განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210118001786869
საქმე №2/ბ-1300-18წ.
განჩინება
საქართველოს სახელით
25 მარტი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ნანა კალანდაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),თამარ სვანიძე, ლაურა მიქავა
სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე
აპელანტი - ვ---- ა–------
წარმომადგენელი - ნ----- შ--–--------ე
მოწინააღმდეგე მხარეები - ჯ---- ა-------ე, ფ------ ა-------ე, დ----- ა-------ე
წარმომადგენელი - ა---------– ბ----------ე
დავის საგანი - სესხის თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება
აღწერილობითი ნაწილი
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2017 წლის 01 თებერვალს ვ---- ა–------მ (მოსარჩელე, შემდგომში აპელანტი მხარე) სარჩელი აღძრა ჯ---- ა-------ის, ფ------ ა-------ისა და დ----- ა-------ის (შემდგომში მოპასუხეები, მოწინააღმდეგე მხარეები) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით (იხ. სარჩელი, ს.ფ. 2-14).
სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელის მიერ მიეთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
1.1. მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის ნოემბერში, მოთხოვნის დამთმობმა - მ------ კ---------ემ, ფ------, ჯ---- და დ----- ა-------ეებს სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე გადასცა 28 000 აშშ დოლარი საერთო (ერთობლივი) ბიზნესის დასაწყებად.
1.2. მოპასუხეები დაჰპირდნენ მას, რომ მოახდენდნენ შპს-ს რეგისტრაციას. თუ ბიზნესი გაამართლებდა, ისინი მ------ კ---------ეს უკან დაუბრუნებდნენ ამ თანხას. თუმცა, მოპასუხეებმა უარი უთხრეს შესაბამისი ხელწერილის გაფორმებაზე.
1.3. ბიზნესი რეალურად არ შედგა. ჯ---- ა-------ე ფულის გადაცემიდან რამდენიმე დღეში წავიდა საზღვარგარეთ და დღემდე იქ იმყოფება.
1.4. ფ------ ა-------ეს მის წინაშე არსებული ვალი აღიარებული აქვს ქ------სის შსს პოლიციის მე-3 განყოფილების მიერ გამოკითხვისას მიცემულ აღიარებით ჩვენებაში.
1.5. შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა თანხის - 28 000 აშშ დოლარის და მასზე დარიცხული პროცენტის - 10 000 აშშ დოლარის, სულ - 38 000 აშშ დოლარის მოპასუხეებისათვის დაკისრება.
2. მოპასუხეების ჯ---- ა-------ის, ფ------ ა-------ისა და დ----- ა-------ის პოზიცია
მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით (იხ. ს.ფ. 44-52) სარჩელი არ ცნეს შემდეგზე მითითებით:
2.1. მხარეებს შორის 1---------წ. შედგენილი ხელწერილით, რომელსაც ხელს აწერს ასევე მ------ კ---------ეც, დასტურდება, რომ არავითარი ვალდებულება დ----- ა-------ეს და მითუმეტეს, ჯ---- და ფ------ ა-------ეებს მ------ კ---------ის მიმართ არ აქვთ. შესაბამისად, უსაფუძვლოა მოთხოვნის დათმობის საფუძველზე წარმოებული დავა.
2.2. მოსამზადებელ და მთავარ სასამართლო სხდომებზე მოპასუხეთა წარმომადგენლებმა დამატებით განმარტეს, რომ მხარეებს შორის არც სასესხო და არც ბიზნეს ურთიერთობა არ ყოფილა. ჯ---- ა-------ე 2 წელია არ იმყოფება საქართველოში და ამდენად არც მას, არც დ----- ა-------ეს და არც ფ------ ა-------ეს მ------ კ---------ის მიმართ არანაირი ვალდებულება არ ჰქონიათ და არც აქვთ. წარმოდგენილი ხელწერილი კი შედგენილია სხვა პირთა შორის, რომელსაც ხელს აწერს ასევე მ------ კ---------ე და რომლის შედგენის, მასზე ხელმოწერის და ხელმოწერების ნამდვილობის ფაქტი დაადასტურეს სხდომაზე მოწვეულმა მოწმეებმაც. მათვე განმარტეს, რომ, ვინაიდან, მოსარჩელე მხარის მიერ სპეციალურად ექსპერტიზისთვის არ მოხდა საკმ----სი დოკუმენტების წარდგენა, ამიტომ არსებული ორივე ექსპერტიზის დასკვნა წინააღმდეგობრივია აღნიშნულ გარემოებებთან, რაც სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ქ------სის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:
1. ვ---- ა–------ს (წარმომადგენელი ლ--------–--ე) სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
2. გაუქმდა ქ------სის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 02 თებერვლის განჩინების საფუძველზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხე ჯ---- ა-------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ.ქ------სი, ხ--------ს ქ. №-- (ყოფილი სამხრეთ დასახლება №--), სართული 3, ბინა 2----, ს/კ № 0------------------;
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა შემდეგი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1.1. მ------ კ---------ემ ფიზიკური პირებისაგან - დ----- ა-------ისაგან, ფ------ ა-------ისაგან და ჯ---- ა-------ისაგან კუთვნილი 38000 (ოცდათვრამეტი ათასი) აშშ დოლარის ვალის მოთხოვნის უფლება დაუთმო ვ---- ა–------ს (მოსარჩელეს).
