განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210018002048507
საქმე №2/ბ-1327-18წ.
განჩინება
საქართველოს სახელით
25 მარტი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ნანა კალანდაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ირმა პერანიძე,ლაურა მიქავა
სხდომის მდივანი - ეკატერინე სილაგაძე
აპელანტი - ხ--–------რის მუნიციპალიტეტის გამგეობა
წარმომადგენელი - ლ---- ბ-----ე
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „------------------“
წარმომადგენელი - ი-----–- კ------–---
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება
აღწერილობითი ნაწილი
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2016 წლის 03 თებერვალს ხ--–------რის მუნიციპალიტეტის გამგეობამ (მოსარჩელე, შემდგომში აპელანტი მხარე) სარჩელი აღძრა შპს ,,ს--------------ების“ (შემდგომში მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ სახელშეკრულებო პირობების დარღვევის გამო თანხის დაკისრების მოთხოვნით (იხ. სარჩელი, ტომი 1-ლი, ს.ფ. 1-13).
სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელის მიერ მიეთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
1.1. მოსარჩელის განმარტებით, 2----–-–----------------–ს, მხარეებს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №-- ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხე ახორციელებდა ხ--–------რის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას. სხვა სამუშაოებთან ერთად გათვალისწინებული იყო 40 000 კვ.მ. მონაკვეთის დაგვა-დასუფთავება. ხელშეკრულების მიხედვით, ტერიტორიაზე აღნიშნული სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო ყოველდღიურად. 1(ერთი) თვის სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 2 880 ლარს.
1.2. 2012 წლის თებერვლიდან მაისის თვის ჩათვლით, მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა არა ყოველდღიურად, არამედ ორ დღეში ერთხელ. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს მიღება-ჩაბარების აქტი. შესაბამისად, მოპასუხეს ეკუთვნოდა 2880 ლარის ნაცვლად 1440 ლარი. ამ გარემოების მიუხედავად, მოპასუხემ ანაზღაურება მიიღო სრული მოცულობით, რის გამოც 4 თვის მანძილზე ზედმეტად გადახდილი იქნა 5760 ლარი.
1.3. სამუშაოების არაჯეროვნად შესრულებით შპს „------------------მ“ დაარღვია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მე-10 მუხლი, რის გამოც უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.2%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 19 567.7 ლარს.
1.4. შესაბამისად, მოსარჩელემ მოითხოვა შპს „------------------ს“ ხ--–------რის მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ დაკისრებოდა ზედმეტად გადახდილი თანხის - 5760 ლარის ანაზღაურება და სამუშაოების არაჯეროვანი შესრულების გამო პირგასამტეხლოს დაკისრება 19567.7 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხე შპს ,,ს--------------ების“ პოზიცია
მოპასუხემ სასამართლოში წარმოადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი და შემაფერხებელი შესაგებელი (ტომი 1-ლი ს.ფ. 60-70)
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო შემდეგზე მითითებით:
2.1. ყველა სამუშაოები ტარდებოდა ხელშეკრულების შესაბამისად. პირიქით, სამუშაოები გადაჭარბებითაც კი სრულდებოდა. ამდენად, ვალდებულების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია.
2.2. მოპასუხის განმარტებით, მიღება-ჩაბარების აქტის შედგენისას მხარეების მიერ დაშვებული იქნა ტექნიკური შეცდომა, რაც იმით შეიძლება იყოს განპირობებული, რომ 2011 წელს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად ანალოგიური სამუშაოები ტარდებოდა ორ დღეში ერთხელ და ახალი მიღება-ჩაბარების აქტების შედგენისას გამოყენებული იქნა ძველი შაბლონი.
2.3. ამდენად, მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მითითებულ პოზიციას ზედმეტად გადარიცხული თანხის დაბრუნებისა და ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ. ამავე დროს, მოპასუხე მიიჩნევს, რომ სარჩელი არის ხანდაზმული. მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს წარმოეშვა 2012 წლის თებერვლიდან მაისის ჩათვლით, ხოლო სარჩელი სასამართლოში შეტანილია სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით ხ--–------რის მუნიციპალიტეტის გამგეობის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1.1. ხ--–------რის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,ს--------------ებას“ შორის 2----–-–----------------–ს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №-- ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხე ახორციელებდა ხ--–------რის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას.
