განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.04.2019
საქმის ნომერი
330210016001562735
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
17.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001562735

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/2571-18 05 მარტი, 2019 წელი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - თამარ ალანია

მოსამართლეები - ქეთევან მესხიშვილი, თამარ ზამბახიძე

 

სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტი - სს „თ-----------------“

 

წარმომადგენელი - თ------–-----–--, თ--------------–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე - ა-–---------- ბ-------

 

წარმომადგენელი - თ----- რ------

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

დავის საგანი - სადაზღვევო თანხის ანაზღაურება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. მოსარჩელე ა-–---------- ბ------მა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და სს „თ-----------------------“ დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 30 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. თბილისის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა და სს „თ-----------------ს“ მოსარჩელე ა-–---------- ბ-------ს მიმართ 30 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება სს „თ-----------------მ“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს,5. სს „თ-----------------“ სადაზღვევო კომპანია „კო----------“ უფლებამონაცვლეს წარმოადგენს. 2015 წლის 12 ივნისს, ა-–---------- ბ-------ს მიერ, სს სადაზღვევო კომპანია „კ----------–-“, ავტომანქანა „L----------“, ვინ კოდით S----------------, დაიზღვა. დაზღვევის პირობების შესაბამისად, ავტომობილის დაზიანება, დაკარგვა, სრული განადგურება იქნა დაზღვეული. დაზღვეული რისკები: ავტოსაგზაო შემთხვევა, ხანძარი, აფეთქება, სტიქიური მოვლენები, მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ვანდალიზმი, საგნის დაცემა, იყო. ხელშეკრულების თანახმად, სრული ზარალი გულისხმობდა სადაზღვევო ანაზღაურების გაცემას დაზღვეული ავტომობილის როგორც სრული, ისე ნაწილობრივი დაზიანების შემთხვევაში (ს.ფ.14-27, 81).

 

6. 2015 წლის 4 სექტემბერს, ა-–---------- ბ------მა მიმართა სადაზღვევო კომპანია „კ----------ს“ და აცნობა, რომ ქ. კ---–ი, მისი კუთვნილი ავტომანქანა დაიკარგა. მან ასევე მიმართა ქ. კ---–ი ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს გ---–--------ის პოლიციის სამმართველოს და შეატყობინა, რომ 2015 წლის 04 სექტემბერს, დაუდგენელი პირი დაახლოებით 15.00 საათზე, გ---------------- #104-დან მის კუთვნილ ავტომანქანას უკანონოდ დაეუფლა. სამართალდამცავი ორგანოების მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება წინასწარი გამოძიების ერთიან რეესტრში მონაცემების შეტანაზე უარის თქმის შესახებ. 2015 წლის 17 ნოემბერს ა. ბ------მა განმეორებით მიმართა უ------ის სამართალდამცავ ორგანოებს საჩივრით, რის შემდგომაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება წინასწარი გამოძიებების ერთიან რეესტრში მონაცემების რეგისტრაციის შესახებ, უ------ის სისხლის სამართლის კოდექსის 289-ე მუხლის 3-ე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. არსებული მდგომარეობით ავტომანქანა იმყოფება ძებნაზე და მისი ადგილსამყოფელი დადგენილი არ არის (ს.ფ. 33-45, 99, 103,108).

 

7. 2015 წლის 30 დეკემბრით დათარიღებული წერილით, სადაზღვევო კომპანია „კ----------მა“ ა-–---------- ბ------ს აცნობა, რომ სადაზღვევო თანხის ასანაზღაურებლად, სადაზღვევო კომპანიისათვის უნდა წარედგინა: ა) ავტომობილის ქ. კ---–ი ქურდობის ფაქტის შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებში დაფიქსირების თარიღი და ამის დამადასტურებელი მტკიცებულება; ბ) უ------ის შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოებიდან ქურდობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) უ------ის შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოებიდან ავტომობილის ძებნაზე გადაცემის გამოცხადების დოკუმენტი (ს.ფ. 50).

