განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330210018002366646
საქმე №2ბ/333-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე - ბესარიონ ტაბაღუა
მოსამართლეები: დიანა ბერეკაშვილი
ქეთევან დუგლაძე
სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე
І აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) - შპს „ე-–---“
წარმომადგენელი - პა------–---–----ე
ІІ აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) - ააიპ „თბ--–---------------–-------------ი“
წარმომადგენელი - გი----------------–-–---–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
І. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
ІІ. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ე-–---ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ააიპ „თბ--–---------------–-------------ს“ მოსარჩელე შპს ,,ე-–---“-ს სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურეობის ღირებულების 16 410.4 ლარის გადახდა. მოპასუხე ააიპ „თბ--–---------------–-------------ს“ მოსარჩელე შპს „ე-–---“-ს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს 1280 ლარის გადახდა. ხოლო სარჩელი საბანკო გარანტიის თანხის 2589 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2017 წლის 17 აგვისტოს ააიპ „თბ--–----------–------------------------------------ო“-ს მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის GEO170000503 საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ „თბ--–---------------–-------------სა“ და შპს „ე-–---“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება.
ხელშეკრულების საგანი იყო სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით. ხელშეკრულების თანახმად, სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 84 873.45 ლარს. ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს 337 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით.
ხელშეკრულების 6.1-6.2 პუნქტების თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი განხორციელდება პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად. ზედამხედველობას განახორციელებს ააიპ „თბ--–---------------–-------------ის“ და ააიპ „თბ--–----------–------------------------------------ო“-ს შესაბამისი სამსახურები.
ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენება გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის - 2589 ლარის ოდენობით.
ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
ამავე ხელშეკრულების 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2.2. 2017 წლის 14 სექტემბერს შპს „ე-–---“ და ააიპ „თბ--–---------------–--------------ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების დანართი №1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად, შპს „ე-–---ს“ მიერ შემსყიდველისათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან ყველის ტექნიკური მახასიათებლები განსაზღვრულია შემდეგნაირად:
- თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული პასტერიზებული რძისგან, ნაკლებად მარილიანი, ქარხნული წარმოების, წათხის რბილი ყველი, არადამახასიათებელი სუნის და გემოს გარეშე. სადაც მშრალი ნივთიერების შემცველობა არა უმცირეს 52%-ისა, მშრალ ნივთიერებაში ცხიმის შემცველობა 40%, მარილი 0.5-1.5%. დაჭრის დროს არ უნდა იფშხვნებოდეს. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიური ელემენტებს. მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით (საქართველოს მთავრობის დადგენილება №152 2015 წლის 3 აპრილი) განსაზღვრულ მოთხოვნებს;
- შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული, ვაკუუმ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
- მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ თვეში ერთხელ წარმოადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები);
- მიწოდებული საქონელის ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის მინიმუმ 40%;
- სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.
2.3. 2017 წლის 14 სექტემბერს შპს „ე-–---“ და ააიპ ,,თბ--–---------------–--------------ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების დანართი №1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად, შპს „ე-–---ს“ მიერ შემსყიდველისათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან კარაქის ტექნიკური მახასიათებლები განსაზღვრულია შემდეგნაირად:
- თითოეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული რძის ნაღებისგან, მცენარეული ცხიმის გარეშე. ქარხნული წესით. ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისათვის. დაჭრის დროს არ უნდა იფშხვნებოდეს. რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%, წლის შემცველობა არაუმეტეს 16%, ხოლო გაუცხიმოებული (მოხდილი) რძის მშრალი ნაშთის შემცველობა არაუმეტეს 2%. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს, მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს (საქართველოს მთავრობის დადგენილება №152 2015 წლის 3 აპრილი);
- შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებულ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
- მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ თვეში ერთხელ წარმოადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები);
- მიწოდებული საქონელის ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 40%;
- სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.
2.4. 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ „თბ--–---------------–-------------სა“ და შპს „ე-–---“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 14 სექტემბერს გაიცა სს „ბაზის ბანკი“-ს საბანკო გარანტია №BB.14.09/55, რომლის თანახმადაც, პრინციპალია შპს „ე-–---“, ბენეფიციარი- ააიპ „თბ--–---------------–-------------ი“, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა განსაზღვრულია 2589 ლარით.
2.5. 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს „ე-–---“-ს მიერ ააიპ „თბ--–---------------–-------------ი“-სათვის 2017 წლის 3 დეკემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით მიწოდებული საქონლის ღირებულება დღგ-ს და აქციზის ჩათვლით შეადგენს 16 410.4 ლარს.
2.6. ქალაქ თბილისის №-------------მა უარი განაცხადა შპს „ე-–------“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2017 წლის დეკემბრის თვის (01 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით) შედარების აქტის შედგენაზე, მიწოდებული პროდუქტების (ყველი, კარაქი) ხელშეკრულებით მოთხოვნილ სავალდებულო პარამეტრებთან შეუსაბამობის გამო.
2.7. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა ქალაქ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში შპს „ე-–---“-ს მიერ შეტანილი ყველის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 დეკემბრის მიმართვის №09/13005 თანახმად, წერილის დანართად წარმოდგენილი სურსათი „იმერული“ არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის ყველის სავალდებულო პარამეტრებს.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.8. შპს „ე-–---ს“ მიერ მოპასუხე სსიპ „თბ--–---------------–-------------თან“ 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, მისთვის მიწოდებული პროდუქტი დასახელებით „იმერული“, სრულად არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველის მახასიათებლებს, ვინაიდან ნაცვლად ნატურალური რძისა იგი დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან.
საქმის მასალებში წარმოდგენილი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 დეკემბრის მიმართვის №09/13005 თანახმად დგინდება, რომ შპს „ე-–---“-ს მიერ მოპასუხე თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებისათვის მიწოდებული სურსათი „იმერული“ არ შეესაბამება ხელშეკრულებით სურსათის ყველის სავალდებულო პარამეტრებს.
ფაქტის დადგენის მიზნით საქმეში წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებთან ერთად სასამართლო უპირველესად ყურადღებას ამახვილებს თავად მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებაზე, რომლის თანახმადაც, იგი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ბაგა-ბაღისათვის მიწოდებული პროდუქტი დასახელებით „იმერული“ სრულად არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით დადგენილ ყველის პროდუქტის მახასიათებლებს, ვინაიდან იგი დამზადებული იყო აღდგენილი რძისაგან.
სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო სამართლის თეორიაში აღიარების განსაკუთრებული მნიშვნელობა განმარტებულია იმგვარად, რომ ფაქტს, რომელსაც უნდა ადასტურებდეს დავის სუბიექტი, ადასტურებს მისი მოწინააღმდეგე მხარე.
შესაბამისად, სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან და მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ მითითებული პოზიციიდან გამომდინარე, დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ე-–---ს“ მიერ მოპასუხე სსიპ „თბ--–---------------–-------------თან“ 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, მისთვის მიწოდებული პროდუქტი დასახელებით „იმერული“, სრულად არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველის მახასიათებლებს, ვინაიდან ნაცვლად ნატურალური რძისა იგი დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან. ამასთან, მიწოდებული პროდუქტის შესაბამისობა ხელშეკრულებით დადგენილ სტანდარტთან შედარებით გამოკვლეულია არა უშუალოდ სურსათის ნიშან-თვისებებით, არამედ ეტიკეტზე არსებული ინფორმაციით.
2.9. საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ შპს „ე-–---ს“ მიერ მოპასუხე სსიპ „თბ--–---------------–-------------თან“ 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, მისთვის მიწოდებული სურსათი - „კარაქი“ დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით შესაბამისობაში არ მოდიოდა ამ პროდუქტისთვის ხელშეკრულებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებთან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს. (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს „მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს“.
შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ- სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო კანონმდებლობიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში თუ მყიდველმა მიიღო ნივთი, როგორც შესრულება, ნივთის ნაკლის მტკიცების ტვირთი, როგორც წესი, მას ეკისრება, იმ შემთხვევაში თუ ის აყენებს შესრულების გამო შესაბამის მოთხოვნას. სამომხმარებლო ურთიერთობაში მტკიცების მიზნებისათვის უნდა ჩაითვალოს, რომ ნივთი რისკის გადაცემის მომენტში არსებობდა, თუ ნაკლის სპეციფიკა საპირისპიროს ვარაუდის საფუძველს არ ქმნის.
საქმის მასალებში წარმოდგენილია წერილობითი დოკუმენტები, რომელთა თანახმადაც, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა ქალაქ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში შპს „ე-–---“-ს მიერ შესატანი კარაქის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 19 დეკემბრის მიმართვის №09/13126 თანახმად, წერილის დანართით წარმოდგენილი სურსათი „კარაქი“-ს ეტიკეტი არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი კარაქის სავალდებულო პარამეტრებს. ამავე წერილში მითითებულია, რომ ,,მწარმოებელმა/დისტრიბუტორმა/რეალიზატორმა უნდა გაითვალისწინოს, რომ კარაქი რძის პროდუქტია, რომელშიც ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია, ხოლო წარმოდგენილ ეტიკეტზე მითითებულია 80% (+/-0,5). ასევე, კარაქის ეტიკეტზე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №441 დადგენილების „სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სავალდებულოა მითითებულ იქნას შემადგენლობა და ენერგეტიკული ღირებულება: ცხიმი, ხილა, ნახშირწყლები.“
შესაბამისად, სასამართლომ მიუთითა, რომ წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტების ერთობლივი ანალიზი ცხადყოფდა, რომ შესწავლილია არა უშუალოდ პროდუქტის მახასიათებლები და მათგან გამომდინარე დარღვევა, არამედ დასკვნები ასახავს პროდუქტის ეტიკეტირების წესის დარღვევას. მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ პროდუქტისთვის აუცილებელ მახასიათებლებზე. აღნიშნულთან მიმართებით მიწოდებული პროდუქტის ნიშან-თვისებების შესწავლის ფაქტი კი საქმის მასალებით არ დასტურდება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი დასკვნების, როგორც წერილობითი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური, შეფასებიდან გამომდინარე არ დასტურდებოდა ის გარემოება, რომ შპს „ე-–---ს“ მიერ მოპასუხე სსიპ „თბ--–---------------–-------------თან“ 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მისთვის მიწოდებული სურსათი - „კარაქი“ დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით შესაბამისობაში არ მოდიოდა ამ პროდუქტისთვის ხელშეკრულებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებთან.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.10. სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილზე რომლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს განმარტებით მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა რეგულირდებოდა სწორედ ნასყიდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმებით, ვინაიდან მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურების გაწევა, ამ მიზნით კი მყიდველისათვის საკვები პროდუქტების მიწოდება.
2.11. სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის მიხედვით, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისგან თავისუფალი ნივთი. 488-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.
სასამართლომ მიუთითა, რომ კანონი არ ავალდებულებდა მყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისთანავე, ნივთი (ნასყიდობის ხელშეკრულების საგნის) დაუყოვნებლივ შეემოწმებინა (იგულისხმება მისი ხარისხისა და მოხმარებისთვის აუცილებელი თვისებები (მახასიათებლები)). მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა უშვებს ამ წესიდან განსხვავებულ რეგულაციას მხოლოდ იმ პირებისათვის, რომლებიც მეწარმეები არიან.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით მისაწოდებელი პროდუქტების - კარაქის და ყველის სავალდებულო დამახასიათებელ პარამეტრებზე. მხარეთა ახსნა-განმარტებების თანახმად, უდავოა შპს „ე-–---ს“ მიერ აღნიშნული პროდუქტების მიწოდების და მოპასუხე თბ--–---------------–-------------ის მიერ მათი მიღების და მოხმარების ფაქტი. მოპასუხე ბაგა-ბაღი სადავოდ არ ხდის მიწოდებული პროდუქტების ხელშეკრულებით განსაზღვრულ მახასიათებლებთან შეუსაბამობის ფაქტს.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ შპს „ე-–---ს“ მიერ მოპასუხე სსიპ „თბ--–---------------–-------------თან“, 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მისთვის მიწოდებული პროდუქტი დასახელებით „იმერული“, სრულად არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველის მახასიათებლებს, ვინაიდან ნაცვლად ნატურალური რძისა იგი დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილებით დამტკიცებული რძისა და ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტაციის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რძე არის სასოფლო-სამურნეო ცხოველის სარძევე ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირების სეკრეციის პროდუქტი, რომელიც მიიღება ლაქტაციის პერიოდში ერთი ან მეტი ცხოველისგან, ერთი ან მეტი წველის შედეგად, რაიმე ნივთიერების დამატების, ან მოცილების გარეშე და გამიზნულია, ადამიანის მოხმარებისათვის სასმელად ან შემდგომი გადამუშავებისათვის. ამავე რეგლამენტის მე-4 მუხლის ,,ჰ 37’’ ქვეპუნქტის თანახმად, ყველი არის რძისგან დამზადებული პროდუქტი, მოწოდებული ან მოუმწიფებელი, ნახევრადმაგარი, მაგარი ან/და ძალიან მაგარი რძის ნაწარმი, დამუშავებული ან დაუმუშავებელი ზედაპირით, რომელშიც შრატის ცილებისა და კაზეინის თანაფარდობა არ აღემატება ანალოგიურ მაჩვენებელს რძეში.
