განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141319700080461
საქმე №1/აგ-59-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
02 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მზია ლომთათიძე
მოსამართლეები: მარინა ხოლოაშვილი
გერონტი კახეთელიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლე------------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 01 აპრილის განაჩენით:
ლე------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 (ხუთი) წელი;
მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
ლე------------ეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საექიმო საქმიანობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 22 თებერვლის განჩინებით, მსჯავრდებულ ლე------------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 1 აპრილის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, დაუშვებლად იქნა ცნობილი.
გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 დეკემბრის განაჩენით:
ლე------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 01 აპრილის განაჩენით ლე------------ის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელის - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ლე------------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე და 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად, ლე------------ეს დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 70 (სამოცდაათი) საათის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით, მსჯავრდებულ ლე------------ის მიმართ გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობით გამოსაცდელი ვადა გაუგრძელდა 2 (ორი) თვის ვადით.
2019 წლის 16 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ლე------------ემ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 აპრილის განაჩენის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლთან და შესაბამისი კანონიერი და სამართლიანი სასჯელის დანიშვნა.
სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ლე------------ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.
მოცემულ შემთხვევაში ლე------------ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 01 აპრილის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) _ დიდი ოდენობით (223,79 გრამი) ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვისათვის, რომლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებდა მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე და შესაბამისად, აღნიშნული დანაშაული მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში 2015 წლის 8 ივლისის კანონით შეტანილი ცვლილებით, რომელიც ამოქმედდა 2015 წლის 31 ივლისს, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისათვის პასუხისმგებლობა გათვალისწინებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით, რისთვისაც სასჯელის სახით დაწესდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ხუთიდან რვა წლამდე და ეს დანაშაული გახდა მძიმე კატეგორიის.
2017 წლის 28 ივლისიდან მოქმედი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონის პირველი მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა 2731-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის, გასაღების ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისათვის. აღნიშნული ცვლილების მიხედვით, დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რომლის სანქციაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან/და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით სამასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე და შესაბამისად, დღეს მოქმედი რედაქციით აღნიშნული დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას.
ამდენად, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი ამსუბუქებს მსჯავრდებულ ლე------------ის სამართლებრივ მდგომარეობას, რის გამოც მისი ქმედება შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ახალ კანონთან და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილზე. რაც შეეხება სასჯელს, ლე------------ეს ძირითადი სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილის სანქციის ფარგლებში. აქედან გამომდინარე, შესაბამისი ცვლილებები უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 01 აპრილისა და გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 დეკემბრის განაჩენებში.
ამასთან მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 დეკემბრის განაჩენით ლე------------ეს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლის 01 აპრილს, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისათვის ლე------------ეს 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 2015 წლის 11 მაისს /პირობითი მსჯავრის ქვეს მყოფი/ მართავდა ავტომობილს. მისი ქმედების სისხლის სამართლის კოდექსის ახალ რედაქციასთან შესაბამისობაში მოყვანისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილის სანქციის ფარგლებში სასჯელის განსაზღვრის შემთხვევაშიც, ლე------------ე იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ლე------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 01 აპრილისა და გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 დეკემბრის განაჩენებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულ ლე------------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნული სასჯელი ნაწილობრივ დაემატოს გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულ სასჯელს (ამჟამად მოქმედი რედაქცია) თავისუფლების აღკვეთას 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობითად და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლე------------ეს სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
ლე------------ეს დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2016 წლის 15 დეკემბრიდან.
გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 დეკემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით, მსჯავრდებულ ლე------------ის მიმართ გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობით გამოსაცდელი ვადა გაუგრძელდა 2 (ორი) თვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: მ. ლომთათიძე
მოსამართლეები: მ. ხოლოაშვილი
გ. კახეთელიძე