- ხელშეკრულება მოქმედებდა 2012 წლის თებერვლიდან 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
- მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 163048 ლარით.
- ხელშეკრულების მეათე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების არაჯეროვანი შესრულების ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში, ვალდებულების დამრღვევ მხარეს ეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ფასის 0.2%-ის ოდენობით.
- ხელშეკრულების მეორე მუხლის თანახმად, ნაკისრი ვალდებულების შესრულების კონტროლს ახორციელებდნენ ა(ა)იპ „ხ--–------რის გ--–----------------------------------------ი“ და ხ--–------რის მუნიციპალიტეტის შესაბამისი თემის რწმუნებულები. ამავე მუხლის თანახმად, გაწეული და/ან გასაწევი მომსახურების მოცულობის, ხარისხის და მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, აღნიშნული პირები ახორციელებდნენ კონტროლს, ზედამხედველობას და მიღება-ჩაბარების გაფორმებას.
- ხელშეკრულების მეხუთე მუხლი ითვალისწინებდა მომსახურების გაწევას ყოველდღიურად, ხოლო მეექვსე მუხლით შესყიდვის ობიექტი მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ ითვლებოდა.
2.1.2. ხელშეკრულების პირობის თანახმად, ს------ს გზის, კერძოდ, ხ--–------რის საზღვრიდან სარფამდე მონაკვეთის (40000 კვ.მ.) ტერიტორიის დასუფთავება გათვალისწინებული იყო ყოველდღიურად (დღეში ერთჯერადად).
2.1.3. 2012 წლის თებერვლიდან მაისის ჩათვლით, მხარეებს შორის გაფორმებული იქნა შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტები, რომლის თანახმად მოპასუხე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ჩააბარეს, ხოლო ააიპ „ხ--–------რის გ--–----------------------------------------ისა“ და შესაბამისი თემის რწმუნებულებმა ჩაიბარეს შესრულებული სამუშაო შემდეგი ღირებულებით - 2012 წლის თებერვლის -13461.7 ლარის, მარტის - 13461.7 ლარის, აპრილის - 13461.7 ლარის ოდენობით. ამავე აქტების თანახმად, თითოეული თვის მიხედვით, შესრულდა შემდეგი მოცულობის სამუშაო 1.დაგვა დასუფთავება (ყოველ დღე, ორჯერადი) - 22734 კვმ, 2. დაგვა- დასუფთავება (ორ დღეში ერთჯერ) - 40000 კვმ, 3. სანაპიროს დასუფთავება (ყოველდღე) - 36000 კვმ.
2.1.4. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური შესაბამისობის ანგარიშის თანახმად, ხ--–------რის მუნიციპალიტეტს ეცნობა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, იმის გამო, რომ 40000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დაგვა- დასუფთავება, ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველი დღისა, ხდებოდა ორ დღეში ერთხელ, დაბრუნებას ექვემდებარებოდა 2012 წლის თებერვლიდან მაისის ჩათვლით ზედმეტად გადახდილი თანხა 5760 ლარის ოდენობით. აღნიშნულის თაობაზე მოპასუხეს ეცნობა 2015 წლის 16 სექტემბრის წერილით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №-- (ს.ფ 14-18);
-ტენდერის ტექნიკური პირობა (ს.ფ. 91);
-მიღება-ჩაბარების აქტები (ს.ფ.21-36);
-სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში (ს.ფ. 39-51);
-წერილი (ს.ფ.53);
სასამართლომ სადავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1.5. მოცემული სამართალურთიერთიერთობის სახეა ნარდობა. მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოს ნაკლი. მოსარჩელე უთითებს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო მოპასუხემ შეასრულა არა ყოველდღიურად, არამედ დღეგამოშვებით და უთითებს გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტებზე, რომლის თანახმად 40000 კვ.მ ტერიტორიის დასუფთავება გათვალისწინებულია ორ დღეში ერთხელ. მოპასუხე განმარტავს, რომ მიღება-ჩაბარების აქტში დაშვებულია ტექნიკური ხასიათის შეცდომა და სამუშაოს ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, ყოველდღიურად. დადგენილია, რომ სამუშაოს მიღებისას მოსარჩელეს რაიმე პრეტენზია შესრულებული სამუშაოს მოცულობასა და ხარისხთან დაკავშირებით არ განუცხადებია.
2.1.6. სასამართლომ მოწმე მ--–---------–----ის განმარტებით, რომელიც სადავო პერიოდისათვის წარმოადგენდა შპს „ს--------------ების“ კონტროლიორს და ახორციელებდა გ-------ს------ს გზის დასუფთავების კონტროლს, დადგენილად მიიჩნია, რომ აღნიშნულ ტერიტორიას ასუფთავებდნენ ყოველდღიურად დილას და საღამოს. ხოლო მოწმე ზ----------–--ის განმარტებით, რომელიც მითითებულ პერიოდში, 2012 წლის თებერვლიდან მუშაობდა შპს „ს--------------ების“ დაგვა-დასუფთავების სამსახურის უფროსის პოზიციაზე, დადგენილად მიიჩნია, რომ 2010 წლამდე ხელშეკრულებაში ჩადებული იყო მითითებული ტერიტორიის დასუფთავება ორ დღეში ერთხელ, ხოლო 2012 წლიდან დასუფთავება ხდებოდა უკვე ყოველდღიურად, საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლებელია დღეში რამდენჯერმეც.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი ტაბელებით, რომლებსაც ხელს აწერს მოწმედ დაკითხული პირი მ--–---------–----ე, დასტურდება, რომ სამუშაოები მიმდინარეობდა ყოველდღიურ რეჟიმში. მოსარჩელე მხარეს სადავოდ აღნიშნული ტაბელების უტყუარობა არ გაუხდია. ამასთან, დადგენილი იქნა, რომ სამუშაოს მიღებისას მოსარჩელეს რაიმე პრეტენზია შესრულებული სამუშაოს მოცულობასა და ხარისხთან დაკავშირებით არ განუცხადებია.
სასამართლომ სსსკ-ის მე-4, 102, 103-ე, 105-ე მუხლებზე დაყრდნობით არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სამუშაო მოპასუხემ შეასრულა სანახევროდ, დღეგამოშვებით, რადგან მიღება-ჩაბარების აქტში ასე იყო დაფიქსირებული. სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის ჩანაწერზე მითითება, ვერ გახდება მოსარჩელის პოზიციის დამადასტურებელი საკმარისი არგუმენტი. მოსარჩელე აპელირებს, რომ მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებულია სადავო ტერიტორიის დაგვა-დასუფთავების პერიოდულობა ორ დღეში ერთხელ, ამიტომ უნდა განახევრდეს ანაზღაურებული თანხის ოდენობა, თუმცა ვერ ადასტურებს განაცხადა თუ არა სამუშაოს მიღებისას პრეტენზია მისაღები სამუშაოს ნაკლთან დაკავშირებით. მოსარჩელე ვერ ადასტურებს მისი მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას სამუშაოს ნაკლიანობასთან დაკავშირებით. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოპასუხემ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №-- ხელშეკრულების შესაბამისად 40000 კვ.მ. ტერიტორია სუფთავდებოდა ყოველდღიურად.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოწმეთა ჩვენებები;
-შპს „ს--------------ების“ ტაბელი (ს.ფ.96-98).
2.1.7. მოპასუხემ განმარტა, რომ სარჩელი ხანდაზმულია, ვინაიდან მოთხოვნის უფლების წარმოშობის დღიდან, 2012 წლის მაისიდან, გასულია სამ წელზე მეტი. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოსარჩელეს რაიმე მტკიცებულება ან არგუმენტი არ წარმოუდგენია.
2.გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება
2.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-130-ე, 361-ე, 629-ე, 642-ე, 652-ე, 655-656-ე მუხლებზე და განმარტა შემდეგი:
2.2.1. ხ--–------რის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,ს--------------ებას“ შორის 2012 წლის 1 თებერვალს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №-- ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხე ახორციელებდა ხ--–------რის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას, რომელიც წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებას (მომსახურების ხელშეკრულების ტიპი).
