განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.02.2019
საქმის ნომერი
330310017001911796
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
28.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017001911796

საქმე №3ბ/902-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე- ნინო ქადაგიძე

მოსამართლეები - გელა ბადრიაშვილი

მარიამ ცისკაძე

 

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი - საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი;

მოწინააღმდეგე მხარე - ც---–- ბ----–--ე;

თავდაპირველი მოპასუხე - საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი

ინდივიდუალური ადმინისტრაცულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის გაუქმება და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს არ დაეკისრება სოლიდარულად სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ც---–- ბ----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2017 წლის 1--------–---------- ბრძანება და მოპასუხეს დაევალა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ც---–- ბ----–--ის მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში; ამავე გადაწყვეტილებით, სასარჩელო მოთხოვნა სხვა ნაწილში არ დაკმაყოფლდა. მოპასუხეებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, მოსარჩელე - ც---–- ბ----–--ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის სააუქციონო კომისიის 2008 წლის 1-----------------–----–-----------------------------------–------- ოქმით დგინდება, რომ ,,სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ'' საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად თვითმმართველი ერთეულის ქონების - არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მდებარე ქ-------------------–------------------------------------–-----–---------–--–---------- მ2 პრივატიზების მიზნით მოწყობილ აუქციონზე შეთავაზებული ფასის - 229 324 ლარი (ქონების საწყისი ფასი 228 824 ლარი) საფუძველზე ც---–- ბ----–--ე გამოვლინდა გამარჯვებულად და ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი პირობით საკუთრებაში გადაეცა თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული 23 688 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.ფ. 31-33).

 

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის მიერ 2008 წლის 08 დეკემბერს გაცემულ იქნა საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა N 1--- ც---–- ბ----–--ის სახელზე, რომლითაც ირკვევა, რომ მას საკუთრებაში გადაეცა არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ფართობით 23 688 კვ.მ., მდებარე ქ. რ---------------–-------------------------------------------–-----–---------–--–-). საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გაცემულ იქნა თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ქონების სააუქციონო კომისიის 2008 წლის 1-----------------------–------ ოქმის საფუძველზე მასში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით.(ს.ფ. 34)

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 09 დეკემბრის ამონაწერით (განცხადების რეგისტრაცია 09.12.2008 წ. N 8-----------) დგინდება, რომ უძრავი ნივთის მდებარე ქ. რუსთავი, თ---–----------- მიმდებარე ტერიტორია, საკადასტრო კოდი N0-----------, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 23 688 კვ.მ. მესაკუთრეს წარმოადგენს ც---–- ბ----–--ე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის 08.12.2008 წ. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა N 1---. (ს.ფ. 35-36).

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2017 წლის 14 თებერვლის N 2-------- მიმართვით ც---–- ბ----–--ეს 02.02.2017 წ. N 1----- განცხადების პასუხად ეცნობა, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-წითელი ხიდი (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთის და რუსთავი- სადახლოს გზების განახლებისათვის მიმდინარეობს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური პროექტის მომზადება, რის გამოც დეპარტამენტს ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია შეზღუდვის მანძილის შემცირების ან შეზღუდვის მოხსნის საკითხის განხილვა, ვინაიდან აღნიშნულმა შესაძლოა არსებითი გავლენა იქონიოს პროექტის ღირებულებაზე.(ს.ფ. 43-44).

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას 2017 წლის 15 მარტს განცხადებით მიმართა ც---–- ბ----–--ემ მოპასუხე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგელობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართ ამ უკანასკნელის 2017 წლის 14 თებერვლის N 2-------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის თაობაზე (საქმე N3/1------). თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 მარტის განჩინებით ც---–- ბ----–--ეს წარდგენილ სარჩელზე დაუდგინდა ხარვეზი და განესაზღვრა საპროცესო ვადა მის შესავსებად., ხოლო ამავე წლის 27 აპრილს მიღებულ იქნა განჩინება, რომლითაც ც---–- ბ----–--ის სარჩელი არ იქნა მიღებული წარმოებაში.(ს.ფ. 17-31, 90-92, 110-112).

 

საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს 2017 წლის 27 მარტს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ც---–- ბ----–--ემ და მოითხოვა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგელობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2017 წლის 14 თებერვლის N 2-------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2017 წლის 03 აპრილის N 0------ მიმართვით ც---–- ბ----–--ეს ადმინისტრაციულ საჩივართან (29.03.2017 წ. სამინისტროში შესული იქნა ფოსტით) დაკავშირებით ეცნობა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე წერილის ადრესატს დაევალა 02 სამუშაო დღის ვადაში გასაჩივრების ვადასთან მიმართებაში დამატებითი პოზიციის წარდგენა.

 

2017 წლის 06 აპრილს საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინტროში შპს ,,საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით გადაგზავნილ იქნა ც---–- ბ----–--ის წერილობითი მოსაზრება 03.04.2017 წ. N 0------ წერილთან დაკავშირებით და განემარტა, რომ გასაჩივრებულ - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2017 წლის 14 თებერვლის N 2-------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით კანონით დადგენილი ერთ თვიან ვადაში - 15.03.2017 წ. შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სარჩელი და მიმართული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რის გამოც არ იყო დარღვეული საჩივრის წარდგენის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადები.(ს.ფ. 89, 94-97, 101-102).

 

საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტოს 2017 წლის 1--------–ის N0------ მიმართვით ც---–- ბ----–--ეს ეცნობა, რომ უარი ეთქვა 2017 წლის 2---------- ადმინისტრრაციული საჩივრის განხილვაზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2017 წლის 14 თებერვლის N 2-------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მიერ 2017 წლის 1--------–ს მიღებულ იქნა ბრძანება N 6----, რომლითაც ც---–- ბ----–--ეს უარი ეთქვა 2017 წლის 2---------- ადმინისტრაციული საჩივრის (სამინისტროში რეგისტრირებული 29.03.2017 წ. N 1------) განხილვაზე სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2017 წლის 14 თებერვლის N--------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით.(ს.ფ. 104-106).

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგელობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2017 წლის 14 თებერვლის N 2-------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2017 წლის 1--------–ის N6---- ბრძანება გასაჩივრებულ იქნა ც---–- ბ----–--ის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2017 წლის 04 მაისს ადმინისტრაციული სარჩელის შეტანის გზით.(ს.ფ. 1-16).

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს მთავრობის მიერ 2009 წლის 18 თებერვალს მიღებულ იქნა განკარგულება N104 ,,საქართველოს საავტომობილო გზების რიგ მონაკვეთებზე რეკონსტრუქცია – მოდერნიზაციის (მშენებლობის) სამუშაოების განხორციელების მიზნით ზოგიერთ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ'', რომელშიც 2014 წლის 01 სექტემბრის N1505 განკარგულებით შეტანილ იქნა ცვლილება და პრეამბულა, პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაგეგმილია თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის ზაჰესი- ნატახტარის და ჩუმათელეთი- ნახშირღელეს მონაკვეთების, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის, ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ფონიჭალა-მარნეულის მონაკვეთის, თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის და თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოების დაწყება, აღნიშნული საავტომობილო გზების მონაკვეთებზე საპროექტო გადაწყვეტილებებით დაგეგმილი სამუშაოების დასრულებამდე, მიზანშეუწონელია გზის ღერძიდან 100- მეტრიან ზოლში მიწების გასხვისება და გზისპირა ინფრასტრუქტურის ობიექტების განთავსებაზე ტექნიკური პირობების გაცემა, რადგან რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოების დასრულებადე, შესაძლებელია, აუცილებელი გახდეს მიწების გამოსყიდვა და ახლადგანთავსებული ინფრასტრუქტურის ობიექტების დემონტაჟი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან იქნება დაკავშირებული. აღნიშნულიდან გამომდინარე: 1. ეთხოვოთ ქალაქ თბილისის, ქალაქ ქუთაისის, ქალაქ რუსთავის, ქალაქ მცხეთის, ქალაქ გორის, მარნეულის, გარდაბნის, საგარეჯოს, კასპის, ქარელის, ხაშურის, ხარაგაულის, ზესტაფონის, თერჯოლის, წყალტუბოსა და სამტრედიის მუნიციპალიტეტების აღმასრულებელ ორგანოებს, რომ ზემოაღნიშნული საავტომობილო გზების რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციით გათვალისწინებულ მონაკვეთებზე, საპროექტო გადაწყვეტილებებით დაგეგმილი სამუშაოების დასრულებამდე, შეაჩერონ გზის ღერძიდან 100- მეტრიან ზოლში მიწების გასხვისება და გზისპირა ინფრასტრუქტურის ობიექტების განთავსებაზე ნებართვების გაცემა. 2. საავტომობილო გზების პერსპექტიულ განვითარებასთან ერთად, გზისპირა ზოლში ინფრასტრუქტურის სხვადასხვა სახის ობიექტების (დასასვენებელი ადგილები, საზოგადოებრივი კვების და სავაჭრო ობიექტები, ტექმომსახურებისა და ავტოგასამართი სადგურები) განთავსების საკითხისა და მათი არქიტექტურულ- ესთეტიკური იერსახის განხილვა განხორციელდეს კომპლექსურად, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი ორგანოების თანამშრომლობისა და შეთანხმების გზით“.

