განაჩენი

სისხლის სამართლის 18.04.2019
საქმის ნომერი
120100118002578269
ინსტანცია
თარიღი
18.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100118002578269

საქმე №1ბ/486-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

18 აპრილი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის კ---------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ----–---------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი #------------ რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ა---––------------–---------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ა“ ქ/პ.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ვ----–---------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნების თანდასწრებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის მაისის თვის შუა რიცხვებში ა---––----------------------–-------აში მცხოვრებმა ვ----–---------მა არასრულწლოვანი შვილიშვილის თანდასწრებით საცხოვრებელი სახლის ეზოში შუადღის საათებზე არასრულწლოვან შვილიშვილს 2002 წლის 21 ივნისს დაბადებულ მ---------------ს სახლში დაგვიანებით დაბრუნების გამო მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ ხელის დარტყმით თავის არეში ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც მ---------------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის განაჩენით ვ----–---------ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ა“ ქ/პ წარდგენილ ბრალდებაში.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კ---------–---–---–მა, რომელმაც მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად ვ----–---------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ვ----–---------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. საყურადღებოა მოწმის სახით გამოკითხული სოც. მუშაკის მ--------------–---–ის ჩვენება, რაც აუცილებლად გასაზიარებელი უნდა ყოფილიყო სასამართლოსთვის.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გამოიკვლია და შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ვ----–---------ის მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენას.

 

დაზარალებულ მ--------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ბებიასა და ბაბუასთან ვ----–---------თან ერთად სოფელ ფ-----ში, როდესაც ბაბუამ მ------- მაღაზიაში გააგზავნა, მას გზაში შეხვდნენ ბავშვები, რომლებიც ფრენბურთს თამაშობდნენ. მ-------ც შეუერთდა მათ და თამაში დაასრულეს უკვე საღამოს 8-ის ნახევარი იქნებოდა, მაღაზია დაკეტილი იყო. როდესაც სახლში დაბრუნდა, ბაბუა მას გაუწყრა, ვინაიდან გაფრთხილებული იყო, რომ საღამოს საათებში გარეთ გასვლას მორიდებოდა, ამაზე განაწყენებულმა მ------მა კი დარეკა 112-ში, მაგრამ რეალურად ბაბუას მისთვის არ დაურტყამს. მას უნდოდა ბაბუაზე საყვედურის და სიმკაცრის გამო შური ეძია და სწორედ ამის გამო დარეკა 112-ში.

 

მოწმე თ-------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მისი და მ------- სახლიდან გავიდა და უკვე საღამო ხანი იყო, რომ სახლში არ იყო დაბრუნებული, ამაზე ბაბუამ ვ----–---------მა მას უთხრა, რომ გასულიყო და მოეძებნა მ-------, ვინაიდან ბაბუის მიერ გაფრთხილებულნი იყვნენ, რომ საღამოს საათებში გარეთ არ გასულიყვნენ. თ-----მ მ------- სახლში როდესაც მოიყვანა, ბაბუამ ხმამაღალი სიტყვით უთხრა შენიშვნა, მაგრამ მას შეურაცხყოფა არ მიუყენებია. მხოლოდ ხმამაღალი შენიშვნა, გაფრთხილება მისცა, რომ მეორედ ეგრე აღარ გაეკეთებინა. იგი არ შესწრებია იმ ფაქტს, რომ ბაბუას მისი დისთვის ხელი დაერყა ან რაიმე სახის ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინა.

 

მოწმე მ------ ჯ-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს სამცხე- ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში და არის სოციალური მუშაკი. მ------ და თ-------------ეები ოჯახში მომხდარი კონფლიქტი გამო არიან გადაუდებელ მინდობით აღზრდაში გადაყვანილები 2018 წლის 30 მაისიდან და შემდეგ უკვე რეგულარულ მინდობით აღზრდაში. მოცემულ სისხლის სამართლის საქმის დროს იგი იყო არასრულწლოვნების კანონიერი წარმომადგენელი.

 

ვ----–---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ თავს არ ცნობს დამნაშავედ. ცხოვრობს ა---––----------------------–-------აში, მისი შვილი თ--------------ი თურქეთში არის წასული სამუშაოდ, ხოლო შვილიშვილები 8-9 წლის განმავლობაში მასთან იზრდებოდნენ. როდესაც მისი მეუღლე მთაში იყო წასული საქონლის მოსავლელად ბავშვებს თავად უვლიდა. ამ პერიოდის მანძილზე მას მიაჩნდა, რომ ბავშვები არასწორედ იქცეოდნენ, ღამე გარეთ გადიოდნენ, სახლში გვიან ბრუნდებოდნენ. ერთ დღეს მ------- მაღაზიაში გააგზავნა, ხოლო მ------მა 3-4 საათი დააგვიანა, რაზეც მოგვიანებით მისი და თ----- გ------ე წავიდა მის მოსაძებნად. დაბრუნებისას ვ----–---------მა მ------ს ხელი დაადო მხარზე და საყვედური უთხრა, დაგვიანების გამო. ვინაიდან გოგოები იყვნენ გარდატეხის ასაკში, ბაბუა ცდილობდა, რომ ისინი სახლიდან გვიან არსად გაეშვა. როცა აგვიანებდნენ სახლში დაბრუნებას ბაბუა ვ----–---------ი მათ შენიშვნას აძლევდა.

 

2018 წლის 31 მაისის N4--------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მ---------------ს სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. ამდენად, სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ შეიცავს ინფორმაციას ვ----–---------ის მიერ მ--------------ის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის შესახებ.

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა დ-------------–---–მა, თავისი ჩვენებით დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ 2018 წლის 31 მაისს ახალციხის რაიონული სამმართველოს დადგენილების საფუძველზე მის მიერ პირადად შემოწმებულ იქნა 2002 წელს დაბადებული ა---––----------------------–-------აში მცხოვრები მ---------------, როგორც საქმის გარემოებაში მითითებულია, 2018 წლის მაისის თვეში ა---––----------------------–-------აში მცხოვრებ მ---------------ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მისმა პაპამ ვ----–---------მა თავის საცხოვრებელ სახლის ეზოში. დ-------------–---–ის მიერ შემოწმებულ იქნა პირადად პირადი დასკვნის მონაცემების მიხედვით აღნიშნულ მოქალაქეს ჩივილები არ ჰქონდა. ობიექტური გასინჯვით სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. დასკვნის მიხედვით მოქალაქე მ---------------ს სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშანი არ აღენიშნებოდა. სუბიექტური მონაცემებით მას არაფერი არ აწუხებდა.

 

მოწმე ა-–-------------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში დეტექტივ გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის მაისის თვის ბოლოს შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში შევიდა მ--------------ის შეტყობინება იმის თაობაზე, რომ ბაბუა აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკური შეურაცხყოფას, რაზეც დაწყებულ იქნა გამოძიება. გამოძიების ფარგლებში მის მიერ სოციალური მუშაკის მონაწილეობით დაკითხულ იქნა არასრულწლოვანი მოწმე მ---------------, მისი და თ-------------ე, ასევე დანიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, გამოძახებული იქნა ვ----–---------ი, რომლისგანაც მიიღეს მისივე ჩვენება მისივე თანხმობით.

მოწმე თ------------------მა განმარტა, რომ მუშაობს შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში და დაადასტურა მის მიერ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ვ----–---------ის ბრალდება, ვინაიდან წარდგენილი მტკიცებულებები, არ იძლევა მყარ საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ ვ----–---------მა ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება.

 

როგორც აღინიშნა, თავად დაზარალებულის განმარტებით, ბაბუას მის მიმართ არანაირი ძალადობა არ განუხორციელებია, უბრალოდ ხმამაღალი ტონით მიცემული შენიშვნის გამო გაბრაზდა და დარეკა 112-ში, ასევე თ-------------ის განმარტებით, ის და მისი და მ--------------- იმყოფებოდნენ ერთად, როდესაც ბაბუამ ვ----–---------მა დაგვიანების გამო უსაყვედურა მის დას, რომელიც აღელდა და გავიდა მეორე ოთახში, ბაბუის მხრიდან არანაირ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, ერთადერთი მთავარი მტკიცებულება, რომლითაც უნდა დადგენილიყო შესაძლო დანაშაულის შემადგენლობა, სახეზე არ არის.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ირიბია მოწმის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.

 

მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით არ დაადასტურა ვ----–---------ის მიერ მასზე შესაძლო ძალადობის ფაქტი. უშუალო თვითმხილველი, რომელსაც ექნებოდა რაიმე ინფორმაცია ვ----–---------ის მიერ განხორციელებული შესაძლო ძალადობის შესახებ, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დაზარალებულს დაზიანების რაიმე ნიშანი არ აღენიშნება. მოწმე მ--------------–---–ს შესაძლო ძალადობის შესახებ ინფორმაცია მიღებული აქვს მ--------------ისგან, რომელმაც სასამართლოში ჩვენების მიცემისას უარყო რაიმე სახის ძალადობა ბაბუის მხრიდან.

ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ფონზე, ბრალდების მხარის პოზიციას, რომ ვ----–---------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან არ არსებობს არცერთი პირდაპირი, უტყუარი მტკიცებულება, რომლის შინაარსიდან გამომდინარე დადგინდებოდა ვ----–---------ის მხრიდან არასრულწლოვნი მ--------------ის მიმართ ძალადობრივი ქმედების ფაქტი.

 

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’; საქართველოს სსსკ-ის მე-269 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, ხოლო როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ვ----–---------მა ჩაიდინა დანაშაული.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულმა მტკიცებულებებმა არ მისცეს პალატას ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რითაც დადასტურდებოდა ვ----–---------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის განაჩენი ვ----–---------ის მიმართ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის კ---------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის განაჩენი ვ----–---------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ვ----–---------ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ვ----–---------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო, რომელიც უზრუნველყოფილი არ არის, გაუქმებულია.

 

ვ----–---------ს განემარტა,რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი