განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100116001612115
საქმე №1ბ/1679-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,პროკურორ - სა-–----------–---–ის
ადვოკატ - მა-------------–-ას
გამართლებულ - კო---------------------ის
მონაწილეობით,ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ სა-–----------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
კო---------------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თბილისი, კ-----------------–-----------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 07 ნოემბრის განაჩენით კო---------------------ე გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, კო---------------------ეს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.
კოსნტანტინე ეძგვერაძის მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის თებერვლის თვიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით, მა--------------–---–ის მიმართ მისი მეუღლე პოლიციის ზემდეგი კო---------------------ე, როგორც მათი ერთად თანაცხოვრების პერიოდში, ისე მა--------------–---–ის სახლიდან წამოსვლის შემდეგ, 2016 წლის ივნისის თვიდან ახორციელებდა სისტემატურ შეურაცხყოფას, რაც გამოიხატებოდა გინებასა და ლანძღვაში. ამცირებდა მას სხვადასხვა ღირსების შემლახავი უშვერი სიტყვებით, აშანტაჟებდა და ემუქრებოდა, რომ გამოაშვებინებდა სამსახურიდან და შეუქმნიდა ძალიან ბევრ პრობლემას. მისივე ოჯახის წევრების თანდასწრებით მიაყენებდა შეურაცხყოფას და დაამცირებდა. 2016 წლის 25 ოქტომბერს, დაახლოებით 09:30 საათზე, ,--------- ამბოლატორიული კლინიკის ავტოსადგომზე, მდებარე ქ. თბილისში, ა-----–-------–---------ში, კო---------------------ე დახვდა მა--------------–---–ს, არ მისცა მას ავტომობილიდან გადმოსვლის საშუალება და ყელის არეში ხელის წაჭერით მიაყენა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
აღნიშნული ქმედებისათვის კო---------------------ეს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით ვერ იქნა უტყუარად დადასტურებული კო---------------------ის მიერ მეუღლის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციით განხორციელებული ქმედება.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სა-–----------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და კო---------------------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგი საფუძვლებით:
აპელანტის განმარტებით, ოჯახური დანაშაული, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, როგორც წესი, არ არის საჯარო და არ გამოირჩევა თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლით; შესაბამისად, ასეთი კატეგორიის საქმეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებულის ჩვენების თანამიმდევრულობა, შესაბამისობა სხვა მტკიცებულებებთან და ისეთი მოტივის არარსებობა, რამაც სასამართლოს შესაძლოა აფიქრებინოს დაზარალებულის მიკერძოებულობა ბრალდებულის საწინააღმდეგოდ. მოცემული საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ დანაშაულებრივი ქმედება განხორციელდა დილით, ხალხმრავალ ადგილზე, სადაც შეიძლება მართლაც ყოფილიყო ისეთი ადამიანი, რომელიც დაინახავდა კო---------------------ის მიერ მა--------------–---–ზე განხორციელებული ძალადობის ფაქტს, თუმცა რიგითი გამვლელის არსებობის შემთხვევაში, მისი მოწმის სახით წარმოდგენა ობიექტურად შეუძლებელი იქნებოდა. ამის საპირისპიროდ, საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა რამდენიმე ადამიანმა დაადასტურა მა--------------–---–ის აღელვებული მდგომარეობა და მის მიერ მათთვის მოყოლილი ძალადობის ფაქტი. აპელანტის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ ფაქტის შემსწრე პირი, რომელიც დაადასტურებდა კო---------------------ის მიერ მა--------------–---–ზე განხორციელებული ძალადობის ფაქტს და მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით არ დადასტურდა მა--------------–---–ის სხეულზე რაიმე სახის დაზიანების არსებობის ფაქტი, სასამართლოს წინაშე მოწმის სახით დაკითხულმა ეკ---------–--ემ და ნა----------–---–მა დაადასტურეს, რომ შემთხვევის დღეს მა--------------–---–ს ყელი ჰქონდა გაწითლებული, რაც განპირობებული იყო იმით, რომ მა--------------–---–ის ყოფილმა მეუღლემ - კო---------------------ემ მას დახრჩობის მიზნით კისერში მოუჭირა ხელები, ხოლო ნა----------–---–მა განმარტა, რომ აღელვებულ მდგომარეობაში მყოფი მა--------------–---–ი შემთხვევის დღეს გაათავისუფლა სამსახურიდან პოლიციაში წასვლის მიზნით, თუმცა მეორე დღეს ნახა, მა-----ს ყელზე არსებული დაზიანება, რომელიც იყო მოლურჯო-მოწითალო ფერის. ამასთან, არც თავად კო---------------------ემ უარყო მა--------------–---–ისათვის ყელის არეში ხელის მოკიდების ფაქტი. ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ აღნიშნული ორი მოწმის ჩვენება არ უნდა დარჩეს შეფასების გარეშე და დაზარალებულს არ უნდა უტოვებდეს დაუცველობის განცდას, რომ მხოლოდ იმის გამო რჩება პიროვნება დაუსჯელი, რომ ჯანმრთელობის უფრო მძიმე ხარისხის დაზიანება არ მიაყენა და სხეულზე არსებულმა სიწითლემ და ჩალურჯებამ ექსპერტიზის ჩატარებამდე გადაუარა დაზარალებულს.