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
-ხელწერილი ვალის მოთხოვნის დათმობის შესახებ (ს/ფ-16).
2.1.2. მხარეებს (თანხის გამცემს მ------ კ---------ეს (მოთხოვნის დამთმობი) და მოპასუხეებს და ჯ---- ა-------ის მეუღლეს ნ--- მ-------ეს) უნდა ეწარმოებინათ საერთო ბიზნეს საქმიანობა, რაც დაკავშირებული იყო საბერძნეთიდან ავტომანქანების ჩამოყვანასთან,თუმცა მათ რაიმე სახის სამართლებრივი ფორმა მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის სახით, ამ საქმიანობისთვის არ მიუციათ.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა-განმარტება,-ფ------ ა-------ის გამოკითხვის ოქმი (ს/ფ 24).
2.1.3. გ------- ა-------ის გამოკითხვის ოქმის (15.09.2016წ.) მიხედვით, დ----- ა-------ეს, მ---- კ---------ეს (მოთხოვნის დამთმობი) და ჯ---- ა-------ის მეუღლეს ნ--- მ-------ეს, რომელიც იმყოფება საბერძნეთში, ჰქონდათ მანქანების ბიზნესი და ერთად მუშაობდნენ დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში. ამ ბიზნესში ჩადებული ჰქონდათ დაახლოებით 27 000 აშშ დოლარი. ეს თანხა იყო ყველას წილი. ქ------სის შსს სამმართველოში გამოკითხვისას ანალოგიური განმარტება მისცა ფ------ ა-------ემ.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
-გამოკითხვის ოქმები (ს/ფ 19-24).
2.1.4. მოსარჩელე მხარის (უფლების დამთმობი მ------ კ---------ე) მიერ მოპასუხეებისათვის თანხის 28000 აშშ დოლარის გადაცემის ან გადარიცხვის ფაქტი, ან/და ავტომანქანის ჩამოყვანის/გასხვისების ფაქტი დადასტურებული ვერ იქნა. შესაბამისად, მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა, რა სახის ვალდებულებითი ურთიერთობა იყო მხარეებს შორის, იყო თუ არა რაიმე წილი განსაზღვრული მათ შორის, ან მოგების განაწილების წესი.
საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი იმის მტკიცებულება, რომ მოპასუხეებმა სადავო თანხა მიიღეს უნაღდო ან ნაღდი ანგარიშსწორებით, მოპასუხე მხარე კი თანხის მიღების და საერთო ბიზნეს საქმიანობის ფაქტს უარყოფს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
-მოპასუხეთა ახსნა-განმარტება (სასამ.სხდომის ოქმი 16.04.2018წ., ს.ფ. 197-210).