სასამართლოს მითითებით, საქმეზე დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარეობდა, რომ შპს „ე-–---“-ს მიერ მიწოდებული პროდუქტი „იმერული“ არ აკმაყოფილებდა ზემოაღნიშნული რეგლამენტაციით პროდუქტ ყველისათვის აუცილებელ სავალდებულო და ამასთანავე, ხელშეკრულებით განსაზღვრულ მახასიათებლებს. შესაბამისად, შპს „ე-–---ს“ მიერ მისაწოდებელი პროდუქტის - ყველის ნაწილში ვალდებულება შესრულებულია არაჯეროვნად.
სასამართლომ მიუთითა, რომ ვალდებულების დარღვევა, როგორც ასეთი, ფართო ცნებაა, თუმცა, იგი ყოველთვის ხელშეკრულების მიზნიდან, დანიშნულებიდან და შინაარსიდან გამომდინარე უნდა განიმარტოს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას.
მიუხედავად ამ ნაწილში ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისა, რასაც უპირველესად აღიარებდა მოსარჩელე, სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია იმასთან მიმართებით, რომ აღნიშნული მახასიათებელი უშუალოდ პროდუქტის ლაბორატორიული კვლევის გარეშე არ შეიძლება ჩაითვალოს იმგვარ არსებით ნივთობრივ ნაკლად, რომელიც გამორიცხავს მიწოდებული პროდუქტის შესაბამისი ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებას მიმღების მიერ მისი მიღებისა და სრულად გახარჯვის/მოხმარების ფონზე. სასამართლომ ასევე ყურადღებას გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მიმღებ ბაგა-ბაღებს არც მიღებისას, არც პროდუქტის მოხმარებამდე მთელი სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში სადავო არ გაუხდიათ მიწოდებული პროდუქტის ნივთობრივი ხარისხი, მიუხედავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხზე კონტროლის მექანიზმისა და მათ მიერვე აპელირებული მიღებული პროდუქტის მომხმარებელი სპეციფიური სეგმენტისა.
სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა, შპს „ე-–---სათვის“ ყველის მიმწოდებლის შპს „ნა--------–--“-ის განმარტებაზე, რომლის თანახმადაც, პროდუქტის ყველა მიწოდებულ პარტიას ახლდა ლაბორატორიული კვლევის ოქმები, რაც ადასტურებდა პროდუქტის უსაფრთხოებას და საწარმო სტანდარტის შესაბამისობას. ყველა პროდუქტის შესაბამისობის დეკლარაციის შედეგები კი ადასტურებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უვნებლობის პარამეტრებს.
შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მიუხედავად იმ ფაქტობრივი გარემოებისა, რომლითაც დადგენილია მიწოდებული პროდუქტის ყველა მახასიათებლის არარსებობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან მიმართებით, აღნიშნული არ შეიძლება განხილულ იქნეს არსებით ნაკლად, რაც მთლიან შესრულებას გახდიდა ნაკლიანს და გაათავისუფლებდა მოპასუხეს ანაზღაურების ვალდებულებისაგან.
მოპასუხე სადავოდ ხდიდა მიწოდებული პროდუქტის - კარაქის მახასიათებლების შესაბამისობას ხელშეკრულებით დადგენილ სავალდებულო მოთხოვნებთან მიმართებით. თუმცა, საქმის მასალებით არ დადასტურდა ის გარემოება, რომ შპს „ე-–---ს“ მიერ მოპასუხედ დასახელებულ ქალაქ თბილისის №-------------თან 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მისთვის მიწოდებული სურსათი - „კარაქი“ დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით შესაბამისობაში არ მოდიოდა ამ პროდუქტისთვის ხელშეკრულებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებთან, ვინაიდან შესწავლილია მხოლოდ მისი სათანადო ეტიკეტირების დარღვევა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა შპს „ე-–---“-სთვის მოპასუხედ დასახელებული სსიპ „თბ--–---------------–-------------ის“ მიერ მიწოდებული პროდუქტების ღირებულების ანაზღაურების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
2.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულია შემსყიდველის მიერ თანხის გადაუხდელობისას პირგასამტეხლოს დარიცხვის შესაძლებლობა. კერძოდ, ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში. ამავე ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლოს მითითებით, სადავო არაა ის გარემოება, რომ მოპასუხე ბაგა-ბაღის მიერ არ მომხდარა შპს „ე-–---სათვის“ დეკემბრის თვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურება. ამასთანავე, სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა მიწოდებული პროდუქტების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე. შესაბამისად, მოპასუხე ბაგა-ბაღს ასევე უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო მოთხოვნილი ოდენობით, ამასთანავე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა და მიიჩნევს, რომ არ არსებობს მისი შემცირების საფუძველი.
2.13. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.1 პუნქტის თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენება გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის - ოდენობით. ასევე დადგენილია, ის გარემოება, რომ შპს „ე-–---ს“ მიერ ვალდებულების უზრუნველყოფისათვის სს „ბაზის ბანკის“ მიერ გაცემულია საბანკო გარანტია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლით, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა ნებისმიერი საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამავე კოდექსის 880-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას. 881-ე მუხლის თანახმად, კი საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის იგი გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე.
სასამართლომ მიუთითა, რომ საბანკო გარანტია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უზრუნველყოფის საშუალებაა, რომელიც სხვა უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან განსხვავებით, რიგი თავისებურებებით ხასიათდება. საბანკო გარანტიის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, რაც მას უზრუნველყოფის სხვა საშუალებებისაგან გამოარჩევს, არის საბანკო გარანტიის დამოუკიდებლობა ძირითადი ვალდებულებისაგან. საბანკო გარანტიის გაცემისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, პრინციპალსა და გარანტს შორის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ბანკი (გარანტი) ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნისთანავე, ბენეფიციარს უპირობოდ გადაუხდის ფულად თანხას. მიუხედავად საბანკო გარანტიის კანონით გათვალისწინებული დამოუკიდებელი (არააქცესორული) ბუნებისა და მისი დამოუკიდებლობისა ძირითადი ვალდებულებისაგან, მისი გაცემის მართლზომიერად მიჩნევის მიზნებისათვის, აუცილებელია, რომ საბანკო გარანტია აკმაყოფილებდეს ასევე ორ მნიშვნელოვან წინაპირობას, კერძოდ, ბენეფიციარის მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები უნდა შეესაბამებოდეს გარანტიის პირობებს და მისი წარდგენა უნდა მოხდეს მხოლოდ გარანტიით განსაზღვრულ ვადაში.
სასამართლოს განმარტებით, საბანკო გარანტია, მიუხედავად მისი სახისა და დანიშნულებისა, პრინციპალის მიერ ბენეფიციარის წინაშე ნაკისრი სხვადასხვა სახის ვალდებულების ჯეროვანი შესრულების გარანტიას წარმოადგენს. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია შპს „ე-–---“-ს მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი. სასამართლო მიუთითებს, რომ საბანკო გარანტია თავისი მიზნიდან და დანიშნულებიდან გამომდინარე ერთმანეთისგან არ მიჯნავს ვალდებულების არსებით თუ არაარსებით დარღვევას, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს სახელშეკრულებო ღირებულების ანაზღაურებაზე. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებითია ის ფაქტი, რომ თავად მოსარჩელევე აღიარებდა ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას, რაც გამორიცხავდა მოპასუხისათვის გამოყენებული საბანკო გარანტიის თანხის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
І. აპელანტის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1.1. აპელანტი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მის მიერ მოპასუხეებისათვის მიწოდებული პროდუქტი „იმერული“ დამზადებული იყო არა ნატურალური, არამედ აღდგენილი რძისაგან, მაგრამ აპელანტი თვლის, რომ აღნიშნული არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ხსენებული პროდუქტი არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით დადგენილი პროდუქტ ყველის მახასიათებლებს. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება რომლითაც დადასტურდებოდა ის გარემოება, რომ აღნიშნული პროდუქტი თავისი ქიმიური და ორგანოლეპტიკური შემადგენლობით განსხვავდებოდა მოპასუხეებისათვის ხელშეკრულებებით მისაწოდებელი პროდუქტისაგან, რისი გათვალისწინებით სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება აპელანტის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე, აპელანტს მიაჩნია დაუსაბუთებლად.
3.1.2. აპელანტს მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც არ დასტურდება აპელანტის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტი, არ არსებობდა მოპასუხის მხრიდან საბანკო გარანტიის გამოთხოვის სამართლებრივი წინაპირობები. საბანკო გარანტიიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლების არსებობა არ აძლევს ბენეფიციარს უფლებას უპირობოდ აინაზღაუროს თანხა, რადგან მას ამ შემთხვევაში ეკისრება მეორე მხარის ქონებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულების გამოჩენა სკ-ს 316-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.
აპელანტის განმარტებით, თუ დადგენილად იქნება მიჩნეული აპელანტის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი, მოპასუხისათვის საბანკო გარანტიის სრული თანხის გადახდა ეწინააღმდეგება სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპს და იწვევს მის უსაფუძვლო გამდიდრებას. საბანკო გარანტიის არააქცესორული ხასიათი არ ნიშნავს იმას, რომ ბენეფიციარი უფლებამოსილია დაიტოვოს მსგავსი შესრულება. ასეთ შემთხვევაში დგება უსაფუძვლოდ გადახდილის უკან დაბრუნების საკითხი, რომლის მოთხოვნის უფლებაც პრინციპალს გააჩნია სკ-ს 976 „ა“ მუხლის საფუძველზე.
3.1.3. აპელანტის განმარტებით, საქმეზე არსებული მტკიცებულებით, კერძოდ საექსპერტო დასკვნით დასტურდება, რომ 2017 წლის 01 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით მოპასუხისათვის მიწოდებული პროდუქტისა და ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროდუქტი ყველის საბაზრო ფასებს შორის სხვაობა შეადგენს 50.41 ლარს. შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით ამ ოდენობის ზიანის არსებობის შემთხვევაში მოპასუხის მიერ 2589 ლარის შემოსავლის მიღება განხილულ უნდა იქნეს მხარის უსაფუძვლო გამდიდრებად, რისი გათვალისწინებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში უკანონოა და უნდა გაუქმდეს.
ІІ. აპელანტის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.2.1. აპელანტი განმარტავს, რომ გადაწყვეტილების დასაბუთებისას სასამართლოს გამოყენებული აქვს ის სამართლებრივი ნორმები, რომლებიც შემხებლობაში არ არის დავის არსთან და არ აქვს გამოყენებული ისეთი უმნიშვნელოვანესი აქტები, როგორიც არის მაგალითად, კონვენცია ბავშვთა უფლებების შესახებ. გარდა ამისა, სასამართლოს უგულებელყოფილი აქვს მთელი რიგი მტკიცებულებები და სრულიად დაუსაბუთებლად რიგი დოკუმენტაციისთვის მინიჭებული აქვს მტკიცების უპირატესი ძალა.
აპელანტის აზრით, ყოველივე აღნიშნული, ერთობლიობაში ქმნის სრულიად დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას, რაც გარდა კერძო სამართლებრივი ვალდებულებების დარღვევისა, ხელყოფს აპელანტის ინტერესს იმოქმედოს ბავშვების საუკეთესო ინტერესების უზრუნველსაყოფად. თავად სასამართლო კი ხელყოფს აღნიშნულ ინტერესს და უფრო მეტიც, ახალისებს მხოლოდ სამოქალაქო ბრუნვით შენიღბულ ასეთ ქმედებას.