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მიერ 2017 წლის 13 იანვარს გამოცემულ იქნა ბრძანება N 1-- ,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დამტკიცების შესახებ''., რომლითაც განისაზღვრა, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი არის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს. აღნიშნული დებულების მე-3 მუხლი ადგენს დეპარტამენტის საქმიანობის სფეროს და ამოცანებს, რომელთაგან ერთ-ერთ მნიშვნელოვანს წარმოადგენს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დაპროექტება, მშენებლობა, მოდერნიზება, რეკოსნტრუქცია, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნებისა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით გზების კეთილმოწყობა და სრულქმნა, დამთავრებული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების საექსპლუატაციოდ მიღება საქართველოს კანონმდებლოით დადგენილი წესით. დებულება ადგენს ასევე დეპარტამენტის ანგარიშვალდებულებას და მისი მე-3 მუხლი უთითებს, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წინაშე. მინისტრი უფლებამოსილია დეპარტმანეტის ხელმძღვანელის აქტები ცნოს ძალადაკარგულად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს ეზღუდებოდა რა მის საკუთრებაში რიცხული ქონებით სარგებლობის უფლება 2017 წლის 02 თებერვალს განცხადებით მიმართა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგელობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს და მოითხოვა ,,,საქართველოს საავტომობილო გზების რიგ მონაკვეთებზე რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის (მშენებლობის) სამუშაოების განხორციელების მიზნით ზოგიერთ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ'' საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის N104 განკარგულებით გათვალსწინებული საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის, რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთზე რეკონსტრუქცია-მოდენიზაციის სამუშაოების დაჩქარება, დაწესებული შეზღუდვის მოხსნა ან შეზღუდვის მანძილის შემცირება. აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით ამავე წლის 14 თებერვალს მიღებულ იქნა N2-------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელითაც უარი ეთქვა ც---–- ბ----–--ეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რაც შემდგომში გასაჩივრებულ იქნა ადმინისტრაციული საჩივრით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, სადაც 2017 წლის 1--------–ს მიღებული N 6---- ბრძანებით დაინტერესებულ პირს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2017 წლის 1--------–---------- ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, რამეთუ ადმინისტრაციული კანონმდებლობა ადმინისტრაციული ორგანოს უწესებს ვალდებულებას ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის. სასამართლო ვერ გაიზიარებს სადავო აქტში მითითებულ ფაქტობრივ და სამართლებრივი საფუძვლებს და განმარტავს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ არ დარღვეულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადები, რამეთუ მას კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მიმართული ჰქონდა სასამართლოსთვის და შემდგომში უკვე ხარვეზის დადგენის პირობებში წარდგენილ იქნა ადმინისტრაციული საჩვარი ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას 2017 წლის 15 მარტს განცხადებით მიმართა ც---–- ბ----–--ემ მოპასუხე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგელობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართ ამ უკანასკნელის 2017 წლის 14 თებერვლის N 2-------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის თაობაზე (საქმე N3/1------). თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 მარტის განჩინებით ც---–- ბ----–--ეს წარდგენილ სარჩელზე დაუდგინდა ხარვეზი და განესაზღვრა საპროცესო ვადა მის შესავსებად. ამავე წლის 27 მარტს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართულ იქნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის სახელზე, ხოლო 2017 წლის 27 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა განჩინება, რომლითაც ც---–- ბ----–--ის სარჩელი არ იქნა მიღებული წარმოებაში, ხოლო განმეორებითი სარჩელი ორივე მოპასუხისა და მის მიმართ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლბრივი აქტების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით შეტანილ იქნა 2017 წლის 04 მაისს.