აპელანტის მითითებით, რაც შეეხება მა--------------–---–ის მიმართ კო---------------------ის მიერ განხორციელებულ სისტემატურ ფსიქოლოგიურ ძალადობას, იგი დადასტურებულია თავად მა--------------–---–ის ჩვენებით, არასრულწლოვან ლუ------------ის ჩვენებით, რომელიც უდავო მტკიცებულებად იქნა მიჩნეული. ლუ------------ემ გამოკითხვის ოქმში დეტალურად აღწერა მამის მიერ დედის მისამართით სისტემატურად განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტები, რაც გამოიხატებოდა გინებაში. ლუ------------ემ, მართალია, დაადასტურა, რომ მამის მხრიდან დედის მისამართით ხელის დარტყმას ადგილი არ ჰქონია, თუმცა ნათლად და მკაფიოდ შეუძლია გაიხსენოს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების მომენტები, როგორც პირისპირ, ასევე მობილური ტელეფონის მეშვეობით, რომელიც ხშირ შემთხვევაში საუბრის მომენტში გადაყვანილი იყო ხმამაღლა საუბრის რეჟიმში და გარშემო ყოფთ შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ საუბრის შინაარსი. აპელანტის აზრით, სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობა დადასტურებულია ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, სადაც ტექსტობრივადაა გაშიფრული კო---------------------ისა და მა--------------–---–ის საუბრების შინაარსები, რომლებშიც უტყუარად იკითხება მა--------------–---–ის მისამართით კო---------------------ის მიერ ნათქვამი არაერთი უცენზურო და დამამცირებელი სიტყვა.
ამდენად, ბრალდების მხარის მითითებით, მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, უტყუარად დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებების, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა გამოკვლევის, ანალიზის, შეფასების, ურთიერთშეჯერების შედეგად, გონივრულ ეჭვს მიღმა დგინდება, რომ კო---------------------ემ ჩაიდინა მასზე ბრალად შერაცხული ქმედება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო გამართლებულმა კო---------------------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მა-------------–-ამ მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, გააანალიზა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და გასაჩივრებული განაჩენის კანონიერება, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატის აზრით, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა სააპელაციო პალატას კო---------------------ის მიერ მა--------------–---–ის მიმართ ძალადობის ჩადენაში. კერძოდ:
დაზარალებულ მა--------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2006 წლიდან იმყოფება ქორწინებაში კო---------------------ესთან და ჰყავთ ერთი საერთო შვილი - 8 წლის ლუ------------ე. 4 წლის წინ დაიწყო დაძაბულობა, ბოლო პერიოდში აყენებდა შეურაცხყოფას და ეუბნებოდა, რომ წასულიყო სახლიდან. შვილთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა მშობლების სახლში. ზემოაღნიშნულის მიუხედავად ბრალდებული ურეკავდა, აყენებდა შეურაცხყოფას და ემუქრებოდა. 2016 წლის 25 ოქტომბერს დილით, კო---------------------ემ დაურეკა ლ----ს, სთხოვა აეწია ტელეფონის ხმისათვის, რომ მასაც გაეგო ლანძღვა. იმავე დღეს დილის საათებში, ბრალდებული მას შეხვდა ა-----–-------–---------ში მდებარე ,--------- ამბულატორიული კლინიკის ავტოსადგომზე და როცა აპირებდა მანქანიდან გადმოსვლას, მეუღლემ მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ფეხი მოაყოლა მანქანის კარებსა და ძარას შორის, ორივე ხელი მოუჭირა ყელში, მერე გაუშვა და კარები მიუჯახუნა, თან ღრიალებდა და იგინებოდა. მომხდარი ფაქტი მოუყვა თანამშრომლებს, ანახა მიღებული დაზიანება და ხელმძღვანელს სთხოვა გაეთავისუფლებინა სამუშაოდან, რომ პოლიციისათვის მიემართა.
