განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310018002511412
საქმე N3ბ/546-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
17 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი - მარინე კახაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - კ------- გ-------–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია;
მესამე პირები (ა.ს.კ 16.2) - ნ----- გ-------–---–ი, ა---------– გ-------–---–ი, გ------- გ-------–---–ი;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება.
1.სასარჩელო მოთხოვნა :
1.1. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლილს 14 აგვისტოს N3-- განკარგულების ბათილად ცნობა;
1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 09 თებერვლის №6---- წერილის საფუძველზე დღეის მდგომარეობით საჯარო რეესტრში 6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე 2298 კვ.მ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართზე კ------- გ-------–---–ის საკუთრების უფლების აღიარების დავალება.
2.მოპასუხის პოზიცია :
2.1. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ არ ცნო სარჩელი და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3.გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
კ------- გ-------–---–ის სარჩელი გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 14 აგვისტოს N3-- განკარგულების ბათილად ცნობისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 09 თებერვლის №6---- წერილის საფუძველზე დღეის მდგომარეობით საჯარო რეესტრში 6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე 2298 კვ.მ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართზე კ------- გ-------–---–ის საკუთრების უფლების აღიარების დავალების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. 2018 წლის 18 იანვარს კ------- გ-------–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციაზე, 6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე 2298 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართზე. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას 2018 წლის 9 თებერვალს N6---- მიმართვით გადაუგზავნა კ------- გ-------–---–ის მიერ რეესტრის სამსახურში წარდგენილი მასალები, მოსარჩელის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ საკითხის განსახილველად.
4.2. კ------- გ-------–---–ის წარმომადგენლის, ზ---- მ-----–---–ის მიერ 2018 წლის 9 მარტს გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში წარდგენილ იქნა კ------- გ-------–---–ის მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული აქტები.
4.3. საჯარო რეესტრმა, განცხადება 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით გადაუგზავნა გორის მუნიციპალაიტეტის მერიის ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად.
4.4. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 16 აგვისტოს N-------- წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-32 პუნქტის და მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ მე-51 მუხლის მე-7 პუნქტის და ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილების მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მიიღო გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უარის თქმის შესახებ.
4.5. 2018 წლის 14 აგვისტოს №3-- განკარგულებით მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა კომისიის მიერ და უარი ეთქვა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში მდებარე 2035 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, რადგან აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს და არ დგინდება მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი.
4.6. კ------- გ-------–---–ის თანასაკუთრებაა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარე - გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ახალდაბა, 2298.00.კვ.მ. საკადასტრო კოდი 6-----------. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია საარქივო ცნობა.
4.7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 5 თებერვლის N7------- სამსახურებრივ ბარათში განმარტებულია, რომ N------------ განაცხადით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი, სააგენტოში არსებული საარქივო მასალების, კერძოდ, გორის რაიონის რაიანის მეხილეობის მეურნეობის 1989 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, აღნიშნული ნაკვეთი წარმოადგენდა საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს.
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
5.1. სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში და კანონის შესაბამისად. სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ მიუთითა კონკრეტული გარემოებები, რომლთა მიხედვითაც არ დასტურდებოდა თვითნებურად დაკავების ფაქტი. კერძოდ, არ იყო ნაკვეთი დამუშავებული და არ არის შემოღობილი, არ არის აშენებული შენობა და არც დამხმარე ნაგებობა, ამიტომ მხოლოდ მეზობლებების ჩვენებები ამ შემთხვევაში არ იქნებოდა საკმარისი. ამასთან, აღნიშნული გარემოებები ერთობლიობაში უნდა შეფასდეს სხვა წარმოდგენილ მტკიცებულებებთან. საჯარო რეესტრის სამსახურებრივი ბარათით ირკვევა, რომ სააგენტოში არსებული საარქივო მასალების, გორის რაიონის ვარიანის მეხილეობის ს/მეურნეობის 1989 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, აღნიშნული ნაკვეთი წარმოადგენდა საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ 42-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და საძოვრის კატეგორიის. ამიტომ მასზე ვრცელდება აღნიშნული ნორმა და მისი თვითნებურად დაკავების შემთხვევაში დაუშვებელია მასზე საკუთრების უფლების აღიარება.
სასამართლომ განმარტა, რომ მიწის რეფორმის შედეგად შეიქმნა მიწის ფონდი და გადაეცა მოქალაქეებს, მათ შორის ყველა კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართები. დარჩენილ ნაწილზე, ის რაც არ შევიდა ფონდში, კატეგორია არ შეცვლილა და დღეის მდგომარეობით მოქმედია. სახელმწიფოს მიერ გამოხატული ნება უკვე შესრულებულია მიწის რეფორმის შედეგად, ამიტომ იმავე პრინციპის გავრცელება თუნდაც მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთებზე ვერ მოხდება. ამ შემთხვევაში მოქმედებს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვა, რომლის დარღვევა მიზანშეუწონელია. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ აკმაყოფილებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის კრიტერიუმებს თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის შესახებ.
5. კ------- გ-------–---–ის სააპელაციო მოთხოვნა:
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
5.1. კ------- გ-------–---–ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ გორის რაიონის ვარიანის მეხილეობის ს/მეურნეობის 1989 წლის მიწათსარგებლობის გეგმა წარმოადგენდა ისეთი უტყუარი სახის მტკიცებულებას, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იყო იმის დადგენა, რომ სადავო მიწა იყო საძოვარი.
აპელანტის განმარტებით, საქმის განხილვისას არც მოპასუხეს და არც სასამართლოს არ გამოუკვლევია, არსებობდა თუ არა გორის მუნიციპალიტეტის ვარიანის საკრებულოს ან/და სოფელ ახალდაბის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა და ასეთის არსებობის შემთხვევაში სადავო მიწის ფართი წარმოადგენდა თუ არა გეგმაზე საძოვრად მონიშნული მიწის ფართის შემადგენელ ნაწილს. ხოლო თუკი ასეთი გეგმა არ არსებობდა, მაშინ ხომ არ იყო რაიმე ნორმატიული აქტი, რომლითაც საქართველოს ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმების დამტკიცებამდე, გამოყენებაში რჩებოდა ყოფილი საბჭოთა კავშირის დროს შედგენილი მიწათსარგებლობის გეგმები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი, რომ სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საძოვარს. შესაბამისად, აღნიშნულს ფაქტს არასწორი სამართლებრივი შეფასება მოყვა.
6. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
6.2. პალატა მიუთითებს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში უნდა შეფასდეს კომისიის 2018 წლის 14 აგვისტოს N3-- განკარგულებით, რამდენად კანონერად ეთქვა უარი კ------- გ-------–---–ს საკუთრების უფლების აღიარებაზე.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწაა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე კანონის მესამე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით განსაზღვრულია რა შემთხვევაში არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა საკუთრების უფლების აღიარებას და ,,ლ“ ქვეპუნქტში მითითებულია: სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის ის მიწის ნაკვეთი, რომელზე განთავსებული სახელმწიფო ქონებაც ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ ექვემდებარება პრივატიზებას.
საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ მე-4-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ძ.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით პრივატიზებას არ ექვემდებარება სახელმწიფო ქონება ,,საძოვარი, გარდა 2005 წლის 30 ივლისამდე იჯარით გაცემული საძოვრებისა და საძოვრებისა, რომლებიც დადგენილი წესით შესაბამისი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის), ორგანოს მიერ გაცემული აქტით დამაგრებულია მათზე მდებარე, ფიზიკური ან/და იურიდიული პირების კერძო საკუთრებაში არსებულ ან/და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობაზე.
პალატა აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საძოვრის კატეგორიის სასოფლო - სამეურნეო მიწის ფართობს და არ დგინდება მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი.
პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის სამსახურებრივი ბარათით ირკვევა, რომ სააგენტოში არსებული საარქივო მასალების, გორის რაიონის ვარიანის მეხილეობის ს/მეურნეობის 1989 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს აღნიშნული კი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” მე-3 მუხლის მეორე ნაწილისა და საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ მე-4-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ძ.ა“ ქვეპუნქტის სისტემური განმარტების მიხედვით, აღიარებას არ ექვემდებარება.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას იმის თაობაზე, რომ მიწის რეფორმის შედეგად შეიქმნა მიწის ფონდი და გადაეცა მოქალაქეებს, მათ შორის ყველა კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართები. დარჩენილ ნაწილზე, ის რაც არ შევიდა ფონდში, კატეგორია არ შეცვლილა და დღეის მდგომარეობით მოქმედია. სახელმწიფოს მიერ გამოხატული ნება უკვე შესრულებულია მიწის რეფორმის შედეგად, ამიტომ იმავე პრინციპის გავრცელება თუნდაც მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთებზე, ვერ მოხდება.
აღსანიშნავია ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის მიერ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გაკეთებული განმარტება, რომლის თანახმადაც, გორის მუნიციპალიტეტს არ მიუღია ახალი მიწათსარგებლობის გეგმა და ისინი ხელმძღვანელობენ მათ ხელთ არსებული ძველი გეგმით.
ამდენად სანამ ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საძოვარს და სანამ მოქმედებს ის საკანონმდებლო ნორმა, რომელიც კრძალავს საძოვარზე საკუთრების უფლების აღიარებას, წარმოდგენილ სარჩელს არ გააჩნია დაკმაყოფილების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული - გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. პროცესის ხარჯები:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები;
ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. ვინაიდან მოცემულ საქმეზე აპელანტის წარმომადგენელი ითხოვდა ორივე ინსტანციაში გაწეული ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრებას (იხ. ს.ფ 124), ხოლო წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ამდენად, აპელანტს უარი უნდა ეთქვას ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურებაზე თითოეული ინსტანციის სასამართლოსათვის 800 (რვაას) – 800 (რვაასი) ლარის ოდენობით და მის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, მე-13, 22-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კ------- გ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ძალაში დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 ნოემბრის გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -