განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/853-18 10 აპრილი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - ნატალია ნაზღაიძე
მოსამართლეები – მაია სულხანიშვილი, ირაკლი ბონდარენკო
სხდომის მდივანი – მედეა წიკლაური
აპელანტი - შპს „მ-----------------------------–-----------–----------ი“
წარმომადგენელი - თ--------–--------ი
მოწინააღმდეგე მხარე - გ--------------ე, თ----------------–-–---–ი, ნ-----------ე, დ-------------ე, მ------------ე
წარმომადგენელი - გ--------–-------–---–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოში
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
სასარჩელო მოთხოვნა:
1. გ--------------ე, თ----------------–-–---–ი, ნ-----------ე, მ------------ე და დ-------------ე ცნობილი იქნენ გ---------ში, ტ-------–-ში მდებარე უძრავი ქონების ს/კ 8----------- მესაკუთრეებად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „მ-----------------------------–-----------–------------ის“ სარჩელი გ--------------ის, თ----------------–-–---–ის, ნ-----------ის, დ-------------ისა და მ------------ის მიმართ არ დაკმაყოფილდა;
3. გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოში.
4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
4.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სარჩელში მითითებულ შემდეგ გარემოებას: „მსესხებელი ინფორმირებულია დავალიანების ოდენობის და მისი ამოღების მეთოდების შესახებ და მიზანმიმართულად არ ხსნის მის სხვა კანონიერ მემკვიდრეებთან ერთად სამკვიდროს, რათა არ მოხდეს ქონების რეალიზაცია“. მოსარჩელის განმარტებით აქ მოიაზრება ის გარემოება, რომ მემკვიდრეებს რეალურად მიღებული აქვთ სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით, თუმცა არ მიმართავენ ნოტარიუსს სამკვიდრო მოწმობის მისაღებად, რათა თავი აარიდონ იმ ვალდებულებებს, რომელიც თან ახლავს სამკვიდროს.
4.2. მოპასუხეთა წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ არც ერთი მოპასუხე არ ფლობდა სამკვიდროს და შესაბამისად, იგი უმკვიდრო იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ განცხადებით მოპასუხეებმა დაადასტურეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება, იგი სასამართლო გადაწყვეტილებაში არ ასახულა. ამასთან, სასამართლომ დაუსაბუთებლად არ დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროთი) შეცვლის თაობაზე.
4.3. სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდქესის 85-ე მუხლი, როდესაც მიიჩნია, რომ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლა პროცესუალურად შეუძლებელი იყო. აღნიშნულით სასამართლომ დაარღვია სამართალწარმოების წესი და საქმე სრულყოფილად არ გამოიკვლია.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
7. განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება
8. პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
8.1. 2016 წლის 16 მაისს შპს „მ-----------------------------–-----------–----------მა“ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების - გ--------------ის, თ----------------–-–---–ის, ნ-----------ის, დ-------------ისა და მ------------ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეთა ცნობა მესაკუთრეებად გ---------ში, ტ-------–-ში მდებარე უძრავი ქონებაზე ( ს/კ 8-----------).
8.2. სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2012 წლის 31 დეკემბერს შპს „მ-----------------------------–-----------–----------ის“ და გ--------------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე გ--------------ემ სესხის სახით მიიღო 30 000 აშშ დოლარი. აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა გ--------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე გ---------ი, ტ-------–- ს/კ 8-----------. გ--------------ე გარდაიცვალა 2014 წლის 24 მაისს და მას დარჩა პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრეები, რომლებიც უარს აცხადებენ სამკვიდროს მიღებაზე.
8.3. მოპასუხეებს გაეგზავნათ სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად და განესაზღვრათ 10 დღიანი ვადა სასამართლოში წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად. მოპასუხეებს სასამართლოში წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენიათ.
9. სასამართლომ საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ გამოიტანა იმ საფუძვლით, რომ სარჩელი იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას, რასაც არ ეთანხმება აპელანტი მხარე.
10. სააპელაციო პალატა არ იზიარებს მოსარჩელის სააპელაციო პრეტენზიას და მიაჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გამოიტანა საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული უმართებულობის გამო. კერძოდ:
10.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს მთავარ სხდომას, რის შესახებაც ეცნობება მხარეებს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
10.2. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილად მიიჩნევა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2012 წლის 31 დეკემბერს შპს მიკროსაფინანსო კომპანია „კ-------–----------ს“ და გ--------------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლისა საფუძველზე მოპასუხემ სესხის სახით მიიღო 30 000 აშშ დოლარი, წლიური საპროცენტო განაკვეთი 48%, ვადა 120 თვე;
აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა გ--------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე გ---------ი, ტ-------–- ს/კ 8-----------.
გ--------------ე გარდაიცვალა 2014 წლის 24 მაისს;
გ--------------ის კანონით გათვალისწინებული პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენენ: მეუღლე - თ----------------–-–---–ი; შვილები - გ--------------ე, მ------------ე, დ-------------ე, ნ-----------ე;
10.3. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით განმტკიცებულია სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპი - დისპოზიციურობა. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სამართალწარმოების თითოეულ ეტაპზე საქმის განხილვისათვის გადამწყვეტს წარმოადგენს მხარის ნება იმგვარად, რომ სასამართლოს უფლებამოსილება მხოლოდ და მხოლოდ დისპოზიციურ ფარგლებში გამოვლენილი ნების შესწავლის გზით საქმის გარემოებების დადგენითა და მათი სამართლებრივი შეფასებით შემოიფარგლება, რაც საბოლოოდ განსაზღვრავს სასამართლოს დასკვნას სარჩელის საფუძვლიანობის თაობაზე.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ფაქტების მითითების, როგორც მხარეთა პროცესუალური ვალდებულების არსი განმარტებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით, სადაც აღნიშნულია, რომ „......ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.....“ (იხ. საქმე #ას-664-635-2016 საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება).