სასამართლომ, სადავო გადაწყვეტილების ფარგლებში არასწორად განმარტა დავის არსი, შესაბამისად, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მას, რის გამოც შეილახა მხარეთა კანონიერი ინტერესები. სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა ორ გარემოებაზე, ერთის მხრივ დაადგინა, რომ ხელშეკრულებასთან შეუსაბამო პროდუქტი აკმაყოფილებდა უვნებლობის პარამეტრებს, ხოლო მეორეს მხრივ, პროდუქტის შეუსაბამობა არ იყო არსებითი ხასიათის.
მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის მითითებით, შპს „ე-–---ა“ და აპელანტს შორის არსებული დავა გამომდინარეობს იმ ფაქტობრივი მოცემულობიდან, რომ შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში გამარჯვებულმა კომპანიამ, მოწინააღმდეგე მხარემ, არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და ყველისა და კარაქის ნაცვლად, სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვებითი მომსახურებისას შემსყიდველს, ანუ აპელანტს მიაწოდა სახელშეკრულებო მოთხოვნებთან შეუსაბამო მახასიათებლების მქონე კარაქისა და ყველის მაგვარი მასა. შესაბამისად, ის მიწოდებული პროდუქტი, რომელიც არ არის ყველი და კარაქი, რომელიც პირდაპირ არღვევს ხელშეკრულების პარამეტრებს, აკმაყოფილებს თუ არა რაიმე სტანდარტს, ეს რა თქმა უნდა მოცემულ დავაში მნიშვნელოვანი საერთოდ არ არის, რადგან ხელშეკრულების შესრულების მიზნებისათვის, სხვა პროდუქტის მიწოდება ითვლება საერთოდ მიუწოდებლობად. თუმცა, თავად ყველისა და კარაქის და იმ პროდუქტის ერთმანეთთან შედარებით, სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების გამოკვების მიზნიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა საუბარია უხარიხსო პროდუქტის მიწოდებაზე, რადგან, ფართო გაგებით უხარისხო გულისხმობს ისეთ პროდუქტს, რომლის გამოყენებითაც ვერ მიიღწევა იგივე შედეგი, რომელსაც მიაღწევდა დაინტერესებული მხარე ხარისხიანი პროდუქტების გამოყენების შემთხვევაში. ამ დავის ფარგლებშიც, რა თქმა უნდა უდავოა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველითა და კარაქით და შპს „ე-–---ს“ მიერ მიწოდებული პროდუქციით მცირეწლოვანი ბავშვის გამოკვება სრულიად განსხვავებული შედეგის მომტანია, თუნდაც მხოლოდ რძის კომპონენტის სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარე. უფრო მეტიც, ამ ერთი კომპონენტის ისეთი მნიშვნელოვანი ხელყოფით, როგორიც განხორციელებულია მოწინააღმდეგე მხარის მიერ, მთლიანად კვების მენიუს ხარისხი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან საკითხი შეეხება მცირეწლოვანი ბავშვების კვების რეჟიმს, რომელიც შესყიდვის ეტაპზე დამუშავებულია სპეციალისტთა მიერ და გამოყვანილია იმ სავალდებულო მოთხოვნების დაცვით, რომელიც აუცილებელია ბავშვის ზრდისა და განვითარებისათვის. შესაბამისად, ნებისმიერი უმნიშვნელო კომპონენტის ცვლილებამაც კი შესაძლოა სრულიად შეცვალოს მენიუს არსი. სწორედ ამ რისკის გამორიცხვას ემსახურება მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების 4.1.5 პუნქტით დადგენილი ვალდებულება, რომ მიმწოდებელმა არ განახორციელოს მენიუში თვითნებური ცვლილებები და ნებისმიერი ცვლილება შეათანხმოს შემსყიდველთან. მოცემულ შემთხვევაში კი, ადგილი აქვს არა რაიმე უმნიშვნელო ცვლილებას, არამედ ორი პროდუქტის პრაქტიკულად სრულად ჩანაცვლებას.
3.2.2. აპელანტს მიაჩნია, რომ სრულიად დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ უშუალოდ პროდუქტის, როგორც საკვები მახასიათებლების განსაზღვრა და მისი ხარისხის შეფასება ჩამოყალიბებული სასარჩელო მოთხოვნებიდან გამომდინარე არ ყოფილა სასამართლო კვლევის საგანი. ეს მსჯელობა ცალსახად ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა დავის არსი. აპელანტის მხრიდან, შპს „ე-–---ს“ მიმართ წარმოშობილ პრეტენზიას საფუძვლად დაედო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დასკვნა ქ. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სკოლამდელი აღსაზრდელებისათვის კვებითი მომსახურების გაწევის პროცესში გამოვლენილი დარღვევების შესახებ. შესამოწმებელი სურსათის ეტიკეტზე დატანილი იყო პროდუქტის შემადგენელი ინგრედიენტების ჩამონათვალი. შესაბამისად, რაიმე დამატებითი კვლევის ჩატარება პროდუქტის შემადგენლობის დასადგენად საჭირო არ გამხდარა. მით უმეტეს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა პოზიციებითაც სადავო არაა ის ფაქტი, რომ ეტიკეტზე აღწერილი შემადგენლობა სრულად შეესაბამებოდა მიწოდებული პროდუქტის რეალურ შემადგენლობას. აღნიშნულ გარემოებას ასევე წერილობით ადასტურებს თავად მწარმოებელი კომპანია „ნა--------–--“, რომელიც განმარტავს, რომ სპს „ე-–---სათვის“ მიწოდებული ე.წ. ყველი წლების განმავლობაში მზადდებოდა რძის ფხვნილისგან - აღდგენილი რძისაგან. თავის მხრივ, პროდუქტის შემადგენლობა რა თქმა უნდა წარმოადგენს საკვების მახასიათებელს. შესაბამისად, აპელანტის აზრით, სრულიად უსაფუძვლოა სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ „უშუალოდ პროდუქტის, როგორც საკვების მახასიათებლების განსაზღვრა და მისი ხარისხის შეფასება“ სასამართლოს კვლევის საგანი არ ყოფილა. კიდევ უფრო უსაფუძვლოა ამ დასკვნის გამოტანა მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს არ განუხორციელებიათ პროდუქტის ვარგისიანობის კუთხით ლაბორატორიული კვლევა და მათი მახასიათებლები შესწავლილია მხოლოდ ეტიკეტზე არსებული მონაცემების ფარგლებში.
აპელანტის განმარტებით, მითითებული მთავრობის დადგენილება პირდაპირ ავალდებულებს მწარმოებელს ეტიკეტზე დაიტანოს პროდუქტის შემადგენლობა. რა უნდა ყოფილიყო ლაბორატორიული კვლევის მიზანი, რომ ეტიკეტში მითითებული აღდგენილი რძის, ანუ რძის ფხვნილის ნაცვლად ნატურალური რძე ხომ არ იყო გამოყენებული. მითუფრო, რომ თავად მწარმოებელი კომპანია ეჭვქვეშ არ აყენებს იმ გარემოებას, რომ სწორედ აღდგენილ რძეზე, ანუ რძის ფხვნილზე მზადდებოდა პროდუქტი, რომელსაც წლების განმავლობაში იყენებდა შპს „ე-–---“ სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების საკვებად. ასეთი მსჯელობით სასამართლო არა მხოლოდ არასწორად აღიქვამს დავის არსს, არამედ ხელყოფს მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპს და მტკიცებულებათა შეფასების სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ სტანდარტს:
დავა მდგომარეობს არა იმაში, რამდენად შეესაბამება პროდუქტის ეტიკეტი ეტიკეტირების მოთხოვნებს, არამედ იმაში, ეტიკეტზე მოცემული ინფორმაცია პროდუქტის შემადგენლობის შესახებ რამდენად შეესაბამება მხარეებს შორის არსებულ სახელშეკრულებო მოთხოვნებს. შესაბამისად, პრობლემა მდგომარეობს არა ეტიკეტირების ტექნიკურ მახასიათებლებში, არამედ პროდუქტის შემადგენლობაში;
მთავრობის №441 დადგენილებით მწარმოებელი ვალდებულია ეტიკეტზე დაიტანოს ნამდვილი და უტყუარი ინფორმაცია პროდუქტის შემადგენლობისა და სხვა მახასიათებლების შესახებ. შესაბამისად, მესამე პირებისათვის და თუნდაც ხელშემკვრელი მხარისათვის, ეტიკეტზე არსებული ინფორმაცია ითვლება ნამდვილად, სანამ საწინააღმდეგო არ დამტკიცდება. შესაბამისად, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მიერ ჩატარებული კვლევისას, ეტიკეტის, როგორც ინფორმაციის წყაროს გამოყენება სრულიად ლეგიტიმური და კანონთან შესაბამისია, სასამართლოს მიერ განსხვავებული მიდგომა და მტკიცების ტვირთის სხვაგვარი გადანაწილება კი ცალსახად კანონსაწინააღმდეგოა. შესაბამისად, ლაბორატორიული კვლევის ჩატარების საჭიროება უნდა დაეყენებინა მოწინააღმდეგე მხარეს და დაემტკიცებინა, რომ ეტიკეტზე არსებული ინფორამცია პროდუქტის შემადგენლობის შესახებ არ იყო ნამდვილი და ხდებოდა ნატურალური რძის გამოყენება, ხოლო ეტიკეტზე მიეთითებოდა, როგორც რძის ფხვნილისგან დამზადებული პროდუქტი.
აღსანიშნავია, რომ სასამართლო განხილვების მიმდინარეობისას მოსარჩელე მხარეს შპს „ე-–---“ არასდროს დაუყენებია ეჭვქვეშ ის გარემოება, რომ მათ მიერ მიწოდებული ყველის მაგვარი მასა წარმოადგენდა აღდგენილ რძეზე დამზადებულ პროდუქტს.
3.2.3. აპელანტის მითითებით, გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული სასამართლომ რატომ არ გაიზიარა სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ 2017 წლის 15 დეკემბრის №ო09/13005 წერილი, სადაც უდავოდ არის დადასტურებული, რომ „სურსათი „იმერული“ არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის ყველის სავალდებულო პარამეტრებს“. ასევე, სასამართლომ არ შეაფასა სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ 2017 წლის 19 დეკემბრის წერილი #09/13126, რომელშიც სააგენტომ იმსჯელა ეტიკეტზე აღწერილ ინფორმაციაზე და დაადგინა, რომ კარაქის ეტიკეტი არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით მოთხოვნილ სავალდებულო პარამეტრებს. ხელშეკრულებით კი მოთხოვნილი იყო არა ეტიკეტზე დასატანი ინფორმაცია, ანდა ეტიკეტთან დაკავშირებული რაიმე საკითხი, არამედ პროდუქტის მახასიათებლები, რომელთა შესახებ ინფორმაციაც დაიტანება ეტიკეტზე საქართველოს მთავრობის #441 დადგენილების შესაბამისად. ეს სამართლებრივი მოცემულობა კი ცალსახად ადასტურებს, რომ გასაჩირებული გადაწყვეტილება, გასაჩივრებულ ნაწილში, არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მტკიცების სტანდარტებს.
3.2.4. აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ არათუ იმსჯელა ბავშვების საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, არამედ, წაახალისა ის ხელყოფა, რომელიც განხორციელდა მოცემულ შემთხვევაში და მსჯელობა დაიყვანა მხოლოდ ეტიკეტირების პრობლემამდე, რომელიც მოცემულ შემთხვევაში, არც არსებობდა. რეალურად, მიწოდების ნაკლი მდგომარეობდა იმ პროდუქტის შემადგენლობაში, რომელიც საკვებად მიეწოდათ ბავშვებს. მოწინააღმდეგე მხარე აპელირებს და სასამართლო სრული საკანონმდებლო პრინციპების დარღვევით იზიარებს იმ სჯელობას, რომ „იმერულის“ და არასათანადო შემადგენლობის კარაქი მოწმდებოდა შესაბამისი წესით და დადგენილი იყო მათი საკვებად ვარგისიანობის საკითხი. თუმცა ეს არ გულისხმობს რომ იგი ვარგისი, უსაფრთხო და სარგებლის მომტანი იყო ბავშვების ჯანმრთელობისათვის, ან სხვა პროდუქტთან ერთად მათი მიღება იგივე შედეგის მომტანი იყო, რომელ შედეგზეც ორიენტირებული იყო კვების მენიუ ერთიანობაში. სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული კონკრეტული მახასიათებლის კარაქისა და ყველის შეძენა მოთხოვნილი იყო სპეციალისტთა მიერ, ბავშვების ჯანმრთელობაზე გავლენის და ბავშვთა საუკეთესო ინტერესის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, წინასწარ რომ სცოდნოდა შემსყიდველს პროდუქტების ჩანაცვლების თაობაზე, სადავო ხელშეკრულება არ დაიდებოდა. ამ კუთხით, ხელშეკრულების მიზნისა და ინტერესის მნიშვნელოვანი, ნაკლიანი ნივთის მიწოდების შედეგზე მთლიანი ხელშეკრულების მიმართ არსებული ინტერესის ჭრილში სასამართლოს მსჯელობა საერთოდ არ აქვს მოცემული სადავო გადაწყვეტილებაში.