2.2.2. ხელშეკრულების პირობის თანახმად, ს------ს გზის, კერძოდ, ხ--–------რის საზღვრიდან სარფამდე მონაკვეთის (40000 კვ.მ.) ტერიტორიის დასუფთავება გათვალისწინებული იყო ყოველდღიურად (დღეში ერთჯერადად). ასევე, დადგენილი იქნა, რომ 2012 წლის თებერვლიდან მაისის ჩათვლით პერიოდში მხარეებს შორის ფორმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებშიც სადავო ტერიტორიის დაგვა-დასუფთავების პერიოდულობა მითითებულია ორ დღეში ერთხელ, თუმცა, სასამართლო მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ სამუშაო სრულდებოდა მთლიანი მოცულობით და აღნიშნულზე პრეტენზია მოსარჩელეს არ განუცხადებია.
2.2.3. საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მენარდემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა სათანადოდ და მისი მხრიდან ვალდებულების შესრულების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ხელშეკრულების პირობების დარღვევად ვერ ჩაითვლება მარტოოდენ მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული ჩანაწერი სამუშაოს შესრულების პერიოდულობასთან დაკავშირებით. შესრულებული სამუშაოს მოცულობისა და ხარისხის შესაბამისობა გაფორმებული ხელშეკრულების პირობებთან, მოპასუხე მხარემ დაადასტურა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, რაც ვერ იქნა გაქარწყლებული მოსარჩელის მიერ.
2.2.4. სასამართლომ აღნიშნა, რომ ნარდობის მარეგულირებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების თანახმად (სსკ-ის მუხლი 649, 652) შემკვეთის მიერ ნაკეთობის (სამუშაოს) მიღებამდე მენარდეს ეკისრება ნივთის უნაკლოობის მტკიცება, ხოლო სამუშაოს მიღების შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი შეტრიალდება (იან კროპჰოლერი, გერმანიის სამოქალაქო კოდექსი სასწავლო კომენტარი გვ. 479). ამასთან, მხოლოდ შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი არ არის ის მტკიცებულება, რომლითაც შესაძლებელია სადავო ფაქტის, ანუ შესრულებული სამუშაოს მოცულობის ან ხარისხის პრეზუმირება. სასამართლომ მიუთითა იმის თაობაზე, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სამოქალაქო კოდექსი მენარდის მიერ სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი სპეციალური მტკიცებულების სახეს არ ადგენს. ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-656-ე მუხლები) არც ერთი დანაწესით კანონმდებელი იმპერატიულად არ აწესებს ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის შესაძლებლობას მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის გზით (სუსგ საქმე №ას-67-64-2016 18 მარტი 2016წ).
2.2.5. დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2012 წლის თებერვლიდან მაისის ჩათვლით შპს „ს--------------ების“ მიერ შესრულებული სამუშაო მიიღო, რაზედაც შესაბამისი უფლებამოსილი პირების მხრიდან გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტები. ასევე, დადგენილია, რომ მოსარჩელეს შესრულების მიღებისას რაიმე პრეტენზია სამუშაოს მოცულობის ან ხარისხის თაობაზე მენარდისთვის არ განუცხადებია, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო მიღება-ჩაბარების აქტში დაფიქსირებული სამუშაოს მოცულობის შესახებ. სასამართლომ მიიჩნია, რომ იმის კვლევის გარეშეც, ვალდებულება ჯეროვნად შესრულდა თუ არა, მატერიალური ნორმა გამორიცხავს, მიღებული სამუშაოს თაობაზე რაიმე პრეტენზიის გამოთქმას მომავალში. სამუშაოს მიღებით, შემკვეთი კარგავს თავის თავდაპირველ მოთხოვნას შესრულებაზე ან ზიანის ანაზღაურებაზე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხემ სამუშაო შეასრულა, ხოლო მოსარჩელემ სამუშაო მიიღო და მის ნაკლზე პრეტენზია არ განუცხადებია. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 642-ე და 652-ე მუხლების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლო იყო და რომ მენარდის მიერ მიღებული ანაზღაურება არ ექვემდებარებოდა დაბრუნებას, ასევე არ ექვემდებარებოდა ანაზღაურებას მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო.
