განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.03.2019
საქმის ნომერი
020210118002308092
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
28.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 020210118002308092

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე № 2\ბ-56-2019წ.

28 მარტი 2019 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თამარ სვანიძე

სხდომის მდივანი _ ბექა გ------აძე

აპელანტი: რ----- გ-----

წარმომადგენელი: დ----- ჯ--------

მოწინააღმდეგე მხარე: დ------- გ-----

წარმომადგენელი:კ------- გ--–-----ე

დავის საგანი: უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება

სააპელაციო პალატამ გამოარკვია:

მ---- გ-----მ, თ--- გ-----მ, რ----- გ-----მ სარჩელით მიმართეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხედ დ------- გ----- მიუთითეს და უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა მოითხოვეს.

მოსარჩელეთა განმარტებით: მოპასუხე არის მათი ძმა. მათ მშობლებს საკუთრებაში ჰქონდათ უძრავი ქონება მდებარე ზუგდიდის რაიონის სოფელ რ---–-. მოპასუხე დ------- გ----- და მოსარჩელეები გასული იყვნენ კომლის შემადგენლობიდან. მშობლების გარდაცვალების შემდგომ მშობლების დანაშთი ქონება თანაბარ წილად ერგებოდათ მხარეებს. მიუხედავად ამისა, დ------- გ-----მ ადგილობრივი საბჭოს წარმომადგენლების ხელშეწყობით მოახდინა 2001-2005 წლების საკომლო წიგნში უკანონოდ ჩაწერა, რადგან ამ პერიოდისათვის ვერ მოხდებოდა კომლად მიღებაზე განცხადების წარდგენა, განხილვა და კომლის წევრად აღიარება გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნულ პერიოდში არ არსებობდა საკომლო მეურნეობა.

მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ მშობლების გარდაცვალების შემდგომ, ისინი ფაქტობრივად დაეუფლნენ ზუგდიდის რაიონის სოფელ რ---–- მდებარე მათ დანაშთ ქონებას, სარგებლობდნენ მისით და აწარმოებდნენ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს.

მოპასუხის პოზიცია: მოპასუხე დ------- გ-----მ წარმოდგენილ შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი და ითხოვა მოსარჩელეს უარი ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ---- გ-----ს, თ--- გ-----ს და რ----- გ-----ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

_ მ---- გ-----, თ--- გ-----, რ----- გ----- და დ------- გ----- არიან დედმამიშვილები, მათი მშობლები იყვნენ ბ----–- ვ------გ----- (გარდაცვალების თარიღი - 26.03.1998 წელი) და ვ---- გ----- (გარდაცვალების თარიღი - 05.09.2001 წელი).

_ სამეგრელოს რეგიონული არქივის მიერ 31.10.2017 წელს გაცემული №--------------- საარქივო ცნობის საფუძველზე ვ---- ლ----ის ძე გ-----ს კომლის შესახებ მოპოვებულია შემდეგი ინფორმაცია:

სამეგრელოს რეგიონულ არქივში დაცული ზუგდიდის რაიონის სოფელ რ---- სასოფლო საბჭოს 1971-1972 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ფიქსირდება ვ---- ლ----ის ძე გ-----. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან შემდეგი წევრები: ბ----–- პ-------ს ასული გ----- - მეუღლე; რ-----ი ვ----ს ძე გ----- - შვილი; დ-------ი ვ----ს ძე გ----- - შვილი; მ---- ვ----ს ასული გ----- - შვილი; თ--- ვ----ს ასული გ----- - შვილი;

ზუგდიდის რაიონის სოფელ რ---- სასოფლო საბჭოს 1973-1975 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ფიქსირდება ვ---- ლ----ის ძე გ-----. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ბ----–- პ--------ის ასული გ----- - მეუღლე; რ-----ი ვ----ს ძე გ----- - შვილი; დ-------ი ვ----ს ძე გ----- - შვილი (ამოწერილია); მ---- ვ----ს ასული გ----- - შვილი (ამოწერილია); თ--- ვ----ს ასული გ----- - შვილი (ხაზგადასმულია, გათხოვდა);

ზუგდიდის რაიონის სოფელ რ---- სასოფლო საბჭოს 1976-1978 წლების საკომლო წიგნში (ცვლილებები ნაწარმოებია 1979 წლის ჩათვლით) კომლის უფროსად ფიქსირდება ვ---- ლ----ის ძე გ-----. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ბ----–- პ--------ის ასული გ----- - მეუღლე; რ-----ი ვ----ს ძე გ----- - შვილი (ხაზგადასმულია, ამოწერილია); დ-------ი ვ----ს ძე გ----- - შვილი (ამოწერილია); მ---- ვ----ს ასული გ----- - შვილი (ხაზგადასმულია, გათხოვდა); ნ-----–- გ------ის ასული გ----- - რძალი (ხაზგადასმულია, ამოწერილია); მ--- რ-----ის ასული გ----- - შვილიშვილი (ხაზგადასმულია).