 

8. 2015 წლის 04 სექტემბერს ა-–---------- ბ------მა სადაზღვევო კომპანია „კ----------ს“ სადაზღვევო შემთხვევის შესახებ აცნობა, ხოლო 2016 წლის 06 თებერვალს თანხის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა. 2016 წლის 9 თებერვლის სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტით მას უარი ეთქვა სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე, იმ მოტივით, რომ ა-–---------- ბ------მა სადაზღვევო კომპანიას არ წარუდგინა ზარალის დარეგულირებისათვის აუცილებელი შესაბამისი დოკუმენტაცია. (ფაქტობრივი გარემოებების 7 პუნქტში მითითებული დოკუმენტაცია) უარის მიზეზი 2016 წლის 16 თებერვლის წერილითაც განემარტა (ს.ფ. 45-51).

 

9. სადაზღვევო თანხა, რომელიც 30 000 აშშ დოლარს შეადგენს მოპასუხის მიერ ანაზღაურებული არ არის.

 

10. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანიას, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შედეგად, 30 000 აშშ დოლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, არ წარმოშობია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, სადაზღვევო შემთხვევის შეფასებისათვის, ანუ იმისათვის, რომ სადაზღვევო რისკი განხორციელებულად და შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევა დამდგარად ჩაითვალოს, უნდა დადგინდეს, სადაზღვევო შემთხვევა შეიცავს თუ არა ხელშეკრულებით შეთანხმებულ გამონაკლის შემთხვევებს, რამდენადაც ამგვარი შემთხვევა გამორიცხავს სადაზღვევო შემთხვევის კვალიფიკაციის და სადაზღვევო კომპანიის მხრიდან თანხის გადახდის, სამართლებრივ საფუძველს. მოცემულ შემთხვევაში, დაზღვევის ხელშეკრულების 4.17 პუნქტის თანახმად, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დამზღვევი ვალდებულია სადაზღვევო კომპანიას წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: წერილობითი განცხადება სადაზღვევო შემთხვევის შესახებ, სადაზღვევო პოლისის ორიგინალი, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ ოფიციალური ფორმით გაცემული სადაზღვევო შემთხვევის დამადასტურებელი დოკუმენტი ორიგინალის სახით, საგზაო შემთხვევის ცნობა საპატრულო პოლიციიდან კანონმდებლობით დადგენილი ფორმით, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს: ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილი და თარიღი, ავტოსაგზაო შემთხვევის ყველა მონაწილის ვინაობა, შემთხვევის მოხდენაზე პასუხისმგებელი პირი, აგრეთვე, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებები. ასევე, საგზაო შემთხვევის სქემა. ცნობა მძღოლის ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ტოქსიკურ ნივთიერებათა ზეგავლენის ქვეშ ყოფნის ფაქტის დადგენის თაობაზე. ამავე ხელშეკრულების მეორე ნაწილის 1.1.1 პუნქტის თანახმად, სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანი არ ანაზღაურდება თუ, სადაზღვევო შემთხვევა მოხდა უფლებამოსილი მძღოლის ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დროს. ასევე, 1.1.2 პუნქტის შესაბამისად, თუ გაჩერებული დაზღვეული ავტოტრანსპორტი დაზიანდა/განადგურდა დაუდგენელი პირის მიერ ან დაუდგენელ ვითარებაში და თუ დამზღვევი/მოსარგებლე/უფლებამოსილი მძღოლი აღნიშნულის შეტყობისთანავე დაუყოვნებლივ არ დაუკავშირდება მზღვეველს და საპატრულო პოლიციას და თუ მზღვეველის წარმომადგენლის მისვლამდე ავტოტრანსპორტს ადგილიდან დაძრავენ. ამასთან, 1.1.13 პუნქტის თანახმად, სადაზღვევო კომპანია უფლებამოსილია არ აანაზღაუროს ზიანი თუ დამზღვევი ან მოსარგებლე განზრახ გამოიწვევს ან შეეცდება, გამოიწვიოს სადაზღვევო/შემთხვევა ან რაიმე ხერხით გააყალბებს ან შეეცდება გააყალბოს დოკუმენტაცია. გარდა ამისა, მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.3 და 4.4 პუნქტებით განისაზღვრა დამზღვევის ვალდებულება მიიღოს ობიექტურად შესაძლო ყველა ზომა დამზღვევის საგნის გადასარჩენად და ზიანის მოცულობის მაქსიმალურად შემცირებისთვის, ასევე, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისთანავე დაუყოვნებლივ შეატყობინოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებსა და მზღვეველს პოლისში მითითებულ ნომერზე. ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად კი, ხელშეკრულების 1.1.19 პუნქტით შეთანხმდა პირობა, რომლის ძალითაც დამზღვევის ან მოსარგებლის მიერ ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევა ზარალის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი იყო.