2.1.5. 2016 წლის 18 სექტემბერს შედგენილი ხელწერილის შინაარსი ასეთია: ,,ჩვენ, ქვემოთ ხელისმომწერნი-ფ------ ა-------ე, გ------- ა-------ე, თ----- გ-----–--ე, როგორც დაზარალებულები, ერთი მხრივ, და ლ-–- მ-----–-–---–ი, ჯ---- კ---------ე, შ----- ჭ-------ე, რ-----ი გვანცელაძე შევთანხმდით, რომ დ----- ა-------ესთან მეწილე იყო მ---- კ---------ე, ლ-–- მ-----–-–---–ი, გ------- კ---------ე, რომ დ----- ა-------ეს, ლ-–- მ-----–-–---–ს და გ------- კ---------ეს ერთმანეთთან ვალები გასტუმრებული აქვთ და რაიმე დავალიანება ერთმანეთის მიმართ არ აქვთ. ხელწერილის შედგენა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ მოხდა ინციდენტი დ----- ა-------ის ოჯახის წევრებთან და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. აღნიშნული ხელწერილის დადასტურების შემდეგ ფ------ ა-------ე თანახმაა მისცეს ჩვენება გ------- ა-------ესთან და თ----- გ-----–--ესთან ერთად, რომ მათ მიმართ ცემას ადგილი არ ჰქონია მხოლოდ ლ-–- მ-----–-–---–ის და ჯ---- კ---------ის მხრიდან, ასევე დაწერენ განცხადებას სანოტარო წესით, რომ ისინი შერიგდნენ და პრეტენზია მათ სისხლის სამართლის საქმეზე ლ-–- მ-----–-–---–ის და ჯ---- კ---------ის მიმართ არ აქვთ და თანახმა არიან მათთან გაფორმდეს განრიდება ან საპროცესო შეთანხმება. აღნიშნული ხელწერილი შეესაბამება მხარეთა ნებას და ვადასტურებთ ხელისმოწერით“
ხელწერილს ხელს აწერენ როგორც მოპასუხეები - ფ------ და ჯ---- ა-------ეები, გ--- ტ--------–--ე და ლ-–- მ-----–-–---–ი, თ----- გ-----–--ე, შ----- ჭ-------ე, რ-----ი გ--------ე, ასევე მ---- (მ------ი) კ---------ე (რომლის ხელმოწერის ნამდვილობაც სადავო გახადა მოსარჩელემ).
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
-ხელწერილი (ს/ფ 216);
2.1.6. მოწმე გ--- დ---–-------ის და მოწმე ლ-–- მ-----–-–---–ის განმარტებით, მხარეებს შორის რაიმე ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობის თაობაზე ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა ხელწერილზე ხელი მოაწერეს, რომლითაც მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ ჰქონდათ.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- მოწმეთა ახსნა-განმარტება (07.05.2018 წლის სასამ.სხდომის ოქმი, ს/ფ 218-235).
2.1.7. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინალისტიკის სწავლებისა და სასამართლო ექსპერტიზის კვლევითი ცენტრის მიერ 2----–-–----------------ს გაცემული №------ დასკვნის მიხედვით, ,,შესწავლილი ექსპერიმენტული ნიმუშების, 4 თაბახის ფურცელი 06.09.2017 წლით დათარიღებული, სამ ცალ საბანკო ქვითარზე, ერთ ცალ თანხის მიღების ქვითარზე, განცხადებაზე დათარიღებულ 20.07.17წ. არსებული თავისუფალი ხელმოწერები ასოთა ფორმირების ზოგადი და კერძო ნიშნებით უმეტესად განსხვავდება 2016 წლის 18 სექტემბერს ქ. ქ------სში დაწერილი ხელნაწერი ხელწერილის მეორე გვერდის ბოლოში არსებული რიგით მერვე ხელმოწერისაგან. ხელმოწერა არ იყო შესრულებული მ------ კ---------ის მიერ.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
-ექსპერტიზის დასკვნა (ს/ფ 143-149).
2.1.8. საქმეზე დანიშნული კალიგრაფიული ექსპერტიზის საფუძველზე სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიურომ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ექსპერტიზის სრულად ჩასატარებლად შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა, მათ შორის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინალისტიკის სწავლებისა და სასამართლო ექსპერტიზის კვლევითი ცენტრისათვის წარდგენილი ხელწერილი და ყველა ის ნიმუში, რაც გამოყენებული იყო პირველადი ექსპერტიზის დროს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
-ექსპერტიზის ბიუროს წერილი (ს/ფ 245).
2.1.9. სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემულ დასკვნაში მითითებულია, რომ ,,რიგით მე-8 ხელმოწერა შესრულებულია თუ არა მ.კ---------ის მიერ, შეუძლებელია გამოვლენილი ინფორმაციული ნიშნებისა და ნიმუშების სიმცირის გამო (არ იქნა წარმოდგენილი მ. კ---------ის ხელმოწერის გამოსაკვლევის შესაბამისი ტრანსკრიფციის თავისუფალი ნიმუშები)“. კვლევის შედეგად გამოვლენილი ცალკეული თანადამთხვევები და განსხვავებული ნიშნების მოცულობა არ არის საკმ----სი რაიმე კატეგორიული, დადებითი ან უარყოფითი დასკვნისათვის, ვინაიდან მათ აქვთ დაბალი საიდენტიფიკაციო მნიშვნელობა და არ ქმნიან პირისათვის დამახასიათებელ ნიშანთა ერთობლიობას. ეს აიხსნება შემდეგი გარემოებით: თანადამთხვევები ატარებენ ჯგუფურ ხასიათს, ე.ი. ისინი გვხვდება მრავალ პირთა ხელმოწერებში. განსხვავებული ნიშნების არსებობა ვერ იქნა ახსნილი ერთგვაროვნად. ისინი შეიძლება გამოწვეული იყოს შემსრულებელი პირის ხელწერის ვარიაციულობით, რომელიც ვერ გამოვლინდა წარმოდგენილ ნიმუშებში.“
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
-სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა (ს/ფ 261- 265).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რის გამოც სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მითითება, რომ მოპასუხეებს აღიარებული აქვთ ვალდებულების არსებობა.
შსს განყოფილებაში მიცემულ 15.09.2017წ. გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული გარემოება, რომელიც რამდენიმე პირს შორის ურთიერთობას ეხება, არ შეიძლება განიმარტოს როგორც სარჩელის აღიარება. ხოლო 18.09.2016წ. შედგენილი ხელწერილის შინაარსიდან არ იკვეთება უშუალოდ მოდავე მხარეებს შორის ვალდებულების არსებობა შესაბამის თანხაზე (წილზე) მითითებით.
2.გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება
2.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე, 623-ე, 341-ე, 930-ე, 976-ე მუხლებზე და განმარტა შემდეგი:
2.2.1. სარჩელში მითითებული ფაქტების სამართლებრივად შეფასებისას სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მიუთითებს ერთობლივ საქმიანობაზე, კერძოდ, მოპასუხეთათვის გადაცემული 28000 აშშ დოლარით საერთო ბიზნესის დაწყებაზე და შემდეგში მოგების განაწილებაზე.
2.2.2. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლზე და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ მოთხოვნის დამთმობ მ------ კ---------ესა და მოპასუხეებს შორის ერთობლივი საქმიანობის წარმოება ან ამ საქმიანობის მიზნების განხორციელების შეუძლებლობა არ დასტურდებოდა.
2.2.3. სასამართლოს განმარტებით, თუკი მიჩნეული იქნებოდა, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა გამომდინარეობდა სესხის ხელშეკრულებიდან, ასეთ შემთხვევაშიც სარჩელი უსაფუძვლო იყო.
2.2.4 სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული მუხლის რედაქცია სავალდებულოდ მიიჩნევს, რომ მსესხებელმა საკუთრებაში გადასცეს მსესხებელს ფული, მხოლოდ ხელშეკრულების დადება მხარეებს შორის, თუ თანხა გადაცემული არ იქნა მსესხებელზე, ვალდებულებას არ წარმოშობს, ანუ სესხის ხელშეკრულება არის რეალური ხელშეკრულება და მხოლოდ ფორმალურად მისი დადება არ შეიძლება ვალდებულებას აკისრებდეს სავარაუდო მსესხებელს.
2.2.5. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებში არ იყო წარმოდგენილი იმის მტკიცებულება, რომ მოსარჩელემ გადასცა მოპასუხეებს 28000 აშშ დოლარი, რაც გამორიცხავს სასესხო ურთიერთობის არსებობას.
2.2.6. სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.
2.2.7. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტების შეფასების საფუძელზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეებს დ-----, ფ------ და ჯ---- ა-------ეებს რაიმე სახის ფულადი ვალდებულება მ------ი კ---------ის მიმართ არ უღიარებიათ და არც სადავო ხელწერილზე არსებული ხელმოწერა არ არის მ------ი კ---------ის მიერ შესრულებული, რაც გამორიცხავს მათ შორის რაიმე სახის ვალდებულების არსებობას და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებას.
2.2.8. სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მოსარჩელემ ვერ დაადასტურა. საქმის მასალებში არ იყო წარმოდგენილი იმის მტკიცებულება, რომ მოსარჩელემ (უფლების დამთმობმა მ------ კ---------ემ) ნამდვილად გადასცა მოპასუხეებს თანხა 28000 აშშ დოლარი ბიზნეს საქმიანობისათვის ან სესხის სახით. ამასთან, მოპასუხეები კატეგორიულად უარყოფენ რაიმე სახის ურთიერთობას უშუალოდ მ------ კ---------ესთან. მხოლოდ მოპასუხე ფ. ა-------ის მიერ გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული პოზიცია კი არ წარმოადგენს საკმ----ს საფუძველს მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობისა და ვალდებულების დადასტურებისათვის.
