განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002352336
საქმე №2ბ/7122-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე - ბესარიონ ტაბაღუა
მოსამართლეები: დიანა ბერეკაშვილი
ქეთევან დუგლაძე
სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე
І აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) - შპს „ე-–---“
წარმომადგენლები: პა------–---–----ე, შა-–--------------ე
ІІ აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) - ააიპ „თბ--–---------------–-------------ი“
წარმომადგენელი - გი----------------–-–---–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
І. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
ІІ. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „ე-–---ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ააიპ ,,თბ--–---------------–-------------ს“, შპს „ე-–---ს“ სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურეობის ღირებულების 24615.6 ლარის და პირგასამტეხლოს - 100 ლარის გადახდა; შპს „ე-–---ს“ სარჩელი ააიპ ,,თბ--–---------------–-------------ისთვის“ საბანკო გარანტიის თანხის - 3917 ლარის და პირგასამტეხლოს - 1652 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; ააიპ „თბ--–---------------–-------------ის“ შეგებებული სარჩელი შპს „ე-–---ს“ მიმართ ზიანის - 37159.1 ლარის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2017 წლის 17 აგვისტოს ააიპ „თბ--–----------–------------------------------------ო“-ს მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის GEO170000503 საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ ,,თბ--–---------------–-------------სა“ და შპს „ე-–---“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება.
ხელშეკრულების საგანი იყო 510 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით. სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 128 443.50 ლარს.
ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს 510 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით.
ხელშეკრულების 6.1-6.3 პუნქტების თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი განხორციელდება პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად. ზედამხედველობას განახორციელებს ააიპ „თბ--–---------------–-------------ი“ და ააიპ ,,თბ--–----------–------------------------------------ო“-ს შესაბამისი სამსახურები.
ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად კი, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენება გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის - 3917 ლარის ოდენობით.
ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
ამავე ხელშეკრულების 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე გარიგების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ტ. І, ს.ფ. 19-34).
2.2. 2017 წლის 14 სექტემბერს შპს „ე-–---“ და ააიპ „თბ--–---------------–--------------ს“ შორის გაფორმებული დამოუკიდებელი ხელშეკრულების დანართი №1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად შპს „ე-–---ს“ მიერ შემსყიდველთათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან ყველის ტექნიკური მახასიათებლები განისაზღვრა შემდეგნაირად:
თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული პასტერიზებული რძისგან, ნაკლებად მარილიანი, ქარხნული წარმოების, წათხის რბილი ყველი, არადამახასიათებელი სუნის და გემოს გარეშე. სადაც მშრალი ნივთიერების შემცველობაა არა უმცირეს 52%-ისა, მშრალ ნივთიერებაში ცხიმის შემცველობა 40%, მარილი 0.5-1.5%. დაჭრის დროს არ უნდა იფშხვნებოდეს. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიური ელემენტებს. მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით (საქართველოს მთავრობის დადგენილება №152 2015 წლის 3 აპრილი) განსაზღვრულ მოთხოვნებს. შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული, ვაკუუმ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს; მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ თვეში ერთხელ წარმოადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები); მიწოდებული საქონელის ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის მინიმუმ 40%; სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს (ტ. І, ს.ფ 25-34);
2.3. 2017 წლის 14 სექტემბერს შპს „ე-–---“ და ააიპ „თბ--–---------------–--------------ს“ შორის გაფორმებული დამოუკიდებელი ხელშეკრულების დანართი №1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად, შპს „ე-–---ს“ მიერ შემსყიდველთათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან კარაქის ტექნიკური მახასიათებლები განისაზღვრა შემდეგნაირად:
თითოეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული რძის ნაღებისგან, მცენარეული ცხიმის გარეშე. ქარხნული წესით. ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისათვის. დაჭრის დროს არ უნდა იფშხვნებოდეს. რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%, წყლის შემცველობა არაუმეტეს 16%, ხოლო გაუცხიმოებული (მოხდილი) რძის მშრალი ნაშთის შემცველობა არაუმეტეს 2%. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს, მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს (საქართველოს მთავრობის დადგენილება №152 2015 წლის 3 აპრილი);
შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებულ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ თვეში ერთხელ წარმოადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები); მიწოდებული საქონელის ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 40%;
სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს (ტ. І, ს.ფ 25-34);
2.4. 2017 წლის 14 სექტემბერს შპს „ე-–---“ და ააიპ „თბ--–---------------–--------------ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 14 სექტემბერს გაიცა სს „ბაზის ბანკი“-ს საბანკო გარანტია №BB.14.09/154, სადაც პრინციპალია - შპს „ე-–---“, ბენეფიციარია - ააიპ ,,თბ--–---------------–-------------ი“, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა შეადგენს - 3917 ლარს (ტ. І, ს.ფ.39);
2.5. 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს „ე-–---“-ს მიერ ააიპ „თბ--–---------------–-------------ისთვის“ 2017 წლის 3 დეკემბრიდან 2017 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით მიწოდებული საქონლის ღირებულება დღგ-ს და აქციზის ჩათვლით შეადგენს 24615.6 ლარს (ტ. І, ს. ფ.40);
2.6. ააიპ „თბ--–---------------–-------------ის“ ადმინისტრაციამ უარი განაცხადა შპს „ე-–-----ნ“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2017 წლის დეკემბრის თვის (1 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით) შედარების აქტის შედგენაზე, მიწოდებული პროდუქტების (ყველი, კარაქი) ხელშეკრულებით მოთხოვნილ სავალდებულო პარამეტრებთან შეუსაბამობის გამო (ტ. І, ს.ფ 41, 43-44).
2.7. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა ქალაქ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღში შპს „ე-–---“-ს მიერ შეტანილი ყველის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 დეკემბრის №09/03005 მიმართვის თანახმად, წერილის დანართად წარმოდგენილი სურსათი „იმერული“ არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის ყველის სავალდებულო პარამეტრებს (ტ. І, ს.ფ 52-53);
2.8. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 19 დეკემბრის №09/13126 მიმართვიდან ასევე ირკვევა, რომ წარმოდგენილი სურსათი „კარაქის“ ეტიკეტი არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი კარაქის სავალდებულო პარამეტრებს (ტ. І, ს.ფ 54-55).