_ ზუგდიდის არქივის მიერ 23.08.2012 წელს გაცემული №--------------- საარქივო ცნობის თანახმად, დადგენილია შემდეგი: ზუგდიდის რაიონის სოფელ რ---- საკრებულოს 1996-2000 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ვ---- ლ----ის ძე გ-----. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: 1. ვ---- ლ----ის ძე გ----- - ოჯახის უფროსი; 2. ბ----–- პ--------ის ასული გ----- - მეუღლე (ხაზგადასმულია, გარდაიცვალა 1998 წელს).

- ზუგდიდის რაიონის სოფელ რ---- საკრებულოს 2001-2005 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ვ---- ლ----ის ძე გ----- და მიწერილია დ-------ი ვ----ს ძე გ----- (გონერი ვ----ს ძე). კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: 1. ვ---- გ----- - ოჯახის უფროსი (ხაზგადასმულია, გარდაიცვალა 2001 წელს); 2. გონერი-დ-------ი ვ----ს ძე გ----- - ოჯახის უფროსი. კომლს 1996-2000, 2001-2005 წლებში პირად საკუთრებაში ერიცხება 1 ჰა მიწის ფართობი.

დადგენილია, რომ დედ-მამიშვილებიდან ზუგდიდის რაიონის სოფელ რ---–- მდებარე მშობლებისეულ ქონებას - სახლ-კარს მშობლების სიცოცხლეში ფლობდა და მის შემდგომაც დღემდე ფლობს მხოლოდ დ------- გ-----. ასევე, იგი უვლიდა მშობლებს სიცოცხლის ბოლოს და მანვე დაკრძალა ისინი.

_ ზუგდიდის არქივის მიერ 23.08.2012 წელს გაცემული №--------------- საარქივო ცნობის საფუძველზე 17/08/2016 წელს ზუგდიდის რაიონის სოფელ რ---–- მდებარე უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი და მასზედ მდებარე შენობა-ნაგებობა №4----------- საკადასტრო კოდით დარეგისტრირდა დ------- გ-----ს საკუთრებად.

სასამართლოს მითითებით, დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ ვ---- გ-----ს კომლში ჩაწერილები იყვნენ მოდავე მხარეები, ხოლო შემდგომ 1970-იან წლებში მოხდა მათი კომლიდან ამოწერა. მოსარჩელე მხარე კომლიდან ამოწერის მიუხედავად მიიჩნევს, რომ მას სადავო ქონებაზე გააჩნია საკუთრების უფლება, რადგან მოსარჩელეები მშობლების გარდაცვალების შემდგომ ფაქტობრივად ფლობდნენ ზუგდიდის რაიონის სოფელ რ---–- მდებარე მშობლებისეულ სამკვიდრო ქონებას - სახლ-კარს, თუმცა ეს მხოლოდ მისი მოსაზრებაა, რადგან აღნიშნული გარემოება არ დადასტურდა სათანადო მტკიცებულებებით.

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხისაგან სადავოა მოსარჩელეთა მიერ მამის დანაშთი ქონების მემკვიდრეობით, ფაქტობრივი ფლობით მიღების საკითხი, კერძოდ, მოპასუხის პოზიციაა, რომ სადავო ქონებას წლებია სწორედ ის ფლობს, რასაც ადასტურებს სამკვიდრო ქონების მეზობლად მცხოვრები პირები (მოპასუხის მეზობლები), მათ მიერ 12.11.2018 წელს შედგენილი აქტით ირკვევა, რომ დ-------ი გ----- და მისი ოჯახის წევრები ფლობდნენ და ფლობენ ზუგდიდის რაიონის სოფელ რ---–- მდებარე ქონებას - სახლ- კარს როგორც დ------- გ-----ს მშობლების სიცოცხლეში, ასევე დღესაც. საცხოვრებელი სახლი, რომელიც მდებარეობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე (მიწის საკადასტრო კოდი №4-----------) აშენებულია დ------- გ-----ს და მისი მეუღლის მიერ.

სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა მ---------- გ---–--, რომლის ჩვენება შესაბამისობაშია მეზობლების აქტის შინაარსთან. მოწმემ დაადასტურა, რომ მშობლებს უვლიდა მხოლოდ მოპასუხე დ------- გ-----, ასევე, მისი მეუღლე და მათ დაკრძალეს ისინი. მშობლების გარდაცვალების შემდგომ დარჩა სამკვიდრო ქონება - სახლ-კარი ზუგდიდის რაიონის სოფელ რ---–-, რომელსაც მშობლების გარდაცვალებამდე და გარდაცვალების შემდგომ განკარგავდა მოპასუხე, მან განაახლა საცხოვრებელი სახლი (გააკეთა რეკონსტრუქცია) მშობლების გარდაცვალებამდე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეთა აპელირება მასზედ, რომ მათ მიიღეს მემკვიდრეობა მშობლების დანაშთ ქონებაზე, მოკლებულია დასაბუთებას.

სასამართლომ ასევე განმარტა, რომ საკოლმეურნეო კომლმა, როგორც სამართლის სუბიექტმა, არსებობა შეწყვიტა საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრისა და სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის დადგენილებების საფუძველზე, თუმცა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონით დამკვიდრდა საკომლო მეურნეობის სტატუსი, რაც საკოლმეურნეო კომლისაგან განსხვავდება, კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილების თანახმად, საკომლო მეურნეობა არის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, მათზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, აგრეთვე შესაბამისი გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებისა და მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს ერთი ფიზიკური პირის საკუთრებას ანდა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებას. საკომლო მეურნეობა რეგისტრირებული უნდა იქნეს საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში). თუ ეს მეურნეობა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებაა, საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) თითოეული მათგანი საკომლო მეურნეობის თანამესაკუთრედ უნდა იქნეს რეგისტრირებული.

სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეზე არსებული მტკიცებულებების თანახმად, მიუხედავად საკოლმეურნეო კომლიდან ამოწერისა, დ------- გ-----მ მოსარჩელეებისაგან განსხვავებით, ფაქტობრივად გააგრძელა ზუგდიდის რაიონის სოფელ რ---–- საოჯახო მეურნეობა, სწორედ ამიტომ, იგი კვლავ აისახა ამჯერად, საკომლო მეურნეობის წევრის სტატუსით 23.08.2012 წლის საარქივო ცნობაში კომლის (ოჯახის) წევრად.

სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებების და წარმოდგენილი მტკიცებულებების საწინააღმდეგო და შესაბამისად, სარჩელსა და სასამართლო სხდომაზე აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა.

სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1421-ე, 1424-ე, 1433-ე მუხლებზე, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102 და 105-ე მუხლებზე.

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

ფაქტობრივი საფუძვლები

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება რ----- გ-----ს მიერ იქნა გასაჩივრებული სააპელაციო წესით. მ---- გ-----ს და თ--- გ-----ს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ, აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება ითხოვა.

აპელანტის განმარტება:

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია უდავოდ მოპასუხის მეზობლების მიერ 12.11.2018 წელს შედგენილი აქტი და გაიზიარა ის. სასამართლოს არ დაუდგენია აქტის ავთენტურობა, არ გამოუკითხავს აქტში მითითებული პირები. ამასთან, ხელმოწერები არ იყო ნოტარიულად დამოწმებული.

სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა მოპასუხის მოწმის მ---------- გ----–--- ჩვენებას, რომელიც სასამართლო სხდომაზე აგრსიულად იყო განწყობილი მის მიმართ, შეურაცხყოფას აყენებდა მას და ცდილობდა სასამართლოს შეცდომაში შეყვანას.

სასამართლომ არასწორად ჩათვალა უდავოდ გადასწორებული საარქივო ცნობა და ამ ცნობის საფუძველზე გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერი.

სასამართლომ არ გაითვალისწინა ნოტარიულად დამოწმებული აქტი, რომლითაც დასტურდება მშობლების დანაშთი ქონების ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის ფაქტი მასსა და მისი ძმის დ------- გ-----ს მიერ.

სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი ახსნა-განმარტება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა წარმომადგენლების განმარტებები და თვლის, რომ რ----- გ-----ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

_ მ---- გ-----, თ--- გ-----, რ----- გ----- და დ------- გ----- არიან დედ-მამიშვილები, მათი მშობლები იყვნენ ბ----–- ვ------გ------ (გარდაცვალების თარიღი - 26.03.1998 წელი) და ვ---- გ----- (გარდაცვალების თარიღი - 05.09.2001 წელი) (იხ. დაბადების მოწმობები, ს/ფ 58-60; გარდაცვალების მოწმობები, ს/ფ 65-66; საარქივო ცნობა, ს/ფ 43; მხარეთა ახსნა-განმარტებები).

_ სამეგრელოს რეგიონული არქივის მიერ 31.10.2017 წელს გაცემული №--------------- საარქივო ცნობის საფუძველზე ვ---- ლ----ის ძე გ-----ს კომლის შესახებ მოპოვებულია შემდეგი ინფორმაცია:

სამეგრელოს რეგიონულ არქივში დაცული ზუგდიდის რაიონის სოფელ რ---- სასოფლო საბჭოს 1971-1972 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ფიქსირდება ვ---- ლ----ის ძე გ-----. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან შემდეგი წევრები: ბ----–- პ-------ს ასული გ----- - მეუღლე; რ-----ი ვ----ს ძე გ----- - შვილი; დ-------ი ვ----ს ძე გ----- - შვილი; მ---- ვ----ს ასული გ----- - შვილი; თ--- ვ----ს ასული გ----- - შვილი;

ზუგდიდის რაიონის სოფელ რ---- სასოფლო საბჭოს 1973-1975 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ფიქსირდება ვ---- ლ----ის ძე გ-----. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ბ----–- პ--------ის ასული გ----- - მეუღლე; რ-----ი ვ----ს ძე გ----- - შვილი; დ-------ი ვ----ს ძე გ----- - შვილი (ამოწერილია); მ---- ვ----ს ასული გ----- - შვილი (ამოწერილია); თ--- ვ----ს ასული გ----- - შვილი (ხაზგადასმულია, გათხოვდა);

ზუგდიდის რაიონის სოფელ რ---- სასოფლო საბჭოს 1976-1978 წლების საკომლო წიგნში (ცვლილებები ნაწარმოებია 1979 წლის ჩათვლით) კომლის უფროსად ფიქსირდება ვ---- ლ----ის ძე გ-----. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ბ----–- პ--------ის ასული გ----- - მეუღლე; რ-----ი ვ----ს ძე გ----- - შვილი (ხაზგადასმულია, ამოწერილია); დ-------ი ვ----ს ძე გ----- - შვილი (ამოწერილია); მ---- ვ----ს ასული გ----- - შვილი (ხაზგადასმულია, გათხოვდა); ნ-----–- გ------ის ასული გ----- - რძალი (ხაზგადასმულია, ამოწერილია); მ--- რ-----ის ასული გ----- - შვილიშვილი (ხაზგადასმულია) (იხ. დაბადების მოწმობები, ს/ფ 58-60; გარდაცვალების მოწმობები, ს/ფ 65-66; საარქივო ცნობა, ს/ფ 43; მხარეთა ახსნა-განმარტებები).

_ ზუგდიდის არქივის მიერ 23.08.2012 წელს გაცემული №--------------- საარქივო ცნობის თანახმად, დადგენილია შემდეგი:

ზუგდიდის რაიონის სოფელ რ---- საკრებულოს 1996-2000 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ვ---- ლ----ის ძე გ-----. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: 1. ვ---- ლ----ის ძე გ----- - ოჯახის უფროსი; 2. ბ----–- პ--------ის ასული გ----- - მეუღლე (ხაზგადასმულია, გარდაიცვალა 1998 წელს).

ზუგდიდის რაიონის სოფელ რ---- საკრებულოს 2001-2005 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ვ---- ლ----ის ძე გ----- და მიწერილია დ-------ი ვ----ს ძე გ----- (გონერი ვ----ს ძე). კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: 1. ვ---- გ----- - ოჯახის უფროსი (ხაზგადასმულია, გარდაიცვალა 2001 წელს); 2. გონერი-დ-------ი ვ----ს ძე გ----- - ოჯახის უფროსი. კომლს 1996-2000, 2001-2005 წლებში პირად საკუთრებაში ერიცხება 1 ჰა მიწის ფართობი (იხ. საარქივო ცნობა, ს/ფ 38).

_ ზუგდიდის არქივის მიერ 23.08.2012 წელს გაცემული №--------------- საარქივო ცნობის საფუძველზე 17/08/2016 წელს ზუგდიდის რაიონის სოფელ რ---–- მდებარე უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი და მასზედ მდებარე შენობა-ნაგებობა №4----------- საკადასტრო კოდით დარეგისტრირდა დ------- გ-----ს საკუთრებაში (იხ. საარქივო ცნობა, ს/ფ 38, ამონაწერი, ს/ფ 36).