2.2.9. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას, ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოპასუხეებმა გამოხატეს ნება და მიუთითეს, რომ უფლების დამთმობთან, მ------ კ---------ესთან, მათ რაიმე სახის ვალდებულება არ აკავშირებთ.
2.2.10. სასამართლოს თვალსაზრისით, თუ ჩაითვლებოდა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობდა უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებიდან (სკ-ის 976-ე მუხლი), ამ შემთხვევაშიც უფლების დამთმობის მიერ მოპასუხეთათვის რაიმე ვალდებულების შესასრულებლად თანხის გადაცემის ფაქტი არ დასტურდებოდა.
2.2.11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე მითითებით სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო დაემტკიცებინა ის გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნებს. შესაბამისად, არ არსებობდა მტკიცებულება მოპასუხეების თანხმობისა სარჩელის მოთხოვნასთან მიმართებით მთლიანად ან ნაწილობრივ, ან მათ შორის რაიმე ვალდებულების არსებობის დასადასტურებლად, რაც საფუძველი გახდებოდა სარჩელის დაკმაყოფილებისა.
2.2.12. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ დაკმაყოფილდა პირველი მოთხოვნა, შესაბამისად, მოსარჩელის მე-2 მოთხოვნაც (პროცენტის დაკისრების თაობაზე) სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ და არ დაკმაყოფილდა.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, მხარეებს- ჯ---- ა-------ეს და მ------ მ-------ეს უნდა ეწარმოებიათ საერთო ბიზნეს საქმიანობა, რაც დაკავშირებული იყო საბერძნეთიდან მანქანების ჩამოყვანასთან. აღნიშნული ფაქტი არ არის სწორად დადგენილი.
3.2. გ------- ა-------ის გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ დ----- ა-------ესა და მ------ კ---------ეს, ჯ---- ა-------ის მეუღლეს- ნ--- მ-------ეს, რომელიც იმყოფება საბერძნეთში, ჰქონდათ მანქანების ბიზნესი. ერთად მუშაობდნენ დაახლოებით 6 თვის მანძილზე. ამ ბიზნესში ჩადებული ჰქონდათ დაახლოებით 27 000 აშშ დოლარი და ეს იყო ყველას წილი.
3.3. მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და ხელშეკრულებებით დგინდება, რომ მ------ კ---------ემ და მისმა ოჯახმა ჯამში 27 000 აშშ დოლარი ჩადო ბიზნესში.
3.4. აპელანტის თვალსაზრისით,არასწორია მითითება ფაქტობრივ გარემოებაზე, თითქოს, მოსარჩელე ვერ ადასტურებს ფაქტს რა სახის ურთიერთობა იყო მხარეებს შორის,რადგან თავად სასამართლოს მიერ მითითებულ 3.2. ფაქტობრივ გარემოებაში აღნიშნულია, რომ მხარეებს შორის იყო საერთო ბიზნეს საქმიანობა. აღნიშნულ ფაქტს სადავოდ არ ხდიან და ადასტურებენ მხარეებიც.ისინი შეთანხმებულნი იყვნენ სიტყვიერად, რომ ბიზნესს მართავდა ა-------ეების ოჯახი და რადგან ბიზნესი ვერ წარიმართა, შესაბამისად, მოსარჩელე ითხოვს მის მიერ ჩადებული თანხის დაბრუნებას.
3.5. საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნით (გრ.რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი) დგინდება, რომ 2----–-–------------------ ხელშეკრულებაზე მ------ კ---------ის ხელმოწერა არაა. 2016 წლის 18 სექტემბერს ხელწერილზე ხელის მოწერის დღეს მ------ კ---------ე იმყოფებოდა ბორჯომში. სწორედ 2----–-–------------------ ხელწერილით დგინდება, რომ მხარეებს შორის ნამდვილად იყო საერთო ბიზნეს საქმიანობა,რადგან ამ ხელწერილით მხარეები შეთანხმდნენ რომ ვალი არ არსებობდა,რადგან არარსებულ ურთიერთობასა და არარსებულ ვალზე შეთანხმების მიღწევაც არ იქნებოდა საჭირო.