 

სასამართლომ მოიხმო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ სასამართლო, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა, არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუ მოსარჩელემ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა. სწორედ ამ მუხლის თაობაზე მიეთითა მოსარჩელეს და განემარტა, რომ ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის უფლება ნიშნავს დაინტერესებული პირის მიერ ასეთი საჩივრის შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში არამარტო წარდგენას (საქართველოს რეგიონული განვიტარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2017 წლის 13 იანვრის N 1-- ბრძანების თანამხად, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე და მინისტრი უფლებამოსილია ძალადაკარგულად ცნოს დეპარტამენტის ხელმძღვანელის აქტები და მოქმედებები, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიულ აქტებს, მთავრობის დადგენილებებსა და მინისტრის ბრძანებებს), არამედ კანონით დადგენილ ვადებში მის განხილვას, გადაწყვეტილების მიღებას და მხოლოდ საჩივრის განხილვის შედეგებიდან გამომდინარე, ან/და ასეთი საჩივრის დადგენილ ვადაში განხილვაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლოში დავის დაწყებას. სასამართლო აქვე მოიხმობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის მე-5 ნაწილს, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ განცხადების წარდგენისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადა დაცულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ პირმა კანონით დადგენილ ვადაში განცხადება წარადგინა არაუფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში. ამდენად ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო ვერ გაიზიარებს სადაო აქტში მითითებულ სამართლებრივ საფუძველს, რომ სახეზე იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ'' ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება (გასულია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა) და მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანომ თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს, რისი გამოკვლევის უფლებამოსილებას, უფრო მეტიც ვალდებულებას უწესებს მოქმედი კანონმდებლობა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2017 წლის 1--------–ის N6---- ბრძანება და დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში ყველა გარემოებათა გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში.

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2017 წლის 13 იანვრის N 1-- ბრძანების თანახმად, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე და მინისტრი უფლებამოსილია ძალადაკარგულად ცნოს დეპარტამენტის ხელმძღვანელის აქტები და მოქმედებები, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და სხვა კანონებს. აღნიშნული დებულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 14 თებერვლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების საკითხის შესწავლა და მასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციას, რომელ უფლებამოსილებას სასამართლო არ და ვერ შეითავსებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი მოხდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გადამეტება ან/და კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული აქტი დაინტერესებულ პირს მიაყენებს პირდაპირ, უშუალო ზიანს და მის მიერ გახდება სადაო, მაშინ სასამართლო ადმინისტრაციული სარჩელის ფარგლებში დაიწყებს კვლევას თუ რამდენად შეესაბამება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი კანონმდებლობას და მისი გამოცემისას ხომ არ იქნა დარღვეული მხარის გარანტირებული უფლებები.

 

ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება მაშინაა სახეზე, როცა სამართლის ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობისა და ფაქტის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, მას რჩება შესაძლებლობა, აირჩიოს მისაღები ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო აღჭურვილია უფლებამოსილებით, თვითონ განსაზღვროს სამართლებრივი შედეგი. ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას ადგენს კანონმდებელი და ამით, ის ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი პასუხისმგებლობით, გაითვალისწინოს კანონის ნორმის მიზნები და კონკრეტული გარემოებები. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პროცესში აუცილებელია ყურადღება მიექცეს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპს, რაც იმას გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არსებული საშუალებებიდან უნდა გამოიყენოს ის, რომელიც ყველაზე ნაკლებად ზიანის მომტანია პირის კანონიერი ინტერესებისა და უფლებებისათვის. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რა დროსაც ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საუკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლი იმპერატიულად ადგენს დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის ვალდებულებას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2017 წლის 1--------–---------- ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით საფუძვლიანი იყო და დააკმაყოფილა, ხოლო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 14 თებერვალს გამოცემულ N2-------- ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტთან მიმართებით განმარტა, რომ მისი კანონიერების შესწავლა შედის ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენციაში წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში, რის გამოც ამ ეტაპზე ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ვინადან ადმინისტრაციულმა ორგანომ მასზე უნდა იმსჯელოს თავისი დისკრეციის ფარგლებში.