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.9. სასამართლომ მიუთითა, რომ შპს „ე-–---ს“ მიერ მოპასუხედ დასახელებულ ბაგა-ბაღთან 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მისთვის მიწოდებული პროდუქტი დასახელებით „იმერული“ სრულად არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველის მახასიათებლებს, ვინაიდან ნატურალური რძის ნაცვლად დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან.
საქმის მასალებში დაცულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 დეკემბრის №09/13005 მიმართვა, რომლის მიხედვით შპს „ე-–---“-ს მიერ მოპასუხე თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებისათვის მიწოდებული სურსათი „იმერული“ არ შეესაბამება ხელშეკრულებით სურსათის ყველის სავალდებულო პარამეტრებს. მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მოპასუხისთვის მიწოდებული პროდუქტი დასახელებით „იმერული“ სრულად არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით დადგენილ ყველის პროდუქტის მახასიათებლებს, ვინაიდან იგი დამზადებული იყო აღდგენილი რძისაგან.
სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. მითითებული ნორმით გათვალისწინებული ფაქტის აღიარება სამოქალაქო საპროცესო სამართლით უტყუარ მტკიცებულებადაა მიჩნეული, რადგან იგი ფაქტის ამღიარებლის ინტერესების საწინააღმდეგოდ და მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ არის განხორციელებული, შესაბამისად, დავის პროცესში აღიარებული ფაქტი სასამართლომ უნდა ამორიცხოს დავის საგნიდან და, როგორც უდავო ფაქტი, მტკიცებას არ საჭიროებს. ფაქტის აღიარების ასეთ მტკიცებულებად შეფასება ემყარება რწმენას, რომ იგი ნამდვილად არსებობს და თვით ის მხარეც არ ხდის სადავოდ, რომელსაც ამ და სხვა ფაქტების საფუძველზე მეორე მხარის უფლებების დარღვევაში ედავებიან. ამასთან, აღიარების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებულ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დამდგენ და უდავო მტკიცებულებად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი იმ მხარემ განახორციელოს, რომელთან მიმართაც შემდგომში იქნება გამოყენებული და რომელსაც აკისრია აღნიშნული ქმედებისათვის პასუხისმგებლობა.
შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დასტურდება, რომ შპს „ე-–---ს“ მიერ ააიპ „თბ--–---------------–-------------ში“ ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული პროდუქტი დასახელებით „იმერული“, სრულად არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველის მახასიათებლებს.
აქვე ირკვევა, რომ მიწოდებული პროდუქტის შესაბამისობა ხელშეკრულებით დადგენილ სტანდარტთან მიმართებით გამოკვლეულია არა უშუალოდ მიწოდებული პროდუქციის მახასიათებლების გათვალისწინებით, არამედ ამავე პროდუქციის ეტიკეტზე დატანილ ინფორმაციაზე დაყრდნობით (ტ. І, ს.ფ 52-53);
2.10. სასამართლოს განმარტებით, წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით არ დასტურდება, რომ შპს „ე-–---ს“ მიერ მოპასუხე ბაგა-ბაღში 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული სურსათი - „კარაქი“ მისი დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით არ შეესაბამებოდა ამ პროდუქტისთვის ხელშეკრულებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებს.
საქმის მასალებში წარმოდგენილია წერილობითი დოკუმენტები, რომელთა თანახმად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა მოპასუხე ბაგა-ბაღში შპს „ე-–---“-ს მიერ შესატანი კარაქის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 19 დეკემბრის მიმართვის №09/13126 თანახმად, წერილის დანართით წარმოდგენილი სურსათი „კარაქი“-ს ეტიკეტი არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი კარაქის სავალდებულო პარამეტრებს.
ამავე წერილში მითითებულია, რომ „მწარმოებელმა/დისტრიბუტორმა/რეალიზატორმა უნდა გაითვალისწინოს, რომ კარაქი რძის პროდუქტია, რომელშიც ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია, ხოლო წარმოდგენილ ეტიკეტზე მითითებულია 80% (+/-0,5). ასევე, კარაქის ეტიკეტზე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №441 დადგენილების „სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სავალდებულოა მითითებულ იქნას შემადგენლობა და ენერგეტიკული ღირებულება: ცხიმი, ცილა, ნახშირწყლები.“
სწორედ აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზეა შედგენილი ასევე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 22 მაისის დასკვნა ქ. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სკოლამდელი აღსაზრდელებისათვის კვებითი მომსახურების გაწევის პროცესში გამოვლენილი დარღვევების შესახებ. კვლევის ანალიზის შედეგად გამომდინარეობს, რომ დამატებითი კვლევა მიწოდებული პროდუქტის - უშუალოდ კარაქის, დამახასიათებელ თვისებებთან და მისი შემადგენლობის ხელშეკრულებით დადგენილ მახასიათებლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით არ ჩატარებულა.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს წერილზე, რომლითაც დგინდება, რომ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შეფასებული იქნა რძის პროდუქტების ეტიკეტი, სააგენტოს მიერ არ განხორციელებულა აღნიშნული რძის პროდუქტების სინჯების აღება და ლაბორატორიული კვლევა.
შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტების ერთობლივი ანალიზი ცხადყოფდა, რომ შესწავლილია არა უშუალოდ პროდუქტის მახასიათებლები და მისგან გამომდინარე დარღვევა, არამედ დასკვნა ასახავს პროდუქტის ეტიკეტირების წესის დარღვევას. მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ პროდუქტისთვის აუცილებელ მახასიათებლებზე. აღნიშნულთან მიმართებით მიწოდებული პროდუქტის ნიშან-თვისებების შესწავლის ფაქტი კი საქმის მასალებით არ დასტურდება (ტ. І, ს.ფ 54-55, 153-170).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.11. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლზე რომლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულებით- სამართლებრივი ურთიერთობა რეგულირდება ნასყიდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმებით, ვინაიდან მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით თითოეულ შემთხვევაში განსაზღვრულია სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურების გაწევა, ამ მიზნით კი მათთვის საკვები პროდუქტების მიწოდება.
სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის მიხედვით, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისგან თავისუფალი ნივთი. 488-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით მისაწოდებელი პროდუქტების: კარაქის და ყველის სავალდებულო დამახასიათებელ პარამეტრებზე.
მხარეთა ახსნა-განმარტებების თანახმად უდავოა შპს „ე-–---ს“ მიერ აღნიშნული პროდუქტების მიწოდების და მოპასუხის მიერ მათი მიღების და მოხმარების ფაქტი.
ამავდროულად, მოპასუხე ბაგა-ბაღი სადავოდ ხდის მიწოდებული პროდუქტების ხელშეკრულებით განსაზღვრულ მახასიათებლებთან შესაბამისობას.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილებით დამტკიცებული რძისა და ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტაციის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რძე არის სასოფლო-სამურნეო ცხოველის სარძევე ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირების სეკრეციის პროდუქტი, რომელიც მიიღება ლაქტაციის პერიოდში ერთი ან მეტი ცხოველისგან, ერთი ან მეტი წველის შედეგად, რაიმე ნივთიერების დამატების, ან მოცილების გარეშე და გამიზნულია, ადამიანის მოხმარებისათვის სასმელად ან შემდგომი გადამუშავებისათვის. ამავე რეგლამენტის მე-4 მუხლის „ჰ 37“ ქვეპუნქტის თანახმად, ყველი არის რძისგან დამზადებული პროდუქტი, მოწოდებული ან მოუმწიფებელი, ნახევრად მაგარი, მაგარი ან/და ძალიან მაგარი რძის ნაწარმი, დამუშავებული ან დაუმუშავებელი ზედაპირით, რომელშიც შრატის ცილებისა და კაზეინის თანაფარდობა არ აღემატება ანალოგიურ მაჩვენებელს რძეში.
სასამართლოს განმარტებით, საქმეზე დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარეობს, რომ შპს „ე-–---“-ს მიერ მიწოდებული პროდუქტი „იმერული“ არ აკმაყოფილებდა ზემოაღნიშნული რეგლამენტაციით პროდუქტ ყველისათვის აუცილებელ სავალდებულო და ამასთანავე, ხელშეკრულებით განსაზღვრულ მახასიათებლებს. შესაბამისად, შპს „ე-–---ს“ მიერ მისაწოდებელი პროდუქტის - ყველის ნაწილში ვალდებულება შესრულებულია არაჯეროვნად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას.
მიუხედავად ამ ნაწილში ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისა, რასაც აღიარებს თავად მოსარჩელე, სასამართლო იზიარებს მის პოზიციას იმასთან მიმართებით, რომ აღნიშნული მახასიათებელი უშუალოდ პროდუქტის ლაბორატორიული კვლევის გარეშე არ შეიძლება ჩაითვალოს იმგვარ არსებით ნივთობრივ ნაკლად, რომელიც გამორიცხავს მიწოდებული პროდუქტის შესაბამისი ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებას.
სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეს არც მიღებისას, არც პროდუქტის მოხმარებამდე მთელი სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში სადავო არ გაუხდია მიწოდებული პროდუქტის ხარისხი. საქმის მასალებში წარმოდგენილია შპს „ე-–---სთვის“ ყველის მიმწოდებლის შპს „ნატურალ+“-ის განმარტება, რომლის თანახმადაც, პროდუქტის ყველა მიწოდებულ პარტიას ახლდა ლაბორატორიული კვლევის ოქმები, რაც ადასტურებდა პროდუქტის უსაფრთხოებას და საწარმო სტანდარტის შესაბამისობას. ყველა პროდუქტის შესაბამისობის დეკლარაციის შედეგები კი ადასტურებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უვნებლობის პარამეტრებს.
შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მიუხედავად იმ ფაქტობრივი გარემოებისა, რომლითაც დადგენილია მიწოდებული პროდუქტის ყველა მახასიათებლის არ არსებობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან მიმართებით, აღნიშნული არ შეიძლება განხილულ იქნეს არსებით ნაკლად, რაც მთლიან შესრულებას გახდის ნაკლიანს და მოპასუხეს გაათავისუფლებს მიწოდებული პროდუქციის ღირებულების სრულად ანაზღაურების ვალდებულებისაგან. მოპასუხის მხრიდან ასევე, სადავოა კარაქის მახასიათებლების შეუსაბამობა ხელშეკრულებით დადგენილ სავალდებულო მოთხოვნებთან. თუმცა, საქმის მასალებით არ დადასტურდა, რომ შპს „ე-–---ს“ მიერ მოპასუხედ დასახელებულ ბაგა-ბაღთან 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მისთვის მიწოდებული სურსათი - „კარაქი“ მისი ნიშან-თვისებებით რომ შესაბამისობაში არ მოდიოდა ამ პროდუქტისთვის ხელშეკრულებებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებთან.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ააიპ „თბ--–---------------–-------------ს“ უნდა დაკისრებოდა მოსარჩელის მიერ მიწოდებული პროდუქტების ღირებულების 24615.6 ლარის ანაზღაურება.
2.12. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შორის 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით ვალდებულების შესრულებისთვის პირგასამტეხლოს ანაზღაურება გათვალისწინებულია. ხელშეკრულების 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დაადგინა მოპასუხის მხრიდან მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურების ვადის გადაცილების ფაქტი. შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით საქმესთან დაკავშირებით შეკრებილი მტკიცებულებანი და დადასტურებული ფაქტები წარმოადგენენ მოპასუხის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამავე კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. მხარეები მოქმედებენ რა, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც ამავე დროს პირგასამტეხლოს ოდენობის მხარეთა შეთანხმებისამებრ განსაზღვრას გულისხმობს, ამავე დროს, კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანობის, თანასწორობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე შეამციროს „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და, მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება.
მართალია, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და თვითონ შეაფასოს პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა გარემოებანი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ პირვანდელი სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 1752 ლარი ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, შპს „ე-–---ს“ მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს მოცულობა არაგონივრულია, უნდა შემცირდეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროს - 100 ლარის გადახდა.