3.6. აპელანტმა მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე, 623-ე, 341-ე, 930-ე, 976-ე მუხლები და განმარტა, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
4.1.ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ, მოცემული გადაწყვეტილების 2.1.1-2.1.5; 2.1.7-2.1.9 პუნქტებში გადმოცემულ ფაქტობრივ გარემოებებსა და 2.2.1-2.2.12-ში გადმოცემულ სამართლებრივ შეფასებებს და მიუთითებს შემდეგს:
4.1.1. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე განმარტავს, რომ მ------ კ---------ემ, რომელიც შემდგომში მოთხოვნის უფლება დაუთმო ვ---- ა–------ს, ზეპირი შეთანხმების საფუძველზე 28000 (ოცდარვა ათასი) აშშ დოლარი ერთობლივი ბიზნეს საქმიანობისათვის გადასცა მოპასუხეებს. მოსარჩელის მითითებით, მხარეთა შორის არსებული შეთანხმების თანახმად, აღნიშნული თანხა ჩაიდებოდა საერთო ბიზნესში, რითაც მ------ კ---------ე ბიზნეს მოწილე უნდა გამხდარიყო. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ბიზნესი, რომელშიც მ------ კ---------ე აღნიშნულ თანხას დებდა, არ გაამართლებდა, მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება მ------ კ---------ისათვის დაებრუნებინათ აღნიშნული თანხა.
4.1.2. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მან გადასცა მოპასუხეებს შეთანხმებული თანხა - 28000 (ოცდარვა ათასი) აშშ დოლარის ოდენობით, თუმცა ბიზნესი რეალურად არ შედგა, ხოლო მოპასუხეები უარს აცხადებენ მისთვის თანხის დაბრუნებაზე.
4.1.3. შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა გადაცემული თანხის - 28 000 აშშ დოლარის და მასზე დარიცხული პროცენტის - 10 000 აშშ დოლარის, სულ - 38 000 აშშ დოლარის მოპასუხეებისათვის დაკისრება.
4.1.4. პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის დავის განხილვისას სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.
4.1.5. საქარტველოს უზენაესმა სასამართლომ თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ მოთხოვნა პირის ნებას დაქვემდებარებული და სხვა პირზე მიმართული უფლებაა, რომელიც მისი პროცესუალური განხორციელებისაგან მკვეთრად იმიჯნება და ძირითადად მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია. მოთხოვნა საპროცესო-სამართლებრივი გაგებით, ყოველთვის მიმართულია სასამართლო გადაწყვეტილების დადგომისაკენ. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არის სამართლის ნორმა, რომლის სამართლებრივი შედეგით გათვალისწინებულია სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის მიერ რაიმე მოქმედების განხორციელებისა თუ მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავების ვალდებულება. თითოეული მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლის ნორმა განსაზღვრავს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, თუმცა მისი განმარტება და ფაქტობრივ გარემოებებზე მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილებაა (იხ. სუსგ №ას-1470-2018; 15.02.2019).
4.1.6. განსახილველ შემთხვევაში სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტების სამართლებრივად შეფასებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მიუთითებს ერთობლივ საქმიანობაზე, კერძოდ, მოპასუხეთათვის გადაცემული 28000 (ოცდარვა ათასი) აშშ დოლარით საერთო ბიზნესის დაწყებასა და შემდეგში მოგების განაწილებაზე. შესაბამისად უპირველესად მოთხოვნის საფუძვლიანობა შეფასებული უნდა იქნეს ერთობლივი საქმიანობის სამართლებრივი ნორმებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლის თანახმად ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 931-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს წერილობით, ან ზეპირად, ხოლო ამავე კოდექსის 932-ე მუხლის თანახმად მონაწილეებმა უნდა შეიტანონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შენატანები. თუ ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული შესატანის ოდენობა, თითოეული მოწილე მოვალეა შეიტანოს იგი თანაბრად. შესატანი შეიძლება შეტანილ იქნას როგორც ქონებით, ასევე მომსახურების გაწევით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 938-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულება პირდაპირ არ განსაზღვრავს ერთობლივი საქმიანობის ვადას, ყოველ მონაწილეს ნებისმიერ დროს შეუძლია უარი თქვას ერთობლივ საქმიანობაში მონაწილეობაზე. განსახილველი ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად გამსვლელ მონაწილეს წილის კომპესაცია მიეცემა ფულადი სახით.