10.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელში უნდა აღინიშნოს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. მოსარჩელემ სასამართლოს უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებს სარჩელის მოთხოვნას. „.....მოსარჩელის ახსნა-განმარტებები მაშინ არის გამართული (დასაბუთებული), თუ მასში დასახელებული ფაქტები და გარემოებები შესაბამის სამართლებრივ (სამოქალაქო კოდექსის) ნორმასთან ერთად ქმნის იმის საფუძველს, რომ სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული მოთხოვნის უფლება წარმოეშვას მოსარჩელე პირს, ანუ დაფუძნდეს მის პიროვნებასთან და მის კონკრეტულ საქმესთან მიმართებით....“
10.5. საპროცესო წესრიგი უზრუნველყოფს მხარეთა ავტონომიას და შესაძლებლობას ანიჭებს მათ, თვითონ გადაწყვიტონ, თუ რომელი ფაქტები დაურთონ მოთხოვნას საფუძვლად. თუმცა, მისი შინაარსი იმგვარად უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ სრულყოფილად განსაზღვროს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის ნორმატიული შინაარსი. „...მოთხოვნა არსებობს მხოლოდ მაშინ, როდესაც მოცემულია კანონით გათვალისწინებული წინაპირობანი, ანუ ნორმის შემადგენელი ელემენტები...“ (იხ. ტომას ჰერმანი, მტკიცებულებითი სამართალი)
10.6. სასამართლოს კვლევა ფაქტობრივი შემადგენლობის ნაწილში მიმდინარეობს იმ ნორმების ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის საფუძველს. თუ, მოსარჩელის მიერ ნორმის დისპოზიციის შესატყვისი წინაპირობები არ არის ანდა არასრულყოფილად არის წარმოდგენილი, იმთავითვე გამოირიცხება უფლების რეალიზაცია მოთხოვნის ამ კონკრეტული ნორმატიული შინაარსის ჭრილში. (მოსარჩელის სტადია).
10.7. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.
10.8. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი, ფაქტობრივი საფუძვლების ნაწილში, არ შეიცავს მითითებას იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეები სამკვიდრო ქონებას ფაქტობრივად დაეუფლენ. სარჩელის საფუძვლებში ამგვარი ფაქტობრივი საფუძვლის არარსებობის პირობებში კი, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მართებულია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა იმის შესახებ, რომ შპს „მ-----------------------------–-----------–----------ის“ სარჩელი არ არის წარმოდგენილი იმ შინაარსით, რომელიც უზრუნველყოფდა მისი უფლების დაცვას სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის სამართლებრივი საფუძვლით.
10.9. ვინაიდან, ფლობა წარმოადგენს სამკვიდრო აქტივზე საკუთრების აღირების სავალდებულო წინაპირობას, ხოლო აღნიშნულის თაობაზე სარჩელში მითითება არ არსებობს, სასამართლო მოკლებულია საპროცესო სამართლებრივ შესაძლებლობას აღნიშნული გარემოება გახადოს სასამართლო კვლევის საგანი, თითოეული მემკვიდრის მიმართ.
10.10. ამგვარად, სააპელაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას და მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო მოსარჩელის საპროცესო სტადიის სრულფასოვანი განხორციელება, ვინაიდან სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევის შემთხვევაშიც, გამოირიცხება მოსარჩელის უფლების დაცვა სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის სამართლებრივ კონტექსტში. ამავდროულად, ფაქტების არარსებობა და ბუნდოვანება გამორიცხავს მოთხოვნის სხვა იურიდიული საფუძვლის მისადაგებას.
11. პალატა ასევე არ იზიარებს აპელანტის პრეტენზიას იმ შესახებ, რომ სასამართლომ დაუსაბუთებლად არ დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლის თაობაზე.
11.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
11.2. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველი ნორმა ითვალისწინებს არასათანადო მხარის შეცვლის შესაძლებლობას და არა ვალდებულებას. ეს მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლო არ არის შებოჭილი ვალდებულებით, არასათანადო მხარის დადგენის შემდეგ შეცვალოს იგი სათანადო მხარით. სასამართლო ადგენს არასათანადო ან სათანადო მხარეს მხოლოდ საქმეში არსებული მტკიცებულებებით.
11.3. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ წარმოდგენილი სარჩელი იხილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის სამართლებრივ რეჟიმში, რა დროსაც საქმეზე დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მოპასუხის არასათანადოობა არ იკვეთება. შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო პრეტენზიის გაზიარების საფუძველი.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
12. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
საპროცესო ხარჯები
13. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „მ-----------------------------–-----------–----------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხა–დებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: ნატალია ნაზღაიძე
მოსამართლეები: მაია სულხანიშვილი
ირაკლი ბონდარენკო