2.13. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების 8.1 პუნქტის თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენება გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის - ოდენობით. ასევე დადგენილია, ის გარემოება, რომ შპს „ე-–---ს“ მიერ ვალდებულების უზრუნველყოფისათვის თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში სს „ბაზის ბანკის“ მიერ გაცემულია საბანკო გარანტია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლით, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა ნებისმიერი საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამავე კოდექსის 880-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას. 881-ე მუხლის თანახმად, კი საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის იგი გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე.
სასამართლომ მიუთითა, რომ საბანკო გარანტია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უზრუნველყოფის საშუალებაა, რომელიც სხვა უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან განსხვავებით, რიგი თავისებურებებით ხასიათდება. საბანკო გარანტიის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, რაც მას უზრუნველყოფის სხვა საშუალებებისაგან გამოარჩევს, არის საბანკო გარანტიის დამოუკიდებლობა ძირითადი ვალდებულებისაგან.
საბანკო გარანტიის გაცემისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, პრინციპალსა და გარანტს შორის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ბანკი (გარანტი) ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნისთანავე, ბენეფიციარს უპირობოდ გადაუხდის ფულად თანხას. მიუხედავად საბანკო გარანტიის კანონით გათვალისწინებული დამოუკიდებელი (არააქცესორული) ბუნებისა და მისი დამოუკიდებლობისა ძირითადი ვალდებულებისაგან, მისი გაცემის მართლზომიერად მიჩნევის მიზნებისათვის, აუცილებელია, რომ საბანკო გარანტია აკმაყოფილებდეს ასევე ორ მნიშვნელოვან წინაპირობას, კერძოდ, ბენეფიციარის მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები უნდა შეესაბამებოდეს გარანტიის პირობებს და მისი წარდგენა უნდა მოხდეს მხოლოდ გარანტიით განსაზღვრულ ვადაში.
სასამართლოს განმარტებით, საბანკო გარანტია, მიუხედავად მისი სახისა და დანიშნულებისა, პრინციპალის მიერ ბენეფიციარის წინაშე ნაკისრი სხვადასხვა სახის ვალდებულების ჯეროვანი შესრულების გარანტიას წარმოადგენს. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია შპს „ე-–---“-ს მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი.
სასამართლომ მიუთითა, რომ საბანკო გარანტია თავისი მიზნიდან და დანიშნულებიდან გამომდინარე ერთმანეთისგან არ მიჯნავს ვალდებულების არსებით თუ არაარსებით დარღვევას, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს სახელშეკრულებო ღირებულების ანაზღაურებაზე. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე თავად აღიარებს ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას, რაც გამორიცხავს მოპასუხისთვის გამოყენებული საბანკო გარანტიის თანხის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
2.14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 494-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნივთის ნაკლის ან ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა პირობების დარღვევით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ზოგადი წესების მიხედვით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, კი იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.
მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.
ამდენად, სასამართლოს მითითებით პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. ამასთან, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია.
განსახილველ შემთხვევაში, ააიპ „თბ--–---------------–-------------ის“ მიერ წარმოდგენილი შეგებებული სარჩელი ემყარება მსგავს ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის საფუძველზეც მათ მოთხოვნას წარმოადგენს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი უზოგადესი ნორმის განმარტების შედეგად დადგენილი წინაპირობების თანახმად, მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს თავად ზიანის არსებობის ფაქტის დადასტურება. მტკიცების ტვირთი აღნიშნულის დადასტურებისას კი სწორედ შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს ეკისრებოდათ.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ განმარტა, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით არ დასტურდება შეგებებული სარჩელის მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. მართალია დადგენილია შპს „ე-–---ს“ მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება, მაგრამ საქმის მასალებით არ დგინდება მისგან გამომდინარე მოსარჩელისთვის ზიანის, როგორც მატერიალური დანაკლისის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ზიანის ანაზღაურების თაობაზე შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
І. აპელანტის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1.1. აპელანტი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხეებისათვის მიწოდებული პროდუქტი „იმერული“ დამზადებული იყო არა ნატურალური, არამედ აღდგენილი რძისაგან, მაგრამ აღნიშნული არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ხსენებული პროდუქტი არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით დადგენილი პროდუქტ - ყველის მახასიათებლებს. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება რომლითაც დადასტურდებოდა ის გარემოება, რომ აღნიშნული პროდუქტი თავისი ქიმიური და ორგანოლეპტიკური შემადგენლობით განსხვავდებოდა მოპასუხეებისათვის ხელშეკრულებებით მისაწოდებელი პროდუქტისაგან, რისი გათვალისწინებით სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება აპელანტის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე მიაჩნია დაუსაბუთებლად.
