განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002302237
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/538-19 15 აპრილი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - თამარ ალანია
სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი
I აპელანტი - თ------- დ----------ი (თავდაპირველი მოსარჩელე)
წარმომადგენელი - ლ---–--------–---–-
მოწინააღმდეგე მხარე - გ---- ც----------–ი
წარმომადგენელი - რ---–----------–---–-
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
II აპელანტი - გ---- ც----------–ი (თავდაპირველი მოპასუხე)
წარმომადგენელი - რ---–----------–---–-
მოწინააღმდეგე მხარე - თ------- დ----------ი
წარმომადგენელი -ლ---–--------–---–-
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თ------- დ----------მა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე გ---- ც----------–ის მიმართ სარჩელი აღძრა და მატერიალური ზიანის 6350 ლარის ხოლო, მორალური ზიანის სახით 3000 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე გ---- ც----------–ს მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით 2349,24 ლარის, ხოლო, მორალური ზიანის სახით 500 ლარის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება თ------- დ----------მა ნაწილობრივ გაასაჩივრა და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე, გაასაჩივრა მოპასუხე გ---- ც----------–მა, მისი სრულად გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. 2017 წლის 15 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის განაჩენით (საქმეზე №---------) გ---- ც----------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ამავე განაჩენით დადგენილია, რომ 2017 წლის 16 თებერვალს თბილისში, მ–----–--------------------------------------------------------------------- გ---- ც----------–მა თ------- დ----------ს სახის არეში დაარტყა მუშტი და ფეხები, ხოლო თავში ჩაარტყა სუვენირის ხის დასადგამი, რითიც თ------- დ----------ს მიაყენა ქალას და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობები - მარჯვნივ ჰაიმორის წიაღის გვერდით, კედლის ზედა ყბის ძვლის, ცხვირის ძვლის მოტეხილობები, რითიც თ------- დ----------მა ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით მიიღო. განაჩენი კანონიერ ძალაშია შესული (ს.ფ. 17-19, 45).
6. ქ------- კ--–--–--დ----------ი თ------- დ----------ის მეუღლეა, ისინი 2014 წლის 4 თებერვლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან (ს.ფ. 21).
7. თ------- დ----------ი მ–----–------ის მიმდებარედ სხვადასხვა სუვენირებს ყიდის (მხარეთა ახსნა-განმარტება).
8. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ გ---- ც----------–ს თ------- დ----------ის მიმართ, მიყენებული მატერიალური ზიანის 2349,24 ლარის ოდენობით გადახდის ვალდებულება მართებულად დაეკისრა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992–ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის დაკისრების ერთ-ერთ საფუძველს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს, რომლისაგან ნაწარმოები პასუხისმგებლობის გენერალური დათქმაც მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლში. საქართველოს საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, დელიქტურ სამართალში მოთხოვნის ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველი სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლია, რომლის მიხედვითაც, სამართლებრივი შედეგი (ზიანის ანაზღაურების ვალდებულება) ქმედების აბსტრაქტული შემადგენლობიდან (სხვა პირის მიმართ განხორციელებული ქმედება) გამომდინარეობს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე ას-664-635-2016)
ნორმის თანახმად, პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია შემდეგი ელემენტების კუმულატიური ერთობა: პირის ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. შესაბამისად, აღნიშნული სამართლებრივი ნორმის გამოყენებისას სასამართლოს კვლევის საგანს ნორმის შემადგენელი თითოეული ელემენტის დადგენა წარმოადგენს. განსახილველ შემთხვევაში, უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ თ------- დ----------ს გ---- ც----------–მა სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით, მიაყენა. აღნიშნულს სადავოდ მოპასუხე მხარე არ ხდის და ასევე, დასტურდება, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, რომელიც თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლისა პრეიუდიციული ძალის მქონე ფაქტად არ მიიჩნევა და იგი საქმის განხილვისას სხვა მტკიცებულებებთან მიმართებით უპირატეს ძალას არ ატარებს.
9. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი არსებობს. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. ამგვარი სტანდარტი მტკიცების ტვირთს დელიქტურ სამართალში შემდეგნაირად ანაწილებს:
1. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ზიანის ფაქტი და მისი ოდენობა;
2. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს მოპასუხის ქმედებით გამოწვეული ზიანის ფაქტი, ანუ მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის;
3. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ქმედების მართლზომიერება;
4. ან მოპასუხემ უნდა ამტკიცოს მისი ბრალეულობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის განჩინება საქმეზე №ას-1127-1047-2017 და №ას-189-189-2018).
ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით შეიძლება. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეებს მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი თანაბრად ეკისრებათ.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადების ფაქტს, მის ბრალეულობასა და დამდგარ ზიანს მათ სააპელაციო პალატა, როგორც უდავო გარემოებებს დადგენილად მიიჩნევს, თუმცა საკვლევ გარემოებათა წრეს მიყენებული ზიანის ოდენობასა და მოპასუხის მიერ ჩადენილი ქმედებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენას მიაკუთვნებს, რადგან მოპასუხეს სწორედ ამ მიმართებით აქვს შედავება წარდგენილი.
10. თავდაპირველმა მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოში მატერიალური ზიანის ნაწილში სადავოდ გახადა ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა ექსპერტიზის ჩასატარებლად გაწეული ხარჯის, 300 ლარის, მოპასუხისთვის დაკისრების საფუძვლების არსებობა და მიუღებელი შემოსავლის ნაწილში მოთხოვნა მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი აპელანტის მოთხოვნა ამ ნაწილში დაუსაბუთებელია ვინაიდან, მართალია საქმის მასალებში წარმოდგენილია ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულება და შესაბამისი მომსახურებისთვის გაწეული გადახდის ქვითარი, თუმცა საქმის მასალებში არ არსებობს თავად ექსპერტიზის დასკვნა, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა შეეფასებინა თუ კონკრეტულად რა საკითხზე ჩატარდა ექსპერტიზა, რა იქნა გამოკვლეული ან საერთოდ ჩატარდა თუ არა იგი. ამასთანავე, ნიშანდობლივია, რომ საქმეში არსებული კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ხსენებულ ექსპერტიზის დასკვნას არ ეყრდნობა, მასში გაზიარებულია მხოლოდ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც მოსარჩელის ჯანმრთელობისთვის მიყენებული დაზიანება ნაკლებად მძიმე კატეგორიადაა დაკვალიფიცირებული. 2019 წლის 15 აპრილს, სააპელაციო სასამართლოში, საქმის ზეპირი განხილვის დროს, სასამართლოს შეკითხვაზე თუ რას ემსახურებოდა მოსარჩელის (დაზარალებულის) მიერ კერძო ექსპერტიზის დანიშვნა, პირველმა აპელანტმა განაცხადა, რომ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო ძალიან აგვიანებდა დასკვნის წარდგენას, დაზარალებულს სურდა შედეგი დროულად ყოფილიყო ცნობილი, სწორედ ამ მიზნით ჩაატარა დამატებითი ექსპერტიზა. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ დელიქტურ სამართალში ზიანის მიმყენებლისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება არ გულისხმობს დაზარალებულის მიერ გაწეული ნებისმიერ ხარჯის ანაზღაურებას, აღნიშნულს მოწმობს დელიქტურ სამართალში მოქმედი პრინციპიც, რომლის თანახმად არავინ შეიძლება გამდიდრდეს სხვის ხარჯზე. შესაბამისად, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოსარჩელის მიერ მოთხოვილი საექსპერტო კვლევის ღირებულების 300 ლარის გადახდის მიზნობრიობა არ ირკვევა, ვერ დგინდება მოპასუხის მიერ მიყენებული ქმედება რატომ გახდა აუცილებელი დამატებითი ექსპერტიზის ჩასატარებლად იმ პირობებში, როდესაც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნულ ექსპერტიზის ბიუროში უკვე დანიშნული იყო ექსპერტიზა. ხარჯის რელევანტურობის სამტკიცებლად კი, რა თქმა უნდა, მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნის გაცემის დაგვიანების შესახებ არგუმენტი არ გამოდგება და მას სასამართლო გადაწყვეტილებას საფუძვლად ვერ დაუდებს (ს.ფ. 28-31).
რაც შეეხება პირველი აპელანტის მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურების თაობაზე, ამ შემთხვევაშიც, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოთხოვნა დაუსაბუთებელია. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებასთან მიმართებით ვრცელი პრაქტიკა არსებობს. კერძოდ სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans) (იხ. საქმე №ას-929-869-2017, 27 დეკემბერი, 2017 წელი). დასახელებული ნორმა მხოლოდ იმ შემოსავლის ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მხარეს, რომელიც ობიექტური მოცემულობითაა ნაკარნახევი და არა პირის სუბიექტური შეფასებით. მიუღებელი შემოსავალი ეს არის ანაცდენი სარგებელი (მოგება), რომელიც არ გულისხმობს ერთობლივ შემოსავალს, ყოველგვარი ხარჯების გამოქვითვების გარეშე და რომელსაც დაზარალებული ობიექტურად მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად (იხ., სუსგ, №ას-218-210-2013, 10 მარტი, 2014წ.). მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, რომ არა მოპასუხის მიერ ჩადენილი ქმედება (იხ., სუსგ №ას-459-438-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი). იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს ვალდებული პირის მიერ განხორციელებულ ქმედებებთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ., სუს-ის 2011წლის 24 ოქტომბრის განჩინება საქმეზე Nას-307-291-2011წ.).
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმის მასალებში არსებულ მტკიცებულებებს, რომელთა თანახმად, მოსარჩელე (დაზარალებული) ამბულატორიულ დაწესებულებაში 2017 წლის 19 თებერვლიდან 2017 წლის 02 მარტამდე, ანუ 12 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. 2017 წლის 06 მარტს შედგენილ ფორმა N100-ში მითითებულია, რომ თ------- დ----------ის მდგომარეობა სტაციონარში განთავსებისას მძიმე იყო, თუმცა, იგი სტაციონარიდან გაუმჯობესებული მდგომარეობით გაეწერა. ამავე დოკუმენტაციაში სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციების გრაფაში მითითებული არ არის მისი შრომისუუნარობის შესახებ მას ერთ თვიანი მედიკამენტოზური მკურნალობა დაენიშნა (ს.ფ. 32-34). ნიშანდობლივია, რომ საქმის მასალებში არ არსებობს დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოსარჩელეს თითქმის ოთხი თვის განმავლობაში არ შეეძლო დაბრუნებოდა მის ყოველდღიურ სამუშაო ადგილს, საქმეში ასევე, არ არსებობს სადავო პერიოდში მის მიერ ექიმთან განხორციელებული თუნდაც ერთი ვიზიტის დამადასტურებელი მტკიცებულება. პირველი ინსტანციის სასამართლომ იმ გარემოების დასადგენად, თუ რამდენი ხნის განმავლობაში არ დაბრუნებულა მოსარჩელე სამუშაო ადგილას მოწმეები დაკითხა. მოწმეთა მიერ მიცემულ ჩვენებებთან მიმართებით სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ისინი წინააღმდეგობრივია, მოსარჩელის ინიციატივით დაკითხული მოწმეები მის ხანგრძლივ შრომისუუნარობასა და ოთხი თვის განმავლობაში სამუშაო ადგილას მიუსვლელობას ადასტურებენ, ხოლო მოპასუხის ინიციატივით დაკითხული მოწმეები საპირისპიროს. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებში სხვა რელევანტური მტკიცებულება, რომელიც ოთხი თვის განმავლობაში მოსარჩელის სამსახურში არ დაბრუნების ფაქტს უტყუარად დაადასტურებდა არ არსებობს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც წინააღმდეგობრივია ხსენებული ფაქტის დასადგენად საკმარისი არაა. შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ადგენს, რომ 2017 წლის 06 მარტს გაცემული ფორმა N100-ში მითითებული ერთთვიანი მედიკამენტოზური მკურნალობის გაგრძელების მიზნით მოსარჩელის სამედიცინო დაწესებულებისთვის მიმართვა არ დგინდება, თ------- დ----------ის მიერ თბილისში, მ–----–------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მ----------- გ---------სთან ხელნაკეთი ეროვნული სუვენირებით ვაჭრობით ერთ დღეზე საშუალოდ გამომუშავებული ფულადი მოგება 35 ლარს შეადგენდა, ხოლო მისი შრომისუუნარობა მოპასუხის მიერ მისთვის მიყენებული სხეულის დაზიანების შემდეგ 30 დღის განმავლობაში გაგრძელდა. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ აღნიშნულ ვადაში მოსარჩელე მისი საქმიანობის შედეგად შემოსავალს 1050,00 ლარის (30 X 35) ოდენობით მიიღებდა, რომლის გადახდის ვალდებულებაც მოპასუხისთვის იქნა დაკისრებული, ხოლო მიუღებელი ზიანის სრულად, 6 350 ლარის ოდენობით, დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა.
11. რაც შეეხება მორალური ზიანის სახით მოსარჩელისთვის 500 ლარის დაკისრებას, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის გათვალისწინებით მორალური ზიანის ასანაზღაურებელი ოდენობა 1500 ლარით უნდა განისაზღვროს. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობაში არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების საფუძველს მორალური ზიანის არსებობა წარმოადგენს. იგი ნიშნავს ადამიანის ფსიქიკის სფეროში ნეგატიური ცვლილებების საფუძველს მორალური ზიანის არსებობას, რაც გამოიხატება ფიზიკურ და სულიერ ტანჯვაში (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 19 მარტის განჩინება საქმეზე Nას-912-874-2014).
სააპელაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მორალური ტანჯვის ხასიათი უნდა შეფასდეს ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოებების, ასევე დაზარალებულის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით (მაგ. ასაკი, ფიზიკური მდგომარეობა, ჯანმრთელობა და ა. შ.), აგრეთვე, იმ სხვა გარემოებათა მხედველობაში მიღებით, რომლებიც ადასტურებს, თუ რა სიმძიმის ტანჯვა გადაიტანა დაზარალებულმა. კომპენსაციის მოცულობა კი უნდა განისაზღვროს ტრავმის, ჯანმრთელობის სხვა დაზიანების სიმძიმის ხარისხიდან და სხვა გარემოებებიდან გამომდინარე, რომლებიც დაზარალებულის მიერ გადატანილ მორალურ ტანჯვას ადასტურებენ. ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება აგრეთვე ზიანის მიმყენებლის ქონებრივი მდგომარეობის, ბრალის ხარისხისა და სხვა კონკრეტულ გარემოებათა გათვალისწინებით, იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილი იქნას მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რაც დაეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში და სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-762-818-2011.)
განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია ის გარემოება, რომ მოსარჩელეს 2017 წლის 16 თებერვალს თბილისში, მ–----–--------------------------------------------------------------------- გ---- ც----------–მა სახის არეში დაარტყა მუშტი და ფეხები, ხოლო თავში სუვენირის ხის დასადგამი ჩაარტყა, რითიც თ------- დ----------ს მიაყენა ქალას და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობები - მარჯვნივ ჰაიმორის წიაღის გვერდით, კედლის ზედა ყბის ძვლის, ცხვირის ძვლის მოტეხილობები, რითიც თ------- დ----------მა მიიღო ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით. მოსარჩელე ინციდენტის დროს 6--–-–-- იყო. მიყენებული დაზიანებების გამო მოსარჩელე 12 დღის განმავლობაში სტაციონარში იყო განთავსებული, ჩაუტარდა ოპერაცია, და გამოწერის შემდგომ ერთთვიანი მედიკამენტოზური მკურნალობა დაენიშნა. ამასთან სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს, საქმის მასალებში წარმოდგენილ კანონიერ ძალაში შესულ განაჩენს, რომელშიც აღნიშნულია, რომ გ---- ც-------–---–------- სასჯელის დანიშვნის დროს, მხედველობაში იქნა მიღებული ის გარემოება, რომ ბრალდებული გამოთქვამს სურვილს დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ზიანში კი რა თქმა უნდა, მორალური ზიანის იგულისხმება.
სასამართლო მიუთითებს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე ადგენს. მოსარჩელე უფლებამოსილია, სასარჩელო განცხადებაში მიუთითოს თანხა, რომელსაც ის მიყენებული სულიერი და ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის ითხოვს, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და როგორც უკვე აღინიშნა, ანაზღაურების მოცულობა, საბოლოოდ, სასამართლოს შეხედულებით განისაზღვრება. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია არ წარმოადგენს, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ექვივალენტი არ გააჩნია და მისი სრული კომპენსაცია შეუძლებელია. გარდა ამისა, მორალური ზიანის ანაზღაურება უნდა იყოს ღირსეული და მიყენებული ტანჯვის თანაზომიერი. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელისადმი მიყენებული ფიზიკური და მორალური ტანჯვის ხარისხის შეფასებისას, რაც მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონეა, მისი ასაკისა და საქმის მასალებში წარდგენილი ფოტოსურათების გათვალისწინებით შეფასებული ფიზიკური დაზიანებების ხარისხის გათვალისწინებით სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თ------- დ----------ს მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 1 500 ლარის ანაზღაურების ვალდებულება უნდა დაეკისროს.
12. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ---- ც----------–ის სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია იმ სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, რომელიც სასამართლომ წინამდებარე გადაწყვეტილების 10-11-ე პუნქტებში განავითარა. რაც შეეხება აპელანტის მითითებას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოსარჩელისთვის მატერიალური ზიანის სახით 2 349,24 ლარის დაკისრების არამართებულობასთან მიმართებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია. პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ მიუღებელი შემოსავალი - 1050 ლარი, სტაციონარში მოთავსებისას და მის შემდგომ მკურნალობის პერიოდში თ------- დ----------ის მეუღლის მიერ პაციენტის თ------- დ----------ისათვის დანიშნული მედიკამენტების შესაძენად გაღებული ხარჯი - 524, 24 ლარი, შპს „ხ-----–---–--------–----------------------------–-----–-“ ყბა სახის ქირურგიაზე გადახდილი 35 ლარი, შპს „დ------------–---–----------–-----–------–-“ მოსარჩელის მიერ ექიმის კონსულტაციისთვის გადახდილი 50 ლარი, თავის ტვინის გამოკვლევის მიზნით თ------- დ----------ის მიერ გაღებული 190 ლარი და სისხლის სამართლის საქმეზე, წინასწარ გამოძიებაში ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული 500 ლარი იმ მატერიალურ ზიანს წარმოადგენს, რომელიც პირდაპირ კავშირშია მოპასუხის ქმედებასთან და ამავდროულად დადასტურებულია საქმის მასალებში წარდგენილი შესაბამისი მტკიცებულებებით, შესაბამისად მათი ანაზღაურების ვალდებულება მოპასუხე მხარეს მართებულად დაეკისრა. რაც შეეხება აპელანტის მითითებას მასზედ, რომ სისხლისსამართლის პროცესში დაზარალებული მხარე არ არის და მის მიერ საადვოკატო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯი ანაზღაურებას არ უნდა დაქვემდებარებულიყო გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან, რომ არა მოპასუხის დანაშაულებრივი ქმედება მოსარჩელის მიმართ, თ------- დ----------ი არ იქნებოდა ჩართული სისხლის სამართლის პროცესში და შესაბამისად, მას არც იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულების დადების საჭიროება წარმოეშობოდა.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლი მხარეთა შორის სასამართლო და არასასამართლო ხარჯების გადანაწილების წესს ადგენს. მოცემულ შემთხვევაში პირველი აპელანტი (თ------- დ----------ი) სააპელაციო სასამართლოში იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის, 150 ლარის ოდენობით, ანაზღაურებას ითხოვს. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადვოკატისათვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობაზე და განმარტავს, რომ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქმის მოცულობა, მისი ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულე, აგრეთვე, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, მათი შემოსავალი და სხვა ისეთი გარემოებები, რომლებიც წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის გონივრული ფარგლების დადგენას განაპირობებს. ნიშანდობლივია, რომ მითითებული გარემოებები გასათვალისწინებელია სასამართლოს მხრიდან საკუთარი დისკრეციის გამოყენების პირობებში, მოგებულ მხარეს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი 4%-მდე აუნაზღაუროს. 4 %-იანი ლიმიტი იმ ოდენობის მაქსიმუმია, რომელიც მეორე მხარეს შეიძლება დაეკისროს. ამ მაქსიმუმის ფარგლებში სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებით, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, რომელიც მეორე მხარეს უნდა დაეკისროს. ასეთი წესი ქმნის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის დაბრკოლებას, რაც იცავს იმ მხარის ინტერესებს, რომელსაც ამ ხარჯის ანაზღაურება უნდა დაეკისროს. განსახილველ შემთხვევაში, ადვოკატის მომსახურებისთვის 150 ლარის ანაზღაურებაა მოთხოვნილი, დავის მნიშვნელობის, სირთულისა და სპეციფიურობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი სრულად უნდა ანაზღაურდეს.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებითა და მათ მიერ მითითებული მტკიცებულებებით. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთ პირობებში, სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მტკიცების ნაკლი კი სამართალწარმოებაში მხარისათვის არასასურველ შედეგს იწვევს. განსახილველ შემთხვევაში, პირველი აპელანტის (თ------- დ----------ის) სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, ხოლო იმ მტკიცების ნაკლის გამო, რომელიც მეორე აპელანტმა (ამავდროულად მოწინააღმდეგე მხარემ) ვერ გასწია, სასამართლო ადგენს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების, გაუქმებისა და პირველი აპელანტის სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არსებობს. ხოლო, მეორე აპელანტის (გ---- ც----------–ის) სააპელაციო საჩივარი მისი დაუსაბუთებლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟიდან გ---- ც----------–ს 16,66 ლარი მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო 50 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროს. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოში ბაჟის გადანაწილების საკითხს, მეორე აპელანტის (გ---- ც----------–ი) მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი 150 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად უნდა ჩაითვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 386-ე, 389-ე, 47-ე, 48-ე, 55-ე მუხლებით, იხელმძღვანელა და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. თ------- დ----------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. გ---- ც----------–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. თ------- დ----------ის სარჩელი გ---- ც----------–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. მოპასუხე გ---- ც----------–ს მოსარჩელე თ------- დ----------ის მიმართ მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისროს 2349,24 ლარი;
6. მოპასუხე გ---- ც----------–ს მოსარჩელე თ------- დ----------ის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით დაეკისროს 1 500 ლარის ანაზღაურება;
7. გ---- ც----------–ს თ------- დ----------ის სასარგებლოდ დაეკისროს პირველი ინსტანციის სასამართლოში გაწეული იურიდიული ხარჯი 113,96 ლარის, ხოლო სააპელაციო სასამართლოში გაწეული იურიდიული ხარჯი 150 ლარის ოდენობით.
8. გ---- ც----------–ს თ------- დ----------ის სასარგებლოდ დაეკისროს პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 16,66 ლარი.
9. გ---- ც----------–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის მეირ გადახდილი ბაჟიდან 50 ლარის გადახდა, მის მიერ სააპელაციო ინსტანციაში სააპელაციო საჩივარზე ადახდილი ბაჟი 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად ჩაითვალოს.
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება მისი გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე თამარ ალანია