 

განსახილველ შემთხვევაში, უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2015 წლის 04 სექტემბერს სადაზღვევო კომპანიაში ა-–---------- ბ------მა დარეკა და შეატყობინა, რომ ქალაქ უ------აში დაზღვეული ავტომობილი გაუჩინარდა. ასევე ამავე საუბრის ჩანაწერით, დგინდება, რომ ა-–---------- ბ------ს არ ახსოვდა თუ კონკრეტულად სად გააჩერა ავტომობილი ვინაიდან რამდენიმე დღე ალკოჰოლური სასმლის მიღება მოუწია. თუმცა მოპასუხე მხარე, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელირებდა, რომ დაზღვეულ პირს სამართალდამცავი ორგანოების მიმართ სადაზღვევო შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ არ უცნობებია, როგორც ეს ხელშეკრულებით იყო შეთანხმებული და ამასთანავე, არსებობდა ეჭვი დაზღვეული ავტომობილის ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მძღოლის მიერ მართვის თაობაზე. შესაბამისად, სააპელაციო პალატის საკვლევ გარემოებათა წრეს მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულების იმგვარი პირობების არსებობის დადგენა წარმოადგენს, რომელიც არსებობის შემთხვევაში სადაზღვევო შემთხვევის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურებას გამორიცხავს, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანიას ანაზღაურებაზე ვალდებულ სუბიექტად აქცევს.

 

11. თბილისის საქალაქო სასამართლოში ა-–---------- ბ-------ს მიერ აღძრულ სარჩელს დანართის სახით უ------ის სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტაცია ახლავს, კერძოდ, სისხლის სამართლის წარმოებიდან ამონაწერის თანახმად, რომელიც 2----–-–----------------- თარიღდება, ირკვევა, რომ ქ. კ---–ი ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს გ---–--------ის პოლიციის სამმართველოში შევიდა ო------–------ პატაკი ს---------------- განცხადებაზე, იმის შესახებ, რომ 2015 წლის 04 სექტემბერს დაახლოებით 15:00 საათზე მისამართზე ქ------- გ------------- N104, დაუდგენელი პირი უკანონოდ დაეუფლა დაზღვეულ ავტომობილს. ამავე ცნობაში წინასწარი გამოძიების დაწყების თარიღად (რეესტრში შეტანის თარიღად) 2015 წლის 18 ნოემბერია მითითებული. ასევე, საქმის მასალებში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია 2016 წლის 22 მარტის ცნობა, რომელშიც მითითებულია, რომ იგი მოქალაქე ა-–---------------------- ძე ბ------ს მიეცა მასზედ, რომ 2015 წლის 04 სექტემბერს ოფიციალური განცხადებით მიმართა ქ. კ---–ი ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს გ---–--------ის პოლიციის სამმართველოს და შეატყობინა, რომ ქ------- გ------------- N104, დაუდგენელი პირი უკანონოდ დაეუფლა მის ავტომობილს. შემოწმებისას მომზადდა წინასწარი გამოძიების ერთიან რეესტრში რეგისტრაციის უარის დასკვნა. 2015 წლის 17 ნოემბერს ა.რ. ბ------მა განმეორებით მიმართა ქ. კ---–ი ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს გ---–--------ის პოლიციის სამმართველოს, რის შედეგადაც შემოწმებისას მიღებულ იქნა გადაწყვეტილება წინასწარი გამოძიების ერთიან რეესტრში მონაცემების რეგისტრაციის შესახებ, ნომრით 1----------------- 18/11/2015, უ------ის სისხლის სამართლის კოდექსის 289-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებსა და მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს არ დაეთანხმა მოპასუხე სადაზღვევო კომპანია და მიუთითა, რომ მათ მიერ ა-–---------- ბ-------სთვის არაერთხელ მოხდა სადაზღვევო შემთხვევის თაობაზე უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემული და სათანადოდ დამოწმებული საბუთების წარდგენის მოთხოვნა (სს „თ------------------“ მიერ 2015 წლის 30 დეკემბერსა და 2016 წლის 16 დეკემბერს გაგზავნილი წერილები), რაც ზარალის დარეგულირების პროცესის ნაწილს წარმოადგენს და აუცილებელია სადაზღვევო რისკის განხორციელებულად მიჩნევისთვის. იმის გამო, რომ სადაზღვევო კომპანიისთვის მოსარჩელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი წესით დამოწმებული რელევანტური დოკუმენტაცია, მზღვეველმა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები გამოიყენა (4.17 პუნქტის „გ“ და „ზ“ ქვეპუნქტები, ასევე, მე-3 მუხლის 3.12 ქვეპუნქტი) და ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება სამართალდამცავი ორგანოებისთვის დაუყოვნებლივ მიმართვის შესახებ ვალდებულების შესრულებას, სადაზღვევო კომპანია აპელირებდა, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე დართული ცნობები დათარიღებულია სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტის გაცემის შემდგომი პერიოდით. ასევე, აღნიშნული ცნობები წინააღმდეგობრივია, კერძოდ, სადაზღვევო კომპანიაში სატელეფონო შეტყობინებისას მოსარჩელე მიუთითებდა, რომ რამდენიმე დღეა ალკოჰოლური სასმელის მიღება უწევს, სად დააყენა ავტომობილი არ ახსოვდა, ხოლო, უ------ის შსს-ს მიერ გაცემულ ცნობაში, რომელიც 2016 წლის 22 მარტით თარიღდება, მოსარჩელის მიერ მითითებულია კონკრეტული ადგილი საიდანაც მანქანის გაუჩინარება მოხდა. გარდა ამისა, სადაზღვევო კომპანიამ, იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ დაზღვეულმა პირმა სამართალდამცავ ორგანოებს დაუყოვნებლივ, როგორც ეს ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული, არ მიმართა, საქართველოს შ------------------------------ მიერ 2016 წლის 05 დეკემბრით დათარიღებული ცნობა წარუდგინა. ცნობაში, მითითებულია, რომ 2015 წლის 18 ნოემბერს 06:00 საათზე ეროვნული პოლიციის ქ-------ს მთავარი სამმართველოს გ---–--------ის სამმართველოს სამორიგეო ნაწილს განცხადებით მიმართა უ------ის მოქალაქე ს----–---------–-------------------, მასზედ, რომ 2015 წლის 04 სექტემბერს, მისამართზე ქ------- ა------------------------ ქუჩა N104, ავტომობილის დაკარგვის ფაქტი აღმოაჩინა. აღნიშნულ ფაქტზე იმავე დღეს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ნიშანდობლივია, რომ სადაზღვევო კომპანია „კ----------მა“ ს----------–----–----------------------------------ს გაგზავნილი წერილით N----------, სამინისტროს ავტომობილის კ---–ი ქურდობის ფაქტის შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებში დაფიქსირების თარიღის შეტყობინება მოსთხოვა. სამინისტროს წერილში კი, დაზღვეული ავტომობილის ქურდობის ფაქტის შესახებ წარმოებულ საქმეზე პოლიციისთვის მიმართვის ერთადერთ თარიღად 2015 წლის 18 ნოემბერია მითითებული.

 

12. ცალსახაა, რომ მოსარჩელისა და მოპასუხის მიერ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოსარჩელის მიერ უ------ის სამართალდამცავ ორგანოების მიმართვის თარიღი ერთმანეთს არ ემთხვევა, ანუ წარდგენილი მტკიცებულებები წინააღმდეგობრივია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს გულისხმობს. შესაპირისპირებელი მტკიცებულებები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134-139-ე მუხლების კონტექსტში მოწოდებულ ინფორმაციას წარმოადენს, რომელიც სანდოობის, სარწმუნოობისა და ობიექტურობის თვალსაზრისით უნდა შეფასდეს, რაც, რა საკვირველია, არა მხოლოდ ამ მტკიცებულების, როგორც ინდივიდუალურად აღებულის, არამედ, მხარეთა შორის უდავო/სადავო ფაქტებისა და მათი განვითარების ქრონოლოგიასთან, ასევე, მოწინააღმდეგე მხარის მიერ გამოთქმულ შედავებებთან ერთობლიობაში უნდა შემოწმდეს და ამ გზით უნდა დადგინდეს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-28-25-2017).