3.1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების თანახმად სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ აპელანტის მიერ მოპასუხეებისათვის მიწოდებული პროდუქტი „იმერული“ თავისი მახასიათებლებით არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებებით განსაზღვრული პროდუქტ ყველისადმი დადგენილ მოთხოვნებს. თუმცა მოპასუხეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მოსარჩელის მიერ მიწოდებული პროდუქტის განსხვავება ქიმიური და ორგანოლეპტიკური შემადგენლობით მისაწოდებელი ყველის სახელშეკრულებო მახასიათებლებისაგან. შესაბამისად, რომ იმ პირობებში როდესაც ვერ დასტურდება აპელანტის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტი არ არსებობდა მოპასუხეების მხრიდან საბანკო გარანტიების გამოთხოვის სამართლებრივი წინაპირობები. საბანკო გარანტიიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლების არსებობა არ აძლევს ბენეფიციარს უფლებას უპირობოდ აინაზღაუროს თანხა, რადგან მას ამ შემთხვევაში ეკისრება მეორე მხარის ქონებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულების გამოჩენა სკ-ს 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
ამასთან, აპელანტის მოსაზრებით, იმ შემთხვევაშიც კი თუ დადგენილად იქნება მიჩნეული აპელანტის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების ფაქტს, აპელანტი თვლის, რომ მოპასუხისათვის საბანკო გარანტიის სრული თანხის გადახდა ეწინააღმდეგება სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპს და იწვევს მათ უსაფუძვლო გამდიდრებას. სსკ-ს 879-ე, 880-ე, 881-ე მუხლების თანახმად საბანკო გარანტია წარმოადგენს გარანტიის გამცემის გამოუთხოვად ვალდებულებას, გადაიხადოს საგარანტიო თანხა პრინციპალის მიერ ბენეფიციარის წინაშე აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში. იგი წარმოადგენს უზრუნველყოფის საშუალებას, დამოუკიდებელი ვალდებულებაა და მისი პირობების თანახმად გარანტიის გამცემი ვალდებულია გადაიხადოს თანხა ბენეფიციარის პირველივე მოთხოვნისთანავე. საბანკო გარანტიის, როგორც ძირითადი ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალების მიზანია, დაიცვას ბენეფიციარი იმ რისკისგან, რომელიც დაკავშირებულია ვალდებულების არაჯეროვან ან საერთოდ შეუსრულებლობასთან. მიუხედავად იმისა, რომ საბანკო გარანტია გამოუთხოვად ვალდებულებას წარმოადგენს და გარანტორს ეკისრება ბენეფიციარის წინაშე მისი შესრულების ვალდებულება, თუკი ბენეფიციარის დაკმაყოფილების შემდეგ აღმოჩნდება, რომ ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბენეფიციარის მოთხოვნა შესრულდა, შეწყდა სხვა საფუძვლით, ან ბათილია, წარმოიშობა ვითარება, როდესაც ბენეფიციარი საბანკო გარანტიიდან იღებს დაკმაყოფილებას ისე, რომ საერთოდ არ გააჩნია ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი. საბანკო გარანტიის არა აქცესორული ხასიათი არ ნიშნავს იმას, რომ ბენეფიციარი უფლებამოსილია დაიტოვოს მსგავსი შესრულება. ასეთ შემთხვევაში დგება უსაფუძვლოდ გადახდილის უკან დაბრუნების საკითხი, რომლის მოთხოვნის უფლებაც პრინციპალს გააჩნია სკ-ს 976 „ა“ მუხლის საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება მოსარჩელის მხრიდან მოპასუხისათვის ზიანის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით ზიანის არ არსებობის შემთხვევაში მოპასუხის მიერ საბანკო გარანტიის სახით 3917 ლარის შემოსავლის მიღება განხილულ უნდა იქნეს მხარის უსაფუძვლო გამდიდრებად.
3.1.3. აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს პოზიციას მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ მიჩნევასა და მის შემცირებასთან დაკავშირებით. გასაჩივრებული გადაწყვეტილების თანახმად სასამართლომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს 1752 ლარს ოდენობით მიიჩნია არაგონივრულ პირგასატეხლოდ და შეამცირა 100 ლარამდე. თუმცა გადაწყვეტილებაში სასამართლო არ უთითებს აღნიშნულის შემცირების რაიმე სამართლებრივ საფუძველს. მოსარჩელის მიერ სარჩელის წარდგენისას მხარემ ნებაყოფლობით შეამცირა ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა და აღნიშნულის დარიცხვა განხორციელდა არა სრული სახელშეკრულებო თანხის ოდენობიდან არამედ შეუსრულებელი ვალდებულებიდან. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე წარმოადგენს გონივრულ პირგასამტეხლოს განსახილველ სამართალურთიერთობასთან მიმართებაში, რისი გათვალისწინებით გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახული სასამართლო მიდგომა სამართლებრივად დაუსაბუთებელია.
ІІ. აპელანტის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.2.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ, სადავო გადაწყვეტილების ფარგლებში არასწორად განმარტა დავის არსი, შესაბამისად. არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მას, რის გამოც შეილახა მხარეთა კანონიერი ინტერესები. სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა ორ გარემოებაზე, ერთის მხრივ დაადგინა, რომ ხელშეკრულებასთან შეუსაბამო პროდუქტი აკმაყოფილებდა უვნებლობის პარამეტრებს, ხოლო მეორე მხრივ, პროდუქტის შეუსაბამობა არ იყო არსებითი ხასიათის.
3.2.2. აპელანტი მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, შპს „ე-–---ა“ და აპელანტს შორის არსებული დავა გამომდინარეობს იმ ფაქტობრივი მოცემულობიდან, რომ შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში გამარჯვებულმა კომპანიამ მოწინააღმდეგე მხარემ, არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და ყველისა და კარაქის ნაცვლად, სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვებითი მომსახურებისას შემსყიდველს, ანუ აპელანტს მიაწოდა სახელშეკრულებო მოთხოვნებთან შეუსაბამო მახასიათებლების მქონე კარაქისა და ყველისმაგვარი მასა. შესაბამისად, ის მიწოდებული პროდუქტი, რომელიც არ არის ყველი და კარაქი, პირდაპირ არღვევს ხელშეკრულების პარამეტრებს, აკმაყოფილებს თუ არა რაიმე სტანდარტს, ეს რა თქმა უნდა მოცემულ დავაში მნიშვნელოვანი საერთოდ არ არის, რადგან ხელშეკრულების შესრულების მიზნებისათვის სხვა პროდუქტის მიწოდება ითვლება საერთოდ მიუწოდებლობად. რა თქმა უნდა საუბარია უხარიხსო პროდუქტის მიწოდებაზე, რადგან, ფართო გაგებით უხარისხო გულისხმობს ისეთ პროდუქტს, რომლის გამოყენებითაც ვერ მიიღწევა იგივე შედეგი, რომელსაც მიაღწევდა დაინტერესებული მხარე ხარისხიანი პროდუქტების გამოყენების შემთხვევაში. ამ დავის. ფარგლებშიც, რა თქმა უნდა უდავოა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველითა და კარაქით და შპს „ე-–---ს“ მიერ მიწოდებული პროდუქციით მცირეწლოვანი ბავშვის გამოკვება სრულიად განსხვავებულ შედეგის მომტანია, თუნდაც მხოლოდ რძის კომპონენტის სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარე.
3.2.3. აპელანტის განმარტებით, ასევე სრულიად დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ უშუალოდ პროდუქტის როგორც საკვები მახასიათებლების განსაზღვრა და მისი ხარისხის შეფასება ჩამოყალიბებული სასარჩელო მოთხოვნებიდან გამომდინარე არ ყოფილა სასამართლო კვლევის საგანი. ეს მსჯელობა ცალსახად ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა დავის არსი. აპელანტის მხრიდან, შპს „ე-–---ს“ მიმართ წარმოშობილ პრეტენზიას საფუძვლად დაედო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დასკვნა ქ. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღები სკოლამდელი აღსაზრდელებისათვის კვებითი მომსახურების გაწევის პროცესში გამოვლენილი დარღვევების შესახებ. დასკვნისა და მისი დანართების თანახმად, დადგინდა რომ სსიპ „სურსათის ეროვნულ სააგენტოს“ ეთხოვა შპს „ე-–---ს“ მიერ აპელანტისათვის მიწოდებული პროდუქტის შემადგენლობის შედარება მხარეებს, შორის არსებულ სახელშეკრულებო მოთხოვნებთან. შესამოწმებელი სურსათის ეტიკეტზე დატანილი იყო პროდუქტის შემადგენელი ინგრედიენტების ჩამონათვალი. შესაბამისად, რაიმე დამატებითი კვლევის, ჩატარება პროდუქტის შემადგენლობის დასადგენად საჭირო არ გამხდარა. მით უმეტეს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა პოზიციებითაც სადავო არაა ის ფაქტი, რომ ეტიკეტზე აღწერილი შემადგენლობა სრულად შეესაბამებოდა მიწოდებული პროდუქტის რეალურ შემადგენლობას - აღნიშნულ გარემოებას, ასევე წერილობით ადასტურებს თავად მწარმოებელი კომპანია „ნ---------–--“, რომელიც განმარტავს, რომ შპს „ე-–---სათვის“ მიწოდებული ე.წ. ყველი წლების განმავლობაში მზადდებოდა რძის ფხვნილისგან - აღდგენილი რძისაგან. თავის მხრივ, პროდუქტის შემადგენლობა რა თქმა უნდა წარმოადგენს საკვების მახასიათებელს. შესაბამისად, აპელანტს მიაჩნია, რომ სრულიად უსაფუძვლოა სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ „უშუალოდ პროდუქტის, როგორც საკვების მახასიათებლების განსაზღვრა და მისი ხარისხის შეფასება“ სასამართლოს კვლევის საგანი არ ყოფილა. კიდევ უფრო უსაფუძვლოა ამ დასკვნის, გამოტანა მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს არ განუხორციელებიათ პროდუქტი ვარგისიანობის კუთხით ლაბორატორიული კვლევა და მათი მახასიათებლები შესწავლილია მხოლოდ ეტიკეტზე არსებული მონაცემების ფარგლებში. აპელანტი განმარტავს, რომ მთავრობის დადგენილება პირდაპირ ავალდებულებს მწარმოებელს ეტიკეტზე დაიტანოს პროდუქტის შემადგენლობა. თავად მწარმოებელი კომპანია ეჭვქვეშ არ აყენებს იმ გარემოებას, რომ სწორედ აღდგენილ რძეზე, ანუ რძის ფხვნილზე მზადდებოდა პროდუქტი, რომელსაც წლების განმავლობაში იყენებდა შპს „ე-–---“ სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების საკვებად.
აპელანტისთვის გაუგებარია სასამართლოს იმგვარი მიდგომა, რომ ეტიკეტზე მოცემული ინფორმაცია პროდუქტის შემადგენლობის შესახებ მხოლოდ მაშინ არის ნამდვილი, თუ იგი დასტურდება ლაბორატორიული კვლევით. მაშინ რა მიზანს ემსახურება ეტიკეტზე ინფორმაციის დატანის სავალდებულო ხასიათი და მთელი რიგი სამართლებრივი ნორმები, რომლებიც ამ საკითს აწესრიგებს გაუგებარია.
3.2.4. სასამართლომ საერთოდ არ გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ დავის საგანს წარმოადგენდა მცირეწლოვანი ბავშვების კვებით მომსახურება და შემსყიდველი ორგანო, აპელანტის სახით, ხელშეკრულებას დებდა ბავშვთა უპირატესი ინტერესების (ზრდისა და განვითარების) გათვალისწინებით. სასამართლომ არათუ იმსჯელა ბავშვების საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, არამედ, წაახალისა ის ხელყოფა, რომელიც განხორციელდა მოცემულ შემთხვევაში და მსჯელობა დაიყვანა მხოლოდ ეტიკეტირების პრობლემამდე, რომელიც მოცემულ შემთხვევაში, არც არსებობდა. რეალურად, მიწოდების ნაკლი მდგომარეობდა იმ პროდუქტის შემადგენლობაში, რომელიც საკვებად მიეწოდათ ბავშვებს. მოწინააღმდეგე მხარე აპელირებს და სასამართლო სრული საკანონმდებლო პრინციპების დარღვევით იზიარებს იმ სჯელობას, რომ „იმერულის“ და არასათანადო შემადგენლობის კარაქი მოწმდებოდა შესაბამისი წესით და დადგენილი იყო მათი საკვებად ვარგისიანობის საკითხი. თუმცა ეს არ გულისხმობს რომ იგი ვარგისი, უსაფრთხო და სარგებლის მომტანი იყო ბავშვების ჯანმრთელობისათვის, ან სხვა პროდუქტთან ერთად მათი მიღება იგივე შედეგის მომტანი იყო, რომელ შედეგზეც ორიენტირებული იყო კვების მენიუ ერთიანობაში.
აპელანტის შეფასებით, ზემოთ აღნიშნული გარემოებებისა და საკანონმდებლო ვალდებულებების/მოცემულობის გაუთვალისწინებლობამ განაპირობა ის გარემოებაც, რომ არ მოხდა აპელანტისათვის მოწინააღმდეგე მხარის მიერ მიყენებული ზიანის სწორი შეფასება და შედეგად, შესაბამისი საფუძვლების არსებობის მიუხედავად, შეგებებულ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სასამართლომ მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება.
