განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №190310017001869472
საქმე №3ბ/640-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - თამარ ონიანი
მოსამართლეები - მანანა ჩოხელი, გიორგი ტყავაძე
სხდომის მდივანი - ნათია ზანდუკელი
აპელანტი (მოსარჩელე) - რა----------------ი
წარმომადგენელი - ე-–----------–--
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო მომსახურების სამმართველოს სარეგისტრაციო უზრუნველყოფის სამსახური
წარმომადგენელი - აკაკი ჩანადირი
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება - რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება
1.1. აპელანტის მოთხოვნა:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება.
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით რა----------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.2.1. რა----------------მა რუსეთის ფედერაციაში შეიძინა სატვირთო ავტომანქანა, მარკა (მოდელი) კ----- 6----A, ტიპი - სატვირთო თვითმცლელი, გამოშვების თარიღი 2000 წელი, საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------, სარეგისტრაციო ნომერი E-------. 2016 წლის 7 ოქტომბერს რა----------------ის სახელზე გაიცა სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა №5-----------. (ს.ფ. 11-12; 65-78).
2.2.2. სატვირთო „K-----ის“ მარკის ავტომანქანის ჩარჩოს კოჭაზე (რამაზე) საიდენტიფიკაციო ნომერი არ აღმოჩნდა, ასევე ბირკას, რომელზეც არასრულადაა დატანილი საიდენტიფიკაციო ნომერი - „X-------- 0------“, აღენიშნება მოხსნისათვის დამახასიათებელი კვლები - ავტომანქანის საიდენტიფიკაციო ნომრის დადგენა შეუძლებელია. (ს. ფ. 133-136).
2.2.3. რა----------------მა 2017 წლის 24 აპრილს №964069 განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალურ ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო მომსახურების სამმართველოს სარეგისტრაციო უზრუნველყოფის სამსახურს და მოითხოვა სატრანსპორტო საშუალების მის სახელზე რეგისტრაცია. 2017 წლის 02 მაისის MIA 9---------- გადაწყვეტილებით განმცხადებელს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაზე ეთქვა უარი იმ საფუძვლით, რომ წარდგენილი სატრანსპორტო საშუალების „k-----ის“ დათვალიერებისას ვერ მოხდა სატრანსპორტო საშუალების მონაცემების, რეკვიზიტების თანმხლებ დოკუმენტებთან შედარება და იდენტიფიკაცია. (ს.ფ. 65-78; 107-119; 142-143).
2.2.4. 2017 წლის 02 მაისის MIA 9---------- გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 19 ივნისის №MIA 9---------- გადაწყვეტილებით რა----------------ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ რა----------------ის მიერ მომსახურების სააგენტოში სარეგისტრაციოდ წარდგენილი სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის დადგენა იყო შეუძლებელი, რაც გამორიცხავდა მომსახურების სააგენტოს მიერ დათვალიერების აქტის შედგენასა და საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვას. (ს.ფ. 65-78; 107-119; 120-126).
2.2.5. „K-----ის“ მარკის სატრანსპორტო საშუალებას ჩაუტარდა ტრასოლოგიური, ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზა. ექსპერტიზის №1185/ტრ დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ ავტომობილს ტრანზიტული ნომრით GE-1----ს საიდენტიფიკაციო ნომერი და საიდენტიფიკაციო ნომრის აღმნიშვნელი საჭდე არ გააჩნია. რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სარეგისტრაციო სერტიფიკატი №5---------- დამზადებულია სტამბური წესით, შეესაბამება ანალოგიური სახის მქონე დოკუმენტის ბლანკს და აქვს ნამდვილი დოკუმენტისათვის დამახასიათებელი დამცავი ნიშნები. (ს.ფ. 17-18).
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.2.6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალურ ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო მომსახურების სამმართველოს სარეგისტრაციო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2017 წლის 02 მაისის №MIA 9---------- და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 19 ივნისის №MIA 9---------- გადაწყვეტილებები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი.
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.3.1. სასამართლომ მიუთითა, რომ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძვლებს, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების უფლება-მოვალეობებს, საგზაო მოძრაობის წესებსა და პირობებს, საგზაო ნიშნებსა და საგზაო მონიშვნებს, საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უფლება-მოვალეობებს, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისა და სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ზოგად მოთხოვნებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მესაკუთრე ან მოსარგებლე ვალდებულია განახორციელოს საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაცია, იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის მესამე მუხლის მე-13 პუნქტის მიხედვით, პირველადი რეგისტრაცია არის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო სამსახურში დადგენილი წესით პირველადი დარეგისტრირება (აღრიცხვაზე აყვანა), სარეგისტრაციო ნიშნების გაცემა, საგზაო მოძრაობაში მონაწილეობისათვის მისი დაშვება, სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში (სისტემაში) ელექტრონული ან/და მატერიალური სახით სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემების ასახვა. ამავე ინსტრუქციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების პირველად რეგისტრაციისათვის მესაკუთრის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილ უნდა იქნეს: ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; გ) დათვალიერების აქტი; დ) განცხადება (დანართი 2); ე) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; ვ) შიდა ტრანზიტი, ხოლო მეორე პუნქტის შესაბამისად, სააგენტოს მიერ მექანიკური სატრანსპოტო საშუალების პირველადი რეგისტრაცია ან დროებითი რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების შესრულების ან ასეთი ვალდებულების წარმოუშობლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ.
„კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი 2010 წლის 31 დეკემბერის №988-1188 ბრძანების მე-7 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სპეციალისტს უფლება აქვს არ ჩაუტაროს ავტოსატრანსპორტო საშუალებას საექსპერტო შემოწმება ან/და არ შეადგინოს დათვალიერების აქტი, თუ თანმხლები დოკუმენტაცია არ შეესაბამება ავტოსატრანსპორტო საშუალების ან მისი მესაკუთრის (წარმომადგენლის) მონაცემებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული ,,მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ" ინსტრუქციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ" ქვეპუნქტის მიხედვით, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შედეგად მონაცემთა ბაზაში აისახება შემდეგი სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემები: მექანიკური სატრანსპორტო საშუალება: ა ) მარკა; ვ.ბ) მოდელი;ვ.გ) ძარის ტიპი; ვ.დ) საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერი; ვ.ე) გამოშვების წელი; ვ.ვ) ფერი; ვ.ზ) ძრავის ნომერი; ვ.თ) ძრავის მოცულობა; ვ.ი) საწვავის ტიპი; ვ.კ) ძარის ნომერი; ვ.ლ) შასის ნომერი; ვ.მ) დასაშვები წონა; ვ.ნ) დაუტვირთავი წონა; ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სააგენტოს მიერ სარეგისტრაციო მონაცემების დადგენა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი რეგისტრაციისათვის წარმოსადგენი დოკუმენტების, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების ან/და საექსპერტო შემოწმების გზით, გარდა ამ ინსტრუქციის 172 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამავე ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-18 პუნქტისა და 181 პუნქტის შესაბამისად, დათვალიერება წარმოადგენს სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემების დადგენის მიზნით, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეკვიზიტების თანხმლებ დოკუმენტებთან ვიზუალური შედარებას; დათვალიერების აქტი – სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ დათვალიერების შედეგად შედგენილი აქტი (ფორმა 1), რომელშიც თანხმლები დოკუმენტებისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შესახებ მონაცემების შედარების შედეგად აისახება ამ ინსტრუქციის დანართი №3-ით განსაზღვრული მონაცემები. დათვალიერების აქტის მოქმედების ვადა განისაზღვრება 30 კალენდარული დღით.
სასამართლომ განმარტა, რომ სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება არის სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ სარეგისტრაციო მონაცემების დადგენის მიზნით მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეკვიზიტების თანხმლებ დოკუმენტებთან ვიზუალური შედარება, რის საფუძველზეც გაიცემა დათვალიერების აქტი. დათვალიერების აქტი კი წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტს, რომელსაც მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მისი რეკვიზიტების წარდგენილ დოკუმენტებთან შედარების შედეგად ადგენს უფლებამოსილი პირი. ავტომანქანის რეგისტრაციის განხორციელებისათვის სარეგისტრაციო სამსახურში სხვა დოკუმენტებთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს დათვალიერების აქტი. მოსარჩელის მიერ წარდგენილი სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისას ვერ მოხდა სატრანსპორტო საშუალების მონაცემების რეკვიზიტების თანმხლებ დოკუმენტებთან შედარება და იდენტიფიკაცია.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 28 თებერვლის №001107217 ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ გამოსაკვლევად წარდგენილი ,,K----"-ის მარკის ავტომანქანის ჩარჩოს კოჭაზე (რამაზე) საიდენტიფიკაციო ნომერი არ აღმოჩნდა, ასევე ბირკაზე არასრულადაა დატანილი საიდენტიფიკაციო ნომერი ,,X-------- 0------". ამასთან, ბირკას აღენიშნება მოხსნისთვის დამახასიათებელი კვლები. ავტომანქანის საიდენტიფიკაციო ნომრის დადგენა შეუძლებელია. მითითებული ექსპერტიზის გამოკვლევით დადგენილია, რომ გამოსაკვლევად წარდგენილი ,,K----"-ის მარკის ავტომანქანის ჩარჩოს კოჭაზე (რამაზე) უკანა მარჯვენა საბურავთან, სადაც სავარაუდოდ დატანილი უნდა იყოს საიდენტიფიკაციო ნომერი, არ აღმოჩნდა. საიდენტიფიკაციო ნომრის ,,X-------- 0------" მაჩვენებლები დატანილია ავტომანქანის სატვირთო ძარაზე მარჯვენა წინა გვერდითა მხარეს ოთხი სამაგრი მოქლონით დამაგრებულ ლითონისმაგვარ ფურცლოვან ბირკაზე რომელიც ჩვიდმეტი ანბანური და ციფრობრივი აღნიშვნის ნაცვლად შედგება თექვსმეტი ანბანური და ციფრობრივი აღნიშვნისაგან. ბირკის ზედაპირის და სამაგრი მოქვლონების შემდგომი გამოკვლევისას დადგინდა, რომ ბირკის ზედაპირზე და სამაგრ მოქლონთა დამაგრების მიდამოში (სადაც კონსტრუქციულად უნდა იყოს სამაგრი მოქლონებისათვის განკუთვნილი ხვრელები) აღენიშნება დაზიანებები გამოხატული მინუს მასალის სახით, რომელთა პია-პირების დეტალური გამოკვლევისას დადგინდა, რომ დაზიანებების პირა-პირებზე საღებავისმაგვარი დანაშრევების ფონზე შეინიშნება უსწორმასწორობა და ხორკლიანობა, რომელთა მორფოროგიული ნიშანთვისებები დამახასიათებელია ტეხვით განვითარებისათვის, რაც შესაძლებელია გამოწვეული იყოს ბირკის მოხსნისას.
დადგენილია, რომ „K-----ის“ მარკის სატრანსპორტო საშუალებას ჩაუტარდა ტრასოლოგიური, ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზა და №1185/ტრ დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ ავტომობილს ტრანზიტული ნომრით GE-1----ს საიდენტიფიკაციო ნომერი და საიდენტიფიკაციო ნომრის აღმნიშვნელი საჭდე არ გააჩნია.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული ,,მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ" ინსტრუქციის 81 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვა ხორციელდება სააგენტოში რეგისტრირებულ ან რეგიტრაციისათვის წარმოდგენილ იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც: ა) დაზიანებული აქვს ქარხანა-დამამზადებლის მიერ ამოტვიფრვის გზით დატანილი საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN კოდი) და ვიზუალურად ვერ ხერხდება მისი ამოკითხვა; ბ) შეცვლილი აქვს ის მონაკვეთი, რომელზეც ქარხანა-დამამზადებლის მიერ ამოტვიფრვის გზით დატანილი იყო საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN კოდი); გ) შეცვლილი აქვს ნომრიანი აგრეგატი, რომელზეც ქარხანა-დამამზადებლის მიერ ამოტვიფრვის გზით დატანილი იყო საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN კოდი), ხოლო მე-10 პუნქტის თანახმად, საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვა არ განხორციელდება, თუ: ა) არ არსებობს საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირის გამოკვლევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება დაზიანებული საიდენტიფიკაციო ნომრის დადგენის/დაზუსტების თაობაზე; ბ) საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირის გამოკვლევის შედეგად ვერ დგინდება საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN კოდი); გ) მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანო წინააღმდეგი არ არის საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვის განხორციელებაზე; დ) არსებობს სასამართლოს ან ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვაზე უარის თქმის თაობაზე; ე) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე რეგისტრირებულია უფლებრივი შეზღუდვა; ვ) წარმოდგენილი დოკუმენტები და მექანიკური სატრანსპორტო საშულება არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; ზ) გადახდილი არ არის საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვისათვის კანონმდებლობით დადგენილი მომსახურების საფასური; თ) ქარხანა-დამამზადებლის მიერ შესაბამისი მარკის და მოდელის მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გათვალისწინებული არ არის საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) ამოტვიფრვის გზით დატანა; ი) არსებობოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემზღუდავი გარემოება.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას რეგისტრაციას ექვემდებარება შიგაწვის ძრავას მქონე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის შედეგად გაიცემა რეგისტრაციის მოწმობა და რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი ან ნიშნები) რომლის უფლებამოსილებასაც მე-6 პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ახორციელებს.