2.2.6. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხემ წარმოადგინა მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი და განმარტა, რომ სარჩელი ხანდაზმულია, ვინაიდან გასულია სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
2.2.7. სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 655-ე და 656-ე მუხლებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული უნდა ყოფილიყო სასარჩელო ხადაზმულობის სპეციალური ერთწლიანი ვადა, ხოლო ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო 2012 წლის 24 დეკემბრიდან, სამუშაოს მთლიანად მიღების დღიდან. სარჩელი სასამართლოში შეტანილი იქნა 2016 წლის 03 თებერვალს. ამდენად, სასამართლომ მოცემულ სამართლებრივ დავაზე დაადგინა, რომ გასული იყო ნარდობის სახელშეკრულებო მოთხოვნებიდან გამომდინარე ხანდაზმულობის ერთწლიანი ვადა და სარჩელი არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, დაგვა-დასუფთავების სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო ყოველდღიურად, რომლის ერთი თვის ღირებულებაც შეადგენდა 2880 ლარს. შ.პ.ს. ,,ს--------------ება“-ს მიერ 2012 წლის თებერვლიდან მაისის თვის ჩათვლით ხელშეკრულებით განსაზღვრულ ტერიტორიებზე დაგვა-დასუფთავება განხორციელდა არა ყოველდღიურად, არამედ ორ დღეში ერთხელ. შესაბამისად აღნიშნულ თვეებში ანაზღაურებას ექვემდებარებოდა 2880 ლარის ნაცვლად 1440 ლარი. ამდენად, 4 თვის გათვალისწინებით ზედმეტად გადახდილი იქნა 5760 ლარი.
3.2. სამუშაოების არაჯეროვნათ შესრულებით შ.პ.ს. ,,ს--------------ება“-მ დაარღვია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №-- ხელშეკრულების მე-10 მუხლი, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების პირობების არაჯეროვნად შესრულების ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,2%-ის ოდენობით. შესაბამისად 4 თვის პერიოდში ვადაგადაცილების პერიოდი წარმოადგენს 60 დღეს, რის გამოც მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაერიცხოს 19 567.7 ლარის გადახდა.
3.3. დავალიანების დაფარვის შესახებ შ.პ.ს. ,,ს--------------ება“-ს ეცნობა 2015 წლის 27 იანვრის №01-16/55 წერილით და მოთხოვნილი იქნა არსებული დავალიანების დაფარვა, რომლის დაფარვაზეც 2015 წლის 10 თებერვლის №01-12/151 მომართვით უარი განაცხადა. ასევე 2015 წლის 16 სექტემბრის №05/2536 წერილით განმეორებით ეცნობა, რაზედაც გამგეობას პასუხი არ მიუღია.
3.4. სასამართლომ არასწორად განმარტა ხანდაზმულობის საკითხი, რადგან ხ--–------რის მუნიციპალიტეტის გამგეობამ (მერიამ) უფლების დარღვევის შესახებ შეიტყო საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურისაგან 2014 წლის 30 დეკემბერს ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის მიღებისას. აღნიშნულის შემდგომაც, არაერთგზის წერილობით მიმართა შპს ,,ს--------------ება“-ს თანხის ანაზღაურების მოთხოვნით, ეცადა სადავო საკითხის მოლაპარაკების გზით მოგვარებას, თუმცა შედეგს ვერ მიაღწია, 2015 წლის 12 ოქტომბერს მერიამ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს. შესაბამისად, მათ არ დაურღვევიათ საქართველს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
4.1.ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ, მოცემული გადაწყვეტილების 2.1.1-2.1.7 პუნქტებში გადმოცემულ ფაქტობრივ გარემოებებს და 2.2.1-2.2.7 პუნქტებში მითითებულ სამართლებრივ შეფასებებს და დამატებით განმარტავს შემდეგს:
4.1.1. დადგენილია, რომ ხ--–------რის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,ს--------------ებას“ შორის 2----–-–----------------–ს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №-- ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხე ახორციელებდა ხ--–------რის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას. მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 16 3048 ლარით. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად:
მუხლი 2 - ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება ევალდებოდათ ა(ა)იპ „ხ--–------რის გ--–----------------------------------------ს“ და ხ--–------რის მუნიციპალიტეტის შესაბამისი თემის რწმუნებულები (2.1). გაწეული და/ან გასაწევი მომსახურების მოცულობის, ხარისხის და მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, აღნიშნული პირებს ევალებოდათ კონტროლის, ზედამხედველობის და მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება (2.2.1);
მუხლი 5 - მომსახურების გაწევა უნდა განხორციელებულიყო ყოველდღიურად (5.1); მომსახურების გაწევის ვადა იყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (5.2);
მუხლი 6 - შესყიდვის ობიექტი მიღებულად ჩაითვლებოდა მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ (6.1);
მუხლი 10 - ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების არაჯეროვანი შესრულების ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში, ვალდებულების დამრღვევ მხარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ფასის 0.2%-ის ოდენობით.
(იხ. ხელშეკრულება, ტომი 1-ლი, ს.ფ 14-18).
4.1.2. 2012 წლის თებერვლიდან მაისის ჩათვლით, მხარეებს შორის გაფორმებული იქნა შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტები, რომლის თანახმად მოპასუხე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ჩააბარეს, ხოლო ა(ა)იპ „ხ--–------რის გ--–----------------------------------------ისა“ და შესაბამისი თემის რწმუნებულებმა ჩაიბარეს შესრულებული სამუშაო შემდეგი ღირებულებით - 2012 წლის თებერვლის -13461.7 ლარის, მარტის - 13461.7 ლარის, აპრილის - 13461.7 ლარის ოდენობით. ამავე აქტების თანახმად, თითოეული თვის მიხედვით, შესრულდა შემდეგი მოცულობის სამუშაო 1.დაგვა დასუფთავება (ყოველ დღე, ორჯერადი) - 22734 კვმ, 2. დაგვა- დასუფთავება (ორ დღეში ერთჯერ) - 40000 კვმ, 3. სანაპიროს დასუფთავება (ყოველდღე) - 36000 კვმ.
(იხ. მიღება-ჩაბარების აქტები, ტომი 1-ლი , ს.ფ 21-22, 26-27, 32, 36).
4.1.3. დადგენილია, რომ 2016 წლის 03 თებერვალს ხ--–------რის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სარჩელი აღძრა შპს ,,ს--------------ების“ მიმართ სახელშეკრულებო პირობების დარღვევის გამო თანხის დაკისრების მოთხოვნით.
(იხ. სარჩელი, ტომი 1-ლი, ს.ფ. 1-13).
4.1.4. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს ნარდობის ხელშეკრულებიდან. მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2012 წლის თებერვლიდან მაისის თვის ჩათვლით, მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა არა ყოველდღიურად, არამედ ორ დღეში ერთხელ. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს მიღება-ჩაბარების აქტი. შესაბამისად, მოპასუხეს ეკუთვნოდა 2880 ლარის ნაცვლად 1440 ლარი. ამ გარემოების მიუხედავად, მოპასუხემ ანაზღაურება მიიღო სრული მოცულობით, რის გამოც 4 თვის მანძილზე ზედმეტად გადახდილი იქნა 5760 ლარი. ამასთან, სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო შპს „------------------“-ს უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.2%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 19567.7 ლარს.
4.1.5. მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედი მტკიცების სტანდარტის საფუძველზე იმ გარემოებების სარწმუნოდ და სათანადო მტკიცებულებებით დადასტურების ვალდებულება, რომლებზეც მხარეები თავის პოზიციას აფუძნებენ, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი (იხ. სუსგ ას-233-221-17).
4.1.6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული ვარგისიანობისა და სამართლებრვი წონადობის თაობაზე;
4.1.7. განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებისა და მოწმეთა ჩვენებების გათვალისწინებით, მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასებით სააპელაციო პალატა იზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას, რომ მიღება-ჩაბარების აქტებში დაფიქსირებული იქნა ტექნიკური შეცდომა. პალატას იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებდნენ ა(ა)იპ „ხ--–------რის გ--–----------------------------------------ი“ და ხ--–------რის მუნიციპალიტეტის შესაბამისი თემის რწმუნებულები, რომლებსაც ევალებოდათ გაწეული და/ან გასაწევი მომსახურების მოცულობის, ხარისხის და მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, კონტროლი, ზედამხედველობა და მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება, სარწმუნოდ არ მიაჩნია ის გარემოება, რომ მოპასუხის მიერ ადგილი ჰქონდა სამუშაო მოცულობის არაჯეროვან შესრულებას. ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელემ სათანადოდ და სარწმუნოდ ვერ დაადასტურა მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რაც გამორიცხავს მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
4.1.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 652-ე მუხლის თანახმად, თუ შემკვეთისათვის ნაკეთობის ნაკლი ცნობილია და იგი მაინც მიიღებს მას პრეტენზიის განუცხადებლად, მაშინ შემკვეთს არ წარმოეშობა მოთხოვნის უფლებები ამ ნაკლის გამო.
