განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.04.2019
საქმის ნომერი
330210016001459802
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობანი
თარიღი
24.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/848-18 21 დეკემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - ნატალია ნაზღაიძე

მოსამართლეები – მაია სულხანიშვილი, ირაკლი ბონდარენკო

 

სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი - ე-------------–-–---–ი

წარმომადგენელი - ი---------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - შ-------------------ი

წარმომადგენელი - რ----–----------–--ე

 

დავის საგანი - საზიარო უფლებაში წილის განსაზღვრა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილდება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. განისაზღვროს ქ. თბილისში, ლ---------------------ში მდებარე სახლთმფლობელობაში მოსარჩელის ე-------------–-–---–ის თანასაკუთრების წილი საზიარო უფლებაში 2/3-ით, კერძოდ, 3----ვ.მ მიწის ნაკვეთიდან 2------ვ.მ მიწის ნაკვეთზე, ხოლო შ--------------------ის წილი საზიარო უფლებაში განისაზღვროს 3----ვ.მ. მიწის ნაკვეთიდან 1/3-ით - 1------ვ.მ მიწის ნაკვეთზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე-------------–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

3. გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოსარჩელე ე-------------–-–---–მა სააპელაციო საჩივრით და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილდება.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

4.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად არ ცნო დადგენილად ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ე-------------–-–---–ი წლების განმავლობაში იყო სადავო მიწის ნაკვეთის 2/3-ის, ხოლო კ---------ი 1/3-ის მფლობელი, რასაც ადასტურებს ე-------------–-–---–ის მიერ წლების განმავლობაში სადავო მიწის ნაკვეთის 2/3 წილზე გადასახადების გადახდის ქვითრები.

4.2. აპელანტის განმარტებით, მიწის ნაკვეთი მხარეთა თანასაკუთრებაში რეგისტრირებულია 2----–-–----------------ის #-----ქმით, რომლითაც მოსარჩელის მფლობელობაში არსებულ 4-----ვ.მ მიწის ნაკვეთს თვითნებურად დაკავებულის კატეგორია მიენიჭა, ხოლო 3----ვ.მ-ს მართლზომიერი მფლობელობის კატეგორია და ვინაიდან საინვენტარიზაციო გეგმასა და ცნობა-დახასიათებაში მითითებული იყო შ-------------------ი, კომისიის მიერ გაიცა საკუთრების მოწმობა და მიწის ნაკვეთზე, კუთვნილი წილების გამიჯვნის გარეშე, მიეთითა ორივე მხარე. ამ დროს არსებული მონაცემებით, ქ. თბილისში, ლ-----------------ში მდებარე შენობა ნაგებობები ირიცხებოდა 2/3 - ე-------------–-–---–ის სახელზე, ხოლო 1/3 - შ--------------------ის სახელზე. ამ მოცემულობით, მიწის საკუთრებაში მათი წილი იყო შენობის პროპორციული. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებამდე შენობა-ნაგებობების ფართი სწორედ ამ პროპორციით ეკუთვნოდათ მხარეებს და შესაბამისად, მიწის ნაკვეთზე საკუთრების წილიც ამ პროპორციით განისაზღვრებოდა. მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ე-------------–-–---–ის საკუთრებაში არსებული 3------ვ/მ ფართის მესაკუთრე შ-------------------ი გახდა, მხარეთა შორის შენობა-ნაგებობის ფართი გადანაწილდა თითქმის თანაბრად, თუმცა, მიწის ნაკვეთზე საზიარო უფლებაში წილზე ეს გავლენას ვერ მოახდენდა, ვინაიდან, ე.წ. დათმობის წესით მესაკუთრედ ცნობა ხდება მხოლოდ შენობაზე. ეზოს ნაწილზე ფართის გათვალისწინებით პრეტენზიის უფლება კ---------ს არ გააჩნდა.

4.3. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად, რომ მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მიწის ნაკვეთის მართვისა და სარგებლობის წესი და რომ მათ შორის კონფლიქტი ამასთან დაკავშირებით არ არსებობდა; ეზოში გავლებული იყო სასაზღვრო ღობე, ანუ არსებობდა საზიარო უფლებით სარგებლობის ჩამოყალიბებული წესი. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებენ მოწმეები. როგორც მოსარჩელის დასახელებულმა მოწმეებმა, ასევე მოპასუხის მოწმემაც დაადასტურა, რომ სადავო მიწაზე გამყოფი სასაზღვრო მიჯნა არსებობდა. სასამართლომ ასევე, დაუსაბუთებლად არ გაიზიარა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფაქტების კონსტატაციის შესახებ ოქმი, რომლითაც დასტურდება სადავო მიწის ნაკვეთზე გამყოფი მიჯნის არსებობა.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

7. განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება

 

8. პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

8.1. ქ. თბილისში, ლ---------------------ში მდებარე უძრავი ქონება, მიწის ნაკვეთი, რეგისტრირებული საკადასტრო კოდით: 0---------------, დაზუსტებული ფართობი 3----- კვ.მ, ირიცხება ე-------------–-–---–ისა და შ--------------------ის თანასაკუთრებაში. ე-------------–-–---–ისა და შ--------------------ის საკუთრებაში ირიცხება მიწის ნაკვეთზე მდებარე №---------------------------- შენობა-ნაგებობები, გარდა 3------ვ.მ საცხოვრებელი სადგომისა, ხოლო შ--------------------ი ირიცხება 3------ვ.მ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია: საკუთრების მოწმობა №----- დამოწმების თარიღი - 0---------, ქ. თბილისის საკრებულო; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №2---------- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 ივლისის სააღსრულებო ფურცელი.

 

8.2. ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 1----–-–------------ს რეგისტრირებული სამკვიდრო მოწმობის მიხედვით, ს------ ს-----------ის გარდაცვალების შემდეგ, ე-------------–-–---–ი ცნობილ იქნა მემკვიდრედ უძრავი ქონებისა - „ლიტერი „ა“ და „ბ“- შემდგარი ხუთი ოთახისაგან, საერთო ფართობით 1-------ვ.მ, მდებარე ქ. თბილისი, ლ--------------- მიწის ნაკვეთზე ზომით 3----- კვ.მ.

 

8.3. ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 1----–-–-----------------ს გაცემული ცნობის თანახმად, ლ---------------------ში მდებარე ორი სახლი „ლიტერ ა“ ერთსართულიანი, შემდგარი 3 საცხოვრებელი ოთახისაგან, ფართით 7-------ვ.მ და „ლიტერ ბ“ ორსართულიანი, 4 საცხოვრებელი ოთახისაგან შემდგარი, ფართით 6------ვ.მ ირიცხება: 2/3 ნაწილი - ე----- ს------–-–--–ის სახელზე 1971 წლისა და 1973 წლის სამკვიდრო მოწმობების საფუძველზე, ხოლო 1/3 ნაწილი ირიცხება შ--------------------ის სახელზე, 1958 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

8.4. 1980 წლის 19 დეკემბრის სახალხო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ე-------------–-–---–ის სარჩელი და სახლი მდებარე, ქ. თბილისში, ლ---------------------ში, განაწილდა რეალურად მესაკუთრეთა შორის, ე-------------–-–---–ს მიეკუთვნა „ლიტერ ბ“-დან №1, №2, №3, №4 ოთახები, შესაბამისი ფართით 1------ვ.მ; 1------ვ.მ; 1------ვ.მ; 1------ვ.მ და „ლიტერ ა“-დან №2 ოთახი, ფართით 2------ვ.მ, საერთო საცხოვრებელი ფართით 8------ვ.მ, ხოლო კ---------ს „ლიტერ „ა“-დან №3 და №4 ოთახები, შესაბამისად, 2------ვ.მ და 1------ვ.მ, საერთო საცხოვრებელი ფართით 4------ვ.მ.

 

8.5. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–-----------------ს №-----ქმით მიღებული კომისიის გადაწყვეტილებით, ლ---------------------ში არსებულ მიწის ფართს 3----- კვ.მ-ს მიენიჭა მართლზომიერი მფლობელის კატეგორია, ხოლო 4-----ვ.მ ფართს - თვითნებურად დაკავებული კატეგორია - სასყიდლიანი; შესაბამისი საფასურის გადახდის შემდგომ, 2009 წლის 6 აპრილს ქ. თბილისის საკრებულოს მიერ გაიცა საკუთრების მოწმობა №---- ე-------------–-–---–ისა და შ--------------------ის სასარგებლოდ მასზედ, რომ საკუთრებაში გადაეცათ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, ფართობით 3------ვ.მ. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე აღიარებული იქნა მოქალაქეების ე-------------–-–---–სა და შ--------------------ის საკუთრების უფლება.

 

8.6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით, „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ურთიერთობიდან გამომდინარე, შ--------------------ი ცნობილი იქნა ქ. თბილისში, ლ---------------------ში მდებარე, ე-------------–-–---–ის საკუთრებაში არსებული 3------ვ. მ ფართის მესაკუთრედ. შ--------------------ს დაეკისრა ე-------------–-–---–ის სასარგებლოდ საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის - 7500,00 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

 

9. 2016 წლის 5 აგვისტოს ე-------------–-–---–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და ქ. თბილისში, ლ---------------------ში მდებარე სახლთმფლობელობაში საზიარო 3----ვ.მ მიწის ნაკვეთიდან მისი წილი საკუთრების 2/3-ით (2------ვ.მ) განსაზღვრა მოითხოვა.