 

მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული სასამართლოს როლს მტკიცებულებების დასაშვებად ცნობასა და მათი შეფასების ნაწილში ასევე ამყარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალიც, რომლის თანახმად, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი მხოლოდ პროცესუალურ დონეზე მტკიცებულების ადმინისტრირებას მოიცავს. მტკიცებულების დასაშვებობა ან ის თუ, როგორ უნდა შეფასდეს იგი, პირველ ყოვლისა, ეროვნული სასამართლოების კომპეტენციაა, ეროვნული სასამართლოების ამოცანაა შეაფასონ მათ წინაშე არსებული მტკიცებულებები, ამრიგად, კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ევროსასამართლოს შესაძლებლობას არ აძლევს მხოლოდ მტკიცებულებათა შეფასების მხრივ ეჭვქვეშ დააყენოს სამოქალაქო დავის შედეგის სამართლიანობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე „გარსია რუიზი ესპანეთის წინააღმდეგ“, (García Ruiz v. Spain) [GC], § 28, ასევე, ამავე სასამართლოს განჩინება საქმეზე „ფარანჟი S.A. საფრანგეთის წინააღმდეგ“, (Farange S.A. v. France). თუმცა, სტრასბურგის სასამართლო მტკიცებულებათა შეფასების კონტექსტში მუდმივად აღნიშნავს, რომ კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, სასამართლოები ვალდებულნი არიან პროცესის სამართლიანობა უზრუნველყონ, რომელიც, ასევე, მოიცავს მტკიცებულებათა მოპოვების პროცესის სამართლიანობის შემოწმებას. სხვა მხრივ, მხოლოდ ეროვნული სასამართლოს პრეროგატივაა შეაფასოს მხარეთა არგუმენტები, მტკიცებულებები და საქმის სხვა ფაქტობრივი გარემოებები (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე „ელშოლზი გერმანიის წინააღმდეგ“, (Elsholz v. Germany [GC], § 66, ამავე სასამართლოს განჩინება საქმეზე „ვან დე ჰურკი ჰოლანდიის წინააღმდეგ“ § 59, (Van de Hurk v. the Netherlands)).

 

13. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დისპოზიციურობისა და მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრული რეალიზაციის პირობებში, საქმის უდავო და სადავო ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს შეექმნა მტკიცებულებებით გამყარებული შინაგანი რწმენა, რომ გადაწყვეტილება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად საქართველოს შ------------------------------ მიერ გაცემულ ცნობას უნდა დაეყრდნოს, რომელიც მოპოვებულია საქართველოსა და უ------ის კომპეტენტურ ორგანოებს შორის კომუნიკაციის შედეგად. პალატა აქვე აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიციას უმნიშვნელოვანესი როლი გააჩნია, მის მნიშვნელობას სააპელაციო პალატა, როგორც საქართველოს ასევე, უ------ის ტერიტორიაზეც აღიარებს, მსგავსი აღიარება კი, მათ მიერ შედგენილ დოკუმენტაციას განსაკუთრებით მყარ/სარწმუნო მტკიცებულებად აქცევს. თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში არაერთი ბუნდოვანება არსებობს, კერძოდ, უ------ის პოლიციის მიერ გაცემულ ცნობებში მანქანის გაუჩინარების კონკრეტული ადგილია მითითებული, მაშინ, როდესაც თავად მოსარჩელის მიერ სადაზღვევო კომპანიისთვის შემთხვევის შესახებ შეტყობინებისას კონკრეტული მდებარეობის მითითება ვერ მოხერხდა. ასევე, საქმის მასალებში არ არსებობს სადაზღვევო შემთხვევის დროით დათარიღებული დოკუმენტი, რომელიც დაზღვეული პირის მიერ კომპეტენტური ორგანოებისთვის დაუყოვნებლივ მიმართვის ფაქტს დაადასტურებდა. საქმეში მხოლოდ 2015 წლის ნოემბრით დათარიღებული ცნობებია, რომლებიც მართალია მიუთითებენ სადაზღვევო შემთხვევის შესახებ 2015 წლის სექტემბერში გაცხადების შესახებ, მაგრამ აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის ლოგიკასთან, კერძოდ, სადაზღვევო კომპანიის მხრიდან არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, თუ რატომ არ მიაწოდა დაზღვეულმა პირმა სადაზღვევო კომპანიას ხსენებული დოკუმენტაცია.

 

ასევე, მოსარჩელის მიერ 2015 წლის სექტემბერში ქ-------ს პოლიციისთვის მიმართვის თაობაზე მტკიცება ეწინააღმდეგება საქართველოს შ------------------------------ 2016 წლის 05 დეკემბრის ოფიციალურ წერილში არსებულ ინფორმაციას. ამ მიმართებით, პალატა მიუთითებს, რომ სს „კ----------მა“ საქართველოს შ------------------------------, როგორც ოფიციალურ ორგანოს, 2015 წლის 15 ოქტომბერს, დახმარებისთვის მიმართა და დაკარგული ავტომობილის ქ. კ---–ი ქურდობის ფაქტის შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებში დაფიქსირების შესახებ ინფორმაციის მოძიება სთხოვა (ს.ფ. 86). მოთხოვნა ზოგადი ხასიათის იყო და უ------ის პოლიციაში დაინტერესებული პირის მიერ მიმართვის ნებისმიერი შემთხვევის თაობაზე ინფორმაციის მოწოდებას ისახავდა მიზნად. საქართველოს შ------------------------------ 2016 წლის 05 დეკემბრის წერილში ავტომანქანის გაუჩინარების შესახებ პოლიციისთვის მიმართვისა და სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თარიღად 2015 წლის 18 ნოემბერია მითითებული (ს.ფ. 94). ნიშანდობლივია, რომ უ------ის ეროვნული პოლიციის სისხლისსამართლებრივი ძებნის დეპარტამენტის მიერ ავტომანქანის დაკარგვის ფაქტის შემოწმება 2016 წლის 16 სექტემბრის წერილის საფუძველზე ჩატარდა და შესაბამისად ს----------–----–----------------------------------ს მოწოდებული ინფორმაცია აღნიშნულის შემდგომ პერიოდს მოიცავდა. თავად მოსარჩელის განმარტებითა და საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებით (უ------ის შ-----------------------------, ქ. კ---–ი მთავარი სამმართველოს გ---–--------ის რაიონული სამმართველოს 2016 წლის 06 იანვრის ცნობა, ს.ფ. 160) დგინდება, რომ ქ. კ---–ი, 2015 წლის 04 სექტემბერს, ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს გ---–--------ის პოლიციის სამმართველოს სამმართველოს ოპერმუშაკებმა გამოიტანეს ნაადრევი დასკვნა ა-–---------- ბ-------ს საქმეზე, უარი ეთქვათ წინასწარი გამოძიების დაწყებაზე, ამავე წერილობითი დოკუმენტით დგინდება, რომ 2015 წლის ნოემბრის თვეში დაწყებულ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას 2015 წლის სექტემბერში პოლიციაში მიმართვის დოკუმენტაცია მიუერთდა. ზემოაღნიშნულიდან ცალსახაა, რომ საქართველოს შ------------------------------ მიერ უ------ის შესაბამის ოფიციალურ ორგანოსთვის მიმართვის დროისთვის (2016 წლის 16 სექტემბერი) ხსენებული ორი წარმოება ერთ მთლიანობას წარმოადგენდა. აღნიშნულის მიუხედავად, საქართველოსა და უ------ის ოფიციალური ორგანოების ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში მოპოვებულ დოკუმენტაციაში დაკარგული ავტომობილის თაობაზე პოლიციისთვის მიმართვის თარიღად მხოლოდ 2015 წლის 18 ნოემბერი ფიქსირდება და მასში ა-–---------- ბ-------ს მიერ 2015 წლის სექტემბერში პოლიციისთვის მიმართვის თაობაზე არაფერია ნათქვამი. პალატა დამატებით განმარტავს, რომ ვინაიდან 2015 წლის ნოემბერში სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო და ა-–---------- ბ-------ს მიერ 2015 წლის სექტემბერში ქ------ს პოლიციაში მიმართვის დოკუმენტაცია 2015 წლის ნოემბერში დაწყებულ წარმოებას მიუერთდა, საქართველოს შ------------------------------ მიერ ხსენებულ ფაქტზე ინფორმაციის ოფიციალურად გამოთხოვის დროს, სექტემბრის თვეში ა-–---------- ბ-------ს მიერ პოლიციისთვის მიმართვის ფაქტი უთუოდ იქნებოდა მითითებული, რასაც ადგილი არ ჰქონია. ზემოაღნიშნულის თანახმად, საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულების კვლევისას, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ უ------ულიდან ქართულად თარგმნილ დოკუმენტაციებში უზუსტობები არსებობს, ამ პირობებში სააპელაციო პალატა ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით და განმარტავს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტის მიზნებისთვის მხედველობაში იღებს და ხელმძღვანელობს საქართველოს შ------------------------------ მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტით, რომელიც ხსენებულ ქვეყნებს შორის სამართლებრივი დახმარების ფარგლებშია მოპოვებული და სასამართლოსთვის მაღალი ლეგიტიმაციის მქონე მტკიცებულებას წარმოადგენს.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სადაზღვევო შემთხვევის შესახებ დაზღვეული პირის მიერ კომპეტენტური ორგანოებისთვის მიმართვის ზუსტი თარიღის დადგენა, აუცილებელია არა მხოლოდ „დაუყოვნებლივ მიმართვის“ ვალდებულების შესრულების დასადგენად არამედ, იმ აპელირების გასაბათილებლადაც, რომელსაც მოპასუხე ემყარებოდა. კერძოდ, სადაზღვევო კომპანია აცხადებდა, რომ შესაძლებელია ადგილი ჰქონოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის დისპოზიციით განსაზღვრულ მოცემულობას, რა დროსაც დაზღვეული პირის განზრახი ან/და უხეში გაუფრთხილებელი მოქმედებისას სადაზღვევო კომპანია სადაზღვევო ზიანის ანაზღაურებისგან თავისუფლდება, უხეშ გაუფრთხილებლობა კი, მოსარჩელის ალკოჰოლური თრობის ქვეშ მანქანის მართვას უკავშირებდა. პალატა მიუთითებს, რომ მიუხედავად მეზობელი ქვეყნის შესაბამისი ორგანოების კომპეტენციისა, არსებობს გონივრული ეჭვი, მასზედ, რომ ავტომანქანის მძღოლის მიერ განხორციელდა იმგვარი ქმედებები, რომლებიც პოლიციისთვის ობიექტურად შეუძლებელს ხდიდა ნამდვილი სამართალდამრღვევის დადგენას, კერძოდ, სადაზღვევო შემთხვევის შესახებ დაგვიანებით შეტყობინების გამო შეუძლებელი გახდა მოსარჩელის გამოკითხვა და იმის დადგენა მანქანის გაჩერების დროს იგი ნასვამ მდგომარეობაში ხომ არ იმყოფებოდა. აღნიშნული კი, ცხადყოფს, რომ ა-–---------- ბ------მა, როგორც სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლით ასევე, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 1.1.7 და 4.17 (ვ) პუნქტებით მისთვის დაკისრებული ვალდებულების შესრულება ვერ უზრუნველყო, მისი მხრიდან უხეში გაუფრთხილებლობის (ალკოჰოლური თრობის) გამომრიცხველი მტკიცებულებები ვერ წარადგინა, რაც თავის მხრივ, სადაზღვევო კომპანიას, სხვა წინაპირობების დამტკიცების შემთხვევაში, ანაზღაურების ვალდებულებას წარმოუშობდა.

 

14. სამოქალაქო პროცესში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალურ წესს ითვალისწინებს (მაგ. შრომითსამათლებრივი დავები) მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი წესი მოქმედებს, არ შეიძლება მხარეს ისეთი გარემოების მტკიცების ტვირთი დაეკისროს, რომლის ზიდვაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია.