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობა) ხელშეკრულებიდან გასვლის სამართლებრივი საფუძვლების კვლევისას, უპირატესობა ენიჭებას სპეციალურ რეგულაციას და ამხანაგობიდან გასვლისა და შენატანის უკან დაბრუნების მოთხოვნის წარმატებულობა მოწმდება სსკ-ის 938-ე მუხლით გათვალისწინებულ წანამძღვრებთან. თუმცა, აღნიშნულამდე ბუნებრივია, დადგენილ უნდა იქნას რეალურად სახეზეა თუ არა ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების დადებულად მიჩნევის ფაქტობრივი გარემოებები. ამდენად, მხარეთა შორის ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების დადგენილად მისაჩნევად უპირველესად დადგენილ უნდა იქნას ის ფაქტობრივი გარემოება, განხორციელდა თუ არა მოთხოვნის დამთმობის- მ------ კ---------ის მიერ ერთობლივი საქმიანობის წარმოების მიზნით ამხანაგობაში შესატანის შეტანა 28000 (ოცდარვა ათასი) აშშ დოლარის ოდენობით. განსახილევლ შემთხვევაში, სარჩელის წარუმატებლობა განაპირობა სწორედ იმან, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოება-თანხის მოპასუხეზე(მოწინააღმდეგე მხარე) რეალურად გადაცემისა დადასტურებულ ვერ იქნა. ამდენად, ვერ იქნა რა დადგენილი ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების დადების უარსებითესი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება, მხარეთა შორის ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულება დადებულად ვერ მიიჩნევა. შესაბამისად არარსებული ხელშეკრულებიდან(ამხანაგობიდან) გასვლისა და რესტიტუციის განხორციელებით შენატანის უკან დაბრუნების შესახებ სარჩელით წარმოდგენილი მოთხოვნა სასამართლოს მიერ სწორად იქნა უარყოფილი.
4.1.7. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელით წარმოდგენილი მოთხოვნა 28 000 აშშ დოლართან ერთად მოპასუხეებზე აღნიშნულზე დარიცხული პროცენტების სახით 10 000 აშშ დოლარის გადახდევინების შესახებ გარკვეულწილად შეიცავს და შეიძლება განეკუთვნოს სესხის სამართლებრივ ურთიერთობას, თუმცა ასეთ შემთხვევაშიც, თუკი მიჩნეული იქნება, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა გამომდინარეობს სესხის ხელშეკრულებიდან, სარჩელი კვლავ უსაფუძვლოა, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი (სესხის ხელშეკრულების ცნება) სავალდებულოდ მიიჩნევს, რომ მსესხებელმა საკუთრებაში გადასცეს მსესხებელს ფული, მხოლოდ ხელშეკრულების დადება მხარეებს შორის, თუ თანხა გადაცემული არ იქნა მსესხებელზე, ვალდებულებას არ წარმოშობს, ანუ სესხის ხელშეკრულება არის რეალური ხელშეკრულება და მხოლოდ ფორმალურად მისი დადება არ შეიძლება ვალდებულებას აკისრებდეს სავარაუდო მსესხებელს. აღსანიშნავია, რომ სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება და მხარეს დაბრუნების ვალდებულება წარმოეშობა გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან გარიგებით შეთანხმებულ ვადაში (შდრ. სუსგ Nას-361-343-2015, 14.12.2015წ.).
განსახილველ შემთხვევაში კი, როგორც უკვე აღინიშნა, საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი უტყუარად დამადასტურებელი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ მოპასუხეებს ნამდვილად გადასცა 28000 (ოცდარვა ათასი) აშშ დოლარი, რაც გამორიცხავს სასესხო ვალდებულებით-სამრთლებრივი ურთიერთობის არსებობას.
4.1.8.ზემოხსენებულთან ერთად სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მორჩელე მხარის განმარტებას იმის თაობაზე, რომ თითქოსდა 2----–-–------------------ ხელწერილი უნდა მიჩნეულ იქნას ვალის აღიარების ხელწერილად, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში არარსებულ ვალზე შეთანხმების მიღწევა არ იქნებოდა საჭირო. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო მიუთითებს 341-ე მუხლზე, რომლის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.
სააპელაციო სასამართლო ვალის აღიარების დამადასტურებელ დოკუმენტად ვერ მიიჩნევს მოპასუხე ფ------ ა-------ის მიერ მოწმის სახით 2016 წლის 15 სექტემბერს გამომძიებლის წინაშე გამოკითხვის ოქმში მითითებულ განმარტებას, რადგან გარდა იმისა, რომ ასეთი უტყუარად არ ადასტურებს მხარეთა შორის ვალდებულების არსებობის ფაქტს, თუნდაც რაღაც თვალსაზრისით მიჩნეულ იქნას ვალის არსებობის დამადასტურებელ ფაქტობრივ გარემოებად, ვალის აღიარება უნდა განხორციელებულ ყოფილიყო უფლებამოსილი პირის და არა მესამე პირის, თუნდაც პოლიციის წინაშე, რაც სახეზე არაა. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში საქმეზე წარმოდგენილი დოკუმენტების შეფასებით არ დგინდება, რომ მოპასუხეებმა- დ-----, ფ------ და ჯ---- ა-------ეებმა რაიმე სახის ფულადი ვალდებულება აღიარეს მ------ კ---------ის მიმართ,რაც გამორიცხავს მათ შორის რაიმე სახის ვალდებულების არსებობას და შესაბამისად სარჩელის დაკმაყოფილებას.
4.1.8.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
4.1.9 განსახილველ შემთხვევაში ,როგორც უკვე აღინიშნა, მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტობრივმა გარემოებამ დადასტურება ვერ ჰპოვა, ხოლო ისეთ შემთხვევაში, თუ ჩავთვლით ,რომ მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებიდან (სკ-ის 976-ე მუხლი), ამ შემთხვევაშიც უფლების დამთმობის მიერ მოპასუხეთათვის რაიმე ვალდებულების შესასრულებლად თანხის გადაცემის ფაქტი და ამდენად, უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე ყველა მოთხოვნის უფლების საერთო წინაპირობის - უსაფუძვლო გამდიდრებით მოპასუხეთა მიერ ქონებრივი სარგებელის მიღების ფაქტი არ დასტურდება.
4.1.10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
4.1.11. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი გარკვეული ფაქტების ნაწილი, ხოლო ამ ფაქტების მეორე ნაწილი ვალდებულია დაამტკიცოს მოპასუხემ (იხ. სუსგ საქმე №ას-528-501-2015, 4 ნოემბერი, 2015 წელი). აღნიშნული დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, აგრეთვე, 102-ე მუხლით, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
4.1.12. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიუთითებს, რომ იმ სამართლებრივი შედეგის მისაღწევად, რაც მოსარჩელეს სურს მოპასუხეებთან მიმართებაში, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ მ------ კ---------ემ მოპასუხეებს გადასცა 28000 (ოცდარვა ათასი) აშშ დოლარი. პალატა განმარტავს, რომ მოპასუხეებისთვის თანხის გადაცემა თავისთავად, პრეზუმფციურად გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობებში მტკიცების ტვირთის განაწილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წესია, რომ მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს თავისი უფლება და მას არ მოეთხოვება მოპასუხის უფლების დადასტურება. შესაბამისად, თანხის გადაცემის დადასტურების შემთხვევაში, მოსარჩელეს წარმოეშობოდა მისი დაბრუნების მოთხოვნის უფლება, თუმცა აღნიშნული გარემოების დამტკიცება მან ვერანაირი სარწმუნო მტკიცებულებით ვერ შეძლო.
4.2.13. მოსარჩელე თანხის გადაცემის გარემოების დასადასტურებლად შემოიფარგლა საქმეში წარმოდგენილი ხელწერილითა და სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებაში მიცემული ჩვენებებით, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ის ფაქტობრივი გარემოება, რომ უშუალოდ მ------ კ---------ემ 28000 აშშ დოლარი უტყუარად გადასცა მოპასუხეებს. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელემ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა. ამასთან, მოპასუხეები კატეგორიულად უარყოფენ რაიმე სახის ურთიერთობას უშუალოდ მ------ კ---------ესთან, აღნიშნული კი ცხადია გამორიცხავს მოცემული დავის ფარგლებში მათი გაზიარების საფუძველზე სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
4.2.15. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ ვ---- ა–------ს სასარჩელო მოთხოვნა 28000 აშშ დოლარის მოპასუხეებზე გადასახდელად დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და სწორად არ იქნა დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, რაც ცხადია გამორიცხავს მეორე სასარჩელო მოთხოვნის - პროცენტის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
4.2.16. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, შესაბამისად ეს გარემოება გამორიცხავს ვ---- ა–------ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.
4.2.17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
4.2.18. განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ვ---- ა–------ს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლოს დასკვნა
5.1. სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. აპელანტი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 2591-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ---- ა–------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
3. აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;
4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
5.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
6. საქართველოს სამოქალაქო საროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლეები: ნანა კალანდაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი) თამარ სვანიძე ლაურა მიქავა