 

10. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ე-------------–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რასაც არ ეთანხმება აპელანტი და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების - ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს ცნობის, ფაქტების კონსტანტაციის შესახებ ოქმის, მიწის რენტის გადახდის დამადასტურებელი ქვითრებისა და მოწმეთა ჩვენებების არასწორ სამართლებრივ შეფასებას ემყარება. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის კვლევისა და შეფასების საგანია, მითითებული მტკიცებულებების სათანადოობა და საკმარისობა სადავო მიწის ნაკვეთის 2/3-ზე მოსარჩელის საკუთრების უფლების განსაზღვრისათვის.

 

11. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ე-------------–-–---–ის მოთხოვნა სადავო მიწის ნაკვეთზე მისი საკუთრების წილის 2/3 ნაწილით განსაზღვრის თაობაზე, სამართლებრივად დაუსაბუთებულია და იგი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად არ დაკმაყოფილდა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

11.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე წარმოიშობა. განსახილველ შემთხვევაში, მხარეები ერთმანეთთან კანონისმიერ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებიან.

 

11.2. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, მოსარჩელე ე-------------–-–---–ი და მოპასუხე შ--------------------ი საზიარო საგნის - 3----ვ.მ. მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეები არიან. სადავო მიწის ნაკვეთზე ე-------------–-–---–ისა და შ--------------------ის საზიარო საკუთრების უფლების საფუძველს წარმოადგენს ქ. თბილისის საკრებულოსთან მოქმედი „ფიზიკური და კერძო იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის“ 2----–-–----------------ის ოქმი და ამ ოქმის საფუძველზე თბილისის საკრებულოს მიერ გაცემული საკუთრების მოწმობა. კომისია გადაწყვეტილების მიღების დროს დაეყრდნო ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხულ მონაცემებს, რომელთა თანახმადაც მიწა იმყოფებოდა მხარეთა საერთო სარგებლობაში წილის განსაზღვრის გარეშე, ხოლო შენობა- ნაგებობებში განსაზღვრული იყო შესაბამისი წილები. კომისიის გადაწყვეტილება საფუძვლად დაედო საჯარო რეესტრის ჩანაწერებს.

 

11.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

 

11.4. პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს თბილისის საკრებულოს ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილებები (საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ოქმი და საკუთრების მოწმობა) და მათ საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელთა თანახმადაც სადავო მიწის ნაკვეთზე მხარეთა თანაბარი წილობრივი საკუთრება აღირიცხა, სადავოდ არ გაუხდია და კანონიერ ძალაშია.

 

11.5. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პრეტენზიას, რომ ტექბიუროს ცნობის თანახმად, შენობა-ნაგებობების ე-------------–-–---–ის სახელზე 2/3-ით, ხოლო შ--------------------ის სახელზე - 1/3-ით განსაზღვრული წილები, შესაბამისი პროპორციით ვრცელდებოდა მიწის ნაკვეთზეც და მხარეთა საკუთრების წილი მიწის ნაკვეთის მიმართ იყო შენობაზე საკუთრების წილის პირდაპირპროპორციული. აღნიშნული მტკიცების საპირისპიროდ, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი ცნობა-დახასიათება არ შეიცავს სადავო მიწის ნაკვეთზე მოსარჩელისა და მოპასუხის წილებად 2/3 ნაწილისა და 1/3 ნაწილის აღრიცხვის შესახებ ინფორმაციას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლის თანახმად, ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან ითვლება ამ პირთა საკუთრებად და მათზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები. პალატა აღნიშნავს, რომ ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის სამოქალაქო კოდექსი) და მიწის შესახებ კანონმდებლობის (1971 წლის 1 ნოემბრის მიწის კოდექსი) საფუძვლების შესაბამისად, სახელმწიფოსაგან მფლობელობაში მიღებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრე რჩებოდა სახელმწიფო, ხოლო ამ მიწის ნაკვეთზე აღმართული საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეს წარმოადგენდა მოქალაქე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცნობა-დახასიათებაში დასახელებული წილები განეკუთვნება მოსარჩელისა და მოპასუხის უფლებას შენობა-ნაგებობებზე და არა მიწის ნაკვეთზე. მითითებული ცნობის თანახმად, დადგენილად უნდა ჩაითვალოს, რომ მოსარჩელეს და მოპასუხეს მიწის ნაკვეთზე თანაბარი სარგებლობის უფლება გააჩნდათ. კერძოდ, ცნობა დახასიათების განყოფილებაში „ნაკვეთი“ მოცემულია შემდეგი მონაცემები: „შ--------------------ი ფართობი დოკუმენტით 3--- მიწის ფართი უ.დ.დ.-ს გარეშე 5-- ე-------------–-–---–ი ფართობი დოკუმენტით 3--- მიწის ფართი უ.დ.დ.-ს გარეშე 5--. აღნიშნული ინფორმაცია, პალატის მოსაზრებით, გამორიცხავს იმგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მხარეებს მიწის ნაკვეთის მიმართ გააჩნიათ შენობა-ნაგებობებზე აღრიცხული წილის (2/3 და 1/3) პროპორციული უფლება.