3.2.8. აპელანტის მითითებით, სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ შპს „ე-–-----ნ“ ანგარიშსწორების შეყოვნება განაპირობა ორმა გარემოებამ: 1. შესრულების ნაკლის აღმოჩენამ და დათვლილი ზიანისა და გადასახდელი თანხის პროპორციამ. სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. აპელანტი აღიარებს, რომ გარდა კარაქისა და ყველის ღირებულებისა, დანარჩენ ნაწილში წარმოიშვა გადახდის ვალდებულება, თუმცა აღნიშნული ბევრად ნაკლები იყო შპს „ე-–---ს“ მიერ უსაფუძვლოდ მიღებულ ანაზღაურებაზე. შესაბამისად, წარმოიშვა გაქვითვის უფლება და სამართლებრივი მოცემულობა ეს კი გამორიცხავს მხარისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1. სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს მათზე (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 2.1. – 2.8. პუნქტები).
4.2. უდავოა, რომ სს „ბაზისბანკმა“ ააიპ „თბ--–---------------–-------------ს“ გადაურიცხა საგარანტიო თანხა 3917 ლარი (ტ. І, ს.ფ. 64-65).
4.3. ასევე უდავოა, რომ მიწოდებული პროდუქცია (ყველი და კარაქი) შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უვნებლობის პარამეტრებს.
4.4. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შპს „ე-–---ს“ მიერ მოპასუხე სსიპ „თბ--–---------------–-------------თან“ 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, მისთვის მიწოდებული პროდუქტი ყველი დასახელებით „იმერული“, სრულად არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველის მახასიათებლებს, ვინაიდან ნაცვლად პასტერიზებული რძისა იგი დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ შპს „ე-–---ს“ მიერ ბაგა-ბაღისთვის მიწოდებული ყველი „იმერული“ დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების მიხედვით კი, კომპანიას ბაღისთვის უნდა მიეწოდებინა პასტერიზებული რძისგან დამზადებული ყველი.
„რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილების მე-4 პუქნტის „დ“ ქევეპუნქტის თანახმად, აღდგენილი რძის ნაწარმს წარმოადგენს რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის მშრალ ან შესქელებულ/კონცენტირებულ ნაწარმზე იმ რაოდენობის წყლის დამატებით, რომ მასში აღდგენილ იქნეს რძის ნაწარმისთვის დეკლარირებული სტანდარტით დადგენილი, დამახასიათებელი სინესტისა და მშრალი ნივთიერების მასური წილის შესაბამისი თანაფარდობა. ამავე პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მშრალი რძე (რძის ფხვნილი) არის რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის ნაწილობრივ გაუწყლოებით. იმავე პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პასტერიზებულ რძეს (მაღალი ტემპერატურით დამუშავებული) წარმოადგენს უვნებლობის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების დადგენილი მოთხოვნების დაცვის მიზნით, თერმულად (თბურად) დამუშავებული სასმელი რძე. მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სასმელი რძე არის რძე, რომელიც გამიზნულია ადამიანის მიერ უშუალოდ მოხმარებისათვის, შემდგომი გადამუშავების გარეშე.
ამდენად, მითითებული დებულებების შესაბამისად, აღდგენილი და პასტერიზებული რძე განსხვავებული რძის პროდუქტებია, შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, კომპანიის მხრიდან ბაღისთვის აღდგენილი რძისგან დამზადებული ყველი „იმერულის“ მიწოდება ნივთობრივი ნაკლის მქონე შესრულებას წარმოადგენს.
4.5. სააპელაციო პალატა არ იზიარებს მე-2 აპელანტის პრეტენზიას, რომ კომპანიის მხრიდან ბაღისთვის მიწოდებული კარაქიც ნივთობრივი ნაკლის მქონეა.
უდავოა, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით კომპანიას ბაღისთვის უნდა მიეწოდებინა კარაქი, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია. ასევე უდავოა, რომ კომპანიის მიერ ბაღისთვის მიწოდებულ კარაქის ეტიკეტზე ცხიმის შემცველობად მითითებულია 80% (+/-0,5). სააპელაციო პალატა იზიარებს მე-2 აპელანტის მოსაზრებას, რომ საწიანააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში ივარაუდება, რომ პროდუქტის თვისებები შესაბამისობაში მის ეტიკეტზე დატანილი მხასიათებლებთან.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის სათანადო მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ კომპანიის მიერ ბაღისთვის მიწოდებულ კარაქში ცხიმის შემცველობა ნაკლებია 80%-ზე, შესაბამისად, სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ კარაქის მიწოდების ნაწილში კომპანიამ სახელშეკრულებო ვალდებულება შეასრულა პირნათლად.
4.6. პალატა აღნიშნავს, რომ ნასყიდობის საფასურის გადახდის, პირგასამტეხლოსა, უსაფუძვლოდ მიღებული საბანკო გარანტიის თანხის და ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნების სამართლებრივ საფუძველს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477.2, 417-ე, 991-ე, 494.1, 394.1, 408.1 და 409-ე მუხლები წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ კომპანიამ ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მიაწოდა ბაგა-ბაღს შეთანხმებული საქონელი, ამ უკანასკნელს კი შეთანხმებული ფასი არ გადაუხდია.
საქართველო სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის მიხედვით, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისგან თავისუფალი ნივთი, ამავე კოდექსის 488-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ კომპანიის მიერ ბაგა-ბაღისთვის მიწოდებული პროდუქტი ყველი „იმერული“ ნივთობრივი ნაკლის მქონე იყო.
სამოქალაქო კოდექსის 490-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში. ამავე კოდექსის 491-ე მუხლის მიხედვით, მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა. ასეთ შემთხვევაში გამყიდველმა უნდა აუნაზღაუროს მყიდველს გაწეული დანახარჯები. იმავე კოდექსის 492-ე მუხლის თანახმად, თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებული ფასი.
განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ ბაგა-ბაღმა კომპანიის მიერ მიწოდებული ნივთობრივი ნაკლის მქონე ყველი „იმერული“ მიიღო და დანიშნულებით გამოიყენა. ასევე უდავოა, რომ ბაღს კომპანიისთვის არც ნაკლის გამოსწორება (ნაკლიანი პროდუქტის შეცვლა), არც ამ მიზეზით ხელშეკრულების მოშლა და არც ფასის შემცირება არ მოუთხოვია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბაგა-ბაღს კომპანიის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა მიწოდებული პროდუქციის ღირებულება 24 615.6 ლარის ოდენობით.