აპელანტის მითითებით, ზემოთ აღნიშნული გარემოებებისა და საკანონმდებლო ვალდებულებების/მოცემულობის გაუთვალისწინებლობამ განაპირობა ის გარემოებაც, რომ არ მოხდა აპელანტისათვის მოწინააღმდეგე მხარის მიერ მიყენებული ზიანის სწორი შეფასება და შედეგად, შესაბამისი საფუძვლების არსებობის მიუხედავად, შეგებებულ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სასამართლომ მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება.
3.2.5. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ შპს „ე-–------“ ანგარიშსწორების შეყოვნება განაპირობა ორმა გარემოებამ: 1. შესრულების ნაკლის აღმოჩენამ და 2. დათვლილი ზიანისა და გადასახდელი თანხის პროპორციამ. აპელანტი აღიარებს, რომ გარდა კარაქისა და ყველის ღირებულებისა, დანარჩენ ნაწილში წარმოიშვა გადახდის ვალდებულება, თუმცა აღნიშნული ბევრად ნაკლები იყო შპს „ე-–---ს“ მიერ უსაფუძვლოდ მიღებული ანაზღაურებაზე. შესაბამისად, წარმოიშვა გაქვითვის უფლება და სამართლებრივი მოცემულობა. ეს კი გამორიცხავს მხარისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1. სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს მათზე (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 2.1. – 2.7. პუნქტები).
4.2. უდავოა, რომ სს „ბაზისბანკმა“ ააიპ „თბ--–---------------–-------------ს“ გადაურიცხა საგარანტიო თანხა 2589 ლარი (ტ. І, ს.ფ. 64-65).
4.3. ასევე უდავოა, რომ მიწოდებული პროდუქცია (ყველი და კარაქი) შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უვნებლობის პარამეტრებს.
4.4. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შპს „ე-–---ს“ მიერ მოპასუხე სსიპ „თბ--–---------------–-------------თან“ 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, მისთვის მიწოდებული პროდუქტი ყველი „იმერული“ სრულად არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველის მახასიათებლებს, ვინაიდან ნაცვლად პასტერიზებული რძისა, ის დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ შპს „ე-–---ს“ მიერ სსიპ „თბ--–---------------–-------------ისთვის“ მიწოდებული ყველი „იმერული“ დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების მიხედვით კი, კომპანიას ბაღისთვის უნდა მიეწოდებინა პასტერიზებული რძისგან დამზადებული ყველი.
„რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილების მე-4 პუქნტის „დ“ ქევეპუნქტის თანახმად, აღდგენილი რძის ნაწარმს წარმოადგენს რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის მშრალ ან შესქელებულ/კონცენტირებულ ნაწარმზე იმ რაოდენობის წყლის დამატებით, რომ მასში აღდგენილ იქნეს რძის ნაწარმისთვის დეკლარირებული სტანდარტით დადგენილი, დამახასიათებელი სინესტისა და მშრალი ნივთიერების მასური წილის შესაბამისი თანაფარდობა. ამავე პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მშრალი რძე (რძის ფხვნილი) არის რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის ნაწილობრივ გაუწყლოებით. იმავე პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პასტერიზებულ რძეს (მაღალი ტემპერატურით დამუშავებული) წარმოადგენს უვნებლობის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების დადგენილი მოთხოვნების დაცვის მიზნით, თერმულად (თბურად) დამუშავებული სასმელი რძე. მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სასმელი რძე არის რძე, რომელიც გამიზნულია ადამიანის მიერ უშუალოდ მოხმარებისათვის, შემდგომი გადამუშავების გარეშე.
ამდენად, მითითებული დებულებების შესაბამისად, აღდგენილი და პასტერიზებული რძე განსხვავებული რძის პროდუქტებია, შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, კომპანიის მხრიდან ბაგა-ბაღისთვის აღდგენილი რძისგან დამზადებული ყველი „იმერულის“ მიწოდება ნივთობრივი ნაკლის მქონე შესრულებას წარმოადგენს.
4.5. სააპელაციო პალატა არ იზიარებს მე-2 აპელანტის პრეტენზიას, რომ კომპანიის მხრიდან ბაგა-ბაღისთვის მიწოდებული კარაქიც ნივთობრივი ნაკლის მქონეა.
უდავოა, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით კომპანიას ბაგა-ბაღისთვის უნდა მიეწოდებინა კარაქი, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია. ასევე უდავოა, რომ კომპანიის მიერ ბაგა-ბაღისთვის მიწოდებული კარაქის ეტიკეტზე ცხიმის შემცველობად მითითებულია 80% (+/-0,5). სააპელაციო პალატა იზიარებს მე-2 აპელანტის მოსაზრებას, რომ საწიანააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში, ივარაუდება, რომ პროდუქტის თვისებები შესაბამისობაშია მის ეტიკეტზე დატანილ მხასიათებლებთან.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის სათანადო მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ კომპანიის მიერ ბაღისთვის მიწოდებულ კარაქში ცხიმის შემცველობა 80%-ზე ნაკლებია, შესაბამისად, სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ კარაქის მიწოდების ნაწილში კომპანიამ სახელშეკრულებო ვალდებულება შეასრულა პირნათლად.
4.6. პალატა აღნიშნავს, რომ ნასყიდობის საფასურის, პირგასამტეხლოსა და უსაფუძვლოდ მიღებული საბანკო გარანტიის თანხის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნების სამართლებრივ საფუძველს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477.2, 417-ე და 991-ე მუხლები წარმოადგენს.
საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ კომპანიამ ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში ბაგა-ბაღს მიაწოდა შეთანხმებული საქონელი, ამ უკანასკნელს კი, შეთანხმებული ფასი არ გადაუხდია.
საქართველო სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის მიხედვით, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისგან თავისუფალი ნივთი, ამავე კოდექსის 488-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ კომპანიის მიერ ბაღისთვის მიწოდებული პროდუქტი ყველი „იმერული“ ნივთობრივი ნაკლის მქონე იყო.
სამოქალაქო კოდექსის 490-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში. ამავე კოდექსის 491-ე მუხლის მიხედვით, მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა. ასეთ შემთხვევაში გამყიდველმა უნდა აუნაზღაუროს მყიდველს გაწეული დანახარჯები. იმავე კოდექსის 492-ე მუხლის თანახმად, თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებული ფასი.
მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ ბაგა-ბაღმა კომპანიის მიერ მიწოდებული ნივთობრივი ნაკლის მქონე ყველი „იმერული“ მიიღო და დანიშნულებით გამოიყენა. ასევე, უდავოა, რომ ბაგა-ბაღს კომპანიისთვის არც ნაკლის გამოსწორება (ნაკლიანი პროდუქტის შეცვლა) და არც ამ მიზეზით ხელშეკრულების მოშლა მოუთხოვია.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ კომპანიის მიერ ბაგა-ბაღისთვის მიწოდებული ნაკლიანი ყველის ღირებულება 50.41 ლარით ნაკლებია ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე (იხ. ტ. І, ს.ფ. 378-382).
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მიწოდებული ნაკლიანი პროდუქტის ფასი ექვემდებარება შემცირებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქტის ღირებულებასა და მიწოდებული ნაკლიანი პროდუქტის ღირებულებას შორის სხვაობით, შესაბამისად, ბაგა-ბაღს კომპანიის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მიწოდებული პროდუქციის ღირებულება 16 359.99 (16410.4 -50.41) ლარის ოდენობით.
4.7. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბაგა-ბაღს მართებულად დაეკისრა კომპანიის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს გადახდა 1280 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
2017 წლის 14 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში. ამავე ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში კონკრეტულ გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე - კრედიტორის ეკონომიური ინტერესი.
პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას, როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრული და სამართლიანია ვალდებულების დარღვევის მოცულობასთან და ვადაგადაცილების ხანგრძლივობასთან მიმართებით, შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, ბაგა-ბაღს მართებულად დაეკისრა კომპანიის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს - 1280 ლარის გადახდა.
4.8. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ სს „ბაზის ბანკის“ მიერ შპს „ე-–---ს“ სახელშეკრულებო ვალდებულების (პროდუქციის მიწოდების) უზრუნველყოფის მიზნით გაცემული იყო საბანკო გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 3%-ის ოდენობით. ასევე უდავოა, რომ ბაგა-ბაღის მოთხოვნის შესაბამისად, სს „ბაზის ბანკმა“ ბაღს გადაურიცხა საგარანტიო თანხა 2589 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლით, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა ნებისმიერი საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამავე კოდექსის 880-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას.
პალატა განმარტავს, რომ საბანკო გარანტია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უზრუნველყოფის საშუალებაა, რომელიც გადაიხდება როგორც კომპენსაცია ძირითადი კონტრაქტის შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისას.
პალატის მოსაზრებით განსახილველ შემთხვევაში ბაღის სასარგებლოდ გაცემული საბანკო გარანტია წარმოადგენდა სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების გარანტიას.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ შესრულების გარანტიის (საბანკო გარანტიის ერთერთი სახე) მთავარ მიზანს შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსირება წარმოადგენს. მსგავსი გარანტია ემსახურება დამკვეთის მხრიდან საკონტრაქტო ფასის შესაბამისი სრული მომსახურების მიღებას და იმ დანაკარგის კომპენსაციას, რაც შეიძლება წარმოიშვას კონტრაქტის არასათანადო შესრულებით, ის ასევე ფარავს იმ რისკს, რაც დაკავშირებულია მიწოდებულ პროდუქციაში დეფექტების აღმოჩენასთან. ამდენად, შესრულების საბანკო გარანტია წარმოადგენს არასათანადო შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მაკომპენსირებელ საშუალებას და მისი ჯარიმის-სანქციის ფორმით გამოყენება საბანკო გარანტიის მიზანთან მოდის წინააღმდეგობაში.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში კომპანიის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შედეგად ბაღს რაიმე ზიანი არ მისდგომია. საქმეში აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ მოიპოვება. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ბაგა-ბაღი მიღებული საგარანტიო თანხით, კომპანიის მხრიდან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსირებას ვერ მოახდენდა ზიანის არარსებობის გამო.
საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 991-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საგარანტიო თანხის მიღებით ბაგა-ბაღი უსაფუძვლოდ გამდიდრდა, ვინაიდან პრინციპალის მხრიდან ძირითადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით მას რაიმე ფინანსური ზიანი არ განუცდია. რაც შეეხება კომპანია, მას გარანტის მიმართ წარმოეშვა ბენეფიციარისთვის გადახდილი საგარანტიო თანხის ანაზღაურების ვალდებულება. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით ბაღი 2589 ლარით უსაფუძვლოდ გამდიდრდა კომპანიის ხარჯზე, შესაბამისად, ბაგა-ბაღს უნდა დაეკისროს ხსენებული თანხის პრინციპალისთვის დაბრუნების ვალდებულება.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ამდენად, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ შპს ,,ე-–---ს“ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ააიპ „თბ--–---------------–-------------ის“ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება შპს „ე-–---ს“ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.
გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ე-–---ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა სრულად, სარჩელი კი ნაწილობრივ, ხოლო ააიპ „თბ--–---------------–-------------ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამ უკანასკნელს შპს „ე-–---ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილობრივი ანაზღაურება 755 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ე-–---ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ააიპ „თბ--–---------------–-------------ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
4. შპს „ე-–---ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. ააიპ „თბ--–---------------–-------------ს“ შპს „ე-–---“-ს სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული მომსახურეობის ღირებულების 16 359.99 ლარის გადახდა.
6. ააიპ „თბ--–---------------–-------------ს“ შპს „ე-–---“-ს სასარგებლოდ დაეკისროს საბანკო გარანტიის თანხის 2589 ლარის ანაზღაურება.
7. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2. პუნქტი დარჩეს უცვლელი.
8. ააიპ „თბ--–---------------–-------------ს“, შპს „ე-–---ს“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება 755 ლარის ოდენობით.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილება გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ბესარიონ ტაბაღუა
მოსამართლეები დიანა ბერეკაშვილი
ქეთევან დუგლაძე