2007 წლის 31 იანვარის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ N150 ბრძანების მესამე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია არის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაცია, დროებითი რეგისტრაცია, რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელება, აღრიცხვიდან მოხსნა, სარეგისტრაციო ნიშნების გაცემა, საგზაო მოძრაობაში მონაწილეობისათვის მისი დაშვება, დადგენილი წესით სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში (სისტემაში) ელექტრონული ან/და მატერიალური სახით სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემების ასახვა. ამავე ინსტრუქციის მე-11 მუხლის მესამე პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სააგენტოს მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრების ან სარგებლობის უფლებით რეგისტრაცია არ განხორციელდება, თუ ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტით არ დასტურდება (ვერ დგინდება) დაინტერესებული პირის საკუთრების ან სარგებლობის უფლების წარმოშობა, აგრეთვე, თუ წარმოდგენილი თანმხლები დოკუმენტები ან/და მექანიკური სატრანსპორტო საშუალება არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ ,,k-----ის" მარაკის ავტომანქანის დათვალიერებისას ვერ მოხდა სატრანსპორტო საშუალების მონაცემების, რეკვიზიტების თანმხლებ დოკუმენტთან შედარება და იდენტიფიკაცია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე, 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას სწორად შეაფასა წარდგენილი მტკიცებულებების სიზუსტე. როგორც ადმინისტრაციულ ორგანოში, ისე სასამართლოში რა----------------ის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით ვერ დგინდება სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი, ხოლო ბირკას, რომელზეც საიდენტიფიკაციო ნომერი არასრულადაა დატანილი, აღენიშნება მოხსნისთვის დამახასიათებელი კვლები. ავტომანქანის საიდენტიფიკაციო ნომრის დადგენა შეუძლებელია. რაც შეეხება მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებას იმ გარემოების შესახებ, რომ სასამართლომ არ გაიზიაროს ექსპერტიზის დასკვნა, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული არ შეიძლება სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი გახდეს, ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნით და სასამართლო სხდომაზე ექსპერტის დაკითხვით უტყუარად დადასტურდა სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები; კერძოდ, გამოსაკვლევად წარდგენილი ,,K----"-ის მარკის ავტომანქანის ჩარჩოს კოჭაზე (რამაზე) საიდენტიფიკაციო ნომერი არ არსებობს, ბირკაზე, რომელიც არასრულადაა დატანილი საიდენტიფიკაციო ნომერი ,,X-------- 0------", აღენიშნება მოხსნისთვის დამახასიათებელი კვლები. ავტომანქანის საიდენტიფიკაციო ნომრის დადგენა შეუძლებელია. სასამართლომ გაიზიარა ექსპერტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ შესაძლებელია ბირკა იყოს სხვა მანქანის, ვინაიდან სათუნუქე სამუშაოების ჩატარების დროსაც კი იგი იშვიათად ზიანდება. შეუძლებელია მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი გახდეს წარმომადგენლის მითითება საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვის შესახებ, ვინაიდან რა----------------ის მიერ მოპასუხესთან სარეგისტრაციოდ წარდგენილი სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის დადგენა შეუძლებელია, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული ,,მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ" ინსტრუქციის 81 მუხლის პირველი პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, დადამღვა ხორციელდება სარეგისტრაციოდ წარდგენილ იმ საშუალებაზე, რომელსაც დაზიანებული აქვს ქარხანა დამამზადებლის მიერ ამოტვიფრის გზით დატანილი საიდენტიფიკაციო ნომერი და ვიზუალურად ვერ ხერხდება მისი ამოკითხვა, მოცემულ შემთხვევაში კი ასეთი ავტოსატრანსპორტო საშუალებას საერთოდ არ აქვს. მოსარჩელის მიერ ასევე არ წარმოდგენილა მის მიერ საგადასახადო ვალდებულების ან/და მისი შესრულებისგან განთავისუფლების დამადასტურებელი მტკიცებულება.
გასაჩივრებული სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 19 ივნისის №MIA 9---------- გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ წარდგენილი სატრანსპორტო საშუალების ფირნიში იყო მოხსნილ მდგომარეობაში, რის გამოც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში ჩატარდა ტრასოლოგიური ექსპერტიზა, რომლითაც დადგინდა, რომ ბირკაზე არასრულად არის დატანილი საიდენტიფიკაციო ნომერი X-------- 0------. შესაბამის უჯრაში გამორჩენილია ლათინური ასო ,,Y". ამასთან, ბირკას აღენიშნება მოხსნისთვის დამახასიათებელი კვლები, რის გამოც შეუძლებელია სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის დადგენა.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლზე, საქართველოს ადმინისტრაციულის საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლზე და აღნიშნა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გასაჩივრებული 2017 წლის 02 მაისის MIA 9---------- გადაწყვეტილება კანონიერად არის მიჩნეული, არ არსებობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის №MIA 9---------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი მიუთითებს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი დადგენილია თანხმლები არაერთი დოკუმენტით და შედგება 17-ნიშნა ასოთა და ციფრთა კომბინაციისგან. რაც შეეხება ბირკის მოხსნის ფაქტს, მოსარჩელე არ უარყოფს, რომ ბირკის სამაგრები იყო დაჟანგული და არსებობდა მისი დაკარგვის საფრთხე, რის გამოც კუსტარულად მოხდა მისი მიმაგრება ძველი მიმაგრების ადგილზე. სასარჩელო მოთხოვნა ძირითადად ემყარება 2009 წლის 24 იანვრის სატრანსპორტო საშუალების პასპორტის დუბლიკატს N5---------, რომელიც სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის დროს წარდგენილი არ ყოფილა, თუმცა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში საჩივართან ერთად წარდგენილ იქნა რუსულენოვანი დოკუმენტი. აპელანტის მოსაზრებით, წარდგენილი დოკუმენტის სათანადო გამოკვლევა ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ მომხდარა, წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო დაადგენდა ხარვეზს და მოითხოვდა დოკუმენტის გადათარგმნას. გარდა ამისა, მოპასუხემ და სასამართლომ არ შეაფასეს პასპორტში მითითებული მნიშვნელოვანი გარემოებები. გრაფაში „განსაკუთრებული აღნიშვნები“ მითითებულია შემდეგი: 24.01.2009 რეგისტრირებულია კაბინა 5------------ და ჩარჩო 6---- (ანუ გამოიცვალა კაბინა და რამა); ვინ მ/ტ-ს მიხედვით ძარაზე, მ/ტ კაბინაზე არ არსებობს; ჩარჩო 6---- : - ნ/გ (ნომრის გარეშე). საიდენტიფიკაციო კოდის დატანა ხდება ავტომანქანის ჩარჩოზე. სავარაუდოდ, კოდი ძველ ჩარჩოზე იქნებოდა დატანილი, რომლის შეცვლის შემდეგ ახალზე არ იქნა დატანილი საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც დატანილ იქნა ბირკაზე (ფირნიშზე), მაგრამ გამორჩათ ერთი ლათინური ასო. რუსეთის მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ 2017 წლის 10 ნოემბერს გაცემული სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის ბარათით ასევე დასტურდებოდა მითითებული გარემოებები.
აპელანტი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები არ გამოიკვლია. მათ შორის, მოპასუხემ არასათანადოდ გამოიკვლია სარეგიტრაციო მოწმობაში არსებული განსაკუთრებული აღნიშვნები, სადაც მითითებულია, რომ „მარკირების ცხრილზე VIN ნომრის გარეშეა, კაბინაზე მარკირების ცხრილი არ აქვს“. ამ ჩანაწერით დგინდება, რომ ავტომანქანის რამაზე (ჩარჩოზე) არსებული მარკირების ცხრილზე საიდენტიფიკაციო ნომერი დატანილი არ არის, ხოლო კაბინაზე მარკირების ცხრილი არ აქვს. გარდა ამისა, სათანადოდ შესწავლილი და შეფასებული არ არის სატრანსპორტო საშუალების პასპორტის დუბლიკატი.
აპელანტი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის N150 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტზე მითითებით, აღნიშნავს, რომ თუ ბირკაზე გამორჩენილი იყო ლათინური ასო, მაშინ ავტომანქანის დოკუმენტებსა და ბირკას შორის არსებობდა შეუსაბამობა, ამდენად, მარეგისტრირებელ ორგანოს ევალებოდა როგორც სატრანსპორტო საშუალების, ასევე დოკუმენტების დამატებითი შემოწმება. განსახილველ შემთხვევაში კი მოცემული ვალდებულება არ შესრულებულა. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ ასევე არასწორად განმარტა 2007 წლის 31 იანვრის N150 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 და მე-81 მუხლები, რადგან მათ შესაბამისად, საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვა ხორციელდება სააგენტოში რეგიტრაციისათვის წარმოდგენილ იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც შეცვლილი აქვს ის მონაკვეთი, რომელზეც ქარხანა დამამზადებლის მიერ ამოტვიფრვის გზით დატანილი იყო საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN კოდი). წარმოდგენილი ავტომანქანის პასპორტით დადგენილია, რომ 2009 წლის 24 იანვარს მანქანას გამოეცვალა ჩარჩო (რამა) ანუ შეეცვალა ის მონაკვეთი, რომელზეც ქარხანა-დამამზადებლის მიერ ამოტვიფრვის გზით დატანილი იყო საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN კოდი). შესაბამისად, მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა მოეხდინა საიდენტიფიკაციო ნომრის ავტომობილის ჩარჩოზე დადამღვა და მისი რეგისტრაცია.
აპელანტი დამატებით მიუთითებს, რომ ავტომანქანა რომ ყალბი იყოს, რუსეთის ფედერაციის შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში არ იქნებოდა დაცული სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის ბარათი. ავტომობილის სიყალბეს გამორიცხავს ჩატარებული გამოძიებითაც, რომლითაც დადგინდა, რომ ავტომანქანა არ იძებნება ინტერპოლის წევრი ქვეყნების მიერ, რუსეთის ფედერაციაში მოხსნილია რეგისტრაციიდან საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, ავტომანქანის დანაშაულებრივი გზით დაუფლება, საიდენტიფიკაციო ნომრისა და დოკუმენტების გაყალბება არ დადასტურდა. საგამოძიებო ორგანო ინტერპოლის მონაცემებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნევს, რომ ავტომანქანის საიდენტიფიკაციო ნომერია XIF6----AV0------. საქმეში არსებული ტრასოლოგიური ექსპერტიზა კი ზოგადად ასკვნის, რომ საიდენტიფიკაციო ნომრის დადგენა შეუძლებელია იმ დროს, როცა საიდენტიფიკაციო ნომერი დადგენილია თანმხლები დოკუმენტებით. სასამართლოზე დაკითხულმა ექსპერტმა ბირკის მოხსნა-დაყენების ფაქტი დაადასტურა, მაგრამ ეკუთვნოდა თუ არა ბირკა გამოკვლეულ სატრანსპორტო საშუალებას ვერც უარყო და ვერც დაადასტურა. მისი განმარტებით, ბირკა შეიძლება ყოფილიყო სხა მანქანის ან სადავო მანქანის.
აპელანტი სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას მოითხოვს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5.1.1. დადგენილია, რომ რა----------------მა რუსეთის ფედერაციაში შეიძინა სატვირთო ავტომანქანა, მარკა (მოდელი) - კ----- 6----A; ტიპი - სატვირთო თვითმცლელი; გამოშვების თარიღი - 2000 წელი; საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------; სარეგისტრაციო ნომერი E-------. 2016 წლის 7 ოქტომბერს რ---------------ის სახელზე გაიცა სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა №5----------. (ტ. 1, ს.ფ. 11-12).
5.1.2. სატვირთო საშუალების პასპორტის მიხედვით, „კ----- 6----A-ის“ მარკის სატვირთო თვითმცლელის (გამოშვებული 2000 წელს) საიდენტიფიკაციო ნომერი არის X----------------. განსაკუთრებულ აღნიშვნებში მითითებულია - ჩარჩო 6----. პასპორტის შესაბამისად, 2009 წლის 24 იანვარს სატრანსპორტო საშუალება გასხვისებულ იქნა, რის შემდეგაც განსაკუთრებულ აღნიშვნებში მითითებულია - მ/ტ-ს მიხედვით ძარაზე, მ/ტ კაბინაზე არ არსებობს. ავტომანქანის ბოლო მესაკუთრედ აღნიშნულია რა----------------ი 2016 წლის 6 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. (ტ. 1, ს.ფ. 88-90).
5.1.3. სატვირთო საშუალების აღრიცხვის ბარათის მიხედვით, „კ----- 6----A-ის“ მარკის სატვირთო თვითმცლელი საიდენტიფიკაციო ნომრით X----------------, რუსეთის ფედერაციის გარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით მოიხსნა აღრიცხვიდან. სატრანსპორტო საშუალების მფლობელად მითითებულია რა----------------ი (ტ. 1, ს.ფ. 211-212).
5.1.4. რა----------------მა 2017 წლის 24 აპრილს №964069 განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალურ ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო მომსახურების სამმართველოს სარეგისტრაციო უზრუნველყოფის სამსახურს, რომლითაც სატრანსპორტო საშუალების მის სახელზე რეგისტრაცია მოითხოვა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალურ ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო მომსახურების სამმართველოს სარეგისტრაციო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2017 წლის 02 მაისის MIA 9---------- გადაწყვეტილებით რა----------------ს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი სატრანსპორტო საშუალების - ,,k-----ის“ დათვალიერებისას ვერ მოხდა სატრანსპორტო საშუალების მონაცემების, რეკვიზიტების თანმხლებ დოკუმენტებთან შედარება და იდენტიფიკაცია. (ს.ფ.ტ 1, 142-143).
5.1.5. რა----------------მა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა, რომლითაც 2017 წლის 02 მაისის №MIA9---------- გადაწყვეტილების გაუქმება და ავტომანქანის მის სახელზე რეგისტრაცია მოითხოვა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 19 ივნისის №MIA 9---------- გადაწყვეტილებით რა----------------ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ რა----------------ის მიერ მომსახურების სააგენტოში სარეგისტრაციოდ წარდგენილი სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის დადგენა იყო შეუძლებელი, რაც გამორიცხავდა მომსახურების სააგენტოს მიერ დათვალიერების აქტის შედგენასა და საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვას. (ტ.1,ს.ფ.120-126).
5.1.6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს 2017 წლის 13 იანვრის მიმართვის მიხედვით, სამმართველოში მიმდინარეობდა წინასწარი გამოძიება კ-----ის მარკის ავტომანქანის (საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------) საიდენტიფიკაციო ნომრის შესაძლო ზემოქმედების ფაქტთან დაკავშირებით. ჩატარდა საბუთების ტექნიკური ექსპერტიზა, რომლის N1090/ტრ დასკვნის თანახმად, რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სარეგისტრაციო სერტიფიკატი დამზადებულია სტამბური წესით, შეესაბამება ანალოგიური სახის მქონე ნამდვილი დოკუმენტის ბლანკს და აქვს ნამდვილი დოკუმენტისთვის დამახასიათებელი დამცავი ნიშნები; დოკუმენტის გრაფებში არსებულ ჩანაწერებში ცვლილებები შეტანილი არ არის. ამასთანავე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს საერთაშორისო ძებნის სამმართველოს უფროსის 2016 წლის 26 დეკემბრის N3------ სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, ავტომანქანა (საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------) ინტერპოლის წევრი ქვეყნების მიერ არ იძებნება. ამავე ბიურის 2016 წლის 20 დეკემბრის N3202073 სამსახურებრივი ბარათის მიხედვით, ავტომანქანა (საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------) მოხსნილია რუსეთის ფედერაციაში რეგისტრაციიდან საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით. ამდენად, საქართველოში ან საქართველოს მოქალაქის მიერ ავტომანქანის დანაშაულებრივი გზით დაუფლების, ასევე, საიდენტიფიკაციო ნომრისა და დოკუმენტების გაყალბება არ დადასტურდა. (ტ. 1, ს.ფ. 17-18).
5.1.7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 5 დეკემბრის N1185ტრ დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზაზე წარდგენილ, „კ-----ის“ მარკის ავტომობილს, ტრანზიტული ნომრით - GE-1---, საიდენტიფიკაციო ნომერი და საიდენტიფიკაციო ნომრის აღმნიშვნელი საჭდე არ გააჩნია.
5.1.8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 8 დეკემბრის N1090/დტ დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზაზე წარდგენილი რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სარეგისტრაციო სერტიფიკატი 5---------- დამზადებულია სტამბური წესით, შეესაბამება ანალოგიური სახის მქონე ნამდვილი დოკუმენტის ბლანკს და აქვს ნამდვილი დოკუმენტისთვის დამახასიათებელი დამცავი ნიშნები; დოკუმენტის გრაფებში არსებულ ჩანაწერებში ცვლილებები შეტანილი არ არის.
5.1.9. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 28 თებერვლის N001107217 დასკვნის მიხედვით, ვინაიდან კ-----ის მარკის ავტომანქანის ჩარჩოს კოჭაზე (რამაზე) საიდენტიფიკაციო ნომერი არ აღმოჩნდა, ასევე ბირკაზე არასრულადაა დატანილი საიდენტიფიკაციო ნომერი - X-------- 0------ და ბირკას აღენიშნება მოხსნისთვის დამახასიათებელი კვლები, ავტომანქანის საიდენტიფიკაციო ნომრის დადგენა შეუძლებელია.