უდავოდაა დადგენილი,( რასაც მოსარჩელეები არ ხდიან სადაოდ) ,რომ მოპასუხე დ------- გ----- ფაქტობრივი ფლობით არის დაუფლებული მშობლების დანაშთ სამკვიდროს. ასევე უდავოდაა დადგენილი , რომ აპელანტს რ----- გ-----ს არც ფაქტობრივი ფლობით მიუღია მშობლების დანაშთი სამკვიდრო და არც კანონით დადგენილ 6 თვიან ვადაში მიუმართავს სანოტარო ბიუროსათვის მემკვიდრეობის მიღების მოთხოვნით

სამართლებრივი დასაბუთება:

უკეთებს რა სამართლებრივ შეფასებას დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, პალატა მიიჩნევს, შემდეგს:

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ ზუგდიდის რაიონის სოფელ რ---–- მდებარე მშობლებისეულ ქონებას - სახლ-კარს მშობლების სიცოცხლეში ფლობდა და მის შემდგომაც დღემდე ფლობს დ------- გ-----. სააპელაციო საჩივრის ფარგლებში მხარეთა შორის სადავოა ის გარემოება, რომ რ----- გ----- დ------- გ-----სთან ერთად დაეუფლა თუ არა მშობლების დანაშთ ქონებას, რის საფუძველზედაც ითხოვს სადავო უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობას.

სამოქალაქო კოდექსის 1319-ე და 1320-ე მუხლების მიხედვით, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შემდეგ. სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივის), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივის) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. სამკვიდროში შედის ასევე საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა.

დადგენილია, რომ ვ---- გ----- გარდაიცვალა 2001 წლის 05 სექტემბერს, ხოლო მისი მეუღლე ბ----–- გ----- 1998 წლის 26 მარტს. მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა ვერანაირი კანონშესაბამისი მტკიცებულება იმისა, რომ მან კანონით დადგენილ ვადაში და წესით მიიღო და ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მშობლების დანაშთ ქონებას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.

ამავე კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ პირები, რომელნიც ცოცხალნი იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის.

სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე.

ამავე კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები.

დადგენილია, რომ ვ---- გ-----ს გარდაცვალების მომენტისათვის დარჩა კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრეები, შვილები: მ---- გ-----, თ--- გ-----, რ----- გ----- და დ------- გ-----. მაგრამ კანონმდებლობა მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების წარმოშობას, უკავშირებს არა მხოლოდ ნათესაურ კავშირს, არამედ ადგენს 1336-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სამკვიდროს მიღების წესს 1421-ე და 1424-ე მუხლებით.

სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ხოლო მესამე ნაწილის თანახმად, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.

სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. ამდენად მითითებული მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილი) სამკვიდროს მიღებას უკავშირებს ასევე სამკვიდროს ფლობას და მართვას, რაც უნდა მოხდეს სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში. ამასთან, ფლობა და მართვა უნდა მიუთითებდეს იმაზე, რომ მემკვიდრემ ამით განახორციელა მესაკუთრის ბატონობა და აქედან გამომდინარე, იკისრა მესაკუთრის ყველა უფლება და ვალდებულება.

აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად მემკვიდრეობის სამართალი სამკვიდროს მიღების ორ ფორმას იცნობს, რაც გარკვეული ვადითაა შეზღუდული. მემკვიდრეობის მიღება ხდება უფლებამოსილ თანამდებობის პირთან ნების გამოხატვით, ფაქტობრივი დაუფლებითა და მართვით. უფლებამოსილ თანამდებობის პირთან ნების გამოხატვა შეზღუდულია დროით. საჭიროა - ან სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, ანდა - სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა და დაუფლება. ამ მოქმედების განხორციელების შედეგად მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრემ სამკვიდრო უკვე შეიძინა, იგი არის მისი მესაკუთრე.

თავისი სამართლებრივი ბუნებით სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე - სამკვიდროს მიღების შესახებ. თუკი მემკვიდრე შემდგომში არ განახორციელებს სამკვიდროზე თავის უფლებას, ან არ მიიღებს ზომებს ამ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად, ეს ვერ მოახდენს გავლენას სამკვიდროს მიღებაზე, რომელიც უკვე მოხდა.