4.1.9. მოცემული მუხლის ანალიზიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში თუ ჩავთვლით, რომ მიღება-ჩაბარების აქტებში დაფიქსირებული სამუშაოს მოცულობა ნამდვილია, ანუ შესრულებული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე ნაკლები სამუშაო, შესაბამისად, მოპასუხემ ფაქტიურად ნაკლიანი სამუშაო გაუწია შემკვეთს, გამოდის, რომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით მოსარჩელემ მიიღო ნაკლიანი შესრულება, თუმცა პრეტენზია არ გამოუთქვამს, რაც უკარგავს მას მოთხოვნის უფლებას.
4.1.10. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლზე, რომლის თანახმად სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობის ვადა ესაა მხარის შესაძლებლობა სასამართლოს გზით აღიდგინოს დარღვეული უფლება ან ინტერესი. ხანდაზმულობა არ არის აბსტრაქტული სამართლებრივი კატეგორია. კანონმდებლობა ითვალისწინებს მისი დაწყებისა და დამთავრების დროის მონაკვეთს. ხანდაზმულობა იწყება მაშინ, როცა უფლებამოსილმა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის თაობაზე. აღნიშნული შესაძლებლობა განმტკიცებულია სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლში, რომლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან.
4.1.11. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია ვადის ათვლის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, ანუ თუ პირმა იცის ან ობიექტურად უნდა ცოდნოდა, რომ მის უფლებას არღვევენ ან ეცილებიან, ამავე დროის მონაკვეთში პირს შეუძლია დაიცვას თავი სამართლებრივად.
4.1.12. სამოქალაქო კოდექსის 655-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნა შესრულების ნაკლის გამო შემკვეთმა შეიძლება წარადგინოს ერთი წლის მანძილზე, ხოლო ისეთი მოთხოვნა, რომელიც ნაგებობას შეეხება – ხუთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს მიღების დღიდან.
4.1.13. სამოქალაქო კოდექსის 656-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების მიხედვით სამუშაო მიღებულია ნაწილ-ნაწილ, ნაკლის გამო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა იწყება სამუშაოს მთლიანად მიღების დღიდან.
4.1.14. პალატა განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადების დაწესებით კანონმდებელმა განსაზღვრა სამოქალაქო უფლების დაცვის გარკვეული ვადებით შეზღუდვის აუცილებლობა, რომელიც მყარ სამოქალაქო ბრუნვაზეა ორიენტირებული და მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლით მხარე კარგავს იმ სამართლებრივ ბერკეტებს, რომელთა საშუალებითაც მას შესაძლებლობა ჰქონდა, მოეხდინა მისი მოთხოვნის იძულებით აღსრულება.
4.1.15. მოცემული გარემოებებიდან გამომდინარე, ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს შესრულებული სამუშაოს მთლიანად მიღებიდან, რაც წარმოადგენს 2012 წლის დეკემბრის თვის ბოლოს, ამდენად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2013 წლის იანვრიდან. აღნიშნული კი მიუთითებს იმაზე, რომ გასულია მოთხოვნის წარდგენის ერთ წლიანი ვადა. დადგენილია, რომ მოპასუხემ ამ მხრივაც წარმოადგინა შესაბამისი შედავება, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
4.1.16. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გაზიარებით პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოც იყო და ხანდაზმულიც, შესაბამისად იგი სწორად არ იქნა დაკმაყოფილებული. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, შესაბამისად ეს გარემოება გამორიცხავს ხ--–------რის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.
4.1.17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
4.1.18. განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ხ--–------რის მუნიციპალიტეტის გამგეობის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლოს დასკვნა
5.1. სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. აპელანტი - ხ--–------რის მუნიციპალიტეტის გამგეობა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 2591-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხ--–------რის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
3. აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;
4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
5.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
6. საქართველოს სამოქალაქო საროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩნების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლეები: ნანა კალანდაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი) ირმა პერანიძე ლაურა მიქავა