 

11.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 954-ე მუხლის თანახმად, თუ სპეციალურად სხვა რამ არ არის დადგენილი, თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თანაბარი წილი.

 

11.7. დღეის მდგომარეობით მიწის ნაკვეთზე საერთო, ზიარი საკუთრებაა აღრიცხული მოწილეთა წილის განსაზღვრის გარეშე, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდესის 954-ე მუხლის თანახმად ნიშნავს იმას, რომ თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თანაბარი წილი.

 

11.8. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შედგენილი ფაქტების კონსტატაციის ოქმში მოცემული ფოტოსურათები სადავო მიწის ნაკვეთზე გამყოფი მიჯნის არსებობას ადასტურებს. პალატა აღნიშნავს, რომ გარდა იმისა, რომ ფაქტების კონსტატაციის მასალებით ნათლად არ დგინდება ეზოში რაიმე მიჯნის არსებობის ფაქტი, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წელს მოსარჩელემ სადავო მიწის ნაკვეთზე მოპასუხის ნების საწინააღმდეგოდ მავთულბადის ღობე გაავლო, რომელიც ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წერილობითი გაფრთხილების შემდეგ, როგორც უკანონოდ აგებული, თავადვე მოშალა. მოპასუხის განმარტებით, ფაქტების კონსტანტაციის ოქმში სწორედ აღნიშნული მავთულბადის ღობის ნარჩენებია ასახული. მოპასუხის აღნიშნული განმარტების საპირისპირო შედავება მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია, რაც ფაქტების კონსტატაციის ოქმის მტკიცებულებით ღირებულებას გამორიცხავს.

 

11.9. განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა რელევანტური მტკიცებულება იმისა, რომ მხარეებს ერთმანეთში განსაზღვრული ჰქონდათ საზიარო საგნის მართვისა და სარგებლობის წესი, რომლის მიხედვითაც მიწის ნაკვეთის 2/3 მოსარჩელის სარგებლობაში იყო. პალატას მაიჩნია, რომ ასეთ მტკიცებულებად ვერ გამოდგება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 1974-1975 წლების მიწის გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებით არ დგინდება შესაბამისი წილობრივი შეფარდებით მიწის ნაკვეთის მოსარჩელის მიერ ფლობისა და სარგებლობის ფაქტი. აღნიშნული გარემოება არ დასტურდება არც მოწმეთა ჩვენებებით. პალატა აღნიშნავს, რომ მოწმეთა ნაწილი, მართალია მიუთითებენ გარკვეული მიჯნის არსებობის ფაქტზე, თუმცა საქმეში არ მოიპოვება ინფორმაცია - სპეციალისტის ან/და ექსპერტის მიერ შედგენილი დასკვნა, შესაბამისი ნახაზი და გაანგარიშება იმისა, თუ კონკრეტულად სად გადიოდა ეს ღობე და ამ ღობით გამიჯვნის შედეგად, რამდენი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი იყო მოსარჩელის სარგებლობაში და რამდენი - მოპასუხის სარგებლობაში.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, საზიარო უფლების არსებობისას (როდესაც ნივთზე აღრიცხულია მხარეთა თანასაკუთრება იდეალურ წილში) მხარეთა საკუთრების უფლების დადგენისათვის უპირატესობა ენიჭება საჯარო რეესტრის ჩანაწერს და ამგვარი უფლების (თანასაკუთრება) სოციალური არსი მხოლოდ ფაქტობრივ მფლობელობაზე დაყრდნობით არ შეიძლება შეიცვალოს (იხ. სუსგ #ას-59-58-2014, 29 ივნისი, 2015 წელი)

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

12. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

 

საპროცესო ხარჯები

 

13. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ე-------------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხა–დებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: ნატალია ნაზღაიძე

 

მოსამართლეები: მაია სულხანიშვილი

 

ირაკლი ბონდარენკო