4.7. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი აპელანტის პრეტენზიას, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლო არ იყო შეუსაბამოდ მაღალი და მისი შემცირების საფუძველი არ არსებობდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
2017 წლის 14 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში. ამავე ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში კონკრეტულ გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე - კრედიტორის ეკონომიკური ინტერესი.
პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას, როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კომპანიას დღემდე არ აქვს ანაზღაურებული 2017 წლის დეკემბერში მიწოდებული პროდუქციის ღირებულება. ამასთან, პალატის მოსაზრებით, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს პროცენტული ოდენობა - 0.1% არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ნიშნულს.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა იყო გონივრული და სამართლიანი ვალდებულების დარღვევის მოცულობასთან და ვადაგადაცილების ხანგრძლივობასთან მიმართებით, შესაბამისად, მისი შემცირების საფუძველი არ არსებობდა.
4.8. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 494-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნივთის ნაკლის ან ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა პირობების დარღვევით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ზოგადი წესების მიხედვით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. 409-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.
სასამართლოს მითითებით პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. ამასთან, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია.
პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება, რომ მე-2 აპელანტს მიადგა რაიმე სახის ზიანი. მართალია დადგენილია შპს „ე-–---ს“ მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება, მაგრამ საქმის მასალებით არ დგინდება მისგან გამომდინარე მოსარჩელისთვის ზიანის, როგორც მატერიალური დანაკლისის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, არ არსებობდა ზიანის ანაზღაურების თაობაზე შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
4.9. განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ სს „ბაზის ბანკის“ მიერ შპს „ე-–---ს“ სახელშეკრულებო ვალდებულების (პროდუქციის მიწოდების) უზრუნველყოფის მიზნით გაცემული იყო საბანკო გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 3%-ის ოდენობით. ასევე უდავოა, რომ ბაგა-ბაღის მოთხოვნის შესაბამისად, სს „ბაზის ბანკმა“ ბაღს გადაურიცხა საგარანტიო თანხა 3917 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლით, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა ნებისმიერი საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამავე კოდექსის 880-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას.
პალატა განმარტავს, რომ საბანკო გარანტია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უზრუნველყოფის საშუალებაა, რომელიც გადაიხდება როგორც კომპენსაცია ძირითადი კონტრაქტის შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისას.
პალატის მოსაზრებით განსახილველ შემთხვევაში ბაღის სასარგებლოდ გაცემული საბანკო გარანტია წარმოადგენდა სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების გარანტიას.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ შესრულების გარანტიის (საბანკო გარანტიის ერთერთი სახე) მთავარ მიზანს შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსირება წარმოადგენს. მსგავსი გარანტია ემსახურება დამკვეთის მხრიდან საკონტრაქტო ფასის შესაბამისი სრული მომსახურების მიღებას და იმ დანაკარგის კომპენსაციას, რაც შეიძლება წარმოიშვას კონტრაქტის არასათანადო შესრულებით, ის ასევე ფარავს იმ რისკს, რაც დაკავშირებულია მიწოდებულ პროდუქციაში დეფექტების აღმოჩენასთან. ამდენად, შესრულების საბანკო გარანტია წარმოადგენს არასათანადო შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მაკომპენსირებელ საშუალებას და მისი ჯარიმის-სანქციის ფორმით გამოყენება საბანკო გარანტიის მიზანთან მოდის წინააღმდეგობაში.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში კომპანიის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შედეგად ბაღს რაიმე ზიანი არ მისდგომია. საქმეში აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ მოიპოვება. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ბაგა-ბაღი მიღებული საგარანტიო თანხით, კომპანიის მხრიდან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსირებას ვერ მოახდენდა ზიანის არარსებობის გამო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საგარანტიო თანხის მიღებით ბაგა-ბაღი უსაფუძვლოდ გამდიდრდა, ვინაიდან პრინციპალის მხრიდან ძირითადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით ბენეფიციარს რაიმე ფინანსური ზიანი არ განუცდია. რაც შეეხება კომპანიას, მას გარანტის მიმართ წარმოეშვა ბენეფიციარისთვის გადახდილი საგარანტიო თანხის ანაზღაურების ვალდებულება. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით ბაღი 3917 ლარით უსაფუძვლოდ გამდიდრდა კომპანიის ხარჯზე, შესაბამისად, ბაღს უნდა დაეკისროს ხსენებული თანხის პრინციპალისთვის დაბრუნების ვალდებულება.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ამდენად, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ ააიპ „თბ--–---------------–-------------ის“ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; შპს „ე-–---ს“ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება შპს ,,ე-–---ს“ სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.
ვინაიდან შპს ,,ე-–---ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ააიპ „თბ--–---------------–-------------ს“ შპს ,,ე-–---ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილის სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 223 ლარის ოდენობით.
გამომდინარე იქიდან, რომ შპს ,,ე-–---ს“ სარჩელი ააიპ „თბ--–---------------–-------------ის“ მიმართ დაკმაყოფილდა სრულად, ააიპ „თბ--–---------------–-------------ს“ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 908 ლარის, გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ააიპ „თბ--–---------------–-------------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. შპს „ე-–---ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
4. შპს „ე-–---ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.
5. ააიპ „თბ--–---------------–-------------ს“ შპს „ე-–---ს“ სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული მომსახურეობის ღირებულების 24 615.6 ლარის გადახდა.
6. ააიპ „თბ--–---------------–-------------ს“ შპს „ე-–---ს“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 1752 ლარის გადახდა.
7. ააიპ „თბ--–---------------–-------------ს“, შპს „ე-–---ს“ სასარგებლოდ დაეკისროს საბანკო გარანტიის თანხის - 3917 ლარის ანაზღაურება.
8. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი დარჩეს უცვლელი.
9. ააიპ „თბ--–---------------–-------------ს“, შპს „ე-–---ს“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 1131 ლარის (908 + 223) ლარის ოდენობით.
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.
11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილება გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ბესარიონ ტაბაღუა
მოსამართლეები დიანა ბერეკაშვილი
ქეთევან დუგლაძე