დაზარალებულის ჩვენება იმ ნაწილში, რომ მან თავის თანამშრომლებს აცნობა მომხდარის შესახებ, დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხვისას ეკ---------–--ემ და ნო----------–---–მა, კერძოდ:
მოწმე ეკ---------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის ოქტომბრის თვეში მუშაობდა კლინიკა „-----–-- კაბინეტის მედდის პოზიციაზე. 25 ოქტომბერს, როცა მივიდა სამსახურში ნახა აღელვებული მა--------------–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ დილით ყოფილმა მეუღლემ ყელში წაუჭირა ხელები და ახრჩობდა. მანვე აჩვენა ყელზე გაწითლებული ადგილი და უთხრა, რომ მიდიოდა სარჩელის შესატანად.
მოწმე ნო----------–---–ის ჩვენებით, 2016 წლის ოქტომბერში მუშაობდა კლინიკა ,------–-- და იყო მა--------------–---–ის უშუალო ხელმძღვანელი. 25 ოქტომბერს მასთან მივიდა მა----- და უთხრა, რომ კონფლიქტი ჰქონდა ყოფილ მეუღლესთან და ყელში მოუჭირა ხელი, ის ძალიან აღშფოთებული იყო და ამბობდა, რომ საჩივარი უნდა შეეტანა. იმ დღეს მან გაანთავისუფლა მისივე თხოვნით სამსახურიდან, რადგან აპირებდა პოლიციაში განცხადების შეტანას და მეორე დღეს თავად უთხრა ეჩვენებინა დაზიანება. ნო----------–---–მა განმარტა, რომ მა--------------–---–ს ყელის არეში ჰქონდა დაზიანება რომელიც იყო მოლურჯო-მოწითალო ფერის. უშუალოდ რა გარემოების გამო ჰქონდა დაზარალებულს უკმაყოფილება მეუღლესთან მისთვის უცნობია.
აპელანტი მიუთითებს, რომ მართალია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით არ დადასტურდა მა--------------–---–ის სხეულზე რაიმე სახის დაზიანების არსებობის ფაქტი, მაგრამ სასამართლოს წინაშე მოწმის სახით დაკითხულმა ეკ---------–--ემ და ნა----------–---–მა დაადასტურეს, რომ შემთხვევის დღეს მა--------------–---–ს ყელი ჰქონდა გაწითლებული, რაც სასამართლოს მიერ შეფასების გარეშე არ უნდა დარჩენოდა.
აპელანტის აღნიშნულ მოსაზრებასთან დაკავშირებით პალატა ითვალისწინებს შემდეგს:
აღნიშნული მოწმეები არ არიან ფაქტის უშუალო თვითმხილველნი, ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ მოწმე ნო----------–---–ის განმარტებით, მან შემთხვევის მეორე დღეს, 26 ოქტომბერს ნახა, მა--------------–---–ს ყელის არეში ჰქონდა დაზიანება რომელიც იყო მოლურჯო-მოწითალო ფერის. მაშინ როცა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, მოქალაქე მა--------------–---–ს 26.10.16 წელს პირადი შემოწმების მომენტისათვის სხეულზე რაიმე ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა, მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ელ----------–--ემ და დამატებით განმარტა, რომ მა--------------–---–ი უჩიოდა ყელის მიდამოში ტკივილს. მან ასევე აღნიშნა, რომ 2016 წლის 26 ოქტომბერს, ამბულატორიული წესით პირადად მის მიერ იქნა დათვალიერებული და შემოწმებული დაზარალებული, რომელსაც დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები სხეულზე არ აღენიშნებოდა. მისივე განმარტებით, თუ იქნებოდა დაზიანება სხეულზე სისხლნაჟღენთის ან ნაჭდევის სახით, ის აუცილებლად დარჩებოდა, არ გაქრებოდა ერთ დღეში და მის მიერ არსებული დაზიანება აუცილებლად იქნებოდა მითითებული კვლევაში.
აპელანტი ასევე აპელირებს არასრულწლოვან ლუ------------ის გამოკითხვის ოქმზე, რომელიც უდავო მტკიცებულებად იქნა მიჩნეული.
პალატა ითვალისწინებს, რომ არასრულწლოვანი მოწმე მართალია ზოგადად ადასტურებს მის მშობლებს შორის არსებული კონფლიქტის ფაქტი, თუმცა აღნიშნავს, რომ მამას დედასათვის ხელი არ დაურტყამს და მხოლოდ ხანდახან აგინებდა, კერძოდ:
მოწმის გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ ის არის შვიდი წლის. ცხოვრობს დედასთან, ბებიასთან, ბიძასთან და ბიცოლასთან ს------–------–---–ში. მამა - კ--------------ძე ყოველ პარასკევს აკითხავს მას, მიჰყავს თბილისში და კვირას უკან აბრუნებს. კ----- ყოველთვის ეკითხება, თუ როგორ იქცევა თავად, ასევე, როგორ ექცევიან მას და რას აჭმევენ. როცა ერთად ცხოვრობდნენ მამას დედასათვის ხელი არ დაურტყამს და მხოლოდ ხანდახან აგინებდა. როცა ეკითხებოდა, თუ რის გამო აგინებდა დედას, მამა პასუხობდა, რომ დედობა უნდა ჩამოვართვა, სულ სამსახურშია და ბავშვის მოვლა არ უნდაო. 25 ოქტომბერს, დილით როცა სკოლაში წასასვლელად ემზადებოდა, დაურეკა კ-----მ და უთხრა, მიეცა ტელეფონი მა-----სათვის. როცა მშობლებმა საუბარი დაამთავრეს, მან თავად დაურეკა მამას და ჰკითხა თუ რა უნდოდა. კ-----მ უპასუხა, რომ დედამისს ნახავდა და მასზე ისეთ რამეებს იტყოდა, რომ სამსახურს დააკარგვინებდა.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ თავად დაზარალებულმა მა--------------–---–მა არ დაადასტურა იმ დღეს მეუღლესთან საუბრის ფაქტი და განმარტა, რომ ნახა მის შვილს ტელეფონი ეჭირა, მისი ყოფილი მეუღლე კი ხმამაღლა ლაპარაკობდა, მაგრამ ვინაიდან სამსახურში ეჩქარებოდა შვილს აკოცა და წავიდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით ასევე დაიკითხა, დაზარალებულის დედა ნ-------------–--ლი, რომელიც ასევე არ არის ფაქტის თვითმხილველი და მხოლოდ შვილისგან იცის გადმოცემით, რომ ყოფილი მეუღლე მა-----ს სამსახურთან დახვდა, ხელი ყელში წაუჭირა და ახრჩობდა. ცოლ-ქმარს შორის არსებულ ურთიერთობაზე კი მოწმემ განმარტა, რომ მას ჰქონდა კარგი ურთიერთობა სიძესთან. რამდენიმე წლის წინ, მისდა გასაკვირად, მეუღლეები განქორწინდნენ. მოგვიანებით გაიგო მიზეზი, რომ მა----- არ იყო კარგი დიასახლისი. მას ეცოდება შვილიშვილი, რადგან ლ----ს როგორც დედა, ისე მამა უყვარს და სჭირდება.
