განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/533-17 23 იანვარი 2019 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - ნატალია ნაზღაიძე
მოსამართლეები – მაია სულხანიშვილი, ირაკლი ბონდარენკო
სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი
აპელანტი – პ--–--------–-----ე
წარმომადგენელი – გ--------------ე
მოწინააღმდეგე მხარე – ნ----–-------–---–ი (დ-------------–---–ის უფლებამონაცვლე)
წარმომადგენელი – ლ-------------–---–ი
დავის საგანი – სამკვიდრო ქონების ½ წილზე მესაკუთრედ ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
სასარჩელო მოთხოვნა
1. სამკვიდრო ქონების, მდებარე ქ-----–-ს რაიონის სოფელ რ----ში, 1/2 ნაწილზე პ--–--------–-----ის მესაკუთრედ ცნობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
2. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილებით პ--–--------–-----ის სარჩელი მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:
4.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელე 2013 წლამდე უვლიდა და პატრონობდა დედის სამკვიდრო ქონებას; ასევე ცხოვრობდა იქ, სანამ მოპასუხემ იძულებით არ დაატოვებინა სახლი.
4.2. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლზე და არ გაიზიარა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის, აგრეთვე 1307-ე და 1336-ე მუხლების მოთხოვნები, რაც არასწორია.
4.3. სასამართლომ არასწორად შეაფასა მოსარჩელის მიერ 2013 წლის 5 თებერვალს დამოწმებული სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულების გასაჩივრების ფაქტი და არამართებულად გამოიყენა იგი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
8. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
8.1. მოსარჩელის დედა ს----- ბ------–---–ი გარდაიცვალა 1----–-–-----------------ს, მამა - შ--–-- ბ------–---–ი გარდაიცვალა 1----–-–------------------ს.
8.2. პ--–--------–-----ის ძმები იყვნენ ა-------, გ------, ს----- და ბ-–-- ბ------–---–ები. მათგან მხოლოდ ს----- ბ------–---–ს ჰყავდა შვილი - დ-------------–---–ი.
8.3. გ------ ბ------–---–მა 2013 წლის 5 თებერვალს სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე სადავო უძრავი ქონება გაასხვისა ი-----------------ის სახელზე.
8.4. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ-----–-ს რაიონის სოფელ რ----ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ 6-----------) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია დ-------------–---–ისა და ი-----------------ის სახელზე.
9. 2015 წლის 28 დეკემბერს პ--–--------–-----ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და დედის დანაშთი ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ აღიარება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ იგი წარმოადგენს 1989 წელს გარდაცლილი ს----- ბ------–---–ის სამკვიდროს მიმღებ პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს, რომელსაც სამკვიდრო მიღებული აქვს ფაქტობრივი ფლობისა და მართვის გზით. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლების გზით მიღების ფაქტი ვერ დაადასტურა, რასაც არ ეთანხმება აპელანტი (იხ: სააპელაციო საჩივარი).
10. სააპელაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო პრეტენზიას და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ვინაიდან სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების ფაქტი საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, კერძოდ:
10.1. სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი.
10.2. სამოქალაქო კოდესის 1307-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ პირები, რომელნიც ცოცხალი იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის.
10.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე, ხოლო 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
10.4. სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები. შვილიშვილები კანონით მემკვიდრედ ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.
10.5. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ს----- ბ------–---–ი გარდაიცვალა 1----–-–-----------------ს. მამკვიდრებლის დანაშთ ქონებას შეადგენდა ქ-----–-ს რაიონის სოფელ რ----ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ 6-----------).
10.6. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი ნაწილის, ამავე კოდექსის 1424-ე და 1433-ე მუხლების დანაწესის თანახმად, სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად საჭიროა, ან სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, ანდა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა და დაუფლება; ანუ აღნიშნული ნორმები იმპერატიული დანაწესის სახით ადგენენ დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში მემკვიდრე, როგორც წესი, კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. ამდენად, იმისათვის, რომ აღნიშნული ნორმით დარეგულირდეს განსახილველი ურთიერთობა, სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში მემკვიდრე ფაქტობრივად უნდა დაეუფლოს ქონებას ან მართოს იგი.
10.7. პალატა აღნიშნავს, რომ სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ. უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებები, რომლებიც თავის მხრის ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას. ასეთად კი მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში და სხვა. სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მემკვიდრე არ ფლობს მამკვიდრებლის ნივთებს, მაგრამ მისი მოქმედებიდან დასტურება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს გადასახადების გადახდაში, დამქირავებლისათვის ქირის გადახდევინებაში, თხოვებაში და ა.შ.
10.8. პალატა განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო ერთობლივად აანალიზებს მტკიცებულებებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეულის ვარგისიანობისა და სამართლებრივი წონადობის თაობაზე.
10.9 განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ იგი ნამდვილად დაეუფლა სამკვიდრო ქონებას, მიუთითებს საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მისამართს და იმ ფაქტს, რომ მას 2013 წელს იძულებით დაატოვებინეს სადავო საცხოვრებელი სახლი.
10.10. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ იგი სამკვიდრო ქონებას ფაქტობრივად დაეუფლა მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში, თუმცა აპელანტს ასეთი მტკიცება სასამართლოსათვის არ წარუდგენია. რაც შეეხება რეგისტრაციის ფაქტს, პალატა განმარტავს, რომ იგი სამკვიდროს მიღებას არ ადასტურებს იმ პირობებში, როდესაც მხარე არ დაუფლებია მას.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
11. სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
საპროცესო ხარჯები
12. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. პ--–--------–-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: ნატალია ნაზღაიძე
მოსამართლეები: მაია სულხანიშვილი
ირაკლი ბონდარენკო