადაც განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს- ,,კ------------ის’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვანო წიკლაური