 

განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პირობებში, მოსარჩელე მხარეს სადაზღვევო შემთხვევის დადგომისა და ყველა იმ ვალდებულების გამომრიცხველი გარემოებების არარსებობის ფაქტის დადასტურება ევალებოდა, რომლებიც მხარეთა შორის შეთანხმებული ხელშეკრულებით განისაზღვრა. მართალია სადაზღვევო შემთხვევის დადგომისა და სადაზღვევო კომპანიისთვის აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის დროულად მიწოდების ფაქტი უდავოდ დადასტურდა, თუმცა, მოსარჩელემ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად ვერ დაადასტურა და სასამართლოს ვერ შეუქმნა მტკიცებულებით გამყარებული შინაგანი რწმენა მასზედ, რომ დაზღვეული მანქანის გაუჩინარების შესახებ კომპეტენტურ ორგანოებს დაუყოვნებლივ აცნობა, მანქანის შემთხვევის ადგილას გაჩერების დროს იგი ნასვამ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა და მის მიერ განხორციელდა ყველა ზომა, რომელიც ზიანის შემცირებას ემსახურებოდა.

 

რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, მისთვის კანონით დაკისრებულ მტკიცების ტვირთს სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის წინაპირობების არსებობის დადასტურება წარმოადგენდა, რომელიც მან წარმატებით დასძლია. კერძოდ, სასამართლოს წარმოუდგინა მოსარჩელისთვის გაგზავნილი შეტყობინებები დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ, საქართველოს შ------------------------------ წერილი, რომლითაც დასტურდება, რომ სადაზღვევო შემთხვევის უ------ის პოლიციისთვის მიმართვის თარიღს მხოლოდ 2015 წლის ნოემბერი წარმოადგენდა, ასევე შესაგებელს დაურთო სადაზღვევო შემთხვევის მოხსენების შესახებ ჩანაწერი, სადაც მოსარჩელე მხარე რამდენიმე დღის განმავლობაში ალკოჰოლის მიღებისა და მანქანის გაჩერების ადგილსამყოფელის არ ცოდნის შესახებ მიუთითებს.

 

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებითა და მათ მიერ მითითებული მტკიცებულებებით. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთ პირობებში, სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მტკიცების ნაკლი კი სამართალწარმოებაში მხარისათვის არასასურველ შედეგს იწვევს. განსახილველ შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანია სს „თ------------------“ სააპელაციო საჩივარი დასაბუთებულია, ხოლო იმ მტკიცების ნაკლის გამო, რომელიც მოწინააღმდეგე მხარემ ვერ გასწია, სასამართლო ადგენს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების, გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არსებობს.

 

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელის სარჩელი პირველ ინსტანციაში სრულად დაკმაყოფილდა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილების შეცვლით სარჩელი არ დააკმაყოფილა, მოსარჩელე ა-–---------- ბ-------ს მიერ სარჩელზე წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2 118,33 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად უნდა ჩაითვალოს, ხოლო, აპელანტი სს „თ------------------“ მიერ სააპელაციო საჩივარზე წინასწარ, ბაჟის სახით, გადახდილი 2 9 28,24 ლარის ანაზღაურების ვალდებულება ა-–---------- ბ------ს უნდა დაეკისროს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 386-ე, 389-ე, 47-ე, 48-ე, 55-ე მუხლებით, იხელმძღვანელა და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სს „თ------------------“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. ა-–---------- ბ-------ს სარჩელი სს „თ------------------“ მიმართ სადაზღვევო თანხის ანაზღაურების დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

 

4. ა-–---------- ბ-------ს მიერ სარჩელზე წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2 118,33 ლარი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად;

 

5. ა-–---------- ბ------ს სს „თ------------------“ სასარგებლოდ დაეკისროს სს „თ------------------“ მიერ სააპელაციო საჩივარზე წინასწარ ბაჟის სახით გადახდილი 2 928,24 ლარის ანაზღაურება;

 

6. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება მისი გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

 

თავმჯდომარე თამარ ალანია

მოსამართლეები ქეთევან მესხიშვილი თამარ ზამბახიძე