სამკვიდროს გახსნიდან - ექვსი თვის განმავლობაში, მემკვიდრე ფაქტობრივად უნდა დაეუფლოს ქონებას, ან მართოს იგი. ასეთად კი მიიჩნევა - მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში, ცხოვრების ხანგრძლივობას მნიშვნელობა არა აქვს; მამკვიდრებლის ნივთების თავისთან გადატანა, შენახვა; სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მემკვიდრე არ ფლობს მამკვიდრებლის ნივთებს, მაგრამ მისი მოქმედებიდან დასტურდება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს გადასახადების გადახდაში, ქონების მართვასა და მოვლა პატრონობაში, მამკვიდრებლის ქონებაზე დამქირავებლისათვის ქირის გადახდევინებაში, თხოვებაში და ა.შ.

ამდენად, სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე კომპონენტები - სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული ნება და ამგვარი ნების მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში გამოვლენა. ფაქტობრივი ფლობისკენ მიმართული ნებისმიერი მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება (სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, აუცილებელია ნების ნამდვილობა). მემკვიდრის ყველა ამგვარი მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა (მაგალითად: მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის მიღება და განკარგვაც, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვა, მოვლა და სხვა) (იხ. სუსგ-ები N ას-1172-1127-2016, 31.03.2017წ; ას-203-193-2016, 02.06.2016; ას-972-921-2015, 15.12.2015წ; Nას-482-455-2012, 31.05.2012წ.).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადგენილად მივიჩნიოთ მემკვიდრის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი, აუცილებელია მემკვიდრემ მიუთითოს იმ გარემოებების არსებობაზე, რომლებიც მოწმობენ მის მიერ სამკვიდროს დაუფლებას ან მართვას და წარმოადგინოს ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

კონკრეტულ განსახილველ შემთხვევაში უდავოა,რომ რ----- გ-----ს მამის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე განაცხადი სანოტარო ორგანოში არ შეუტანია, არც სამკვიდრო მოწმობა მიუღია და არც ფაქტობრივი ფლობით დაუფლებია მამის დანაშთ ქონებას.

სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. ე.ი, მემკვიდრე, რომელმაც მიიღო სამკვიდრო ქონება, ითვლება მის მესაკუთრედ სამკვიდროს გახსნის დღიდან.

პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სადავო გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საყურადღებოა, რომ ჩამოთვლილთაგან სასამართლოსათვის წინასწარ დადგენილი ძალა არცერთს არ გააჩნია. ერთადერთი საგამონაკლისო ნორმა, რომელიც მტკიცებულებათა შეფასების ამ სტანდარტისგან განსხვავდება, 106-ე მუხლით გათვალისწინებული საყოველთაოდ ცნობილი და პრეიუდიციუილი ფაქტებია, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, არცერთი მათგანი სახეზე არ გვაქვს.

სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ (სსსკ 105-ე მუხლი).

პალატა აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად დასტურდება. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მხოლოდ მხარის მოსარცელე რ----- გ-----ს ახსნა-განმარტების საფუძველზე დადგენილად ვერ მიიჩნევს მოპასუხის მიერ სადავოდ გამხდარ ფაქტობრივ გარემოებას მშობლების სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ასეთი გარემოებები საქმეში წარმოდგენილი სხვა რაიმე მტკიცებულებით არ დასტურდება. სამკვიდრო ქონების მიღების (დაუფლების) ფაქტის დაუდასტურებლობა კი, სამკვიდროს მიღების უფლებას გამორიცხავს, რაც სამოქალაქო კოდექსის 1421-ე, 1433-ე და 1499-ე მუხლების თანახმად, მისი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველა (ამ კატეგორიის საქმეებზე ასევე იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №ას-482-455-2012, 31.05.2012წ);

კონკრეტულ შემთხვევაში, აპელანტმა ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ ძმასათან - დ------- გ-----სთან ერთად სამკვიდროს დაუფლების ფაქტს, ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სასანართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, მემკვიდრეს სწორად არ მიეკუთვნა გარდაცვლილის სამკვიდრო ქონების ნაწილი.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ რ----- გ-----ს სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საპროცესო ხარჯები:

აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დაადგინა:

1. რ----- გ-----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად ზუგდიდის რაიონული საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ სახელწიფო ბაჟი გადახდილია;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება განჩინეის გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

6. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში განჩინების ასლის ჩაბარების მიზნით.

7. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-4-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე: თამარ სვანიძე