განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 190100119002813808
საქმე №1ბ/680-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
15 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თავმჯდომარე: მაია თეთრაული
მოსამართლეები: ნინო სანდოძე
გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე
მსჯავრდებული: რ------------------ (პირადი ნომერი: №1----------), დაბადებული 1----–-–----------------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ--------------------–------------.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) წლის ვადით.
მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 10(ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; ხოლო 5 (ხუთი) წლის ვადით - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 მარტის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ------------------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ-------------–---–მა და ითხოვა მსჯავრდებულისათვის სასჯელის მინიმუმის, 8 წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა.
სასამართლომ დაადგინა:
რ-----------------მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, გამოძიებით დაუდგენელი პირისგან უკანონოდ შეიძინა 127,469 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელსაც 2018 წლის 25 დეკემბერს 14:25 საათზე პირადად უკანონოდ ინახავდა გ----------------------------–------------ში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მერსედესის მარკის ავტომობილით, სახელმწიფო ნომრით A--------, მოძრაობისას.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
რ------------------ს მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა რ------------------ს აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია ასევე საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა. კერძოდ: მოწმეების ბ----------–--ის, შ--–----------–---–ის, ვ-–------------–-------ს, ბ----------------------–---–ის, ზ---------–-----ის, ლ---------------ის, დ---------–----ის გამოკითხვის ოქმებით, რ------------------ს პირადი ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით, რ------------------ს დაკავების ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ რ------------------ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ რ-----------------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
რ------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
რ-----------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას, რ------------------სათვის სასჯელის მინიმუმის დანიშვნის თაობაზე, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება და განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატა ეთანხმება და მიაჩნია რომ დანიშნული სასჯელი უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროება და შეამცირებს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 მარტის განაჩენი, რ------------------ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ჰეროინის შემცველი ნივთიერება საერთო წონით გამომშრალ მდგომარეობაში - 267,88 გრამი, საიდანაც ჰეროინის შემცველობა არის - 127,469 გრამი დალუქული პოლიეთილენის 1 პაკეტად, რომელიც ინახება შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ რ------------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის თ-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
რ------------------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) წლის ვადით.
რ-----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 25 დეკემბრიდან.
რ-----------------ს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 10(ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; ხოლო 5 (ხუთი) წლის ვადით - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
რ------------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ჰეროინის შემცველი ნივთიერება საერთო წონით გამომშრალ მდგომარეობაში - 267,88 გრამი, საიდანაც ჰეროინის შემცველობა არის - 127,469 გრამი დალუქული პოლიეთილენის 1 პაკეტად, რომელიც ინახება შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: /მ. თეთრაული/
მოსამართლეები: /ნ. სანდოძე/
/გ. ჯეირანაშვილი/