ექსპერტიზის დასკვნაში გამოკვლევის ნაწილში მითითებულია, რომ გამოსაკვლევად წარდგენილი ,,K-----ის“ მარკის ავტომანქანის ჩარჩოს კოჭაზე (რამაზე) უკანა მარჯვენა საბურავთან, სადაც, სავარაუდოდ, დატანილი უნდა იყოს საიდენტიფიკაციო ნომერი, არ აღმოჩნდა. საიდენტიფიკაციო ნომრის ,,X-------- 0------" მაჩვენებლები დატანილია ავტომანქანის სატვირთო ძარაზე მარჯვენა წინა გვერდითა მხარეს ოთხი სამაგრი მოქლონით დამაგრებულ ლითონისმაგვარ ფურცლოვან ბირკაზე, რომელიც ჩვიდმეტი ანბანური და ციფრობრივი აღნიშვნის ნაცვლად შედგება თექვსმეტი ანბანური და ციფრობრივი აღნიშვნისაგან. ბირკის ზედაპირის და სამაგრი მოქვლონების შემდგომი გამოკვლევისას დადგინდა, რომ ბირკის ზედაპირზე და სამაგრ მოქლონთა თავებზე შეინიშნება საღებავისმაგვარი ნივთიერების დანაშრევები. ამასთან, ბირკას ოთხივე კუთხეში სამაგრ მოქლონთა დამაგრების მიდამოში (სადაც კონსტრუქციულად უნდა იყოს სამაგრი მოქლონებისათვის განკუთვნილი ხვრელები) აღენიშნება დაზიანებები, გამოხატული მინუს მასალის სახით, რომელთა პირა-პირების დეტალური გამოკვლევისას დადგინდა, რომ დაზიანებების პირა-პირებზე საღებავისმაგვარი დანაშრევების ფონზე შეინიშნება უსწორმასწორობა და ხორკლიანობა, რომელთა მორფოროგიული ნიშან-თვისებები დამახასიათებელია ტეხვით განვითარებისათვის, რაც შესაძლებელია გამოწვეული იყოს ბირკის მოხსნისას. ბირკაზე დატანილი საიდენტიფიკაციო ნომრის მაჩვენებლები დათვალიერებული იქნა გამადიდებელი შუშით და დადგინდა, რომ საშუალოდ ნომრის ანბანურ და ციფრობრივ აღნიშვნათა ზედაპირებზე ვიზუალურად ხილვადი გადაკეთებისთვის დამახასიათებელი ზემოქმედების კვლები არ შეინიშნება. (ტ. 1, ს.ფ. 14-16).
5.2. სამართლებრივი დასაბუთება:
5.2.1. სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის განხილვის ფარგლებში მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასრულად დაადგინა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
5.2.2. საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტი ადგენს, რომ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას რეგისტრაციას ექვემდებარება შიგაწვის ძრავას მქონე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია.
მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ ინსტრუქცია დამტკიცებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით, რომლის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მესაკუთრე ან მოსარგებლე ვალდებულია განახორციელოს საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაცია, იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. ამავე ინსტრუქციის მესამე მუხლის მე-13 პუნქტის მიხედვით, პირველადი რეგისტრაცია არის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო სამსახურში დადგენილი წესით პირველადი დარეგისტრირება (აღრიცხვაზე აყვანა), სარეგისტრაციო ნიშნების გაცემა, საგზაო მოძრაობაში მონაწილეობისათვის მისი დაშვება, სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში (სისტემაში) ელექტრონული ან/და მატერიალური სახით სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემების ასახვა.
მითითებული ინსტრუქციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების პირველად რეგისტრაციისათვის მესაკუთრის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარსადგენ სავალდებულო დოკუმენტთა ნუსხას: ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; გ) დათვალიერების აქტი; დ) განცხადება; ე) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; ვ) შიდა ტრანზიტი. იმავე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, სააგენტოს მიერ მექანიკური სატრანსპოტო საშუალების პირველადი რეგისტრაცია ან დროებითი რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების შესრულების ან ასეთი ვალდებულების წარმოუშობლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ვ.დ“ ქვეპუნქტი კი ადგენს, რომ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შედეგად მონაცემთა ბაზაში აისახება სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემები, მათ შორის, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სააგენტოს მიერ სარეგისტრაციო მონაცემების დადგენა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი რეგისტრაციისათვის წარმოსადგენი დოკუმენტების, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების ან/და საექსპერტო შემოწმების გზით, გარდა ამ ინსტრუქციის 172 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
ზემოთ მითითებულ ნორმათა განმარტების შესაბამისად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ვალდებულია განახორციელოს საქართვევლოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაცია, რისთვისაც მან სარეგისტრაციო სამსახურში სხვა დოკუმენტებთან ერთად დათვალიერების აქტი უნდა წარადგინოს. შედეგად, მონაცემთა ბაზაში სხვა მონაცემებთან ერთად აისახება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერი.
ამავე ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-18 და 181 პუნქტები განსაზღვრავს დათვალიერების არსს, რასაც სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემების დადგენის მიზნით, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეკვიზიტების თანხმლებ დოკუმენტებთან ვიზუალურ შედარება წარმოადგენს; დათვალიერების აქტი კი არის სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ დათვალიერების შედეგად შედგენილი აქტი, რომელშიც თანხმლები დოკუმენტებისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შესახებ მონაცემების შედარების შედეგად აისახება ამ ინსტრუქციის დანართი №3-ით განსაზღვრული მონაცემები. დათვალიერების აქტის მოქმედების ვადა განისაზღვრება 30 კალენდარული დღით. ამასთანავე, საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი 2010 წლის 31 დეკემბერის №988-1188 ბრძანებით დამტკიცებული „კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის“ მე-7 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სპეციალისტს უფლება აქვს არ ჩაუტაროს ავტოსატრანსპორტო საშუალებას საექსპერტო შემოწმება ან/და არ შეადგინოს დათვალიერების აქტი, თუ თანმხლები დოკუმენტაცია არ შეესაბამება ავტოსატრანსპორტო საშუალების ან მისი მესაკუთრის (წარმომადგენლის) მონაცემებს.
დათვალიერების აქტის შედგენის საფუძველს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების თანმხლებ დოკუმენტებთან შედარებისას მონაცემების ურთიერთშესაბამისობის დადგენა და ასახვა წარმოადგენს, ასეთის არარსებობა კი დათვალიერების აქტის შედგენაზე უარის თქმის საფუძველია. სადავო არ არის გარემოება, რომ რა----------------ის მიერ მომსახურების სააგენტოში სარეგისტრაციოდ წარდგენილი სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის დადგენა მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებისა და დოკუმენტებთან შედარებით ვერ მოხდა და შესაბამისად, დათვალიერების აქტი უფლებამოსილ პირს არ შეუდგენია.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქცია ითვალისწინებს იმგვარი შემთხვევის რეგულირებასაც, როდესაც დათვალიერების აქტის შედგენის ნაცვლად სააგენტოს მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება ხორციელდება ტრანსოლოგიური ან/და სასაქონლო შემოწმების გზით და მიზნად ისახავს დადგენილი წესით კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში რეგისტრაციისათვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემების დადგენას; ინსტრუქციის მე-8 მუხლის მე-8 პუნქტის ,,ვ" ქვეპუნქტის მიხედვით, საექსპერტო შემოწმებას სავალდებულო წესით ექვემდებარება ამ ინსტრუქციის 81 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვისათვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება.
თავის მხრივ, ინქტრუქციის 81 პუნქტი იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის შესაძლებლობას იძლევა, რომელზეც ინსტრუქციით განსაზღვრული დათვალიერების აქტი უფლებამოსილ პირს არ შეუდგენია - საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვა ხორციელდება სააგენტოში რეგისტრირებულ ან რეგიტრაციისათვის წარმოდგენილ იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც: ა) დაზიანებული აქვს ქარხანა-დამამზადებლის მიერ ამოტვიფრვის გზით დატანილი საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN კოდი) და ვიზუალურად ვერ ხერხდება მისი ამოკითხვა; ბ) შეცვლილი აქვს ის მონაკვეთი, რომელზეც ქარხანა-დამამზადებლის მიერ ამოტვიფრვის გზით დატანილი იყო საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN კოდი); გ) შეცვლილი აქვს ნომრიანი აგრეგატი, რომელზეც ქარხანა-დამამზადებლის მიერ ამოტვიფრვის გზით დატანილი იყო საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN კოდი).
ამავე მუხლის მე-10 პუნქტი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, როდესაც საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვა არ განხორციელდება - თუ: ა) არ არსებობს საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირის გამოკვლევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება დაზიანებული საიდენტიფიკაციო ნომრის დადგენის/დაზუსტების თაობაზე; ბ) საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირის გამოკვლევის შედეგად ვერ დგინდება საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN კოდი); გ) მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანო წინააღმდეგი არ არის საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვის განხორციელებაზე; დ) არსებობს სასამართლოს ან ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვაზე უარის თქმის თაობაზე; ე) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე რეგისტრირებულია უფლებრივი შეზღუდვა; ვ) წარმოდგენილი დოკუმენტები და მექანიკური სატრანსპორტო საშულება არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; ზ) გადახდილი არ არის საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვისათვის კანონმდებლობით დადგენილი მომსახურების საფასური; თ) ქარხანა-დამამზადებლის მიერ შესაბამისი მარკის და მოდელის მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გათვალისწინებული არ არის საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) ამოტვიფრვის გზით დატანა; ი) არსებობოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემზღუდავი გარემოება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ'' ქვეპუნქტზე მითითებით სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო აქტები გამოცემულია მითითებული პრინციპის დარღვევით - საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად დადგენის, შესწავლისა და შეფასების გარეშე.
მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის თაობაზე წარდგენილი განაცხადის საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოება შემდეგი მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევას მოიცავს - არსებობოს თუ არა უფლებამოსილი პირის მიერ დათვალიერების აქტის შედგენის საფუძველი, რაც, ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის უპირობო საფუძველს წარმოადგენს, იმ შემთხვევაში კი, თუკი უფლებამოსილ პირს დათვალიერების აქტი არ შეუდგენია, არსებობს თუ არა საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვის გზით სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის საფუძველი.
გასაჩივრებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალურ ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო მომსახურების სამმართველოს სარეგისტრაციო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2017 წლის 02 მაისის MIA 9---------- გადაწყვეტილებით რა----------------ს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი სატრანსპორტო საშუალების - ,,k-----ის“ დათვალიერებისას ვერ მოხდა სატრანსპორტო საშუალების მონაცემების, რეკვიზიტების თანმხლებ დოკუმენტებთან შედარება და იდენტიფიკაცია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 19 ივნისის №MIA 9---------- გადაწყვეტილებით კი რა----------------ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ რა----------------ის მიერ მომსახურების სააგენტოში სარეგისტრაციოდ წარდგენილი სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის დადგენა იყო შეუძლებელი, რაც გამორიცხავდა მომსახურების სააგენტოს მიერ დათვალიერების აქტის შედგენასა და საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვას.
თავის მხრივ, საიდენტიფიკაციო ნომრის დადგენის შეუძლებლობა ადმინისტრაციულმა ორგანომ დაასაბუთა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 28 თებერვლის N001107217 დასკვნაზე მითითებით, რომლის მიხედვით, ვინაიდან კ-----ის მარკის ავტომანქანის ჩარჩოს კოჭაზე (რამაზე) საიდენტიფიკაციო ნომერი არ აღმოჩნდა, ასევე ბირკაზე არასრულადაა დატანილი საიდენტიფიკაციო ნომერი - X-------- 0------ და ბირკას აღენიშნება მოხსნისთვის დამახასიათებელი კვლები, ავტომანქანის საიდენტიფიკაციო ნომრის დადგენა შეუძლებელია.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არ განუსაზღვრავს, ზემოთ მითითებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის 81 პუნქტით გათვალისწინებული რომელი საფუძველი იყო სახეზე - ,,ა" ქვეპუნქტით განსაზღვრული, რომლის მიხედვითაც მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას დაზიანებული აქვს ქარხანა-დამამზადებლის მიერ ამოტვიფრვის გზით დატანილი საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN კოდი) და ვიზუალურად ვერ ხერხდება მისი ამოკითხვა თუ ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალსიწინებული შემთხვევა - შეცვლილი აქვს ის მონაკვეთი, რომელზეც ქარხანა-დამამზადებლის მიერ ამოტვიფრვის გზით დატანილი იყო საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN კოდი); ამ გარემოების დადგენა-შეფასებას კი მნიშვნელობა აქვს შემდგომ ჩასატარებელი კვლევისთვის. განსახილველ შემთხვევაში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა კი არ იძლევა პასუხს - საკვლევ ავტოსატრანსპორტო საშუალებას შეცვლილი აქვს თუ არა ის მონაკვეთი, რომელზეც ქარხანა-დამამზადებლის მიერ ამოტვიფრის გზით დატანილი იყო საიდენტიფიკაციო (VIN კოდი) ნომერი. შესაბამისად, განსაზღვრული არ ყოფილა ასეთ შემთხვევაში საიდენტიფიკაციო ნორმის დადგენის მიზნით ჩასატარებელი კვლევლის საგანი იმ პირობებში, როცა ნორმატიული აქტით შემთხევა, როდესაც ავტოსატრანსპორტო საშუალებას დაზიანებული აქვს ქარხანა-დამამზადებლის მიერ ამოტვიფრვის გზით დატანილი საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN კოდი) და ვიზუალურად ვერ ხერხდება მისი ამოკითხვა, დამოუკიდებელ საფუძველს წარმოადგენს დადამღვის მიზნებისთვის. ამრიგად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს არ გამოუკვლევიათ, რამდენად არსებობდა საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვისა და ამ გზით რეგისტრაციის შესაძლებლობა.
სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ავტოსატრანსპორტო საშუალების დოკუმენტაციაზე, კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის გარდა წარმოდგენილია სატვირთო საშუალების პასპორტი, რომელშიც ავტომანქანის საიდენტიფიკაციო ნომრად მითითებულია X----------------, ხოლო განსაკუთრებულ აღნიშვნებში - ჩარჩო 6----. პასპორტის შესაბამისად, 2009 წლის 24 იანვარს სატრანსპორტო საშუალება გასხვისებულ იქნა, რის შემდეგაც განსაკუთრებულ აღნიშვნებში მითითებულია - მ/ტ-ს მიხედვით ძარაზე, მ/ტ კაბინაზე არ არსებობს. ავტომანქანის ბოლო მესაკუთრედ აღნიშნულია რა----------------ი, 2016 წლის 6 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. ასევე, სატვირთო საშუალების აღრიცხვის ბარათის მიხედვით, „კ----- 6----A-ის“ მარკის სატვირთო თვითმცლელი, საიდენტიფიკაციო ნომრით X----------------, რუსეთის ფედერაციის გარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით მოიხსნა აღრიცხვიდან. სატრანსპორტო საშუალების მფლობელად მითითებულია რა----------------ი. როგორც სააპელაციო საჩივრის ავტორი ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზეც და სააპელაციო საჩივარშიც განმარტავს, საიდენტიფიკაციო კოდის დატანა ხდება ავტომანქანის ჩარჩოზე. სადავო აქტები არ შეიცავს იმ გარემოებების კველა-შეფასებას, შეცვლილია თუ არა სატრანსპორტო საშუალების ის მონაკვეთი (ჩარჩო), რომელზეც ქარხანა-დამამზადებლის მიერ ამოტვიფრვის გზით დატანილი იყო საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN კოდი). სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული ფაქტის გამოკვლევასა და დადგენას არსებითი მნიშვნელობა აქვს სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს 2017 წლის 13 იანვრის მიმართვაზე, რომლითაც დადგენილია, რომ ავტომანქანა (საიდენტიფიკაციო ნომერი X----------------) ინტერპოლის წევრი ქვეყნების მიერ არ იძებნება, იგი მოხსნილია რუსეთის ფედერაციაში რეგისტრაციიდან საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით. ამათანავე, საქართველოში ან საქართველოს მოქალაქის მიერ ავტომანქანის დანაშაულებრივი გზით დაუფლების, ასევე, საიდენტიფიკაციო ნომრისა და დოკუმენტების გაყალბება არ დადასტურდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 8 დეკემბრის N1090/დტ დასკვნის მიხედვით კი, ექსპერტიზაზე წარდგენილი, რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სარეგისტრაციო სერტიფიკატი 5---------- დამზადებულია სტამბური წესით, შეესაბამება ანალოგიური სახის მქონე ნამდვილი დოკუმენტის ბლანკს და აქვს ნამდვილი დოკუმენტისთვის დამახასიათებელი დამცავი ნიშნები; დოკუმენტის გრაფებში არსებულ ჩანაწერებში ცვლილებები შეტანილი არ არის. საყურადღებოა, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 28 თებერვლის N001107217 დასკვნის გამოკვლევის ნაწილის თანახმად, ბირკაზე დატანილი საიდენტიფიკაციო ნომრის მაჩვენებლები დათვალიერებულ იქნა გამადიდებელი შუშით და დადგინდა, რომ საშუალოდ ნომრის ანბანურ და ციფრობრივ აღნიშვნათა ზედაპირებზე ვიზუალურად ხილვადი გადაკეთებისთვის დამახასიათებელი ზემოქმედების კვლები არ შეინიშნება.
ვინაიდან არ დასტურდება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საიდენტიფიკაციო ნომრისა და დოკუმენტების გაყალბების ფაქტი, ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტისთვის ერთობლივად უნდა მომხდარიყო წარდგენილი დოკუმენტების გამოკვლევა, განმცხადებლის პოზიციის შესწავლა და სარეგისტრაციო ნომრის დადამღვის შესაძლებლობის დადგენა.
5.2.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.
ვინაიდან გასაჩივრებული აქტი გამოცემულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისა და შეფასების გარეშე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო მომსახურების სამმართველოს სარეგისტრაციო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2017 წლის 02 მაისის №MIA 9 17 0 1036556 გადაწყვეტილება და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო და საგამოცდო მომსახურების სამმართველოს სარეგისტრაციო უზრუნველყოფის სამსახურს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდება.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
რ---------------ის მიერ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - სულ 250 ლარის ანაზღაურება მის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და შსს მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო მომსახურების სამმართველოს სარეგისტრაციო უზრუნველყოფის სამსახურს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. რა----------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. რა----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო უზრუნველყოფის სამმართველოს სარეგისტრაციო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2017 წლის 02 მაისის №MIA9---------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო უზრუნველყოფის სამმართველოს სარეგისტრაციო უზრუნველყოფის სამსახურს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში;
5. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო უზრუნველყოფის სამმართველოს სარეგისტრაციო უზრუნველყოფის სამსახურს რა----------------ის სასარგებლოდ თანაბარწილად დაეკისროთ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - სულ 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
თავმჯდომარე: თამარ ონიანი
მოსამართლეები: მანანა ჩოხელი
გიორგი ტყავაძე