 

მოსარჩელის მოთხოვნაზე - დაევალოს მოპასუხეს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც წინამდებარე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა შეცილებითი სარჩელის - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ნაწილში, სახეზეა მისი მოთხოვნის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე მავალდებულებელი სარჩელის მოთხოვნის ფარგლებში დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც ეს მოთხოვნაც უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე სსაქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაევალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ც---–- ბ----–--ის მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩვართან დაკავშირებით .

 

საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი დეპარტამენტთან მიმართებაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2017 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით (შემდგომში - გადაწყვეტილება) არ დააკამყოფილა ც---–- ბ----–--ის სასარჩელო მოთხოვნა დეპარტამენტის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის ნაწილში, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაეკისრათ მოპასუხეებს პროპორციულად, ანუ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 ლარის ოდენობით (სამინისტროს მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში დაკმაყოფილდა) და დეპარტამენტს - 50 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძვლად მითითებულია როგორც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - სსსკ) 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. აპელანტის მითითებით, სსსკ 55-ე მუხლის თანახმად, თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სასამართლოს ასევე გამოყენებული აქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად თუ ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

აპელანტის მითითებით, სასამართლო გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ დეპარტამენტის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტის კანონიერების შემოწმება შედის სამინისტროს კომპეტენციაში, შესაბამისად, სასამართლოს არ შეუმოწმებია და არ უმსჯელია დეპარტამენტის 2017 წლის 14 თებერვლის წერილის კანონიერებაზე. აქედან გამომდინარე, სასამართლოს ბაჟის დაკისრების ნაწილში, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი დეპარტამენტთან მიმართებაში არ უნდა გამოეყენებინა და დეპარტამენტისთვის სახელმწიფო ბაჟის სოლიდარულად გადახდა არ უნდა დაეკისრებინა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე №3/3276-17) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი და მიიღოს გადაწყვეტილება, რომლითაც დეპარტამენტს არ დაეკისრება სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის და გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ გასაჩივრებულია მხოლოდ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და მოპასუხე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის მოსარჩელე - ც---–- ბ----–--ის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის სოლიდარულად გადახდის დაკისრების ნაწილში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან გადაწყვეტილება შემოწმებას ექვემდებარება მხოლოდ ბაჟის დაკისრების ნაწილში.

 

საქართველოს ადმინისტარციული საპრცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს: იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, როგორც გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან ირკვევა, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2017 წლის 14 თებერვლის სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შესწავლა და მასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მიიჩნია ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებად და მიუთითა, რომ აღნიშნული აქტის კანონიერების კვლევა სცდებოდა სასამართლოს უფლებამოსილებას. შესაბამისად, მითითებული აქტის ნაწილში მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე წინამდებარე დავის ფარგლებში ეთქვა უარი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცემული აქტის კანონშეუსაბამობა არ დადასტურებულა და მითითებული ორგანოსათვის, როგორც წაგებული მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს.

 

სააპელაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის და ადმინისტარციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის გათვალისწინებით, მოსარჩელე ც---–- ბ----–--ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტურუქტურის სამინისტროს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

 

იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

 

1. სსიპ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილება გაუქმდეს სსიპ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ც---–- ბ----–--ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის სოლიდარულად გადახდის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საქმეზე მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. მოპასუხე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოსარჩელე - ც---–- ბ----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;

4. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქ.N32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან ოცდაერთი დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.N7ა).

 

თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე

 

მოსამართლეები გელა ბადრიაშვილი

 

მარიამ ცისკაძე