აპელანტი ასევე აპელირებს ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმად, დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ,,lenovos“-ს ფირმის S 580 მოდელის მობილურ ტელეფონში არსებული სატელეფონო საუბრისას 9 ცალ აუდიო ჩანაწერზე არ დაფიქსირდა არავითარი სახის მონტაჟის ნიშნები. ექსპერტის მიერ მოხდა კო---------------------ის ხმის ნიმუშის აღება. კომპლექსური გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ეტალონურ ნიმუშზე წარმოდგენილი კო---------------------ის ხმა იდენტურია 5 სადავო ფონოგრამაზე მოსაუბრე დიქტორი მამაკაცების ხმის, ხოლო, 2 სადავო ფონოგრამაზე მოსაუბრე დიქტორი მამაკაცების ხმა სავარაუდოდ მიეკუთვნება კო---------------------ეს. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა - ას-----------–------ამ და მე--------------–--ემ.
აპელანტის აზრით, სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი დადასტურებულია ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, სადაც ტექსტობრივადაა გაშიფრული კო---------------------ისა და მა--------------–---–ის საუბრების შინაარსები, რომლებშიც უტყუარად იკითხება მა--------------–---–ის მისამართით კო---------------------ის მიერ ნათქვამი არაერთი უცენზურო და დამამცირებელი სიტყვა.
აპელანტის მოსაზრებას პალატა არ იზიარებს, ვინაიდან მხოლოდ აღნიშნულ სატელეფონო ჩანაწერები და მათი შინაარსი ვერ გამოდგება ფსიქოლოგიური ძალადობის დამადასტურებლად. ამასთან, თავად დაზარალებულიც არ უარყოფს, რომ იგი ზოგჯერ არც კი აქცევდა ყურადღებას ამ საუბარს.
ამდენად, პალატა ითვალისწინებს, რომ ერთადერთი პირდაპირი მოწმე, რომელიც ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტს ადასტურებს და ამხელს კო---------------------ეს დანაშაულის ჩადენაში, არის დაზარალებული მა--------------–---–ი. მის მიერ ჩვენებაში გადმოცემული ინფორმაცია არ არის დადასტურებული სხვა რომელიმე მტკიცებულებით, კერძოდ: მოწმეები - ეკ---------–--ე და ნო----------–---–ი, ნა-----------–---–ი, გადმოსცემენ დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას, შესაბამისად მათი ჩვენებები ირიბია, რომლებიც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, რადგან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა), არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს. რაც შეეხება მა--------------–---–ის ყელზე სიწითლესა და სილურჯეებს, რაც მათ დაინახეს, ამით ვერ დადასტურდება ის გარემოება, რომ დაზიანებები სწორედ კო---------------------ის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შედეგია.
მა--------------–---–ისადმი ფიზიკური ძალადობის ფაქტის დასადასტურებლად ვერ მიიჩნევა ასევე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, მას შემოწმების მომენტისათვის სხეულზე რაიმე ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა, ხოლო ლუ------------ის ჩვენების ის ნაწილი, რომ მამა ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას დედას, არ არის გამყარებული საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებებით, მათ შორის ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის გამცემი ექსპერტის განმარტებით, ჩანაწერებსა და კო---------------------ის ხმას შორის თანხვედრა არის, მაგრამ არასაკმარისია თანადამთხვევისათვის. სხვა რაიმე მტკიცებულება კი, რომელიც დაადასტურებდა კო---------------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.
პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა კო---------------------ის დამნაშავეობაში.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ხსენებული კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი კო---------------------ის ბრალეულობის დასადგენად და, შესაბამისად, მისი დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ სა-–----------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 07 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
კო---------------------ე გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
კო---------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია. გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა. გაუქმდეს საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლის შესაბამისად გირაოს შეფარდებასთან ერთად თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული დამატებითი ღონისძიებები.
გამართლებულ კო---------------------ეს უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
ნივთიერი მტკიცებულება - მა--------------–---–ის ,,ლენოვოს“ ფირმის S 580 მოდელის მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ხოლო 1(ერთი) ცალი დისკი, რომელზეც განთავსებულია კო---------------------ის ხმის ნიმუში, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ლომთათიძე