განაჩენი

სისხლის სამართლის 24.04.2019
საქმის ნომერი
190100117002148530
ინსტანცია
თარიღი
24.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100117002148530

საქმე №1ბ/1138-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 აპრილი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

სოფიკო კაპანაძის, მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: ა-----------–---–ის, ხ-----------------ის

ადვოკატის: ნ--------------ის

მსჯავრდებულის: ა------------------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ა------------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ა------------------ის, დაბადებულის 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №1----------), დაოჯახებულის, ნასამართლობის მქონის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: გ----------------------------–-------------ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა------------------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 08-09 ოქტომბრის ღამის საათებში, გ----------------------------–-------------ში მცხოვრებმა, ოჯახური ძალადობისათვის ნასამართლევმა ა------------------მა, ეჭვიანობის ნიადაგზე, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის - ნ---------–-–---–ის მიმართ, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, ხელის და ფეხის გამოყენებით განახორციელა ძალადობა, რის შედეგადაც ნ---------–-–---–ს სახის, მარჯვენა მხრის, მარჯვენა იდაყვის სახსრის, მარცხენა მხრის, მარჯვენა მუხლის სახსრის და გულმკერდის უკანა ზედაპირის მიდამოებში ნაჭდევებისა და ორივე მხარის მიდამოში სისხლნაჟღენთების სახით მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად და განაცდევინა ფიზიკური ტკივილი.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის განაჩენით:

 

ა------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

ა------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 9 ოქტომბრიდან.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა------------------მა.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანას ა------------------ის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ა------------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ა------------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეზე შეკრებილი, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულ ნ---------–-–---–ისა და მოწმეების - ნ---------------ის, გ------------–ის ჩვენებების, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის და ექსპერტ მ--------–----------ის ჩვენების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის (თანდართული ფოტოსურათებით), რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 ივლისის განაჩენის და სხვა მტკიცებულებების შეფასების და გააანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ა------------------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ა------------------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე.

 

საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 35-ე მუხლით ასევე დადგენილია ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.

 

ევროპის საბჭოს კონვენციით „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ“ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნების უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად, სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს აღნიშნული კვალიფიკაციით ჩადენილი დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე (განსაკუთრებით მცირეწლოვან პირებზე), სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. ზოგადად ქალთა მიმართ ძალადობა (რასაც კონკრეტულ შემთხევაში ჰქონდა ადგილი) კი გლობალური პრობლემაა, რაც ეწინააღმდეგება კანონის მიერ ადამიანისთვის მინიჭებულ უფლებებს, ზღუდავს ქალთა ჩართულობას სოციალურ ცხოვრებაში და წარმოქმნის გენდერზე დაფუძნებულ შეზღუდვებს. მართალია, ა------------------ის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, მან სააპელაციო პალატის სხდომაზე აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, ასევე, მსჯავრდებულის განმარტებით, მას ყავს მოხუცი დედა და არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, მაგრამ სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე და ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე, დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.

 

აღსანიშნავია, რომ კანონმდებელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის დამამძიმებელ გარემოებებად მიიჩნევს ოჯახში ძალადობას, ჩადენილს არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და არაერთგზის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი კი სასამართლოს ასევე ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ა------------------ის მიერ ჩადენილი ქმედების განხორციელების სახესა და ხერხზე, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებაზე, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომაზე, კერძოდ, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ ოჯახში ძალადობისთვის (მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის) ნასამართლევმა ა------------------მა, სასჯელის მოხდისა და პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, 2017 წლის 8 ოქტომბერს, ფიზიკურად კვლავ იძალადა თავის მეუღლე - ნ---------–-–---–ზე. დაზარალებულის განმარტებით, მსჯავრდებული მას სთხოვდა დაეწერა ხელწერილი, რომ თავი უნდა მოეკლა. ა------------------მა გამოიღო დანები და დაზარალებულს უთხრა, რომ ასწავლიდა, როგორ მოეკლა თავი. აიძულებდა ეთქვა ნ---------–-–---–ს, რამდენ კაცთან ჰქონდა ურთიერთობა, სანამ თვითონ (გ-----------) იყო ციხეში. ამასთან, მჯავრდებული ხელის, ფეხის და ე.წ. „შლანგის“ დარტყმით ფიზიკურად ძალადობდა დაზარალებულზე, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი იძულებული გახდა ფანჯრიდან გადამხტარიყო და გაქცეულიყო. მას დაედევნა ა------------------ი, თუმცა დაზარალებულმა მოახერხა მიმალვა და თავი შეაფარა მისთვის უცხო ადამიანებს. აღსანიშნავია, რომ მომხდარი განსაკუთრებით განიცადა მცირეწლოვანმა ა--------------მა, რომელიც კიოდა და იატაკზე გორავდა (იხ. დაზარალებულ ნ---------–-–---–ის ჩვენება). სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ ოჯახური ძალადობის შემთხვევებში ძალადობის მსხვერპლნი ასევე არიან ბავშვები, როგორც მათზე ძალადობის უშუალო, პირდაპირი მოქმედებით, ასევე არაპირდაპირი - დედაზე, ან ოჯახის სხვა წევრზე განხორციელებული ძალადობის მოწმედ ყოფნით, რაც მათში იწვევს შიშს, წარმოშობს დაუცველობისა და უკონტროლობის შეგრძნებას. აქვე სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ა------------------ის მიერ მეუღლისთვის მიყენებული სხეულის დაზიანების მასშტაბურობაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ნ---------–-–---–ს დაზიანებები მიყენებულიბ აქვს სახის, მარჯვენა მხრის, მარჯვენა იდაყვის სახსრის, მარცხენა მხრის, მარჯვენა მუხლის სახსრის, გულმკერდის უკანა ზედაპირისა და ორივე მხარის მიდამოში.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე არ იძლევა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ა------------------ისთვის დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით რაიმე სახის შეღავათების გამოყენების საფუძველს. ა------------------ისთვის 3 (სამი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა არ წარმოადგენს მკაცრ სასჯელს, სასჯელის შემსუბუქება იქნება არასამართლიანი და პალატის მოსაზრებით, თავიდან ვერ იქნება აცილებული ახალი ძალადობრივი დანაშაული. პალატას მიაჩნია, რომ ა------------------ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელი ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას, ამასთან გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს მეუღლის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის განაჩენი ა------------------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ა------------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ა------------------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის განაჩენი ა------------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი;

 

ა------------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;

 

ა------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 9 ოქტომბრიდან;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ა------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ.კახეთელიძე