განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100118002769430
საქმე №1ბ/557-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით თბილისი
23 აპრილი, 2019 წელი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
მსჯავრდებულ რ----------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატების, - მ----------ის და მ---------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ----------------ის მიმართ, დაბადებულის 19---–-–-----------, საქართველოს მოქალაქის, პ-------------------- ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებელის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ქ------------------------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ----------------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგ:
2018 წლის 2 ნოემბერს, დაახლოებით 16:30 საათზე, ქ----------–---------------------ე მდებარე ქ.რუსთავის მერიის შენობასა და შენობის მიმდებარედ, რ----------------ემ მეუღლეს ლ-----–-----ეს, მათი საერთო არასრულწლოვანი შვილის ხუთი წლის ნ-----–------------------ის თანდასწრებით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. რ----------------ემ საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული შეხედულებების გავლენით მიიჩნია, რომ როდესაც მეუღლემ ტელეფონზე არ უპასუხა, ამით მას თავმოყვარეობა შეელახა და მეუღლის, როგორც ქალის როლის დაკნინების მიზნით ჯერ მუშტი დაარტყა მას მარცხენა ლოყაში, შემდეგ ხის კეტი რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში, ასევე სახრახნის წვერი ჩაარტყა მარცხენა ფეხში. რ-----------------ის ძალადობრივი ქმედებებით ლ-----–-----ემ მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
სასამართლომ დადგენილებით მიიჩნია:
რ----------------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგ:
2018 წლის 2 ნოემბერს, დაახლოებით 16:30 საათზე, ქ-----------–---------------------- მდებარე ქალაქ რუსთავის მერიის შენობასა და შენობის მიმდებარედ, რ----------------ემ მეუღლეს ლ-----–-----ეს, მათი საერთო არასრულწლოვანი შვილის ხუთი წლის ნ-----–-----------------ს თანდასწრებით, ვინაიდან მეუღლემ ტელეფონზე არ უპასუხა, ჯერ მუშტი დაარტყა მას მარცხენა ლოყაში, შემდეგ ხის კეტი რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში. რ----------------ის ძალადობრივი ქმედებებით ლ-----–-----ემ მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის განაჩენით:
რ---------------იძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111 120-ე მუხლით (2018 წლის 30 ნოემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
რ----------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან -
2018 წლის 12 ნოემბრიდან.
რ----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ რ----------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა, - მ-----------მ და მ---------------ემ, აპელანტებმა მოითხოვეს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა რ----------------ისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით. კერძოდ, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლა.
აპელანტები აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებენ იმ გარემოებას, რომ რ---------------- აცნობიერებს და გულწრფელად ინანიებს დანაშაულის ჩადენას, საქმეში არსებულ არცერთ მტკიცებულებას არ ხდის სადავოდ.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა რ----------------ის
მიერ განხორციელებულ ქმედებას. რ----------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე
გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, დაზარალებულის ჩვენებით, მოწმეთა გამოკითხვის დროს მიღებული ინფორმაციით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმის სხვა მასალებით.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, რ----------------ისათვის დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის შესახებ, - ასეთს პალატა არ იზიარებს და თავდაპირველად მიუთითებს დანაშაულებრივი ქმედების სახესა და ხერხზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ მეუღლისათვის დაზიანების მისაყენებლად სხვა საშუალებასთან (ხელი) ერთად რ----------------ემ გამოიყენა ხის კეტი, რომელიც სახის არეში არაერთხელ დაარტყა დაზარალებულს. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ასევე მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ოჯახური დანაშაული საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე (განსაკუთრებით მცირეწლოვან პირებზე), სადაც ძალადობრივი ქმედება ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. ქალთა მიმართ ძალადობა (რასაც კონკრეტულ შემთხევაში ჰქონდა ადგილი) გლობალური პრობლემაა, რაც ეწინააღმდეგება კანონის მიერ ადამიანისათვის მინიჭებულ უფლებებს და ზღუდავს ქალთა ჩართულობას სოციალურ ცხოვრებაში. მართალია, რ----------------ის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, მაგრამ სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე და ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე, დამნაშავის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ.
საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, „თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს, ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის“. ნორმის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, ნათელია, რომ აღნიშნული ნორმის გამოყენება სასამართლოს დისკრეციაა და არა ვალდებულება. კონკრეტულ შემთხვევაში, მიუხედავად რიგი შემამსუბუქებელი გარემოებების არსებობისა, ზემოთმითითებული არგუმენტების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი რ----------------ემ უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში და მის მიმართ აღნიშნული რეგულაციით გათვალისწნებული შეღავათი არ უნდა იქნას გამოყენებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ რ----------------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს
და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც
პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. გარდა აღნიშნულისა, პალატა მიიჩნევს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის განაჩენი მსჯავრდებულ რ----------------ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი რ----------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ რ----------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატების, - მ----------ის და მ---------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
რ---------------იძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111 120-ე მუხლით (2018 წლის 30 ნოემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
რ----------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან -
2018 წლის 12 ნოემბრიდან.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ რ----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
საქმეზე დართული დისკი, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი